Accessibility links

15 თებერვალი, კვირა

დღეს კვირაა. საღამოს მეგობრებთან მივდივარ სტუმრად...

ჩვენი საერთო მეგობარი, ქეთი, პარიზიდან ჩამოვიდა და ესეც ერთ-ერთი საბაბი იყო ჩვენი შეხვედრისა. უამრავი კითხვა დავაყარეთ და ისიც ჰყვებოდა და ჰყვებოდა... ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე ჩემს მეგობრებში: ზოგში საუცხოო კულინარი (მანანა), ზოგში პოეზიის უბადლოდ გადმოცემის უნარი (სოფო), ზოგში კი, მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ურთიერთობისა, გამოულეველი სითბო (მზია)...

საერთოდ, ღმერთმა ბევრი მეგობარი მაჩუქა. ზოგი ბავშვობიდან მომყვება, მაგალითად, მანანა გარუჩავა და თამრიკო კასრაძე; ზოგი სკოლიდან − ფასო მატკავა; ზოგიც ინსტიტუტიდან − მზია, სოფო, ნინო, მარინა, ფისო, ირინა, მანანა, ცისო და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ; ზოგი - სამსახურიდან...

„მზიურში“ ვმუშაობდი, პიონერთა სასახლის გოგონათა ანსამბლში, და იქაც შევიძინე მეგობრები: გურამ ჯაიანი, კახა ცაბაძე, ზორიკა, რომელიც საქართველოში აღარ არის, ტეცო − გურამ ტეცოშვილი, და ბავშვები... რომელი ერთი ჩამოვთვალო − დაწყებული მაია ჯაბუათი და დამთავრებული თათია გიორგობიანით. აქ იგულისხმება ყველა თაობა − პირველიდან მეექვსემდე. ბევრი მეგობარი მყავს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი სულის მეგობრები დღემდე არიან ლალი სეთურიძე და მანანა ხვედელიძე, ნუკრი კაპანაძე და ჯულია ხოფერია, დაბოლოს − „ფორტე“... აქ უკვე არ ვიცი, პროფესიაა თუ სული, გულია თუ მირონი. ალბათ, ყველაფერი ერთად...

16 თებერვალი, ორშაბათი

შუადღისას რადიო თავისუფლებაში გავიარე. მარინა ვაშაყმაძემ იცის, რომ ახალ-ახალი სასუსნავები მიყვარს, ახალი სახის ყავა მაქვს, დაგალევინებო, და მეც გავიქეცი. მარინა მაგარია. მივედი, გავსინჯე, გადავირიე...

17 თებერვალი, სამშაბათი

სამშაბათობით ვმუშაობ საბავშვო ბაღში, რომელსაც „ნევერლენდი“ ჰქვია. კვირაში ერთხელ კონსულტაციას ვუწევ პაწაწუნა ბავშვებს, ვეხმარები ახალბედა პედაგოგებს − ნათიას და ელენეს, რათა ერთად აღვზარდოთ, სწორად ვასწავლოთ მღერა, ქართულად მღერა და აზროვნება მინდა ვასწავლო, პირველ რიგში. სიმღერის ანაბანა, სიმღერის სიყვარული, შემდეგ ჩამოვიყალიბოთ გემოვნება და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, რა უნდათ, ვის რა ჟანრი უნდა: კლასიკა თუ რეპი, ლირიკა თუ საცეკვაო. მე ვფიქრობ, სიმღერის ტექსტიც კი ასაკისთვის და ამ ასაკის „ტვინისთვის“ მისაწვდომი უნდა იყოს. აბა, როგორ ივარგებს, 5-6 წლის ბავშვმა იმღეროს ნიკორწმინდაზე ან „ღამით წვიმის წვეთები რომ ეცემიან ღაწვებზე“... ჰაჰაჰა, ნამდვილად სასაცილოა.

ჩვენ, ქართველებს, შესანიშნავი მუსიკალური ისტორია გვაქვს ასაკობრივადაც და ჟანრობრივადაც. ჰოდა, მიხარია, რომ არსებობენ ჩემი აზრის ადამიანები. ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემი შრომის შედეგს ვხედავ, სმენაში ვინმეს ცოტა რომ უჭირს და წლის ბოლოს სოლისტად თუ არა, დუეტში ან კვარტეტში მაინც რომ დავაყენებ ხოლმე.

2003 წლიდან შეიქმნა ტელეკომპანია „იმედი“. მე მიყვარს ეს არხი. გულში მიყვარს. რაღაც-რაღაცები არ მესმის ამ ბოლო ხანს... მაგრამ მე მაინც მიყვარს ეგ არხიც და ბატონი ბადრი პატარკაციშვილიც, ვისი წყალობითაც დაიბადა ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ბრენდი, „ნუცას სკოლა“. ეს იყო პირველი მუსიკალური პროექტი პირდაპირი ეთერის რეჟიმით, და მან მოგვცა ისეთი ნიჭიერი და ცნობილი ახალგაზრდა მომღერლები, როგორიცაა სოფო ხალვაში, „კორკოტა“, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი, თემო საჯაია, სალომე დოლიძე, ნინი შერმადინი... ვლად არამოვი და ლადო ჯანელიძე, რომლებიც არა მარტო მომღერლებად ჩამოყალიბდნენ, არამედ წარმატებული შოუმენებიც არიან.

„ნუცას სკოლის“ შემდეგ ზოგმა სხვადასხვა პროექტში მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში და „გრან-პრი“ თუ არა, პირველი ადგილი მაინც მიიღეს.

18 თებერვალი, ოთხშაბათი

მე თუ რაიმე პატარა მუსიკალური მონაცემი მაქვს, ბებიაჩემის დამსახურებაა. ბებიაჩემი მეგრელი იყო, აბაშიდან, და მღეროდა საეკლესიო გუნდში. ერთხელ მისთვის მოუსმენია ზაქარია ფალიაშვილის ძმას და ზაქარიას თანხმობით დაუპატიჟებია ქუთაისში, ეკლესიაში სამღერად. მე მგონი, აქ უკვე კომენტარი ზედმეტია... ბაბუაჩემიც მეგრელი იყო, დგებუაძე, თავადი, ულამაზესი გარეგნობის კაცი, განათლებული, ჯენტლმენი... მაგრამ ღმერთმა ადრე მიიხმო თავისთან და დარჩა ბებიაჩემი ქვრივი. ცოტა ხნის შემდეგ ბებია მეორედ გათხოვდა. ცოლად გაჰყვა იმხანად საქართველოში მოღვაწე სამხედრო მოსამსახურეს, ლატვიის მოქალაქე ზახარი ფროლოვიჩ იოვსეს, რომელმაც საკუთარი შვილივით გაზარდა დედაჩემი, მისცა გვარი და ისწავლა არა მარტო ქართული ენა, არამედ, საქართველოს და ბებიაჩემის სიყვარულით, ქართული საჭმელების კეთებაც. ჩვენ კი, მე და ჩემმა ძმამ, რუსული ენა ვისწავლეთ ბრწყინვალედ მისი დახმარებით. ბაბუაჩემი გარდაიცვალა 103 წლის. ისე, სულ მაინტერესებს, ვინმე თუ არსებობს მისიანი, ან მისი გვარის ხალხი როგორ გამოიყურება, ან რას წარმოადგენს.

რაც შეეხება მეორე ბაბუას, ამბაკო ჯანელიძეს, იყო მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელი, ისე, უმნიშვნელო წევრი, მაგრამ ამითაც ამაყობდა. მამაჩემზე ისეთი გავლენა ჰქონია, რომ მამაჩემი ორჯერ დაიჭირეს საზღვარზე და დააბრუნეს ჯერ კიდევ სტუდენტობამდე. ძალიან ნიჭიერი ყოფილა მამაჩემი. 12 წლის იყო, როცა ჩაის ფოთლის საშრობი მანქანა გამოიგონა. მამიკოს ვეძახდი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღმზრდელი, სიმკაცრეს იჩენდა, ძალიან თბილი იყო, როგორც მეუღლე. დედაჩემს ეტყოდა ხოლმე, შურიკო, ჩაალაგე ორი დის ბარგი, ხვალ მოსკოვში რიხტერის კონცერტია და ბილეთები ავიღე, ზეგ უკან ჩამოვალთო. მე მისი მამობრივი მოფერება არ მახსოვს. ავად რომ იყო, ჩემი სახელის წერის დროს გაუვარდა კალამი, ისე რომ, ბოლო ასოს დაწერა ვერ მოასწრო და გარდაიცვალა.

დედა − შურა ჯანელიძე. ეს სახელი საქართველოსათვის ცნობილია, ყველას ახსოვს მისი სილამაზე, აღზრდა, მეგობრობა, ოჯახის სიყვარული და ოჯახისთვის თავდადება. მე და ჩემი ძმა პატარები დავობლდით და დედაჩემმა მარტომ აღგვზარდა და გაგვზარდა. მე ვფიქრობ, სწორად გაგვზარდა, არ მოგვაკლო არაფერი. კარგ სკოლაში ვსწავლობდით − იქ, სადაც თვითონ სწავლობდა − პირველ სკოლაში. გვაზიარა კულტურას და ხელოვნებას. ჩემი ძმა მხატვარია, მე − მუსიკოსი. გვასწავლა გემოვნება ყველგან და ყველაფერში. მოკლედ, მეტს ვეღარ ვწერ, გული ამიჩქარდა. ძალიან მენატრება დედა...

19 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს თავისუფალი დღე მაქვს, არც ერთ სამსახურში არ ვარ წასასვლელი. ვმუშაობ საბავშვო ბაღ „ნევერლენდში“, TV 3-ში და ანსამბლ „ფორტეში“ მუსიკალურ ხელმძღვანელად.

სკოლაში ხუთი წლის შევედი. პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა მკითხა: აბა, გოგონი, რა გქვიაო? მე ისედაც პატარა ვიყავი ტანით და სულ გავქრი, ხმაც გამიქრა და, ნუცა-მეთქი. იმ დროს ეს სახელი თითქმის არც არსებობდა და ეგრევე მითხრა: „ააა, ესე იგი, ნინო“, და ასე გავჩნდი ნინო ჯანელიძე. მე გამიხარდა, იმიტომ რომ სახელი „ნუცა“ მეხამუშებოდა და მრცხვენოდა. მთელი სკოლის პერიოდი ვიყავი ნინო. სკოლაში ერთ-ერთი ცნობილი ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვმღეროდი და სამთავრობო კონცერტებზე გამოვდიოდი. ამ კონცერტებზე ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის წერდნენ სიმღერებს: მერი დავითაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნოდარ გიგაური. მერე ჩემი ძმაც ამღერდა და ახლა უკვე რევაზ ლაღიძემ დაგვიწერა დუეტი და კინოფილმში გავახმოვანეთ კიდეც. ამ გახმოვანებაში ფული გამოგვიწერეს.

მე და ჩემს ძმას ყველა გვიცნობდა თბილისში და ცეკას მდივნის დავალებით ტელეფონი უფასოდ დაგვიდგეს. მაშინ ეს ძვირი ფუფუნება იყო და იშვიათობაც. მერე გავიზარდე და შემრცხვა სცენაზე დგომა და როიალთან დავჯექი. აკომპანიმენტს ვუწევდი ჩემს ძმას, რომელიც ისეთი მაგარი იყო, რომ რობერტინო ლორეტის ამსგავსებდნენ. ტელევიზიის ხშირი სტუმრები ვიყავით. ისე მრცხვენოდა, ოპერატორებს ვეუბნებოდი, არ გადამიღოთ-მეთქი.

მერე გამოხდა ხანი და გამიჩნდა სიმპათიები. მინდოდა, „იმას“ დავენახე და ოპერატორებს გადაღებაზე უარს აღარ ვეუბნებოდი. მეტიც, ვთხოვდი, მონიტორზე ჩემი თავი მაჩვენეთ-მეთქი, ვისწორებდი თმას, მაკიაჟს და ასე შემდეგ... ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია − კონცერტმაისტერობა. ძალიან საჭირო პროფესიაა, მაგრამ მადლობას ნაკლებად ამბობენ ხოლმე, ზოგჯერ გამოცხადება ავიწყდებათ, ზოგჯერ თაიგულის მირთმევა, ზოგჯერ ეკრანზე ჩვენება... თუმცა ყველა ეძებს კარგ კონცერტმაისტერს.

დედაჩემისგან ვისწავლე პედაგოგობა. ეს პროფესიაც „უმადურია“. თუ ბავშვი კარგია, რა მაგარი ბავშვიაო, ამბობენ, და თუ რამე შეეშალა, სად არის ამ ბავშვის პედაგოგი, ვერ მიხედაო?! მე მაინც მიყვარს ეს პროფესია და ყველა ის ბავშვი, სტუდენტი, დიდი თუ პატარა, ვისთანაც ურთიერთობა მქონია. სანამ შემიძლია და ვჭირდები ვინმეს, მთელი გულით და მთელი გამოცდილებით დავეხმარები ყველას.

გულის კუნჭულებში შენახულ საიდუმლოებებზე აღარ ვწერ. ძალიან ბედნიერიც ვყოფილვარ და იმედგაცრუებაც გამომიცდია...

20 თებერვალი, პარასკევი

დილიდან მივხედე საოჯახო საქმეებს. სადილიც კი გავაკეთე, ლობიო ამოვლესე. ბავშვობაში არ მიყვარდა ოთხშაბათი და პარასკევი. ბებიაჩემი დილიდან გასცემდა ხოლმე ბრძანებას: აბა, ლობიო, ან წიწიბურა, ან რაიმე წვნიანი, ზეთით გაკეთებულიო! თურმე ეს დღეები მარხვის ყოფილა და ამიტომ. რომ გავიზარდე, მერე ამიხსნეს, ამდენი წელი რატომ გვქონდა ასეთი მენიუ ამ ორ დღეს. ჰოდა, გავაკეთე დილიდან ლობიო, ამოვიტანე მაღაზიიდან მჟავე და თუ დროზე მოვედი, იქნებ მჭადიც გამოვაცხო და გემრიელად შევექცე ტელეეკრანის წინ.

შუადღისას წავედი რეპეტიციაზე ჩემს მეორე ოჯახთან, „ფორტესთან“. „ფორტე“ 22 წლისაა. ამდენ ხანს ერთად ვართ ჩვენი პლუსებით, მინუსებით, ჩვენი მხიარული დღეებით და გაჭირვებით, შვილებით და შვილიშვილებით. ეს ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის: ოთხი შვილიშვილი მყავს. ჩემები არა, ჩემი ძმის შვილიშვილები, მაგრამ ერთად ვცხოვრობთ და რამ გაგვყო...

ამ 22 წლის მანძილზე უამრავი კონცერტი, გასტროლი, კლიპი და დისკი გვაქვს ჩვენს არქივში. თავიდან „ფორტე“ გამოჩნდა გიორგი ცაბაძის საიუბილეო კონცერტებში. ტურნე მოაწყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ჩვენმა მეგობარმა, ვაჟა ქადაგიძემ, რომელიც მაშინ ცეკაში კახეთის რეგიონის კურატორი იყო. ჰოდა, ჩაიფიქრა ეს ტურნე კახა ცაბაძესთან და პოეტ ზურაბ გოშაძესთან ერთად. ძალიან მაგარი და მეგობრული კოლექტივი შეგვკრიბეს: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, „ორერა“, „სიმი“, ქალთა ტრიო „ჰარმონია“, ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი. მე ნუკრისთვის უნდა გამეწია თანხლება. უცებ შევთავაზე გოშაძეს და ცაბაძეს „ფორტე“. კარგი, შენი ხათრით ჩავსვამთ და ვნახოთ, რას იზამენ ტურნეში და მერე გადავწყვიტოთ, ბათუმსა და თბილისში გამოვლენ თუ არაო, მითხრეს.

წავიდა და წავიდა, აგორდა და აგორდა... მერე იყო მოსკოვი: 1996-იდან 2000 წლის ჩათვლით. მთელი სამი წელი ვცხოვრობდით და ვმუშაობდით კლუბ-რესტორან „ოქროს ოსტაპში“. ჩვენი შეფი იყო ყველასთვის ცნობილი არჩილ გომიაშვილი. სამი დღით წავედით (3 აგვისტო იყო) და დავრჩით სამ წელზე მეტ ხანს, შუალედებში ჩამოვდიოდით საქართველოში. მოსკოვში ყოფნისას ვეხმარებოდით ბევრს, რითაც შეგვეძლო: ზოგს ჩვენთან ვაცხოვრებდით, რომ სასტუმროს და ბინის ფული არ დაეხარჯათ, ზოგისთვის წამლები ჩამოგვქონდა. თბილისში არც ერთ კონცერტში ჰონორარს არ ვიღებდით და ჩვენს ფულს სხვას ვაძლევდით. ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. ჩვენს ოჯახებს ვარჩენდით. ეს ის პერიოდია, გაზი რომ წავიდა და ეზოებში აგურებზე აკეთებდნენ საჭმელს. აი, ამ დროს ჩვენ იქ ვმუშაობდით. იქაური სტუმრები და თანამშრომლები თან გვყვებოდნენ. ბატონი არჩილი შვილებივით გვექცეოდა. ჩვენ „ვაიძულეთ“ ეს ხალხი და ჩვენი სიმღერის დროს წყვეტდნენ არა მარტო ჭამას, არამედ საქმიან საუბარსაც, სასიყვარულო დიალოგებსაც და ყოველი ნომრის შემდეგ ტაშს გვიკრავდნენ.

21 თებერვალი, შაბათი

დღეს შემიძლია, ადრე არ ავდგე. მოწაფე თორმეტზე მოვა. მანამდე აუცილებლად ყავას დავლევ. მყავს პატარა თუთიყუში და სამზარეულოში რომ შევდივარ, ყავის გასაკეთებლად იწყებს ჭიკჭიკს, რომელიც ლაპარაკს უფრო ჰგავს. თითქოს მსაყვედურობს: სად ხარ ამდენ ხანს, ხომ იცი, რომ მშიაო...

გაკვეთილისთვის ვემზადები, ნოტები გადმოვიღე და უცებ დედა გამახსენდა. დედაჩემი კონსერვატორიაში სწავლობდა, ვოკალურზე. იმ პერიოდში სწავლობდნენ რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა, ამას დაემატა გიორგი ცაბაძე, პეტრე გრუზინსკი, ლევან ჭუბაბრია, იოსებ ნონეშვილი, მორის ფოცხიშვილი, ნოდარ დუმბაძე, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე... ისინი დედაჩემის მეგობრები იყვნენ და დედაჩემის წყალობით გავიცანი. ზოგთან ოჯახებით ვმეგობრობდით, ზოგთან კოლეგიალობა გვაკავშირებდა. ყველა ამ ისტორიულ პიროვნებას პირღია შევცქეროდი. ახლა ძალიან ვნანობ, თუ ვინმესთან არ მაქვს სურათი გადაღებული. სამაგიეროდ ამაყი ვიყავი!...

მოხდა ისე, რომ „ფორტესთან“ ერთად წავედი ავსტრიაში. ვენაში, ერთ-ერთ კონცერტზე, შესვენებისმაგვარი 15-წუთიანი კითხვა-პასუხი გაიმართა. ერთ-ერთმა მაყურებელმა გვკითხა, მართლა ასეთი ხმები გაქვთ თუ მიკროფონი გეხმარებათო? ჩვენც დემონსტრაციულად გავწიეთ მიკროფონები და გავიმეორეთ ბახის „ავე მარია“. „ავე მარია“ იმიტომ, რომ მასში დიდი დიაპაზონია საჭირო და ალბათ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომელიც იქვე გავფანტეთ. მერე ყველამ ბევრი ვიცინეთ ამაზე.

ერთ მშვენიერ დღეს ბედმა გამიღიმა და შევხვდი, არც მეტი და არც ნაკლები, იან გილანს. მაშინ თბილისში ძალიან მოდური იყო როკოპერა „სუპერსტარი“, და იან გილანი თბილისში − ეს უკვე სენსაცია იყო! მოისმინა ჩვენი სიმღერა და გაგიჟდა, არ ვაჭარბებ. მთელი საღამო უჭმელ-უსმელი გვისმენდა. მერე ლონდონში დაგვპატიჟა. ჩვენც დავპირდით, აბა, რას ვეტყოდით? ხეზე მიყვარს მუშაობა და ჩემი სახლისთვის დიდი სასადილო მაგიდა გავაკეთე ლომის ფეხებით და მაღალზურგიანი სკამებით, და მინდა, ერთად ვისადილოთო. მაგარია, არა?

მოსკოვში მუშაობის დროს ჩვენთან მოვიდა თვით რობერტინო ლორეტი! „ჯამაიკააა“− ამას რომ მღეროდა. მისმა პროდიუსერმა მთხოვა, სიმღერა უნდა და ხომ არ დაუკრავდი, რამე ნეაპოლური თუ იციო? იხტიბარი არ გავიტეხე და რომელი გნებავთ-მეთქი? „სორენტოო“. რა თქმა უნდა, ვიცოდი. რომ ვკითხე, რომელ ტონალობაში გნებავთ-მეთქი, გაგიჟდა... მართლა ასე იყო. სურათები გადაგვიღო ამ პროდიუსერმა და მთელი საღამო, რობერტინოს თხოვნით, მათთან ერთად ვიჯექი სუფრასთან. საერთოდ, მომღერლების სტუმრებთან დაჯდომა არ შეიძლება, ასეთია შინაგანაწესი, მაგრამ ბატონმა არჩილმა გამონაკლისი დაუშვა.

დაბოლოს, არ შემიძლია „საინტერესო ადამიანების კლუბის“ სათავეში არ დავაყენო ადამიანი, რომელიც მოსკოვში გავიცანით 1997 წელს და დღემდე ვმეგობრობთ. ეს არის ჯულია ხოფერია. მას ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ადამიანი, ბატონო სერგეი მირონოვი. ჰყავს ძალიან კარგი ქართველი შვილი, სერიოჟკა, და მისი ულამაზესი მეუღლე − ტამუსია აბაკელია. ჰყავს შვილიშვილები, ჰყავს უამრავი მადლიერი, დამლოცავი ხალხი. სამი კლიპი „ფორტეს“ სწორედ მისი წყალობით გვაქვს. მისი დამსახურება იყო 2001 წელს ჩვენი ორიგინალური სოლოკონცერტიც, რომელიც პირველი იყო სცენაზე ოცკაციან ორკესტრთან ერთად, მთელი მეორე განყოფილება ცოცხლად ვიმღერეთ. სასაცილოა, ამას რომ ხაზს ვუსვამ − „ცოცხლად ვიმღერეთ“. მომღერალი ხარ და, აბა, ცოცხლად არ უნდა შეგეძლოს სიმღერა?!

ღმერთის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჯილდოდ მერგო ამ ისტორიულ და საინტერესო ადამიანებთან არა მარტო ურთიერთობა, არამედ მეგობრობაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG