Accessibility links

logo-print

5 ოქტომბერი, კვირა

დღიურის წერაზე ბავშვობაში ვგიჟდებოდი. ვარჩევდი ფერების მიხედვით, ვაფორმებდი, ვწერდი ყველაფერს, ყოველ წამს. ახალი გვერდი და ახალი ფურცელი მიყვარდა ძაან. ასე მეგონა, თუ ახალ დღიურში ახალ გვერდზე დავწერდი, ყველაფერი თავიდან, კარგად და ზუსტად ისე წავიდოდა, როგორც მინდოდა. რაღაც ეტაპზე გავჩერდი. არც მახსოვს, როდის. დღემდე ვინახავ ყველა დღიურს და არც ერთხელ არ გადამიშლია. ცოტა მეშინია მიბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერი წერია შესაშინებელი. ალბათ იმიტომ, რომ არ მიყვარს წარსულთან დაბრუნება და არც აწმყოზე ვგიჟდები, მხოლოდ მომავალს ვუყურებ. ალბათ ამიტომ, ყველა ჩემი საათი თავისით გარბის წინ და მთელი ოჯახი ბუხრის თავზე (მთავარ საათზე) 20 წუთით წინ ფიქსირებული დროით ვცხოვრობთ.

ამ ყველაფრით იმიტომ დავიწყე, რომ რაღაც შესავალი გამეკეთებინა დღიურთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ.

გამარჯობა, მე სოფო ვარ, ხუნწარია. ოფიციალურად სოფიო. მყავს ქმარი, სამი შვილი, მაქვს საქმე, რომელიც ჩემი კი არ არის, ჩემშია და ვთვლი, რომ სხვებისგან დიდად განსხვავებული, მოსაყოლად საინტერესო ცხოვრება არ მაქვს.

და მაინც, დღეს კვირაა − გამოძინების დღე.

11 საათია. კატოს და ნიკოს ღვიძავთ. ნატალიას და ირაკლის სძინავთ. ჩემი კვირის და თითქმის ყოველი დილის ტრადიციული რიტუალი იწყება. ევროკინოზე ფილმს ვრთავ და ყავას ვსვამ.

12 საათი. ლაგებას ვიწყებ, როგორც ყოველ კვირა დღეს. თუმცა დღეს განსხვავებული დღეა: ზამთრის ტანსაცმლის ამოლაგების და დიდი დეპრესიის. კატოს და ნიკოს თითქმის ყველაფერი პატარა მოუვიდა.

ცოტა ხანში ნატალიაც იღვიძებს, ნატალიას მერე − ირაკლი. როგორც ყოველთვის, პირველი საათიდან პირველი პოტენციური სტუმრის ზარი შემოდის. კვირა სტუმრების დღეა. მე არ დავდივარ, ისინი მოდიან.

სოფო ზურაბიანია. გამიხარდა! ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს და მომენატრა. მეუბნება, რომ აქვეა და ცოტა ხნით დეიდაშვილთან ერთად მოვა.

13:00. სოფო მოვიდა. კვირა დღის მეორე რიტუალი, სტუმართან ერთად ყავის დალევა იწყება. ამჯერად ჩემ მიერ, პირველად გახეხილ შინდს გეახლებით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ თურმე შემძლებია და ბებიების მურაბები და ჯემები მხოლოდ მითი არ არის. სოფოსთან ერთად ბევრ ახალ და ძველ ამბავზე ვსაუბრობ. არ ღირს მოყოლა, რადგან მთელი მედიასივრცე დაიღუპება. :-)

მომწონს კვირა დღის სიმშვიდეში, სახლში ჩამოფარებულ ფარდებში შემოსული მზის სითბოს ფონზე გაგრილებული ყავის სმა და ახალი ამბების მოსმენა.

ამ ფრაზაზე კი ჩემში ბავშვობაში ჩაბეჭდილი თითქმის ერთადერთი კადრი მახსენდება. საძინებელში ვიღვიძებ. შიდა კარიდან შუა ოთახი მოჩანს, სადაც მაგიდის თავში მამაჩემი ზის. ტელევიზორის ხმა ისმის. დაბალ ხმაზეა ჩართული და ფარდებიდან მზე ბჟუტავს. ვიცი, რომ გარეთ თბილა.

ჩემი კომუნისტური ბავშვობის ყოველი კვირა დღე მზიანი მახსოვს. არ ვიცი, იმიტომ რომ კომუნისტური იდეოლოგიის მსხვერპლი ვარ თუ იმიტომ, რომ იდეალური და მზიანი ბავშვობა მქონდა.

კიდევ ერთი უცნაური ჩვევა: როცა მზეა, ფარდებს არ ვხსნი და ახლაც ასეა. გარეთ მზეა და მე ფარდები მაქვს ჩამოშვებული. ტრადიციულად, ფონად ერთი ოთახიდან „ნიკოლოდიონის“ ხმა ისმის, რაც პერიოდულად მაღიზიანებს და მკაცრი შეძახილით ბავშვებს ხუთ წუთს ვაძლევ ტელევიზორის გამოსართავად. თუმცა მერე ისევ მავიწყდება, სანამ ხმა ისევ არ შემაწუხებს.

17:00. ნიკო და კატო სამეცადინოდ დასხდნენ. ირაკლი „არტარეაში“ წავიდა, ნატალია კი − „ფლიმარკეტზე“. მე კვლავ ზამთრის ტანსაცმელს ვუბრუნდები და ძალიან ენერგიულად ვახარისხებ.

19:00. ნანუკა რეკავს. გიოს ელოდება და მოვა. მე ბავშვებს ვაკონტროლებ, რამე ხომ არ გამორჩათ. ყველაზე მეტად მძულს პროცესი, როცა ჩემს შვილს გაკვეთილს ვაყოლებ. თავი 51-ე სკოლის მასწავლებელი მგონია. იქ არ მისწავლია, მაგრამ მაინც ასე მგონია. ნანუკას მოსვლამდე ტელევიზორის გამორთვას და „80 დღე დედამიწის გარშემოს“ წაკითხვას ვახერხებთ. პროცესი მხოლოდ კოლექტიურია და ინდივიდუალური კითხვა ოჯახში ჯერ არ განიხილება. კატო მაინც არ გვისმენს და ინტენსიურად ცდილობს ხელის შეშლას.

20:00. გიო და ნანუკა მოვიდნენ. კვლავ საშკაზე ვიწყებთ ლაპარაკს. რა ვუშველოთ საშკას შვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ვერ იღებს? მერე კოპალა აღფრთოვანებით ჰყვება, რა სამუშაოები დაიწყო ლესელიძეზე, ბექა და ეგ როგორ კამათობენ, სიონთან მდგარ კატებიან ქალს რა შესთავაზა, როგორ უნდა განვითარდეს საოჯახო ბიზნესი და ა.შ.

ირაკლი მოვიდა. საუბარი ახალ ფაზაში გადადის, რადგან ირაკლი მხოლოდ კამათობს. მისი კამათის ფონზე კი ნანუკას, ტრადიციულად, ეძინება. ტელეფონი გამიფუჭდა, თორემ მისი ყველა ასეთი დაძინება აღბეჭდილია, რაც ოდესმე კოლაჟად გამოქვეყნდება.

ღამის ორის ნახევარია და ჩვენ კვლავ ერთსა და იმავე თემაზე ვჩხუბობთ და კვლავ, ტრადიციულად, ნანუკა ისტერიულად იღვიძებს, ხტება და ფრაზით: „წავედით, გიორგი!“ ტოვებს თამარაშვილის 10-ს.

ხვალ ორშაბათია.

6 ოქტომბერი, ორშაბათი

ორშაბათი ჩემთვის ფლიდია. ვითომ ახალი იმედით თუ ენერგიით რომ გადიხარ სახლიდან... არადა, ორშაბათიც შაბათია და ა.შ. ისე, როგორც სამარშრუტო ტაქსის სალონში მოსმენილ სიმღერაშია.

დილა იწყება ისე, როგორც ყველა ოჯახში: ბავშვები სკოლა, მე და ირაკლი და „არტარეა“.

ალბათ გასაგებია, მაგრამ მაინც ვიტყვი. ირაკლი ჩემი ქმარია და ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი გამოჩენა და პირველი პუბლიკაცია ჟურნალ „სტუდიაში“ სწორედ მას ეძღვნებოდა. „მე და ბაო“ − ასე ერქვა სტატიას, რომელიც ჩემი და ირაკლის, ანუ ბაოსი (როგორც მას ოჯახში ეძახდნენ) და ჩვენი პირველი შვილის, ნატალიას ურთიერთობებს ეხებოდა. დღეს მე და ბაოს სამი შვილი, 16 წელი და საერთო საქმე გვაქვს. ჰოდა, გავუშვით ორშაბათს დილას ბავშვები სკოლაში. ნატალია მოწყენილია, არ უყვარს სკოლა; ნიკოლოზი − დაბნეული, ეზარება... და ეკატერინე − აღტაცებული, რადგან მხოლოდ პირველ კლასშია.

მე ვზივარ ტელევიზორთან და „პრემიერაზე“ ფილმს ვუყურებ, როგორც ყოველთვის. ყავას ვსვამ, ირაკლი კი წასვლამდე, როგორც ყოველთვის, „ტრაქტორში“ მუსიკას აკეთებს. არც იცის არავინ, მაგრამ აკეთებს. მერე იწყება ისტერიული ჩაცმა და ისტერიულად და ისტერიკით სახლიდან გასვლა.

ახალი გზით მოვედით დოდო აბაშიძის 10-ში. სიჩუმეა, რადგან ორშაბათი დაგვიანების დღეა. ტრადიციულად, თურქული ყავა და 20-წუთიანი სიჩუმეა. მერე ჩემი დილის შეგონებები... და იწყება, რაც ისედაც არასდროს მთავრდება. ახალი ეთერისთვის ვემზადებით. 13-ში ახალ გადაცემებს ვუშვებთ. ისევ ორშაბათს.

ტიხრები, შეფუთვა, ფერი. ყველაფერი ახალი უნდა იყოს. ფერზე მაინც ვდაობთ. ყველა დაძაბულია. რთულია, როგორც ახალმა მედიამ, თავი დაიმკვიდრო, მაგრამ ყველაზე მაგარი პროცესია. ერთ-ერთი ორგანიზაციიდან შეხვედრაზე მოდის HR-ი, რომელმაც ახალი „ბრენდმენეჯერი“ უნდა გვიპოვოს, და გაოგნებული ჩერდება:

- თქვენ აქ ზიხართ?

- დიახ...

- მე ძალიან დიდი და სულ სხვა ტელევიზია მეგონა, სხვა სივრცეში.

მეცინება...

- იცით, ეთერში ასე ჩანს...

ვიცი! :-)

მთელი ხიბლიც ამაშია, დანგრეულ, ძველი „ტეცის“, ანუ თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ყველაზე მაგარი რამე კეთდება. ეს „არტარეაა“.

საღამოს ცხრა საათზე ტელევიზიაში მხოლოდ სამნი ვრჩებით: მე, ირაკლი და დათო. მე სახეზე თეთრი ვარ და თვალები მაქვს წითელი. თმები − მოუწესრიგებელი, დიდი შალით, რადგან სულ მცივა... დღეს დამონტაჟებულ მასალას ვუყურებ. ირაკლი ბადეს აწყობს. წესით სხვა უნდა აწყობდეს, მაგრამ ირაკლი აწყობს. მერე ჩხუბობს, რადგან ბადეში ცხრაწუთიანი „ლუფტი“ დარჩა და არ იცის, რა ჩასვას. მაგრამ მაინც აწყობს. ბავშვი ბაო დღეს ბევრ ფუნქციას ითავსებს: დაიღალა, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. გვერდზე დათიკო უზის და დინჯი მოძრაობებით კომპიუტერში ჩემთვის გაურკვეველ ალგორითმებს არჩევს. მიყვარს „არტარეას“ ღამის სიჩუმე, რადგან ეს სხვა სიჩუმეა და ხვალ სამშაბათია.

7 ოქტომბერი, სამშაბათი

გამარჯობა, დღეს საქმე ბევრია. ჩემს ამოჩემებულ „ორგანაიზერში“ ჩანიშნულ შეხვედრებს მივყვები. ამოცანა 1: შევხვდე რამდენიმე პოტენციურ სპონსორს; 2. პარიზიდან და მოსკოვიდან მივიღო მასალა, რომელიც ძლივს შევუკვეთე; 3. დარჩენილი გადარიცხვები გავაკონტროლო; 4. მე და ტასიკომ ახალი პროქტის პრეზენტაცია დავასრულოთ და ა.შ. ჩამონათვალი დიდია და ყველაზე მეტად მიყვარს, როცა დღის ბოლოს შესრულებული იშლება, მაგრამ ფურცელზე მაინც ბევრი რჩება.

მივდივარ ერთ-ერთი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, რომელიც ფინანსური დირექტორიც აღმოჩნდა და, ამასთან, ჩვენი ბავშვობის მეგობარია. პირველი კომპანიაა, რომელშიც მითხრეს, რომ ისინი არა რეიტინგით, არამედ „ნიშით“ საზღვრავენ მედიას, სადაც რეკლამას დებენ. ეს უკვე დიდი შვებაა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი საამაყო პრეზენტაცია გავხსენი და, როგორც ყოველთვის, „ჩავრთე ტელევიზორი“. ასე ნიკა მაფასებს, მაჩაიძე, რომელიც ყველა ჩემს ოფიციალურ შეხვედრას ჩართულ ტელევიზორს ეძახის.

ხანდახან მეც ვიჭერ ჩემს თავს, რომ იმ წამს არა სოფო, არამედ წამყვანი ან პირდაპირ ჩართვაში მდგარი სოფიო ვხვდები.

მოკლედ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა; არა მეგობრობის გამო, არამედ მართლაც დაინტერესდნენ და მეორე შეხვედრაზე გადავინაცვლე. იქიდანაც დაპირებებით გამოვედი. ისე სიმართლე რომ ვთქვა, დაპირებები მიყვარს: პოზიტივია, ენერგია მემატება, მაგრამ, ძვირფასო სპონსორებო, თუ ამას შედეგსაც მოაყოლებთ ხოლმე, უფრო ბედნიერი ვიქნები.

ისევ ჩემს საამაყო ბერლინურ „ტეცში“ ვბრუნდები. მხვდება მერიკო, რომელმაც ახალი მზარეული მოგვიყვანა. საწყალი თამრო, რომელიც კაფე „არტიშოკში“ დედასავით გვივლიდა, საავადმყოფოშია. მიხარია, მაგრამ თან გული მწყდება. თამროს საჭმელები მინდა. მე და მერიკო გუგაზე და „არტიშოკის“ დახურულ სივრცეში გადატანაზე ვსაუბრობთ. მალე „არტარეას“ გალერეას და კაფე „არტიშოკს“, რომელიც გუგასი და მერიკოსია, „სიესტას“ წიგნის მაღაზია და ახალი კაფე შეემატება.

ავდივარ ჩემს ოფისში და ჯერ საკაბელოებში ჩართვის გეგმას დავცქერი. სულ ცოტა დამრჩა და ყველგან ვარ და შემდეგ „ქუჩის აკადემიის“ განხილვა იწყება. ლექციები გვაქვს ასეთი. გადავიტანოთ თუ არა სხვა სივრცეში? ლექციები ეზოში ტარდება და ადრე აცივდა, ამიტომ გაჩნდა პრობლემა.

სხვათა შორის, პრეზიდენტიც დავპატიჟეთ. დაგვთანხმდა კიდეც, თუმცა როდის წაგვიკითხავს ლექციას, ახლა ვაზუსტებთ.

უკვე სამი საათია. სამონტაჟო, გადაღება, დაფა, საეთერო, პრაქტიკანტები და ჩვენს ეზოში დაწყებული „იმედის“ სერიალის გადაღების ხმაური, რომელიც არასდროს აღარ დამთავრდა. მაპატიეთ, მაგრამ უკვე შევწუხდი.

დღეს საღამოს ცოტა ადრე გავედი „არტარეადან“. ნიკო ფეხბურთზე დღეს მე მიმყავს. რა თქმა უნდა, კატოც მომყვება.

გაუთავებელი ხერგილები, ბავშვებთან დღის განხილვა, სახლში დედაჩემთან რამდენიმე სიტყვის გაცვლა-გამოცვლა, ირაკლის დაბრუნება, ჩაის უაზროდ ჩართულ ტელევიზორთან ერთად დალევა და ასევე ტელევიზორის ფონზე დაძინება.

8 ოქტომბერი, ოთხშაბათი

არა მგონია, გუშინდელი დღე საინტერესო ყოფილიყო, ოთხშაბათი კი იმედს იძლევა. ჭოლასთან უნდა გადავიდე და დაველოდო. ტელეფონი არ აქვს და უბრალოდ ვიცი, რომ თეატრშია. გადავედი. მისაღებში ზის და ქალბატონ გურანდას ესაუბრება.

მე მეჩქარება.

დაახლოებით 40 წუთს ველოდე. პრინციპში ვისიამოვნე. ქალბატონი გურანდას საოცარი არტისტიზმით მონათხრობი ძალიან ბევრი ამბავი...

ახალ სპექტაკლზეც საუბრობდნენ, რაზეც ყურები სულ მთლად დამეძაბა. როლი ძაან მაგარი ექნება. უბრალოდ, ვერ ვიტყვი. ბოლოს გავბედე და ჭოლას წინ სოკოსავით ამოვიზარდე, თუმცა სოკოს ნამდვილად ვერავინ მიმამსგავსებს.

ჰოდა, შევედით კაბინეტში და დავიწყეთ საუბარი. რა თქმა უნდა, ირაკლიც ჩემთან ერთად არის და აღფრთოვანებით განიხილავს ახალ კადრს, რომელიც სპექტაკლ „ჟოლოს“ ყურებისას აღმოაჩინა. „არტარეაზე“ მალე ახალი გადაცემა უნდა დაიწყოს: „კუდი“. მეტს აღარ ვიტყვი, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ეკა მაზმიშვილი და ჭოლა უნდა იყვნენ წამყვანები. თუმცა, პროექტი განხილვის სტადიაშია.

მერე „არტარეას“ სივრცეში ერთ-ერთი სპექტაკლის დადგმის იდეაც განვიხილეთ და ძალიან კმაყოფილები წამოვედით ფეხით. ქარია, რაც ყველაზე მეტად მძულს. საერთოდ, ზამთარში რომ ვიძინებდე და გაზაფხულზე ვიღვიძებდე, კარგი იქნებოდა. ზამთარში დამცინიან ხოლმე, სესილიასავით დადიხარო. :-) „ცისფერ მთებში“, ცოტა მოკუზული, შარფით და უხასიათო რომ არის, აი, ისე.

„არტარეაში“ ნიკა მხვდება და ახალ ტიხრებს ვუყურებთ. იდეალურია! ყველაზე ძალიან მომწონს. ისევ ვსხდებით ახალ ბადეზე და მოკრძალებულ ახალ სეზონზე სასაუბროდ, რომელიც ცოტა დაგვიგვიანდა და ჩვენი მშვიდად დაწყებული საუბარი კვლავ გადადის ცხარე კამათში, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

ჰოდა, სწორედ ასეთ მნიშვნელოვან და დაძაბულ დროს, დაახლოებით 4 საათისთვის (ასეთ დროს იციან ხოლმე!), მირეკავენ სახლიდან კითხვით: „მაკარონი გვააქვს?“ ვპასუხობ. ვაგრძელებ კამათს. მერე ისევ მირეკავენ: „დე, ‘ხლოპია’ და რძე წამოიღე“. ვაგრძელებ. ისევ რეკავენ: „დე ელექტრონულ ჟურნალში ვერ შევდივარ“.

ჩემი საწყალი და საყვარელი შვილები, რომელთა დედაც ტელევიზორია, და არა მარტო დედა, არამედ მამაც. და, საერთოდ, ტელევიზორი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. მახსოვს, სულ პატარაც კი, ვერ ვიტანდი გამორთულ ტელევიზორს. მახსოვს ყველა გადაცემა და ყველა წამყვანი სსრკ-ის მასშტაბით. ვიღაცას, ალბათ, შევეცოდები, რადგან ტელევიზორი ხომ გვჭამს და დეგრადაციას გვიქადის! თუმცა, მეგობარო, გააჩნია ტელევიზორს. შენ არჩევანი გაქვს და აირჩიე ალტერნატივა: ჩართე „არტარეა“! :-)

დღის ბოლო ისევ ისეთია: „არტარეას“ სიჩუმე, ჩემი სამონტაჟო, ირაკლის ბადე და დათოს კომპიუტერი. სახლში ჩაი და თბილი ძილისკენ წასული ბავშვები.

9 ოქტომბერი, ხუთშაბათი

საღამოს ათის ათი წუთია. ვზივარ „არტარეაში“ და ვწერ განვლილ სამ დღეს. აღვიდგენ თითოეულ ჩემს ნაბიჯს. დღეს ყველაზე გულწრფელი ვარ, რადგან ყველაზე უკეთ დღევანდელი დღე მახსოვს. დავიწყებ იქიდან, რომ „არტარეაში“ დღეს გათბობა ჩავრთეთ. მე უკვე გული მისკდება, თვის ბოლოს გაზის ქვითარს რომ დავინახავ, მაგრამ ჩემი თანამშრომლები ცოტა გაიყინენ და რა ვქნა? დღეს კეთილი დირექტორი ვარ. :-) თუმცა, არც ისე ხშირია შემთხვევები, როცა ვბოროტდები.

ამ წამს კი ჩემი შვილები ამორბიან კიბეზე. ამიტომ, მეტი ბუნებრიობისთვის, ამ ჩანართსაც გავაკეთებ. დღეს ნიკო ფეხბურთზე ირაკლის მიჰყავს და მერე ყველა ერთად „არტარეაში“ დაბრუნდა. საღამოს ათის ხუთი წუთია. კატო თვალებზე ხელს მაფარებს და ზუსტად ამ წამს, მე ისევ დღიურს ვწერ. ცოტა, მგონი, ხიბლში გადამდის, მეშინია, ისევ ჩვევაში არ გადამივიდეს... :-)

პატარა ტელევიზიის დიდი ამბიციები ჰქვია იმას, რაც აქ ხდება. დილის 10 საათიდან ჩვენს მოკრძალებულ ტელევიზიაში გადაღება გადაღებაზე გადის. დადის ირკა კავილაძე დილიდან და ამბობს, რომ „არა ვართ კარგად“. ვეღარ უმკლავდება ნაკადს და მართლაც, არა ვართ კარგად, მაგრამ ვერ გავჩერდებით, და რაც მეტად არ ვიქნებით კარგად, მით მეტად წავალთ წინ. :-)

პირველი საათია და რადიო თავისუფლების ოფისში შევდივართ მე და ირაკლი. მარინას ახალ ეთერზე, თავისუფლების დღიურების დამატებაზე და სხვა ორ ახალ პროექტზე ველაპარაკებით. ტექნიკურ დეტალებს გავდივართ და მომავალს ვგეგმავთ.

ვბრუნდებით და ნინის ვუჯდები სამონტაჟოსთან. ახალ გადაცემაზე მუშაობს. „თაობა“ ჰქვია და მეტს არ ვიტყვი. მომწონს, რასაც აკეთებს, მაგრამ რაღაცებს ვასწორებთ. დღის მეორე ნახევარში ერთ-ერთი სპონსორისგან დამაიმედებელი წერილი მოდის. ენერგია მემატება.

ლევანი აღშფოთებული იწყებს საუბარს გუშინ „რუსთავი 2“-ზე გასულ რეპორტაჟებზე და მახსენდება გუშინდელი საღამო, რომელიც „ოთხშაბათში“ არ დამიწერია. პირველი სიუჟეტი: გოგო ქმრის ნათესავებმა სცემეს და შემდეგ მან თავი მოიკლა; მეორე სიუჟეტი: 14 წლის გოგო მოიტაცა 21 წლის ბიჭმა და მშობლებთან არ აბრუნებს და პოლიციაც ვერ პოულობს; და მესამე სიუჟეტი: ხელის სათხოვნელად მისული ბიჭი პოტენციურმა სიმამრმა ნაჯახით მოკლა.

გამახსენდა ჩემი 15 წლის შვილის გაოგნებული სახე.

საღამოს რვაზე ირაკლი მიდის ნიკოს ფეხბურთზე წასაყვანად და მე ვრჩები, რომ დავწერო დიდი ხნის დავიწყებული დღიური და დღევანდელი დღე დავამთავრო საღამოს ათს რომ ოცი აკლია. მე ახლა დავხურავ ლეპტოპს, ირაკლი გამოვა საეთეროდან, კატო და ნიკო მოწყდებიან დაფას, რომელთან დაკავშირებითაც პერიოდულად ჩემი შეძახილი ისმის, რომ არ წაეშალოთ, რაც დაფაზე წერია, და წავალთ სახლში. იქ ნატალია მელოდება. ბავშვი, რომელიც უკვე შეწუხდა ამ ქვეყნით და ვერ მოვაწონე ჩემი ქვეყანა.

ვფიქრობ იმაზე, რატომ აქვს ჩემს 15 წლის შვილს ქვეყნის დატოვების და უკან არჩამოსვლის სურვილი.

ხუთშაბათი საღამო ასე ნაწყენმა უნდა დავასრულო, რადგან ვერაფერი გავიგე...

10 ოქტომბერი, პარასკევი

დილა ოჯახური შაკიკით იწყება. ბავშვები სკოლაში მიდიან. ირაკლი „ტორადოლით“ შეიარაღებული დადის. მის გარეშე ერთი კვირაც არ გადის და ოჯახში ჯანდაცვის მინისტრს ვლოცავთ, რომ ჩვენი საყვარელი მედიკამენტი რეცეპტს მიღმა დარჩა.

შაკიკის სიმწვავეს მეზობლებში გამალებული რემონტი ამწვავებს. სახლიდან გავდივართ და მუშებს ვთხოვ, შაბათ დილით, ცხრის ნაცვლად, ეგებ 11-ზე დაიწყონ ჩემი ტანჯვა. მანქანაში ვსხდებით და ახლად გადმოწერილი ტრეკების ფონზე, კვლავ ახალი გზით, დოდო აბაშიძის 10-ში ვხვდებით.

11 საათი. ძალიან ცუდად ვარ. ვინჩესტერი დაიწვა. ირაკლი, მირო და ახვლედა გადასარჩენ ოპერაციას აწარმოებენ.

ისტერიულად დავდივარ და ვიხსენებ, რა შეიძლება დაიკარგოს.

მიროს პასუხი დამაიმედებელია. 95 პროცენტი აღდგება, თუმცა მეორე სამონტაჟო დღე მივარდება და ეგ უკვე ტრაგედიაა. დღეს საერთოდ სამონტაჟო დღე მაქვს, რადგან ხვალ „კულინარტის“ პირველი გადაცემა გადის. მოურიდებლად არ მრცხვენია და ძალიან მომწონს. მგონია, რომ ყველაზე მაგარი გამოდის სხვა კულინარულ გადაცემებს შორის.

2 საათი. ოფისში იშლება გადასაღები მოედანი. რეკომენდაცია იწერება. ბევრი ხალხი ირევა. მეცინება, სტუდიის არქონას რამხელა ფანტაზიის გაღვივება შეუძლია, რომ კადრი იდეალური იყოს.

3 საათი. ახალი მასალა შემოდის. სამონტაჟოში „გენეტიკური კოდის“ მასალა იყრება.

4 საათი. ბუღალტერიის დრო დგება. ელიზასთან ერთად ვარჩევ დეტალებს, თუმცა გამჭვირვალე ბუღალტერიის მიუხედავად, დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ელიზაზე შოთიკოს გადმოგზავნილი კონტრაქტები მახსენდება და ერთ საათს მის გარჩევას ვუნდები. ამ ორ წელიწადში იურიდიული ტექსტების კითხვაც ვისწავლე. :-)

5 საათზე ოფისში ქალბატონი რუსუდან აბაშიძე შემოდის. საოცარი ბალერინა, რომელზეც ფილმს ვაკეთებთ. ორი დიდი პარკით მოიტანა ფოტოარქივი და დისკებზე ჩაწერილი ძველი სპექტაკლები. მთელ ოთახში გავშალეთ. ჭაბუკიანის საყვარელი ბალერინა ეშხიანი მოძრაობებით თავის ამბავს ჰყვება.

6 საათი. მე და ნინი ვსხდებით და მომავალ კვირას გავდივართ. ნანა ჯორჯაძე და მიშა კობახიძე უნდა ჩავწეროთ. ორივე შეთანხმებულია. ამასობაში, ჩემი ორთვიანი ინტენსიური რეკვის შემდეგ, ალეკო ელისაშვილი გამოჩნდა. ისე შევკივლე, მთელი ოფისი გაჩერდა. როგორც იქნა, კვირას თბილისის ტურის ჩაწერასაც დავიწყებ.

ირკა ისევ დადის და მონოტონურად ამბობს, რომ „არა ვართ კარგად“...

8 საათი. ოფისი ცარიელდება. მე ამაყი ვზივარ. დღეს კარგი იყო. ის დღე იყო, მე რომ მიყვარს, ვინჩესტერის დაწვას თუ არ ჩავთვლი.

ოკი მოვიდა. მასალის ატვირთვის დრო დადგა. და დავრჩით მარტო ოთხნი. მე, ირაკლი, დათო და ოკი. ოთხნი ვართ, მაგრამ სიჩუმეა. ყველა თავის საქმეს აკეთებს. 10:20 საათზე ოფისიდან გამოვდივართ. კვლავ მცივა. ხერგილებმა იკლო და სახლში მალე მოვედით. მე ლეპტოპთან ვჯდები. ხვალ, ხუთზე, რადიო თავისუფლებაში დღიური უნდა ჩავწერო. მეშინია, რადგან პირველად წავიკითხავ საჯაროდ. რეპეტიცია მინდა გავიარო და ირაკლის და ბავშვებს ვუკითხავ იმას, რაც გუშინ საღამოს დავწერე. ჩემდა გასაოცრად, ტირილს ვიწყებ. თან მეცინება. ახლა მივხვდი, რატომ ტირიან მაია ასათიანის ან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუებში. რაღაც თვითშეცოდების, თუ აღსარების, თუ თვითდაკმაყოფილების შეგრძნებები მოდის. მეშინია, ხვალ ჩაწერის დროსაც იგივე არ მომივიდეს.

11 საათზე სასწრაფოდ გამოვიძახე სარეცხი მანქანის ხელოსანი. მანქანა გაუმართავად მუშაობდა და, ირაკლის დიდი „მონდომებით“, სულ გაფუჭდა. ოპერატიულად მოსულმა ხელოსანმა, ჩართულ ტელევიზორში „არტარეა“ რომ დაინახა, მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა და გვითხრა, რომ ის ამ არხს ხშირად უყურებს.

ცოტა ხნის წინ დაღვრილ ცრემლებს ჩემი კიდევ ერთი-ორი კურცხალი შეემატა და 11 საათზე საშველად მოსული ხელოსანი კიდევ უფრო შემიყვარდა.

პირველის ხუთი წუთია და ფეისბუკში ერეკლე დეისაძის ვიდეოს ვნახულობ. იდეალურია. ვგიჟდები ამ ბიჭზე! ყოველთვის ზუსტი რეაქციით აღაშფოთებს ჩვენს დაავადებულ საზოგადოებას.

11 ოქტომბერი, შაბათი

მუშებმა მართლაც დამაცადეს გამოძინება. 11 საათზე პირველი ჩაქუჩის ჩარტყმისთანავე გამოვფხიზლდი. დღეს ორშაბათიც შაბათია და ამიტომ, ისტერიულად ვიცმევთ და მივრბივართ. ამჯერად მთელი ოჯახი. ნატალია ანასთან მიდის, დანარჩენები კი ცოტა ამაღლებული გრძნობებით მივემართებით ნიკოს პირველ საფეხბურთო ტურნირზე.

12-დან პირველ საათამდე ამოუცნობი გრძნობით და სიამაყით ვაკვირდებოდი ჩემს შვილს და ყველას მის ცაციობაზე ვუმახვილებდი ყურადღებას. ერთხელ გაგონილით ჩემი შვილის საფეხბურთო მომავალი მეც დავიჯერე ისე, როგორც ყველა ქართველმა. მთელი საქართველოს არა, მაგრამ ნახევარი თბილისის ბავშვები და მათი მშობლები ანალოგიური სიამაყით იდგნენ საბურთალოს საფეხბურთო სკოლის სტადიონების ირგვლივ.

14:00-ზე მე და კატო სადაზღვევო კომპანიაში, ქალბატონ თინასთან ვისხედით და ახალ პროდუქტებს ვეცნობოდით. რა შევიძინე, არ ვიცი, მაგრამ, რაც მთავარია, პედიატრის მომსახურება ნამდვილად შედის.

15:00-ზე მთელი ოჯახი „არტარეაში“ ვართ. ნიკო და კატო დაფასთან, მე ჩემს ოთახში, ირაკლი სამონტაჟოში, ნიკასთან ერთად აწყობს თემურ ჩხეიძეს.

მე კი, დღიურის ბოლო სიტყვებს ვწერ, რადგან ხუთზე რადიო თავისუფლებაში დღიურის ჩაწერა უნდა დავიწყო.

ბოლო სიტყვების წერა ყველაზე მეტად მიჭირს, რადგან არ ვიცი, რით დავამთავრო. არ ვიცი, იყო თუ არა კულმინაცია ჩემს დღიურებში, ან კვანძის გახსნა, ან რაიმე სახის დრამატურგია, თუმცა ეს ჩემი ცოტა არანორმალური ოჯახის ერთი კვირის ამბავი, ვიცი, დიდხანს შეინახება სხვა ძალიან მაგარ და ჩემზე ბევრად მაგარ ამბებთან ერთად. არც ის ვიცი, ოდესმე გადავშლი თუ არა ამ ჩემს დღიურს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ, ჩემს სხვა დღიურებთან ერთად, ბებიაჩემ მალუკას უძველესი კარადის ქვედა უჯრაში მოხვდება. რადგან მე მხოლოდ მომავალი მიყვარს.

ხვალ კვირაა და მე კვლავ 11 საათამდე მეძინება.

XS
SM
MD
LG