Accessibility links

logo-print

27 ივლისი, კვირა

დღეს დავისვენე. მთელი კვირა C ჰეპატიტის კამპანიის მზადების დასკვნით ეტაპს გავდიოდით კოლეგებთან ერთად. ტრადიციულად, შრომატევადი საქმე აღმოჩნდა კამპანიის გამართვა, მეტადრე, რომ ის ქვეყნის შვიდ ქალაქში გაიშალა.

კვირა კარგა ხნის გათენებული იყო, სახლში რომ დავბრუნდი. ღამით კიკეთში ვიყავი - ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Kiketi Open Air. ფესტივალის სლოგანი იყო „10 წელი თქვენთან ერთად“. გამახსენდა წინა „კიკეთები“ და მივხვდი, რომ ყოველ წელს გვენატრება წინა წელიწადი, როდესაც ვამბობდით: „რა კარგი იყო შარშან!“ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საკლუბო ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა ფაქტიურად ნულამდე დავიდა და ახალგაზრდები ალკოჰოლით, სააფთიაქო ნარკომანიით და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, იმავე „სპასიებით“, იმავე „ბიოთი“ არიან გატაცებული. შსს-ს რომ ჰკითხო, ისინი კარგად მუშაობენ და ნარკოტრეფიკს ეფექტიანად ებრძვიან. რეალობა ისაა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტი ზიანის მომტან ნივთიერებებს მოიხმარენ და ამით: 1. შეუქცევად ზიანს აყენებენ საკუთარ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და 2. ალკოჰოლის გამო აგრესიულად უპირისპირებიან ერთმანეთს. ეს ყოველივე კი, სხვა პრობლემებთან ერთად, ელექტრონული მუსიკის სცენას სამუდამოდ გაქრობას უქადის. დიახ, მე არ მომწონს დიღმის ტრასის რესტორნები, ღიპი, „რაზბორკა“. მე ბედნიერება მირჩევნია. ყველას აქვს ბედნიერების უფლება. თუმცა, იმ ღამით ბედნიერება არ გვეწერა.

საღამომდე მეძინა. მეგობრების სანახავად კაფეში გავედი. კაფეში შუქი ჩაქრა. შუქი ჩაქრა ქალაქში და თითქმის მთელ ქვეყანაში. „იმერეთი“ გაითიშა. თუმცა, ეს მერე შევიტყვეთ. იმ მომენტში ფოიერვერკებიც გაუშვეს და გვეგონა, ომი დაიწყო. რაც მთავარია, 112-ს ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ რა მოხდა. ამიტომ დავიკიდეთ და 90-იანი წლების ისტორიების გახსენებით შევიქციეთ თავი.

28 ივლისი, ორშაბათი

დღეს დიდი დღეა. 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. მე და ჩემი თანამოაზრეები მეოთხე წელია, ამ დღეს C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის კამპანიას ვუძღვნით. რატომ C? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 6,7% ამ დაავადებით ცხოვრობს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე დევნილები, ნებისმიერი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა და საკმარისზე მეტია საარჩევნო ბარიერის გადასალახად. სწორედ საარჩევნო პროცესი გახდა ჩვენი წლევანდელი კამპანიის შთაგონება. კამპანიის დევიზი იყო „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“. მისი მთავარი გზავნილია „დაავადება 25 წელია, რაც აღწერილია, 15 წელია არსებობს ეფექტური მკურნალობა, ახალი მედიკამენტების ეფექტურობა კი 90%-ს უტოლდება. დაუშვებელია დაავადება იკურნებოდეს და ადამიანები იღუპებოდნენ“.

არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღუპება საქართველოში ღვიძლის გართულებული დაავადებით, რადგან არ არსებობს სტატისტიკა. არავინ იცის, რამდენი ახალი შემთხვევა გვაქვს ყოველწლიურად. სამაგიეროდ, შარშან აშშ-ში ამ ინფექციით გამოწვეულმა სიკვდილობამ შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა. C ჰეპატიტი ხდება „ახალი შიდსი“. შიდსის მოძრაობის ისტორია იმის იმედს მაძლევს, რომ სახელმწიფოები ჩაერთვებიან ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში და ფარმაკომპანიებს აიძულებენ, შეამცირონ მკურნალობის ფასი. მავანი მეტყვის, კი მაგრამ, პრეპარატის კვლევასა და განვითარებას ხომ განუზომლად დიდი თანხები სჭირდებაო? მე ვუპასუხებ: ეს ყველაფერი ტყუილია: ახალი მოლეკულების უდიდესი ნაწილის აღმოჩენა საჯარო სექტორში ხდება - უნივერსიტეტებში და კვლევით პროგრამებში. შემდეგ ფარმაკომპანია იხდის დიდძალ თანხას კეთილსაიმედო მოლეკულაში და ბოლომდე მიჰყავს პრეპარატის კვლევა და განვითარება. მსოფლიოს წამყვანი ფარმკომპანიები უფრო მეტ თანხას აბანდებენ საკუთარი პროდუქციის მარკეტინგში, ვიდრე ინოვაციაში.

ფარმაკომპანიების მომხვეჭელობა არის რეალობა და ამის მშვენიერი მაგალითია C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“. მწარმოებელმა ამერიკის ბაზარზე ის 84 ათას დოლარად გამოიტანა. მედიკამენტის ფასი ამოდენა არასდროს ყოფილა! კომპანიამ ეს ფასი იმით გაამართლა, რომ ღვიძლის გადანერგვა უფრო ძვირია. სამაგიეროდ, ეგვიპტემ, სადაც ამ დაავადების გავრცელება მსოფლიოში ყველაზე მაღალია, შეძლო ეფექტიანი ფასდაკლების მიღწევა და ზუსტად იგივე წამალი სულ რაღაც 900 დოლარად მიიღო. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ამ ფასის პირობებშიც იღებს მოგებას და მაინც 99-ჯერ ძვირად ყიდის მას. ამ ფაქტმა არა მხოლოდ იმედი გაუჩინა დაბალი შემოსავლების ქვეყნებს, არამედ საგონებელში ჩააგდო ამერიკა, საფრანგეთი და 13 სხვა უმდიდრესი ქვეყანა და კითხვები წარმოშვა ფარმაკომპანიის საფასო პოლიტიკის მიმართ.

28 ივლისს კვლავ მოვისმინეთ დაპირებები მთავრობის მხრიდან. წელს, შარშანდელთან შედარებით, დაპირებები უფრო მოკრძალებულია, რადგან შარშანდელი ჯერ არ შესრულებულა. პაციენტებისთვის კი მკურნალობა კვლავ ხელმიუწვდომელია. ისინი ელიან გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი კამპანია ამბობს: ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ის ერთადერთი არჩევანია, რაც სახელმწიფომ მოქალაქეს უნდა მისცეს.

თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში გავმართეთ იმიტირებული არჩევნები. პაციენტებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სოლიდარულმა მოქალაქეებმა საარჩევნო ბიულეტენზე შემოხაზეს „სიცოცხლე“ და ის საარჩევნო ურნაში ჩააგდეს. ეს არის ჩვენი ნება, რომელსაც სახელმწიფოს ვკარნახობთ.

29 ივლისი, სამშაბათი

კამპანიის ჯგუფმა დილიდან ბათუმისკენ აიღო გეზი. მატარებელში ყველაზე ხშირად განხილული თემებია სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება, შსს-ს მინისტრის მაზალო გამონათქვამები... და, რა თქმა უნდა, „კაზანტიპი“. ეს უკანასკნელი პოპულარულ თემად აქცია არა იმდენად მასზე მომუშავე ჯგუფის პიარ-აქტივობამ, რამდენადაც მორალისტთა დაჯგუფების აღშფოთებამ, ერისათვის სოდომისა და გომორას ისტორიის მერამდენედ შეხსენებამ და ერის სულიერი და მორალური განადგურების საფრთხის წინ წამოწევამ. სამაგიეროდ, ბევრმა გაიგო, რომ „კაზანტიპი“ არის „დამოუკიდებელი რესპუბლიკა“, რომელიც რეალობის რეალური ალტერნატივაა. სრულებით ღირსშესანიშნავი იყო ანაკლიელ ბებიებთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ, სადაც ისინი ძალიან გონივრულად აყალიბებენ არგუმენტებს ფესტივალის მხარდასაჭერად. მგონია, რომ ასეთ მოქალაქეებზე აშენდება სახელმწიფო, არა რესპუბლიკა „კაზანტიპი“, არამედ რესპუბლიკა საქართველო.

ბათუმმა მზიანი ამინდით გაგვაოცა. მიმაჩნია, რომ ბათუმში ყოველთვის კარგი ამინდია. რადგან, რომ არა წვიმა, ბათუმი არ იქნებოდა ბათუმი. ისე, ქართველები მეტად ჰიდროფობიური ხალხია: არ უყვართ წვიმა, ცურვა და წყლის დალევაც კი...

ერთი ღამით ბათუმში ჩასვლა ბარბაროსობაა. ხოდა, ჩვენც ბარბაროსებივით შევესიეთ ქალაქს. დღის ბოლოს, „ფანფანში“ მეგობრებიც მოვინახულე. ღამის ბათუმის ცაზე შევნიშნეთ, რომ მუდმივად სამი-ოთხი თვითმფრინავი მოფრინავდა ყველა მიმართულებიდან. ეს იმის გამო ხდება, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს სხვა ბარბაროსებმა. ეს შემთხვევა უკვე გახდა გარდამტეხი პუტინის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაში. სამწუხაროა, რომ ამისათვის 300-მდე უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკული და საშინელი სიკვდილი გახდა საჭირო. რამდენიმე მგზავრს ვიცნობდი, რადგან ისინი შიდსის მსოფლიო კონფერენციაზე მიდიოდნენ. მოძრაობამ ბევრი გამორჩეული აქტივისტი დაკარგა.

30 ივლისი, ოთხშაბათი

საქმის დროა. დავესწარით შეხვედრას ბათუმის საქალაქო და აჭარის რესპუბლიკური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის და პაციენტთა თემის წარმომადგენლებთან. ძალიან მოწადინებულები არიან, ფულიც გამოყვეს და სამომავლო მზაობაც დაგვიდასტურეს. დღეს დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის მხრივ აჭარა ლიდერობს, მკურნალობის მხრივ - ციხე. იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი პაციენტი სულ მალე მიიღებს მკურნალობას. ამისთვის ვიბრძოლებ, რადგან ამის პირობა ჩვენ თანამებრძოლს, ზურა დანელიას მივეცი. ზურა შარშან დავკარგეთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში.

თბილისში დაბრუნების დროა. ტაქსიმ 15 წუთით დაიგვიანა იმის მიუხედავად, რომ 1 საათით ადრე გამოვიძახეთ. კომუნიკაცია ამ საზოგადოების მთავარი პრობლემაა. მატარებელს მაინც მივუსწარით.

31 ივლისი, ხუთშაბათი

სამსახურში მივედი. ცესკოში დავრეკე და მადლობა გადავუხადე საარჩევნო ურნების და კაბინების თხოვებისათვის. ოფისში ოთხჯერ ჩაქრა შუქი. რუტინული სამუშაო დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროში წავედი - C ჰეპატიტის მკურნალობაზე ფასდაკლების სახელმწიფო პროგრამის კომისიას უნდა დავსწრებოდი. 75 განცხადება შემოვიდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ექიმები აღტაცებას ვერ მალავდნენ პაციენტთა სიმრავლის გამო. თითოეულ ექიმს სამუშაო დრო სრულად დაეტვირთა. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა რაოდენობის პაციენტებსაც სჭირდებათ მკურნალობის არა ფასდაკლებული, არამედ უფასო პროგრამა.

საღამოს შევხვდი ჩემი მეგობრის სტუმრებს, რომლებიც ისრაელიდან ჩამოვიდნენ. მათი თვალით ქვეყანაში ყოფა შეცვლილია - მეტი ნაგავი და ნაკლები წესრიგია. ამის შემდეგ დედა და ბიძა მოვინახულე და ბოლოს ჩემი მეგობრის, ანა კორძაია-სამადაშვილის გასაცილებლად წავედი. ის ერთი თვით მიდის პასაიაში, ბასკეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ბიარიცთან ძალიან ახლოს. ბიარიცში მადონას უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა. მადონა 16 აგვისტოს 56 წლის ხდება. მაგარი გოგოა მადონა! იმის გამო, რომ აფრიკის სახელმწიფო მალავიში არ არსებობდა უცხოელებზე ბავშვების გაშვილების კანონმდებლობა, შიდსის გამო დაობლებული უამრავი ბავშვი შიმშილით იღუპებოდა. მადონას უნდოდა, ბავშვი ეშვილა და ვერაფრით მოახერხა ეს. ბოლოს ადგა და ბავშვი ქვეყნიდან გაიტაცა. ამ მოვლენას იმოდენა რეზონანსი ჰქონდა, რომ მალავის მთავრობა იძულებული გახდა, სათანადო რეგულაციები შეემუშავებინა. ანა, მადონასი არ იყოს, მაგარი გოგოა. ის ბავშვის გასატაცებლად არ ჩასულა პასაიაში. ის პასაიაში დაწერს.

1 აგვისტო, პარასკევი

დღეს ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა.

დღესვე პრესკონფერენციას ვმართავთ, რადგან, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ჩრდილოვან ანგარიშზე დაყრდნობით, გაერომ ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მისცა. გაეროს რეკომენდაციები უპრეცედენტოდ პირდაპირია, რადგან უპრეცედენტოდ არაადამიანურია ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მისი წამალდამოკიდებული მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალების მიმართ ახორციელებს. ქვეყანას პირდაპირ მიუთითეს, რომ ნარკოტიკების მოხმარება ბიუჯეტის შევსებისა და ოჯახების გაუბედურებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ უნდა შეიმუშაოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა და დაეხმაროს წამალდამოკიდებულ პირებს. ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და ხშირ შემთხვევაში - აპათიური. არავის სჯერა ნარკოტიკის მომხმარებლის რესოციალიზაციის. მათ, ვინც მონახა ძალა, თავი დაენებებინა წამლისთვის, მუდამ ხელებში უყურებენ, არ ენდობიან და მუდმივად უღრმავებენ განცდას, რომ ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო შეიძლება მათი მტერი იყოს. ეს ქვეყანა მათი არ არის, არც მათი შვილების. საზოგადოება ინდიფერენტულია, რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ისინი დაზღვეული არიან ამისგან, ისევე, როგორც თვლიან, რომ მათმა შვილებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან არ უნდა ითამაშონ.

თუმცა, ნარკოტიკების მომხმარებელთა პირადი ისტორიები იმას ამტკიცებს, რომ ამისგან დაზღვეული არავინაა და ის პრობლემები, რომელიც მომხმარებლებს ექმნებათ, არა იმდენად წამლის ბრალია, რამდენადაც ნარკოტიკის მოხმარების მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისა. საზოგადოებამ არც ის უწყის, რომ შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი შემთხვევების 90 პროცენტში არ არის თანდაყოლი, არამედ შეძენილია. ამიტომ საუკეთესო დაზღვევა ჩვენი დამოკიდებულების ცვლილებაა, რათა მომავალში ნეგატიური დამოკიდებულებისგან დავიცვათ თავი. დღეს ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა.

2 აგვისტო, შაბათი

დღეს ცხონებული ბებიაჩემის დაბადების დღეა. მარო საოცარი ქალი იყო. სტალინური რეპრესიების დროს ბევრი ჩემი ნათესავი გადაასახლეს. ზეწოლა ხდებოდა პაპაჩემზეც, რის გამოც ის გარკვეული პერიოდი ლოგინად ჩავარდა. ბებიაჩემს ოთხი შვილი დაეღუპა ომის დროს. თუმცა, ის არასდროს ტყდებოდა - კიდევ ორი შვილი გააჩინა და მარტო უძღვებოდა ოჯახს. ერთი შვილი, რომელიც ექვსი წლის ასაკში მუცლის ტიფით გარდაეცვალა, მისი ცხოვრების საზრისს წარმოადგენდა. ანდერძად დაგვიტოვა, როდესაც დამასაფლავებთ, იავნანა დაუკარითო. თავის დაბადების დღეს გარდაიცვალა და დასაფლავების დღე მისი ექვსი წლის შვილის, ბიძინას დაბადების დღეს დაემთხვა. ანდერძი, რაღაც უხილავი ძალის წყალობით, თავისთავად შეუსრულდა. ბებიაჩემიც მაგარი გოგო იყო!

დღეს ლისზე ავალ. კარგი „ტუსოვკა“ იქნება ლისზე, კიკეთზე უკეთესი!

XS
SM
MD
LG