Accessibility links

logo-print

24 ივლისი, კვირა

დილით ყავის სუნი მიღიტინებს. მეღვიძება, საათს ვუყურებ, 11 საათია, მარაიკე ამდგარა!!! მერე ყავას ვსვამთ და მახსენდება:

„დღეს ერთი კვირა გავიდა, უნდა ვიზეიმოთ, დალევა შეგიძლია!“

„გუშინ უკვე დავლიე, თან კატას ვუმზერდი თვალებში“, – მპასუხობს მარაიკე. მარაიკე ჩემი ბერლინელი მეგობარია, 14 ივნისს ჩამოვიდა თბილისში. სწორედ იმ დღეს ახალციხიდან დავბრუნდი, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი და კონფერენცია ჩავატარეთ სამმა მუზეუმმა. თორმეტი უცხოელი სტუმარი გვყავდა მოწვეული.კონფერენცია, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები მთელ ტერიტორიაზე იყო გაშლილი: City Game და Flashmob, ინდიგო საღებავით ღებვა, ახალციხის უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები, თბილისიდან ჩვენი მუზეუმის სტაჟიორების ჩამოსვლა, თვლა, რომელზეც მწყობრად იცვლებოდა გამოსახულება, ფონი და რიტმი, რომელსაც მივყვებოდით, ტაში, რომლითაც რითმს ვქმნიდით; სტუმრები, სხვადასხვა ენა, ტრადიციულ ორნამენტებსა და სიმბოლოებზე, ბუნებრივ საღებავებსა და პროექტებზე მსჯელობა, მისამართების გაცვლა, სამომავლო გეგმების დაწყობა, ახალი სახეები, დროშებით City Game-ის მონაწილეთა მფრინავი გუნდები, გემოები; კონფერეციის ჩასატარებლად ქვედა ციხიდან ზედაში აბობღება. სტუმრებს ვუსმენდით, ვხელმძღვანელობდით, თვალყურს ვადევნებდით. 12 ივნისს მთელი ჩემი გუნდი თბილისში გამოვისტუმრე და მეორე დღეს, როცა დარბაზიდან ჩვენს ექსპონატებს ვხსნიდი და ვფუთავდი, ვიგრძენი, რომ უკვე მენატრებოდნენ, რომ ის ოთხი დღე ძალიან მალე გავიდა და რასაც თვეების განმავლობაში ვამზადებდით, ვფიქრობდით, ვიხარჯებოდით, უკვე დასრულდა!

აი, ეს არის საინტერესო – გარდაუვლობა! მნიშვნელობა არ აქვს, დაგეგმე გაიაზრე, მოემზადე, გააკეთე, უხელმძღვანელე, გამართე... რაღაც აუცილებლად მთავრდება. ტარდება, მხრებიდან გვარდება, რჩება, იფუთება და წარსულში მიდის.

ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ უკან მოტოვებულ დროსა და გამოცდილებას ეხება, ჰოდა ისევ, უკვე ერთი კვირა გავიდა ვიდრე ხელს მაგიდის ქვეშ ჩაყოფ კნუტების მოსაფერებლად და დედა კატა გაგკაწრავს! მერე გეშინია, ნაკაწრია, მაგრამ... ცოფი! მერე ისევ კატის ნაკბენი გახსენდება: მაშინ ჩემს შვილს გავყევი, მასაც მოსაფერებლად აუყვანია კატა, მაგრამ იმ კატას კბილი გამოუკრავს. წავედით, აცრეს.„დე, იმ კატას რომ არ გავეკაწრე, შეიძლებოდა ფხიზელიც ვერ გენახე,“ – მითხრა გამგზავრების წინ. მაგრად ვიხალისეთ!

ჰოდა, ანტირაბიულ ცენტრში წავედით!

უკვე ხუთი წელია, თუ თბილისში ჩამოდის, უმეტესად ჩემთან ჩერდება მარაიკე და პირველად დაგვჭირდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სადმე წასვლა: დედისგან რჩევა მიიღო, მხოლოდ ტეტანუსის შრატი გაეკეთებინა და კატას დაჰკვირვებოდა.

მოსაცდელი. კვირა დღესდაუგეგმავად აღმოჩნდები შემთხვევით ხალხთან ერთად ერთ კლინიკაში და ერევი მარაქაში. მარაიკეს ვუთარგმნი იმას, რაც არ ესმის. მერე, ექიმის რჩევით, ვსინჯავთ სახელდახელოდ, მოპირდაპირე სახლში ნაყიდ „ქვის“ ფუნთუშას და კეფირს. დაბრუნებულებს, კიდევ უფრო მეტი ხალხი გვხვდება და... როგორც იქნა, აცრეს!

– რაო, იმ ქალმა, სოფლელიო?

– ჰო, ხომ იცი, ასე, დასამცირებლად მიმართავენ თბილისში ადამიანებს!

დღეს ჩემი როიალი უნდა დავალაგო!

როიალი ჩემს სახლში დამხმარე მაგიდაა, რომელზეც ერთი, ორი ან მეტი კვირის ნივთები იყრის თავს, ფანქრები, წიგნები, გამშრალი სარეცხი, ძაფები, ჟურნალები, ვენტილატორი, მძივი, ქამარი, „სტრეპსილსის“ ფირფიტა, ჩაქუჩი, ლურსმანი... ეს არის ნამდვილი სადგური. რას არ შეხვდები ამ ტერიტორიაზე, თუ დროზე არ მიიღე გადაწყვეტილება და არ გაამგზავრე ყველა ნივთი თავის ადგილზე.

ჰოდა, ვიწყებ! ნაცვლად იმისა, რომ ვისვენებდე, რას ვაკეთებ? ვალაგებ ფურცლებს, სავიზიტო ბარათებს, მერე ნაგლეჯებზე ჩაწერილი ნომრები შემყავს მობილურში, მახსენდება, რომ დასარეკი მაქვს, მერე გასასვლელი ვარ, მერე ეს ყველაფერი შეიძლება, რომ არ გააკეთო და თარგმანს მოწყვეტილი მარაიკეც იზიარებს ამ პათოსს და გათვლის გარეშე გარბის ბაზრისკენ!

სადილი!!!

კარგი მასპინძელი ვარ: არ ვაძალებ სტუმარს, ჭამე, ჭამე-მეთქი, მით უმეტეს თუ არაფერი მომიმზადებია! ორი საქმიანი ქალი თითქმის სულ გარეთ ვართ და ხშირად არც კი გვახსოვს, რომ დღეს საჭმელი არ გვაქვს. მერე რაღაცას სწრაფად მოვიფიქრებთ, ვიყიდით, გავრეცხაცთ, დავჭრით მოვხრაკავთ ან ცოცხლად გეახლებით, ყავას დავაყოლებთ და ისევ დავიფანტებით ჩვენს საქმეებში.

დები!

ჩემი იტალიელი სიძის დაბადების დღე ყოფილა! რა თქმა უნდა, სკაიპით, ფეისბუკით, დაფითა და ნაღარით ვულოცავ, მერე ჩემს დასთან განვაგრძობ საუბარს, დიდი ხანია, აუგსბურგში ცხოვრობს. იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ საფუძვლიანად. ჩემი უფროსი დაც შემოგვესწრო და გავილაღეთ.

დღის ბოლოს მე ტელევიზორთან ვრჩები. მარაიკეს ვეუბნები: Schlaf gut! Bis morgen! და Du auch – ვიღებ პასუხად.

25 ივლისი, ორშაბათი

მსოფლიოში ყველა მუზეუმი ისვენებს ორშაბათობით! ზოგჯერ ალბათ, არც ისინი ისვენებენ, მაგრამ ასეთი წესია და, თუ ეს იცი, არასდროს დაგეგმავ მუზეუმში ორშაბათს წასვლას.

ყავა, ახლა ჩემი მომზადებული! მერე საუბარი თურქეთში მომხდარ ამბებზე, სტამბულზე, აეროპორტსა და ჩვეულ სატრანზიტო გზებზე, ამ ქვეყნის განვითარებაზე, მოლოდინზე და დაანონსებულ განცხადებაზე, რომ საქართველოს მთავრობა გვაფრთხილებს, მოვერიდოთ თურქეთში ან თურქეთის გავლით სადმე გამგზავრებას, ამიტომ და იმიტომ. ცოტას ვბობოქრობთ, მერე ისევ დღის გეგმებს ვუბრუნდებით.

დღეს ნამდვილად უნდა დავასრულო „ბრმა მკვლელი“ – ძალიან სქელი, მაგრამ საინტერესო საკითხავი იყო. როგორც წესი, ღამით ვკითხულობ, მაგრამ ეს ძალიან გამიგრძელდა, ხან ხელში დასაჭერად იყო არაკომფორტული და, თუ ვერ მოვიხერხებდი, სულაც ძილი მერჩივნა, ასაღელვებელიც არაფერი ჰქონდა. ვიცოდი, რომ ის ასაკოვანი კანადელი ქალი, რომელიც თავის სატკივარს საინტერესოდ წერდა, ხვალაც აქ, ჩემ გვერდით იქნებოდა და აბა, რატომღა დამეხარჯა ენერგია? თუმცა, ყველაფერი მთავრდება, ეს წიგნიც. ძალიან საინტერესო ამბები ბოლოს გათქვა ამ ქალბატონმა და ისეთ საოცარ ხერხს მიაგნო, რომ ეს პირველ პირში დაწერილი რომანი-დეტექტივი საკუთარი ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა და ლორაც უკვდავყო მის ნაცვლად დაწერილი ბესტსელერით, ქმართანაც მოახერხა ანგარიშის გასწორება, დიდი ხნის უნახავი, უგზო-უკვლოდ გაქცეული შვილიშვილიც დააბრუნა სამშობლოში და უკვე მის წიგნს მიშტერებულიც დავინახე. ყოჩაღ, მარგარეტ ეტვუდ!

დღესაც სახლში ვარ, დასვენება აუცილებელია! ყოველდღიურად მუზეუმს ვარ მიჩვეული და ამ თვის სიახლეა, რომ კვირა-ორშაბათს ვისვენებ. ძალდატანებით, რაღაცას ვსაქმიანობ, ვიგონებ საოჯახო დიასახლისურ ამბავს. გასულ ორშაბათს ჟოლოს მურაბა გავაკეთე, სადილიც, და მერე სტუმრებს გავუმასპინძლდი, ნაყინს ძალიან მოუხდა ჟოლო!

ჩემი აზრები ხვალინდელ გეგმებს უტრიალებს. კულტურის სამინისტროში ვარ დაბარებული სხვა დირექტორებთან ერთად. რამდენიმე შეხვედრა გადავდე. როგორც წესი, სამინისტროდან ზარი ორშაბათობით შემოდის, როცა მუზეუმი და მისი თანამშრომლებიც ისვენებენ.

– Schlaf gut!

– Du auch.

26 ივლისი, სამშაბათი

ყავას მარტო ვსვამ, სამ სიგარეტთან ერთად. მარაიკე უკვე წასულა თავის საქმეებზე.

კულტურის სამინისტროზე ვფიქრობ. რა თემები მითხრეს? 2017-ის ელექტრონული ფორმები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის პროექტის, „თბილისის მუზეუმების მობილური აპლიკაციის“ პრეზენტაცია.

სამინისტროს შესასვლელთან ოპერის წარმომადგენლები შევიცანი. ხელმძღვანელის გადაყენების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. არ სკანდირებდნენ, ნაზად მიმოფანტულები იდგნენ, როგორც კულტურის მუშაკებს შეშვენით. ჩავუქროლე და მეორე სართულზე ავირბინე. მერიის წარმომადგენლებმა, სათაურში რაც წერია, ის გაგვიმეორეს და კიდევ რამდენიმე დასმულ კითხვას უპასუხეს, მაგალითად: უკვე არსებული საიტის „დალინკვა“ თუ შეიძლებოდა ამ აპლიკაციასთან, ექნებოდა თუ არა განახლების ველი და როდიდან დაიწყებდნენ. პათოსი მაშინ ჩამიქრა, როცა აქეთ დაგვისვეს კითხვა: ხომ არ შევთავაზებდით გამოცდილ IT-ადამიანებს ამ პროექტის შესასრულებლად?

შეხვედრის შემდეგი თემაც საინტერსო იყო, იქაც იჩინა თავი IT-პრობლემებმა. ვისხედით და ვისმენდით, ჩვენი მუზეუმების მომავალი სამი წლის გეგმები როგორი თანმიმდევრობით და უნარ-ჩვევების გამოყენებით უნდა ჩაგვეწერა ამა თუ იმ ველში. მივიღეთ ინსტრუქცია და შეხვედრაც დამთავრდა. შეკითხვა გამოსვლისას დამისვეს: „როდის დაიწყება რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება?“

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო პროექტი შარშან დასრულდა და ივლისის დასაწყისში დამტკიცდა. ამ პროექტზე კონკურსი თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, ანუ დამკვეთი არის ფონდი. დამტკიცებას ექვსი თვე დასჭირდა და, სავარაუდოდ, შემდეგი ექვსი თვე მოუნდება ტენდერზე დადებას – აკადემიური პასუხი გავეცი! მაგრამ ხმაში ბრაზი მაინც შემეპარა. ან, როგორ გინდა, არ გაბრაზდე: პირველ რიგში ისევ გაყინული მუზეუმი მიდგას თვალწინ, სიცივე კიდევ უფრო აუტანელია ნესტიანი სარდაფის გამო, თბება მხოლოდ ის ოთახები, სადაც ვმუშაობთ. რამდენიმე აქტიური შემეცნებითი პროგრამის გარდა, გაჩერდება ყველა მომზადებული აქტივობა.

მუზეუმში მოვდივარ. ჩემი ენერგიული და ხალისიანი გუნდი, კარგად მოტივირებულები, მახვედრებენ სიახლეებს: გუშინ, მე რომ ვისვენებდი, ოთხი თანამშრომელი სამინისტროში, ტრენინგზე მყავდა გაგზავნილი.

მუზეუმების ელექტრონული კატალოგიზაციისთვის მზადება დაწყებულია და ამის შესახებ ინფორმაციაც გვქონდა. გადაგზავნილია ექსპონატთა აღწერილობის ყველა შესაძლო ნუსხაც. მაგრამ საჭიროა ამ საქმისთვის თანამშრომელთა სპეციალური მომზადება და ახლა მთელი ჩვენი მონდომებით უნდა ჩავუსხდეთ და საღამოსთვის ვიმსჯელოთ, გადავწყვიტოთ ეს საკითხები. მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა მექნება: 4 საათზე უტა ბექაიას, ლევან მინდიაშვილსა და ელენე აბაშიძეს ველოდები.

არტისტული ინტერვენცია. ამ პროექტმა გაიმარჯვა შვეიცარიის განვითარების ფონდის მცირე გრანტების კონკურსში. აბრეშუმის მუზეუმი იწვევს თანამედროვე არტისტებსა და კურატორებს ერთთვიან რეზიდენტურაში, რომლის მიხედვითაც, მათ წვდომა აქვთ ნებისმიერ კოლექციასთან, ფონდთან, ირჩევენ სივრცეს და იღებენ მუზეუმის თანამშრომლებისგან პასუხს ყველა კითხვაზე. თემა, რომელსაც მხატვრები ირჩევენ, აუცილებლად ეხება მუზეუმს ან აკავშირებს მასთან.

ჩვენი პირველი რეზიდენტები ნინო ქვრივიშვილი და ირენა პოპიაშვილი იყვნენ და მარტიდან მოყოლებული 31 მაისამდე, მუზეუმის გაყინული სივრცეების დათბობასთან ერთად, შრომობდნენ ჩვენ გვერდით. გამოფენა 2 აგვისტომდეა დარბაზში და ცალკე სივრცეშიც.

მეორე რეზიდენტები იყვნენ ნადია წულიკიძე და ლალი პერტენავა, რომლებსაც სტუდენტთა დიდი არმია მოჰყვა. და აი, ინტერვენციაც ეს იყო! მოედნენ მთელ მუზეუმს, დაიპყრეს ყველაფერი სხვენით დაწყებული, სარდაფით დამთავრებული. ეს ექსპანსია მხოლოდ ორ კვირას ­– 4 ივნისიდან 18 ივნისამდე – გაგრძელდა და სრულიად მშვიდობიანად დასრულდა. ახლა აგვისტოდან ჩვენთან იმუშავებენ უტა, ლევანი (დროებით არიან საქართველოში და სიხარულით მიიღეს ეს ამბავი) და ელენე. 31 აგვისტოს იქნება გახსნა.

დღის ბოლოა, ველოდები უკანასკნელი დამთვალიერებლისა და თანამშრომლის წასვლას, მაგრამ ეს ჩემი თანამშრომლები არსადაც არ აპირებენ ფეხის გადგმას. მეტიც, კუბლაშვილი, რომელიც მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს მუზეუმში და დანარჩენ დროს მხოლოდ ონლაინაა, ახლა გამოგვეცხადა, რაც იმის ნიშანია, რომ 10 საათამდე ფეხს ვერსად გავადგამთ. საღამოს 10 საათი არის აბრეშუმის მუზეუმის თანამშრომლებისთვის სამსახურში დარჩენის ზედა ზღვარი. დიდი ხანია, ამ დრომდე არ დავრჩენილვართ, და უკვე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ვფუქსავატობთ? მაგრამ ამის გაფიქრება და კუბლაშვილის გამოჩენა ერთია. საქმე ისევ ექსპონატთა ელექტრონულ სისტემას ეხება, აუცილებელია, სააღრიცხვოდ რამე უნივერსალური მოვიფიქროთ. და აი, გაჩნდა იდეა, ჩვენი კოლექციები ლათინური სიმბოლოებით აღვნიშნოთ, რაც აღრიცხვის სისტემას უფრო მოქნილს გახდის. მაგრამ მსჯელობა ასე მშვიდად არ მიმდინარეობს. კაცმა რომ მოგვისმინოს, იფიქრებს, ეს მასხარები ვინ არიანო! მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. უბრალოდ, გოგოებს უყვართ ხუმრობა, თორემ საქმე მუდამ კარგად კეთდება. დასკვნა: ვიყოთ მხიარულები და ლაღები!

27 ივლისი, ოთხშაბათი

დილაადრიან – ყავა, სიგარეტი. ჩემი თანამშრომელი ამბობს, სამსახური ადრე უნდა დავიწყოთ, რომ შენ მხოლოდ ერთი სიგარეტის მოწევა მოასწრო და მერე უკვე ვეღარ მოახერხებ დღის განმავლობაშიო. მაგრამ, ვიდრე ჩემი თანამშრომელი ამას იზამს, მე მაინც ვასწრებ „გეგმის“ შესრულებას.

მივდივარ მუზეუმში. ისევ პრინტერი, სკანერი, ქაღალდები, ბეჭედი, ხელმოწერა და ათასი „სადირექტორო“ საქმე. ამ დროს ახალი ამბავიც: თურმე მსოფლიოში ღამის პეპლების კვირეულიმიმდინარეობს, ჩვენ კი პეპლების იშვიათი კოლექცია გვაქვს საცავში შენახული, რადგან დაზიანებული იყო. 2013 წელს აღადგინა ვალერი პეტროვის ოქროს ხელებმა, მოვაწყვეთ გამოფენაც, რომელზეც დღემდე საუბრობენ, და ახლა გადავწყვიტეთ, დროებით გავაღოთ საცავის კარი, იქ ღამის პეპლების პატარა გამოფენა მოვაწყოთ და ასე შევუერთდეთ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენას.

კარგი გამოფენა გამოგვივიდა, ფოტოსესიაც მოვაწყვეთ და ამბავიც „გავაფეისბუკეთ“. დღის ბოლოს კი აფორიაქებული მარიამი მუდარით სავსე თვალებით მთხოვს გაშვებას, ქალბატონს ჯავახეთში უნდა წაბრძანება, ის იქ ქართულს ასწავლიდა და სომხურ ოჯახში ცხოვრობდა. ჰოდა, მოენატრა ძველი ნაცნობები და მათი მონახულება გადაწყვიტა. გაგანია მუშაობაა, მაგრამ ისეთი თვალებით მიმზერს, ძნელია, უარი უთხრა. თანაც არ ვიცი, მერე როგორ შეიძლება დამჭირდეს მისი დახმარება. ამიტომ ნებართვას ვაძლევ.

ყველანი გამოვდივართ მუზეუმიდან. სახლში სულ ახალი მისული ვარ, რომ ტელეფონი მიხმობს. დავხედე, თიკაა. როგორც აღმოჩნდა, ხვალ დილაადრიან ეროვნულ მუზეუში მომიწევს გოგოებთან ერთად წასვლა.

28 ივლისი, ხუთშაბათი

დილაადრიან ვესტუმრეთ ეროვნული მუზეუმის ექსპონატთა დაცვა-აღრიცხვის განყოფილებას. ჩვენი ძველი მეგობარი ნინო გიორგობიანი ოქრო გოგოა დაგანყოფილების ხელმძღვანელთან მოგვიწყო შეხვედრა. მე, თიკა, მარიანა და მარიამი მივედით. ნინომ გაგვაცნო ხელმძღვანელი. გვჭირდება საფუძვლიანი დახმარება ექსპონატთა აღრიცხვის საქმეში და, როგორც ჩანს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ათასი კითხვა გვაქვს, ბატონი ვახო დიდი მოთმინებითა და კომპეტენტურობით გვპასუხობს.

დღის ბოლოს ზარი და კუბლაშვილი მატყობინებს, რომ შაბათ-კვირას რაჭაში აპირებს „წატრაშუნებას“ ჩვენი მეორე მარიამი. ე.წ. „კონტემპორა“ ამბროლაურის მუზეუმშია დროებით, არტისტულ პროექტს ამზადებს და ესეც წაბრძანდა, მხარი უნდა აუბას.

იქით თიკა მიდის ამ შაბათ-კვირას ხევსურეთში და დავრჩით მე, მარინა და ვალერი მუზეუმში, თუმცა საქმე თავსაყრელად გვაქვს. ამ დროს მირეკავს ჩემი უმცროსი და მაია: „არ გშია? ჩინურ რესტორანში შევხვდეთ.“

ძალიანაც მშია! გავრბივარ...

29 ივლისი, პარასკევი

დღეს ისევ მუზეუმი და ისევ მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით ბიბლიოთეკაა მიზანში ამოღებული. მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკა ჩვენი განძია, რომელიც ჯერ შეფასებული არც გვაქვს. ამიტომ გვინდა სწორედ მასზე „თავდასხმა“. ჰოდა, ასეთი რამ მოვიფიქრეთ: უნდა ვთარგმნოთ ბიბლიოთეკაში დაცული კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის შრომები.

პარასკევი და შაბათი მუზეუმში ვალერი პეტროვის დღეებია. შემოდის და ეგრევე აგრძელებს გასულ კვირას დაწყებულ წინადადებას, ხსნის თავის ზურგჩანთას და წარმოგვიდგენს თავის ნამუშევარს, რომელიც მუზეუმის სახელოსნოში შეასრულა აბრეშუმის პარკებით. აღტაცებული გვიყვება, როგორ გააკეთა თითოეული დეტალი. იქით კოსტა გამოჩნდა და თავისი ექსპედიციის ამბებს გვიყვება.

პარალელურად ისევ მესმის თიკას და მარინას გაცხარებული კამათი, მაგრამ ამჯერად უფრო ადვილად მოძებნეს გამოსავალი და ჩემი ჩარევა აღარ დასჭირვებიათ. ახალი შეხვედრა, ოღონდ გარეთ, ჭადრაკის სასახლეში – დათა ჭიღოლაშვილთან. ახლა კვლევა მაინტერესებს, შეხვედრის თარიღი დავთქვით, ხუთშაბათს გავაგრძელებთ საუბარს და სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. დათა ჩემი მეგობარია და სრულიად საიდუმლო ორდენის წევრები ვართ: მტკვრის მარცხენა სანაპიროს ვგულშემატკივრობთ, თან მდინარის „სწორ“ მხარეს ვცხოვრობთ, მუზეუმის შორიახლოს.

მხოლოდ დღის ბოლოს შევძელი, დღიურის წერას დავბრუნებოდი. ერთი კვირაა, ეს დღიური ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და თითქმის გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო, თუ არ დამეზარა. ამ ამბებში გართულს, მარიამის მესიჯი მაფხიზლებს და მაფრთხილებს, რომ ხვალ შეიძლება ბევრი დამთვალიერებელი გვყავდეს მუზეუმში. პეპლები ძალიან პოპულარული გახდა და ბევრს სურს, ნახოს ეს საოცრება.

30 ივლისი, შაბათი

დღეს დიდი დღეა, მარიამმა გამაფრთხილა და მეც ადრე გამოვცხადდი მუზეუმში. დამთვალიერებლების არმიას ველოდებით ამ ღამის პეპლების წყალობით. კუც კი მოიყვანეს და აბა, ხალხს რას უზამდნენ?! ჩვენც დიდი სიყვარულით წარვუდგენთ ხოლმე ჩვენს გამოფენას, განსაკუთრებით ვალერი, რომელსაც მოსაყოლი უფრო მეტი აქვს, რადგან ყველა პეპელამ მის ხელში გაიარა და მისი ოქროს ხელების წყალობითაა, რომ ამდენი ადამიანის თვალს ახარებს ეს საოცარი სანახაობა!

4 საათზე აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვაა, არ დამავიწყდეს...

დღის განმავლობაში ისევ ბევრი საქმეა. ჩვენი შესანიშნავი სამეული და კოსტა, ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომელი, ჰერბარიუმს ვამზადებთ. ძალიან საინტერესო საქმეა, შემოქმედებითი. ჯერ უნდა შეაგროვო განსხვავებული თუთის ფოთლები და მერე ისინი გარკვეული პრინციპით დაალაგო, როგორც შენ გინდა, მაგრამ მაინც უნდა დაალაგო. და მერე ასე შეუნახო შთამომავლობას. ძალიან საინტერესო ამბავია...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG