Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინუცა ნანიტაშვილი - ტექინოვაციების სპეციალისტი


10 აპრილი, კვირა

როგორც იქნა, ბარგი ამოვალაგე. მაგრამ რამდენიმე საათში ისევ უკან უნდა ჩავაწყო. ამჯერად ჭურჭელი, წიგნები, სამახსოვრო ნივთები... ყველაფერი შესანახი გვაქვს. გადავდივართ!

ორი დღეა, ისრაელიდან ჩამოვედით. ახლაც სრულად ვერ ვიაზრებ, როგორ აღმოვჩნდი იქ.

ყველაფერი ტვიტერზე მიღებული შეტყობინებით დაიწყო. ჟურნალ „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი ნიუ-იორკიდან მწერდა, თქვენ შესახებ გავიგეთ და დაკავშირებას ვცდილობთო. მეც აფორიაქებულმა მივწერე იმეილის მისამართი და დავიწყე ლოდინი, ნეტავ რა გაიგეს, ან რატომ უნდათ ჩემთან დაკავშირება-მეთქი. ღამის პირველი საათისთვის უფრო ვრცელი წერილი მივიღე. გაირკვა, რომ ისრაელში, „ფორბსის“ თაოსნობით, იმართებოდა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდების სამიტი, რომელზეც 600-ზე მეტი წარმატებული ახალგაზრდა მოიყრიდა თავს. თურმე, უნდოდათ, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი ვყოფილიყავი. მომხსენებელი?! მე ხომ სამიტში მონაწილეობაზეც ვერ ვიოცნებებდი! რამე ხომ არ ეშლებათ? იქნებ ვინმე სხვა ნინოს ეძებენ? ჩვენთან ხომ ამდენი ნინოა...

ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი, საჭირო და საინტერესო პროფესიული მოვლენაა, რომელზე დასწრებაც მხოლოდ საგანგებო მოსაწვევებით არის შესაძლებელი. რამდენიმეწუთიანი მიმოწერის მერე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ჩემზე იყო საუბარი. მიროს უკვე ეძინა, გავაღვიძე და გიჟივით სხაპა-სხუპით მოვუყევი კონკიას ამბის ჩემეულ ვერსიას. რა გაიგო, არ ვიცი, მაგრამ, როგორც სჩვევია, შემაქო და გამამხნევა, მაგარი გოგო ხარო, და ძილი შეიბრუნა.

ასე იყო თუ ისე, ერთი კვირის წინ ორივე გავეშურეთ ისრაელს. პროგრამა ზღვის პირას, მზის ჩასვლის ფონზე, შიმონ პერესის მშვიდობის ცენტრში დაიწყო. როგორც კი მივედით და რეგისტრაცია გავიარეთ, ვიღაცამ აქცენტით შემოგვძახა, გამარჯობაო! რუსი ებრაელი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ადრე ქართველი შეყვარებული ჰყოლია. ახალ ნაცნობს მალე დავემშვიდობეთ და იქითკენ გავეშურეთ, სადაც გემრიელი სუნი და ბევრი ხალხი ტრიალებდა. რამდენიმე ნაბიჯიც არ გვქონდა გადადგმული, რომ ისევ შევყოვნდით. „ნინოოო! − მორბოდა „ფორბსის“ რედაქტორი... ამდენს ნამდვილად არ ველოდი. როგორც აღმოჩნდა, პირველი და ერთადერთი ქართველები ვიყავით, ვინც ამ სამიტში მონაწილეობდა, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა გვაწვა მხრებზე: რაც შეიძლება უკეთესი შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა ჩვენს ქვეყანაზე. ჯერ ისიც არ გვქონდა მონელებული, რომ მეორე დილით თავად პერესი გვეწვია ოფიციალურ გახსნაზე! მისი გამოსვლა, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. 92 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ისრაელის მე-9 პრეზიდენტი და, როგორც წარადგინეს, ისრაელის „თანადამფუძნებელი“, ჩვენ წინ იყო და დინჯი, დაბალი ხმის ტემბრით გვესაუბრებოდა იმაზე, თუ ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა ვაკეთოთ; რომ არ უნდა გვეშინოდეს ოცნების და გვქონდეს მისი ასრულების ჟინი; რომ ცხოვრება happy end-ით კი არა, გაბედული ნაბიჯით იწყება; რომ რევოლუციას ყველაზე უკეთ ახალი იდეები და ინოვაციები ახდენენ; რომ ჩვენი მომავალი (ან სასურველი) ქვეყანა თავად უნდა შევქმნათ...

პერესის გამოსვლას მოჰყვნენ ჰოლივუდის მსახიობები, ჰიპ-ჰოპის მუსიკოსები, ტელ-ავივის და იერუსალიმის მერები, წარმატებული მეწარმეები, ადამიანები რომლებიც ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით ცვლიან მსოფლიოს... მომხსენებელთა დიდი სპექტრი, არაჩვეულებრივი მონაწილეები! ყველას რაღაც ჰქონდა სათქმელი, ყოველი ხელის ჩამორთმევა თითქოს მოგიწოდებდა, გახდე უკეთესი, გააკეთო უფრო მეტი.

ჩემი გამოსვლა ბოლო დღეს იყო იერუსალიმის მუზეუმში. წინა დღეს დიდი წვეულება გვქონდა ადგილობრივ ბაზარში, რომელიც დღისით ათასგვარ ნუგბარს ყიდის, გვიან კი ღამის კლუბად იქცევა. შუა ქუჩაში, დახლებს შორის, ერთი მხრიდან არაბული მუსიკა ისმის, მეორიდან − საერთაშორისო ჰიტები, იქით, სადღაც − ებრაული ფოლკი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაზარი შეიძლება გადაიქცეს ადგილად, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ასობით ადამიანი გიჟივით ერთობა და იმ თევზის სუნიც არავის აწუხებს, სულ რაღაც სამი საათით ადრე რომ მიჰყიდეს ბოლო მყიდველს.

მოკლედ, გამოსვლა... ჩემთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იყო, ერთი არაბი და ერთი − ებრაელი, მოდერაციას „ფორბსის“ რედაქტორი გვიწევდა და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებას თუ კერძო კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის მშენებლობაში, ხალხთა შორის დიალოგის წარმართვაში. მე ვყვებოდი პროექტზე, სადაც კომპიუტერული თამაშების გზით ერთმანეთს გავაცანით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები და, იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთ ენაზე არ ლაპარაკობდნენ, ტექნოლოგიური გადაწყვეტის წყალობით, ნაწერი ავტომატურად ითარგმნებოდა, ასე რომ, ადრესატს შეტყობინება საკუთარ ენაზე მისდიოდა, თითქოს მოთამაშეებს შორის არავითარი ბარიერი არ არსებობდა, ენობრივიც კი.

მოკლედ, ასეთი ვოიაჟის მერე დავბრუნდით. გონებაში ჯერ კიდევ იქ ვართ. ყუთებში ნივთებს ვაწყობთ და იქაურ ამბებს ვიხსენებთ.

11 აპრილი, ორშაბათი

გუშინ, როგორც იქნა, გადმოვბარგდით. ჩვენი სახლი ჯერჯერობით რემონტდება და მშობლებთან ვართ. ალბათ, ბევრი ქართველი ახალგაზრდა წყვილისთვის დიდი საფიქრალია საკუთარი ბინა, ბანკიდან აღებული სესხი, რემონტი... სესხის დაფარვის განრიგის ბოლო თარიღს რომ შევხედე, ასე მეგონა, ფილმებში რომ აპოკალიფსური ჟამი დგება, ის დრო იყო მითითებული − 2031!

დღეს სამსახურებს უნდა დავუბრუნდეთ. თანამშრომლებისთვის მიგვაქვს ისრაელიდან ჩამოტანილი ჰუმუსები, რომლებიც გუშინდელ გადაბარგებებში დედაჩემს ნაყინი ეგონა და საგულდაგულოდ შეინახა საყინულეში. ნეტავ, როგორი გემო აქვს გაყინულ ჰუმუსს?

თავში დილიდან ერთი აზრი მიტრიალებს: ხმის მიცემა დასრულდა, ნეტავ რამდენი ხმა მაქვს? ევროკომისიამ სპეციალური ჯილდო დააწესა იმ გოგოებისა და ქალებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. სრულიად მოულოდნელად გავიგე, რომ ერთ-ერთ კატეგორიაში მეც ვყოფილვარ ნომინირებული. გამარჯვებულის გამოვლენა საჯარო ხმის მიცემის და ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. მთელმა ჩემმა ოჯახმა, სამეგობრომ, ნაცნობმა თუ უცნობმა აიტაცა ეს ამბავი და ისე გულმოდგინედ მიჭერდნენ მხარს, თავი ზაზა ფაჩულია მეგონა, NBA-ს All Stars-ზე რომ გვინდოდა გაგვეყვანა. ძალიან დავიმუხტე დადებითი შეტყობინებებით, იმედი მომეცა: იქნებ მართლა გამოვიდეს...

ხვალ ისევ ბარგი მაქვს ჩასალაგებელი − სამი კვირით ამერიკაში მივდივარ. ამ ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, საკუთარ თავთან მოყოლასაც კი ვერ ვასწრებ. ნამდვილად იმის ბრალია, რომ მაიმუნის წელში ვარ დაბადებული: რაც 2016 დაიწყო, სულ ბედი მწყალობს!

12 აპრილი, სამშაბათი

დღევანდელი დღე არაფრით გამოირჩეოდა. თან სამსახურში საქმეების მოგვარებას ვცდილობდი, და თან ერთდროულად ვფიქრობდი ჯილდოზე, ახალ მოგზაურობაზე და სახლის რემონტზე.

საღამოს ჩემს დისშვილს დამალობანა ვეთამაშე.

13 აპრილი, ოთხშაბათი

ღამის 2 საათიდან ფეხზე ვარ, უფრო სწორად, არც დამიძინია. წინ 17-საათიანი მოგზაურობა მელის. საერთოდ, მგზავრობა მიყვარს, არა მხოლოდ დანიშნულების ადგილის ან მოგზაურობის მიზეზის გამო, არამედ − თვითონ პროცესი: რამდენად გრძელი და დამღლელიც უნდა იყოს გზა, ბევრ კარგ რამეს მაძლევს და მასწავლის.

ხანდახან ისეთ საინტერესო ამბებს ისმენ, რომ სხვაგან, ალბათ, ვერც გაიგებ. ხალხი სრული გულახდილობით გიყვება თავის ოჯახზე, კარიერაზე ან კატაზე, რომელიც პატრონმა ერთი თვით დატოვა, სანამ შორეულ მხარეს მოივლის. ხშირად არც მათი სახელი იცი, არც ფეისბუკში უგზავნი დამეგობრების თხოვნას, მაგრამ, მათი სახეები და ამბები დროდადრო თვალწინ ამოგიტივტივდება ხოლმე. ვაღიარებ, თავიდანვე დადებით განწყობას იმსახურებენ ისინი, ვინც Georgia-ს გაგონებაზე ამერიკელად არ მთვლის და რაღაც ისეთს იტყვიან, რომ გაიფიქრებ: „იცის, აბა რა!“ განსაკუთრებით, ქართული ლაპარაკის გაგონება ან თუნდაც პასპორტზე შემჩნეული ქართული ასოები მიჩქარებს გულს. მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღის წასული ვარ თუ ათი თვის − ნოსტალგია და სიხარული ერთად მოდის. ეს ყველაფერი თამაშსაც ჰგავს. შვიდმილიარდიან მსოფლიოში სამმილიონნახევრიანი ერის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს რომ ხვდება და მხოლოდ ამ ორს შეუძლია „ჯაშუშურ“ ენაზე ისაუბროს ვეებერთელა ტერმინალში, მგონი, ძალიანაც შთამბეჭდავი ამბავია!

მიუნხენში ვარ. თვითმფრინავში ჩასხდომის გამოცხადებას ველოდები. წავალ, წამოვალ − მაინც ევროკომისიის ჯილდოზე ვფიქრობ. ატლანტის ოკეანის თავზე რომ ვიქნები, ფინალისტების ვინაობას მაშინ გამოაცხადებენ. მე კი ამ ყველაფერს რამდენიმე საათის დაგვიანებით გავიგებ. ნეტავ, რა მოხდება? ვიქნები თუ არა რჩეულთა სიაში? ჩემთვის ნომინირებაც ძალიან დიდი წარმატება იყო, მაგრამ ამდენ ხალხს, ვინც ხმა მომცა, იმედი როგორ გავუცრუო? ხმების რაოდენობას უკვე ვეღარ შევცვლი, ახლა ჟიურის ჩემი ბიოგრაფია და საქმიანობა უნდა მოეწონოს. ალბათ ამ წუთებში ბრიუსელში, რომელიმე ბიზნესცენტრში, მრგვალ მაგიდას შემომსხდარი ჟიური სათითაოდ განიხილავს ყველა კანდიდატს. გარეთ, რომელიღაც ქუჩის კუთხეში, ვაფლებს აცხობენ და ზედ გემრიელ შოკოლადის მუსს უსვამენ, თუ სთხოვ, მარწყვს ან ბანანსაც დაგიმატებენ. მმმ!.. ნეტავ, ახლა ცოტა ხნით იქ ჩამაგდო! ამ ორი ადგილიდან სად ვამჯობინებდი ყოფნას, არ ვიცი: ჟიურის ვერდიქტის გამოტანის მომსწრედ თუ გემრიელი ვაფლის დამგემოვნებლად. მგონი, მეორე მირჩევნია...

14 აპრილი, ხუთშაბათი

ჩამოვედი. ამერიკაში მეხუთედ ვარ. პირველად შვიდი წლის წინ ჩამოვდგი ფეხი, როგორც სკოლის გაცვლითმა სტუდენტმა და, ბედის ირონიით, ჯორჯიის შტატში გამანაწილეს. 16 წლის ვიყავი და დღემდე ვფიქრობ, რომ იმ ერთმა წელმა რევოლუცია მოახდინა ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში. ამ ასაკში ხომ ისედაც ვიცვლებით, ვიაზრებთ, რა არის ჩვენთვის ღირებული, ვიგებთ, ვინ ვართ და რა გვინდა. ალბათ, ამას თბილისშიც მივხვდებოდი, მაგრამ აქ ემოციები და, რაც მთავარია, შესაძლებლობები, გაათმაგებული დოზით იყო. მინდოდა, ყველაფერი გამომეცადა, ფერმერობიდან ჯაზბენდის მომღერლობამდე.

ჯორჯიას რომ ვტოვებდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ უკან დავბრუნდებოდი. ორ წელიწადში კი, მას შემდეგ, რაც საქართველოში „გუგლის“ დეველოპერების პირველი ჯგუფი გაჩნდა, „გუგლმა“ სან-ფრანცისკოში მიმიწვია, როგორც ერთ-ერთი აქტიური მენეჯერი. შემდეგ წელს, მთავარ ოფისში, სიტყვითაც გამოვედი და შარშან 26 მაისიც კი მოგვილოცეს ე.წ. „დუდლით“. იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ მე და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს ერთად მოგვიხსენიებდნენ ხოლმე.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სოციოლოგიაზე ჩავაბარე. ძალიან მალე მივხვდი, რომ, თუ დღეს გინდა, რამე შეცვალო, გააუმჯობესო, ამისთვის ტექნოლოგიები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ისინი საშუალებას გაძლევს შექმნა რაიმე ახალი ან უკვე არსებული გამოიყენო ისე, რომ ვიღაცას დაეხმარო, ასწავლო, დაასაქმო, ახალი სამყარო აჩვენო. ამ დროს ხვდები, რომ ქალები ამ სფეროში ნაკლებად არიან წარმოდგენილი და ისევ „გუგლის“ დახმარებით იწყებ კამპანიას WomenTechmaker, შემდეგ მიგაქვს პროგრამირების გაკვეთილები საქართველოს რეგიონის ათ სკოლაში. და აი, ეს ვარ ახლა: სოციოლოგი, რომელიც გიჟდება ტექნოლოგიებზე. ალბათ, ამიტომ აღმოვჩნდი მეხუთედ ამერიკაში, ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამით.

15 აპრილი, პარასკევი

დილიდან სესიები გვაქვს, ცოტა ვაშინგტონშიც გავიარ-გამოვიარეთ. ორგანიზატორებს უნდათ, ბევრი ახალი რამ გვასწავლონ და ჩვენი თავი ფართო აუდიტორიას გააცნონ.

მსოფლიოდან (აშშ-ის გარდა) ათნი შეგვარჩიეს, ყველას განუმეორებელი ისტორია აქვს. ნამდვილად დიდი პატივია, რომ საქართველოდან აშშ-ის საელჩომ მე წარმადგინა და შემდეგ მათი კანდიდატი მოვხვდი საბოლოო ათეულში, რომლის წევრებსაც ამერიკის მთავრობამ „ახალგაზრდა ლიდერის ჯილდოები“ გადმოგვცა.

ცხრავე მონაწილე დიდი ენერგიითა და საკუთარი თავის რწმენით არის სავსე. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასეთი ახალგაზრდები არსებობდნენ: ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ღაზის სექტორში ასეთ მაგარ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ქმნიან; რომ ჰონდურასის ახალგაზრდული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, მას შემდეგ, რაც ზურგში დაჭრეს, სკეიტბორდისტების კლუბს ხელმძღვანელობს და ცდილობს, ბავშვები ქუჩურ ძალადობას მოარიდოს; რომ კენიაში ხუთი თვის შვილის დედა, ახალგაზრდა მუსლიმი გოგო, სხვებს ასწავლის, რომ მათი სარწმუნოება არ არის მოძალადე, რომ ექსტრემისტობა არ უნდა იყოს მათი რელიგიის შედეგი...

სესიებს შორის ერთ-ერთ შესვენებაზე ისე, სასხვათაშორისოდ, შევამოწმე ევროკომისიის ჯილდოს ვებსაიტი. ცოტა ხნის წინ მოგვწერეს, ჟიურის გადაწყვეტილების მიღება უჭირს, რის გამოც პროცესი იწელებაო. ასე რომ, ახალს არაფერს ველოდი. ჩემდა სასიხარულოდ შევცდი და პირველივე გვერდზე ჩამოწერილი იყო არა კატეგორიის ფინალისტების, არამედ, უკვე გამარჯვებულთა სახელები. სამი კატეგორია − სამი გამარჯვებული. ერთ-ერთი მე ვარ! ემოციებს ვერ ვერევი. როგორ მინდა, აქ იყოს ყველა, ვინც ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, რომ მაგრად ჩავეხუტო და მადლობა გადავუხადო − ქართველს თუ უცხოელს. მართლა ვერ დამიჯერებია!..

ასეთ პოზიტიურ ამბავს ცოტა ნეგატივიც ახლავს. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ათ დღეში ბელგიაში უნდა გაიმართოს, იმ დროს კი მე ჯერაც შტატებში ვიქნები. ბილეთები დღესაც რომ ვიყიდო, იქ ჩასასვლელად ვიზა არ მაქვს. ესეც ბედის ირონიაა: მოიგო ევროპის ჯილდო, მის ტერიტორიაზე თავისუფლებად გადაადგილების უფლება კი არ გქონდეს! ორგანიზატორებისთვის ეს ჯერ არც მითქვამს, ალბათ, ვერც დაუშვებდნენ, რომ რომელიმე ნომინანტს ბრიუსელში ჩასასვლელად ვიზა დასჭირდებოდა... იმედია, ზაფხულში ყველაფერი შეიცვლება და ევროპა უფრო ღიად გაგვიღებს კარს, ანუ მოხდება სავიზო რეჟიმისლიბერალიზაცია.

16 აპრილი, შაბათი

დღეს ვაშინგტონში ჩვენმა გუნდმა პარკი უნდა დავასუფთაოთ. ამერიკაში, და არა მარტო აქ, აღინიშნება ახალგაზრდული სამსახურის დღე. ეს ის დროა, როცა ყველა ცდილობს, რაღაც კარგი გააკეთოს. მოხალისეობა კი ამერიკელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა.

ყველა დაჯილდოებისთვის ვემზადებით. ბოლომდე ჯერაც არ ვიცით, რა მოხდება, ვინ დაესწრება ცერემონიას. ვიცით, რომ მოდიან ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ამბობენ, ჯილდო შეიძლება მიშელ ობამამ გადმოგცეთ, ხელი ჩამოგართვათ და, გაღიმებულმა, თქვენთან ერთად, ფოტოც გადაიღოსო. თუ ასე მოხდა, იქნებ ქმართან გავატანო შეტყობინება, რომ მე ის გოგო ვარ, ექვსი წლის წინ, აქ სწავლისას გაწეული სამსახურისთვის, მისი ხელმოწერით, მოხალისეობის ჯილდო რომ მივიღე. მას შემდეგ ცნება „მოხალისე“ და მე საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით.

ვნახოთ, რა იქნება. ჯობია, ამაზე ფიქრს თავი დავანებო და ცოცხი მოვუსვა, პარკია დასალაგებელი!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG