Accessibility links

logo-print

14 სექტემბერი, კვირა

დილაადრიან გამეღვიძა. საათს შევხედე. 6 საათი და 45 წუთია. ჰმ! კვირას, დილის 6 საათსა და 45 წუთზე რომ გაიღვიძებ! დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ, მოუთმენლად რომ ელი შაბათ-კვირის დადგომას და... კვირას უთენია რომ გაგეღვიძება! აივანთან მივედი. მოპირდაპირე კორპუსის მესამე სართულზე დედა და ქალიშვილი დავინახე. ქალიშვილი ტრენაჟორზე ვარჯიშობს და დედას მხიარულად ესაუბრება. ძალიან გამიკვირდა. „ყოჩაღ, ყოფილა თურმე ჩემს სამეზობლოშიც ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ხალხი“, - გავიფიქრე და სხვა აივნებს გადავავლე თვალი. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ახალ ბინაში გადმოვედით საცხოვრებლად და დღემდე არ შემინიშნავს მოპირდაპირე კორპუსის ბინადრები. დედისა და ქალიშვილის მარჯვნივ და ზემოთ, მეხუთე სართულის აივანზე, კაცი და ლეკვი შევნიშნე. პატარა, საყვარელი, ქუნქულა ლეკვი. რამდენიმე დღეა, მისი წკმუტუნი და ტირილი მესმის და ისე ვიყავი გაბრაზებული მისი პატრონების უყურადღებობით, რომ ლეკვის ამბის გასარკვევად ლამის მოპირდაპირე კორპუსს ვეწვიე. აი, თურმე სად ყოფილა! ვერ ვიტან, ცხოველებს სათანადო ყურადღებას რომ არ აქცევენ. თუ სურვილი გაქვს, გყავდეს, კიდევაც უნდა მოუარო.

დღეს სახლში ყოფნის დღე მაქვს. ყავას ვადუღებ. შემდეგ ნოუტბუკს ვხსნი და ახალ ამბებს ვათვალიერებ. მიყვარს დილით სამზარეულოში ჩემთვის ჯდომა, ყავის სმა და ახლი ამბების კითხვა. განსაკუთრებით კვირა დილას.

მე და ვახო ზოგჯერ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ დავბერდებით რას გავაკეთებთ. ვახოს ძალიან უყვარს თავისი სოფელი, სადაც ბაბუასთან ერთად მთელი ბავშვობა გაატარა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სიბერის ჟამს სოფელში დასახლდეს. ხმამაღლა მიხატავს სოფლის ცხოვრების რომანტიკულ სურათს, როგორ გვეყოლება შინაური ცხოველები, როგორ მოვუვლით ვაზს და ა.შ. მე კი ვეუბნები, რომ ჩემი შვილები ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში რომ ისწავლიან, მე საყვარელ ნიუ იორკს დავუბრუნდები. ჩემი კოლუმბიის დიპლომი და ნიუ იორკში იურიდიული პრაქტიკის ლიცენზია (რასაც საქართველოში ვერაფერში ვიყენებ) იმაში მაინც გამომადგება, რომ სადმე მდივნად ან თანაშემწედ მოვეწყო, მაგალითად, ჩემს ჩინელ თანაკურსელთან, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ საკუთარი იურიდიული კომპანია დააფუძნა მანჰეტენზე და დღეს ძალზე წარმატებული კომპანიის მმართველი პარტნიორია. ის მაინც მიმიღებს სამსახურში, თუ სხვა არავინ. ჰოდა, ვიცხოვრებ მანჰეტენზე. დილით დავლევ ყავას და წავიკითხავ „ნიუ იორკ ტაიმსს“...

ისე კი, სინამდვილეში, რომ დავბერდები მინდა ვიცხოვრო გალავანში. მქონდეს კოპწია სახლი, ლამაზი, დიდი ეზოთი, რომელშიც იქნება ღამის ფარნები, მოკირწყლული ბილიკები, უამრავი ყვავილი და ხე. მყავდეს ორი ძაღლი და კატა. მეწვიონ შვილები და დამიტოვონ შვილიშვილები. წინასწარ წარმოვიდგენ, როგორ მოვუვლი მათ და რა ზღაპრებს მოვუყვები, რომელ წიგნებს წავუკითხავ. ეჰ, ვინ იცის მანამდე რა მოხდება...

15 სექტემბერი, ორშაბათი

დილა 7 საათზე დაიწყო ანასტასიას ძახილით: „დედაააა!“

10 საათზე სამსახურში ვარ. შეხვედრა პარტნიორებთან. თემა: ერთ-ერთი კომპანია აპირებს ბონდების განთავსებას. ჩვენი როლი ამ პროცესში. დამევალა ხელშეკრულებების ანალიზი.

2 საათზე ტელეკონფერენცია მაქვს კლიენტთან, რომელიც ქართველ პარტნიორებთან ერთად სოფლის მეურნეობის ბიზნესში მონაწილეობს. შეთანხმების პროცესი გაიწელა და უკვე მეორე თვეა, მიმდინარეობს. თავიდან რომ მოგვმართეს, ძალიან მარტივი ხელშეკრულება გვინდაო, გვთხოვეს. ყველაფერი უკვე შეთანხმებული გვაქვს და მარტო იურიდიულ ფორმაში ჩაგვისვითო. ასეთ თხოვნებს, როგორც წესი, ეჭვის თვალით ვუყურებ და უარს ვეუბნები ხოლმე. ამჯერად დავთანხმდი. თუმცა წინასწარ გავაფრთხილე, რომ მარტივი არ იქნებოდა. მართლაც, ასრულდა ის, რაც ვუწინასწარმეტყველე. უამრავი საკითხი წამოიჭრა და დღემდე ვერ შეთანხმებულან მომავალი პარტნიორები. საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე ასეთი „მარტივი“ საქმეები.

4 საათზე ევროპელ ინვესტორს ველოდებით. გართულებული ურთიერთობა აქვს ადგილობრივ პარტნიორებთან. ვალაგებთ ახალ სტრუქტურას საგადასახადო ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.

საღამოს მარის ცურვა აქვს. ცოტა მაგვიანდება. დამხვდა სევდიანი. დამინახა თუ არა, თვალები გაუბრწყინდა. მოსაცდელში ვუცდი და მონიტორზე ვაკვირდები, როგორ ცურავს. ყოველ გაცურვაზე გვერდზე იხედება და ამოწმებს, სხვები მიჰყვებიან თუ არა. სულ შეჯიბრის რეჟიმშია. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვეუბნები: „დედიკო, სხვებს ნუ ეჯიბრები, შენთვის იცურე და იმას მიაქციე ყურადღება, რომ ყველა მოძრაობა სწორად გააკეთო.“ ვინ გიგდებს ყურს! ყოველ გაკვეთილზე იგივე მეორდება. მარი ძალიან მიზანსწრაფული და ამბიციურია.

ცურვიდან სახლში მიმყავს და შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივდივარ. საიაში დღეს გამგეობის სხდომაა. თითქმის ყველა ესწრება. სწრაფად ვიკრიბებით. საიას გამგეობა 21 წევრისგან შედგება. ეს არის ნამდვილი დემოკრატიისა და პლურალიზმის პატარა ოაზისი. სამი წელია, გამგეობის წევრი ვარ. ეს სამი წელი ქვეყნის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა. გამგეობაში ვიყავით და ვართ სრულიად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, რომელთა პოლიტიკური სიმპათიებიც ხშირად უკიდურეს ორ პოლუსზე ყოფილა. მაგრამ ერთი რამ ყველას გვაერთიანებს - თავისუფლების სიყვარული და ადამიანის უფლებების ერთგულება. „კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის“ - ეს დევიზი ზუსტად გამოხატავს ჩვენს სულისკვეთებას. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გვქონია უმძიმესი საუბრები გამგეობის სხდომაზე. ამ სამ წელიწადში ორი თავმჯდომარე გამოვიცვალეთ და ორივეს ხშირად მოუსმენია მწვავე კრიტიკა გამგეობის წევრებისაგან. საიას მიმართ სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან ბრალდებები რომ მესმის, ამა თუ იმ ძალას უჭერს მხარსო, ერთი ის ადამიანები დაასწრო საიას გამგეობის სხდომას! იქნებ, ჯანსაღი კრიტიკისა და სხვისი აზრის პატივისცემა ესწავლათ...

მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. საია არის კონსტრუქციული თანამშრომლობის ნიმუში, რომელიც ასე ძალიან აკლია ამ ქვეყანას. რატომ, რატომ არის ქვეყანაში შეუძლებელი ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში ასე კარგად ხორციელდება ამ ორგანიზაციაში?

11 საათზე მე და ვახო სახლში ვბრუნდებით. მივდივართ დედაჩემთან და მოგვყავს ბავშვები. მარის ვაჭმევ თაფლიან ხაჭოს, ანასტასია კი მაკარონის მოხარშვას ელოდება. სავარძელზეა წამოწოლილი და თავისი საყვარელი ორი ბალიში აქვს ჩახუტებული. „მაკარონი მალე იქნება?“ - მესმის სამზარეულოში. „ახლავე, ერთი წუთი კიდევ“, - ვპასუხობ მე. ერთი წუთის შემდეგ გამოვდივარ. ანასტასიას ჩასძინებია თავის „ბალიჩკოებთან“ ჩახუტებულს. ძალიან, ძალიან საყვარელია. ფრთხილად გადამყავს თავის ლოგინში. მარისაც ვაწვენ ლოგინში და ბავშვების ოთახიდან გამოვდივარ. ორშაბათი დასრულდა.

16 სექტემბერი, სამშაბათი

დილით ისევ 6 საათზე გამეღვიძა. ნოუტბუკს ვრთავ, ინტერნეტში შევდივარ და ახალ ამბებს ვათვალიერებ. პოლიტიკოსების კიდევ რამდენიმე უსიამოვნო განცხადება მხვდება თვალში. ერთმანეთს ეჯიბრებიან მაამებლობაში.

10 საათზე სამსახურში ვარ. დილის ჩვეული შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს პარტნიორები ინტერესდებიან, როდის აპირებს პრეზიდენტი მეორედ ჩემი კანდიდატურის წარდგენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. „არ ვიცი, ალბათ მალე“, - ვეუბნები. „რა იყო, რა უხალისოდ თქვი?“ „რა ვიცი, ისე“, - ვპასუხობ.

ოთახში შემოვდივარ. ფიქრები ამეშალა ამ საკითხზე. უკვე რამდენიმე თვეა, ეს თემა მუდმივად თან ახლავს ჩემს ყოველდღიურობას.

უცბად გამახსენდა, რომ ნოუტბუკში ჩემი მოსამართლეობის დროინდელი ჩანაწერები მაქვს შენახული. ვეძებ. ვიპოვე. დღიურები 2004 წლის 15 დეკემბრით იწყება. აი პირველი ჩანაწერიც:

„2004 წლის 15 დეკემბერია. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ დავინიშნე. ყველაზე ახალგაზრდა ვარ მთელ სასამართლო კორპუსში. საჯარო სამსახურში არასოდეს მიმუშავია. უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2004 წლამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობდი. შვიდი წელი ვიმუშავე. ჩემი პირველი სამსახური იყო. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იწყებ, განსაკუთრებით - იურისტისთვის. მე პირდაპირ თავისუფალ აზროვნებას, ურთიერთობებში თანასწორობას და საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვაზე ზრუნვას მივეჩვიე და არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავის თავისუფლებით ვიწყებ მოსამართლეობას.“

2003 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ყველას გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ იწყებოდა რაღაც ახალი. გაგვიჩნდა განცდა, რომ იყო დრო ხელისუფლების კრიტიკის პოზიციიდან გადავსულიყავით სხვა პოზიციაში. ხელისუფლების პასუხისმგებლობა გვეკისრა. მაშინ ჩემს თავს დავუსვი კითხვა: მაინც, სად შეიძლებოდა წარმომედგინა ჩემი თავი? აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ წარმოვიდგინე. სახელმწიფო მოხელეების ბიუროკრატიული ნომენკლატურა მიუღებელი იყო. საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე ფიქრი ძალიან მიმზიდველი ჩანდა, მაგრამ ამისათვის პოლიტიკური პარტიის წევრობა იყო საჭირო. პარტიის წევრობა კი პარტიული წესებისა და ინტერესების მორჩილებას მოითხოვს - ზოგჯერ გარკვეულ პრინციპებზე უარის თქმის ხარჯზე. მორჩილება არ მომწონდა, არც პრინციპებზე უარის თქმის პერსპექტივა.

სასამართლო ხელისუფლება უფრო მიმზიდველი ჩანდა. ძალაუფლებაც გაქვს და დამოუკიდებლობაც. მაშინ გადავწყვიტე, თუ როდისმე ხელისუფლებაში წასვლას გადავწყვეტდი, ჩემთვის ყველაზე შესაფერისი მოსამართლეობა იქნებოდა.

დღიურს ვათვალიერებ. თვალში მხვდება 2006 წლის დეკემბრის ჩანაწერი: „ერთი ყოფილი პროკურორის საქმე მაქვს. პირველმა ინსტანციამ უარი უთხრა. არადა, სარჩელი საფუძვლიანია. ზუსტად ვიცი, ეს საქმე მის სასარგებლოდ რომ გადავწყვიტო, უზენაესი სასამართლო ჩემს გადაწყვეტილებას გააუქმებს. სახელმწიფოსთვის არასასურველი პრეცედენტი იქმნება და ამას როგორ დაუშვებენ?! ერთ-ერთ კოლეგას ვესაუბრები. მასთან საუბარი მიყვარს, რადგან მეტნაკლებად შეუძლია იურიდიულ საკითხებზე კომპეტენტური მსჯელობა. გარკვეულწილად დამოუკიდებლობასაც ამჟღავნებს სხვებისაგან განსხვავებით. რომ იგებს, საითაც მიმყავს მსჯელობა, უცებ ჩერდება და მეუბნება: „შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? მაგ გადაწყვეტილებას თავზე დაგახევენ!“ გულგატეხილი გამოვდივარ. ესეც შენი „დამოუკიდებლად“ მოაზროვნე მოსამართლე! დერეფანში მეორე ასაკოვანი მოსამართლე მხვდება. ვიცი, რომ სულ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს. თუ რამე არასწორი გადაწყვეტილება არის სამართლებრივად დასასაბუთებელი, მას აწერინებენ. რასაც გინდა, დაასაბუთებს. არის რამდენიმე ასეთი ინტელექტუალი მოსამართლე სისტემაში. „რა შეწუხებული სახით მოდიხარ? შემოდი ჩემთან“ - მეუბნება. შევდივარ თავაზიანობის გამო. „მომიყევი.“ უცებ ინტერესი გამიჩნდა, რას მეტყვის. ვუყვები და ვუზიარებ ჩემს არგუმენტებს. ღიმილით მიყურებს. დიდხანს მიყურებს. მერე მეუბნება: „იცი, რას გეტყვი? მიდი, დაწერე რაც გინდა. ხომ ვხედავ, რისი დაწერაც გინდა. ჰოდა, დაწერე და დაასაბუთე. ნუ იფიქრებ იმაზე, უზენაესში რას იზამენ“. გაბრწყინებული სახე აქვს. არ მოველოდი ასეთ წაქეზებას. გახარებული გამოვდივარ. შევდივარ ოთახში და წერას ვიწყებ. დავწერ და ისე დავასაბუთებ, რომ მაქსიმალურად გავურთულო გაუქმება. წყალივით მოდის არგუმენტაცია. ერთი სიამოვნებაა ასე წერა. მართლა საოცარ სიამოვნებას მანიჭებს გადაწყვეტილების წერა!

მეორე დღეს პროცესი იმართება. ვაცხადებ გადაწყვეტილებას და თვალს ვაპარებ ყოფილი პროკურორისკენ. გაოგნებული მიყურებს. ნამდვილად არ ელოდა საჩივრის დაკმაყოფილებას.“

ჩემს ძველ დღიურს წინ უძღვის შემდეგი ციტატები:

„I am free because I know that I alone am morally responsible for everything I do. I am free, no matter what rules surround me. If I find them tolerable, I tolerate them; if I find them too obnoxious, I break them. I am free because I know that I alone am morally responsible for everything I do“.

„There is no such thing as a little freedom. Either you are all free, or you are not free.“

ავტორი არ არის მითითებული და აღარც მახსოვს, ვისი ციტატებია. ეს ბოლო ციტატა ივლისში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზეც გამოვიყენე, როცა ერთ-ერთ დეპუტატს კითხვაზე ვპასუხობდი. პირველი კითხვა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დამისვეს, იყო, რატომ წამოვედი 2008 წელს სასამართლო ხელისუფლებიდან. მიზეზების განმარტების შემდეგ ერთი დეპუტატი მეკითხება: „მოსამართლედ ყოფნის პერიოდში იქნებ თქვენც შეგისრულებიათ ვინმეს დავალება? აღიარეთ!“ გამეცინა. მაშინ დამჭირდა ეს ფრაზა: „არ არსებობს მცირედი თავისუფლება. მოსამართლე (და, ზოგადად, ადამიანი) ან თავისუფალია, ან - არა.“

„თავისუფლებისთვის, ისევე როგორც სიცოცხლისთვის, ყოველდღე უნდა იბრძოლო“ - მგონი გოეთეს ეკუთვნის ეს სიტყვები.

მახსენდება 2007 წლის ბოლოს, როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა სასამართლოდან წასვლა, ერთ-ერთი პროცესის დაწყების წინ სხდომის დარბაზში შემოვიდა მოხუცებული ქალი. მომიახლოვდა და მკითხა: „შვილო, შენა ხარ მოსამართლე ბაქაქური?“ „დიახ, ქალბატონო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ - ვკითხე. „შვილო, მინდა ჩემი საქმე შენ განიხილო“. ამ შემთხვევამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ლამის შევცვალე წასვლის გადაწყვეტილება. მაშინ, როცა ჩემს ფუნქციას სასამართლოში უკვე ვეღარ ვხედავდი, როცა ვითარება დღითიდღე უარესდებოდა და თავისუფლების არეალიც დღითიდღე კატასტროფულად მცირდებოდა, მოვიდა ჩემთან განცდა, რომ თურმე ტყუილად არ ჩაუვლია ჩემს განწირულ მცდელობას, რომელიც ზღვაში წვეთივით ჩანდა მკაცრ ვერტიკალს დაქვემდებარებულ სისტემაში. თურმე ვიღაცას მაინც ვჭირდებოდი.

ნეტა დადგება კი ამ ქვეყანაში დრო, როცა დამოუკიდებელი მოსამართლე ხელისუფალსაც დასჭირდება? აგვისტოში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატურას, რომლებიც დამოუკიდებლობით გამოირჩევიან...

მოგონებები მიწყდება. კლიენტი მირეკავს. ხელშეკრულებების ანალიზი და იურიდიული დასკვნა მაქვს მოსამზადებელი.

გვიან საღამოს მარი და ანასტასია მიმყავს სიმღერის გაკვეთილზე ჭოხონელიძეების სტუდიაში. საღამოს მათი ძველი კონცერტის ჩანაწერს ვუყურებთ. ბავშვები გახალისდნენ. მეც მედება მათი ხალისიანი განწყობა და ყველანი თავს ვიგიჟებთ. ისეთი აჟიტირებულები ცეკვავენ და მღერიან, რომ ძლივს ვაწვენ ლოგინში. ვახო ჯერ არ მოსულა სამსახურიდან. ანასტასია მეძახის: „დედაააა, ჩემთან დაწვებიიიი???“ სანამ შევედი, უკვე ჩასძინებია. ლოყაზე ვკოცნი. მინდა იგრძნოს, რომ მივედი და ისე არ დავტოვე. თვალებს ოდნავ აღებს. მგონი გაიგო, რომ მივედი. ოთახიდან გამოვდივარ. სამშაბათიც მთავრდება.

17 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს 8:20-ზე გამეღვიძა. ვახო როდის მოვიდა, არ გამიგია. ბავშვების ოთახში გავედი. მშვიდად სძინავთ. ვახოს ვაღვიძებ. სწრაფად ვემზადებით და სამსახურში მივდივართ.

ოფისში ჩვეული სასიამოვნო დილაა. ჩემი საყვარელი თანამშრომლები მხვდებიან. მრავალ ადგილას მიმუშავია, მაგრამ ისეთი კარგი ადამიანები, როგორებიც ჩვენს იურიდიულ კომპანიაში მუშაობენ, არსად შემხვედრია. უკვე რვა წელია, აქ ვმუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები გავიცანი. აქ უცხოა ინტრიგა, შური, კონკურენცია. ერთმანეთს ყველანი ვეხმარებით.

ნოუტბუკს ვხსნი, ახალ ამბებს ვათვალიერებ და უსიამოვნო სათაურები მხვდება თვალში. როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, ღრმად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული სამარცხვინო განცხადებებით. ნეტა, რა საჭიროა ამ დაპირისპირების საჯაროდ გამოფენა? რომელ კეთილშობილ მიზანს ემსახურება ეს ორომტრიალი? რა სიბეცეა, ღმერთო ჩემო, რა სიბეცეა!

2 საათზე შეხვედრა ახალ ინვესტორთან. შეხვედრამ სამ საათს გასტანა. მგონი, შევთანხმდით საბოლოო სქემაზე. მოსამზადებელი მაქვს ახალი კომპანიის წესდება, პარტნიორთა შეთანხმება და სხვა ხელშეკრულებების მთელი პაკეტი.

საღამოს მივდივარ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ამერიკის სავაჭრო პალატის ღონისძიებაზე, სადაც თავს იყრიან პალატის წევრი უცხოური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები. ყველა, ქართველი თუ უცხოელი, მეკითხება აგვისტოში პარლამენტში ჩემი კანდიდატურის ჩავარდნის მიზეზებზე. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს, ალბათ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების ბრალია. თუმცა ყველასთვის გაუგებარია, ამ დაპირისპირებაში რატომ მოხვდა მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი. ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე, ბიზნესზე, კომპანიების მუშაობაზე, მაგრამ წამყვანი თემა მაინც სახელისუფლო შტოებს შორის გამძაფრებული დაპირისპირებაა, რომლის გამოც ყველა გულდაწყვეტილია.

ვახომ მომაკითხა და სახლში ერთად მოვდივართ. ბავშვები ფეხით მოგვყავს ბებოს სახლიდან. ბავშვებს მოსწონთ ღამის გასეირნება. „დედიკო, ხვალაც გავისეირნოთ რა, ღამით!“ - გულით მთხოვენ. მათ ხმაში მშობლებთან ყოფნის მუდმივი მონატრება იგრძნობა. ოღონდ ჩვენთან ერთად იყვნენ და მცირედითაც ბედნიერები არიან. სახლში ასულები, ყველანი საოცარ დაღლილობას ვგრძნობთ. პირდაპირ ლოგინში ვწვებით და ვიძინებთ. ოთხშაბათი მთავრდება.

18 სექტემბერი, ხუთშაბათი

დილის 5 საათზე ანასტასია მაღვიძებს. ჩემს ლოგინში გადმობობღდა. ლოყას ლოყაზე მადებს და მეხუტება. თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვირინდები. ჩამეძინა. 8:45 საათზე გაჭირვებით ვიღვიძებ. სასწრაფოდ ვემზადები და სამსახურში მივდივარ. დღეს ბევრი საქმე მაქვს. გუშინ დაწყებული დოკუმენტები მაქვს დასამთავრებელი. ამასობაში მეორე კლიენტიც გამოჩნდა, მესამეც. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე - უცებ ყველა საქმე ერთად მომეყარა. თან ყველა კლიენტს ხომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა!

რამდენიმე შეხვედრა ზედიზედ მიეწყო. სახლში გვიან მივდივარ. დღის ბოლოს მირეკავს კოლეგა პარტნიორი იურიდიული კომპანიიდან და ერთ-ერთ საქმეზე ლონდონის არბიტრაჟში არბიტრად დასახელებას მთავაზობს. „ჩემთვის დიდი პატივი იქნება“ - ვეუბნები, - „თანახმა ვარ, თუ მათ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ“. დღე ამით მთავრდება.

19 სექტემბერი, პარასკევი

დილით ცუდ გუნებაზე ვიღვიძებ. თავის ტკივილი საწოლიდანვე ამყვა. სამსახურში მივდივარ. წვიმიანი დღეა და ნახევრად ბნელა. ოფისიც ჩაბნელებულია. ჩემი სამუშაო ოთახის კარს ვაღებ და ოთახში ჩემი თანამშრომელი სანდრო მხვდება. ნახევრად ბინდბუნდში ზის და მუშაობს. სანდროს უყვარს ჩაბნელებულ ოთახში ჯდომა. მე კი მივალ ხოლმე და ყველა ნათურას გავაჩახჩახებ. სანდრო უკმაყოფილოდ მიყურებს, მაგრამ არაფერს მეუბნება.

დღეს ყველაზე პროდუქტიული დღე მაქვს. შეხვედრებისა და სჯა-ბაასის გარეშე, ვზივარ ჩემთვის და თავჩაღუნული ვწერ. კვირის ბოლო სამუშაო დღეა და ყველა დოკუმენტი უნდა დავასრულო.

დროდადრო „ინტერპრესნიუსს“ შევავლებ ხოლმე თვალს. მთავრობამ უცხოელებზე მიწების გასხვისების ახალი რეგულაციები მიიღო. ეს ჩვენს კლიენტებს დააინტერესებს. ვხსნი ინფორმაციას და გულდასმით ვკითხულობ.

საღამოს იურისტები ერთად ვიკრიბებით. დღის ბოლოა. ჩვენი საქმეები მეტ-ნაკლებად ყველამ დავასრულეთ და სხვადასხვა საკითხებზე ვმსჯელობთ. შემდეგ ვხალისობთ ცოტას. სხვაგვარად გაუსაძლისად მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი პროფესია.

20 სექტემბერი, შაბათი

დილა პატარა სპექტაკლით დაიწყო. მამიკო მგელია, ჩვენ - გოჭები: ნიფნიფი, ნუფნუფი და ნაფნაფი. ვმხიარულობთ, დავრბივართ და ვკისკისებთ. იდეალური ოჯახური დილაა. ასეთ წუთებში თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობ.

12 საათზე ინგლისურის მასწავლებელი მოდის. ბავშვები და მასწავლებელი ოთახში შეიყუჟნენ. მე დრო ვიხელთე და სარკის წინ ნაირნაირ კაბებს ვიზომებ. ხვალ ქორწილში მივდივარ. ახლა რადიო თავისუფლებაში უნდა წავიდე. საღამოს კი ვახოსთან და ბავშვებთან რამე საინტერესოს მოვიფიქრებთ.

XS
SM
MD
LG