Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფიელ მესენგისერი - ინჟინერ-მეტალურგი


25 იანვარი, კვირა

დილით ვდგები და, ჩვენი წესისამებრ, ლოცვას ვიწყებ. ვიდებ ტეფილინს თავსა და მკლავზე და მოვისხამ ციციტს − ეს სარიტუალო საგნებია. ჩვენს დილის ლოცვას ჰქვია შმონე ესრე. მადლობას ვუხდით ღმერთს, რომ გაგვაჩინა ამქვეყნად, რომ მოგვცა ეს ყველაფერი. შემდეგ არის შუადღის ლოცვა − მინხა, მერე − საღამოს ლოცვა. ძირითადად ამით ვარ დაკავებული. დღის განმავლობაში ვზივარ და ვკითხულობ ბიბლიას, თალმუდს, მეფე დავითის ფსალმუნებს. ასე გადის ჩვენი, მორწმუნე ხალხის დღე.

ღმერთის წყალობით, თბილისში, ავლაბარში, არსებობს ებრაელთა სახლი, რომელიც ამერიკელებმა გვაჩუქეს. ხუთსართულიანი შენობაა. ვიყავი ამ სახლში, მოვინახულე დირექტორი, ვილაპარაკეთ. მეც მქონდა რაღაც დავალებები, შევასრულე ყველაფერი და ამით დამთავრდა ეს დღე.

26 იანვარი, ორშაბათი

ისევ ჩვეულებრივად − ლოცვა დილით, შუადღისას და საღამოს... განსაკუთრებული არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ვიღაცამ მომმართა თხოვნით: ფული სჭირდებოდა. არ იყო დიდი თანხა. ცოლი გარდამეცვალა სამი თვის წინ. მე თვითონ არ ვარ ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს. მაგრამ ჩვენ გვიწერია: როცა კაცი მოგმართავს თხოვნით, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა დააკმაყოფილო, რაც შეგიძლია უნდა გასცე, ცარიელი ხელით არ უნდა გაუშვა. ვასესხე, რაც მთხოვა.

27 იანვარი, სამშაბათი

დამირეკა მარინა სოლომონიშვილმა და მიმიწვია „ქორთიარდ მერიოტში“. წავედი. უამრავი ხალხი იყო. გადაჭედილი დარბაზი: ელჩები იყვნენ, მთავრობიდან − მინისტრები, გამოჩენილი ხალხი...

რატომღაც არასწორად აეწყო: პირველი აუცილებლად უნდა გამოვეყვანეთ ჩვენ. იქ იყო მთავარი რაბინის მოადგილე ავიმელეხ როზენბლატი, მეირ კოზლოვსკი, ხაბადის წარმომადგენელი საქართველოში, და ვიყავი მე. ჰოდა, სულ ბოლოს გამოგვიყვანეს. უნდა ყოფილიყო პირიქით: ჩვენ უნდა გამოვეყვანეთ თავიდან, უნდა აგვენთო სანთელი და გვეთქვა ქადიში − მიცვალებულების მოსახსენებელი ლოცვა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლოში მოგვაქციეს: ელჩების, მთავრობის წარმომადგენლების შემდეგ გამოვედით. ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ მაინც...

გამოვედი და ვთქვი სიტყვა. კითხულობენ: „რატომ მოხდა ჰოლოკოსტი?“ „რას ნიშნავს ცეცხლში დამწვარი?“ ეს საშინელება იმიტომ მოხდა, რომ გერმანიაში გამეფდა ფაშიზმი. ფაშიზმი არის იდეოლოგია ადამიანის სიძულვილის, ადამიანის არსის სიძულვილის და ადამიანის მოსპობის. ერთი ერი უნდა გაბატონებულიყო მთელ მსოფლიოში.

პირველად ნელა დაიწყეს − მაღაზიების დარბევით. იცოდნენ, რომ გერმანიაში ძალიან მდიდარი ებრაელები ცხოვრობდნენ: ბანკირები, იურისტები, იუველირები, ექიმები, მეცნიერები, მწერლები, კომპოზიტორები... დიდი ებრაელობა იყო, ძალიან მდიდარი. ამბობდნენ: „რად გვინდა ჩვენ ისრაელში წასვლა, გერმანია არის ისრაელი! ბერლინი - იერუსალიმია!“ ამას ებრაელები ამბობდნენ, ისე კარგად იყვნენ. და დაიწყო!... პირველად ებრაელობას ეგონა, რომ ეს არის დროებითი, იმიტომ რომ გერმანია იყო უკულტურულესი, ევროპაში აღიარებული ქვეყანა, განვითარებული... არ მიდიოდნენ. მერე და მერე დაიწყო, დაიწყო და თქვენს მტერს, რაც დაიწყო: მთელ მსოფლიოს დაერია! არის ასეთი წიგნი: «Где же был Бог во время катастрофы?» იქ აღწერილია, როგორ ხოცავდნენ ებრალებს და რას აკეთებდნენ. ეს არის საშინელება:

«В этом страшном, скорбном проходе все свидетели, кто побывал в Освенциме, отмечают зверство одной человеческой твари - эсэсовца Цепфа. Он специализировался на убийстве детей. Обладая огромной силой, эта тварь внезапно выхватывала из толпы ребенка и либо, взмахнув им, как палкой, бил ребенка головой о бетон, либо разрывал его пополам».

რა არ გამოიარა ებრაელობამ: ცოცხლად მარხავდნენ, ხალხს ღუმელში წვავდნენ; ცდებს ატარებდნენ: ცოცხლებს ყინავდნენ, რომ ენახათ, რამდენ ხანში დაიხოცებოდნენ.

ბევრი ქართველი ებრაელი დაიღუპა ომში. მამაჩემი და სამი ბიძა, დედაჩემის ძმები, ქერჩში დაიღუპნენ უამრავ ქართველთან ერთად. არის ასეთი ფაქტი: იყო სამი ქართველი ერთ-ერთ ბანაკში, სადაც ებრაელებს წვავდნენ. მათ გამოიჩინეს უდიდესი ადამიანობა, ისინი არიან ნამდვილად ღმერთის შვილები. ერთ-ერთმა ქართველმა რიგიდან გამოაგდო ებრაელი და თვითონ ჩადგა მის ნაცვლად. თქვა, მე ვარ ებრაელი, ეგ ქართველიაო, და ასე გადაარჩინა. ეს რამხელა ამბავია, ამას ვინ გააკეთებს?! არც ერთ ხალხში არ ყოფილა ეს! არავის არ გაუკეთებია ეს! გააკეთა ქართველმა!..

28 იანვარი, ოთხშაბათი

ისევ ჩვეულებრივად − დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა... ჩემთან იყო ერთი გაჭირვებული ქალბატონი. მითხრა, გავიგე, მეუღლე გარდაგეცვალათ და თუ რამე გაქვთ ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, იქნებ მომცეთო. ვკითხე, შენ როგორ მოხვდი ჩემთან, საიდან გაიგე, რომ აქ ვცხოვრობ-მეთქი? ებრაულ სახლში ვიყავი და თქვენი მისამართი იქ მომცესო. ვუთხარი, შემოდი, აგერ, საწოლ ოთახში არის დალაგებული, რაც გინდა წაიღე-მეთქი. არაო, ეს ძალიან ძვირფასი არისო. ვუთხარი, წაიღე, იქაც მოვიტანდი, მაგრამ ვერ ველევი... რაც მოგეწონება და მოგერგება, წაიღე-მეთქი. აირჩია, რაც მოეწონა და წაიღო.

საშუალო სკოლა სოხუმში დავამთავრე, ოქროს მედალზე. ხუთმა კაცმა დავამთავრეთ მედალზე: ორი ოქრო იყო და სამი ვერცხლი. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მოსკოვში სასწავლად. მე მინდოდა, დიპლომატიას გავყოლოდი. გადავწყვიტეთ, შევსულიყავით МГИМО-ში, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში. მივედით და კარში არ შეგვიშვეს, ხუთი ახალგაზრდა ვიყავით. რუსი „ვახტიორი“ იდგა: «Вы куда, ребята? Нельзя. Сюда идут только по направлению.» მოვტრიალდით დაღონებულები. მოვდივართ და იქვე, Крымский мост-თან ვხედავთ მეტრიანი ასოებით წერია: «Московский институт цветных металлов и золота». მოგვჭრა თვალი ამ золото-მ, თან ოქროსფერი ასოები: «имени Калинина»... გორკის პარკის გვერდით. ერთმანეთს ჩამოვართვით ხელი − „შევიდეთ?“ შევედით და ჩავაბარეთ საბუთები. ასე გავხდი инженер-металлург цветных металлов и золота.

დავამთავრე ინსტიტუტი და გამანაწილეს ლენინგრადში. მე უარი ვთქვი: «Я в Ленинград не пойду!» რატომო, მკითხეს. «Я пойду в Грузию», ვუპასუხე. რატომ, ბიჭო, მთელი მსოფლიო ლენინგრადზე ოცნებობს, ისეთ კარგ ქარხანაში მიდიხარ, კარგ თანამდებობაზეო... არა-მეთქი! თან ჩემთან ერთი დრანდელი ბიჭი იყო, ბიგვავა. გაგვანაწილეს თბილისში − სოფლტექნიკის ქარხანაში. მივედით და დაგვიწერეს: არ გვჭირდება ეს სპეციალობაო. წავედით „გოსპლანში“. მინისტრთა საბჭოში შევედით და ვუთხარით, რომ განაწილებული ვართ... იქ კიდევ: კაცო, მე იმდენი მეტალურგი მყავს, სად „წავიღო“ არ ვიციო, და ვადაჭკორიასთან წადითო. ვალერიან ვადაჭკორია მაშინ იყო начальник Управления Машпрома Грузии. მივედით. ე, ბიჭო, წადით, ქუთაისში, იქ მჭირდება ხალხი, წადით, მიშველეთო. ორი წელი იმუშავეთ და მერე გადმოგიყვანთ თბილისში, ორი წელი მიჭირსო. დედაჩემი და მამაჩემი ქუთაისიდან იყვნენ, მერე გადასახლდნენ სოხუმში, 1928 წელს. წავიდეთ-მეთქი. მოგვცეს ბინა საერთო საცხოვრებელში და დავიწყეთ მუშაობა.

ერთ დღეს, 1 მაისი იყო, ჩავედი სოხუმში, დედაჩემთან. მოვიდა ჩვენი ნათესავი და ფოთში მივდივართ, ხომ არ წამოხვალთო. წავედით ფოთში, კარგად მოვილხინეთ, დავისვენეთ, გავედით ზღვაზე... მეზობლად ცხოვრობდნენ ნასხლეტაშვილები. ჰოდა, ერთ დღეს დაგვპატიჟეს და დავინახე იქ ჩემი მომავალი მეუღლე. ასე მოხდა ჩვენი გაცნობა. დავქორწინდით და დავსახლდი ფოთში. დავიწყე მუშაობა გემთმშენებელ ქარხანაში, გამიჩნდა ორი ვაჟი... და ამასობაში კი გავიდა შვიდი წელი. ჩამოვედი ისევ ვალერიან ვადაჭკორიასთან თბილისში და შევახსენე დაპირება. კარგი, წამოდიო, მითხრა, მე მჭირდებიო. ასე ვიმუშავე ჯერ მასთან, შემდეგ − „ცენტროლიტში“. ასე დავრჩი აქ და ვცხოვრობდით აქ.

მე ვარ ქოენი. საერთოდ, ქოენები არიან უმაღლესი სულიერი მოღვაწეები ერში. ჩვენ ღმერთის რჩეულნი ვართ. აარონი მოსეს ძმა იყო. მოსე იყო ენაბრგვილი და, როდესაც მას ღმერთი გამოეცხადა და ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა უბრძანა (სადაც 400 წელი მონობაში იყვნენ), მოსემ ღმერთთან კამათი დაიწყო, ჩემი ძმა აარონი გაგზავნე, რომელიც კარგად ლაპარაკობსო. მოსე უნდა ყოფილიყო ქოენი, მაგრამ რადგანაც გაჯიუტდა, ღმერთმა უთხრა, შენ ჩემ მაგივრად იქნები და აარონი შენ მაგივრადო. როცა ტაძარი აშენდა, აარონი იყო პირველი ღვთისმსახური. უთხრა ღმერთმა აარონს, შენ ასე დამილოცავ ჩემს ებრაელ შვილებსო! და ჩვენც ვლოცავთ ყოველ შაბათს. ეს მამიდან შვილზე გადადის, შთამომავლობით. რაც მსოფლიოში ფულია მოჭრილი, იმითაც კი ვერ იყიდი ამას. ეს ვართ ჩვენ, თორაში წერია, შენი შემოსავლის მეათედი ქოენს მიეციო, მაგრამ სად არის! არავინ არაფერს იძლევა J

ლენინგრადში უმცროსი შვილი მყავს, ლერი. ის ყველაფერს ასრულებს, რასაც ჩვენი რჯული გვავალებს, შაბათობით ლოცავს ჯამაათს. უფროსი ამაში ცოტა მოიკოჭლებს, ვერ ახერხებს.

29 იანვარი, ხუთშაბათი

ისევ ჩვენს ებრაულ სახლში ვიყავი. კრება იყო და ყველა სამსახურმა ანგარიში ჩააბარა, რა გაკეთდა წლის განმავლობაში. არის სამედიცინო სამსახური, რომელიც წამლებით ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ინვენტარს აძლევენ: ჯოხებს, ეტლებს, საკვებს... ეხმარებიან გაჭირვებულებს, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიან და მწოლიარეები არიან. მათ საჭმელს უგზავნის. არის საბავშვო პროგრამის სამსახური, სადაც 250 ბავშვია აღრიცხვაზე და ევალება მათი კვება, მოვლა, მხატვრობა, ენის შესწავლა და სხვა. არის პატრონაჟის სამსახურიც, რაც დავრდომილი პირების მოვლას ითვალისწინებს: დაბანვას, ჭამას, რეცხვას, ყველაფერს... ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ სახლის მეშვეობით. დავლოცე ყველა, ვინც იქ მუშაობს, და წამოვედი.

30 იანვარი, პარასკევი

საღამოს შემობრძანდება ძალიან დიდი დღესასწაული. „ბეშალახ“ ჰქვია, ნიშნავს: „წადით“. ეს ის დღე არის, როდესაც ფარაონმა უთხრა ებრაელებს, წადითო... მომშორდითო!

31 იანვარი, შაბათი

წმინდა შაბათი. 10 მცნებიდან პირველი მცნება არის: მე ვარ ღმერთი, არ ახსენო ღმერთის სახელი ფუჭად... მეოთხე არის შაბათი. ღმერთთან ისე ახლოს არის შაბათი, რომ ის წმიდათაწმიდა დღეა. მერე მოდის მშობლები: პატივი ეცი მშობელ დედას შენსა და მამას... მაგრამ წინ არის შაბათი, ამხელა დღეა შაბათი. მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი, პარასკევს, და მეშვიდე დღეს, შაბათს, დაისვენა. და უთხრა ადამიანს, მე დავისვენე და შენც დაისვენეო. იმხელა დიდება აქვს ადამიანს, ცოტა ჭკუაზე რომ მოვიდეს რამხელა არსებაა. შაბათს ოჯახს არ უნდა მოშორდე. რატომ? იმიტომ რომ ოჯახში უნდა იყო, შვილებს მიხედო. მთელი კვირა, ექვსი დღე მუშაობ, მაგრამ შაბათს, მთელი დღე სახლში ხარ და უნდა მიაქციო ყურადღება ცოლს, შვილს, მეურნეობას გადახედო. არ უნდა მოშორდე სახლს ერთ კილომეტრზე მეტს. შაბათზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი.

შაბათს ჩვენ დილიდან მივდივართ სალოცავად სინაგოგაში. „გამობრძანდება“ გრაგნილები და ვკითხულობთ შვიდ ლოცვას. პირველი ადის ქოენი, ის წაიკითხავს ნაწყვეტს, დალოცავს დამსწრე ჯამაათს, პირველ ყოვლისა მოიხსენებს მიცვალებულებს, მერე დალოცავს თავის ცოლ-შვილს, ვინც ჰყავს ცოცხალი, და ჩამოვა. და ასეა შვიდი ლოცვა: შვიდი ადამიანი უნდა ავიდეს.

საღამოსაც ასეთივე ლოცვაა. ისევ „გამობრძანდება“ გრაგნილი, ისევ წაიკითხება სამი ნაწყვეტი. შემდეგ ვატარებთ სპეციალურ ლოცვას და ვაკურთხებთ სანელებლებს: ღვინოს და სანთელს. მერე, ვისაც რა შესაძლებლობა გვაქვს, ვაკეთებთ ყველაზე კარგ კერძებს, გემრიელ კერძებს. აუცილებლად უნდა იყოს თევზი, ხორცი, კარგი ხილი, კარგი ღვინო, კარგი ტკბილეული. მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო, რაც არის და, რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო და მიუძღვნა შაბათს, იმიტომ რომ შაბათზე დიდი დღესასწაული ჩვენ არ გვაქვს.

XS
SM
MD
LG