Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კვარაცხელია - დევნილი


12 ივლისი, კვირა

7 საათზე აფორიაქებულმა გავიღვიძე, ხვალ ჩემი პროექტის პრეზენტაციაა. ვღელავ, როგორც ყოველი პროექტის პრეზენტაციის წინ. ყავა დავლიე და გადავხედე სცენარს, მოწვეული სტუმრების სიას, რამე და ვინმე ხომ არ გამომრჩა? ეგ მნიშვნელოვანია! ნიტამ გაიღვიძა, როგორც კი ჩავიხუტე, უმალვე დავმშვიდდი, ჩემი „დოზა“ პოზიტივი მივიღე. ტელეფონმა დარეკა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან დამიკავშირდნენ, პროექტის შესახებ დილის გადაცემაში სიუჟეტის მომზადება შემომთავაზეს. გამეხარდა, უნდა შემერჩია სამი კანდიდატი ინტერვიუსთვის. კარგი გოგოა ანი, მსიამოვნებს თავაზიან და პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობა, არც რესპონდენტების მოძიება გამჭირვებია, სიამოვნებით დამთანხმდნენ. მივაწოდე ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალა პროექტის და ბუკლეტის შესახებ.

კარგად ჩაიარა ყველაფერმა, კმაყოფილი ვარ. ხათაუნამ დამირეკა, ჩემმა მეგობარმა და პროექტის კოორდინატორმა. პრეზენტაციის შესახებ კიდევ ერთხელ გავიარეთ კონსულტაციები, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და მოვილპარაკეთ, რომ აჯობებს, დავისვენოთ. ერთმანეთს პოზიტიურ ნოტაზე დავემშვიდობეთ. დეიდაშვილთან წავედი სტუმრად. ზურა რეჟისორია და თან ჩემი „ფსიქოლოგია“, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მისი შეფასება და რეკომენდაციები. კარგი რჩევები მივიღე.

ტრადიციისამებრ, ავთო მირეკავს ერთსა და იმავე დროს – 6 საათზე. ავთო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორია. ყოველ კვირას, 5 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადის ერთსაათიანი გადაცემა „აფხაზეთი“. გადაცემის შემდეგ დეტალურად ვაანალიზებთ საინფორმაციო ბლოკს, სიუჟეტებს. შენიშვნები, რეკომენდაციები, ცოტა კამათი, ცოტაც – იუმორი...

დღის ბოლო შტრიხი. სტილისტთან ლამაზი ვარცხნილობა გავიკეთე და მივიღე რჩევა, როგორ შევინარჩუნო ხვალამდე. ყველანი სახლში ვართ: ნიტა, თამუ და სანდრო. ნიტას გულში ვიხუტებ და ვიძინებ. თუმცა, დაძინებამდე – ტრადიციული საღამოს საუბრები მშობლებთან. ერთმანეთს ყურმილს სტაცებენ დედა და მამა, ვინ უფრო მეტ ინფორმაციას მომაწვდის. რა ბედნიერებაა, რომ მყვანან!..

თავისუფლების დღიურები - ნინო კვარაცხელია
please wait

No media source currently available

0:00 0:11:15 0:00
გადმოწერა

13 ივლისი, ორშაბათი

7 საათზე ვიღვიძებ, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, დილის შხაპი, ყავა. მზად ვარ. „რუსთავი 2“-ში მივდივარ. ხათუნას გავუარე. მაკიაჟი, მიკროფონი, სტუდია, პირდაპირი ეთერი, ემოციები... ფიქრები ამეშალა. ტკივილი განმიახლდა, დარდი აბობოქრდა; გამახსენდა სოხუმი, ჩემი სახლი. ვცდილობ, ცრემლები შევიკავო. გამომდის.

საოცრად სენტიმენტალური, სევდანარევი და თბილი დილის გადაცემა გამოვიდა.

სამსახურში გავრბივარ. ორშაბათის დილის თათბირს ვესწრები, ცოტათი ვაგვიანებ, არ მიყვარს დაგვიანება, არც ორშაბათის თათბირები მიყვარს. დავალებები, დავალებები, დავალებები...

11 საათზე ეროვნული პარლამენტის საგამოფენო დარბაზში ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაინც ცოტათი ვღელავ.

„მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ალბომში წარმოდგენილი ყველა ნივთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს მშობლიური სახლებიდან გამოჰყვათ და დღემდე აგონებთ იქაურობას, იქ გატარებულ ბედნიერ დღეებს. შესაბამისად, შინ დაბრუნების სურვილსა და იმედს უმძაფრებთ. დევნილთა ცხოვრებისეული ისტორიების ამსახველი ალბომის გამოცემაში კომპანია „მედიასითი“ დაგვეხმარა. მასში მოთხრობილი ისტორიები, ქართულთან ერთად, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა გამოცემული. ჩემთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. არ ველოდი, თუ ამდენი ხალხი დაესწრებოდა: პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კოლეგები, მეგობრები, ნათესავები...

