Accessibility links

logo-print
3 მარტი, კვირა
დღიურის წარმოება, ზოგადად, ბოლო ხანს დავიწყე. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის მქონდა მცდელობა, გამეკეთებინა ყოველდღიური ჩანაწერები, ამის განხორციელება მხოლოდ საკუთარი საქმიანობის დაწყების შემდეგ მოვახერხე. თავში ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ რაიმე საერთო მექნებოდა იმ სფეროსთან, რომელშიც დღეს ვმოღვაწეობ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დინამიკური და აზარტული პროცესი, რომელშიც როდისმე მიმიღია მონაწილეობა. ეს საქმე მოითხოვს მოთმინებას და ყოველდღიურ დაკვირვებას, შესწავლას.

დღევანდელი დღე, განსხვავებით კვირის სხვა დღეებისაგან, შედარებით გვიან დაიწყო. დილიდან ვესაუბრე ჩვენს პარტნიორ აგრონომს და 12 საათისათვის უკვე სათბურში ვიყავით. ტერიტორიის დათვალიერების შედეგად საერთო სურათი ძალიან კარგია. ახალდათესილმა მცენარეებმა უკვე წამოყვეს თავები, ჩითილები კარგად ვითარდებიან. „რომეინი“, „ბატავია“ და ქართული სალათის ფოთოლი მზად არის დასაკრეფად. დაახლოებით ერთ კვირაში „ლოლა როსა“ და „ლორა ბიომბდაც“ ზრდასრული გახდება. შედარებით დიდი ხანი დასჭირდება „აისბერგს“. სითბოსთან ერთად, ერთ-ერთ სათბურში გამოჩნდნენ პარაზიტები. შევიმუშავეთ მათთან ბრძოლის მცირე მონახაზი. საღამოს პარტნიორები მომდევნო კვირის სამოქმედო გეგმაზე შევჯერდით. გუშინდელი აქტიური დღის შედეგად დაღლილი, დღეს საღამოს ნაადრევად ვემზადები დასაძინებლად...

4 მარტი, ორშაბათი
ორშაბათი, როგორც ყველა კვირის დასაწყისი, რთული დღე აღმოჩნდა. პირველი პრობლემა, რასაც შევეჩეხეთ, იყო მანქანის გაუმართავობა. მის შესაკეთებლად საკმაოდ დიდი დროის დაკარგვა მომიწია. რა თქმა უნდა, ჩემი „ყვითელას“ გარეშე ჩვენი საქმიანობა წარმოუდგენელია. ავტოსერვისცენტრიდან დაუყოვნებლივ გავემართეთ ბიოპრეპარატების საყიდლად, რომლებიც, განსხვავებით ტიპური შხამქიმიკატებისაგან, უკეთესად უნარჩუნებს მცენარეს სიჯანსაღეს და არ აფერხებს ბუნებრივი ზრდის პროცესს.

სოფელ დიღომში დაგვხვდნენ აჩიკო და ნუკრი, რომლებმაც ჩვენი მითითებისამებრ შეწამლეს მცენარე. იმედია, ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ძალისხმევა არ დაგვჭირდება. კვირის დღევანდელი პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია მაღალი ტენიანობა. შესაბამისად, პროგნოზის გათვალისწინებით შევადგინეთ ყოველდღიური აერიზაციის გეგმა, რათა არ გაჩნდეს სიდამპლე, რაც საკმაოდ ხშირია ამ კონკრეტული კულტურის მოყვანის პროცესში; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩითილი პატარაა და მცენარე - ახალგაზრდა. დღის მეორე ნახევარი დავუთმე ჩემს მეორე საქმიანობას და პარალელურ რეჟიმში სარეალიზაციო კონტაქტების დამყარებას. ამ კვირაში უნდა მოვიწიოთ მოსავალი.

5 მარტი, სამშაბათი
როგორც ყოველთვის, სანამ ჩვენს ფოთოლს გავუშვებთ ქსელში, ვახდენთ მის დეგუსტაციას. სადილის „პროგრამაშია“ რამდენიმე სახეობის სალათა. დილიდან სათბურიდან წამოვიღეთ სამი ჯიშის ფურცლები. საკმაოდ კარგი რეცეპტები გვაქვს მოძიებული და გვინდა, დავაგემოვნოთ.

როგორც მოველოდით, კერძები გემრიელი გამოვიდა. სალათი ხრაშუნა და გემრიელია. შერჩეულმა რეცეპტებმა და მზარეულის ხელმა იდეალური პროდუქტი მოგვცა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია, მივაწოდოთ ჩვენი ფოთოლი დაინტერესებულ კომპანიებს.

დღეს ღამე ბაკურიანში მივდივარ ჩემი შვილის სანახავად, რომელიც აგერ უკვე ოთხი დღეა არ მინახავს! არადა, მის გარეშე არც საქმის კეთების ხალისი მაქვს და არც სხვა რამის!

6 მარტი, ოთხშაბათი
რამდენიმე დღის უნახაობის მერე (მეჩვენება თუ არა, არ ვიცი) ჩემი შვილი გაზრდილი დამხვდა. ბაკურიანმა და თოვლმა უფრო გაახალისა და აქტიური გახადა. რამდენიმე სიტყვაც უსწავლია. გორიდან ციგით დაშვება იმდენად მოსწონს, აუცილებლად პროფესიონალი მოციგავე გამოვა. მთელი დღის განმავლობაში ვგუნდაობდით და ვთამაშობდით. მერე, როგორც ყოველთვის, ჩემს დანახვაზე გათამამებულმა, საჭმლის პროცესშიც მოითხოვა ჩემი ჩართვა. შუადღეს, გამოძინების შემდეგ, გავაგრძელეთ თამაში. ვცდილობდით თოვლის ბაბუის აშენებას. რამდენიმე ცდის შემდეგ გავაკეთეთ არცთუ სრულყოფილი, მაგრამ სახალისო ბაბუ.

საქმეები რომ არა, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ირაკლისთან ერთად ბაკურიანში. საღამოს უკან გამოვემგზავრე, დავუბრუნდი ქალაქს.

7 მარტი, ხუთშაბათი
დღეს დილიდან ფოთლის დისტრიბუციის საკითხებს უნდა მივხედოთ, შეხვედრები გვაქვს დანიშნული. სარესტორნო ბიზნესის დიდი ნაწილი 12-1 საათიდან აქტიურდება და ჩვენც დილიდან ვემზადებით მათ წარმომადგენლებთან შესახვედრად. ადრიანად დავკრიფეთ საუკეთესო ძირები, საჩვენებლად რომ ჩამოვატაროთ ჩვენი საამაყო პროდუქტი.

საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდა დღე. თითქმის ყველა შეხვედრა დადებითად დავამთავრეთ. დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, შეფ-მზარეულები ფოთლის ხარისხზე და ჩვენს მონდომებაზე თამამად გვესაუბრებოდნენ. ჩვენც, კმაყოფილებს, მეტი ენერგია და ხალისი გვეძლეოდა. აქტიური დღის ბოლოს კმაყოფილებმა და დაღლილებმა დავურეკეთ ჩვენს დამხმარე პერსონალს და მეორე დღის შეკვეთის მომზადება დავავალეთ.

8 მარტი, პარასკევი
8 საათზე სათბურში პროდუქტის მოსამზადებლად და გადასახარისხებლად, ხელთათმანებში, სეკატორმომარჯვებულებმა დავიწყეთ დილა. სახალისო პროცესია. აუცილებლად სწორად უნდა ამოიღო მიწიდან მცენარე, ფოთლები რომ არ დაუზიანო. მერე მიწისგან გაასუფთავო, ზედმეტი ნაწილები მოაჭრა და ფრთხილად ჩადო ყუთში. ალბათ უფრო რთული სამუშაოებიც არსებობს, მაგრამ როდესაც გულით დიდი მონდომებით აკეთებ, ყველა საქმე განსაკუთრებულია. ყველასთვის ინდივიდუალურად მოვამზადეთ ქართული ფოთოლი ცალკე, ეგრეთ წოდებული „მიქსი“ (სხვადასხვა სახეობის ნაზავი) - ცალკე, „რომეინის“ დიდი და ხრაშუნა ფოთლები - ცალკე, და ჩავტვირთეთ მანქანაში.

12 საათისთვის ყველა შემკვეთი მოვლილი გვყავდა. ნელ-ნელა ვერგებით და ვსწავლობთ, თუ ვის რა სპეციფიკური მოთხოვნები აქვს, რომ დავხვეწოთ და განვავითაროთ ჩვენი მომსახურება.

დღის მეორე ნახევარში მე და ლევანი სათბურებში დავბრუნდით, გვინდოდა გვენახა, როგორ ჩაიარა ჩითილების გადარგვამ და მოვლის პროცესმა.

მთლიანობაში კარგი დღე იყო!..

შაბათი, 9 მარტი
დღე კვლავ ჩვენი სალათის ფოთლის დარიგებით დავიწყეთ. სათბურებში ხალისია, ეტყობათ მცენარეებს, როგორ მოენატრათ მზიანი ამინდები და უხარიათ, თბილად რომ არიან, გასული კვირისგან განსხვავებით. სხვა ყველა პროცესი გეგმის მიხედვით მიდის.

ვესაუბრე ქალბატონ მაია შიშნიაშვილს, ორგანიზაციის - „ხელი ხელს“ - დამფუძნებელს. ეს არის ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ასეთი ადამიანების ჩართვაზე დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ადამიანები არ აღიქმებიან, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, რომლებსაც იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც ჩვენ. ამ მოთხოვნებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმება. მაიას მჭიდრო კავშირი აქვს მსგავს ორგანიზაციასთან ხორვატიაში, სადაც ეს ხალხი საკმაოდ აქტიურადაა დასაქმებული. ამაზე იქ სახელმწიფოც ზრუნავს, ევროკავშირიც და კერძო სექტორიც. ჩვენ გვინდა, რომ ახლო მომავალში როგორმე აქაც იგივე მოვახერხოთ. ერთი მხრივ, ამ ადამიანებს ეს თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს, მეორე მხრივ კი - გარკვეულ შემოსავალსაც. თუმცა, ადვილი არ არის, გასათვალისწინებელია ბევრი დეტალი, სამუშაო პირობები, მათი შრომისუნარიანობა, საკანონმდებლო ბაზა და ა.შ. ეს არ უნდა იყოს ჩვენგან „დახმარების“ სახით გაკეთებული საქმე, ეს უნდა იყოს ორმხრივ სასარგებლო, სრულყოფილი ურთიერთობა.

სამუშაო დღე შედარებით მოკლე იქნება - შაბათია. რაც მთავარია, ირაკლი ჩამოდის ბაკურიანიდან და საღამო ერთად უნდა გავატაროთ! მაგრად კი მომენატრა...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG