Accessibility links

logo-print
16 სექტემბერი, კვირა
„წერა მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც დუმილი აღარ შეგიძლია.“ ვფიქრობ, რამდენად ერგება ეს სიტყვები ჩემს განწყობას, ყველაფერ იმას, რაც ამ დღეებში ხდება და შეიძლება მოხდეს. ამ სიტყვების ჩემებური ინტერპრეტაცია, ალბათ, ასეთი იქნებოდა: უნდა იმოქმედო მაშინ, როდესაც გრძნობ, როდესაც ბოღმა გახრჩობს, როდესაც იჯერებ, რომ სიტყვა გულწრფელობა ნამდვილად არსებობს და სოლიდარობა მხოლოდ სოციალიზაციის შედეგად დასწავლილი ცნება არ არის. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ორი დღის წინანდელმა აქციამ მოსალოდნელზე უკეთ ჩაიარა, წინააღმდეგობის მიუხედავად, უნივერსიტეტში შესვლა მოვახერხეთ და „უფლებამოსილთ“ ულტიმატუმის სახით წავუყენეთ მოთხოვნები. როგორც არასდროს, ისე ვგრძნობ, რომ კონსტრუქციულ-რაციონალურ-პრაგმატულ დიალოგებს აზრი არ აქვს და მხოლოდ რადიკალური გზით, ნამდვილი და სტუდენტური პროტესტით შეიძლება შედეგის მიღწევა. დღეს შეკრებილი სტუდენტობა კარგად აცნობიერებს, რომ უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ „ზემდგომნი“ დათმობებზე კეთილი ნებით არასდროს წამოვლენ და რომ მიზანი მხოლოდ იძულებით მიიღწევა, მხოლოდ მაშინ, როდესაც სტუდენტური პროტესტი ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

უკვე საღამოა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მგონი, დედამიწა ისევ მრგვალია და მზეც ბანალურად ჩადის, ისე, როგორც ყოველთვის. ჩემი მიმართულების წერტილი „მზიურია“, სადაც „ლაბორატორია 1918“ იკრიბება („ლაბორატორია 1918“ სტუდენტური ჯგუფია, რომელმაც - ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი - დაძრა და წარმართა ყველა ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს. რომელმაც პირველმა დააყენა დღის წესრიგში და საზოგადოებაში აღძრა დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა უნივერსიტეტის ავტონომიურობა და სახელმწიფოს ვალდებულება, პრიორიტეტი მიანიჭოს განათლებას.) „მზიურში“ ტრადიციულად მრავალსაათიან, საკმაოდ მაღალ ტონალობაში მიმდინარე აზრთა შეჯერებას, მოჰყვა ასევე ტრადიციად ქცეული ბოლო, ამ შემთხვევაში მე-7 პუნქტზე გადასვლა, ანუ ლუდის სმა, ლუდის სმას კი 60-იანი წლების პარიზის და, ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტუდენტური საპროტესტო ტალღების განხილვა.

ხვალ 17 სექტემბერია, ახალი და ჩემთვის უკანასკნელი სასწავლო წელი უნივერსიტეტში. არ ვიცი, რას უნდა ველოდე. ვღელავ და თან ენით აუწერელ აღტკინებას განვიცდი, ემოციების უჩვეულო მოზღვავებას. ხვალ აღარ ვაპირებთ, სანდრო კვიტაშვილს დავანებოთ, კიდევ ერთხელ მიულოცოს პირველკურსელებს საუკეთესო, ევროპული დონის უნივერსიტეტში ჩაბარება. ამჯერად თავად უნდა მივმართოთ სტუდენტებს, ვუთხრათ, რომ აღარ გვსურს დაპირებების მოსმენა, უყურადღებობა, სიჩუმე და იმედგაცრუება. ვუთხრათ, რომ ჩვენ ბრძოლა გვწყურია, ბრძოლა ჩვენი უფლებებისათვის, ბრძოლა იმისათვის, რაც გვეკუთვნის და რაშიც 2250 ლარს გვახდევინებენ ყოველწლიურად.

საღამო მოუსვენრობაში მიილია. ღამის 12 საათზე მე და ჩემმა მეგობრებმა ხვალინდელი აქციისათვის სტენსილებით უნდა ავაჭრელოთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. მოწოდებებით: „ავტონომია უნივერსიტეტს!“ და „უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორებს!“ ჰაერში საოცარი სუნი ტრიალებს. სუნი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება და რომლითაც იამაყებ, ყველაფერი რომ დამთავრდება, მერე.

მელიქიშვილის ქუჩის ბოლოს მოულოდნელად საპატრულო პოლიციის მანქანა სვლას უნელებს და თავშეყრით ინტერესდება. რამდენიმე წუთში მობილიზდება თხუთმეტი პოლიციელი, რომელთაგანაც ზოგიერთი გულის სიღრმეში ბედნიერია ჩვენით, მაგრამ გამოხატვის საშუალება არ აქვს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ შენც ვერ ამბობ ბოლომდე სათქმელს, რომელიც გაწვება და ერთი სული გაქვს, პირში მიახალო. ყველაფერი, რასაც ფიქრობ. მაგრამ თავს იკავებ, იკავებ მხოლოდ იმიტომ, რომ დასამთავრებელი გაქვს საქმე. თურმე მოთმინებას შედეგი მოაქვს: საპატრულო პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. შემდეგი წინააღმდეგობა უნივერსიტეტის დაცვაა, მე-6 კორპუსის კიბეებთან. ისინიც ასევე აქტიური მხარდამჭერები არიან სტუდენტური პროტესტის, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მალულად. აქაც ორი წარწერა და იძულებულნი ვხდებით, დროებით შევჩერდეთ და უფრო ორგანიზებულად ვიმოქმედოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, უიღბლონი აღმოვჩნდით - 10 წუთის შემდეგ ისევ გვაჩერებს საპატრულო პოლიცია და ვხვდებით, რომ ამგვარად შეუძლებელია საქმის გაგრძელება. უკანა გზაზე კი შეძრწუნებულები ვუყურებთ, 15-20 წუთის განმავლობაში როგორ ისტერიულად ცდილობს უნივერსიტეტის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი ჩვენი დაწერილი მოწოდებების წაშლას, სველი ნაჭრებით, ფეხსაცმლის ძირით, ოფლით, სამსახურის შენარჩუნების იმედით, ოჯახის წევრების მოლოდინით სავსე მზერით და რა ვიცი, კიდევ რით. საოცარი ზიზღი და აღშფოთება მეუფლება. ასეა, სისტემა ისეა აწყობილი, მხოლოდ მის ჭანჭიკებს, იერარქიული კიბის ბოლო საფეხურზე მდგომ პირებს თუ დააზარალებ. კიდევ უფრო დამიმძიმდა გული, კიდევ უფრო მწყურია ამბოხი, მწყურია განცხადება: „სტუდენტები ვაცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას!“

17 სექტემბერი, ორშაბათი
აქცია 12 საათზეა. წუხანდელ გადაღლილს (როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად), საკმაოდ გვიან მეღვიძება. მეღვიძება იმ აზრთან ერთად, რომ გაურკვეველია ჩემი სურვილები. არ ვიცი, რად მიღირს ამდენი გარჯა, ამდენი ემოცია, ამდენი დაძაბულობა. ჩემი და მახსენებს, რომ რეალობა სხვაა და თავი ბერტოლუჩის მეოცნებე ახალგაზრდა არ უნდა მეგონოს, მე კი მაინც ერთი სული მაქვს, როდის მივალ უნივერსიტეტში და მოვითხოვ იმას, რაც ლეგიტიმურად მეკუთვნის, რაც ჩემია. ჩიხლაძის იდეაა, სულ შვიდიოდე ადამიანისგან შემდგარ აქციას რამე პერფორმანსის სახე მივცეთ. აბა, ისე როგორ?! არ შევრცხვეთ მაინც.

დიდი წრე იკვრება. ვხედავ, ნელ-ნელ როგორ ფართოვდება იგი. სულ უფრო მეტი ხალხი იყრის თავს. ახლა ვცდილობთ, ავუხსნათ მათ, თუ რის სიმბოლოა ეს წრე. თუმცა, რა უნდა ავუხსნათ? ჩვენ თავად არ ვიცით (აქ რამე განსხვავებულს რომ აკეთებ, ხომ კარგი ტიპი ხარ, ჰოდა დაე, დავრჩეთ კარგ ტიპებად!).

წრის პერფორმანსი სულ მალე მასობრივ პროტესტად იქცა, 200-მდე სტუდენტი უნივერსიტეტში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევედით და ბატონ კვიტაშვილს ჩვენი ულტიმატუმის პასუხი მოვთხოვეთ. ყველაფერი მეორდება, მისგან ახალს ვერაფერს ვიგებთ. ამის შემდეგ ასევე მარტივად შევიჭერით სააქტო დარბაზში, სადაც ათეულობით თვალებდაჭყეტილი პირველკურსელი გაკვირვებული სახით გვიყურებს. ემოციებმა იმატა, მოჭარბებულ პათოსს ვგრძნობ საკუთარ თავში და მეღიმება. ვფიქრობ, რატომ ვდგავარ აქ? გაორება მჭირს, საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამ. რატომ ვითხოვ უნივერსიტეტის ავტონომიას?.. მახსენდება პირველკურსელი „მე“. მე ხომ უნივერსიტეტში ჩავაბარე, უნივერსიტეტში, სადაც თავისუფალი აზრის ფორმირება ხდება, უნივერსიტეტში, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ერთეულია და უნივერსიტეტში, სადაც „ზევიდან“ ყოველგვარი ჩარევა მის შიგნით მიმდინარე ნებისმიერი პროცესისთვის ხელისშემშლელია. პირველი კორპუსიდან მეექვსე კორპუსში გადავინაცვლეთ, მეექვსიდან მესამეში, მესამიდან - მეორეში. ვსკანდირებდით დერეფნებში, მოვუწოდებდით ლექტორებს და სტუდენტებს, დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდით. თუმცა, მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი რჩებოდა, ულტიმატუმი - პასუხგაუცემელი, ადმინისტრაციისგან - არანაირი ნიშანი. არც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნებას აპირებდნენ, არც ანდრო ბარნოვის მოხსნას, არც იმის აღიარებას, რომ რეგენტთა საბჭო უნივერსიტეტის ფორმალურ ავტონომიურობასაც კი ზღუდავს.

რამე უკეთესის მოფიქრება იყო საჭირო, სტუდენტობა დარაზმული იყო, მობილიზებული და გააქტიურებული.

18 სექტემბერი, სამშაბათი
დღეს 5 საათზეა „ლაბორატორიის“ შეკრება. უამრავი ხალხი მოვიდა, უამრავი უცხო უამრავი აზრით. ყოველთვის მსიამოვნებს ამ სიტყვების თქმა და მოსმენა: ჩვენ არ გვყავს და არც გვჭირდება ლიდერი, აქ ყველა თანასწორია, ყველას აზრი - თანაბრად საინტერესო და გასათვალისწინებელი. ჩემი და კიდევ რამდენიმეს პოზიცია მკაფიოა და შედეგის მომტანი. უნივერსიტეტის პიკეტირება, შიგნით გამაგრება და სასწავლო პროცესის ჩაშლა. თუმცა, ცხადია, ეს თვითმიზანი არ არის, ესაა საშუალება, რომლითაც იძულებულს ხდი ადმინისტრაციას, დათმობაზე წამოვიდეს, დაგემორჩილოს შენ, სტუდენტს. აკონტროლებ უნივერსიტეტს, აკონტროლებ ყველა იმ პროცესს, რომელიც შენს ირგვლივ ხდება.

შეკრება შეთანხების გარეშე დამთავრდა, თუმცა თითქმის ყველა წევრი იზიარებს ამ გეგმას. თუ აქციაზე მეტი ხალხის მობილიზება მოვახდინეთ, უნივერსიტეტი დაკავებულია. ძალიან დავიღალეთ. ნორმალური გამოძინება გვჭირდება. თუმცა, ვგრძნობ, სახლში მისვლა აღარ მინდა. მთელს ჩემს ენერგიას ამ პროცესებში ვანთხევ და მასში იმდენად ვითქვიფები, რომ არ მინდა ყოველდღიურობაში დავბრუნდე. თუმცა, ვაღიარებ პერმანენტული პროტესტი უამრავ ენერგიას საჭიროებს. უცნაური დღეებია და, თითქოს, მეც უცნაური ვარ.
ისევ ლაბორატორია, ისევ „მზიური“, ისევ ლუდი და უამრავი თემა, რომელზეც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაუსრულებლად კამათი. ასეთი დღეა დღესაც. ყველანი ერთად ბალახზე გართხმულნი ლუდს ვწრუპავთ და ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. ცოტა ხანში ერთ-ერთი ტელევიზია პირდაპირ ეთერს გვითმობს თემით - „სტუდენტური პროტესტი“. ეს არავის ახსოვს. აი, სწორედ ასეთ მომენტებში ვგრძნობ, თუ რა არის სინამდვილეში „ლაბორატორია“. „ლაბორატორია“ არის წუთი, ეს არის წამი, რომელიც ახლა არსებობს, ამ სივრცეში, ამ გარემოში. მეღიმება ჩვენს იდეალიზმზე და თან მომწონს ეს.
გადავწყვიტეთ, გადაცემაში სწორედ იმ ფორმატით გავაგრძელოთ საუბარი, როგორც ამას ახლა, „მზიურში“ წამოწოლილები ვაკეთებთ. დავსვათ უცნაური შეკითხვები, წამოვჭრათ მეცნიერულად გადაუწყვეტელი საკითხები, გავიგოთ ბატონი ანდრო ბარნოვის მოსაზრება, თუ რას ფიქრობს იგი კულტურულ რელატივიზმსა და ლაკანისეულ „მე“-ს კონცეფციაზე. ეს პროტესტის ერთგვარი გამოხატულება იქნება, დამადასტურებელი დიალოგის და საუბრის აბსურდულობისა. ოდნავ შეზარხოშებულნი, იდეამ ისე მოგვხიბლა, რომ ტელევიზიაში მისვლამდე აღტკინებით ვსახავთ გეგმებს და ვიწვით ინტერესით, თუ რა მოხდება.

იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ გადაცემის თემა შეიცვალა. ამის მიზეზს კი რამდენიმე წუთში ეკრანებზე ვხედავთ. შეუძლებელია, ეს რეალობა იყოს. შეუძლებელია სხვა დროს, ოდესმე, ასე აშკარად გრძნობდე საკუთარ ბრალს მომხდარის გამო. შეუძლებელია, ამაზე მეტად გაგაცოფოს რამემ, ან მოხდეს რამე, ამაზე უარესი! უნივერსიტეტის პრობლემატიკა ერთბაშად, მთლიანად მოიცვა ციხეებში გადაღებულმა ვიდეოებმა. აშკარაა - ახლავე მოქმედებაა საჭირო. ღამის 12 საათზე ფილარმონიასთან ხალხი შეკრებილა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გადაცემიდან გამოსული „ლაბორატორია 1918“ ერთხმად შეუერთდა ამ აქციას.

19 სექტემბერი, ოთხშაბათი
სახლში მხოლოდ იმიტომ მივდივარ, რომ რამდენიმე საათით დავიძინო. ირგვლივ ყველა მეკითხება, თუ რა ხდება, ახლა რას ვაპირებთ, ხვალ რას ვიზამთ. მე კი პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი და არც მსურს თქმა.
...ფეხით მივუყვები უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას და უამრავ ადამიანს ვხედავ ჩემ გარშემო. აქ რამდენიმე საკმაოდ ემოციური გამოსვლის შემდეგ გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადავინაცვლოთ და მოვითხოვოთ გაშუქება ყველა იმ კადრისა, რომელიც პატიმრების წამებას ასახავს. კიდევ ერთხელ უმძაფრესად ვიგრძენი რეჟიმის კონტროლი.

ცოტა ხანში ჩვენი სამი წარმომადგენელი გია ჭანტურიასთან შესახვედრად ადის და მალევე უკან ბრუნდება. ტელევიზიის დირექტორი ჩამოდის და აცხადებს, რომ ყოველთვის მიუკერძოებლად აშუქებდა და გააშუქებს კიდეც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სასტიკი ტყუილია. მეღიმება... ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია ხალხითაა გადაჭედილი. სტუდენტების ნაწილს შენობაში შეჭრა სურს და მეც, რატომ უნდა უარვყო? საზოგადოებრივი მაუწყებლის ოკუპაცია და სტუდენტების ძალაუფლებაში გადასვლა სერიოზული დარტყმაა სისტემისთვის.

თუმცა, საერთო გადაწყვეტილებით, მოდულის შენობასთან ვინაცვლებთ. არასდროს მინახავს ამდენი სტუდენტი ერთად, გზაში ყველა სოლიდარობას გამოხატავს. ავტობუსისა და ტაქსის მძღოლები გაბრწყინებული თვალებით შემოგვყურებენ და სიგნალს არ იშურებენ. მოვითხოვთ, ბაჩო ახალაიამ დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.

20 სექტემბერი, ხუთშაბათი
ხუთშაბათს იყო მხოლოდ ხუთშაბათი და არაფერი სხვა... აქციები გრძელდებოდა. სტუდენტები არ დაკმაყოფილდნენ ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებით და მის და, მასთან ერთად, ყველა იმ ადამიანის დასჯას მოითხოვდნენ, ვისაც ხელი ერია ამ საქმეში.
ჩვენ სისტემური ცვლილების აუცილებლობას ვხედავთ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიეს აქციაზე არცთუ მცირე რაოდენობით გამოჩენილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურებიანმა სტუდენტებმა. გაჩნდა მოსაზრება, რომ გულწრფელი სტუდენტური პროტესტი გადაიზარდა პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებაში. სწორედ ამის გამო სტუდენტების ნაწილი მთელ დღეს აუდიტორიაში შევიყუჟეთ და მოვლენების განვითარების ჩვენეულ სტრატეგიებზე ვისაუბრეთ და ვიკამათეთ. ვგრძნობდით, რომ ყველგან სიბინძურე იყო. ყველგან გაურკვევლობა. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ვიფიქრეთ, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, როცა აქაურობას უნდა გავცლოდით და სადმე, ცივილიზაციისგან შორს გვეპოვნა შვება.

22 სექტემბერი, პარასკევი
დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სტუდენტებს მშვიდობისაკენ მოუწოდა. მე კი ვფიქრობ, ეს სწორედ ის მშვიდობაა, რომლისაც უნდა გეშინოდეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პატრიარქის მოწოდების თანახმად, მასობრივი სტუდენტური პროტესტი მასობრივ ლოცვაში გადაიზარდა. ამის პარალელურად, სტუდენტებში გაჩნდა იდეა, შეიქმნას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მიმდინარე პროცესებს.

ჩვენ მოქმედებას ვირჩევთ!

23 სექტემბერი, შაბათი
– წავიდეთ.
– ვერ წავალთ.
– რატომ?
– გოდოს ველოდებით...
დგანან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG