Accessibility links

logo-print

6 მარტი, კვირა

დღეს კვირაა. ეს დღე ბავშვებისაა. სამი შვილი მყავს. უფრო სწორად, ჩვენ, მე და ბოკას, სამი შვილი გვყვავს: შვიდი წლის მარიამი, ხუთი წლის დავითი და ორი წლის ბარბარე. მარიამი ფიქრიანი და სერიოზულია. ჩვენს ოჯახში ამინდს მარიამი ქმნის, დავითიც და ბარბარეც მას უჯერებენ. დავითი ემოციურია, დამთმობი და ძალიან თბილი. ვაკვირდები, როგორ ნელ-ნელა უყალიბდება გემოვნება, საკუთარი აზრი და შეხედულებები. ბარბარე კი თავის და-ძმაზე სხარტია. ცდილობს, არაფერში ჩამორჩეს უფროსებს. სწრაფად ახერხებს სიტუაციის ანალიზს, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს (თითქოს ჩქარობს, უფროსებმა არ დამასწრონო); საღამოს, როგორც კი გამოვაცხადებ: აბა, ახლა ბანაობის დროა და მოემზადეთ-მეთქი, სანამ უფროსები გაიაზრებენ, ის უკვე აბაზანის კარებთან დგას იღლიაში ამოჩრილი საღამურებით, რასაც დავითის ბუზღუნი მოჰყვება ხოლმე: „პირველი მე მინდოდაა...“ ჩემი შვილები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან – სიმშვიდით, სიდინჯით, თან ძალიან განსხვავდებიან კიდეც. სამივე ინდივიდია, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ერთნაირები და, იმავდროულად, საოცრად, საოცრად განსხვავებულები.

ნუკრიანში ვართ, ჩემი მეუღლის პაპის აშენებულ სახლში. თურმე კვირაზე მეტია, აქ არაჩვეულებრივი, მზიანი ამინდებია. ჩვენ ერთი დღით ჩამოვედით. სოფლის სუფთა ჰაერით გაჟღენთილა ადრეული გაზაფხულის ლამაზი დილა. ქალაქად მცხოვრებნი, მიწას მოწყვეტილნი, ქალაქის სწრაფ ტემპს აყოლილნი, ვეღარც კი ვამჩნევთ ბუნების უჩვეულო სილამაზეს. ბოლო წლების თბილისის ურბანული განვითარებაც ხომ სრულიად არათანმიმდევრული და გაუგებარია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ბუნებასთან გაუცხოებას.

ეზოში ყვავის ვაშლი, პანტა მსხალი, ტყემალი... ძალიან მაღალი, ტოტებჩამოფაფხული ნაძვები დედებივით დაჰყურებენ დაფნის ბუჩქებს. ისმის ჩიტების ჟღურტული, ნეტავ, რომელი ჩიტია? მათი სახელებიც აღარ მახსოვს. სულ ორ-სამ ჩიტს თუ ვცნობ. ყვარელში, ირაკლი პაპას ტყეში რომ დავყვებოდი, თან ბუნების გაკვეთილებს ვისმენდი. იქ გავიცანი შაშვი, ჩხიკვი, ჩხართვი, კოდალა. ოფოფი და ბიჭო გოგია ხომ ჩვენი ბაღჩის ბინადრები იყვნენ. ტყის ბინადრებიც ბევრჯერ მინახავს: მაჩვი, ტურა, თახვი... მგელიც დამინახავს ახლოდან, დათვიც, შველიც... ჩემი შვილები მხოლოდ წიგნებიდან და ტელევიზორიდან იცნობენ ცხოველებს.

სანამ საუზმეს ვამზადებთ, ბავშვებიც იღვიძებენ. ეზოში გამოდიან და უჩვეულო თავისუფლებისაგან თავბრუდახვეულები დარბიან. სად არის ამხელა სივრცე თბილისში? ჩვენს ბინაში, მერვე სართულზე, ყველაზე დიდი ოთახი სიგრძეში ათი ნაბიჯიც არ იქნება, სიგანეში ხომ, ავეჯთან ერთად, სამი ან ოთხი ნაბიჯი. მარიამს ვეძახი და ბაღჩაში მიმყავს. იქნებ იები იყოს? ენძელები? მარიამთან ერთად დავითი და ბარბარეც მომყვებიან. ღობის ძირში იები აყვავებულან. ბავშვები ხმამაღლა გამოხატავენ ემოციებს, სამივე იებთან იჩოქებს. ბაღჩის მეორე მხარეს ენძელებიც ყვავის, ფურისულებიც, ყოჩივარდებიც, გუგულისკაბაც. ბავშვები ახლა იქით გარბიან.

პატარების ჟრიამულში გადის დღე. ჩემი მამამთილი ეზოს ჩამოცვენილი ფოთლებისაგან ათავისუფლებს. მერე ბაღჩაში აგრძელებს საქმიანობას. ბავშვები მთელი დღე მასთან ერთად არიან, მოგროვილ ფოთლებსა და ციყვებისაგან გამოხრულ ნაძვის გირჩებს ერთად წვავენ (ჩვენს ნაძვებზე ციყვები ცხოვრობენ. ხალხის ხმაურს შეჩვეულნი ხშირად ტოტიდან ტოტზე ხტიან და მერე უჩინარდებიან). ბავშვები ახალ-ახალ კითხვებს სვამენ, მათ „აღმოჩენებზე“ და სამყაროს საიდუმლოს მათეულ ახსნაზე ყველას გვეცინება.

გუშინ მამაჩემის დაბადების დღე იყო. მამაჩემი, ავთანდილ პოპიაშვილი, ფილოსოფიის მევნიერებათა დოქტორი, გერმანული ფილოსოფიის ისტორიკოსი, ფიხტეს, ნიცშეს, კირკეგორის მკვლევარი, ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო. მეამაყება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მისი ხელმოწერაცაა. 1998 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. მე და თამუნა ჯერ ისევ სტუდენტები ვიყავით. მამა ძალიან მაკლია და სულ მჭირდება. მაკლია მისი საუბრები, რომლებითაც სამყაროს შეცნობაში მეხმარებოდა, რჩევები, რომლებსაც სერიოზული ტონითა და მკაცრი იერით მაძლევდა. „მან ოჯახში, მეგობრებში, თავის დარგში დატოვა ცარიელი ადგილი, რომელსაც, საუბედუროდ, ვერავინ ვერასდროს შეავსებს... მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ავთანდილ პოპიაშვილის მიერ წამოწყებულ საქმეს ვერავინ ვერასდროს დაასრულებს ისე სრულყოფილად, როგორც ეს მას ჰქონდა ჩაფიქრებული“, – წერს მამას უსაყვარლესი ლექტორი, მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გურამ თევზაძე. ძალიან რთულ დროში ცხოვრობდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთხელ შეცნობილი მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა.

7 მარტი, ორშაბათი

თბილისური დილაა. ბოკა და მე გუშინ საღამოსვე ჩამოვედით კახეთიდან. ბავშვები სოფელში დავტოვეთ, რადგან მამამთილსაც ეცალა და დედამთილსაც. ჩვენც გადავწყვიტეთ, სამსახურის მერე ისევ კახეთში დავბრუნდეთ.

ბოკას დილით ადრე უყვარს გაღვიძება. სწრაფად ვემზადებით და სამსახურებში მივდივართ. რადგან ერთი მანქანა გვყავს, ყოველ დილით ბოკა ჯერ მე მტოვებს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და მერე თვითონ მიდის იუსტიციის სახლში.

ვარაზისხევში ჩამოვდივარ. აღმართის ნაწილს ფეხით ავივლი, გავივლი ბაღსაც და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევდივარ. ეს ჩემი დილის რიტუალია. ჩემი უნივერსიტეტი. რამდენ ადამიანს შეუძლია, იგივე თქვას? ყველას, ვინც უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული: ვისაც აქ უსწავლია, ვისაც აქ უმუშავია. ჩვენ უნივერსიტეტელები ვართ! ჩემთვის უნივერსიტეტი პირველი კორპუსია: აქ ვსწავლობდი, აქ დავიცავი დისერტაცია, აქ ვმუშაობ. პირველი კორპუსის სიყვარულმა ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში.

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი კი ჩემი სულიერი ოაზისია. მნიშვნელოვანი სამეცნიერო იდეები ლიტერატურათმცოდნეობის დარგში სწორედ აქ ყალიბდება პროექტებად. უნივერსიტეტი და ინსტიტუტი ჩემთვის უმთავრესი სულიერი საყრდენებია.

დღეს ლექცია მაქვს აკადემიურ წერაში. უფრო ზუსტად, აკადემიური წერის სემინარი. აუდიტორია სავსეა სტუდენტებით. პირველკურსელები არიან. ეს სავალდებულო საგანია და ყველა სტუდენტმა უნდა გაიაროს. ჩვენ ვასწავლით არგუმენტირებულ წერას. ეს ნიშნავს, რომ, რასაც წერ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასაბუთება, არგუმენტი. სხვანაირად ტექსტი, ნაშრომი არადამაჯერებელი იქნება. საილუსტრაციოდ მომყავს არაარგუმენტირებული თეზისი. სტუდენტები უცებ პოულობენ არგუმენტებს. ასე სწავლა უფრო საინტერესოა, როცა თვითონ არიან ჩართულები.

საღამოს, სამსახურის შემდეგ, მე და ბოკა კახეთში ვბრუნდებით. ბავშვები გველოდებიან, არ იძინებენ და ჟივილ-ხივილით გვეგებებიან. ცხრაზე უკვე სახლში ვართ და ყველანი ერთად ვვახშმობთ. ძილის წინ ბავშვებს ზღაპრების მოსმენა უყვართ. ასე ვმოგზაურობთ საღამოობით პრინცებისა და პრინცესების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სიკეთე და ბოროტება მარადიულად ებრძვის ერთმანეთს. სამივეს სხვადასხვა გმირი უყვარს, სხვადასხვა ზღაპარი, კეთილი და ბოროტი კი ყველა ზღაპარში უპირისპირდება ერთმანეთს. თუმცა მარტო ზღაპარში?!

8 მარტი, სამშაბათი

მიყვარს გაზაფხული და მიყვარს გაზაფხულის დღესასწაულები. ჩემი დაბადების დღეც გაზაფხულზეა. მიყვარს 8 მარტიც, მიუხედავად ამ დღის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებისა. 8 მარტი კომუნისტური პარტიის შექმნამდე დაარსდა ამერიკაში, მეოცე საუკუნის ათიან წლებში. ის ითვლება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევებისადმი სოლიდარობის დღედ, ქალთა ბრძოლის დღედ თანასწორობისათვის, არჩევნებში მონაწილეობისათვის, სოციალური მდგომარეობისა და საზოგადოებრივი სტატუსის გაუმჯობესებისათვის. რამდენი რამის გადატანა უხდებოდა და უხდება ქალს! მე დღემდე მაქვს კითხვები: აქვს ქალს განვითარების ის პირობები, რაც მამაკაცს? რამდენად განსაზღვრავს ქალის ცხოვრებას მისი ოჯახური მდგომარეობა და ბავშვები? რატომ არის ქალის ცხოვრებაში დღემდე არჩევანი: კარიერა ან ოჯახი, და რატომ არ არის ასე მამაკაცის შემთხვევაში?

რამდენიმე წლის წინ ქალი ავტორის თემით დავინტერესდი. 2013 წელს ერთი თვით გერმანიაშიც ვიყავი ქალთა ლიტერატურის თეორიულ საფუძვლებზე სამუშაოდ. გარდა უშუალოდ ესთეტიკური და გამომსახველობითი ფორმებისა და სახეების სხვადასხვაობისა, ძალიან საინტერესოა ქალთა ლიტერატურის ისტორიული მიმოხილვა. ქალებს მამაკაცებთან შედარებით განვითარების ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ. მათ ისწავლეს საკუთარი უფლებების დაცვა, დღევანდელი ქალები კი ამას ჯერ კიდევ ვსწავლობთ.

კახეთში ჩვენი მოგზაურობა კი გრძელდება. ახლა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ გამარჯვებაში ვართ. აქ არის დაკრძალული მამა. 1998 წლიდან, რაც მამა გარდაიცვალა, სოფლის საჯარო სკოლა მის სახელს ატარებს.

საღამოს ყველანი თბილისში ვბრუნდებით. ხვალ დილიდან დავნაწილდებით: ბარბარე ძიძასთან, დავითი – ბაღში, მარიამი – სკოლაში, უფროსები 9-ზე – სამსახურებში...

9 მარტი, ოთხშაბათი

დღე პოზიტიურად იწყება: ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. „საქართველომ მიაღწია აუცილებელ პროგრესს და შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა ყველა ნიშნულის ეფექტიანი და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ევროპარლამენტის დასკვნაში. ბოლო დრომდე ევროპულ საელჩოებთან ცოცხალი რიგები იდგა. ღამისთევით ჩაწერა, სრულიად უცნაური ჩხრეკები, თუკი საელჩოში შეაღწევდი. სამდღიანი ეჭვშეპარული მოლოდინი: ჩამირტყამენ ვიზას? არ ჩამირტყამენ? საელჩოსთან გაცნობილი ადამიანების ბედითა და კონსულის გადაწყვეტილებით დაიტერესება: „აა, თქვენ ჩაგირტყეს ვიზა? როგორი მოწვევა გქონდათ?“ „თქვენ არ ჩაგირტყეს? რატომ?“

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ ამ უხერხულობების გადავიწყებას არ ნიშნავს. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენი პატარა საქართველო, მიუხედავად დიდი ორიენტალური და აზიური გავლენებისა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მძიმე გამოცდილებებისა, მაინც უფრო ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე რუსეთი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ესაზღვრება, ვიდრე საბერძნეთის გვერდით მყოფი თურქეთი, რომლის დიდი ნაწილიც გეოგრაფიულად ევროპას ეკუთვნის. და ჩვენი პატარა, მრავალნაირად გამოცდილი, მაგრამ ევროპული თვალსაზრისით სრულიად გამოუცდელი ქვეყანა ოდესმე მართლაც შეიძლება იქცეს ევროპის სულ პატარა ნაწილად. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობიდან მოყოლებული, ეს იდეა, ეს სურვილი, ეს ოცნება ცოცხალი და მძლავრია ჩვენში.

მახსენდება ჩემი პირველი ჩასვლა ოცი წლის წინ გერმანიაში. ჩვენი ჩაბნელებული 90-იანების თბილისიდან ფრანკფურტში. რამხელა განსხვავება იყო, რამდენი სიახლე! ალბათ კულტურული შოკი ის იყო, რასაც მე მაშინ განვიცდიდი. ახლა თბილისიც შეიცვალა და ბევრი რამ აღარ გვაკვირვებს.

ბესიკ ხარანაულის „დერეფანი“ მახსენდება:

ეს იყო ძველთა-ძველი სასახლის გრძელი დერეფანი,

მშვიდი და მწიგნობრული,

სადაც ფეხის აჩქარება

მოახლე გოგოსაც კი მოერიდებოდა.

იმდენად დამოძღვრილი შედიოდა აქ ადამიანი

შორიდანვე, სასახლეს რომ თვალს დალანდავდა,

ჭიშკრიდანვე – რომ შეეფეთებოდა

დედამიწის ყველა სამოთხეს

და კიბეებს იმ გრძნობებით აუყვებოდა,

იმდენად მყარი იყო ირგვლივ ყველაფერი

და სამარადჟამო.

ეს დერეფანი საქართველოა, რომელსაც მრავალჯერ გადაუარა შავმა ღრუბელმა.

ახლახან გერმანულ ენაზე ვთარგმნეთ და გამოვეცით ქართული პოეზიის ანთოლოგია. ეს არის ექვსასგვერდიანი წიგნი, რომელშიც ოთხმოცზე მეტი ქართველი პოეტის სამასამდე ლექსია შესული. წიგნს ახლავს აუდიოდისკიც, სადაც ოცდაჩვიდმეტი პოეტი თავის ლექსებს კითხულობს. ანთოლოგია შევადგინეთ გერმანელმა პოეტმა, გერტ რობერტ გრიუნერტმა და მე. თარგმანზე ვმუშაობდით: გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლისოვსკი, შორენა შამანაძე, თამარა ზიგერი და მე. ორ წელიწადზე მეტი ვიმუშავეთ. ერთდროულად საინტერესო და რთული იყო ანთოლოგიაზე მუშაობა: შედგენა, განაწილება მთარგმნელებს შორის, თარგმნა, რედაქტირება, აუდიოდისკის ჩაწერა... ქართული პოეზიის ბოლო დიდი ანთოლოგია 45 წლის წინ გამოვიდა. ახლახან მიყვებოდა გივი მარგველაშვილი, როგორ მუშაობდნენ ქართველი და გერმანელი მთარგმნელები, ლიტერატორები და პოეტები თარგმანებზე. გერმანიიდან და საქართველოდან უკვე ოცამდე დადებითი რეცენზია და გამოხმაურება გვაქვს. პროფესორი ჰაინც ფენრიხი, კავკასიოლოგიის განყოფილების დამფუძნებელი იენაში, ქართული ზღაპრებისა და მრავალი სხვა ტექსტის მთარგმნელი და სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი ასე აფასებს ჩვენს წიგნს: „ეს არის ყოვლისმომცველი, ძალიან სანაქებო წიგნი, რომლის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს. ანთოლოგიის გამომცემლებმა თამამად შეიძლება იფიქრონ, რომ შექმნეს რაღაც დიდებული. ეს იქნება გერმანულენოვან სამყაროში ერთ-ერთი ხანგრძლივი კულტურული მიღწევა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. სასურველია, რომ ანთოლოგიას გაეცნოს მკითხველთა ფართო წრე.“

ერთ კვირაში ამ წიგნის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს გერმანიაში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. საფუძვლიანად ვემზადებით გერტი, მე, გერმანული გამომცემლობა Pop Verlag, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და, რა თქმა უნდა, ქართველი პოეტები, რომლებიც წიგნის პრეზენტაციაში მიიღებენ მონაწილეობას. მე და გერტი პრეზენტაციის მოდერატორები ვართ. დღეს დავგეგმეთ თანმიმდევრობა: ჯერ გერტი ისაუბრებს საქართველოზე, მის თავისებურებებსა და განსაკუთრებულობაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. შემდეგ მე ვისაუბრებ ქართულ ლიტერატურაზე, იმაზე, რომ თითქმის ასოცდაათი წლის წინ, 1887 წელს, სწორედ ლაიფციგში დაიბეჭდა გერმანულ ენაზე ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელიც არტურ ლაისტმა თარგმნა ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით. ჩემი გამოსვლის შემდეგ ქართველი პოეტები: ბელა ჩეკურიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ირმა შიოლაშვილი, შოთა იათაშვილი და შალვა ბაკურაძე წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს. თითოეული პოეტის გამოსვლის წინ მე და გერტი მოკლედ ვისაუბრებთ მათ ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. დღის ბოლოს მე და გერტი წიგნის პრეზენტაციების საკითხებს განვიხილავთ. ორივეს გვინდა, რომ ყველაფერი გაწერილი იყოს, პრეზენტაციის ყველა მონაწილემ იცოდეს პროგრამა. ვარჩევთ ლექსებს, რომლებიც ავტორებმა უნდა წაიკითხონ. ხვალ ამ დეტალებს ავტორებთან შევათანხმებ. გერტი ბოკასა და ბავშვებს მოკითხვას უთვლის. მისი დაინტერესება ქართული პოეზიით ქართველი მეუღლის, თამუნას დამსახურებაა. ეს წიგნი კი ქართულ-გერმანულ ოჯახებს, მათ შორის თამუნასა და გერტის ორ ქალიშვილს, რებეკასა და მედეას ეძღვნებათ.

დღეს უკრაინელი გმირის, მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო იყო. მთელი მსოფლიო უყურებს მის შეუდრეკელ ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო უჭერს მხარს მის გათავისუფლებას. რუსეთის სასამართლოს ექო თბილისშიც ისმის, ბერლინშიც, პარიზშიც, ვაშინგტონშიც...

10 მარტი, ხუთშაბათი

დილით დავითი მივიყვანეთ საბავშვო ბაღში, მერე მე მოვედი უნივერსიტეტში. ბოკაც სამსახურში წავიდა. ბოლო ხანს განსაკუთრებული დაძაბულობაა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. სტუდენტები ადმინისტრაციის ახალი უფროსის, იმავე კანცლერის კანდიდატურას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ, სენატმა, არ დაამტკიცოს მისი კანდიდატურა. სწორედ დღეს არის სენატის სხდომა, რომელმაც ადმინისტრაციის ახალი უფროსის კანდიდატურის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.

დღის განმავლობაში სტუდენტთა სამეცნიერო წრეების შესახებ ვაგროვებდი ინფორმაციებს მიმართულებებზე, ვმუშაობდი სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომრის მასალებზეც. ეს ჟურნალი ახლახან დაარსდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პირველი ნომრისთვის ოცზე მეტი სტატია შემოვიდა. თითოეულმა სტატიამ გაიარა რეცენზირება და შერჩეული ნაშრომები ელექტრონულად გამოქვეყნდება. შევარჩიეთ ჟურნალის დიზაინი, ახლა უკვე შეიძლება მასალების ატვირთვა.

რამდენიმე დღეა, დედაჩემი, ჩემი და და დისშვილები არ მინახავს. თამუნა რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად, ნინა და ანამარიც ჩვენთან არიან. დღეს უნდა შევიკრიბოთ ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ, მაინც სულ გვენატრება ერთმანეთი. ცხოვრების რიტმი მეტისმეტად ბევრ ენერგიასა და დროს მოითხოვს, ახლობლები სულ გენატრება და შენს თავთანაც ვეღარ რჩები მარტო.

11 მარტი, პარასკევი

დღეს დილით ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი ჩამოვიდა თბილისში. ლიტერატურის მოყვარულებისათვის დიდი საჩუქარია. მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბეგბედერის რომანმა „99 ფრანკი“. მასკულტურისა და თანამედროვე კულტურული იდენტობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია. მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაში მასკულტურის განვითარებისა და ტირაჟირების პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დგას. „მე თქვენ სიახლეებით გაბრუებთ“, სიახლის უპირატესობა კი ის არის, რომ მუდმივად იცვლება. ყოველთვის გამოჩნდება ისეთი სიახლე, რომელიც წინამორბედს დააძველებს. ჩემი მოწოდება იმაშია, რომ გამუდმებით გაყლაპოთ ნერწყვი. ჩემს პროფესიაში თქვენი ბედნიერება არავის სჭირდება, რადგან ბედნიერი კაცი მომხმარებელი ვერ იქნება“, – ამბობს წიგნის პერსონაჟი.

გუშინდელი მღელვარება უნივერსიტეტში დღესაც გრძელდება. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდანაც მოდიან სტუდენტები, თანადგომას უცხადებენ. ყველაფერი უნივერსიტეტიდან იწყება. სტუდენტები უნივერსიტეტის თავისუფლებას ითხოვენ. ძალიან მწარე და რთულია თავისუფლების გაკვეთილები. რამდენი წელია ვსწავლობთ თავისუფლებას, სულ ჩვენს შეცდომებზე. მაინც ძნელია.

12 მარტი, შაბათი

მარტის მზიანი დილა გათენდა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. როგორი დიდი სიხარულით ველოდებოდი ამ დღეს ბავშვობაში, სტუდენტობაში! მთელი წელი ვემზადებოდი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობა 90-იანი წლების ჩაბნელებულ თბილისში ინავლებოდა, ჩემთვის ჩემი დაბადების დღე მაინც განსაკუთრებული იყო. ოჯახიც განსაკუთრებით ემზადებოდა. 40 წლის გავხდი. ჩვენში ამ თარიღს არ აღნიშნავენ. მეც არ აღვნიშნავ საგანგებოდ ჩემი ორმოცი წლის იუბილეს, მაგრამ არა ამ ტრადიციის გამო. ჯერ ერთი წელი არ გასულა, რაც ჩემი დეიდაშვილი, ლექსო ტალაშვილი, გლდანში გაზის აფეთქებას ემსხვერპლა. ძალიან გვიჭირს ყველას! როცა ჩემი დეიდაშვილების: დათოს, კახას, ლექსოს ტრაგიკულად ჩამქრალი სიცოცხლე მახსენდება, სულ მეტირება. რამდენი ტკივილი დააქვს ადამიანს...

შაბათს დილიდან ლექციები მაქვს: არაქართველ სტუდენტებს ქართულს ვასწავლით. ეს არის პროგრამა 1+4: საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები ჯერ ქართულს სწავლობენ და შემდეგ სპეციალობებს ეუფლებიან. წელს სომხური ჯგუფები მყავს. ლექციები საინტერესოდ მიდის. სტუდენტები ცდილობენ, მუშაობენ. ქართული რომ არ იციან, ვფიქრობ, მხოლოდ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა განათლების სისტემების ხარვეზია. საბჭოთა კავშირის დროს ქართული რეგიონული ენის სტატუსს ატარებდა და საქართველოში მცხოვრები არაქართველებისათვის რუსულთან და მშობლიურ ენასთან შედარებით არააქტუალური იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სახელმწიფოს იმდენი პრობლემა გაუჩნდა, რომ ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. პროგრამა 1+4 ეხმარება ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

ჩემები მირეკავენ და დაბადების დღეს მილოცავენ. იმ დღეს, 40 წლის წინ, თოვდაო. დღეს მზეს ყველა სხივი დედამიწაზე გამოუგზავნია, მინდა ყველას გავუნაწილო, გავუგზავნო მისი სითბო და ელვარება...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG