Accessibility links

29 მაისი, კვირა

საღამო იყო, ვერცხლის ქუჩაზე ვეგანურ კაფე „კივიში“ რომ მივედი. 8 საათისთვის ანიმაციური ფილმ „რიკი და მორტის“ ჩვენება იყო დანიშნული. ორი ვეგეტარიანული ბურგერი და ორი ფრეშ-ლიმონათი შევუკვეთე და დავჯექი. ანას ველოდებოდი. უცებ კაფეში ყვირილით შემოვიდა ათამდე ადამიანი, რამდენიმე მათგანს კისერზე სოსისები ჰქონდა შემოხვეული და ხელში შამფურზე აცმული მწვადები ეჭირა. სოსისები ბარის მიმართულებით ისროლეს, მწვადები კი კართან ახლოს მჯდომ კლიენტებს პირდაპირ თეფშებში ჩაუყარეს. ბარმენმა თავიდან მშვიდად უთხრა, ნუ ხმაურობთ და დატოვეთ კაფეო. ისინი, რა თქმა უნდა, არსად წასვლას არ აპირებდნენ და, როცა ვერც მეორედ და ვერც მესამედ ვერ გაიგეს წესიერად ნათქვამი, მზარეულმა და სხვა მომსახურე პერსონალმა უკვე ძალით სცადეს დაუპატიჟებელი სტუმრების ქუჩაში გაყვანა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რომლის დროსაც მზარეულს წარბი გაუხეთქეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, შევეცადე მზარეული უკან კაფეში შემომეყვანა და ბარმენს ვუთხარი, პოლიციაში დარეკე-მეთქი. ამ დროს საქმეში მეზობლებიც ჩაერიენ, ისინიც საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ არ აინტერესებდათ, ვინ იყო მართალი და ვინ – მტყუანი. როგორც ჩანს, თავიანთი სიწყნარისთვის იბრძოდნენ. ამასობაში თავდამსხმელები გაიქცნენ და პატრულიც მოვიდა. აქ დაიწყო უსიამოვნების მეორე სერია, პატრული არასერიოზულად აღიქვამდა მომხდარს და, ჩემი დაკვირვებით, ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ისინი დაზარალებულებს ეჭვის თვალით უყურებდნენ მათი ჰაბიტუსის გამო: პირსინგები ბიჭებზე, ტატუები ბეჭებზე... დრედები და იროკეზები თუ გაქვს, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ! ამან კიდევ ცალკე გაგვაღიზიანა, ერთი-ორი არააგრესიულად განწყობილი პატრული ამოვარჩიე და შევეცადე ამეხსნა, თუ რა მოხდა, რა იყო ჩხუბის მიზეზი და რომელი იყო ამ სიტუაციაში დაზარალებული მხარე. ბოლოს მზარეული და ბარმენი დაკითხვაზე წაიყვანეს და ჩვენც წამოვედით.

გზაში კი ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს ყველაფერი საოცრად ერწყმოდა „რიკის და მორტის“. ფილმში ბევრს მოგზაურობენ სხვადასხვა განზომილებაში და მეც გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს სხვა განზომილებაში მოვხვდი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი რეალობა იყო.

30 მაისი, ორშაბათი

ღამე ანამ სტატუსი დაწერა ფეისბუკზე, სადაც ეს ამბავი აღწერა, რამდენიმე საათში მეც გამოვაცხვე პოსტი და დავიძინე.

რაც დილით მოხდა, იმან ყველა გააკვირვა: ჩვენს პოსტებს უამრავი გაზიარება ჰქონდა, ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობდა და არა მარტო ადგილობრივი პრესა. ჩვენი ციტატებით აჭრელებული იყო მსოფლიოს მთავარი საინფორმაციო გამოცემების საიტებიც: ბიბისი, ენბიცი, „გარდიანი“, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, „ტელეგრაფი“, „ფოქს ნიუსი“, „სანი“, „შპიგელი“ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ორი ინტერვიუ მივეცი „კურიერს“, თითო – „იმედს“, „ნეტგაზეთს“, „პალიტრა ტვ“-ს, პირდაპირი ჩართვა მქონდა პირველი არხის „რეალურ სივრცეში“ და ერთი ინტერვიუ ფინეთის ინტერნეტგაზეთმაც ჩამომართვა. ჰოდა, ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ არასოდეს ვყოფილვარ მიდრეკილი ტელევიზიით გამოსვლისკენ, მაგრამ ახლა საჭირო იყო, საზოგადოებას გაეგო სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობდა, რომ, როგორც კაფეს თანამშრომლები ამბობდნენ, თავდამსხმელები იყვნენ ან ფაშისტური დაჯგუფება „ქართული ძალის“ წარმომადგენლები, ან ნეონაცისტური „ბერგმანის“ წევრები. მოცემულ სიტუაციაში, პირადად ჩემთვის, სულაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელი მათგანი იყო ამ ორიდან. იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ეს კონკრეტული ინციდენტი არ ყოფილა. მთავარი ის იყო, რომ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არსებობს ასეთი სამარცხვინო იდეოლოგიის მიმდევარი დაჯგუფებები და ეს პირადად ჩემი, ან ვეგანების პრობლემა კი არ არის, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა და ამას ახლავე თუ არ დაუპირისპირდა საღად მოაზროვნე საზოგადოება, ეს სიმახინჯე კიდევ უფრო საშიშ ფორმებს მიიღებს და ცოტა ხანში შეიძლება სოსისთან ერთად ტყვიაც მოგვაყოლონ. ჩემი ასეთი ვარაუდი გადამეტებული რომ არ არის, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ „ქართული ძალის“ წარმომადგენლებს თავიანთი მილიტარისტული ბარი აქვთ მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც მენიუში უწერიათ: „ზანგის კბილები“, „თურქის ღვიძლი“, „რუსის თავი“ და მსგავსი სრულიად მიუღებელი სახელწოდებები.

ეს ყველაფერი კი მართლაც ძალიან საგანგაშოა!

31 მაისი, სამშაბათი

დღეს თითქოს ყველაფერი ოდნავ მიწყნარდა და საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე წავედი „Wall“-ში, სადაც ბევრი ხალხი იყო და ვიფიქრე, ცოტას განვიტვირთები-მეთქი. მაგრამ წინ თურმე ახალი თავგადასავლები მელოდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „ციდან“ ჩამოვარდა უზარმაზარი ჩანთა, რომელიც ვინმეს თავში რომ მოხვედროდა, ალბათ ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა. მერე, რა თქმა უნდა, მივხვდით: ციდან არ ჩამოვარნილა, მეზობლებმა გადმოაგდეს სახურავიდან. ცოტა ხანში კი ჩვენი ეჭვის დასტურად უბნელი ბიჭებიც გვეწვივნენ სტუმრად და ძალიან სწრაფად აურიეს სიტუაცია. ბარის მენეჯერისგან აქტიურად და უზრდელურად მოითხოვდნენ უფასო სასმელს და დაუმსახურებელ სიმპათიას და პატივისცემას ჩვენგან, ამ ყველაფერს კი, ჯერ ერთი, მოჰყვა ის, რომ ზოგიერთმა ვეღარ მოითმინა ეს თავგასული სითავხედე და ატყდა ჩხუბი; და მეორე ის, რომ ყველა მე და ანას გვეხუმრებოდა, სადაც თქვენ მიდიხართ, ერთი ამბავი ტყდება და სტატუსი აღარ დაწეროთ ეხლა ამ ამბავზეცო. მოკლედ, ამასობაში მოვიდნენ დაცვის პოლიციელები, რომლებიც ასევე ძალიან არაადეკვატურად იქცეოდნენ, ერთ-ერთი ამბობდა, გოგოები ნუ ერევით კაცების ლაპარაკშიო, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რეებს ლაპარაკობ? რა გოგო და ბიჭი, პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარ-მეთქი?! მას ჩამოყალიბებული პასუხი არ ჰქოდა ამ შეკითხვაზე, მე კი, ვაგრძელებდი ახსნას, რომ ისინი გამოვიძახეთ იმისთვის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს და გვინდოდა, საქმე აღძრულიყო. ამაზე მითხრეს, ჩვენ დაცვის პოლიცია ვართ, ამის უფლება არ გვაქვს და პატრული გამოიძახეთო... გამოვიძახეთ პატრული, უკვე ცოტა მეღიმებოდა, ცხოვრებაში არ მქონია პატრულთან ამდენი შეხება, რაც ამ დღეებში. პატრული სანამ მოვიდა, ის უბნელები გაუჩინარდნენ და ცოტა ხანში სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ უცებ გამაყრუებელი, უწყვეტი სიგნალის ხმა გაისმა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ადგილობრივი „ძველი ბიჭები“ ასე პომპეზურად დაბრუნდნენ, ისევ ატყდა ჩხუბი, ისევ გამოვიძახეთ პატრული, ამასთანავე მენეჯერმა თავის მეგობრებს დაურეკა და ძალიან მალე ბარის ტერიტორიაზე დიდი მოტოციკლებით ბაიკერებიც მოვიდნენ. არაფერი იყო სასაცილო, მაგრამ უკვე მეცინებოდა, „Game of Thrones“-ში მეგონა თავი: ხან ორკები მოდიოდნენ უბნელების სახით, ხან პოლიციელები, ხან ბაიკერების რაზმი და, ასე სხვადასხვა ტომები. მოკლედ მეტ-ნაკლებად რომ მიწყნარდა სიტუაცია, წამოვედით. ამ საღამოს განმუხტვა არ გამოვიდა, კიდევ უფრო მეტად დავიღალეთ.

1 ივნისი, ოთხშაბათი

დილით რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს კაფეში ხორცებით შემოვარდნა აშკარად კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, თუმცა ზუსტად ვერ ვხვდებოდი, ვის და რისთვის სჭირდებოდა. იმის იმედი მქონდა, ქუჩაში ორი კამერა რომ იდგა, იქ კარგად გამოჩნდებოდა, ვინ ატეხა ეს ამბავი და მათი ვინაობაც დადგინდებოდა, მაგრამ, როგორც პატრულს უთქვამს, კამერები გამორთული აღმოჩნდა და, ამის გარდა, ვწუხდი, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ადგილიც კი აღარ იყო უსაფრთხო.

დღისით შევიხედე ფეისბუკზე, სადაც ძალიან სასიამოვნო ამბავი დამხვდა: ცნობილი ამერიკელი მომღერალი მობი გამოეხმაურა ამ ისტორიას და სოლიდარობა გამოუცხადა კაფე „კივის“. ეს მართლა ბევრს ნიშნავდა, როცა ასეთი დონის ვარსკვლავმა მოახდინა რეაგირება, ესე იგი, ღირდა სტატუსის დაწერაც და ეს ჩვენი თანადგომაც, მობის მხარდაჭერამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა.

საღამოს მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, წყნარ სიტუაციაში მოვხვედრილიყავი. ღამე ანასთან ერთად 144 საფეხური ავიარე, ტერასაზე მოვკლათდით, თითო ჭიქა ღვინო შევუკვეთეთ, პლედები მოვიხურეთ და თბილისს გადმოვხედეთ. ცოტა დაღლილები ვიყავით ამ პერიპეტიებისგან, მაგრამ, როგორც იქნა, სიმშვიდე ვიგრძენით.

2 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს „არ დაიჭიროს“ აქციაზე მივედით კანცელარიასთან. რა თქმა უნდა, იქაც ყველა „ვეგანურ რევოლუციაზე“ გველაპარაკებოდა, უმრავლესობა იმას ამბობდა, რომ თავიდან ხუმრობა ეგონათ ეს ამბავი და ახლა უკვე ვერც კი ხვდებოდნენ, ვის რაში აწყობდა ასეთი სისულელე. უამრავი ვერსია მოვისმინე, ძირითადად ის, რომ ეს ძალები რუსეთიდან იმართებიან, ან, მაგალითად, ლევან ვასაძე ახალისებს მსგავს ბანდებს, რასაც პრინციპში ასევე რუსეთთან მივყავართ.

მოკლედ, იქიდან გადავწყვიტეთ „კივიში“ წასვლა და იქ ისევ არეულობა დაგვხდა. ვიღაც ორი კუნთმაგარი ტიპი იყო მოსული და ჟურნალისტები ვართო, ამბობდნენ. ცდილობდნენ ბარმენისთვის რაღაც ინფორმაცია გამოეძალათ კვირას მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, ბარმენს ისევ პატრულში დაურეკავს და ამ „ჟურნალისტებს“, რა თქმა უნდა, არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ აღმოაჩნდათ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

3 ივნისი, პარასკევი

მოკლედ, ვერ მოისვენეს. დილით კიდევ რაღაც ვიდეო გაავრცელეს, საშინლად დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სადაც მხოლოდ ის მომენტი ჩანდა, როდესაც მომსახურე პერსონალი ცდილობდა, ძალით გაეყვანა კაფედან ის ხალხი, ვინც მანამდე ღრიალით შემოვარდა და ხორცების სროლა ატეხა. ეს მომენტი, ბუნებრივია, გამოტოვებული ჰქონდათ და მერე, მზარეული ფეხქვეშ რომ გაიფინეს, რაღა თქმა უნდა, აღარც ეგ იყო ვიდეოში. არ მესმის, როგორ შეიძლება ამ ვიდეომ რაიმე ეჭვი გაგიჩინოს მომხდართან დაკავშირებით, ძალიან უსუსური მცდელობა იყო მათი მხრიდან და, საერთოდ, როდესაც მეორე მხარეს ნეონაცისტები და ფაშისტები არიან, ვფიქრობ, ძალიან მარტივია მიხვდე, ვინ არის დამნაშავე. კიდევ კარგი „იუტუბზე“ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ნორმალურად მაინც დაემონტაჟებინათ, ვინ უნდა დაუჯეროს ამათ და ვინ იფიქრებს, რომ ასე უმიზეზოდ აგდებენ კაფედან იქ მისულ სტუმრებსო.

4 ივნისი, შაბათი

დილაა. მახსენდება, რომ სტუდენტობისას, ამტერდამში როცა ვცხოვრობდი, ყველაზე მეტად თავისუფლების ის შეგრძნება მეძვირფასებოდა, რომლითაც გაჟღენთილი იყო ჰაერი და ამის მისაღწევად ჰოლანდიელებმა მრავალი წელი იშრომეს, იზრუნეს იმაზე, რომ მათი ქვეყანა ყოფილიყო ცივილური, ხოლო საზოგადოება – მაღალი შინაგანი კულტურის მქონე და შეგნებული. არ ვიცი, როდის გახდება ჩვენთან ეს ფასეულობები მნიშვნელოვანი, არა ერთეულებისთვის, არამედ მასობრივად; როდის აღარ ექნება ხალხს შიში უცხოსა და განსხვავებულის მიმართ. ძალიან მინდა, რომ ეს მოხდეს მალე, მაგრამ ჯერჯერობით სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩვენც ბევრი უნდა ვიმუშაოთ საამისოდ: ვილაპარაკოთ, ვწეროთ, ვაკეთოთ და, რაც მთავარია, ბავშვებს – ოჯახსა თუ სკოლაში – ავუხსნათ და ჩავუნერგოთ ის ღირებულებები, რომელთა ცოდნის შედეგადაც ისინი უკვე თვითონ შექმნიან ჯანსაღად მოაზროვნე სახელმწიფოს.

მერე ფიქრებიდან გამოვერკვიე, ავდექი და ფეისბუკი შევამოწმე. დამხვდა მეგობრის წერილი გერმანიიდან:

„ნონო, რას შვრები? რადიო თავისუფლების დღიურებს წერ?“

„ვწერ“, – გავაგზავნე პასუხი და ჭვავის პურზე სოიოს პაშტეტი გადავუსვი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG