Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა არველაძე - ფეხბურთელი


დილიდან დავდივარ და ვერ გამიგია, რას ვაკეთებ. როგორი იყო? ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი. ვერ გავიგე... ყველა მიხსნის: გუშინ ასეთი იყო, ისეთი იყო, ლამაზი იყო, რამდენი ვიტირე... მაგრამ ვერ ვხვდები, რა ხდება... სადა ვარ და რა უნდა ვაკეთო ხვალინდელ დღეს. ძალიან გამიჭირდა...

1 ივნისი, კვირა
ამსტერდამში ვარ. თავში 3 ივნისი მიტრიალებს.

სასტუმროშივე ვისაუზმე. მერე პრაღიდან დათო კაკაბაძემ დარეკა და ინტერვიუ ჩავწერეთ. ამ ინტერვიუმ თოთქმის მთელი ჩემი კარიერა მოიცვა. საინტერესო იყო.

ერთი წელი არ ვყოფილვარ ამსტერდამში. ქუჩაში გავედი. ძალიან მესიამოვნა. ხალხი ისევ ისე თბილად და გულითადად მხვდებოდა.

კარგა ხანს ვიარე. მობილური ტელეფონი გაუთავებლად რეკავდა. 60 სტუმარი მყავს თბილისში დაპატიჟებული და ტელეფონი ზანზარებდა.

საღამოს რობ კოუჰენთან ვივახშმე, მეუღლესთან ერთად ისიც მოდის თბილისში. ხვალ თბილისში მძიმე დღე მელის, ამიტომ სასტუმროში მივედი თუ არა, დავიძინე.



2 ივნისი ორშაბათი
გავიღვიძე. და დაიწყო ნერვიულობა. თითქოს ყველასთან მოლაპარაკებული ვარ, მაგრამ მაინც ძნელია ყველაფერ ამისთვის თავის მობმა.

აეროპორტში გავედი. ნელ-ნელა ხალხი იკრიბება.

სტუმრების გამოსაცილებლად აეროპორტში სანდრა რულოვსიც მოვიდა და მაია ფანჯიკიძეც, საქართველოს ელჩი ნიდერლანდში.

სანამ ბოლო სტუმარი არ მოვიდა, ვერ დავწყნარდი. ბიჭებსაც დიდი ხანი არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი და რაღაც კარგი სიტუაცია შეიქმნა. ატყდა ერთი ამბავი! ძალიან კარგ გუნებაზე დავდექი, მიხარია...

გვისურვეს მშვიდობიანი ფრენა და გამოვფრინდით თბილისში.

სულ რაღაც ოთხ საათში „აირზენას“ თვითმფრფინავი დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მთელი ქართული მედია დაგვხვდა. სპორტული და არასპორტული.

აეროპორტის პროცედურები ძალიან სწრაფად გავიარეთ და სასტუმრო „მეტეხში“ წამოვედით.

საღამოს რესტორან „მეიდანში“ ვივახშმეთ.

მშვენივრად ჩაიარა! რაც ქართულ სუფრას ამშვენებს, ყველაფერი იყო.
მერე წავედით თეონა თავართქილაძის დეფილეზე, რომელიც ჩემს გამოსათხოვარ მატჩს ეძღვნებოდა.

შოუმ 40 წუთს გასტანა. ძალიან ლამაზი იყო. კულმინაცია ის იყო, რომ შოუს ბოლოს ყველა მოდელი ჩემს მაისურში გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე, მაისურზე ყველას 11 ნომერი და ჩემი გვარი ეწერა.

მერე „ნაიტ-კლაბში“ წავედით. კოსტავას ქუჩაზეა კლუბი „კუბიკი“ და იქ ნამდვილი სიგიჟე მოვაწყვეთ...

კლუბიდან ღამის სამ საათზე გავიპარე, რომ ხვალისთვის შეძლებისდაგვარად ფორმაში ვიყო. ჩემი ბოლო მატჩი უნდა ჩავატარო.

3 ივნისი, სამშაბათი
დილიდან რაღაც დაბნეული ვარ. ჩემი მშობლები ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, მაგრამ ისინი ჩემზე მეტად ღელავენ. ამ თამაშით ჩემი და ჩემი ძმების კარიერა მთავრდება.

თამაშამდე დრო ძალიან მალე გავიდა. მოვხვდი იმ გასახდელში, რომელშიც არასოდეს არ ვყოფილვარ, იმის მიუხედავად, რომ ამ სტადიონზე ამდენი წელი ვთამაშობდი. სტადიონზე ორი გასახდელია. ერთი სტუმრების მეორე – მასპინძლების. აქამდე ყოველთვის მასპინძელი ვიყავი, ახლა კი უცხოელ მეგობრებთან ერთად სტუმრების გასახდელში აღმოვჩნდი.

თამაში მათლაც ლამაზი გამოდგა. ჩვენ გუნდში ბევრი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა: გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, სხვები... ბევრი გოლი გავიდა, 3:6 დავმარცხდით, ანუ საქართველოს ნაკრები დამარცხდა ჩემს უცხოელ მეგობრებთან.

თამაშის ბოლოს ჩემს მაგივრად მინდორზე შემოვიდა ჩემი შვილი გიორგი არველაძე, რომელმაც წერტილი დაუსვა ამ მატჩს და ლამაზი გოლიც გაიტანა. ხალხი სკანდირებდა „შო-თი, შო-თი, შო-თი!“ სტადიონს საპატიო წრე დავარტყი და ჩემს გულშემატკივარს დავემშვიდობე.

4 ივნისი, ოთხშაბათი
სიცარიელე...

დილიდან დავდივარ და ვერ გამიგია, რას ვაკეთებ. როგორი იყო? ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი. ვერ გავიგე... ყველა მიხსნის: გუშინ ასეთი იყო, ისეთი იყო, ლამაზი იყო, რამდენი ვიტირე... მაგრამ ვერ ვხვდები, რა ხდება... სადა ვარ და რა უნდა ვაკეთო ხვალინდელ დღეს. ძალიან გამიჭირდა...

დილიდან გაზეთები მომიტანეს მშობლებმა – სავსე სურათებით, ტექსტებით, ლამაზი სტატიებით. რამდენიც დავიწყე, ვერც ერთი ვერ წავიკითხე. შუა გზაში ვჩერდებოდი... ხან ცრემლი მადგებოდა, ხან ეს ჩემი განვლილი დრო თვალწინ მიდგებოდა და... რა ვიცი... ძალიან გამიჭირდა.

ქალაქში გამოვედი მეგობრებთან შესახვედრად. უცხოელი სტუმრებიდან ჯერ კიდევ ბევრი წასული არ იყო. ჩემი თურქი მეგობრებიც დარჩნენ, დანიელი მეგობრებიც და მინდოდა, მათთან ერთად ქალაქში გამევლო, დამეპატიჟა სადმე. წავედით, შარდენის ქუჩაზე დავსხედით. ყავა დავლიეთ. მოკლედ, დღის პირველი ნახევარი მათთან ერთად გავიარე. საღამოს გავაცილე აეროპორტში და სახლში მკვდარი დავბრუნდი.

საღამოს ბევრი არაფერი გამიკეთებია...

მშობლებს ვაკოცე და წავედი, დავიძინე.

5 ივნისი, ხუთშაბათი
დილიდან ჩემი დანიელი სტუმრები აბანოში წავიყვანე. ვუხსნიდი, რა იყო, სად იყო, როგორ მოხდა. მოვუყევი ლეგენდა ხოხობზე, რომელიც ყველამ იცის და ავუხსენი, რატომ ჰქვია თბილისს თბილისი. თვითონაც გაკვირვებულები მიყურებდნენ: ააა, ახლა მივხვდით, რატომ არის ამ ქალაქში ყველა ასეთი თბილი და კარგი ადამიანიო.

5 საათზე მიფრინავდნენ. 2 საათზე ვისადილეთ, მერე სასტუმროში წავედი და ჩემი ბოლო სტუმარიც გავაცილე.

სახლში დავბრუნდით – მე, აჩი, რეზი... და ყველაფრის თავიდან მოყოლა დავიწყეთ.

რაღაცნაირად გაგვიჭირდა... რისთვისაც ეს ორი-სამი თვე მომართულები ვიყავით (ისინიც და მეც), დამთავრდა. ლამაზად დამთავრდა, მაგრამ მაინც – დამთავრდა. და ახლა თითქოს საქმეს ვეძებდით: რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?
აი, ასეთი სიტუაცია იყო...

მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერი იყო, ყველა გვილოცავდა ამ ლამაზ დღეებს ქართული ფეხბურთისთვის და ჩვენ ამით ვამაყობდით კიდეც...

ეს დღეც ასე ლამაზად დამთავრდა.

6 ივნისი, პარასკევი
გვიან ავდექი... გადაღება მქონდა. პირველი არხი გადაცემას ამზადებს ჩვენზე. მთხოვეს, სახლში მოვალთო. მოვიდნენ, გადაიღეს.

სახლში თუ რამე თასი მქონდა, სათითაოდ გამომკითხეს, რასთან დაკავშირებით მივიღე, როგორ მივიღე. ისტორია მომაყოლეს ყველასი.

მერე ბავშვები ჩაწერეს, ეკითხებოდნენ, როგორი გრძნობაა ასეთ საფეხბურთო ოჯახში ცხოვრებაო; თვითონ რას აპირებენ და ასე შემდეგ...

ინტერვიუ ჩვენი მშობლებით დასრულდა და მათაც სცადეს, ყველასთვის აეხსნათ, თუ რა ხდებოდა ამ 16 წლის განმავლობაში ჩვენს სახლში.
შემდეგ ბავშვებს ვარჯიში ჰქონდათ და იქ წავედით, რომ ისინი უკვე მინდორზე გადაეღო ტელევიზიას.

ინტერვიუც ჩაწერეს, მეც გადამიღეს, რაღაცებს რომ ვკარნახობდი, მინდორზე რომ ვუყვიროდი.

მოკლედ, დღესაც დაკავებული ვიყავი - პრესასთან ურთიერთობით და გადაღებებით...

საღამოს 8 საათხე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ტელევიზიაში ვიყავი დაბარებული. ჩემპიონატი დაიწყო და აზრის გამოთქმა მთხოვეს.

სახლში ისევ გვიან დავბრუნდი. აჩი და თინი ინტერნეტში იქექებოდნენ, სტატიებს ეძებდნენ... ხომ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან... და ვამოწმებდით, ვინ რა დაწერა, რა შთაბეჭდილებებით წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, კმაყოფილი იყვნენ თუ არა თამაშით, ჩვენი მეგობრობით, მასპინძლობით.

ძალიან ლამაზი სურათები გამოგვიგზავნეს. ზოგმა იმეილი მოგვწერა. ისეთი ესემესები გამოგვიგზავნეს ბიჭებმა, რომ დღემდე არ ვშლი – მინდა ყველას ვაჩვენო.

ერთი ასეთი ესემესი მივიღე: თუ უფლებას მომცემ, გვარს შევიცვლი და თქვენს გვარზე გადმოვალო. ჩემი ძალიან ახლობელი მწერდა ასეთ სიტყვებს.

გვიანი ღამეა. ასეთი სიწყნარე ჩემს სახლში კარგა ხანია, არ მახსოვს. მე აჩი, თინი და თამუნა ვსხედვართ და ვლაპარაკობთ. გვიანობამდე შევყევით ლაპარაკს და ბოლოს მივხვდით, რომ დილის ოთხი საათია და უნდა წავიდეთ დასაძინებლად, თორემ ყველას აქვე დაგვეძინება, ტელევიზორთან.

ყველანი გავნაწილდით და დავიძინეთ.

7 ივნისი, შაბათი
დილით აღარავისთან არა ვარ წასასვლელი, სტუმარი აღარ მყავს, უკვე ყველა გავამგზავრე. ამიტომაც ჩვეულებრივად ავდექი.

დღე ცუდად დაიწყო, პანაშვიდებით, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია თბილისში.

პანაშვიდები მოვიარე. ვისთანაც უნდა მივსულიყავი, ყველასთან მივედი და მივუსამძიმრე.

მერე რადიო „თავისუფლებაში“ წავედი.

არ ვიცი, როგორი დღიურები გამომივიდა, მაგრამ რაც იყო, ზუსტად ისე მოვყევი. ემოციის გამოხატვა რთული გამოდგა, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან იყო დაკავშირებული.

გამიჭირდა. მაგრამ ნამდვილად გულახდილი ვიყავი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG