Accessibility links

logo-print

"თავისუფლების დღიურების" გახმაურებული პუბლიკაციის გარშემო


პარასკევს, 18 სექტემბერს, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროსთან შეიკრიბა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის, „თავისუფლების დღიურების“ ფარგლებში გამოქვეყნებული ერთი პუბლიკაციის გამო და, რაკი სამუშაო დღის მიწურულს ბიუროს ხელმძღვანელობა ადგილზე არ დახვდა, დაცვის სამსახურს რედაქციისთვის გადასაცემად დაუტოვა შემდეგი განცხადება (ტექსტს სრულად და უცვლელად გთავაზობთ):

„რადიო თავისუფლების გენერალურ დირექტორს

დავით კაკაბაძეს

საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის

განცხადება

6 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გამოყვეყნდა ექიმ არჩილ ბაქრაძის დღიური. ექიმმა, აღნიშნულ დღიურში გაიხსენა შემთხვევა, რომლიდანაც ირკვევა რომ მის კლინიკაში იღებდნენ ჰომოსექსუალ მოქალაქეებს და გაურკვეველ „მკურნალობას“ უტარებდნენ მათი სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მიზნით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WTO) ჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან. ექიმის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებად აღქმა, ჰომოფობიაა და იგი შეურაცხყოფას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჰომოსექსუალ ადამიანებს.

ექიმის მოსაზრებები იყო სექსისტური, ქალს წარმოაჩენდა როგორც საცდელ ობიექტს, რომელიც კაცმა უნდა „მოსინჯოს“.

მედიას გააჩნია სოციალური პასუხიმგებლობა არ მოახდინოს ჰომოფობიური და სექსისტური მოსაზრებების ტირაჟირება. ეთიკური და სოციალურად მოტივირებული მედია, პირიქით ცდილობს საზოგადოებაში არსებულ მჩაგვრელი წინასწარგანწყობები ინფორმირებით შეცვალოს, რათა საზოგადოება ნაკლებად მჩაგვრელი და მადისკრიმინირებელი იყოს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

„რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობის პრინციპებში საუბარია, რომ პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიმართ. აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნებით კი დაირღვა აღნიშნული პრინციპი.

რადიო თავისუფლებამ სიძულვილის შემცველი მოსაზრებების გამოქვეყნებით ზიანი მიაყენა გეი ადამიანებს და ქალებს. ასევე აღნიშნული მოსაზრებების გავრცელება მომავალში ბევრ ჰომოსექსუალს დააყენებს იძულებითი მკურნალობის საფრთხის წინაშე.

ამიტომ მოვითხოვთ რადიომ საკუთარ ეთერში და ვებ გვერდზე მიუთითოს, რომ ექიმ ბაქრაძის მოსაზრებები იყო ჰომოფობიური და სამედიცინო თვალსაზრისით დაუსაბუთებელი.“

როგორც განცხადებიდანაც ჩანს, მის ხელისმომწერთა უკმაყოფილება გამოიწვია ექიმ არჩილ ბაქრაძის დღიურებმა, რომლებსაც, სხვათა შორის, გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა არა მარტო ცხარე კამათი სოციალურ ქსელებში, არამედ რამდენიმე გამოხმაურებაც სხვადასხვა მედიასაშუალებაში (მაგ. „ლიბერალში“, „ნეტგაზეთში“ და სხვაგან, მათ შორის თავად რადიო თავისუფლების ვებსაიტზეც). არჩილ ბაქრაძის დღიურებში გამოთქმულ მოსაზრებებზე საზოგადოების მკვეთრი რეაქციიდან და წამოჭრილი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, რედაქციამ გადაწყვიტა, თავისი ეთერი დაუთმოს ზემოხსენებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, შემდეგ კი, არჩილ ბაქრაძესთან ერთად, სასაუბროდ მოიწვიოს ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ნათია გვიანიშვილი.

დაინტერესებულ მსმენელს ვთავაზობთ, ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, 17 საათზე, უსმინონ ჩვენს გადაცემას „თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად“ – სიხშირეზე FM 107,4, ინტერნეტითა თუ მობილური ტელეფონით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG