Accessibility links

logo-print

24 მაისი, კვირა

მაღვიძარამ ჯერ 8:30-ზე დარეკა, მერე 8:45-ზე. დიდი ხანია, ერთი ზარი აღარ მაღვიძებს. კვირა დღეს ადრე ადგომა, მით უმეტეს, ძალიან რთულია ჩემთვის. ჩემი კვირა დღეები ხშირად არ ჰგავს სხვებისას. ჩემი კვირა დღეები ხშირად სამუშაოა. ასეა დღესაც. ორი წელი ხდება, რაც ქალთა საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობ. რეგიონებში გასვლა, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამჯერად კახეთში ვართ და ტრენინგს ჟურნალისტებისთვის ვატარებთ, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ვესაუბრებით გენდერზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და საერთაშორისო ვალდებულებებზე. დღეს ბოლო, მესამე დღეა. ყველა კმაყოფილი ჩანს, ტრენერებიც და მონაწილეებიც. უკვე შემიძლია, მშვიდად ვიყო.

წუხელ „ევროვიზიას“ ვუყურეთ. 2008 წლის მერე აღარ დავინტერესებულვარ, რა ხდება ამ კონკურსზე, თუმცა წელს ნინა სუბლატს ვგულშემატკივრობდი. როგორც ბევრ ადამიანს საქართველოში, მეც მქონდა იმედი, რომ ნინა ათეულში მაინც მოხვდებოდა. სამწუხაროდ, იმ ქვეყნებმაც კი, ვისგანაც მიჩვეული ვართ მხარდაჭერას, საკმაოდ დაბალი შეფასება მოგვცეს. რადგან „ევროვიზია“ პოლიტიკური ქვეტექსტებით გამორჩეული კონკურსია, წლევანდელმა შეფასებებმა გული დამწყვიტა და ცოტა შემაშფოთა. განსაკუთრებით ვილნიუსის ჩართვას ველოდებოდი. არ დავმალავ, გამიხარდა, რომ ლიტვამ რუსეთს ერთი ქულაც არ მისცა. ლიტვაში 2006-07 წლებში ვსწავლობდი და არ არსებობს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყანა, რომელიც „წვიმის მიწაზე“ მეტად მიყვარს. ლიტვა არის სახელმწიფო, რომელმაც იცის, რა უნდა, ჯიუტად მიიწევს წინ და უკან დახევას არ აპირებს. მახსოვს ლიტველების მხარდაჭერა 2008 წლის ომის დროს, მახსოვს მათი პოზიცია ჩვენთვის რთულ დღეებში. მგონია, რომ ლიტვა იმედებს არასოდეს გამიცრუებს და გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ოდესმე ისევ გადავსახლდები ვილნიუსში, თუნდაც რამდენიმე თვით.

25 მაისი, ორშაბათი

ამ კვირაში არ ვმუშაობ. რამდენიმე შაბათ-კვირა დამიგროვდა, რომელიც სამსახურში და ტრენინგებზე გავატარე და გადავწყვიტე, საკომპენსაციო გამოსასვლელი დღეები ამეღო კარს მომდგარი წიგნის ფესტივალის გამო. როგორც წესი, ასე ხდება − სამსახურებრივ შვებულებას ლიტერატურას ვახმარ, ჩემი თარგმანების დასრულებას, წერას, ღონისძიებებს და ნამდვილი დასვენება მაინც არ გამომდის. ბოლოს, ალბათ, 2009 წლის აპრილში მოვიწყვე ნამდვილი არდადეგები, როცა საბერძნეთში სწავლის დროს, სააღდგომოდ იტალიაში გავემგზავრე.

არა, არ ვწუწუნებ. ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც თავად მინდოდა, ყოფილიყო: დატვირთული და მოუსვენარი. დღის ბოლოს უკან რომ ვიხედები, ზოგჯერ თვითონაც მიკვირს, ამდენს როგორ ვასწრებ.

დილიდან გადარბენაზე ვარ. კიდევ კარგი, კახეთში წასვლამდე მანქანა ჩემს მეგობარს, სანდრო ლორთქიფანიძეს დავუტოვე. მოიცალა, მიხედა და ზეთგამოცვლილი დამახვედრა. უმეგობრებოდ არავინ და არაფერი არ ვარ. მთელი გულწრფელობით ვამბობ ამას. სანდრო კი, საერთოდ, ცალკე მდგომი ადამიანია ჩემთვის. მასთან მეგობრობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ისტორიებს შორისაა.

ქალაქში ჩვეულებრივზე მეტი საცობია. დამოუკიდებლობის დღისთვის სამზადისის გამო ქუჩები გადაკეტილია. ძლივს ვაღწევ სასტუმრო „ბეტსიმდე“, სადაც ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ სამუშაო შეხვედრას მართავს კამპანიის − „გმირი ფერმერი ქალი“ − ფინალური ეტაპის მონაწილე ბლოგერებისთვის.

დიანა ანფიმიადი მირეკავს, მთხოვს, ჩემი მოკლე ბიოგრაფია გადავუგზავნო. ზუსტად არ ვიცი, რად უნდა, მაგრამ დიანა რომ მხოლოდ კარგ საქმეებში მხვევს, ეს უკვე არაერთგზისაა დამტკიცებული.

შეხვედრის მერე მეგობრების შვილებისთვის საჩუქრების საყიდლად გავრბივარ. საცობში 50 წუთს ვატარებ, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე უქმად დგომით ვსარგებლობ და ხათუნას ვურეკავ. ხათუნა ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა სიხარულებს ქმნის − ჩემს კაბებს. ვთხოვ, რამდენიმე თვის წინ ნაყიდი კაბა, რომელიც მგონია, რომ არ მიხდება, როგორმე გადააკეთოს და მომარგოს. ხათუნასი საკუთარი თავივით მჯერა, მჯერა, რომ ისიც, როგორც მე, ჯადოქრების შთამომავალია და როცა ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნის, რაღაც არნახული მაგიის დახმარებით ახერხებს ყველაფრის მოგვარებას.

ზვიად კვარაცხელია მირეკავს. მეუბნება, რომ ჩემი თარგმანი, მილორად პავიჩის „უნიკალური ეგზემპლარი“, სტამბიდან გამოვიდა და შემიძლია, გამომცემლობაში მივიდე. პროექტი „პავიჩი ქართულად“ გამომცემლობა „ინტელექტს“ ეკუთვნის. ჩემი ლექსების კრებულებიც „ინტელექტის“ გამოცემულია. საერთოდაც, საკუთარ თავს და ნაწერებს სერიოზულად რომ შევხედე, დიდწილად, ზვიადის დამსახურებაა.

გამომცემლობიდან „მაკდონალდსში“ მივდივარ. იქ ანი და მარი მელოდებიან, ლეასთან ერთად. „უნიკალური ეგზემპლარის“ პირველ ეგზემპლარს ანის ვჩუქნი. ის ჩემი თარგმანის პირველი მკითხველია. თვეების განმავლობაში ვუგზავნიდი გამოუქვეყნებელ თარგმანს, ის კი ერთგულად კითხულობდა და თავის აზრს მიზიარებდა. ჩვენ არც ბავშვობის მეგობრები ვართ და არც უნივერსიტეტის. ის ჯერ სანდროს შეყვარებული გახდა და მერე ჩემი მეგობარი, მაგრამ ასე მგონია, მთელი ცხოვრება ვიცნობდი და ჩემს დღეებს, ჩემს წლებს, ყოველთვის გვერდით მოჰყვებოდა.

გოგოებს სახლებში ვარიგებ, უკვე გვიანია. ლეა, რომელიც ჯერ სამი წლისაც არაა, ჩემ უკან ზის და ინგლისურ საბავშვო სიმღერებს მღერის. მეც მიყვარდა ეს სიმღერები სკოლის პირველ წლებში. მღერის მთელი მონდომებით, საყვარლად და სასაცილოდ, მაგრამ ზუსტად.

ზოგჯერ ბედნიერება სწორედ ასეთია: ქალაქი, რომელიც დასაძინებლად ემზადება, მეგობრები, რომლებიც ხმამაღლა იცინიან და პატარა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო, მეგობრების შვილი, რომელიც შენი ბავშვობის სიმღერას მღერის.

26 მაისი, სამშაბათი

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დღე, რომელიც ყველაზე დიდი დღესასწაული უნდა იყოს, თუმცა ჩვენ მას, ძირითადად, გადაკეტილი ქუჩების გამო წუწუნით აღვნიშნავთ. სულ ვფიქრობ, რომ, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ მაშინ შევდგებით, როცა ხალხი დამოუკიდებლობის დღეს ისეთივე სიხარულითა და ენთუზიაზმით მიულოცავს ერთმანეთს, როგორც ულოცავს სხვა საერო და საეკლესიო დღესასწაულებს. თუმცა, ამას, ალბათ, დრო სჭირდება. ჯერ ერთმანეთისთვის ცხოვრების შემსუბუქება უნდა ვისწავლოთ, ზებრაზე გზის დათმობა, წითელზე ქუჩის გადაჭრისგან თავის შეკავება, ჩვენზე გაჭირვებულების დახმარება, სხვისი განსაცდელის გამო თავის შეწუხება. ერთი სიტყვით, თანაცხოვრებაში გვჭირდება მეცადინეობა.

დღეს ჩემთვის ორმაგად დიდი დღესასწაულია. წუხელ თბილისში ჩემი საყვარელი სერბი მწერლის, მილორად პავიჩის ქვრივი, იასმინა მიხაილოვიჩი ჩამოვიდა. ის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია. ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტი“ წარადგენს სერიას − „პავიჩი ქართულად“. იასმინა სწორედ „ინტელექტის“ მოწვევით იმყოფება საქართველოში და დღეს გამომცემლობის ოფისში გვხვდება პავიჩის მთარგმნელებს, რედაქტორებს, დიზაინერს − ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პავიჩის ქართულად გამოცემაში.

მხიარული ჩანს, უბრალო და თბილი, მთარგმნელებს სათითაოდ გვეხვევა, გვკოცნის და მადლობას გვიხდის გაწეული სამუშაოსთვის. ყველას სახელი და გვარი იცის. აღტაცებულია გარეკანებით და კომპლიმენტებს არ იშურებს დიზაინერის, თეონა ჭანიშვილის მისამართით (ჩვენც ვუერთდებით). „იცი რა, მშვენივრად ვხვდები, რატომ ეყვარებოდა ეს ქალი მილორადს“, − მეუბნება ქეთი ყანჩაშვილი, იასმინა მიხაილოვიჩის წიგნის − „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ − მთარგმნელი. მე თავს ვუქნევ. ინტერესი მკლავდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ყველაზე საყვარელი მწერლის მუზა და ცხოვრების მეგზური. პირველმა შთაბეჭდილებამ არ გამაწბილა.

იასმინა ჰყვება მილორადზე, ჰყვება სიყვარულით, ემოციებით, მონატრებით. „ის წარსულიდან უყურებდა მარადისობას, მე უფრო თანამედროვე ამბები მაინტერესებდა. ჩვენ სხვადასხვა დროში ვცხოვრობდით და ბედნიერი ვარ, რომ გადავიკვეთეთ... ვეჭვიანობდი თუ არა? რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი. ვეჭვიანობდი ყველა ქალზე, ვინც მის წიგნებშია“ − ამბობს ის და თვალები ისე უციმციმებს, რომ ვხვდები: ალბათ, სწორედ ასეთია ვარსკვლავების ნათება ხაზარეთის ცაზე.

იასმინასთან ბევრი კითხვა მაქვს, იმდენი, რომ უხერხულიც კია. არადა, თავის შეკავება რთულია. ყოველდღე არ ხვდები ადამიანს, რომელიც შენს საყვარელ მწერალს ამქვეყნად ყველაზე უკეთ იცნობდა. ცოტა მერიდება, მაგრამ მაინც ვეკითხები, საკუთარი ნაწარმოებებიდან რომელი უყვარდა ყველაზე მეტად თავად პავიჩს. პასუხმა გამაოცა: კაცს, რომელიც მსოფლიომ რომანებით გაიცნო, ყველაფერს თურმე თავისი ლექსები ერჩივნა. უკან ეკა ქევანიშვილი მიზის და შემიძლია, თავი დავდო, რომ ისიც იმასვე ფიქრობს, რასაც მე: პოეზიით თავის დამკვიდრება ძნელია, პოეზია ნაკლებად აინტერესებთ გამომცემლებს, პოეზია არ იყიდება საერთაშორისო ლიტერატურულ ბაზარზე. ოდესმე ალბათ ჩვენც რომანების წერაზე გადავალთ.

საღამოს „ლიბერალის“ დაბადების დღეზე უნდა წავიდე. ჩემი საყვარელი ჟურნალია, ჩემი საყვარელი ჟურნალისტებით. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პიარს, ყოველთვის მაქვს მათი იმედი. მედიაადვოკატირებაში ნამდვილი ჩემპიონები არიან!

სანამ „ლიბერალს“ ვესტუმრები, მაკასთან ვასწრებ შერბენას. რადგან დასვენების დღეა, ყველანი ვიყრით თავს: მაკა, ნინა, ბელა, თამთა და მე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე შიგნითა მხარეა, სადაც ყოველთვის მივდივარ, ზოგჯერ ძალიან დაღლილი, ზოგჯერ ძალაგამოცლილი, სასოწარკვეთილიც კი. მაშინაც, როცა მგონია, რომ მორჩა, აღარაფერი შემიძლია, მათი იმედი მაქვს. ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მიმართ მუდმივად სითბოს გამომხატველი სამეგობრო და არც სოციალურ ქსელებში ვუწერთ ერთმანეთს გულისამაჩუყებელ კომენტარებს, მაგრამ მათი სიყვარული ყველაზე დიდი რამაა ჩემს ცხოვრებაში − არაჩვეულებრივი და ყოვლისშემძლე. ამ ეზოს, მაკას მშობლების სახლის მწვანე ეზოს, ბევრი ჩვენი თავგადასავალი ახსოვს, ახლა კი ჩვენი ბავშვების, უფრო სწორად, ჩემი გოგოების ბავშვების თავგადასავლების მოწმეცაა. არ გამოვრიცხავ, საოცრებათა ქვეყანაში გადასასვლელიც სადმე აქ იყო, ჩემი მეგობრის ეზოში, შუაგულ თბილისში.

27 მაისი, ოთხშაბათი

„პიკის საათით“ დაწყებული დღე ყოველთვის კარგი დღეა. აქ ოდესღაც სტაჟიორი ვიყავი, ახლა კი ხშირი სტუმარი ვარ. ამჯერად წიგნის ფესტივალზე და პავიჩზე სალაპარაკოდ მიმიწვიეს.

რადიოდან გამოსული, სოლარიუმში შერბენასაც ვასწრებ, მერე „პროსპეროში“ მივდივარ საწერად. ვგიჟდები „პროსპეროს“ ომლეტზე. მისი გემოს მიხედვით შემიძლია, შეუცდომლად გამოვიცნო, დღეს რომელი მორიგეობს მათი მოღიმარი და საყვარელი გოგოებიდან.

„ექსპო-ჯორჯიაში“ მივდივარ. მარის და ირაკლის დავპირდი, დაგეხმარებით-მეთქი. მარი და ირაკლი ჩემი მეგობრები არიან. ორი წლის წინ ბათუმში მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გახსნეს, რამდენიმე თვის წინ კი − ამავე სახელწოდების გამომცემლობა. შეუძლებელია, მათმა ენთუზიაზმმა და საქმის სიყვარულმა გულგრილი დაგტოვოს, ამიტომ მეგობრები ვცდილობთ, ისე შევუწყოთ ხელი მათ წინსვლას, როგორც შეგვიძლია.

საშინლად ცხელა. მე და მარი გადასაფარებლების საყიდლად მივდივართ − გამომცემლობისა და მაღაზიის სტენდი კარგად უნდა გამოიყურებოდეს.

„ექსპოში“ დაბრუნებული, მათ წიგნებს ვათვალიერებ. საოცრებაა! ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და მაინც გაოცებული ვარ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში მოახერხეს. აი, რა ხდება, როცა ორ ჭკვიან და ენთუზიასტ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება და საერთო ოცნების ასახდენად ძალ-ღონეს არ იშურებს.

საღამოს თუმანიშვილის თეატრში საზეიმო მიღება და იასმინა მიხაილოვიჩის წიგნის პრეზენტაციაა. სანდროს გადაღებები აქვს და ვერ მოდის. მე, ანი, მარი და ირაკლი შვიდ საათზე ადგილზე ვართ. არაფერი გვეტყობა, რომ დილის რვიდან ფეხზე ვდგავართ და ვმუშაობთ, დავრბივართ და არ დაგვისვენია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ვახერხებ. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებიც ასეთები შემხვდა.

28 მაისი, ხუთშაბათი

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. ყოველ წელს ვაპირებ, რომ 28 მაისს ქუთაისში ვიყო, მაგრამ მაინც ვერ ჩავდივარ. დედაჩემს ესმის, რომ გადატვირთული განრიგი მაქვს და არ მსაყვედურობს. საერთოდ, მას უფრო კარგად ესმის ჩემი, ვიდრე ამბობს და ვიდრე მე ვაღიარებ. ვიცი, რომ თავისი დედა ყველა შვილს საუკეთესო ჰგონია. არც მე ვარ გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ დედაჩემი მართლაც არაჩვეულებრივი ქალია: ლამაზი, ჭკვიანი და უშიშარი. ორი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მას შემდეგ ოცდაექვსი გრძელი წელი გავიდა, დედას კი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკან, ისე იარა წინ, თავისი მიზნისკენ, რომელსაც ჩემი ბედნიერება ერქვა და ჰქვია დღემდე. თუ ვინმე მკითხავს, როგორ გავხდი ფემინისტი, აუცილებლად ვიტყვი, რომ ამის მაგალითი დედაჩემმა მომცა −ისე, რომ ტერმინებზე და დეფინიციებზე არ უფიქრია. უბრალოდ, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ქალი დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომ ყველაფერს ჩემით უნდა მივაღწიო, რომ საშინელებაა, როცა ქალს საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია და მამაკაცზეა დამოკიდებული. მართალია, ხშირად წუხს, რომ „ამხელა გოგო“ ვერ ვდიასახლისობ, რომ რთული ხასიათი მაქვს და ეშინია, რომ ჩემთან ცხოვრებას ვერც ერთი კაცი ვერ გარისკავს, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ძალიან ამაყობს, ასეთი რომ ვარ და არა სხვანაირი.

შვებულებაში კი ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ და კავკასიის უნივერსიტეტში გავრბივარ, სადაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია და რექტორი, კახა შენგელია, ხელს აწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

დღეს მანქანაც დავაზღვიე, თეკლა დამეხმარა ტექნიკური დეტალების მოგვარებაში. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. სულ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ტელეფონს არასოდეს იღებს, მაგრამ მას ჩემს გაბრაზებაზე ისე გულიანად ეცინება, როგორც არავის. ალბათ ამიტომ გვაკავშირებს ამდენწლიანი მეგობრობა. რამდენწლიანი? ზუსტად არ მახსოვს. ალბათ, ოც წელს მალე მივუკაკუნებთ.

პირველ საათზე წიგნის ფესტივალი იხსნება. იასმინა მიხაილოვიჩი სიტყვით გამოდის, მერე კი გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან ავტოგრაფებს არიგებს. მე და ქეთი ყანჩაშვილს მისთვის საჩუქარი გვაქვს. გახარებული იასმინა გულში გვიკრავს ორივეს და მადლობას გვიხდის. გულწრფელად მშურს ადამიანების, რომლებიც ასე გამოხატავენ სითბოს და ყურადღებას. მე არ გამომდის.

დილით, სანამ იასმინას საჩუქარს ვფუთავდი, სალომეს დავურეკე. ათას სისულელეზე ვიქაქანეთ. საკუთარ თავს ვუტყდები, რომ როცა ყველა მეგობარს ოჯახი და შვილი ჰყავს, ძალიან მნიშვნელოვანია, გეგულებოდეს თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, შუაღამისას გამოვიდეს სახლიდან და კინოში წამოგყვეს და ცხოვრებასაც იმ წერტილიდან ადევნებდეს თვალს, საიდანაც შენ. სალომე ჩემთვის ზუსტად ასეთი ადამიანია.

29 მაისი, პარასკევი

გუშინ ვფიქრობდი, ხვალ მხოლოდ პავიჩზე და ჩემს თარგმანზე დავწერ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ გაზის ინკასატორმა, რომელმაც ვერა და ვერ დამიჭირა შინ, გადაწყვიტა, რომ სახლში არავინ ცხოვრობს და გაზი გადამიკეტა. ყველა შესაძლო ნომერზე დავრეკე, გავბრაზდი, ვიჩხუბე და ბოლოს, როგორც იქნა, ჩამირთეს. უნდა გამოვტყდე, საოჯახო საქმეები მკლავს. სახლის ერთხელ დალაგებას ტრენინგის ჩატარება, ან ათეულობით გვერდის თარგმნა მირჩევნია, მაგრამ რას ვიზამ, ჩემი არჩევანია, ყველაფერს თავად გავწვდე და ვალდებული ვარ, საკუთარ არჩევანს ისევე ვცე პატივი, როგორც სხვებისას.

საღამოს მწერალთა სახლში პავიჩის ყველა ქართული თარგმანის წარდგენაა. „უნიკალურ ეგზემპლარზე“ რომ არაფერი ვთქვა, არ გამოვა. ჯადოსნური წიგნია! ბედნიერი ვარ, რომ მე ვთარგმნე და არა ვინმე სხვამ. პავიჩზე მეტად არც ერთი მწერალი არ მიყვარს. ან როგორ შეიძლება, არ ვგიჟდებოდე კაცზე, რომელმაც საკუთარი სურვილების მოთვინიერება და სიზმრების მოსმენა მასწავლა, რომელმაც მითხრა, რომ მართალი ვარ, როცა ცხოვრება შიშების დაძლევა მგონია. ნეტავ ისე გამმართლებოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო და თბილისში სტუმრად ისიც ჩამოეყვანათ. ახლა ისღა დამრჩენია, სალმან რუშდისთან შეხვედრაზე ვიოცნებო. ჩემი და მისი სიყვარული ცალკე ამბავია.

პრეზენტაციამდე ნიკას მესიჯი მომდის, მებოდიშება, რომ ვერ მოვიდა. საპატიო მიზეზი აქვს, ვერაფერს ვიტყვი. წუხელ რაღაცებს მიყვებოდა ფეისბუკის ჩატში. როგორც ყოველთვის, ბევრი მაცინა. როგორ უნდა გავუბრაზდე?

პრეზენტაციაზე მადლობების გადახდა ჩემი საყვარელი საქმეა. მადლობას ვუხდი გამომცემელს, მეგობრებს, ჩემს საყვარელ რედაქტორს, თაკო ლონდარიძეს, თან ხალხს ვათვალიერებ. ბოლო რიგში მაკა სეხნიაშვილი ზის, ჩემი ყოფილი უფროსი და დიდი მეგობარი, რომელსაც სრულიად დამსახურებულად, ჩემს მეორე დედად მოვიხსენიებ. მარიკა ბაკურაძე გვიან დავინახე. აშკარად ძალიან დაღლილი სახე აქვს. როგორ მინდა, დაისვენოს. საკუთარ დასვენებაზე ხომ ვოცნებობ, მაგრამ მარიკას დასვენება კიდევ უფრო დიდ ოცნებად მაქვს ქცეული. გოგა ჩანადირი ფოტოებს მიღებს. რაც ვმეგობრობთ, სულ ვსაყვედურობ, ერთი ნორმალური ფოტო არ გადაგიღია ჩემთვის-მეთქი და ბოლო რამდენიმე დღეა, გადაწყვიტა, როგორც თავად ამბობს, „ჩემი ყბიდან ამოვიდეს“. მაკა, ნინა, თამთა და ბელა ვერ მოვიდნენ, მგონი, ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ჩემთან დაკავშირებულ დიდ ამბავს არც ერთი არ ესწრება. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მესმის, ღმერთობა რომ ძნელია. ეს ხომ ისედაც ვიცით და მგონი, დედობა კიდევ უფრო ძნელია.

იასმინა მიხაილოვიჩი ამაღამ მიფრინავს. საჯაროდ გვპირდება, რომ შემდეგ წიგნს საქართველოზე დაწერს. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ მზადაა, პირადად გამიწიოს კონსულტაცია, თუ პავიჩის სხვა ტექსტის თარგმნასაც მოვკიდებ ხელს. თბილისში მისი ყოფნა ჩემი გაზაფხულის საუკეთესო ნაწილი იყო. შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები, როგორ შევხვდით ერთმანეთს მე და იასმინა − დიდი და პატარა ჯადოქრები.

30 მაისი, შაბათი

ნინო ნადიბაიძემ მითხრა, რომ „15 საუკეთესო მოთხრობის“ დაჯილდოება 11 ივნისისთვის იგეგმება. მიყვარს ეს პროექტი. თუ ოდესმე მოვახერხე და მოთხრობების კრებულს თავი მოვუყარე, „15 საუკეთესოს“ დამსახურება იქნება და ლელა ცისკარიშვილის, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საგულდაგულოდ გადამალული მოთხრობა გამომატანინა სააშკარაოზე.

დილიდან მენატრება ბათუმი. უფრო სწორად, არ ვიცი, ბათუმი უფრო მენატრება თუ მაიკო. სხვანაირად რომ ვთქვა, ბათუმი ჩემთვის მაიკოა და მისი ოჯახი. ბათუმი ჩემთვის ცხოვრების თავიდან დაწყებაა. ივნისში აუცილებლად წავალ.

თეას ფოტოებს ვათვალიერებ. პორტუგალიაში აკეთებს სადოქტოროს. მინდა, მალე ჩამოვიდეს. წარმოუდგენლად დიდ სტიმულს მაძლევს ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება. თეასნაირები ცოტანი არიან. ისინი ახლოს უნდა გყავდეს.

სამსახური მომენატრა. ჩვენი გადარბენა, ჩვენი დიდი და ნათელი ოთახი, გვერდით − მარიამი და ნანუკა. დატვირთული კვირა იქნება. 5 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ხვალინდელ დღესაც მოუთმენლად ველოდები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე უნდა გავიდეს ვიკა ბუკიას ტელებლოგი, „შუშის ჭერი“, რომლის მთავარი თემა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობაა. წელს გადამწყვეტი წელია, წინ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და წლევანდელ მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა.

კედის უნდოდა, რომ ხვალ ქალაქგარეთ გავსულიყავით. რაღაც ტური გამოძებნა, ექსტრემალური გასართობებით. რომელი ექსტრემალი მე ვარ, მაგრამ დრო რომ მქონდეს, კედის და სანდროს ხათრით წავიდოდი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხებ.

მთელი კვირა უცნაურ სიზმარს ვხედავდი: ჰერმიონ გრეინჯერი ვიყავი და დემენტორებს ვიგერიებდი ჰოგვორტსის კედლებთან. პრინციპში, ჩვენი ყოველდღიურობაც ასეთია: ადამიანები მუდმივად ვდგავართ საკუთარი სიმშვიდის ციხე-სიმაგრესთან და დარდსა და ტკივილს ვებრძვით. ასე ვარ მეც. მიყვარს, ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება, მთელი თავისი მღელვარებითა და მოულოდნელობებით, ბევრი საქმით, გზებით, მსოფლიოში საუკეთესო მეგობრებით, მიყვარს ისეთი, როგორიც არის, როგორიც მე თვითონ შევქმენი.

ხვალ წიგნის ფესტივალი იხურება. ორშაბათიდან აერობიკას, აკვააერობიკას და სირბილსაც განვაახლებ. ახლა კი წავედი, „ახალი საუნჯისთვის“ მოთხრობის წერა უნდა დავასრულო, თორემ შოთა იათაშვილი ნამდვილად მომკლავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG