Accessibility links

logo-print

21 სექტემბერი, კვირა

დღეს ღვთისმშობლობაა. რადგან ეს დღესასწაული მოდიოდა და თანაც ჩემს ძმას დღესასწაულები ძალიან უყვარდა, ჩემს შვილსა და ძმისშვილებს წინასწარ დავპირდი, რომ დილიდანვე, როგორც კი გავიღვიძებდით, მის საფლავზე ავიდოდით და ღვთისმშობლობას მივულოცავდით. ბავშვებთან ერთად მართლაც წავედი მუხათგვერდში. ცოტა მძიმეა ჩემთვის მუხათგვერდის სასაფლაოზე ასვლა, მაგრამ მაინც ავედი. როცა მასთან ახლოს ვარ, ვმშვიდდები ხოლმე.

ჩემი ძმა პირველი ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში მსახურობდა. 25 წლის იყო და ჯარში სამსახურის ექვსი წელი უსრულდებოდა. აგვისტოს ომის დროს დაიღუპა: 8 აგვისტოს გაუჩინარდა. გავიგეთ, რომ ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს. ვიცით, რომ არ იცეკვა ქართულ დროშაზე და იმიტომ. ვიცით ისიც, რომ ტყვეობაში შვიდ სხვა ბიჭთან ერთად იყო. მათგან ექვსი დაბრუნდა, ჩემი ძმა კი − ვერა. მინდა, რომ მისი გულისთვის ბევრი სიგიჟე გავაკეთო. ახლახან, ავღანეთიდან რომ ჩამოვედი, სვირინგი გავიკეთე: თითზე დავიწერე მისი სახელი.

თითქმის ორი წლის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. დედა ამას ძალიან განიცდიდა. ბოლოს მშობლებს ვუთხარი, ფორმა უნდა ჩავიცვა-მეთქი. ომის პერიოდი რომ მახსენდება, თავს ვერ ვპატიობ. მქონდა შანსი, რომ მეც წავსულიყავი. რაც სწორად მიგაჩნია ადამიანს, ის აუცილებლად უნდა გააკეთო. იმისთვის არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, რომ იმას ვუყუროთ, ვინ რას იტყვის.

ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ძმა მყავდა. ფორმა რომ მაცვია, ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული ამ ქვეყანაზე. ჩემი ძმისგან გამომდინარეც და იმის გამოც, რომ იცი: შენი ძმა სწორედ ამ ქვეყნის სიყვარულს შეეწირა... ვიცით, რომ ჩემი ძმა სამშვიდობოს იყო გამოსული, ტანკი გაუფუჭდა და დაჭრილები გამოჰყავდა. თავისი დაჭრილი მეთაურიც მან გამოიყვანა და ის იხსენებდა მერე: იარაღი მოუხსნია, რამდენიმე წამი მდგარა დაჩოქილი, მერე ისევ აუსხამს იარაღი, უთქვამს, უკან უნდა დავბრუნდე, კიდევ იქნებიან იქ დაჭრილი ბიჭებიო, და გაქცეულა...

ეს ყველაფერი რომც არ მცოდნოდა, ვიცი, როგორ პატივს სცემდა თავის ქვეყანას, როგორი სიყვარული შეეძლო და, ალბათ, სულელი ვიქნებოდი სხვა არჩევანი რომ გამეკეთებინა. ჩავიცვი ფორმა და ეს ძალიან მეამაყება.

საღამოს ბავშვთან ერთად სოფელში წავედი. რაც მე ავღანეთის მისიაში წავედი, იქ სწავლობს, სოფლის სკოლაში.

22 სექტემბერი, ორშაბათი

დილით, ადრე, შვილთან ერთად გავიღვიძე. მთელი ეს თვეები, რაც მისიაში ვიყავი, შვილს ვერ ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი სახის კომუნიკაცია გვქონდა, მაინც უამრავ რამეს აკეთებდა უჩემოდ. მე კი მინდოდა, ყველაფერი თვითონ გამეკეთებინა მისთვის. ახლაც მე ჩავულაგე ჩანთა, ჩავაცვი, დავვარცხნე... ოღონდ სამხედრო ფორმა ჩავაცვი. მეც იმდენად მიყვარს, რომ სულ ასეთ ტანსაცმელს ვყიდულობ ხოლმე და ასე ჯარისკაცივით ჩაცმული წავიდა სკოლაში. თუმცა კი რვა წლისაა და თან გოგოა. მერე კი სულ საათს ვუყურებდი, როდის დაბრუნდებოდა.

მანამდე მშობლებს მოვეფერე. დედაჩემი სულ ტირის. რაც ჩემი ძმა აღარაა, სულ ცუდად არის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შვილს მარტო ვზრდი და ბევრი პრობლემაც გვაქვს, მაინც სულ იმას ვამბობ, რომ მთავარი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. სხვაზე არაფერზე დავიწუწუნებ.

23 სექტემბერი, სამშაბათი

არაჩვეულებრივი შეგრძნებით ვიღვიძებ − ჩემი შვილის გვერდით ვარ! რა ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის ჰაერით სუნთქავ! შენს ოჯახთან ყოფნისას, სულ სხვანაირ სითბოს გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ სითბო არც მისიაში მომკლებია და მეც მინდოდა, რომ ჩემი სითბო ყველასთვის გამენაწილებინა.

ავღანეთიდან, ISAF-ის მისიიდან, 15 სექტემბერს ჩამოვედი. იქ ექვსი თვე ვიყავი, ყანდაარის საავიაციო ბაზაზე ვასრულებდით სამშვიდობო მისიას. სულ ექვსი ქალი ვიყავით და გმირულად ვიდექით ჩვენი ბიჭების გვერდით. მეც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი ის, რასაც ნებისმიერი ჯარისკაცი აკეთებს. ახლა ხომ აქ ვარ, ჩემი შვილისა და ოჯახის გვერდით, მაგრამ გამუდმებით მათზე ვფიქრობ. დედაჩემი სულ ამას ამბობს: ასეთი რა შვილები ხართო?! ჩემი ძმაც ასეთი იყო, ყველასთვის უნდოდა ყურადღების განაწილება. თქვენისთანა შვილების პატრონს ასე მარტოს არ უნდა მეცხოვრაო, მეუბნება დედა. მე კი ვანუგეშებ და ვეუბნები, რომ მისი შვილი გმირია, რომ თავისი ვაჟკაცური საქციელით დაიმკვიდრა სახელი. ხოლო ის, რომ შვილი ქვეყანას გაუზარდე, ძალიან დიდი წვლილია-მეთქი, ვეუბნები.

24 სექტემბერი, ოთხშაბათი

ისევ ემოციებში ვარ. სანამ ყველა ჩემი მეგობარი არ დაბრუნდება ავღანეთიდან, ალბათ ეს ფიქრებიც გამყვება. მინდა, კარგად იყვნენ. ვლოცულობ ხოლმე მათთვის და, იმედია, არავის ეწყინება, ასე განსაკუთრებით რომ ვლაპარაკობ ამ ბიჭებზე. ჯარისკაცის ცხოვრება არ არის ადვილი. არც ის, რომ გეცვას ფორმა და შენს ქვეყანას ემსახურო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით.

ავღანეთზე კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ, რადგან მაინც გოგო ვარ, მიყვარს ადამიანების ნუგეში და ვერ ვიტანდი, როცა რომელიმე ჯარისკაცს მოწყენილს ან დაღლილს დავინახავდი. სულ მინდოდა, მათ გვერდით ვყოფილიყავი და რამით მენუგეშებინა. ხანდახან ვებუტებოდი კიდეც. როცა ბიჭები პატრულირებაზე მიდიოდნენ, მე არ მივყავდი, და სულ ვჩხუბობდი და ვეუბნებოდი, ნუ მიფრთხილდებით, მეც თქვენნაირი ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ-მეთქი. რადგან ფორმა მაცვია, ესე იგი, ჩემი ადგილიც თქვენს გვერდით არის...

ერთხელ, შტაბის კიბეზე ჩამომჯდარი მოწყენილი ჯარისკაცი დავინახე. რამდენიმე დღე ვეძებე და, ბოლოს, სასადილოში ვიპოვე. მივედი და ვკითხე, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი. გაუკვირდა, რატომ მეკითხებიო. დახმარება შევთავაზე. ვიცი, რასაც ნიშნავს ტკივილი, ვფიქრობდი, იქნებ გაზიარებით ან რჩევით დავხმარებოდი. სულ ვამბობ: თუ მოვინდომებთ, ერთმანეთის დახმარებას შევძლებთ.

25 სექტემბერი, ხუთშაბათი

როგორ აღმოვჩნდი ჯარში? ზოგადად, სამხედრო პირების მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება მქონდა, მომწონდა ისინი. როცა ჩემმა ძმამ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, მეც მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი. ჯარში მისი წასვლიდან ორი-სამი წლის შემდეგ, მეც ვეხვეწებოდი, წამოვალ-მეთქი. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგი... ჩემი ძმა რომ დაიღუპა და დედაჩემს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ძალიან ცუდად გახდა, მამაჩემიც უარზე იყო, იქნებ გადაიფიქროო... მაგრამ არა: გადაწყვეტილება მიღებული მქონდა.

ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ ჩემი ძმის მეგობრები. პირდაპირ მათთან წავედი და ბრიგადის მეთაურთან მივედი. ვუთხარი: დაღუპული ჯარისკაცის და ვარ და თქვენთან გასაუბრება მინდა-მეთქი. დამთანხმდა და დამელაპარაკა. მითხრა, რომ ველზე გასვლა მომიწევდა; მითხრა, რომ შეიძლება რამდენიმე დღე ვერ დამებანა, სახლში ვერ წავსულიყავი; მომიწევდა სიცივის ატანა. ყველაფერზე ვპასუხობდი: „კი, შემიძლია, კი, გავუძლებ.“ და ბოლოს ვუთხარი, ცოცხალი ხომ ვარ, ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს, დიდი სურვილი მაქვს ვიმსახურო და არასოდეს შეგარცხვენთ-მეთქი. ისიც ადგა, ხელი ჩამომართვა, მერე საბუთები მოვამზადეთ და სამ თვეში დავინიშნე კიდეც - მესამე ქვეით ბრიგადაში, ლაზარეთის ლაბორატორიაში. რადგან პროფესიით ექიმი ვარ, იქაც ამ პროფილით ვმუშაობდი, ანალიზებს ვაკეთებდი. მერე თბილისში სხვა ბრიგადაში გადმოვედი სამუშაოდ, ავღანეთშიც ჩემი ინიციატივით წავედი, სამინისტროშიც კი მივედი და ვთხოვე, გავეშვით.

პირველი მისია ბევრად რთული იყო, ვიდრე ეს ბოლო. თან მაშინ არც ერთი ქალი გვერდით არ მყავდა და ამ მხრივ მიჭირდა. მაგრამ ყველა მხარში მედგა − მეთაურით დაწყებული, რიგითით დამთავრებული. ერთხელ მეთაურს იმის გამო ვეჩხუბე, რომ მეც მინდოდა მათთან ერთად სათვალთვალო კოშკზე ასვლა. მაშინ ხშირად მოჰყავდათ დაჭრილი და დამწვარი ბავშვები და ხშირად გვიწევდა მათი მკურნალობა. პირველად, მახსოვს, მოიყვანეს ბავშვი, დამწვარი იყო. იქ კაცს ქალთან მიახლოების უფლება არა აქვს და ამიტომ მე უნდა გავსულიყავი, მე უნდა გამეჩხრიკა ის ქალი, შემომეყვანა ბაზაზე და მიმეხედა ბავშვისთვის. როცა გავედით, კაცები აღმოჩნდნენ... მაშინვე არ გამოვართვი ბავშვი, თუმცა ძალიან გამიჭირდა თავის შეკავება - მეც დედა ვარ! მაინც ეჭვი შემეპარა, რადგან შეფუთული ჰყავდათ და ვიფიქრე, რამე არ შევიტანო ბაზაზე, ჩემიანები საფრთხეში არ ჩავაგდო-მეთქი. ამიტომ დავიცადე, დეტექტორი მოვატანინე, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვართვი ბავშვი და ბაზაზე შემოვიყვანე. სულ დამწვარი ჰქონდა ხელ-ფეხი. მე და ბატალიონის ექიმმა მივხედეთ და მოვუარეთ.

26 სექტემბერი, პარასკევი

ფორმას ძალიან შევეჩვიე. ავღანეთში რომ ვიყავით, გოგოები ვიტყოდით ხოლმე: მოდი, ახლა „ვიქალოთ“, ჩვენ ხომ მაინც ქალები ვართ... ხან დალაგება მოგვინდებოდა, ხან რეცხვა, და იქაც ვაკეთებდით ხოლმე ასეთ საქმეს. აქაც რომ ჩამოვედი, შვებულების დროს, დედაჩემი მეუბნება, ქალი ხარ, ახლა მაინც ჩაიცვი ქალივითო. მე კი ისე გადავეჩვიე, აღარ შემიძლია ისე ჩაცმა.

ახალგაზრდა ბიძა მყავს გარდაცვლილი, ჩემი ძმის ამბავს გადაჰყვა. მის საფლავზე უნდა წავსულიყავით. დედაჩემის თხოვნით ვიყიდე კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვიარე. ვამბობდი, ისევ ჩემი ფორმა და ჩექმები მომიტანეთ-მეთქი. მეკითხებიან, არ მოგბეზრდაო? არა, არ მომბეზრდა... ყველაფერი მიყვარს კამუფლაჟიანი!

დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ შვილს საჭმელს მე ვუმზადებ, თან სულ ვცდილობ, რაც უყვარს, ის გავუკეთო. ბიძაშვილები მეუბნებიან ხოლმე, ჯარისკაცო როგორ ხარო, და მიხარია. არადა, ვინ წარმოიდგენდა, თუ ხელში იარაღს დავიჭერდი და ფორმას ჩავიცვამდი! ავღანეთზე ხომ საერთოდ არ იყო ლაპარაკი, ყველასათვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი.

27 სექტემბერი, შაბათი

დღეს თბილისში ჩამოვედი. ხვალ ჩვენი გვარის, სოფრომაძეების, კურთხევაა სამებაში. ყველა მხრიდან იკრიბებიან. მეც ვაპირებ წასვლას. და კიდევ, ძალიან მინდა, რომ ოფიცერი გავხდე და კურსებზე უნდა წავიდე ამისათვის. ეს არის ჩემი ოცნება. მალე გასაუბრება მაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

XS
SM
MD
LG