ყველა გაფაციცებით უსმენდა. არავინ გასულა დარბაზიდან, ე.ი. პრეზენტაცია შედგა. ემოციები, შეფასებები, რჩევები, გულწრფელი მოლოცვები, სურვილები, ინტერვიუები, ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები, ჟურნალ-გაზეთები... ბედნიერი ვარ, მაგრამ სევდიანიც. აფხაზეთი, სამაჩაბლო, ისევ მომავლის იმედი.

სამსახურში ვბრუნდები. რამდენიმე მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი. გავეცანი მედიამონიტორინგს, შევამოწმე ვებგვერდი, სოციალური ქსელებიც, მეილებიც.

პროექტის ორგანიზატორები შევიკრიბეთ. გავაანალიზეთ პრეზენტაცია და დავსახეთ სამომავლო გეგმები. დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ. წარმატებული პრეზენტაციის აღნიშვნა შაბათისთვის გადავდეთ.

გული დამწყდა, რომ ვერ დავესწარი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის პრემიერას, მაგრამ, იმედია, მოვახერხებ და აუცილებლად ვნახავ უახლოეს მომავალში.

სახლში ვარ და ნიტასთან ვნებივრობ... დღეს ორი თვის გახდა.

წარმატებული დღის სასიამოვნო დასასრული.

14 ივლისი, სამშაბათი

ჩამეძინა, მაგრამ სამსახურში მხოლოდ 15 წუთით დავაგვიანე, არც მიზეზი დამიმალავს. ალბათ, გუშინდელი ემოციების ბრალია...

ყავა დავლიე, მედიამონიტორინგს გავეცანი, სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდს გადავხედე, წესრიგია. ღონისძიებების ნუსხას ჩავხედე, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და ღონისძიებები არ იგეგმება.

სამების საკათედრო ტაძარში მივდივარ კოლეგებთან ერთად. გასულ კვირაში საქართველოში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეხუთე კი –საავადმყოფოში გარდაიცვალა. განუყრელი მეგობრები იყვნენ და გლდან­ში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. გულდამძიმებული წამოვედი.

დამირეკა ირაკლი ყანდარელმა, აფხაზეთის საპატიო მოქალაქემ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა. 92 წლისაა, ვმეგობრობთ. ფილტვების ანთება აქვს, ექიმი გავუგზავნეთ და მადლობა გვითხრა, თანაც დამატებით წამლები დასჭირდა, უნდა დავეხმაროთ...
კოლეგები კონსულტაციაზე მირეკავენ, მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ.


სამსახურში ვბრუნდები. ხვალ „ქორთიარდ მარიოტში“ სერიოზული ღონისძიება გვაქვს. ბესოსთან, ჩემს მოადგილესთან ერთად გავიარე პროტოკოლური საკითხები, ლელასთან ერთად შევიმუშავე ღონისძიების გაშუქების გეგმა. ხვალისთვის მზად ვართ.


ისევ მედიამონიტორინგი, ვებგვერდი, სოციალური ქსელები, ნიუსები.
თამუნამ დამირეკა, ბებია-ბაბუასთან მივდივარ და ნიტაც მიმყავსო. მეც გამომიარეს. მშობლებთან სახლში სიურპრიზი დამხვდა: მამას ახალი წიგნი. სიამაყის გრძნობა დამეუფლა, ჩემი საყვარელი მამიკო 80 წლისაა და წიგნი გამოსცა. სერიოზული ნაშრომია. ძმა და ძმისშვილიც მოვიდნენ, ყველანი შევიკრიბეთ. მიყვარს ჩემი ოჯახი, განსაკუთრებულ ენერგიას მაძლევს.

15 ივლისი, ოთხშაბათი

დილის 7 საათია. წყალი არ მოდის, ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ დილის შხაპი?!.. სიმშვიდეს ვინარჩუნებ. როგორღაც მოვწესრიგდი, ყავა დავლიე, ნიტას ვაკოცე და სამასახურში გავიქეცი.

ტრადიციისამებრ: მედიამონიტორინგი, ვებგვერდი, სოციალური ქსელები, ანონსები, ნიუსები.

სალომემ დამირეკა, „კვირის პალიტრის“ კორესპონდენტმა, ჩემი პროექტის შესახებ სტატია იბეჭდება.

ვემზადებით მრგვალი მაგიდისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა „ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმების“ ფორმატში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, აფხაზეთის ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ფონი მძიმეა: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, ხურვალეთში, წითელუბანსა და ოკუპირებულ ორჭოსანთან საოკუპაციო ბანერების აღმართვა...

შესვენებაზე ტელეკომპანია „ერთსულოვნებაში“ გავრბივარ. ისევ პირდაპირი ეთერი, საუბრები პროექტზე „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გავიხსენეთ თბილისში, 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედია. აფხაზეთიდან დევნილი ია მაისაია მეორედ დარჩა უსახლკაროდ. ძლიერი პიროვნებაა.

კონფერენციაზე ვბრუნდები. საინტერესო ინიციატივები გამოითქვა. ტელევიზიებშიც საინტერესოდ გაშუქდა, ცნობები საინფორმაციო სააგენტოებითაც გავრცელდა. კმაყოფილი ვარ, ჩვენმა დეპარტამენტმა კარგად იმუშავა.

მირეკავს ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი – მარი. მომენატრე და შევხვდეთო. შეხვედრა შაბათისთვის დავგეგმეთ. სახლში გვიან ვბრუნდები. ცოტათი დაღლილი ვარ, მაგრამ, როგორც კი ნიტას ჩავეხუტე, ენერგია დამიბრუნდა და ბედნიერების განცდა გამიმძაფრდა. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.

16 ივლისი, ხუთშაბათი

დილით – ყავა, სამსახური, მედიამონიტორინგი, ვებგვერდი, სოციალური ქსელები, ნიუსები, შეხვედრები, ტელეფონის ზარები, მეილები... არ ვღალატობ ყოველდღიურ ტრადიციას.

დავიწყე საბუთების შეგროვება იტალიის საკონსულოში წარსადგენად – შენგენის ვიზისთვის. უკვე ოთხი წელია, აგვისტოს ბოლოს ვთიშავ ყველანაირ საკომუნიკაციო წყაროს ორი კვირით და ვისვენებ მეგობრებთან ერთად. ჰაერივით მჭირდება დასვენება. თანაც, კალაბრიაში რომ ვარ, ასე მგონია, სოხუმში ვარ...

შაბათს აფხაზეთის სახალხო საბჭოს პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო პროგრამის ფარგლებში ქუჩისა და მემორიალური კომპოზიციის გახსნაა, ბევრი საქმე მაქვს. გავედი, ტერიტორია დავათვალიერე, მერიის პროტოკოლის სამსახურს ვესაუბრე, თბილისის მერს ველოდებით სტუმრად. შაბათი დღე დაგეგმილია.

რა დამღლელია საბუთების შეგროვების პროცესი!

ფოთში ვრეკავ, იქაური თეატრის დირექტორთან. ფოთში გაიხსნა „რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ინფორმაცია მაინტერესებს.

შინ მივდივარ, სახლს ვალაგებ, სადილს ვამზადებ. ესეც ჩემი ყოველდღიური საქმიანობის შემდგენელი ნაწილია. დღეს ნიტას აცრა გაუკეთეს. ყველაფერი კარგად იქნება.

17 ივლისი, პარასკევი

რთული ღამე გამოვიარეთ. ნიტა ძალიან წუხდა, სიცხე ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა დაგვამშვიდეს, ასე იცის სამი დღეო.

სამსახურში მივდივარ, სწრაფად ვაგვარებ ყველა საქმეს. აუცილებელი სატელეფონო ზარები განვახორციელე, მეილები შევამოწმე, თანამშრომლებს დავალებები გავუნაწილე და სახლში დავბრუნდი. გზად მაღაზიაში შევირბინე და ნიტას ლამაზი კაბა ვუყიდე.

დღისით ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადავდე. მიყვარს დაგეგმვა, ასე უფრო მარტივია მუშაობა.

საღამოს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა დაიგეგმა და იქ აუცილებლად წავალ. მანამდე ჩემს პატარა შვილიშვილთან ვიქნები. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

18 ივლისი, შაბათი

8 საათია. გავიღვიძე, ნიტამაც გაიღვიძა, ჩემს ოთახში წამოვიყვანე. დღე პოზიტიურად დაიწყო. ყავა დავლიე, ვისაუზმე, მანქანამ გამომიარა. ვაშლიჯვრის დასახლებაში მივდივარ. საზეიმოდ უნდა გავხსნათ აფხაზეთის სახალხო საბჭოს პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია.

თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, არზაყან ემუხვარის შთამომავლები. მისასალმებელი სიტყვა, აფხაზურ-ქართული სიმღერა, ტაში, ყვავილები...

ჰო, ტელევიზიები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები...

საღამოს მეგობრებთან ერთად მცხეთაში მივდივარ, ჩემს მშობლიურ სამყაროში ვიქნები.

საქმეებზე ვიფიქრებ ხვალ, დღეს არა. ჩემს თავს პირობას ვაძლევ, დავისვენო. მეღიმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG