Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სუხიშვილი - ქორეოგრაფი


8 სექტემბერი, კვირა
ჩემი კვირადღეები ყოველთვის ერთმანეთს ჰგავს, რადგან ეს ის ერთი დღეა, როცა ვცდილობ, არ ვიმუშაო. კვირის დღეები ყოველთვის დატვირთული მაქვს და კვირას, როგორც წესი, ვისვენებ.

დილით ადრე ვდგები და ეკლესიაში წირვას ვესწრები. შემდეგ მაქვს სასიამოვნო ურთიერთობა მეგობრებთან; მაგალითად დედა მარიამთან, ვისთანაც კვირაობით ჩაის დასალევად დავდივარ ფერისცვალების მონასტერში. ძალიან მიყვარს ეს, რიტუალივით მაქვს.

შუადღის მერე აგარაკზე მივდივარ, ძირითადად წყნეთში, სადაც კვირადღეს ვატარებ; ვცდილობ, ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო - მათთან, ვისთვისაც, სამწუხაროდ, არ მცალია მთელი კვირის განმავლობაში. დღესაც ასეა.

საერთოდ, კვირა იმიტომაც მიყვარს, რომ ოჯახი ერთად ვიკრიბებით. ჩემი მეუღლე ყოველთვის ცდილობს, რომ კვირას სახლში იყოს. ასევე წყნეთში, აგარაკზე ატარებენ კვირას ილიკოც, დედაჩემიც, ილიკოს ბავშვებიც... მოკლედ, კვირა ოჯახური დღეა. თუ კარგი ამინდია, ეზოში ყოველთვის ვაწყობთ სუფრას. ახლაც სექტემბერია, თბილა. შევწვით მწვადი, შევიკრიბეთ ეზოში, მაგიდასთან. ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ხშირად წასული ვართ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე. ამიტომ როცა სამშობლოში ვართ, კვირა თითქმის ყოველთვის ასეთია და ეს 8 სექტემბერიც ძალიან სასიამოვნო დღე იყო.

9 სექტემბერი, ორშაბათი
დღევანდელი დღე ძალიან რთული იყო - ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. დღე დილაადრიანად დაიწყო. ჩვენთან, ოფისში მივდივარ. 12 საათამდე, სანამ რეპეტიცია დაიწყება, ბევრი საქმეა გასაკეთებელი...

ხელოვნებაში კი ვმუშაობ, მაგრამ ხელოვნება უკვე ბიზნესად გადაიქცა. ამიტომ ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროსა და გონების დაძაბვას მოითხოვს: გასტროლების დაგეგმვა, ხელშეკრულებების დაწერა, მოლაპარაკებები, წერილებზე პასუხის გაცემა, შეხვედრები და ასე შემდეგ. გადაწყვეტილებების მიღება ახლა მე მიხდება. ჭკუის მასწავლებელი ბევრი აღარ მყავს: მამა აღარ არის, ბებია აღარ არის, ბაბუა აღარ არის... ისინი ამ ბიზნესში და თავიანთ საქმეში ძალიან მაგრები იყვნენ. ახლა ხშირად მარტოს, ან ილიკოსთან ერთად მიხდება რაღაცების გადაწყვეტა და, საბედნიეროდ, ხშირად ერთი აზრი გვაქვს.

დღეს გადაწყვეტილების მიღება მე მომიწია – უარი ვთქვი გასტროლზე. შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა რუსეთში წასვლა. 22 კონცერტი გავაუქმე. ფინანსურად ეს, შესაძლოა, დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მე ყოველთვის ინტუიციით ვმოქმედებ. ინტუიციას აქამდე ჩემთვის არასოდეს უღალატია. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძნელი მისაღები კი ის იმიტომ იყო, რომ მოცეკვავეების ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ისინი გასტროლების ხარჯზე არსებობენ. შესაბამისად, ამ 22 კონცერტზე უარის თქმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო.

10 სექტემბერი, სამშაბათი
ოფისში კვლავ ბევრი საქმეა. დავგეგმე შემდეგი გასტროლები, რომლებიც ნოემბერში გაიმართება. მანამდე, ოქტომბერში, პრემიერა გვაქვს დაგეგმილი და მისთვის მოსამზადებლად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ყოველდღე ორი რეპეტიცია გვაქვს: ერთი, რომლითაც ვემზადებით ჩვეულებრივი კონცერტებისთვის თბილისში, და მეორე, დღის 2 საათზე - ახალი პროგრამის შესწავლა-დამუშავება, პრემიერისთვის მზადება. ეს ახალი პროექტია, რომელსაც ძალიან ელოდება ყველა და, პირველ რიგში, ველოდებით მე და ილიკო. ძალიან დიდი მღელვარებით ვმუშაობთ, რადგან ეს სრულიად ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართულ ქორეოგრაფიაში; და არა მარტო ქართულში. საერთოდ, ქორეოგრაფიაში ასეთი რამ მე ჯერ არ მინახავს, თუმცა ბევრი ვიცი: მოდერნბალეტიც, ჯაზბალეტიც, ფოლკიც, ანუ ხალხური ცეკვაც გამიგია, ბევრიც მინახავს, მაგრამ ახლა რაღაც განსაკუთრებული გამოგვდის, ანუ ეს არაფერ სხვას არ ჰგავს და ამიტომ არის კარგი. ვნახოთ, როგორი ოქტომბერი გვექნება. ალბათ, ძალიან დატვირთული სხვადასხვა სიახლით.

დღესაც ორი რეპეტიცია გვაქვს – ჩვეულებრივი და ახალი პროგრამის. პირველ რეპეტიციას ძირითადად მე ვატარებ ხოლმე, მერე ილიკო იწყებს ახალ პროგრამაზე მუშაობას. რეპეტიციების მერე ყველაფერს ვაჯამებთ. უკვე დაწყებულია კოსტიუმების კერვა. ამიტომ ორ სახელოსნოში ვიყავი მისასვლელი, სადაც სხვადასხვა კოსტიუმები იკერება.

11 სექტემბერი, ოთხშაბათი
ერთი რეპეტიცია, შემდეგ მეორე რეპეტიცია... დაემატა მესამეც: მუშაობა დაიწყო ჩვენმა სტუდიამ – ანსამბლთან არსებულმა სკოლამ, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ.

რეპეტიციებით დატვირთული დღე ჩემთვის ძალიან სასიხარულოდ დამთავრდა, რადგან მესტუმრა ანსამბლის ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელი. ვისხედით კაბინეტში, ვისაუბრეთ. გაიხსენა წარსულის არაერთი ეპიზოდი ილიკოსთან, ნინოსთან დაკავშირებით; გაიხსენა გასტროლები, 60-იანი, 50-იანი წლები და იყო ძალიან ბედნიერი. ვაჩუქე წიგნი – ილიკო სუხიშვილის მემუარები. ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოვეცი, როცა ილიკო სუხიშვილის 100 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ეს მოგონებები ხელნაწერის სახით ინახებოდა ჩვენს ოჯახში და 50 წლის შემდეგ გამოიცა. ჩემთვის ეს ძალიან საამაყო და სასიამოვნო იყო. კიდევ ერთხელ, თავიდან ვიცხოვრე ბაბუაჩემის ცხოვრებით.

ძალიან რთულია გააგრძელო საქმე, რომელიც არაჩვეულებრივად იყო აწყობილი. ისე მაღალ დონეზე ჰქონდათ ნინოს და ილიკოს ეს ყველაფერი, ისე მუშაობდა სისტემა, როგორც საათის მექანიზმი. ამის გადმობარება ჩემთვის ძალიან რთული იყო. ეს იყო თან უდიდესი ტვირთი და თან უდიდესი ბედნიერებაც. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობაც და ძვირფასი ჯილდოც, ორივე ერთად...

მე და ილიკოს გაგვიჭირდა, განსაკუთრებით თენგიზის მერე გაგვიჭირდა, რადგან თვითონ მოგვიხდა ამ ყველაფრის გატანა და იმის დამტკიცება, რომ „ჩვენ ეს შეგვიძლია“ და „შეგვიძლია კარგად“. ჩვენმა მცდელობებმა, სხვადასხვა ახალმა პროგრამამ გაუძლო დროს, კრიტიკას. უკვე ათ წელიწადზე მეტია, ეს პროგრამა ჩვენს რეპერტუარშია და ძალიან გვიხარია, რომ ასეა. ზუსტად იმას ვაგრძელებთ, რასაც ნინო და ილიკო აკეთებდნენ. ქართული ცეკვები, როგორც ილიკო ამბობდა, არის „საშენი მასალა“, რომელსაც ის იყენებდა და ახალ ქორეოგრაფიას ქმნიდა. ამას ილიკო ჯერ კიდევ 40-იან წლებში ამბობდა. მიხარია, რომ ჩვენ იმავე პრინციპს მივდევთ: ანსამბლის სტილი შენარჩუნებულია, ტრადიციები შენარჩუნებულია, ხდება წინსვლა... დიდი ილიკო, ბაბუაჩემი, ხშირად ამბობდა (მამაჩემს ეუბნებოდა და მე დავიმახსოვრე): ეს არის, როგორც რელსებზე შეყენებული მატარებელი, თქვენ მარტო ხელის წაკვრა გინდათ და ის სულ ივლისო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ „ჩვენი მატარებელი“ სულ ივლის...

12 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღესაც მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, რადგან რეპეტიციის მერე დამიკავშირდა არაჩვეულებრივი ხელოვანი და არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება - მოქანდაკე გია ჯაფარიძე. ერთმანეთს შევხვდით ალექსანდრეს ბაღში, სადაც მან წარმომიდგინა მომავალი ქანდაკების მოდელი. ეს იქნება ქართული ცეკვის ქანდაკება, გამოხატული თენგიზ სუხიშვილის ფიგურით. ცერებზე შემდგარი თენგიზის ჩოხიანი ფიგურა ისეთი ლამაზია და ადგილიც - ისეთი ორგანული, რომ არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილთან და გია ჯაფარიძესთან ერთად ვიდექი და ვფიქრობდი, რა სილამაზე იქნება-მეთქი! ნეტავ, მერიამ მოგვცეს უფლება, რომ ეს ქანდაკება იქ დავდგათ! ამ დღეებში ვაპირებ შევხვდე მერიის წარმომადგენლებს და მათ პროექტი გავაცნო.

13 სექტემბერი, პარასკევი
ჩვეულებრივი დღის წესრიგის გარდა, უამრავი დავალება და ვალდებულება გვაქვს, უამრავი საქმე. მაგალითად, აქტიურად ვეწევით ქველმოქმედებას. გვაქვს თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება ძალიან ბევრ მოხუც მოცეკვავეს, მათ, ვინც უკვე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეღარ ეწევა. ბევრ მათგანს ოჯახის წევრიც აღარ ჰყავს გვერდით. ამიტომ ფონდი მათ ყოველთვიურად უხდის პენსიას. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოში მოცეკვავე პენსიონერად მხოლოდ მას შემდეგ ითვლება, რაც 60 წელი შეუსრულდება. არადა, მოცეკვავე უკვე 40 წლის ასაკშია პენსიონერი...

ჩვენი ფონდი ახალგაზრდა მოცეკვავეებსაც ეხმარება. ჩვენი ანსამბლის წევრთა 70 პროცენტი რაიონებიდან არის ჩამოსული, ზოგს თბილისში საცხოვრებელიც არა აქვს. მათ ვეხმარებით პროდუქტებით; ფინანსურად ვეხმარებით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, რადგან ვინც ჩვენთან ხელფასს არ იღებს, დაზღვევაც არა აქვს. არადა, ჩვენთან ძალიან ბევრი (დაახლოებით 30 პროცენტი) უხელფასოდ მუშაობს, მხოლოდ დამატებით შემოსავლებზე. ბიუჯეტი პატარაა და შტატები არ არის საკმარისი. გარდა ამისა, სასწავლად უცხოეთში ვაგზავნით განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს... მოკლედ, ფონდის საქმიანობა ძალიან ფართოა.

დღეს ფონდის შეკრება გვქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი. სექტემბერში დაიწყო სწავლა ჩვენს სკოლა-სტუდიაშიც, რომელიც არა მარტო ახალ თაობას ამზადებს ანსამბლისთვის, არამედ, ზოგადად, ცეკვას ასწავლის ბავშვებს. მადლობა ღმერთს, ბავშვებს შორის ცეკვის სწავლის ძალიან ბევრი მსურველია. თან მიკვირს, და თან მიხარია!.. მსოფლიოში არ მეგულება ერი, სადაც ხალხური ცეკვა ესოდენ პოპულარული იყოს, როგორც ჩვენთან, საქართველოში. არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ ამაში სუხიშვილების დიდი დამსახურებაა. სკოლა-სტუდიაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია და ზუსტად ახლა ვიწყებთ ჯგუფების დაკომპლექტებას ასაკისა და მონაცემების მიხედვით...

პარასკევი საღამო კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად. ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ, მაგრამ დღეს მოვახერხე. შევხვდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც კვირაზე მეტია, არ მენახა. ბევრი ქალაქიდან იყო წასული და ზაფხულის შემდეგ ახლა დაბრუნდა შვებულებიდან. შევხვდი მეგობრებს, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ საურთიერთოდ, სამწუხაროდ, ბევრი დრო არა მაქვს. ქრონიკულად მენატრებიან, ჩემი დატვირთული საგასტროლო გრაფიკიდან გამომდინარე. თბილისში ყოფნის დროსაც ისეთი დაკავებული ვარ, ხანდახან კვირა კი არა, შეიძლება თვე ისე გავიდეს, რომ ყველას ნახვა ვერ მოვახერხო. ამიტომ პარასკევი ძალიან მიყვარს...

14 სექტემბერი, შაბათი
ჩემთვის დღეს სამუშაო დღეა. კვლავ რეპეტიცია, კვლავ საქმიანობა... გუშინ საღამოს მივიღე წერილი ამერიკიდან – ლინკოლნის ცენტრიდან. კონცერტებით გვეპატიჟება. 2014 ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო წელია. 10 წლის წინ უკვე ვიყავით იუბილეზე, როცა ბალანჩინის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ახლაც იმედი გვაქვს, რომ მის 110 წლისთავთან დაკავშირებით მოვხვდებით შეერთებულ შტატებში...

დაიგეგმა ნოემბერი, დაიგეგმა იანვარი, თებერვალი და მარტი. ხვალინდელი კვირა ჩემთვის დასვენების დღე არ იქნება. ძალიან კარგი საქმე უნდა გაკეთდეს. დაგეგმილი გვაქვს საქველმოქმედო კონცერტი ქსნის კოლონიაში, პატიმრებისთვის. ახლა ამისთვის ვემზადებით, მიმდინარეობს რეპეტიცია.

ხვალ ქსანში ჩავალთ. პატიმართა დიდი ნაწილი იქ ტუბერკულოზით არის დაავადებული. მრავალრიცხოვანი მაყურებელი გვეყოლება, განსაკუთრებული მაყურებელი. პატარა სიხარული, ბედნიერება, დღესასწაული უნდა მივუტანოთ მას. კონცერტი დღის 1 საათზე დაიწყება. დღეს მისთვის ვემზადებით...
XS
SM
MD
LG