Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ სუმბაძე - არქიტექტორი


4 ოქტომბერი, კვირა

დღეს კვირაა. მთელი ღამე არ მომასვენეს რესტორნებად ქცეული გეპეის (ბოდიში, ტექნიკური უნივერსიტეტის) ქუჩის მხარის რომელიღაც დუქნის შეგვიანებულმა კლიენტებმა. ხვევნა-კოცნა ნელ-ნელა გადაიზარდა „ზემო მაჩხაანი ჯობია თუ ქვემო მაჩხაანი“-ს ტიპის კამათში, რომელსაც მოჰყვა ჯერ საკუთარი დედების გინება, მერე − ერთმანეთის... მეზობლების გამოძახებულმა პატრულმაც მაქსიმალური აუდიოგაფორმება დაურთო ამ ინციდენტს და, ასე, სამი საათისთვის ძლივს მოვახერხე დაძინება პიპოპაპოს ხმის ქვეშ...

კვირადღეს ბავშვები ჩვენთან არიან და, შესაბამისად, მთელი დღე მათთან ერთად ვმონაწილეობ მიგრაციულ პროცესებში მარშრუტით ნიკელოდეონი-სკეიტბორდი-კარტუნ ნეტვორკი-ველოსიპედი-მაინკრაფტი-სკუტერი-სან ანდრეასი-ფეხბურთი-როლიკები (მიმდევრობა, ცხადია, იცვლება). როდესაც ფული მაქვს, ეს მენიუ ივსება ვიზიტებით დემოკრატიის ფორპოსტებში − „მაკდონალდსში“ ან „ვენდისში“, რომლებმაც თბილისში, როგორც ყველაფერმა, ტრანსფორმაცია განიცადეს და „ფასტ-ფუდის“ ობიექტებიდან ლამის პრესტიჟულ ადგილებად იქცნენ. მაინც ვიხელთე დრო და შუადღისას გადასაღებად გავვარდი. ძველ თბილისში ჩემი თვალები და გონება აშკარად ისვენებს. სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ძველი შენობების ფასადებიდან მომზირალი ლომები, ანგელოზები, სირინოზები და ალქაჯები ასევე შეჰყურებდნენ პაემანზე გამოსულ ჩემს დიდედას ან ლახტის მოთამაშე პაპას. ვეხები გაცვეთილ კედლებსა და ხის მოაჯირებს, რომლებიც კიდევ ინარჩუნებენ ათასობით გოგონასა და ბიჭის პატარა ხელების სითბოს. კარგად რომ დავუგდო ყური, ალბათ გავიგონებ კიდეც დროის სიღრმეში ჩაკარგულ მათ ჟივილ-ხივილს... ეს უზომოდ დაბერებული და გვარიანად შეფერთხილი ლომები, გრიფონები და მრავალრიცხოვანი მითოლოგიური არსება კი დღესაც ერთგულად დარაჯობენ ჩვენს წარსულსა და მოგონებებს... რა საინტერესოა! ძველად დღიურებში, ძირითადად, ქმედების აქტები აისახებოდა... დღეს მოგონებებმა დაიკავეს მთავარი ადგილი...

დედაჩემი ერთხანს პიონერთა სასახლეში მუშაობდა, ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში (წინათ სასახლეში წრეებს სოლიდურობისთვის „კაბინეტებად“ მოიხსენიებდნენ). ჰოდა, დავდიოდით ლაშქრობებში... მახსოვს ჩემი პირველი დღიური, რომლის დაწერაც აუცილებელი მოთხოვნა იყო, სავსე იყო საუზმის, სადილისა და ვახშმის მენიუების დაწვრილებითი აღწერით. მასშივე იყო დაფიქსირებული ჩემი ნებისმიერი გადაადგილებისა და დაძინება-გაღვიძების ყველა ფაქტი.

სახლში ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. ბავშვები დაიღალნენ, ამდენი სირბილით ალიც მოითენთა, მაგრამ სიამოვნებით მომყვება სასეირნოდ. ძილის წინ ცოტა წავიმუშავე. კატა, ტრადიციულად კისერზე შემომაჯდა, მოვუსმინე ბრაიან ენოს „მუსიკას აეროპორტებისთვის“ და კარგი სიზმრებისთვის − ბრაზილიურ სამბებს.

თავისუფლების დღიურები - ნოდარ სუმბაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:30 0:00

5 ოქტომბერი, ორშაბათი

ორშაბათი... ჩემი ლაბრადორი ალი რახანია, თვალებში მიყურებს. ჩემს ყოველ განძრევაზე იმედი ესახება და კარებისკენ მირბის. ჯერ არა, ჯერ არა, ალი! ხუთი წუთი „ევრონიუსს“: ტერორისტები, ლტოლვილები, სირიის დაბომბვა, კვლავ ლტოლვილები, კვლავ ტერორისტები...

ახლა − ალი. უცნობი და ნაცნობი როტვაილერების, სეტერების, ტერიერების ხეზე დატოვებული ნიშნების დაყნოსვა, კვლავ მონიშვნა, ესტაფეტის გაგრძელება, ძაღლური სოციალიზაცია. მაგვიანდება. ჯერ ბავშვები − სკოლაში, მერე − აკადემიაში. ტაქსის მძღოლი ჩემი ძველი ნაცნობია, ყოველ ორმოზე, საცობზე და გასწრებაზე მძიმე ამოოხვრის შემდეგ სტალინს ნატრობს... „ეჰ, სოსო, სოსო, ვინ გაბედავდა მის დროს ამას, ციმბირი უკან დარჩებოდათ!“ მძღოლ ავთოს ვინ ჩივის, „ღონიერი ხელი“ ჩვენში პერიოდულადმთელ ერს ენატრება ხოლმე. ბავშვები მივიყვანე, ახლა − აკადემია. ათის ნახევარზე იქ ვარ გაჭიმული... მერე? მერე თერთმეტის ნახევრამდე ამირან გულში მღერის იუტუბის ბრაზილიური სამბის თანხლებით. აი, ჩნდებიან პირველი ცოდნას მოწყურებულებიც...

აკადემიის შემდეგ მივდივარ გადაღებაზე ასათიანის (ენგელსის) ქუჩაზე. აქ, 56 ნომერში დავიბადე; აქ, ამ თუთის ხესთან ტიროდა შინსახკომელი კოლიას შვილი ციური და მეც, ზა კამპანიუ, მასთან ერთად 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს (ვაჰ, რა ამეკიდა დღეს ეს სტალინის თემა!); აქ ჩამოვიდა გადასახლებიდან ჩემი ნათლიის, ექიმ თინა გოთუას ძმა, მწერალი ლევანი; ამ ეზოში ცხოვრობდა, ცხადია, ჩემამდე, ერმიტაჟის დირექტორი, აკადემიკოსი ორბელი; აქედან დავძვრებოდით კლდეებზე მაშინ ჯერ კიდევ ადვილად მიღწევად კომკავშირის ხეივანზე... არაჩვეულებრივი სახლები დგას ამ ქუჩაზე! სამწუხაროდ, შესანიშნავი თუჯის ალაყაფის ჭიშკრების რაოდენობა ძალიან შემცირდა. დაკეტილი ჭიშკრები, რომლებსაც უწინ მეეზოვე მხოლოდ სამგლოვიარო პროცესიისთვის აღებდა, დღეს ეზოში მანქანების დასაყენებლად ხშირად იღება და, შესაბამისად, დღის წესრიგში მალე დგება მძიმე, ორნამენტებით დახუნძლული ჭიშკრის უფრო მსუბუქით შეცვლის საკითხი. 90-იანებში ჯართის პუნქტები გაივსო მე-19 საუკუნის ორნამენტებით. ასათიანის გაგრძელებაზე პატარა კოჯრის ქუჩაა, აქაც დგას რამდენიმე მშვენიერი შენობა. ძალიან მომწონს კოჯრის 3 ნომერი, „არ ნუვოს“, იმავე „იუგენდსტილის“, იმავე „სეცესიის“, იმავე „მოდერნის“ სტილის არაჩვეულებრივი შენობა, რომელიც ახალმა პატრონმა საკმაო ტაქტით (რაც ძალზე იშვიათია!) „ჭკუაზე მოიყვანა“. საღამოს − კვლავ ალი: Home, sweet home! ქართული ტელეარხების მეშინია. საკმარისია გავიგო, როგორ ამბობს ლამაზი მოღიმარი გოგონა, დღეს რაგბიში (ვიღაცამ) ტრამვა მიიღოო, რომ მონუსხულივით ვრთავ ყუთს... ეტყობა, ვერბალური სნობიზმი მჭირს. ღამე მშვიდობისა, ბატონო ნოდარ!

6 ოქტომბერი, სამშაბათი

ჯერ კიდევ თბილა. კარგია! ამ პირქუშ, ჯიგიტურ, ორსეზონიან, სიცივე-სიცხიან თბილისში, შემოდგომის და გაზაფხულის ეს იშვიათი მშვიდი, თბილი ჩანართები ძალიან მახარებს. ჩემი ლაბრადორი ალი თვალებში მიყურებს, ცდილობს, გააგრძელოს ეს იშვიათი, დღეში ორჯერ გამოწერილი სეირნობის ნეტარი წუთები. მაგრამ დღეს ლექციები მაქვს და მართალია, ვიცი, რომ პირველი გამოუძინებელი სტუდენტი აუდიტორიამდე თერთმეტის თხუთმეტ წუთზე მოაღწევს, მაინც ვჩქარობ... მაგვიანდება და ტაქსის ვაჩერებ... ეჰ, ისევ „შენ-მართლა-ტაქსისტი-ხომ-არ-გგონივარ“ კატეგორიის მძღოლი შემხვდა. გრიბოედოვამდე ასწრებს მთელი თავისი ბიოგრაფიის მოყოლას და არც „ამ მთავრობის დედა“-ს დამატება ავიწყდება. პრინციპში, რას ერჩი, მართალია, მაგრამ ალბათ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ვერ მონახავ ქვეყანას, სადაც ტაქსი ყოველგვარი რეგისტრაციისა და გადასახადის გარეშე დადიოდეს. გაიკეთე ტრაფარეტი და იალააა! მესმის, ტაქსისტობამ ბევრი გადაარჩინა შიმშილს, მაგრამ რისკის დონე რომ ძალიან მაღალია?

აკადემიაში, როგორც იქნა, იწყება ძველი კორპუსის კაპიტალური რემონტი. შენობამ დიდი პატივი დაგვდო, საუკუნეზე მეტ ხანს გვაცალა. მაგრამ ახლა სულ მთლად დაბზარულია და ლამისაა, თავზე დაგვემხოს. სტუდენტები კანტიკუნტად მოდიან. ამ ბოლონიის პროცესმა სამხატვრო აკადემია და ზოოვეტი აბსოლუტურად ერთნაირ პარამეტრებში ჩააჯინა. მთავარია დოკუმენტაციის სწორად შედგენა, ტერმინოლოგიის სწორად ხმარება და ამას გადაყვა ტრადიცია, მენტალიტეტი... კაროჩე, ყველამ ყველაფერი ვიცით და ტყუილად ვირჯები. ბავშვები კარგები არიან. უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მთავარი მიზანი საზღვარგარეთ მოხვედრაა. მივდივარ გადასაღებად. თაბუკაშვილის ქუჩა, ფურცელაძე, ათონელი. აქ ძალიან ბევრი კარგი სახლია, მაგრად დაზიანებული, მოუვლელი, მაგრამ ახლაც რომ ასხივებს პირვანდელ აურას. სადარბაზოებში მოაჯირის სახელურები დღესაც ინარჩუნებენ ჩვენი ბებიებისა და პაპების ხელის სითბოს, კიბეებზე მოსრიალე ბიჭების არაერთი თაობის შარვლებით გაპრიალებული მუხის, წიფლის, თელის, ნაძვის სათუთად ნათალი მოაჯირები კვლავ მცხოვრებთა სამსახურში არიან...

არქიტექტურული თვალსაზრისით თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია! კი, მართალია, იშვიათი გამონაკლისით, აქ მე-19 საუკუნის არც ერთი ობიექტი არ მოიძებნება, პარიზის, რომის, ბუდაპეშტის შენობებს რომ გაუწიოს კონკურენცია, მაგრამ თბილისის ეშხი სულ სხვა რამეშია. ეს არის აღმოსავლურ-დასავლურის, ევროპულ-აზიურის ფანტასტიკური მიქსი, რომელიც დროსა და სივრცესთან ურთიერთქმედებაში საოცარ კომპოზიციებს ქმნის. აგია, ბაბა, რომ ხიბლავთ ევროპელებს და, მით უფრო, ამერიკელებს. სრულიად ფანტასტიკური ათონელის 31! უკვე რამდენი წელია, აქ რომ გამოვივლი, ყოველთვის შევდივარ სადარბაზოში − ისეთი ვესტიბიულია, თავი სპექტაკლში ან ფილმში გეგონება! ოღონდ უკიდურესად დაძველებულია და მოუვლელი. ადგილი ისეთია, არ ეპრესტიჟულებათ და ამიტომ, საბედნიეროდ, ჯერ ვერ მოიცალეს. ეს ყოფილი სასტუმრო „ლონდონია“, 1875 წელს გახსნილი. მასში უცხოვრია ლორდ კერზონს, პეტრე ჩაიკოვსკის, კნუტ ჰამსუნს... იშვიათია, იმ დროის ატმოსფერო ასე კარგად იყოს სადმე შემორჩენილი! ალი და შავი კატა კატანა (ბავშვებმა დაარქვეს იაპონური მახვილის სახელი) მეგებებიან. ზოგს სეირნობა უნდა, ზოგს − ჭამა...

7 ოქტომბერი, ოთხშაბათი

7:00. ძლივს გამოვებდღვენი ბორხეს-ფროიდის დადგმულ სიზმარს, რომლისგანაც კოშმარის შეგრძნების გარდა არაფერი შემომრჩა. საწოლის წინ ჩემი ლაბრადორი ალი ზის და მიყურებს მეგობრული, მაგრამ იმპერატიული მზერით. გავუყარე თვალი თვალში და მივხვდი: ბაი-ბაი თბილო ლოგინო, ბორხესო ფროიდთან ერთად! ხუთი წუთი დავუთმოთ „ევრონიუსს“. რა გვაქვს აქანე? მერკელისა და ოლანდის ერთობლივი გამოსვლა ევროპარლამენტში, ტერორისტები, ლტოლვილები, ისევ ტერორისტები... ვა! პუტინი სამოცდამესამე დაბადების დღეს ჰოკეის მატჩში მონაწილეობით აღნიშნავს. მალადეც, ვოვა! ფორმაშია, ყველაფრისთვის იცლის ეს ოხერი... კასპიის ზღვიდან დაურტყამთ რუსებს ისლამური რესპუბლიკისთვის. მიდიხარ შენთვის უდაბნოში აქლემით და უცებ თავში გეცემა წითელდროშოვანი რუსული კრეისერიდან, 1500 კილომეტრიდან გამოსროლილი რაკეტა... ალის მოთმინება გამოელია, სასეირნოდ უნდა ჩავიყვანო. გეპეის ბაღში ვასეირნებ. ეს ოდესღაც რესპექტაბელური, პრესტიჟული ინსტიტუტის ბაღი დღეს უსაქმური სტუდენტების ლუდის სმის ადგილად იქცა, ცხადია, ბოთლებისა და შაურმის ნარჩენების მიწაზე დაყრის ჩათვლით (ძირძველი ქართული ტრადიციაა)... ჰოდა, სწორედ ამ ჯუნგლებში მივიკვლევთ გზას მე და ალი ყოველდღე. საერთოდ „ძაღლის გასეირნება“ სრულიად ანტროპოცენტრისტული გამოთქმაა. ჩვენ ვინ გვეკითხება?! დამათრევს ეს ჩემი ძაღლი მხოლოდ მისთვის ცნობილი ტრასებით, სუნებისა და სხვა ძაღლების ნაკვალევთა ნიშნების სამყაროში...

დღეს სახლში ვზივარ, აკადემიისგან თავისუფალი ვარ. გუშინ თაბუკაშვილისა და ათონელის ქუჩებზე გადაღებული არაჩვეულებრივი შენობები უნდა გადავიტანო ტაბულებზე. ძალიან მიხარია! კი ვირგებ ყველასთვის გამომეტყველებას, რომ 8-9 საათი კომპთან შრომა, მძიმეზე მძიმე ხვედრია, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული მაქვს, როდის მოვიცლი ამ სიამოვნებისთვის. როგორც მომღერალს სჭირდება აუდიტორია, რომ გააცნობიეროს თავისი შემოქმედების ავკარგიანობა, მეც მჭირდება რეაქციის გაგება ამ ჩემს საქმიანობაზე. ამიტომაც ვდებ ყველაფერს ფეისბუკში. რეაქცია მართლაც სასარგებლოა. ამას წინათ ერთმა ქალბატონმა შემისწორა, ზუბალაშვილების ქუჩა სოლოლაკში არ არის, მთაწმინდაზეაო. მეც დავეთანხმე, თუმცა ქუჩის ნაწილი მაინც სოლოლაკში მგონია. ვქმნი ძველი შენობების ერთგვარ ვიზუალურ დოკუმენტაციას და გულით მჯერა, რომ ქალაქს კარგ საქმეს ვუკეთებ. ხმამაღალი ნათქვამია, ვიცი, მაგრამ, რომ ვუყურებ ამ გაუბედურებულ სილამაზეს, სულ მგონია, რომ ჩემი შრომა მომავალზე მუშაობს. ფულსაც რომ მიხდიდნენ კარგი იქნებოდა, მაგრამ უფულოდაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.

მუშაობაში დღე შემომეფცქვნა. ჰო, წარსულის დაფიქსირების ამ პროცესს ხელს უწყობდა იუტუბი, მთელი თავისი მუსიკალური პოტენციალით...

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი

შვიდ საათზე ვიღვიძებ, როგორც არდადეგების პირველ დღეს მონატრებული პიონერი, როცა არც არავინ გაღვიძებს, არც არავინ გერეკება სკოლაში და, წესით, უნდა იძინო და იძინო, მაგრამ ვაგლახ (რა კარგი სიტყვაა, სპონტანურად მომივიდა თავში)... წინათ შაშვების გალობის ხმაზე მეღვიძებოდა, მერე შაშვები გაქრნენ და მათი აუდიოსივრცე ყვავების ჩხავილმა დაიკავა. მერე ყვავებიც გაქრნენ. ვეღარც მერცხლებს ვხედავ... სად გაქრნენ, სად წავიდნენ, რა სოციალურ-მიგრაციულ პროცესებს გაჰყვნენ? ალის გასეირნებაზე და მადაზე ეს პრობლემები მაინცდამაინც დიდ გავლენას არ ახდენს. ცრის. ალიში კანადურ-ლაბრადორული გენეტიკა იღვიძებს და თავქუდმოგლეჯილი დარბის.

კომპიუტერი, ფეისბუკი... წერილები, რეაქცია წუხელ დადებულ „იდუმალი სილამაზის“ ახალ ტაბულებზე. მოსწონთ. ყველაზე მეტად მახარებს, როდესაც მწერენ, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე მთელი ცხოვრებაა, დადიან და ეს სილამაზე არც კი შეუმჩნევიათ. ესე იგი ტყუილად არ ვმუშაობ.

პირველ საათზე უკვე სოლოლაკში ვარ, ვიღებ ფოტოებს. სადარბაზოებს მასობრივად კეტავენ, მაგრამ ბევრგან, სადაც შევაღწიე, იშვიათი სილამაზის ნიშნები მხვდება, ათწლეულების წინ გადამწვარი ნათურის გარემომცველ წყვდიადში უეცრად შემოღებული კარიდან სადარბაზოში შემოდგომის მზის მორიდებული სხივი იჭრება და იმავე წამს იატაკი ათასფრად აკიაფდება. უსასრულო ელინურ მეანდრს ბაროკოსა და როკოკოს ექსპრესიული ხვეულები ცვლიან, რომლებიც Art Nouveau-ს ნერვიულ მცენარეულ ორნამენტებში გადადის. იატაკიდან ანათებს მარმარილოს ფერადი ნაჭრებისგან აწყობილი მზე, რომელზეც პატარა გოგონები დილით ფეხებს ითბობენ.

ავტობუსში ყური მოვკარი ანეკდოტს: კაცი სთავაზობს ავადმყოფს ვალიდოლს, ის პასუხობს, რას მაძლევ, სწორედ ვალმა და დოლმა დამღუპაო! ასეა, მთელი ცხოვრება ხმარობ სიტყვას და ვერ გრძნობ მის სტრუქტურას... ძალიან გავრცელებული სენია ჩვენში უცხოურ სიტყვებში ქართული შინაარსის ანალოგიური მარცვლების აღმოჩენით ეროვნული იდეის განდიდება. მეგონა, ეს მარტო სომხებს ახასიათებდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად! ისე, დღეს ჩემი გონების მოძრაობამ ორნიტოლოგიიდან სტრუქტურალიზმამდე ცოტა შემაშფოთა. კიროვის (პარდონ, ვერის) ბაღის პენსიონერების სკამისთვის ხომ არ მომწიფდით, ბატონო ნოდარ?

საღამო. „ევრონიუსი“ თან პუტინს აკრიტიკებს, თან ფრთხილობს, საზღვარს არ გასცდეს. ტერორისტები, გეი მღვდლები, წყალდიდობა, ამინდი... ყველგან აცივდა. უკვე მენატრება ზაფხული, მაქსიმალურად გავჭიმე დილით გეპეის ბაღში შორტებით გასვლის სეზონი, მაგრამ დღეს უკვე ცივა.

9 ოქტომბერი, პარასკევი

ძილში ბევრი ვიბოდიალე ჰოლანდიელი მხატვრის, სივრცობრივი ილუზიების ოსტატის, მორის კორნელის ეშერის შეუძლებელი კიბეებით. დაღლილმა გავიღვიძე. ცივა. აივნის კარები უკვე უნდა დავხურო. მაისიდან ღიაა. აივნის კარების დაკეტვა ჩემთვის შემოდგომის ისეთივე ნიშანია, როგორც ზოგან ჩიტების გაფრენა თბილ ქვეყნებში. ალი ხვრინავს და თან რაღაცას აქტიურობს სიზმარში.

შუადღეზე დრო გამომიჩნდა და გადასაღებად გასვლა გადავწყვიტე. გზად რომელიღაც სახლის კედელზე ქართული რაგბისადმი მიძღვნილი აქტუალური დიდი პანო დავინახე ბავშვების დახატული. საერთოდ, თბილისის კედლები ცალკე შესწავლისა და ანალიზის საგანია. ჩავფიქრდი იმ მრავალრიცხოვან გრაფიკულ სიმბოლოზე, რომლებითაც აჭრელებულია ქალაქის შენობებისა და გარაჟების კედლები. წრე, სამკუთხედი, გული, ჯვარი, მარტივი ფიგურები, რომლებიც ბევრ საიდუმლოს ინახავენ. თბილისის ასფალტზე ბავშვის მიერ დახატული ცარცის წრე თავისი არქეტიპული მნიშვნელობით სამყაროს მითოლოგიური საწყისის მატარებელია და, შესაბამისად, ოდითგან კოსმოსის, მარადისობის, სრულყოფილების, ჰარმონიის უნივერსალური სიმბოლოა. საერთოდ, იდუმალი ისტორიებისა და მნიშვნელობების გრძელი კუდი მოჰყვება ყველა ამ, ერთი შეხედვით, მარტივ ნიშანს. ბავშვი, რომელიც წრეს ან ჯვარს ხატავს კედელზე, აზრზეც არ არის, რა მისტიკურ აქტში მონაწილეობს!

ქუჩაში ბევრი ჩამოსულია, ჰიჯაბიანი ქალებიც კი ვნახე. როგორ გამოგვადგა ღარიბი ქვეყნის სტატუსი! ხომ წაგვლეკავდა ლტოლვილთა ნაკადი, აქ რომ შვეიცარია ან შვედეთი ეგულებოდეთ. აი, ხომ მოვუნახე სიდუხჭირეს პოზიტიური მხარე! ისე, ძალიან მეცოდებიან, ბავშვებაკიდებულები რომ ტკეპნიან ევროპას...

დღეს პაოლო იაშვილის ქუჩაზე ვიღებ შენობებს. ესეც ჩემი ბავშვობის ქუჩაა. ხუთ ნომერში ჩემი დიდედა ცხოვრობდა და ბავშვობის დიდი დრო მის აივანზე გავატარე ჭრელი კატის კომპანიაში. ერთხელაც ეს კატა დაიკარგა და დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ, ნაბრძოლი, ცალთვალა, დაჩეჩქვილი. აუღელვებლად დაწვა თავის ადგილზე, ტახტზე, და თათების ლოკვა დაიწყო. დიდედამ რძე დაუსხა, მე კი ვინატრე გამეგო, რა გადახდა მას ამ ერთ წელიწადში.

დრო ყველაფერს უმოწყალოდ ცვლის. რამდენჯერ მიფიქრია, რომ მე-19 საუკუნის შენობებისადმი გულგრილი დამოკიდებულება ქართული ხუროთმოძღვრული სიმდიდრითაა გამოწვეული. იმდენი უძველესი ძეგლია მოსავლელი, რომ ერთი-ორი საუკუნის წინანდელი ძეგლისთვის ყურადღებაც და სახსრებიც შეზღუდულია. მახსოვს, ბევრი წლის წინ ფინეთში ვნახე, როგორ იდგა პოლიციელი მე-19 საუკუნის ეკლესიასთან და დარაჯობდა, რომ მოაჯირისთვის ხელი არავის მოეკიდა. საღამოს „ევრონიუსმა“ გადმოსცა, რომ რუსეთის რაკეტების ნაწილი სირიის მაგივრად ირანში დაეცა. ეს რუსები მთლად გაგიჟდნენ...

10 ოქტომბერი, შაბათი

დილა. ალის დამანამუსებელი მზერა. მშიერი კატანას რიტუალური ცეკვა. სიცივე. ნებისმიერი სიცხე მირჩევნია გაზის მრიცხველის კაკუნის ხმას. ჯერ, სამწუხაროდ, ფინანსურად ვერ ავედი გულგრილი დამკვირვებლის სტატუსში, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი (კინაღამ არ ვთქვი, ყველაფერი წინაა-მეთქი)... მიყვარს ასეთი, ნესტით გაჯერებული, უმზეო ამინდი. მაგონებს ბალტიისპირეთს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც კარგად ვიცნობ(დი), ალბათ...

მერე − ფეისბუკი ჩემს საყვარელ ბერგამოტის ერლ გრეისთან ერთად. ამ ფეისბუკმა ხომ გადამრია! ცალკეული ადამიანების ასეთ თვითლუსტრაციასა და თვითგაშიშვლებაზე ვერც ზიგმუნდ ფროიდი, ვერც კაგებე და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ერთად აღებული, ვერ იოცნებებდნენ. ყველა დაფარული ლტოლვა, ღრმად ჩამარხული ვნება რაღაც მანქანებით ზედაპირზე ამოვიდა. და ხანუმას როლი. გაუთავებელი სელფები სხვადასხვა სამოსიანი და უსამოსო გოგონებისა და არც მთლად გოგონებისა ერთ აზრს გაწვდიან: აი, რა მაგარი ვარ (შესაბამისად, მე შემარჩიე)! ან, თუნდაც, ამა თუ იმ სტატუსის მოწონება-დაწუნებით გემოვნების პარამეტრების გამომზეურება რად ღირს! ძალიან სევდიანი სურათია და არაჩვეულებრივი პოლიგონი სოციოლოგისთვის, ფსიქოლოგისთვის და ფსიქიატრისთვისაც კი! გუშინ სოლოლაკში ქიქოძის, ჩემი ბავშვობისა კი ცნობილი რევოლუციონერის ფილიპე მახარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში, არაჩვეულებრივი კიბეები ვნახე. გამახსენდა ჩემი ბავშვობის კიბეები ბებიის სახლში მეჩნიკოვის (ახლანდელი დოდო აბაშიძის) ქუჩაზე. დროის განმავლობაში კიბეზე ამავალი ან ჩამავალი ადამიანის ფეხის ხმა იცვლება. ჩაძინებული ჩვილით ხელში მიმავალი ახალგაზრდა წყვილის ფრთხილ ნაბიჯებს ენაცვლება მოხუცის ფეხების რევმატიული ფრატუნი, ბავშვების მხიარული ხტუნვის ხმა ცვლის გარდაცვლილის გამსვენებლების მძიმე ნაბიჯების ხმას. ბევრი კიბეა და თან ბევრნაირი: ხის, ლითონის, ხვეული...

უკვე ღამეა. ალის ჩაყვანა დღეს გვიან მომიწია. რა ქნას, მორჩილად მელოდება კუდის ქნევით. მისთვის დღე სრულდება. მე კიდევ წავიმუშავებ ერთ-ორ საათს. ძალიან მიყვარს ეს დრო. აივნის კარი კვლავ გავაღე. მტკვრის სანაპიროს მხრიდან, რომელიღაც რესტორნიდან, ფოიერვერკის უსაშველო გრიალი ისმის. ყოველდღე ასეა: რაღაცას ზეიმობს ქვეყანა − სალუტებით, ხმამაღლა. ოღონდ რას, არ გვეუბნებიან. ჯობია, ისევ ჩემს ძველ სახლებს მივხედო...

„თავისუფლების დღიურებში“ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს რედაქციის თვალსაზრისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG