Accessibility links

logo-print

9 ოქტომბერი, კვირა

ჩემი კვირადღე მარნეულში, ალგეთის პოლიციაში დაიწყო, სადაც მე და გიორგი ტყებუჩავა გუშინდელი საღამოს 9 საათიდან მოთმინებით ველოდით ჩვენი დაკითხვის დაწყებას. სოფელ ქეშალოს უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს, აქაოდა, ძალიან ბევრ საჩივარს გვიწერო. ახლაც ყურში ჩამესმის გიორგი ტყებუჩავას ხმა, ქალბატონო თამარ, მალე მოდით უბანზე, მცემენო. ალგეთის პოლიციის თანამშრომელს, ბატონ ბესოს, ჩვენი დაკითხვის გადადება უნდოდა, პროკურორმა გადაწყვიტა ასეო. ამაზე ჩემი რეაქციის გახსენებაც არ მინდა. ბატონ ბესოს საკმარისად მკაფიოდ განვუმარტე, რომ, თუ მაშინვე არ დაგვკითხავდა, შსს-ს გენინსპექციაში საჩივარს შევიტანდით. რა თქმა უნდა, ბატონი ბესო დაგვნებდა და მორჩილად დაიწყო ჩემი და გიორგის დაკითხვა. ალგეთის პოლიცია დღეს, დილის ოთხ საათზე დავტოვეთ.

პოლიციიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფი გარდაბნისკენ გავემართეთ, სადაც კოლეგა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი შინ მივიყვანეთ. გზად დედაჩემს ვეხმიანებოდი და კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე ინფორმაციას ვეკითხებოდი. პარალელურად ვცდილობდი საჭესთან მჯდომ ყოვლისშემძლე რატის არ ჩასძინებოდა და ათასგვარ სახალისო ამბავს ვუყვებოდი. მანქანის უკანა სალონში კი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით დადარდიანებულებს ეძინათ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს.

შინ დილის 7 საათზე დავბრუნდი და პირდაპირ დასაძინებლად გავემართე.

დღეს გადავწყვიტე, დამესვენა და მთელი დღე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ტელევიზორთან გავატარე. ჩემი ინტერესის სფეროს მხოლოდ არჩევნები წარმოადგენდა.

10 ოქტომბერი, ორშაბათი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაწყვიტა, დღეს თანამშრომლებისთვის დღეს დასვენების საშუალება მიეცა, რადგან შაბათ-კვირას მოგვიწია მუშაობა.

დილა ჩემი ბენეფიციარის ზარით დაიწყო: თამარ, მთელი შაბათ-კვირა ვერ დაგიკავშირდით, ხომ კარგად ხართო. ქალბატონი სოფიკო ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მას სამართლებრივ დახმარებას უწევს. ავუხსენი, რომ არჩევნებს ვაკვირდებოდი და მასთან კომუნიკაცია არ შემეძლო. ჩემი ბენეფიციარი გახარებული მიყვებოდა, რომ პარლამენტში ირმა ინაშვილი შედიოდა და გაჭირვებულებს ეშველებოდათ. ქალბატონი სოფიკოს განწყობის გაფუჭება არ მინდოდა და აზრის გამოხატვისგან თავი შევიკავე.

ქალბატონ სოფიკოსთან საუბრის შემდეგ არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშის წერა გადავწყვიტე. პარალელურად, ტელევიზორს ვუყურებდი და კენჭისყრის შედეგებს ვეცნობოდი. სერიოზულად განვიცდიდი, რომ პროდასავლური ძალები ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ვერ მოახერხეს ამომრჩეველთა დარწმუნება. პერიოდულად, ოთახში ბებიაჩემი ლანგრით ხელში მაკითხავდა და დაჟინებით მთხოვდა ხილის ჭამას − ენერგია გჭირდებაო.

3 საათისთვის თსუ-ში წავედი. იურიდიულ ფაკულტეტზე სემინარს ვკითხულობ სახელმწიფო მოწყობის სამართალში და სტუდენტების სიები უნდა წამომეღო. დეკანატთან შემხვდნენ კოლეგები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების სავალალო შედეგებზე მსჯელობდნენ. დისკუსიას ცხელ-ცხელი ამბებით მეც შევუერთდი. ვისაუბრეთ იმ ხიფათზე, რაც მმართველი ძალის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეიძლება მოჰყვეს, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობაზე ქართულ რეალობაში და სხვა.

კოლეგებს უკეთესი მომავლის იმედით დავემშვიდობე და განტვირთვისთვის „ბარბარე ჯორჯაძის“ კაფეში მეგობრებს შევუერთდი.ძალიან მიყვარს ეს კაფე, თავს მყუდროდ ვგრძნობ და ვმშვიდდები. სასაუბრო თემის დიდი ნაწილი არჩევნებს და დაკვირვებისას ჩემს თავგადასავლებს დაეთმო. არჩევნების შემდეგ გაგრძელდა ჭორაობა ათასგვარ ამბებზე. კაფეში მყოფს დამირეკა ბატონმა ზახიდმა, რომელმაც მთხოვა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში დაზარალებულის ადვოკატად ჩართვა. მე და ბატონმა ზახიდმა დაახლეობით ერთი საათი ვისაუბრეთ, რასაც ჩემი მეგობრების აღშფოთება მოჰყვა: ან ჩვენთან იყავი, ან ზახიდს ესაუბრეო. მეგობრები მუდმივად აპროტესტებენ, სამსახურის საქმეებს ჩვენზე წინ აყენებო.

9 საათი ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. ცოტა ხანს ჩემებს ვესაუბრე და, ყავით ხელში, ლეპტოპისკენ გავეშურე. სოციალური ქსელები დავლაშქრე და პროექტის წერას შევუდექი.

11 ოქტომბერი, სამშაბათი

დილის 10 საათზე სამსახურში მივედი, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლები ერთმანეთს არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს უზიარებდნენ. ყველანი ჩვენს გამოცდილებაზე ვყვებოდით. მთავარი თემა იყო ქეშალოს უბანზე გიორგი ტყებუჩავას ცემის ფაქტი.შემდეგ რატიმ თანამშრომლებს აჩვენა ქეშალოს უბანზე ჩემი „გმირობის“ ამსახველი ვიდეოკადრები, სადაც აღშფოთებული ვთხოვდი პასუხს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგის ცემასთან დაკავშირებით, თან ვემუქრებოდი, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებდა პასუხს.

არჩევნებზე დისკუსიის შემდეგ საქმეებს შევუდექი. ვიმუშავე საკონსტიტუციო სარჩელზე და, სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით, განცხადებები გავაგზავნე მთავარ პროკურატურაში. გარდა ამისა, ხვალისთვის ოფისში დავიბარე რამდენიმე ბენეფიციარი.

2 საათზე დედას დავურეკე და ვკითხე, სესიკო ხომ არ მოუყვანიათ-მეთქი. სესილია ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ძმისშვილია, ჩემი ცხოვრების აზრი და ბედნიერების წყარო, ჩემი მამიდობე. დედაჩემის ხმა არ მომეწონა. მიპასუხა, სესილი არ მოუყვანიათო, მერე კი დაამატა, ცუდი ამბავი მოხდა და ნუ ინერვიულებო: თამარა ბებოს ინფარქტი დაემართა და ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაში ვართო. მოულოდნელობისგან შოკში ჩავვარდი.

თამარა ბებო დედაჩემის დედაა და ჩვენთან ერთად ცხოვრობს. იგი 87 წლისაა. მე მან გამზარდა. ჩემი ბებო არის ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. ჩვენს ურთიერთობაზე ახლობლებში ლეგენდები დადის. 35 წელია, ერთ საწოლში გვძინავს. ბებო ხშირად იხსენებს ხოლმე, ნეტავ შენზე სად ვიმშობიარეო. მე რომ ავუხსნი, ბებო, ჩემზე როგორ იმშობიარებდი, შენი შვილი ხომ არა ვარ-მეთქი, მპასუხობს, ერთი ეგაა, არ გამიჩენიხარ, თორემ სხვა მხრივ ჩემი შვილი ხარო. ბებო ჩვენს ოჯახში გენერალია. ჭკუას ყველა მას ვეკითხებით. მამაჩემი ინდირა განდის ეძახის.

საავადმყოფოში მისულს, დედამ მითხრა, რომ ბებოს კორონოგრაფია უკეთდებოდა, უკეთეს შემთხვევაში სტენტს ჩაუდგამდნენ, ხოლო უარესში შუნტირება დასჭირდებოდა. 40-წუთიანი გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ ექიმმა გვითხრა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გულში მხოლოდ სტენტის ჩადგმა დასჭირდაო. ასევე გაგვაფრთხილა, რომ მაინც არსებობდა ინფარქტის განმეორების საფრთხე. ჩემი ბებუკა რეანიმაციაში იწვა, ცუდად იყო, მე კი ვერაფრით ვშველიდი. თვალწინ გამიელვა ერთად გატარებულმა წლებმა. როცა ვაბრაზებდი, მეუბნებოდა ხოლმე, როცა აღარ ვიქნები, მერე გაგახსენდები და ინანებ, რომ მაბრაზებდიო...

12 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დღეს ბებოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პალატაში გადაიყვანეს. მთელი დღე მასთან ერთად გავატარე. თვალი რომ გაახილა, პირველი ის მკითხა, 16 ოქტომბერს პოლონეთში რომ უნდა წასულიყავი, მიდიხარო? ვუპასუხე, რომ წასვლა ვერ ხერხდებოდა, რამაც ძალიან გაახარა. არ უყვარს, საზღვარგარეთ რომ დავდივარ, სულ აპროტესტებს, სამსახურიდან სხვა გაუშვან შენ მაგივრადო. არადა, ძალიან ხშირად მიწევს სამსახურებრივი მივლინებები საზღვარგარეთ, რასაც მუდმივად თან ახლავს ბებოს ქოთქოთი. ბებო საავადმყოფოდანაც არ ეშვება დარიგებებს. მარიგებს, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვა, მაღლები ჩაიცვი, რომ უფრო ელეგანტური გამოჩნდეო. არ უყვარს, როდესაც დაბლებს ვიცვამ, არ გიხდება, რადგან სრული ხარო.

13 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დილის 9 საათზე ლექცია მქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტში. იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს კონსტიტუციის არსზე, ტიპებსა და ნორმათა იერარქიაზე ვესაუბრე. ძალიან საინტერესო სტუდენტები მყავს, მოტივირებულები და აქტიურები.

11 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრში მივედი. სამსახურში ბევრი საქმე დამიგროვდა ბოლო ორი დღის არყოფნის გამო. დღეს იწურება ევროსასამართლოში მაია კეკელიას საქმის გაგზავნის ვადა და ყველაფერი დღესვე უნდა მომესწრო. ძალიან საინტერესო საქმეა, რომლის მომზადებაშიც მთელი გული და ცოდნა ჩავდე. ვიმედოვნებ, ევროსასამართლოში წარმატებას მივაღწევთ. საქმე ეხება 2014 წელს, მარტვილში, სოფელ ბანძის პოლიციაში, პოლიციელთა მიერ ახალგაზრდა ქალის, მაია კეკელიას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. ნაცვლად საქმის გამოძიებისა, პოლიციამ იქით დასდო ბრალი მაიას ოთხი პოლიციელის ცემაში. მაიასთვის წაყენებული ფანტასმაგორიული ბრალდება ნაწილობრივ ზუგდიდის სასამართლომაც გაიზიარა და მას სასჯელის სახით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არც ერთი ინსტანციის სასამართლოში. მოკლედ, რაკი ეროვნულ დონეზე ვერაფერს მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, სიმართლე ევროსასამართლოში გვეპოვა.

საჩივრის გაგზავნის შემდეგ ვიმუშავე მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამოკვლევაზე და შევუდექი სხვადასხვა უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის დამუშავებას.

მოგვიანებით სტაჟიორებს პატარა თათბირი ჩავუტარე და დავალებები მივეცი. ძალიან მეხმარებიან, ჩემს ბავშვებს ვეძახი. მიხარია, რომ ასეთი განათლებული და მოტივირებული ახალი თაობა მოდის. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და სად ხედავენ სამომავლოდ საკუთარ თავს.

5 საათისთვის შევეხმიანე რამდენიმე ბენეფიციარს მოახლოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. 18 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის განხილვაა გიორგი ოქროპირიძის ცრუ დასმენის საქმეზე. ამ პროცესში მის ინტერესებს ვიცავ.

დღის ბოლოს, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს, ბულგარეთიდან მომივიდა მოწვევა შავი ზღვის აუზის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც ჩატარდება ვარნაში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. ადამიანის უფლებათა ცენტრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წევრია და ყოველწლიურად მონაწილეობს ფორუმში. მოკლედ, ორშაბათს ბულგარეთის ვიზის მისაღებად საელჩოში წასვლა მომიწევს.

სამსახურის შემდეგ გავემართე ჩაფიძის კლინიკაში, სადაც საღამო ბებოსთან ერთად გავატარე. ბულგარეთში წასვლაზე არაფერი მითქვამს, შემეშინდა, არ ინერვიულოს-მეთქი.

გვიან საღამოს კი ჩემს მეგობართან წავედი განსატვირთად და რჩევების მისაღებად.

14 ოქტომბერი, პარასკევი

დღის პირველი ნახევარი მეგობართან გავატარე. საავადმყოფოში წასვლამდე სახლში შევლას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ბებიაჩემის გარეშე სახლი ცარიელი მგონია. გადავწყვიტე, რომ სანამ ბებოს საავადმყოფოდან არ გამოვიყვანთ, სახლში არ შევიდე.

დღის მეორე ნახევარი ბებოსთან ვიყავი. გვიან კი კვლავ მეგობართან დავბრუნდი ღამის გასათევად. საოცარ სიცარიელეს ვგრძნობდი, თითქოს არ ვარსებობდი.

15 ოქტომბერი, შაბათი

დილით ადრე გამეღვიძა, საშინელი სიზმარი ვნახე. თითქოს სასამართლოში სარჩელის გასაჩივრების ვადა გავუშვი და სასამართლომ ჩემი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ხშირად მესიზმრება ხოლმე მსგავსი სიზმრები, რომელთაც „პროფესიულ სიზმრებს“ ვუწოდებ. იურისტებს ხშირად გვაქვს ხოლმე შეგრძნება, რომ პროცესზე გვაგვიანდება ან სარჩელის შეტანის ვადას ვუშვებთ.

დღის 2 საათამდე პროექტზე ვმუშაობდი, მოგვიანებით კი არაჩვეულებრივ ადამიანებთან შესახვედრად რადიო თავისუფლებისკენ გავეშურე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG