Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ვერძეული - იურისტი


27 მარტი, კვირა

ადრე მეღვიძება. ტელევიზორის ხმა მაღვიძებს. განსაკუთრებული გეგმები არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე აუცილებელი საქმე უნდა მოვასწროთ. გიორგი გუშინ ჩამოვიდა. წინა კვირისგან განსხვავებით, შეგვიძლია, დღე ერთად გავატაროთ.

მზე ანათებს, მაგრამ ქარია და გრილა. ქუჩაში მანქანიდან პატარა გოგოს ვხედავ, ხუთი-ექვსი წლის იქნება. შუქნიშანთან მანქანების გაჩერებას ელოდება და დახმარებას ითხოვს. მე ისევ დილემის წინაშე ვარ − როგორ მოვიქცე? ვიცი, რომ შესაბამის სამსახურს უნდა გავაგებინო, მაგრამ გადაწყვეტილებას მარტივად ვერ ვიღებ. კარგად არ მესმის, რას აკეთებს სახელმწიფო ასეთ დროს, ან რის გაკეთება შეუძლია. ალბათ, ამიტომ მეშინია, უფრო მეტად არ დაზიანდეს, ან უფრო დიდი ტრავმა და სტრესი არ მიიღოს იმ ხალხმა, ვისაც ქუჩაში ცხოვრება ან შემწეობის თხოვნა უწევს. მაინც ვიღებ ტელეფონს და 1505-ზე ვრეკავ. გარკვეული ლოდინის შემდეგ ოპერატორს ვუკავშირდები და ვუხსნი დეტალებს. ვეუბნები, რომ მცირეწლოვანი გოგო ქუჩაში მათხოვრობს. ოპერატორი ცდილობს, ამიხსნას, რომ კვირა არასამუშაო დღეა და შესაბამისი ჯგუფი რეაგირებას ვერ მოახდენს. სანაცვლოდ მთავაზობს, პატრულს დავუკავშირდე.

არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, რა დღეა, ან რას ნიშნავს სპეციალური სამსახურის „ცხელი ხაზი“, თუ ის კვირა დღეს არ მუშაობს. რატომ არ არის კვირას მათხოვრობა ამ ქვეყნისთვის მათხოვრობა? ოპერატორთან „ჭიდაობას“ აზრი არ აქვს. პატრულში ვრეკავ, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო დიდი დისკომფორტი მაქვს. არა მგონია, რომ ყველა ტიპის სოციალურ ურთიერთობაში პოლიციელების ჩართვა საუკეთესო გამოსავალია. ეჭვი მეპარება, ისედაც დათრგუნვილი ბავშვებისთვის ან მათი მშობლებისთვის პოლიციელთან ურთიერთობა სასიამოვნო ან მიზანშეწონილი იყოს. თუმცა სხვა არჩევანი არ არის. როცა ქვეყანაში სოციალური სამსახურები არ მუშაობს, იძულებული ხდები, ამ სივრცეების დაკავება სხვა ინსტიტუტებს სთხოვო.

საღამოს ლევანს და თაკოს ვხვდებით. გასულ კვირაში მოვიგეთ საქმე „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ. გაზის უკანონო მიტაცებას გვედავებოდნენ. როგორც საჩივრის განხილვაზე ვნახე, ეს მონოპოლისტი კომპანიების ჩამოყალიბებული პრაქტიკაა: უსაფუძვლოდ დააჯარიმონ მოქალაქეები იმ იმედით, რომ არავინ იდავებს, ან ბევრს არ ექნება მართლმსაჯულების იმედი ან, რომ ხალხი, უბრალოდ, დაღლილია ასეთი დავით. ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ აქ გაჩერება არ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ, რაღაც არაჯანსაღ სქემასთან გვაქვს საქმე, სამართლებრივად მაინც რთული მგონია ამ საქმის უფრო დიდ ამბავში გადაზრდა. საჭიროა საზოგადოების აქტიურობა, მაგრამ ამ მხრივ სკეპტიკური ვარ. ლევანი მაინც აწყობს გეგმებს, როგორ გამოიყენოს სოციალური ქსელები, როგორ მოახდინოს მობილიზაცია და შექმნას პლატფორმა... როგორც ყოველთვის, ის ჩემზე მეტად ოპტიმისტია.

თავისუფლების დღიურები - სოფო ვერძეული
please wait

No media source currently available

0:00 0:13:54 0:00

28 მარტი, ორშაბათი

თვალებს ვახელ თუ არა, მთელი დღის მძიმე და ემოციურად დატვირთული გეგმების წარმოდგენა კიდევ უფრო მიმძიმებს განწყობას. ვიცი, რომ დღეიდან მთელი კვირა მთავარი თემა ისევ ფარული კადრები, პირადი ცხოვრებით შანტაჟი და ამ საკითხებზე გაუთავებელი ქილიკი იქნება.

დილიდან გაუჩერებლად რეკავს ტელეფონი. მედია დეპუტატების არაეთიკური განცხადებების შეფასებას მთხოვს. უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი თვლის, რომ ვისზეც „კომპრომატები“ არსებობს, თანამდებობა უნდა დატოვოს. ზოგიერთი ამბობს, რომ, საერთოდ, ისე უნდა იცხოვრო, რომ „კომპრომატები“ ვერ შეგიქმნან. ზოგიერთი სულაც ყველანაირ ზღვარს სცდება და ამ თემებზე იუმორისტული ჟანრის განცხადებებს აკეთებს. ჯერ ერთი ფაქტის შეფასებაც არ გვაქვს დასრულებული, რომ მედიაში ახალი სიურპრიზები ჩნდება. პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებენ და ეჯიბრებიან უსაქციელობაში.

ბოლო დღეები ძალიან მძიმე იყო. ვნახეთ სრულიად გამანადგურებელი მეთოდებით ბრძოლა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დესტაბილიზაცია და საზოგადოების შანტაჟი. პირველი დარტყმები კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღეს. თუმცა ეს იმავდროულად სიგნალი იყო სხვებისთვის. 31 მარტისთვის შეტევის ახალი ეტაპია დაანონსებული.

ამ აურზაურში იკვეთება, რომ მთელ ამ ბრძოლას ერთი თავისებურება აქვს: ეს არის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ. ამ შეტევას მხარდამჭერები, სამწუხაროდ, პარლამენტშიც გამოუჩნდა. ძალაუფლების მატარებელი და ამ ძალაუფლებით ტკბობაში ჩაფლული მამაკაცები ერთმანეთს ასწრებენ მორალის წაკითხვას. მათი გამოსვლები დამძიმებულია არაეთიკური, სიძულვილით გაჟღენთილი და შეურაცხმყოფელი აქცენტებით ქალების მიმართ. ამ სიტუაციაში თითქმის არ მაქვს მუშაობის განწყობა.

29 მარტი, სამშაბათი

ვიცი, რომ ყველაფერს ვერ მოვასწრებ, მაგრამ კალენდარში მაინც ყველა შეხვედრას ვინიშნავ. ყოველთვის მეშინია, რომ სადღაც დამაგვიანდება, რამე დამავიწყდება ან რამეს ვერ მოვასწრებ. მაგრამ ოდესღაც გადავწყვიტე, რომ, რაც უფრო მეტს მოვთხოვ თავს, მით უფრო მეტად მოვახერხებ თუნდაც საჭირო მინიმუმის გაკეთებას. ჩემი ნება რომ იყოს, ალბათ, მომაკვდინებელ სიზარმაცეს და უსაქმურობას მივცემდი თავს, მაგრამ ეს რეალური და საშიში პერსპექტივაა. ამიტომ ვცდილობ, ამის რესურსი ჩემს ცხოვრებაში არ გავაჩინო. ბოლო წლებში თითქმის ვისწავლე, როგორ დავძლიო ყველაფერზე უარის თქმის სურვილი ყოველ დილით, ვაიძულო თავი, ავდგე და საქმე ვაკეთო.

დღეს უცნაური დილაა. პირველ საათამდე შეხვედრები არ მაქვს. არ ვიცი, როგორ ხდება, რომ ზოგჯერ ყოველ ერთ საათში შეხვედრაა, თანაც სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა თემაზე; ზოგჯერ კი რამდენიმე საათი შემიძლია ვიმუშაო, გადადებული საქმეები მოვიშორო, დაგროვილ წერილებს ვუპასუხო და ჩემი პროგრამის ხალხს ველაპარაკო. ვხვდები, რომ ბოლო დროს ჩემი აუტანელი გრაფიკი მათზეც ახდენს გავლენას.

პირველი შეხვედრა EMC-ის ახალი მიმართულების − აქტივიზმის პროგრამის ხალხთან მაქვს. უნდა განვიხილოთ პროგრამის პრიორიტეტები და გეგმები. EMC რომ აქტივისტების პლატფორმა, ალტერნატიული სააზროვნო სივრცე და ახალი ენერგიებისა და იდეების გაჩენის ადგილი უნდა ყოფილიყო, ეს იმაზე ადრე გადაწყდა, ვიდრე ორგანიზაცია ან მისი რომელიმე მიმართულება ჩამოყალიბდებოდა. მაგრამ მხოლოდ ახლა ვახერხებთ, რომ ამ იდეას ფორმა მივცეთ და, დანარჩენ სამ პროგრამასთან ერთად, აქტივიზმის მიმართულება EMC-ის ოფიციალურ ნაწილად ვაქციოთ.

დისკუსია, როგორც ყოველთვის, მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ვენდობით აზრებსა და ღირებულებებში, EMC-ში ასეთი განხილვები მაინც სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ იქცევა ხოლმე. სანამ შეთანხმებამდე მივალთ, ჯერ სრული სიმძიმით გავივლით ჩვენი, ერთმანეთისა და ორგანიზაციის ეგზისტენციურ კრიზისებს და სრულ დესტრუქციას ვუწყობთ საკუთარ თავს. ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილია!

დღის ბოლოს ზედიზედ რამდენიმე საინტერესო შეხვედრაა. კამპანია „ეს შენ გეხება“ აქტიურ ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ მოხერხდა ხალხმრავალი აქციის ორგანიზება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ მაინც მეტი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ კამპანია უფრო მეტად იქცეს საზოგადოებრივ მოძრაობად და მას სხვადასხვა ჯგუფები შემოუერთდნენ. 31 მარტის მოახლოება და მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ ტერორის ახალი ეტაპი შეიძლება დაიწყოს, განსაკუთრებით დამთრგუნველია. ვცდილობთ, კამპანიის მუშაობას ეს არ დაეტყოს, ვიყოთ უფრო მეტად სტაბილურები და არა სპონტანურები. ჩვენი გეგმებიც სტრატეგიული და ხანგრძლივია: სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების რეალური ცვლილება.

გვიან ღამით გიორგის ვურეკავ. ვპირდები, რომ ოფისიდან ვარჯიშზე გავუვლი და სახლში ერთად წავალთ. როგორც წესი, სახლში ორივეს გვიწევს მუშაობის გაგრძელება. ამიტომ ვიცით, რომ დღის ამბების მოყოლა გზაშივე უნდა მოვასწროთ.

30 მარტი, ოთხშაბათი

დილით ტელეფონზე მამაჩემის ზარი მხვდება, ძალიან ადრე დაურეკავს, მე კი არ გამეღვიძა. გულგახეთქილი ვურეკავ, ხმაზე მეტყობა, რომ დაძაბული ვარ. ტელეფონს იღებს თუ არა, ხვდება, რომ შემაშინა და მეუბნება, შემთხვევით გამომეშვა ზარიო. მერე ნელ-ნელა მაპარებს, არა, მოგვენატრე და გირეკავდითო. დილის 8 საათზე! მერე ორივე ერთად იწყებს ლაპარაკს: „როდის გვნახავ? გამოგვივლი?“ მე, ჯერ კიდევ დაბნეული და ნახევრად მძინარე, მოკლედ ვპასუხობ, რომ, როგორც კი შევძლებ, აუცილებლად ვინახულებ. სანამ გათიშავენ, დედაჩემის ხმა მესმის: „ეგ არ იქნება, შვილო, ამ საუკუნეში.“ თან მეცინება, თან ვგრძნობ, რომ ვმძიმდები.

ოფისში შევიარე. დისკუსიისთვის რამდენიმე მასალას გადავხედე. დილა „ოდეერებით“ იწყება. უნივერსიტეტის ავტონომიის თემაზე მოხსენება უნდა გავაკეთო. პანელში საინტერესო მომხსენებლები არიან. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელი თავის გამოსვლას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების ხსენებით იწყებს და იმეორებს ჩემს ფიქრებს იმაზე, რომ სინამდვილეში ის, რაც ხდება, ქალების წინააღმდეგ მიმართული მახვილია.

მიხარია, რომ ამ დისკუსიაშიც გაჩნდა ეს თემა. დარწმუნებული ვარ, ათასგვარი ფრონტის ხაზები, შეიძლება ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ერთ ბრძოლად იკვრება. სინამდვილეში ეს ხომ ერთი და იგივეა: ოდეერი უნივერსიტეტში და პოლიციელი − საძინებელში. თუ ერთს ებრძვი, როგორ შეიძლება მეორეს იტანდე?! ამიტომაც ამ ბრძოლის გაბუნდოვანებული, მაგრამ მაინც მთავარი მიზანია ჩვენი სივრცეების გათავისუფლება, ყველა ჯგუფის თავისუფალი და უსაფრთხო წარმოჩენა, კრიტიკული აზრის შენარჩუნება და მეტი სოლიდარობის მიღწევა.

ალბათ, ეს მინდოდა მეთქვა ჩემი მოხსენების დასაწყისშიც, მაგრამ მივხვდი, რომ არ გამომივიდა და სხვა თემებით გავაგრძელე. მაინც, რატომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატისთვის საუნივერსიტეტო სივრცეების კონტროლი ასე მნიშვნელოვანი? იქნებ იმიტომ, რომ ამ სისტემის უძველესი ფუნქცია სწორედ წინააღმდეგობისა და პოლიტიკური ბრძოლის კერების აღმოჩენა და განეიტრალებაა. პოლიტიკური სისტემა ყველაზე მეტად უფრთხის სოლიდარობას, რომელიც შეიძლება პროტესტის დიდ ტალღად გადაიქცეს და პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს. ყველაზე მრავალფეროვანი და დაუგეგმავი პროტესტი კი, ალბათ, უნივერსიტეტებიდან შეიძლება დაიწყოს.

დისკუსიის შემდეგ ოფისში ვბრუნდები. სანამ სხვა შეხვედრები დაიწყება, ვიგებ, რომ ლადო პაპავამ თანამდებობა დატოვა. ახლა უკვე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე კი მახსენდება, რომ ის იყო პირველი, რომელმაც წლების განმავლობაში პირველად საჯაროდ დაადასტურა ოდეერის არსებობა ქვეყანაში. ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, იყო თუ არა დაკავშირებული მისი ეს „აღიარება“ თანამდებობიდან წასვლასთან, მაგრამ ერთი ფაქტია: სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს ამის შემდეგ ბევრად უფრო გაუჭირდებათ, ღიად ისაუბრონ მათ სტრუქტურებში უსაფრთხოების სამსახურების ჩარევაზე.

სანამ შეხვედრა დამეწყება, ლინას დილის დისკუსიაზე ვუზიარებ შთაბეჭდილებებს. თან ვეკითხები, როგორ და საიდან ჩნდებიან ამ ქვეყანაში „აუდიტორია 115“ და მისი მსგავსი ჯგუფები, ან, საერთოდ, როგორ დაგვეცა თავზე ეს მოძრაობები. ლინა მშვიდად მპასუხობს: „Out of the blue.“ თუ ამ მოძრაობაში როდისმე გაჩნდა მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა, ეს მისთვის მშვენიერ სახელად შეიძლება გამოდგეს.

31 მარტი, ხუთშაბათი

ადრე მეღვიძება. ნახევრად მძინარე, ავტომატურად ვამოწმებ ტელეფონს. უკვე საუბრობენ, რომ დაიწყო ახალი კადრების გავრცელება. სახლში ვერ ვჩერდები. ძალიან ადრე მივდივარ ოფისში და ველოდები ახალ ინფორმაციას. ამ ქაოსში პრაქტიკულად შეუძლებელია ტყუილ-მართლის გარჩევა.

ორ კვირაზე მეტია, საზოგადოება ამ შანტაჟში ცხოვრობს. კონკრეტული ადამიანები კი ამ შეტევის უშუალო სამიზნეები არიან. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა პოლიტიკურ ბრძოლაში ადამიანების გაწირვა. უფრო მეტიც, პოლიტიკური ქულების დაწერა ჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფების ხარჯზე მიმდინარეობს. ამას მოწმობს ოჯახის სიწმინდისა და კონსტიტუციაში ქორწინების არსის განმარტების შესახებ მიმდინარე დისკუსიებიც.

ბოლო მოვლენებმა კარგად გვიჩვენა, რომ ქალები წინააღმდეგობის სუბიექტებად არ განიხილებიან. კონკრეტული მიზნებისთვის მათი გამოყენება, სხვისი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის შეწირვაც კი, თითქოს ლეგიტიმურია. ქალებზე მიზანმიმართულ შეტევასაც კი არ მოჰყვება სოლიდარობა, რომელიც მძლავრ საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევდა. დისკრედიტაცია და დემორალიზაცია სოლიდარობას ასუსტებს. თუმცა, იმას, რაც ბოლო დღეებში ხდება, მორალთან არაფერი აქვს საერთო. კადრების შემქმნელებისა და გამავრცელებლების სურვილის მიუხედავად, ეს პროცესები ზნეობრივი და ეთიკური ჩარჩოების ფარგლებში იყოს განხილული, ჩვენ ვცდილობთ, მოვლენები მათს რეალურ პოლიტიკურ ბუნებასა და მნიშვნელობას დავუახლოვოთ. პოლიტიკურ ველში ამგვარ შანტაჟს წარმატების ნაკლები პერსპექტივა აქვს.

მთელი დღე ერთი შეხვედრიდან მეორეზე დავრბივარ. განხილვის საგანი ყველა აუდიტორიაში ერთი და იგივეა: როგორ უნდა მოხდეს ამ ტალღის შეჩერება? ხანდახან მეფიქრება, რომ უძლურები ვართ და ეს უნდა ვაღიაროთ. თუმცა, მაინც მგონია, რომ მხოლოდ სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხის გაცემა იქნება ამ დანაშაულის შეჩერების ერთადერთი წინაპირობა. სამწუხაროდ, სამართლებრივი პასუხი იგვიანებს. პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილის შექმნასა და დაარქივებასთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი გამოძიება არ დასრულებულა. არის განცდა, რომ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დიდი ნაწილი არათუ დაუსჯელია, არამედ იმავე სტრუქტურებშია დასაქმებული.

ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ საზოგადოებამ სოლიდარობა გამოიჩინოს.

1 აპრილი, პარასკევი

დილით კამპანია „ეს შენ გეხება“-ს საგანგებო შეხვედრაა. პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებები მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანი უკავშირდება კადრების ინტერნეტში ატვირთვას. პროკურატურა არაფერს ამბობს კადრებისა და ამ მოცულობის არქივის შექმნის საკითხის გამოძიებაზე. კადრების გავრცელება მძიმე კიბერდანაშაულია, მით უმეტეს თუ ეს დანაშაული, შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს სცდებოდეს. თუმცა, ჩვენი მთავარი აქცენტი ხომ წლების განმავლობაში უკანონოდ მოპოვებული მასალების შესწავლა, გამოძიება და სისტემური დანაშაულის ორგანიზატორთა დასჯაა. როგორც ამ პრესკონფერენციიდან ჩანს, ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ.

გადავწყვიტეთ, პრესკონფერენციითვე ვუპასუხოთ. კამპანიის მთავარი მესიჯი ნათელია: დაუსჯელობა ახალი დანაშაულების ჩადენას ახალისებს. სამართალდამცველი სისტემა ვერ აჩვენებს მზადყოფნას, უპასუხოს ამ გამოწვევას და ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს. ასეთ დროს განსაკუთრებით მწვავედ დგება იმ ადამიანთა საკითხი, რომლებიც, შესაძლოა, თავად მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივი არქივის შექმნაში და დღეს ამავე საქმის გამოძიებაში არიან ჩართულნი.

რეაგირებასთან ერთად უნდა ვიფიქროთ მომავალში ამ ტიპის დანაშაულის თავიდან აცილებაზეც. ამისთვის კი საჭიროა გაბედული სამართლებრივი რეფორმები. ზედაპირული და მოჩვენებითი ცვლილებები ვერ შეარყევს უკანონო თვალთვალის, ტოტალური კონტროლისა და პოლიტიკური შანტაჟის მყარ საძირკველს.

კამპანიის ბრიფინგი გრძელდება შეხვედრით სასამართლოს საკითხებზე. სხვა საკითხებთან ერთად, განსახილველი გვაქვს უზენაეს სასამართლოში ახალი წევრების წარდგენის თემაც. პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა წევრობის რამდენიმე კანდიდატი. სოციალურ ქსელებში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია ერთ-ერთი კანდიდატის არაჯანსაღი და ჰომოფობიური განწყობების შესახებ.

დღეს სასამართლო ღრმა კრიზისშია. სისტემის მძიმე მემკვიდრეობა, დამოუკიდებელი ფუნქციონირების პრაქტიკულად არარსებული გამოცდილება, კლანები, გარე შეტევები, ადამიანის უფლებებისგან, თანასწორობისა და თავისუფლების იდეებისგან დისტანცირებული ქმედებები, განვითარების სუსტი პერსპექტივა და სურვილები − ასეთი ვითარებაა სასამართლოში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პროცესების შიგნიდან გაჯანსაღება. საჭიროა ახალი, აქტიური, გაბედული და თავისუფალი წევრები სასამართლო სისტემაში. ამ პირობებში უზენაეს სასამართლოში ასეთი კანდიდატის დასახელება ჩემთვისა და კოალიციის სხვა წევრებისთვის დიდი იმედგაცრუებაა.

შეხვედრების შემდეგ ოფისში ვბრუნდები და იმეილებს ვპასუხობ. პროგრამის შიდა საორგანიზაციო შეხვედრა ორშაბათისთვის გადავდეთ. სანამ გადაცემაში წავალ, შემიძლია შაბათ-კვირას გასაკეთებელი და მოსასწრები საქმეების სია მოვაწესრიგო.

2 აპრილი, შაბათი

დღეს ისეთი შაბათია, ორშაბათს რომ გავს. წინასწარ ვიცი, რომელ საათზე სად უნდა ვიყო და რა უნდა მოვასწრო. სანამ დღიურების ჩაწერაზე წავალ, ოფისში უნდა შევიარო და სამუშაო კვირის დღეებიდან მორჩენილი საქმეები ბოლომდე მივიყვანო. ცუდი არ იქნება, თუ შუა კვირის დაპირებასაც შევასრულებ და ჩემების ნახვას მოვახერხებ. მანამდე შემიძლია, მარიამთან და გიორგისთან ერთად ცოტა ხანი გავისეირნო.

მძიმე კვირა იყო. კადრების თემამ მთლიანად ამომაგდო სამუშაო რეჟიმიდან, პირველ რიგში − ემოციურად. წინ არჩევნებია და, ალბათ, უფრო მძიმე პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ორშაბათიდან ეს ციკლი უკვე უდღიუროდ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG