Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ელბაქიძე − უფლებადამცველი


11 სექტემბერი, კვირა

გუშინდელი დღის შთაბეჭდილებების გავლენით, დილა ენერგიულად დავიწყე. გაღვიძებისთანავე ელექტრონული ფოსტა შევამოწმე, მოვწესრიგდი და ზღვის ნაპირზე გავედი.

მეორე დღეა, ბათუმში ვარ. საინტერესო შაბათ-კვირა მოვიდა − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და მასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები.

მიყვარს ბათუმი, გამორჩეული გრძნობა მაქვს ამ პატარა და ლამაზი ქალაქის მიმართ. განსაკუთრებით გალამაზდა რეკონსტრუქციის შემდეგ და საათობით არ მბეზრდება მის ქუჩებში ფეხით სეირნობა. თუმცა, სასტუმროში დროულად დავბრუნდი და კონფერენციაზე შევედი. ღონისძიება, რომელშიც ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციები მონაწილეობდნენ, ძალიან საინტერესო გამოდგა. საქართველოს პრეზიდენტიც გვეწვია და პირდაპირ კონფერენციაზე გამოაცხადა იმ ორი ადამიანის ვინაობა, ვინც 1 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანტიებს მოირგებს. ისტორიული მოვლენის შემსწრე გავხდი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სასამართლოს არცთუ კარგი დღეები უდგას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სერიოზულად აისახა სასამართლოს იმიჯსა და საქმიანობაზე. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ღირსეული კანდიდატები შესულიყვნენ სასამართლოს შემადგენლობაში და გამიხარდა, როცა პრეზიდენტის კანდიდატურების ვინაობა შევიტყვე. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე, უამრავი ნაცნობი და უცნობი სახე ვნახე, საღამოს კი, სტუმრებთან და საკონსტიტუციო სასამართლოს მესვეურებთან ერთად, სასიამოვნო საღამო გავატარე ვახშამზე.

მიყვარს ზღვა, ჩემში ამოუცნობ განცდებს იწვევს, ირგვლივ ყველაფერი განსხვავებულია და ტალღების ხმაურს სხვა განზომილებაში გადავყავარ. იმის გამო, რომ ცურვა არ ვიცი, წყალში იშვიათად შევდივარ, თუმცა ხშირად ფიქრებში გართული ვერ ვიგებ, დრო როგორ იპარება სანაპიროზე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც... მაგრამ იმის გამო, რომ წინ საინტერესო დღე მელოდა, სანაპიროს მალევე დავემშვიდობე და საქმეს შევუდექი.

დღეს კონფერენციის მეორე დღეა და კონფერენციაც მხოლოდ ნახევარ დღეს გაგრძელდა. ყავის შესვენებებზე მოსამართლეებსაც გავესაუბრეთ მე და ჩემი კოლეგები. ძალიან მადარდებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, და არა მხოლოდ მე: ჩემ გარშემო ყველა შეშფოთებულია (ვგულისხმობ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს) და ხშირად ვმსჯელობთ გამოსავალზე. კარზე მომდგარი არჩევნები კი ერთიორად ამძაფრებს ამ განცდებს. ქვეყანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას და ამ არჩევნებზეა დამოკიდებული მისი განვითარება და წინსვლა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ექსკურსია მოაწყვეს ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში. დაუვიწყარ შოუს დავესწარით. იმდენი სასიამოვნო ემოცია განვიცადე, რომ პატარა ბავშვივით გაღიმებული დავდიოდი მთელი დღე. საღამო კი ისევ სასიამოვნო გარემოში გავატარე სტუმრებთან ერთად.

დღის მანძილზე ბევრჯერ მომიწია თბილისში დარეკვა, როცა ქალაქიდან გამოვდივარ, იქ, როგორც წესი, მაშინ ვხდები ხოლმე საჭირო. თუმცა ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

სასტუმროში გვიან დავბრუნდით. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამეძინა.

თავისუფლების დღიურები - ნინო ელბაქიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:46 0:00

12 სექტემბერი, ორშაბათი

საინტერესო და სასიამოვნო შაბათ-კვირის შემდეგ, დროა თბილისში დავბრუნდე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩასვლისთანავე ოფისში უნდა შევიარო, მაქსიმალურად შევეცადე, სამუშაო ფორმაში ვყოფილიყავი. 11 საათისთვის სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გამოვემგზავრეთ. მგზავრობა დამღლელი, მაგრამ მაინც საინტერესო აღმოჩნდა. ჩემს კოლეგებთან ერთად გზაშიც კი პროფესიულ თემებზე ვმსჯელობდით. რა თქმა უნდა, გზად ფინჯანი ყავისთვისაც გავჩერდით ზესტაფონში, ეს ხომ ყველა მოგზაურის საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით, როცა ძალების მოკრება გჭირდება.

როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ თბილისში. პირდაპირ ოფისში მივედი. ცოტა რთული იყო ექვსსაათიანი მგზავრობის შემდეგ მუშაობა, თუმცა − აუცილებელი. შეხვედრამაც წარმატებით ჩაიარა და დავბრუნდი სახლში.

სახლში მშობლები მელოდნენ და, რა თქმა უნდა, ჩემი პატარა ქალბატონი (ასე ვეძახი), ოჯახის ოთხფეხა წევრი − ლედი, რომელთან ერთადაც ეზოში ვისეირნე. ლედი პოინტერის ჯიშისაა და საკმაოდ გონიერია. ძაღლზე ხშირად ამბობენ, ბევრ ადამიანს ჯობიაო და უწინ ვბრაზობდი, რადგან არ მიმაჩნია მართებულად ასეთი შედარების გაკეთება. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ლედი ძალიან გონიერი, თბილი და ენერგიულია. ორი წელია, რაც ჩვენი ოჯახის წევრია და დედაჩემსაც კი შეაყვარა თავი. მასთან თამაში და დროის გატარება ერთობ დიდი სიამოვნებაა, მაშინაც კი, როცა გადაღლილი ბრუნდები შინ და ეს ცელქი არსება მოსვენებას არ გაძლევს. განსაკუთრებით გირჩებით თამაში გვიყვარს, მეეზოვემაც კი იცის, რომ გირჩები, რომლებსაც ის ეზოს დალაგებისას პოულობს, არ უნდა გადაყაროს... ხშირად ვუყურებ და ვფიქრობ ლედიზე, რომელსაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლია, ცხოვრებას გვიხალისებს და ხშირად მასთან თამაში დასვენების კარგი საშუალებაა.

13 სექტემბერი, სამშაბათი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენმა ორგანიზაციამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მივუძღვენით შარშანდელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მონიტორინგს. ჩვენთვის და, პირადად, ჩემთვის, როგორც ამ პროექტისა და იდეის ავტორისთვის, ეს ანგარიში ღირსების საკითხი იყო თემის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ძალ-ღონე არ დაუშურებია ამ ანგარიშის მომზადების პროცესში და მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ ყველაფერში. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. პრეზენტაციამ მონაწილეებისა და მედიის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამაყი ვარ, რომ ეს ჩემი შრომის შედეგია. იმედი მაქვს, ჩვენს ქალაქში მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდება, რთულია, როცა ათობით დაღუპულსა და დაზარალებულზე საუბრობ, მაგრამ, ამავე დროს, ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, როგორი თანადგომა შეგვიძლია, თუ მოვინდომეთ.

დღე დატვირთულია შეხვედრებით, თუმცა იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო მისთვის. ამასთან, კარგად მაქვს გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და ძალიან მინდა, „42-ე მუხლიც“ ბოლომდე ღირსეული მონაწილე იყოს ამ პროცესებისა.

საღამოს, შინ მისულმა, ოჯახის წევრები მოვიკითხე. მიყვარს, როცა ყველა ერთად ვართ და ვიცი, რომ ყველა კარგად გრძნობს თავს.

კარგა გვიან იყო, როცა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დამირეკა და კომენტარი მთხოვა მნიშვნელოვან თემაზე. რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყოდი და ქუჩაში გავედი მის შესახვედრად. ჩაწერამ წარმატებით ჩაიარა. მიყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მათთან ურთიერთობის ნებისმიერი ეპიზოდი სასიამოვნოდ მახსენდება და ყოველთვის, როცა შემიძლია, ვთანხმდები ჩაწერაზე.

14 სექტემბერი, ოთხშაბათი

დილა ჩვეულებრივად დაიწყო. ადრიანად გავემზადე და სამსახურისკენ გამოვეშურე. დღეს რთული დღე მელის − ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ამ ბოლო დროს ყოველდღე იმდენი საქმე მიგროვდება, რომ ვეღარაფრისთვის ვიცლი. თუმცა არ ვწუწუნებ, პირიქით, მიხარია, თუ რაიმე სასიკეთო საქმის გაკეთება შემიძლია.

დროის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შეხვედრებზე და კომპიუტერთან ვატარებ. იმის გარდა, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საქმეებში ვარ ჩართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს. დღეს სახლის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ. საქმე, როგორც ყოველთვის, ბევრია.

ბევრს უჩნდება კითხვები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრმაც კარგად იცის მისი მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა სახლთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა: ექვსი ორგანიზაცია ერთად, განსხვავებული მოსაზრებებით, პოზიციებითა და მიმართულებებით − ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოფისის ეზო უნდა გავარემონტოთ და ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები, რომ ლამაზი და კოპწია ეზოთი ვიამაყოთ.

ხვალ თელავში ვაპირებთ წასვლას, მანამდე ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. საინტერესო პროექტის იდეას ვამუშავებ და დიდი იმედი მაქვს, რომ„42-ე მუხლი“ შეძლებს მის განხორციელებას. უფრო ზუსტად კი, მას მიეცემა საშუალება, რომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთოს.

15 სექტემბერი, ხუთშაბათი

დღე ადრიანად დაიწყო. ზუსტად 8 საათზე უკვე ქალაქიდან გავედით და გეზი თელავისკენ ავიღეთ. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა მელოდა. ჩემთვის ეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თუმცა გარშემო ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებული დღე იყო. დღეს სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველკლასელებისთვის, პირველკურსელებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

მიყვარს კახეთი, განსაკუთრებით შემოდგომით, როცა ირგვლივ ყველაფერი წითელ-ყვითელი ფერებითაა შეფერილი. ლამაზი ხედების თვალიერებაში ჩავედით თელავში. დღეს მნიშვნელოვანი მისია უნდა შევასრულოთ. ტარდება სემინარი, რომლის თემაც სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციის თანამშრომლები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან. შეხვედრა საინტერესო გამოვიდა, ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს რეგიონებში გასვლა და ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. თავის დროზე, დაახლოებით სამი წლის მანძილზე, სწორედ ამით ვიყავი დაკავებული და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიარე. საინტერესო გამოცდილება მივიღე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისში დავბრუნდით.

16 სექტემბერი, პარასკევი

დღეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, უამრავი საქმით, შეხვედრითა და იმის მოლოდინით, რომ შაბათ-კვირას სასიამოვნოდ გავატარებ. 11 საათზე დავესწარი ღონისძიებას სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში“. შემდეგ უკვე ოფისში დავბრუნდი და საქმეს შევუდექი. დღეს აუცილებლად უნდა დავასრულო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მომზადებული საპროექტო განაცხადი. საინტერესო პროდუქტი გამოდის: უნდა მოვამზადოთ სასამართლოს საქმიანობის ანალიზი, რისთვისაც ბოლო 20 წელს უნდა გადავხედოთ. დღემდე უამრავი დისკუსია გაიმართა სასამართლოს ირგვლივ და ეს საკითხი ისევ აქტუალურია. სანამ ამ თემაზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ადმინისტრატორი სადღაც წასულა. ნახევარი საათით გავდივარო, დაგვიბარა მარიამმა, მაგრამ ორი საათით დაგვეკარგა, ხელჩანთა ოფისში დატოვა, ტელეფონზე ზარებს არ პასუხობდა და ძალიან შევშფოთდით. კიდევ ცოტა ხანიც რომ არ გამოჩენილიყო, საგანგებო სამსახურშიც კი დავრეკავდით. ჩვენი მარიამი სექტემბრის ბოლოს პატარას ელოდება და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს.

წელს ოფისში ორი პატარას დაბადებას ველით, თუმცა ერთი მათგანი, ალბათ, გაისად მოევლინება ქვეყანას. ჩემი დაკვირვებით, ბოლო ექვსი-შვიდი წელია, „42-ე მუხლში“ წელი არ გადის, რომ პატარა არ დაიბადოს, რაც ძალიან მახარებს. პატარას დაბადებას ოფისში განსაკუთრებული სიხარული მოაქვს.

თვის ბოლოს იწურება ჩემი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების ვადა (თუმცა მეორე ვადითაც შეიძლება ამირჩიონ) და, ალბათ, მომიწევს, გადავშალო ჩემი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ფურცელი. 14 წელია, ამ ორგანიზაციაში ვარ და აქ გატარებული ყოველი დღე მიყვარს, მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებასა და განვითარებაში და ამისათვის დიდი მადლობა „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“.

დღის ბოლოს შინ დავბრუნდი, ძაღლი გავასეირნე და შაბათ-კვირისთვის ფილმების შერჩევას შევუდექი.

17 სექტემბერი, შაბათი

დილით კარგი განწყობით გავიღვიძე, ცოტა ვიზარმაცე და 12 საათისთვის გავედი სახლიდან. რადიო თავისუფლებას მივაშურე, სადაც ჩემი დღიურები უნდა ჩამეწერა. მიყვარს რადიო, განსაკუთრებული იდუმალებითაა მოცული. თითქოს მსმენელთან ძალიან ახლოს ხარ, ვიზუალურად ვერ გხედავენ და ამიტომ სრული თავისუფლება გაქვს მოძრაობაში.

სტუდენტობისას ძალიან მინდოდა, მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი რომელიმე რადიოში. თუმცა უკვე საქმიანობისას ხშირად მიწევს რადიოში სტუმრობა. რადიო თავისუფლება განსხვავებულია, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, პროფესიონალები და საიმედო ადამიანები.

ჩაწერის შემდეგ მცხეთას მივაშურეთ მეგობრებთან ერთად, ფეხით ვისეირნეთ, შემდეგ ვივახშმეთ და თბილისში დავბრუნდით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG