Accessibility links

logo-print

16 ნოემბერი, კვირა

დღიური. ანუ, რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი და გადასარევი...

ანა ფრანკის დღიური მახსენდება. უსაყვარლესი. მახსოვს, რომ ვკითხულობდი. ადრე, ადრე... რომელ კლასში, არ ვიცი. თითქოს, კარს გიღებდა და თავის სამყაროში გახედებდა. ისე დამიმეგობრა, ვერც გავიგე. მე თანადამსწრის როლი მერგო. მისი ხედვა, მისიფიქრები იმდენად ადამიანური და გულწრფელი იყო, რომ უნდა მიმეღო, გამეზიარებინა.

ახლა ცოტას ვბრაზობ, რაღა მე?!.. რა უნდა გავუზიარო სხვებს? სიტყვებს ვეძებ. ეს დღიური უნდა წავიკითხო კიდეც! ეს, მარტო ჩემთვის დაწერილი „რაღაც“: ფიქრები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, განსჯა... უნდა გამოვფინო, თანაც ყველასთვის, განურჩევლად, მეგობარია, თუ უცხო.

ოხ, ძალიან რთულია, რთული ამოცანაა.

ნეტავ, ვინმე გამოჩნდებოდეს და ჩემს აწეწილ ფურცლებს გადაარჩევდეს, მიალაგებდეს. ამისთვის დრო არ მრჩება და თან, უკან მობრუნებაც მეზარება. მომიწევს ამ ფურცლების გადაკითხვა, რედაქტირება.

მოკლედ, ეს არ არის დღიური. თავს არ მოვიტყუებ. ეს არის შანსი, თქვა სათქმელი, თუკი ასეთი გაქვს. ჩემი ხედვა, ფიქრი, ტკივილი, წუხილი, სიხარული, აღფრთოვანება გავუზიარო სხვებს. ისე, უბრალოდ, როგორც ირემმა ირემს ბალახი უწილადა...

* * *

დღეს კვირაა, თავისუფალი დღე. დილა. არაფერს ვგეგმავ. ასე მინდა! ვნახოთ, რა მოხდება...

გუშინდელი შთაბეჭდილებები ისევ თან მდევს. გუშინ, შაბათს, ნანა ზარდიაშვილი გავაცილეთ. გვიანი შემოდგომის დღე. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მისი მეგობრები შეკრებილიყვნენ. ჩუმად, სევდიანად ესალმებოდნენ ერთმანეთს. და მე 90-იანი წლები გამახსენდა, როდესაც მეც და ნანაც პირველ არხზე ვმუშაობდით ტელევიზიაში. ნანა ჟურნალისტი იყო. სულ იბრძოდა. უმძიმეს გარემოში, როდესაც ფასეულობების არევა ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ცდილობდა შეენარჩუნებინა მთავარი - ადამიანური ურთიერთობა თანამშრომლებთან, ადამიანებთან. თავისი გადაცემებით,თითქოს, ამას ამბობდა: „თქვენ ადამიანები ხართ!“ ეს იყო მისი პასუხი იმ გამოწვევაზე, რაც იმ დროს ხდებოდა. აღრევა, აღრევა!.. მახსოვს, მისი გადაცემის ტიხარი, რომელსაც მხატვარი ნოდარ სუმბაძე ცნობილი პიროვნებების პორტრეტებით აკეთებდა. ნოდარი საოცარი ოსტატობით, ფოტოებიდან მაკრატლით ჭრიდა პორტრეტებს და დიდ მუყაოზე აკრავდა. ეს იყო მათი გადაცემის მთავარი ტიხარი. ამ გადაცემაში პიროვნებებზე ჰყვებოდნენ და ეს მაშინ აუცილებელი იყო.

მე ამ დროს „ტელევეზირს“ ვაკეთებდი. ნანას მოსწონდა ჩვენი გადაცემა, უხაროდა, გვეხმარებოდა, იბრძოდა იმისთვის, რომ მონტაჟისთვის ჩვენთვის კარგი აპარატურა, „ბეტაკამები“ გამოეყოთ. ერთხელ, აღფრთოვანებულმა თავისი შვილის, ნიკას ნახატი მომიტანა. ნახატზე ეხატა შერლოკ ჰოლმსი, რომელიც შხაპუნა წვიმაში დგას და გამადიდებელი შუშით წვიმის წვეთებს აკვირდება. მაშინვე გამახსენდა ერთი ინგლისური ანეკდოტი, წვიმაში მოსეირნე ინგლისელ ჯენტლმენს რომ ეკითხებიან, თქვენ რატომ არ სველდებითო? მე ძალიან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად დავდივარ წვიმის წვეთებს შორისო - პასუხობს.

თითქოს, ისიც ასე მიიკვლევდა გზას. მას არ ეხებოდა შიმშილი, უშუქობა, უფულობა. ის, თავის საქმეს აკეთებდა.

17 ნოემბერი, ორშაბათი

კვირა არ გავა, რომ არ მკითხონ, რატომ „ვეფხისტყაოსანიო“? დღესაც!

მე ვუხსნი: ეს არის ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ნაწარმოები, ძეგლი... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ მართლა გენიალური და ულამაზესია! სავალალოდ, ჩემ გარშემო ბევრს არა აქვს წაკითხული. ანდა, ზედაპირულად შეეხნენ, როგორც დიდ ლოდს, ძვრას რომ ვერ უზამ და ადგილზე ტოვებ. ამასთან დაკავშირებით, ფშავის ისტორია მახსენდება. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ერთ პატარა მინდორზე თუ ველზე, უზარმაზარი, მრგვალი ქვა რომ იდო, გამომწვევად...

ოცი წლის წინ, ფშავში გავისეირნეთ ოჯახებით მე და ჩემმა ბიძაშვილმა, რამაზმა. გზადეს ვეებერთელა ქვა შემოგვეფეთა, უცნაურად, ზედმიწევნით მრგვალი. მარტო, გაშლილ ტაფობზე, განცალკევებით ხეებისგან, სხვა ქვებისგან, ყველაფრისგან... რამაზს სულმა წასძლია - თავის მანქანას გახედა, ალბათ იფიქრა, ზევით, საბარგულზე თუ დაეტეოდა. რამაზს ულამაზესი ბაღი აქვს და ასეთი უცნაური ქვის, უფრო სწორად, ასეთი საფიქრალი ქვის, ეზოში ქონა საშურია... შეეცადა - ძვრა ვერ უყო. მეც მივეხმარე - ამაოდ. ქვა თითქმის ჩვენი სიმაღლე იყო. რა თქმა უნდა, ვერ დავძარით. ვიდექით ასე... და მერე აღმოვაჩინე, თუ დავინახე, რომ ქვის სიახლოვეს პატარა ღრმული, ორმო იყო. ცოტა მოშორებით მეორე ღრმული, მერე კიდევ... და ეს ორმოები ერთმანეთს ებმოდნენ და ასე, ტყის პირამდე გრძელდებოდა. თითქოს უზარმაზარმა დევმა ასკინკილა იხტუნავა და თავისი მძიმე ნატერფალები დაამჩნია მიწასო. ბევრი ფიქრიც არ უნდოდა, მივხდით, ეს ამ ქვის მოგზაურობის კვალი იყო. სადაც შეჩერდა, შეყოვნდა, ღრმულად დატოვა კვალი. უცნაურია, ძალიან უცნაური... საიდან მოვიდა ეს ქვა?

შემდეგ წლებშიც დავდიოდი ამ გზაზე და ეს ქვა სულ იქ მხვდებოდა. შეიძლება ცოტა მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვტოვებდით... და ახალი ღრმული ემატებოდა მინდორს.

შარშან კი, ისევ ჩავიარე ამ გზაზე. ქვა აღარ დამხვდა. ალბათ, ვიღაც „ყოჩაღმა“ ბულდოზერით ასწია და წააცუნცულა, მიითვისა... ცუდია.

18 ნოემბერი, სამშაბათი

საღამოს ერთ ჩემს მეგობართან აღმოვჩნდი. ქალაქის გარეუბანში ცხოვრობენ და ლამაზი ეზოც აქვთ. მათთან რაღაცნაირი სიმშვიდეა. ქალაქს გარიდებული, თუ გარინდებული.

ჩემთვის შენახული ეზოს მოსავალი, კარალიოკები დამახვედრეს. ამ სახლში ცხოვრობენ დავითულიანები. სამი და: ნანა, ასმათი და რუსუდანი, და კიდევ მათი მამიდა პავლა, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. უცნაურია მათთან ყოფნა. როდესაც ბებო პავლას ესაუბრები, თითქოს წინა საუკუნის მიღმა იმზირები. არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს, უგანათლებულესი ქალია. წარმოშობით რაჭიდანაა, სოფელ ბარეულიდან. მთელი ცხოვრება მასწავლებელი იყო. დღესაც უშეცდომოდ გეტყვის უამრავ ლექსს ზეპირად, დღესაც, თითქოს, ის ჟინი ამოძრავებს: დაგროვილი ცოდნა გადასცეს მოსწავლეებს, ყმაწვილებს. ეს ადამიანი ცოცხალი ისტორიაა. რაღაცნაირად მჭექარე და ამაყი ხმა აქვს. რომ გელაპარაკება, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მარტო შენ კი არ გებაასება, არამედ კიდევ ვიღაცებს, რომლებიც შენ უკან დგანან, ოღონდ არ ჩანან. ის კი მათაც გულისხმობს... და ეს უჩინარი ადამიანები, ალბათ, მისი ახლობლები არიან, ვისთანაც ცხოვრების წლები გაატარა. როგორც პედაგოგებს სჩვევიათ, ნათქვამი სიტყვების მიღმა, კიდევ რაღაცაზე მიგანიშნებს, რაღაც საინტერესოზე, გამოცანაზე, საიდუმლოზე...

შეხვედრისას ეღიმება და ხელს მართმევს. რომ მივედი, მუხლებზე ფერადი ძაფებით სავსე მრგვალი თუნუქის კოლოფი ედო და არჩევდა. ალბათ რაღაცის დაკემსვას აპირებდა და ფერს უხამებდა. უსათვალოდ! უსათვალოდ!!! ცოტა რომ მომეცადა, ალბათ, იმის მომსწრეც გავხდებოდი, ნემსში როგორ გაუყრიდა ამ ძაფს.

მომიკითხა, როგორ ხარო? საინტერესოდ-მეთქი. სულ გამარჯვებით გევლოსო, დამლოცა.

მის სიტყვებს ძალა აქვს. ისე დამაჯერებლად ლაპარაკობს, რომ თავად შენ, მსმენელს, არანაირი სურვილი აღარ გიჩნდება განსაჯო, აწონ-დაწონო... ის რასაც ამბობს, სრული სიმართლეა. და რატომ? მას თავად არ ეპარება საკუთარ ნათქვამში ეჭვი. აბსოლუტურად მართალია, სიმართლე მისთვის სრული აუცილებლობაა და ამ გზიდან ვერანაირად ვერ გადაუხვევს. ჩვენს დროში ეს შესაშურია. და კიდევ, როცა მას უყურებ, ასე გგონია, დრო კი არ გადის თავისით, არამედ პავლა ბებო მიაგორებს დროს, როგორც მატყლის გორგალს აგორებენ.

აბა, მეტი რა უნდა ვთქვა? ჰო, ნანას ფირფიტებზე და წიგნებზე... ნანა ფირფიტებს იღებსთაროდან და გვაჩვენებს: „ეს სანდრო კავსაძის ჩანაწერებია, ეს - ეროსი მანჯგალაძის.“ საშინლად მომინდა ეროსის ჩანაწერის მოსმენა „ჭინჭრაქადან“, არადა, ფირსაკრავი სიძველისგან გაფუჭებული იყო. არა უშავს, ფირსაკრავს ვიყიდით და საოცარ შედევრებს მოვუსმენთ!

ეს დღეც გადავაგორეთ...

19 ნოემბერი, ოთხშაბათი

ცოტა მიმავიწყდა ის, რაც ჩემი გასაკეთებელია...

კინოცენტრის პროექტი - „ფრაგმენტები ‘ვეფხისტყაოსნიდან’“, ანუ ბავშვების ნახატებით დასურათებული და მათ მიერ წაკითხული სტროფებით შექმნილი ანიმაციური ფილმი. თომა მეხმარება, ძალიან მეხმარება... ჩემი შვილი კია, მაგრამ სხვანაირად მიდგას გვერდით, ავთანდილივით...

ისე, ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია. როგორც რუსთაველს ეკადრება... აი, ეს კი რთულია, ძალიან რთული!

20 ნოემბერი, ხუთშაბათი

გუშინ მთელი დღე სახლში ვიყავი. უფრო სწორად, სახელოსნოში. მიუხედავად იმისა, რომ არსად გავსულვარ, საკმაოდ აქტიური დღე იყო. თავიდან ტელეფონის ზარმა ამაფორიაქა, ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოდან რეკავდნენ, თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანს ვადა გასდის და თუ დღეს არ აიღებთ, ხვალიდან ძვირდებაო. 4 დეკემბერს ვარშავაში უნდა ჩავფრინდე, რომ კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. კონფერენცია ეძღვნება რუსთაველის შემოქმედების 850 წლისთავს. ბატონმა დავით ყოლბაიამ, კონფერენციის ხელმძღვანელმა, მიმიწვია. დიდი პატივია. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან რუსთველოლოგები. ვიცი, რომ საქართველოდანაც ბევრნი მიდიან. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია მათი გაცნობა. აგერ უკვე მეათე წელია, შოთა რუსთაველის გენიალურ ნაწარმოებზე ვმუშაობ და კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება ეს მუშაობა, არ ვიცი. მე არ მბეზრდება. ჩემ გარშემო მყოფნი, ხშირად, ღიმილით მომმართავენ, კიდევ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობო? ჰო-მეთქი... არ მესმის, რა უკვირთ?! ამაზე საინტერესო, ღრმა, სულისშემძვრელი, მე სხვა წიგნი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა...

ვარშავის კონფერენციაზე უნდა აჩვენონ ჩვენი ანიმაციური ფილმი - „ფრაგმენტები ‘ვეფხისტყაოსნიდან’“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვების ნახატებით და ნათქვამი სტროფებით შეიქმნა. ასევე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმსაც: „ექსპედიცია საქართველოს კუთხეებში“, რომელიც ასახავს ფილმზე მუშაობის პროცესს. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ამ ფილმებს ინგლისური სუბტიტრები დავურთეთ.

...ნეტავ, ვინ მოდის ჩემთან ერთად? ვიცი, რომ მოდიან მეცნიერები, რუსთველოლოგები. მე, ალბათ, ერთადერთი ვარ, ვისაც ამ ნაწარმოებთან მეცნიერული დამოკიდებულება არ გააჩნია. პროფესიით რეჟისორი ვარ და, ამდენად, არ მომეთხოვება წესების დაცვა, როგორც მეცნიერებს. შემიძლია თავისუფლად ვიფიქრო, ვიფანტაზიორო, შევთხზა... მეცნიერები კი, წარმომიდგენია, როგორი ფრთხილები არიან.

საიდუმლოებით არის მოცული „ვეფხისტყაოსანის“ ავტორი - შოთა რუსთაველი. ამ გენიოსმა თითქოს მოიწადინა, შეუმჩნეველი, დაფარული ყოფილიყო... უძვირფასესი საჩუქარი კი გვიბოძა: „ხელის-ხელ საგოგმანები“...

21 ნოემბერი, პარასკევი

დღეს პარასკევია. ამინდი - ნაცრისფერი. აბა, ვის უყვარს უჟმური ამინდი? სადაცაა, ზამთარი დაიწყება. რა დროს ესაა, უამრავი საქმე მაყრია თავს. საელჩო, ვიზა, თვითმფრინავის ბილეთები, დაზღვევა...

და მაინც, გამიმართლა... არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი: ქეთი თოლორაია, ფსიქოლოგი. უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობს, ცდილობს დაეხმაროს მათ ცხოვრებისათვის ფეხის აწყობაში; განზე რომ არ დარჩნენ გარიყულები. ძალიან კეთილია, შეხედავ და გრძნობ: უზარმაზარ კეთილგანწყობას და ნდობას იწვევს!

მისი მუშაობის მეთოდები ცოტა უცნაურია. თვითონ, ამას, არტთერაპიას ეძახის: ჩანთით დააქვს ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები. ეს მისი უმთავრესი ინსტრუმენტია ბავშვებთან მუშაობისას. ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივ პროფესიას მიაგნო, ძალიან საჭიროს და აუცილებელს.

დღეს ერთი ფურცელი აღმოვაჩინე, სადაც შემდგომი გეგმები მქონდა ჩამოწერილი. ასეც ეწერა სათაურად: „შემდგომ“. მახსოვს, ეს ფურცელი პრეზენტაციის დღეებში, ე.ი. ორი-სამი კვირის წინ, საგულდაგულოდ გადავმალე, რომ თვალში არ მომხვედროდა და ყურადღება არ გაეფანტა. იმ დღეებში მხოლოდ პრეზენტაციაზე ვფიქრობდი. მინდოდა მაქსიმალურად ზუსტად მეთქვა სათქმელი მოწვეული სტუმრებისთვის. მგონი, გამოგვივიდა კიდეც. ჰოდა, ახლა შემიძლია „შემდგომ“ განსახორციელებელ გეგმებს დავუბრუნდე, ანუ, რას ვაპირებთ: 1. მუდმივმოქმედი გამოფენა-სახელოსნო - „ვეფხისტყაოსნის“ სახლი; 2. ბავშვების ნახატებით დასურათებული წიგნი; 3. ანიმაციური ფილმი; 4. ტელე-რადიო გადაცემა... და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ გეგმებს მარტო ვერ განვახორციელებ. და ვეძებ თანამოაზრეებს... ჩვენი ვებსაიტიც მისახედია: www.utvalavi.ge და კიდევ, რამდენია გასაკეთებელი... უთვალავი!

დღიურთან დაკავშირებით მახსენდება: ერთი ჩემი პარალელურკლასელი, სკოლის უკანა გზაზე, ერთ-ერთი ხის ფუღუროში დღიურს მალავდა, მშობლებს რომ არ ენახათ. გასაგებია, რატომაც. ჰოდა, ერთ დღეს მისმა მეზობელმა და მისივე კლასელმა ეს დღიური შემთხვევით აღმოაჩინა ხის ფუღუროში და გახარებულმა ამ ბიჭის მშობლებს მიართვა... ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი!..

უამრავი საქმე მელოდება. ალბათ სია უნდა გავაკეთო, რამე რომ არ გამომრჩეს. ის, ის, ის... ჰო, სცენარი კინოცენტრისთვის. კადრირება, ანუ ნახატები უნდა ავარჩიო იმ სცენებისთვის, რომელთა გაცოცხლებასაც ვაპირებთ. რომელი სცენების? გულანშაროში ნესტანი რომ გადმოჰყავთ ქაჯებს ნაპირზე. კიდობანს თავს ახდიან და იქიდან სინათლე ამოდის, შემდეგ ქალი - უმშვენიერესი ნესტანი. ამას ფარულად, სარკმლიდან ფატმანი ხედავს... კიდევ, რომელი სცენა? ავთანდილი რომ ზის და ვარსკვლავებს უყურებს. ვერ გაიგებ, დღეა თუ ღამე - მზე კაშკაშებს. მზიანი ღამე... შოთა რუსთაველის სამყარო თვალუწვდენელია. და ჩემი ამოცანა, კინოცენტრის მოთხოვნის შესაბამისად, გავაკეთო ათწუთიანი ფილმი, ძალიან რთულია. ურთულესია. აბა, რომელი სცენა შეიძლება გამოვტოვო, დავივიწყო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე: გავაცოცხლო ის სცენები, რომელთა შესაბამისი ხმები და ნახატებიც გვაქვს. ნახატები და ბავშვების მიერ ჩაწერილი სტროფები ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი. აქედან ერთი მეათედი მაინც ძალიან საინტერესოა, მე მათ „შედევრებს“ ვეძახი. ასევე, წაკითხულ სტროფებსაც. ზოგი ისე კითხულობს, რომ გული წაგივა! ჰოდა, ამ სტროფებით და ამ ნახატებით ავაწყობ ფილმს. ეს ფილმი იქნება განაცხადი შემდგომში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად...

უზარმაზარი სამუშაოა. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი დამჭირდება. მე სულ არ მინდა რომ დამთავრდეს... ყველაზე მეტად ბავშვებთან ურთიერთობა მომწონს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასვლა და მათი გაცნობა. რამდენი ვიპოვე, ვინც მოდის! და მოდიან ძალიან ძლიერები, ღონიერები აზროვნებით, ფიქრით, ხედვით... და ეს მახარებს!

22 ნოემბერი, შაბათი

გუშინ ერთმა ახლობელმა ოჯახში გამომცხვარი ხაჭაპური მომართვა. უგემრიელესი იყო! საღამოს გადავწყვიტე, ანასთან და თომასთან გავსულიყავი. მათაც წავუღე ეს გემრიელობა... ვისხედით ჩვენი ძველი სახლის შუშაბანდში, ვსვამდით ჩაის, ვტკბებოდით ულამაზესი ხედით და დინჯად ვბაასობდით. სულ აღარ მაქვს იმის განცდა, რომ ისინი ჩემი შვილები არიან. როგორ არა! მაგრამ თითქოს, უფრო მეტიც... მეგობრები. ჰო, შვილებს ვემეგობრები. ახლა თითქოს როლები შეიცვალა, ისინი დიდები არიან. თომა ჭკუას მარიგებს, მე გასუსული ვუსმენ, ლამის ბლოკნოტი და ფანქარი ამოვიღო და ჩავიწერო მისი შენიშვნები. როგორც სტუდენტობისას ვაკეთებდი ბატონ მიშას ლექციებზე. ჰო, სულ აღმოჩენებში ვარ... სულ. ეს მომწონს.

ანა თავის დიზაინზე ჰყვება. ყველანი ჩართულები ვუსმენთ. თომა თავის ფილმზე და ფოტოებზე. ახლებიც გვაჩვენა. ძალიან მომეწონა. კარგი ნამუშევრებია. კარგი ხედვა აქვს, თბილი, ადამიანური. არ ვიცი, როგორ ახერხებს ფოტოს გადაღების დროს ასეთი შეუმჩნეველი დარჩეს და ასე ახლოს მივიდეს ადამიანებთან. კი არ ეპარება, დაუკითხავად კი არ აკეთებს. არა, თითქოს, სთხოვს შეუმჩნევლად, ძალიან ფრთხილად, და ისინიც ნებას რთავენ. ძალადობის ნატამალიც არ არის თომას ფოტოსურათებში. პირიქით - „კეთილი მზერა“...

ლამაზი საღამო იყო. ვისხედით, ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ტასოს, ჩემს შვილიშვილს, უკვე ეძინა. მასთან გაბაასება ვერ მოვასწარი, სიზმრებში იყო წასული. სამაგიეროდ, მის მიერ დალაგებული, თუ მოწყობილი კუთხე დავათვალიერე გულდასმით. ამ ბავშვსაც მხატვრის ხედვა აქვს. და უცნაურია, არაფერი შეცვლილა, როგორც ჩემს ბავშვობაში, დიდები - მშობლები, ბებია და ბაბუა, საუბრობდნენ საღამოობით ჩაიზე. ახლა კი, ჩვენ...

ანა ტასოს თუთიყუშებზე გვაცინებდა: ბესომ გული გაუწყალა კესოს თავისი ჟღურტულით. და ის კი აძევებს, ჩაგრავსო. ამ დროს ბესო შეგვეხმიანა, თითქოს შემოგვჩივლა. შემდგომ სიყვარულის ახსნის სცენაც გაითამაშა - აქეთ-იქით უტრიალებდა კესოს. ბოლოს, კესომ ერთი კარგად ჩაუბათქუნა და გვერდზე გაწია ბესო. ასეა ცხოვრებაშიც...

ზოგჯერ ხდება, რომ დღიურში დღე აღურიცხავი გრჩება. ამბები ერთმანეთს ებმის და ვეღარ ასწრებ გარჩევას, როდის, რა მოხდა... ზოგჯერ კი ერთ დღეში იმდენი რამ ხდება, რომ ყველაფრის შეფასების, აღწერის ძალა არა გაქვს... აი, შტორმს რომ უყურებ ზღვაზე პირდაღებული და ვერაფერს ამბობ...

ერთხელ, მახსოვს, 2008 წელს, სნოში ვიყავით, ყაზბეგის რაიონში. იქაური ბავშვების ნათქვამ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს ვწერდით. ერთი გოგო იყო, ზღვარდაუდებლად გაჰკიოდა ლექსს. ვუთხარი, მოდი, ჩუმად, გულში თქვი, ძალიან წყნარად-მეთქი. მერე ველოდები, რომ ეს გოგო დინჯად, აზრიანად მეტყვის სტროფს, ეს კი ხმას არ იღებს. რას აკეთებ-მეთქი? - ვკითხე. გულში ვამბობო, მიპასუხა.

ჰოდა ასეა, მეც გავჩუმდები...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG