Accessibility links

logo-print

10 ივლისი, კვირა

დღიურის წერა არასდროს გამომდიოდა. ვიწყებდი და მერე მავიწყდებოდა. არადა, ძალიან მიყვარს სხვისი დღიურების კითხვა. ეს დღიური აუცილებლად უნდა დაიწეროს... საწყენია, რომ მისი წერა ოთხი დღის წინ არ დავიწყე...

თენდება. ღამე თითქმის არ მიძინია, მხოლოდ დილისკენ ჩავთვლიმე, ისიც „ზერელედ“. ძილში ჩამესმის სასტუმროს წინ, ქვაფენილზე, ჩემოდნების ბორბლების მონოტონური ხრიგინი. ქალაქი სტუმრებისგან იცლება.

გუშინ კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო ფესტივალის დახურვა იყო. ჩვენმა ფილმმა „დასავლეთის აღმოსავლეთის“ სექციის „გრან პრი“ მოიპოვა. საერთოდ, ჩემი ცხოვრების ბოლო 24 საათი თავგადასავალს წააგავს, სასიამოვნო, ემოციებით აღსავსე თავგადასავალს...

ყველაფერი გუშინწინ დაიწყო. ჩვენი ფილმის სამი ჩვენების შემდეგ კარლოვი ვარიდან დილის შვიდ საათზე თბილისში ჩამოვფრინდით −კმაყოფილნი, მაგრამ ცოტა დაღლილები მოგზაურობითა და ბევრი დადებითი ემოციით.

დილის 10 საათზე გაისმა ტელეფონის ზარი. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კარელ ოხი რეკავდა: რუსუდან, უკაცრავად, მაგრამ შენ და ზურა უკან უნდა დაბრუნდეთო. ყველა ჩემმა კოლეგამ იცის, რას ნიშნავს ასეთი „მოულოდნელი“ ზარი. ამიტომ უსიტყვოდ ჩავალაგეთ ჩანთა და ჩეხეთში დავბრუნდით.

ყველაზე მეტად ცხოვრებაში ფრენის მეშინია, განსაკუთრებით − აფრენის. იმ დღეს რატომღაც წყნარად ავფრინდი, იმიტომ რომ ფრენას ამჯერად სულ სხვა მიზანი ჰქონდა.

დაჯილდოებაზე არაფერს ვიტყვი იმის მეტს, რომ ყველანი ვღელავდით: მე, ზურა, სალომე, კატერინა. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი წინასწარ ამიხსნეს, სცენაზე ასვლა მაინც გამიჭირდა და ნერვიულობისგან ხმაც დამიჯდა. ჩემს არაჩვეულებრივ ჯგუფს მადლობა გადავუხადე... კიდევ ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ დამავიწყდა.

დაუვიწყარი წუთები და ღამე იყო. ერთადერთი, იმას ვნანობდი, რომ ფილმის ყველა მონაწილე, გულშემატკივარი და საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით არ იყო.

რეალობას ცოტათი მოწყვეტილი, ყველაფერს შორიდან ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მეხსიერებაში აღმებეჭდა თითოეული დეტალი. მერე იყო მიღება, უამრავი მოლოცვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან. გვიან დედას დავურეკე. უკვე იცოდა და, მგონი, ყველაზე ბედნიერი ის იყო.

გუშინ მითხრეს, დილით კარლოვი ვარის ვერ იცნობო. მართლაც, ქალაქი სულ სხვანაირია, თითქოს მიტოვებული და უკვე მოწყენილი, ერთკვირიანი ზეიმის შემდეგ.

აეროპორტში პრიზს არ მატანენ. ჩეხი მებაჟე კატეგორიულია: ბლაგვი საგანია, რომელიც შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენოთო (მართლაც, ძალიან მძიმე პრიზია: ქალის დახვეწილი ვერცხლის ქანდაკება ბროლის ბურთით ხელში). გვეცინება. უცნაურია, 51 წლის განმავლობაში ჩეხეთში ვერ მიეჩვიენ, რომ წელიწადში ერთხელ ხუთი ასეთი „ბლაგვი საგანი“ ტოვებს ქვეყანას და, თანაც, ალბათ, ყოველთვის ერთი და იმავე აეროპორტიდან. საქართველოში უკვე ორი ასეთი ქანდაკებაა: ერთი „სიმინდის კუნძულს“ ეკუთვნის და მეორე − „სხვის სახლს“.

11 ივლისი, ორშაბათი

ისევ „ათათურქი“. აქ ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში მერვედ ვარ.

რატომღაც ყოველ ჩამოსვლაზე უჩვეულო შეგრძნება მეუფლება. ისეთი უცნაური განწყობაა, თითქოსდა არაფერი მომხდარაო. ერთ-ერთ კაფეში ფეხბურთის ფანები ხმამაღლა გულშემატკივრობენ თამაშს. სულ რაღაც ათი დღის წინ კი, 28 ივნისს, აქ 26 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა და ათასობით სხვამ სულიერი ტრავმა მიიღო.

ძალიან მიყვარს თბილისში დაბრუნება, განსაკუთრებით − ზაფხულში. მახსენდება, ბავშვობაში როგორ შევრბოდი ხოლმე სახლში. თეთრი ბიაზით გადაკრული ავეჯი და მტვრის სუნი. ის ყოველთვის სხვანაირი მეჩვენებოდა და თითქოს თავიდან ვეჩვეოდი მას.

სახლში ცოტა ხნით შევდივარ, ჩქარ-ჩქარა ვუყვები ამბებს დედაჩემს − 20 წუთში მანქანა გამომივლის და პირდაპირ ეთერში უნდა წავიდეთ.

პირველად ვერ ვაკონტროლებ, რას ვლაპარაკობ, ხმაც დამჯდარი მაქვს, ყველა სიტყვა ზურაზე გადამყავს. მისი მოსმენა გაცილებით უფრო მსიამოვნებს. ის დალაგებულად და საინტერესოდ ჰყვება ბოლო დღეების ამბებს.

წამყვანი მეუბნება, ინტერნეტსივრცეში აფხაზი ახალგაზრდები ბლოგავენ, რომ ფილმის ნახვა უნდათო. აი, ეს არის ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია, ის, რისთვისაც ღირდა ამ ფილმის გადაღება. აუცილებლად წავალ სოხუმში შემოდგომაზე.

სახლში ვბრუნდებით და ვიძინებ. დედას ვთხოვ, არავინ გამაღვიძოს.

12 ივლისი, სამშაბათი

დილა ისევ მოლოცვებით იწყება: ტელეფონით, ფოსტით, პირადად.

ძალიან ამაღელვებელია, რომ ამდენ ადამიანს უხარია შენი წარმატება. განსაკუთრებით მახარებს მამაჩემის მეგობრების მოლოცვები...

ვცდილობ, ყველას ვუპასუხო. რაღაც სტატიებსაც ვეცნობი. ჩემს ყურადღებას იპყრობს „ვარაიეტის“ სტატია, რომელმაც დიდი რეზონანსი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გასაოცარია, რომ სრულიად უცხო ადამიანმა ასე ზუსტად გაიაზრა და იგრძნო ჩემი სათქმელი, ის, რასაც მე და დათო ჩუბინიშვილი სცენარის წერის დროს ვფიქრობდით. აუცილებლად მივწერ ჯესიკა კიანგს, მადლობას გადავუხდი ასეთი ღრმა ანალიზისთვის.

დათოს ვურეკავ. ყველაზე მეტად მისი ნახვა და მოლოცვა მინდა: მის გარეშე ეს ფილმი არასდროს შედგებოდა.

მახსენდება ჩემი და დათოს პირველი შეხვედრა. გაუბედავად, არეულად ვუყვები, რის გადაღება მინდა. მეუბნება, მოვიფიქრებ და, თუ ვერ ვიგრძენი, რომ ჩემი თემაა... სამი დღის შემდეგ დამირეკა და წერა დავიწყეთ. მას მერე სამი წელი გავიდა. ალბათ, მხოლოდ აქ შემიძლია გამოვხატო, თუ ვინ გახდა დათო ჩემთვის. დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია, თუმცა არასდროს მეთანხმება, მოწონებაზე ხომ ზედმეტია საუბარი...

ახლა, როდესაც „სხვისმა სახლმა“ თავისი გზა ნახა, ახალი სცენარი მინდა დავწერო. მივალ და მოვუყვები, მერე დაველოდები და, თუ დამთანხმდება, შემოდგომაზე წერას დავიწყებთ.

13 ივლისი, ოთხშაბათი

დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვეულებრივი დილაა. არსად მეჩქარება და არაფერი მაქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი, ამიტომ ვისვენებ.

ცოტას დავწერ, მერე მეგობრებს შევხვდები. საღამოს ჩემი ძმა მოდის.

სასიამოვნო საღამო ყველაზე საყვარელ ადამიანებთან. სამწუხაროდ, ასეთი საღამოები სულ უფრო იშვიათია ჩვენს ცხოვრებაში.

შოთამ ძალიან სასიხარულო ამბავი მომიტანა: მგონი, ჩვენი ჩანაფიქრი ფილმის აფხაზურ პრემიერაზე მალე განხორციელდება. შოთა ყოველთვის არაჩვეულებრივ იდეებს მჩუქნის. მიკვირს, როგორ ებადება ერთ ადამიანს ამდენი საოცარი იდეა.

14 ივლისი, ხუთშაბათი

დილით პრესკონფერენცია დამინიშნეს. სამწუხაროდ, მთელი ჯგუფიდან მხოლოდ სალომე, ია, კატო და ბატონი გოგი არიანთბილისში. პრესკონფერენცია კინოცენტრში იმართება. პატარა დარბაზში უამრავი ხალხი ტრიალებს, ზურაც შორიახლო დადის, მაგრამ დარბაზში არ შემოდის, ისევე, როგორც არც ერთ პრემიერაზე სცენაზე არ ამომყვა. ეტყობა, ღელავს.

რატომღაც ყოველთვის მიჭირს პრესასთან ურთიერთობა, ერთსა და იმავე შაბლონურ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „რით არის ეს ფილმი განსაკუთრებული?“ მგონი, ამ კითხვას მაყურებელმა და კრიტიკოსებმა უნდა უპასუხონ... მაგრამ მაინც, რით არის ეს ფილმი განსაკუთრებული ჩემთვის?

იმით, რაც ამ ფილმში ჩადეს ჩემმა კოლეგებმა: გოგი მიქელაძემ, გორკა გომეშ ანდრეუმ, დუშან მაქსიმოვსკიმ, გიგი ფალავანდიშვილმა, დარიო დომიტროვიჩმა; ჩემი არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით: სალომე დემურია, რომელსაც ექვსი თვის პაწაწინა ბიბით მოუწია გადაღებებზე სიარული; ია სუხიტაშვილი, რომელიც თავდაპირველად სულ სხვა როლისთვის ემზადებოდა; ზურაბ მაღალაშვილი, რომელმაც ერთი კვირით ადრე გაიგო, რომ ფილმში უნდა შესულიყო; ოლგა დიხოვიჩნაია, რომელიც სრულიად უანგაროდ იყო თანახმა, ეთამაშა ლიზას როლი; სანდრო ხუნდაძე, რომელიც პირველად იდგა კამერის წინ; კატო ჯაფარიძე, პროფესიით ექიმი, 21 წლისაა, მაგრამ 13 წლის გოგო ითამაშა; ბრანკო ჯურიჩი, ბოსნიელი კინოვარსკვლავი, რომელიც ეპიზოდზე დამთანხმდა; საბინა ახმედოვა; ელენე გამსახურდია, რომელიც სულ რაღაც სამი წლისა და ხუთი თვის იყო და ყველა ტექსტსა თუ დიალოგს გვიცვლიდა...

იმითაც, რომ ყველაზე შესანიშნავი ჯგუფი მყავდა და გადაღების ყოველი დღე ზეიმად მექცა, იმით, რომ მე და ზურამ აჭარის მთიანეთში ვიპოვეთ თითქმის მიტოვებული პატარა სოფელი, დაგვა, სადაც სულ რამდენიმე მოსახლეღაა შემორჩენილი. დაგვა ძალიან ჰგავს აფხაზეთს, სახელიც უცნაურად სიმბოლური აქვს: დაგვა ნიშნავს მიწიდან აღგვილს, მიტოვებულს. ჩემი ფილმიც ხომ ზუსტად ამაზეა!

და კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანი − მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გააკეთეს ჩემმა კოლეგებმა: ზაზა ურუშაძემ, გიორგი ოვაშვილმა, ნანა ექვთიმიშვილმა, თინათინ ყაჯრიშვილმა, ლევან კოღუაშვილმა, რუსუდან ჭყონიამ, რუსუდან პირველმა, ლევან თუთბერიძემ, დიტო ცინცაძემ... თავიანთი წარმატებით მათ ნებისმიერი ქართული ფილმისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვიეს.

15 ივლისი, პარასკევი

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მელოდება. გუშინწინ დამიკავშირდა ახალგაზრდა ქალი, ნინო ახალაია. სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აფხაზეთის დაკარგვიდან 23 წელი ილევა, ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან და დააფუძნონ ახალი მოძრაობა − „ჩვენ გვაერთიანებს აფხაზეთი“.

დღეს საღამოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამ მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება. ძალიან საპატიოა, რომ მე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის ვარ. თურმე სიტყვაც უნდა ვთქვა.

დარბაზში საგულდაგულოდ დამზადებულ სტენდებზე 90-იანი წლების შავ-თეთრი ფოტოებია გაკრული ოჯახური ალბომებიდან: გაგრა, ბიჭვინთა, სოხუმი, რიწა...

პრეზენტაციაზე უამრავი ნიჭიერი ადამიანი შეიკრიბა, აფხაზეთიდან დევნილები. ბევრი, სამწუხაროდ, საზღვარგარეთაა. ეს ხალხი ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს და ერთად უნდა შეუდგეს ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას.

მე დევნილი არ ვარ, მაგრამ მეც 90-იანელი ვარ, ლამფის მბჟუტავი შუქით განათებული მოგონებებით. მახსოვს ომიანობის უცნაური განცდა, მახსოვს, როგორ დასრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებები, მახსოვს მოჩვენებითი სიმშვიდე. ზუსტად ამ დროს წყვდიადში მოქცეული, გაყინული დედაქალაქისკენ დევნილების უწყვეტი ნაკადი დაიძრა. ერთ-ერთმა ომგამოვლილმა ოჯახმა ჩემს სახლს შეაფარა თავი. აქ, იძულებით სამყოფელში, მათ მშფოთვარე, ბუნდოვანი, მაგრამ ახალი ცხოვრება უნდა დაეწყოთ.

მათი მოწესრიგებული სამყარო, აწყობილი ურთიერთობები ერთბაშად გაქრა და ისინი ერთ ღამეში ფესვებს მოწყვეტილ ადამიანებად იქცნენ. როცა გამორბოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მალე, სულ რამდენიმე კვირაში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ საკუთარ სახლში დაბრუნების მოლოდინში 23 წელი გავიდა...

დღესაც ასიათასობით დევნილი დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ამბობენ, რომ ბევრ მათგანს მიტოვებული სახლის გასაღები სათუთად აქვს შენახული.

ამ ბოლო დღეებში ჟურნალისტები მეკითხებიან, რატომ აირჩიეთ აფხაზეთის თემა, აქტუალურიაო?

არა, დღეს მსოფლიოსთვის ბევრი უფრო აქტუალური და მიმზიდველი თემა არსებობს. მე ვფიქრობ, ჩვენი, 90-იანელების თაობის ერთგვარი ვალია, ვისაუბროთ ამ თემაზე − გადავიღოთ ფილმები, დავწეროთ ესეები, მოთხრობები, რომანები და ამით კიდევ ერთხელ მივიქციოთ ყურადღება.

და კიდევ, მანამ, სანამ ჩვენ ამ თემას არ ან ვერ ამოვწურავთ, ვერასდროს შევძლებთ საუბარს სხვა პრობლემებზე. ასე შეიქმნა „ოცნებების სასაფლაო“, მერე „გაღმა ნაპირი“, მერე „სიმინდის კუნძული“ და „მანდარინები“, მერე − „სხვისი სახლი“...

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი ავტორი ალაპარაკდება აფხაზეთის თემაზე.

16 ივლისი, შაბათი

დღეს დილას ჩვენს მეგობარს ვაცილებთ. დათო კუბლაშვილი −წარსულში რუსთაველის თეატრის წარმატებული მსახიობი − 20 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. რვაწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. ჩემი მოგზაურობების გამო წესიერად ვერც კი ვნახე, ამიტომ აეროპორტში გავყვები გასაცილებლად. მეგობრები შევიკრიბეთ და რამდენიმე მანქანით გავუდექით გზას.

„ტურკიშ ერლაინზის“ სტენდთან უცნაური ჩოჩქოლია. შორიახლოს კამერებსაც მოვკარი თვალი. რეგისტრაცია დათომ ჩვეულებრივ გაიარა, ბარგიც ჩაიბარეს, უხმოდ, უთქმელად... თურქეთში სამხედრო გადატრიალებაა! „ათათურქი“ ჩაკეტილია და მიმდინარეობს შენობიდან მგზავრების ევაკუაცია. უცნაურია, მაგრამ კომპანიამ მხოლოდ ორი საათის ლოდინის შემდეგ გადადო ფრენა. დაბნეული დათო სახლში დავაბრუნეთ. კარგია, კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს თბილისში, ჩვენთან ერთად.

გადატრიალებას რაც შეეხება: დღეს თურქეთის სტაბილურობა მსოფლიოს სჭირდება, ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი მალე ჩაწყნარდება.

მე კიდევ ყავას დავლევ და გავაგრძელებ დღიურის ჩასწორებას, ხვალ ხომ ის ეთერში უნდა წავიკითხო. მერე ამ ნაწერს „თავისუფლების დღიურების“ კრებულში შეიტანენ. მგონი, ჩემი პირველი დღიური დავწერე − ცოტა უჩვეულო. ბევრი რამ ვერ დავწერე, ბევრიც დამავიწყდა, როგორც ყოველთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG