Accessibility links

logo-print
8 დეკემბერი, კვირა
დღიურების წერა ბავშვობიდან მიყვარს. მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა რამე მიჭირს ან მილხინს და მინდა, ჩემი ემოციები ვინმეს გავუზიარო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთ დროს სულ მარტო ვარ ხოლმე და რაღაცებს ვწერ ჩემთვის... მარინა ვაშაყმაძემ რომ დამირეკა, ხმაურიან ადგილას ვიყავი. მეგონა, გადაცემაში სტუმრად მისვლას მთხოვდა და დავთანხმდი; მერე რომ გააგრძელა, თავისუფლების დღიურები უნდა დაწერო და შემდეგ ჩაწეროო, აი მანდ კი ძალიან შემრცხვა და შემეშინდა...

დილაა. არ ვიცი, რომელი საათი. წვიმისა და ქარის ხმა ცხადად ჩამესმის და მიმძაფრებს შეგრძნებას, რომ ქარი ჩემს საწოლს არწევს. ვგიჟდები ქარზე და ამის გამო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან მუდმივად ვიმსახურებ შეფასებას, რომ ჩემს თავს ყველაფერი მთლად კარგად არ არის. მამას გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში შევსახლდი, აგერ უკვე 11 თვეა. ეს ოთახი ჩემთვის დიდი ტკივილის მომგვრელია, მაგრამ ვერ ვშორდები მის წიგნებს, მის სამუშაო მაგიდას და ეგებ არც მინდა, რომ ამ ტკივილმა დამტოვოს...

ჩემი მეგობარი დეიკო მიმესიჯებს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღეა და ხომ არ წავიდეთო. ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთ პოლონურ ფილმზე იყო; დავჯავშნეთ. მანამდე დრო მაქვს, ვფიქრობ, სალონში წავიდე თამოსთან და ცოტა თავი მოვიწესრიგო, თორემ ინდირა განდივით მაქვს თმაზე ჭაღარა სარტყელივით გადაკრული...

ფილმით დიდად არ აღვფრთოვანებულვართ, მაგრამ არც ცუდი ეთქმოდა. ფილმის მერე დეიკომ მე და კოსა კოსასთან დაგვტოვა. ცოტა ხანში კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, კვირაც შემოგვიერთდა და კოსამ კარგად გამოგვკვება. ამასობაში კიდევ ერთ მეგობარს, სიხას, ნიუ-იორკში გაეღვიძა, შემოგვეხმიანა და ჩვენც, ყველას ერთად, მოგვინდა მასთან სკაიპით ლაზღანდარობა. მასთან საუბარი კარგ გუნებაზე ყოფნის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ამ ერთ წელიწადში ამერიკაში გადასახლებაც მოასწრო, გათხოვებაც, დაქვრივებაც და თავს worldwide widow-ს უწოდებს, თავის ტკივილს არ გვაგრძნობინებს და აქეთ გვახალისებს. რა თქმა უნდა, განხილვისა და ხალისის ობიექტი ამჯერად მე გავხდი და ჩემი აქტიურობა მედიაში. სიხა მეუბნება: მხოლოდ რადიო თავისუფლებაში შენი სტუმრობები ადვილი გადასატანი იყო, ახლა ყველა არხზე კომენტარებს რომ აკეთებ, უკვე „პაპსა“ გახდი – მოკლედ, ქართული ეკონომიკის ლედი გაგა ხარო. რაღა უნდა მეთქვა. ჩვენთვის კვირადღე შედგა...

9 დეკემბერი, ორშაბათი
დილით ადრე გავიღვიძე. „მარიოტში“ კონფერენციაზე მიმეჩქარება. კონფერენცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის შემდგომ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიების განსაზღვრას ეძღვნება. მთელი სამოქალაქო საზოგადოება; პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები აქ არიან. მთელი პოლიტიკური ელიტა საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით რომ მაინც არის ერთ აზრზე, ეს მაიმედებს ხოლმე, თორემ რა ვიცი, რა ვიცი...

სამსახურში მისვლა დღეს ვერ მოვახერხე, რადგან საღამოს 5 საათამდე კონფერენციაზე ვიყავი და იქიდან გავიქეცი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ღონისძიებაზე, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში იმართება. დამსწრე საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი ახალი პროექტი - „სახელმწიფოს ფასი“. დიდი ინტერესით მისმენდნენ და საკმაოდ ინტერაქტიულიც გამოდგა შეხვედრა... ისე დავიღალე, არაფრის თავი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც მივდივარ ვარჯიშზე, რომელიც ხერხემლის პრობლემების გამო მაქვს დანიშნული და წლის განმავლობაში ორი კურსის ჩატარებას ძლივს ვახერხებ. მოკლედ, ვბერდები, მაგრამ არ ვნებდები...

სახლში მივაღწიე, როგორც იქნა. დედაჩემი და თედო დამხვდნენ. თედო, ჩემი ერთადერთი ძმისშვილი, ჩემი ცხოვრების აზრია. ტელევიზორთან მოვკალათდი და 10 საათის მერე თუკი რამ საინფორმაციო და ტელესერიალი იყო 266 არხის ფარგლებში, ყველას ვუყურე ჩაძინება-გაღვიძებებით, ღამის 3 საათამდე.

10 დეკემბერი, სამშაბათი
სამსახურში ადრე მივედი. 12 საათზე ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გვაქვს და ასეთ დროს ცოტა ვღელავ ხოლმე. დღეს პრეზენტაციას ირინა უძღვება და ეჭვიც არ მეპარება, რომ სათანადოდაა მომზადებული, მაგრამ თავადაც ღელავს... ამდენი პროფესიონალი, ერთად თავმოყრილი, რამდენიც ჩვენს ორგანიზაციაშია, დიდი იშვიათობაა, მაგრამ ყველა მათგანს დროდადრო თავმდაბლობის შემოტევები აქვს და არის ერთი ჩხუბი და დავიდარაბა, ვინ მოამზადებს პრეზენტაციას. ხანდახან მევაჭრებიან კიდეც.

ნახევარი ოფისი - ნინო, ირინა, ქეთი, ხორბალა, ავთო, ლაშა, ნიკა - თორმეტის ნახევრისთვის გავიკრიფეთ ჩვენი ღონისძიების ჩატარების ადგილას. ბევრი ხალხი მოვიდა - მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია მედიაშიც გააშუქეს.

დღის განმავლობაში ფეისბუკზე რამდენჯერმე შევდივარ ხან მობილურით, ხანაც სამსახურიდან - უკრაინელი მეგობრების ამბები მაინტერესებს და ვგულშემატკივრობ მათ. ჩემმა უკრაინელმა კურსელმა, ჟურნალისტმა სერგეი ლეშჩენკომ, რომელიც ამერიკაში სასწავლებლად იყო წასული, ყველაფერი მიატოვა და კიევში დაბრუნდა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში თავის ხალხთან ყოფილიყო. სხვებიც - კატია რიაბკო, დმიტრო პოტოიკინი, ანდრეი შევჩენკო - უკვე ოცი დღეა, გარეთ დგანან ამ სიცივეში და ძალიან ვდარდობ მათზე.

სამსახურში დაბრუნებულს, ფეისბუკის ინბოქსში „ლიბერალიდან“ ლიკა ზაკაშვილის გამოგზავნილი ლინკი დამხვდა – ინტერვიუ „შელ ოილის“ ყოფილ პრეზიდენტ ჯონ ჰოფმაისტერთან. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ძალიან ბევრმა გაიზიარა ფეისბუკზე. ჯონი ნოემბერში გვყავდა მოწვეული. ამჟამად არიზონის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების გლობალური ცენტრის წამყვანი მეცნიერი და ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორია. გვინდა, მათი პოტენციალი და რესურსი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მთავრობას ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებაში შევუწყოთ ხელი. ვნახოთ, რა გამოვა...

ამასობაში სამუშაო დღეც ამოიწურა და თავ-პირის მტვრევით გავვარდი ჩემი ხერხემლის ექიმთან, რომელიც მუდმივად გაოცებულია ჩემი, როგორც ახალგაზრდა პაციენტის, სიზარმაცით. გზად ირინამ დამირეკა. ძალიან მიყვარს, მაგრამ მანქანას ისე ატარებს, მასთან მგზავრობა დიდი განსაცდელია. რა ვქნა, მიწევს ხოლმე... სტამბოლში იყო სამი დღით წასული დასათვალიერებლად და თავისთან მიხმობდა შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. მომენატრა, თან ბავშვებიც მომენატრნენ, განსაკუთრებით ჩემი ნათლული ქეთო...

პირველს ირინას ვამცნე, რომ თავისუფლების დღიურებს ვწერ და ძალიან ვნერვიულობ. იმდენი იცინა, ცუდად გახდა და მაშაყირა, ზედ დამიმატა, სადაც მოჰყვები, ლიტერატურაზე დიდი ინტერესით რომ მსჯელობ, იქვე არ დაგავიწყდეს აღნიშნო, პარალელურად ყველანაირ თურქულ, ქართულ და სხვა. სერიალებსაც რომ უყურებო. თუმცა იქვე დააყოლა, კაი, არ გინდა, "ტეხავსო". დავპირდი, არ დავმალავ-მეთქი და ვასრულებ. ისე, ლიტერატურის სიახლეებს სულ ვეცნობი, რადგან კვირის განმავლობაში იმდენ ეკონომიკური და ტექნიკური ხასიათის ლიტერატურას ვკითხულობ, ვატყობ, ჩემი გონება დეგენერაციას განიცდის და შველას ითხოვს... რა იყო ახლა ეს გადახვევა?

სად მცალია დიდხანს დასაჯდომად და ამასობაში გამახსენდა, რომ დილით, პრეზენტაციების ქარცეცხლში რომ ვიყავი გაჭედილი, დეიკომ დამირეკა და საღამოს რვა საათზე ვერიკო ანჯაფარიძის თეატრში დამპატიჟა, - მითხრა, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობების კავშირი მის მშობლებთან, თემურ ჩხეიძესთან და ნანი ჩიქვინიძესთან აწყობს შეხვედრას და მოდი, თუ არ დაგეზარებაო. წავედი, რა თქმა უნდა, და ძალიან ვიმხიარულეთ. თემურის და ნანის გამოსვლამდე ორი საათი ხან ენრიკო ჯანელიძის კლიპები გვანახვეს, ხან კავშირის შექმნის ისტორიაზე გადაღებული ფილმი და რისთვის ვიყავით მისული, არავის გვახსოვდა. გვეგონა, სადღაც სიურრეალისტურ სამყაროში ხდებოდა ეს ყველაფერი. წინ დეიკო მეჯდა და მაცინებდა, უკან - ჩემი მეგობარი რეზო, გვერდით - მთავარი რაბინი. რაღაც დროს რეზოც კი მოხვდა სცენაზე და ჩვენი შველა გადაწყვიტა. გამოაცხადა, მოუთმენლად ველი თემურ ჩხეიძესთან შეხვედრის დაწყებასო, მაგრამ რად გინდა - მანამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი...

დაიწყო მერე ქება-დიდება და, რა თქმა უნდა, თემურ ბიძია, როგორც ყოველთვის, იდგა ისეთი თავმდაბალი და ისეთი უბრალო, გულიც კი ამიჩუყდა. ღამის თორმეტის წუთებზე დამთავრდა საღამო. სახლში მისული, დედაჩემს მოვუყევი საღამოს სახალისო პასაჟებს. ტელევიზორი ჩავრთე და „რუსთავი 2“-ზე დიდი დისკუსია იყო (დისკუსია თუ ჩხუბი?) რელიგიურ და ლგბტ საკითხებზე. ისევ მოვიწყინე. ასეთი რადიკალიზმი, ძალადობა და აგრესია სიცოცხლის მოტივაციას მიგდებს ხოლმე. გამოვრთე ტელევიზორი და წიგნის კითხვას შევუდექი. ცოტა ხანში თავიც მომწყდა...

11 დეკემბერი, ოთხშაბათი
აი, გათენდა კიდევ ერთი დღე პატარა „ლუმპენ-პროლეტარი“ გოგოსი. დილის 8 საათია და სამზარეულოსა და სააბაზანოში ოჯახის წევრების რიგია თავისი გადაძახილ–გადმოძახილებით: „ყავა დამისხი!“, „მალე გამოდი!“, „მეჩქარება!“...ამ დროს ჩვენს სახლში დიდი ამბავია ხოლმე.

ათის ნახევრისთვის უკვე რადიო თავისუფლებაში ვიყავი დილის გადაცემაში ნინო გელაშვილთან. ჩვენი გუშინდელი პრეზენტაციის გამოძახილი იყო სოფლის მეურნეობის არსებულ პოლიტიკასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

სამსახურში მოსულს, ყველა ადგილზე დამხვდა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა უკვე მზად გვაქვს და მედიას და პარლამენტარებს დავუგზავნეთ კიდეც. დღეს ბიუჯეტის განხილვაა. აგერ უკვე ათი წელია, სისტემატურად ვაქვეყნებთ ბიუჯეტზე ჩვენს დასკვნებს, მაგრამ პოლიტიკოსები მათ, სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა ოპოზიციაში არიან. ჩვენი დასკვნები არ იცვლება, მათი შეხედულებები კი მთავრობაში მოსვლის პირდაპირპროპორციულია.

დღის მანძილზე ოფისიდან გაუსვლელად შეხვედრებიც გვქონდა. დასამთავრებელი მქონდა პატარა ანგარიში, რომელიც ირინამ გამიმზადა და გადავგზავნე და კიდევ ერთ 50 მეილს მაინც ვუპასუხე. თანამშრომლებს გავანდე, რომ თავისუფლების დღიურებს ვწერ და მრცხვენია და თან მეშინია. ხორბალა მირჩევს, ზღვარი დავიცვა, ირინა მაშაყირებს და, მოკლედ, არის მაგარი მხიარულება.

ვურეკავ ლიზას, სიყრმის მეგობარს და თანამშრომელს, რომელსაც სიცხის გამო სახლში უწევს ყოფნა და ვუყვები ჩემს გასაჭირს. ლიზა გულწრფელობას მირჩევს, და მთავაზობს, ჩვენი სტუდენტობისდროინდელი დღიურები გამოვაქვეყნო. თან ამტკიცებს, რომ ფანტაზია და წერის უნარი იმ დროს უკეთესი მქონდა, რადგან მაშინ ლიტერატურით ვიყავი დაკავებული.

საღამოს 8 საათია და ჯერ კიდევ სამსახურში ვარ. ვცდილობ, დღევანდელი დღის ამბები მოკლედ ჩავიწერო, რომ არ დამავიწყდეს. დეიკოს ველაპარაკე. სამი წლის ნიკუშა – უმცროსი შვილი – ართმევს ტელეფონს და მეუბნება, როგორ ვუყვარვარ, როგორ მოვენატრე, და თან დღის ამბებს მიყვება. ჩემი სიყვარულია ეგ მაიმუნი ბავშვი, რომელსაც ისეთი ენა აქვს, ყველას გვაგიჟებს! ამას წინათ მათთან სახლში სავარძელზე მივწექი, დამადგა თავზე და დაჟინებული მზერით გამომიცხადა: შენ აქ კი არ უნდა იყო წამოწოლილი ჩვეულებრივად, კედელზე უნდა ეკიდო ნახატივითო! საიდან მოუვიდა ეს წინადადება ამ პატარა ადამიანს თავში, არ ვიცი პირდაპირ...

ცოტა ხანს კიდევ დავრჩი სამსახურში. გარეთ ისე ცივა, სახლში წასასვლელად ტაქსი გამოვიძახე. ხვალ, დილაადრიან, ქუთაისში მივდივარ...

12 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს ქუთაისში ხელს ვაწერთ სამოქალაქო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. გვპირდებიან, რომ ამის მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. რა ვიცი, მინდა დავიჯერო. სამოქალაქო სექტორის მხრიდან 22 გამომსვლელია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. მე და ვაკო ვსხედვართ სხდომათა დარბაზის ბოლოში და ისმენს ვაკო დროდადრო ჩემს კაპასობებს დიდი მოთმინებით. ისე, პოლიტიკური ელიტის კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ არც ჩვენს სექტორს აწყენდა პროფესიონალიზმის, ცოდნის დონის ამაღლება. აი ამ მჭმუნვარებაში რომ ვარ, ზოგადად ქვეყნის ბედ-იღბალთან დაკავშირებით, ამ დროს მირეკავენ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოდან“ და სასიხარულო ამბავს მამცნობენ... ორი სიტყვით რომ გადმოვცე ამ ამბის წინარე ისტორია და თან ორი სიტყვით ჩემი პერსონის „სიდიადესაც“ გავუსვა ხაზი: არ ვიცი, როგორ (თავადაც ვერ ვიჯერებ), მაგრამ 2013 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის სტიპენდია მოვიგე და დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კურსდამთავრებული გავხდი. ჩემი ლექტორები იყვნენ, არც მეტი არც ნაკლები: ლარი დაიმონდი, ფრენსის ფუკუიამა, ერიკ შმიდტი და სხვა ცნობილი მოაზროვნენი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს ადამიანები დავარწმუნე, რომ აუცილებელია მათი საქართველოში ჩამოსვლა და ახლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2014 წლის 1-დან 3 სექტემბრამდე ეს ხალხი საკუთარი ხარჯით საქართველოში იქნება – სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სამდღიან კონფერენციაზე „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში – საქართველოს გამოცდილება“. ამ ყველაფერთან ერთად, ისინი უფასო ლექციებს ჩაატარებენ თბილისის ყველა უნივერსიტეტში. პირველად ამ დღიურების კითხვისას ვამბობ საჯაროდ ამ ამბავს და ძალიან ბედნიერი ვარ! თან, განსაკუთრებით მადლიერი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსი“, რომელიც, როგორც ყოველთვის, სწორედ მაშინ ამოგიდგება გვერდით, როცა ძალიან გჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გინდა. ამ კონფერენციისთვისაც თანხის ნაწილს, სტენფორდის უნივერსიტეტთან ერთად, ისიც გაიღებს. მოკლედ, მეტი რა ვქნა ამ პატარა გოგომ. უკვე ისეთი ბედნიერი ვარ, ქუთაისიდან უკან ხუთსაათიანი გზა აღარც მეძნელება. 10 საათზე უკვე თბილისში ვარ. მაგრად თოვს და მამაჩემი მახსენდება: პირველი თოვლისას თავისი მეგობრის, ტარიელ ჭანტურიას ლექსს იმეორებდა, რაც თავი მახსოვს;

„ისევ ბარდნის, ბარდნის, ბარდნის,
მე ვიგონებ ირმა ბარტლეს,
ჩიტის გული ჰქონდა ირმას,
უფრო სწორად – ჩიტის ბარტყის“...

გული მწყდება, რომ არასდროს მიკითხავს, რატომ იმეორებდა სულ ამ ლექსს...

13 დეკემბერი, პარასკევი
დილით ტელევიზიით მოვისმინე ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების ამბავი. სამსახურში ვარ. მეილებს ვამოწმებ და პასუხებს ვწერ. თან ტელეფონზე ვსაუბრობ. ხორბალამ ნამცხვრები მოგვიტანა. მთელი ოფისი გაძლიერებულ კვებაზე ვართ! მომავალ სამუშაო კვირას ვგეგმავთ.

დღეს ჩემი დეიდაშვილის, სოფოს დაბადების დღეა და საღამოს წყნეთში უნდა ავიდე. ბავშვობა მახსენდება, ყველანი ერთად ბევრნი რომ ვიყავით და არავინ გვაკლდა.

დაწერილს თვალი გადავავლე და უცბად აღმოვაჩინე, რომ თეა ქარჩავა არ მყავს მოხსენიებული! არა, ამას არ მაპატიებს! დარეკავს და მეტყვის: „ნინო ევგენიძე, ეს რა გიკადრია?!“ სასწრაფოდ ვიღებ ტელეფონს და ვურეკავ ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ავტომოპასუხე ირთვება. ალბათ, რამე შეხვედრაზეა და მესიჯს ვუგზავნი, რომ დამირეკოს და რამე გრანდიოზული მითხრას და დღიურში საპატიო ადგილი დაიმკვიდროს. ვისღა ახსოვს შეხვედრა და აფერისტობები?! ეგრევე მირეკავს და მიდასტურებს, რომ სწორად მივმხდარვარ და არასდროს მაპატიებდა დღიურებში ვერმოხვედრას.

საღამოს 7 საათია. სამსახურში ვარ. დეიდაჩემი მირეკავს, დროზე მოდიო. მელოდება დაბადების დღეზე შეკრებილი მთელი ოჯახი. დარჩა ხალხი ლამის ელარჯის გარეშე. ტაქსი გამოვიძახე, წყნეთში წავედი და მერე იქვე დავრჩი.

14 დეკემბერი, შაბათი
წყნეთში ვარ... დეიდაჩემმა ლოგინში მომიტანა ყავა და უკვე კარგ გუნებაზე ვარ... სასწრაფოდ ვიცვამ და თბილისში ჩამოვდივარ. სახლში ბექას და თედოს გაგუდულებს სძინავთ. მოვემზადე და მეშვიდეზე ავედი ჩემი დეიდაშვილის შვილის, მაშიკოს სანახავად. სიცხე აქვს ორი დღეა და მაგრად დავბურჯღნე. ძალიან ლამაზი და გემრიელია.

მომკლა ამ დღიურმა! ერთი კვირაა, ჩემი ახალგაზრდობა შეიწირა. ახლა ამ ყველაფრის წაკითხვაღა დამრჩა. რა ვქნა, ვნერვიულობ. მინდა, ცოტა გრძნობით წავიკითხო. არ ვიცი, რა გამომივა.

საღამოს დეიკოსთან მეგობრები ვიკრიბებით, დიდი იმედი მაქვს, ბედი გამიღიმებს და მანამდე ეს ვიდეო ინტერნეტში არ დაიდება...
XS
SM
MD
LG