Accessibility links

logo-print
28 ოქტომბერი, კვირა
დღეს უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებია. გაღვიძებისთანავე გავუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებები ჩემს კოლეგებს კიევში და წარმატებული სამუშაო დღე ვუსურვე. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი დღეს. ორი დღეა ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, არ შემეწყვიტა მისია და არ დავბრუნებულიყავი. ორი დღის წინ ჩემმა დამ ნაადრევად იმშობიარა. ორივე კარგად არის, მაგრამ ენით აუწერელი ნერვიულობა გადავიტანე! ამის მიზეზი ის სიძულვილი და სისასტიკეა, რაც ჩემ გარშემო ტრიალებს. ჩემი და პირველი მსხვერპლია. არ მგონია, უფრო მეტი მსხვერპლის გაღება შევძლო. ალბათ, ჩვეულებრივი ადამიანები არ უნდა ხდებოდნენ საჯარო პირები. როგორი სქელტყავიანი უნდა იყო, რომ ამას გაუძლო?! მაგრამ სქელტყავიანთა და ცივსისხლიანთა გასაგონად მინდა ვთქვა: გიფიქრიათ ოდესმე საკუთარი დის ან ძმის სიკვდილზე? და ჯერარდაბადებული ბავშვის სიკვდილზე გიფიქრიათ? გიფიქრიათ იმაზე, თუ რა სისასტიკით არის ის ჰაერი გაჟღენთილი, რომლითაც სუნთქავთ? გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი გამძლეობაა სწორედ ის, რაც ამ გარემოს ასაზრდოებს?!

ეს ვნებათაღელვა იმას უკავშირდება, რომ სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. სახალხო დამცველის არჩევა კი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდა.

ვცდილობ, ვაჯობო თავს და საკვირაო ტრადიცია არ დავარღვიო. ჩემს დისშვილებთან ერთად ჯანჯაფილის ნამცხვრებს ვაკეთებ. თან შოთიკო და ანდრიაც აქ არიან. ბავშვებთან ერთად ამის გაკეთება ოჯახში მხოლოდ მე შემიძლია. დიდ ძალისხმევას მოითხოვს ფქვილში ამოგანგლული ბავშვების მართვა! თომა ზოგჯერ ცომს ჭამს, თეკლა, რაც უნდა გააფრთხილო, რომ ტაფა ცხელია, მაინც მისკენ მიილტვის. ვაცხობთ კაცუნებს, ვარსკვლავებს, გულებს, დათუნიებს და სხვადასხვა ფორმის ნამცხვრებს - მთელ სახლში მიხაკ-დარიჩინის სუნია. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რომ ამაში მონაწილეობენ. საერთოდ, ბავშვები ბედნიერები არიან მაშინ, როდესაც მათ ვექცევით, როგორც პიროვნებებს. თითქოს უკამათო ჭეშმარიტებაა, მაგრამ...

საღამოს მეგობართან წავედი. დიდხანს ვისაუბრეთ ყველაფერზე. სიტყვებით ძნელია იმ მხარდაჭერის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ ამ დღეებში! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა. ეს არის იმ ადამიანთა მხარდაჭერა და ნდობა, რომლებსაც მე თვითონ ყველაზე მეტად ვცემ პატივს.

29 ოქტომბერი, ორშაბათი
დილით სამი წლის შოთიკო მთხოვს, რამე წავუკითხო. ჩემდა საუბედუროდ, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გადმოვიღე. ორი ფურცლის წაკითხვის შემდეგ მე თვითონ მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. პირველ რიგში ეს მოთხრობა შოთიკოსთვის, ალბათ, ნაადრევი იყო. მაგრამ გამახსენდა ბავშვობაში რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე „შვლის ნუკრის ნაამბობმა“, „მთის წყარომ“, „ხმელმა წიფელმა“ და გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხემ“. მგონი, ჩემი მსოფლმხედველობა სწორედ მაშინ განისაზღვრა. და, პრინციპში, ჯერჯერობით ამას ჩემი ცხოვრება არ გაუმარტივებია. უფრო პირიქით.

ხშირად ვეუბნები ჩემს მშობლებს, რომ მერჩივნა, უფრო რეალურები ყოფილიყვნენ. მაგალითად, ოდესმე გამეგო მათი გინება, რომ მერე საზოგადოებაში, სადაც თითქმის ყველა იგინება, უცხოპლანეტელად არ მეგრძნო თავი. ასევე კარგი იქნებოდა, უპირობო სიყვარულიც არ მიმეღო მათგან - იქნებ უფრო ტლანქი გავმხდარიყავი. ფილოსოფოსი ალენ დე ბატონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ხომ ამბობს, რომ ჩვენი წარმატების მთავარი ბარიერი საკუთარი დედის უპირობო სიყვარულია. პარადოქსია, მაგრამ, მგონი, ეს (ანუ მისი არარსებობა) არის სიხარბის და ძალადობის ახსნაც ყველგან, არა მხოლოდ ჩვენთან.

ამ კვირაში ისევ გრძელდება გაურკვევლობა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. მთელი დღის მანძილზე ვფიქრობ ერთ ჩემს ამერიკელ პროფესორზე, რომელიც მასწავლიდა ასეთ საგანს: „კონფლიქტისშემდგომი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა“. სკეპტიციზმი განსაკუთრებით მაშინ გვიპყრობდა ხოლმე, როცა საერთაშორისო მისიების როლს და მათი ეფექტიანობის საკითხს განვიხილავდით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განხილვის დროს მან თქვა, რომ ამ სფეროში ის უნდა მუშაობდეს, ვისაც სჯერა, რომ არ უნდა მუშაობდეს. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ შეძლებს... მართლაც, რეალურად, მხოლოდ მაშინ შეგიძლია რამეს მიაღწიო, როცა შეგიძლია შენი განზრახვები შენივე ეჭვებით გააწონასწორო. არ ვიცი, რამდენად არის წონასწორობის მოთხოვნილება ჩვენს საზოგადოებაში; არ ვიცი, ადამიანებს რატომ არ ბეზრდებათ ეს აროგანტული თავდაჯერებულობა ყველგან...

დღის მანძილზე ვხვდები მეგობრებს, ყოფილ თანამშრომლებს. ამ დღეებში ერთი მნიშვნელოვანი უნარი აღმოვაჩინე ჩემს თავში: რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული რეკომენდაციების და რჩევების მონელება და გათავისება შემძლებია.

საღამოს რადიოში მივდივარ. ლიფტში მხვდება ერთ-ერთი ჩემი ოპონენტი, რომელიც სხვა საგულისხმო საკითხებთან ერთად იმის შესახებაც მესაუბრება, თუ ჩემი ოჯახის წევრები რომელ ტაძარში დადიან. გამახსენდა ჩემი და, რომელმაც წინა დღეებში მკითხა, ჯვარი მეკეთა თუ არა. გაოგნებული ვარ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამის მეშინია. გაოგნებული ვარ იმით, რომ რწმენა ჯერ კიდევ არ არის პირადი საკითხი. და სანამ რწმენა არ გახდება პირადი საკითხი, ის იქნება პოლიტიკოსების მანიპულაციის საგანი და სიძულვილის გამართლების საშუალებაც კი.

გადაცემის შემდეგ მეგობართან მივდივარ. ნიკა, ჩემი მეგობრის მეუღლე, მეუბნება, მეცოდები ამ ყველაფრისთვისო. მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი. არა, ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, მართლა ქარის წისქვილებთან ბრძოლა ხომ არ იქნება ეს ყველაფერი?..

30 ოქტომბერი, სამშაბათი
ძალიან მძიმე დღეა. მირეკავენ ჟურნალისტები, რომლებსაც ვუხსნი, რომ ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. აშკარად მაკლია გამოცდილება და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ. მაგრამ ისეთ თანაგრძნობას ვიღებ მათგან და თითქმის ყველა ადამიანისგან, ვინც ამ ორ კვირაში გავიცანი, რომ მაინც ვფიქრობ: გულწრფელობა ყველაზე სწორი პოლიტიკაა!

საღამოს ხაშურში, პოლიციის შენობაში, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის შვილებთან ერთად ვარ გადაცემაში. თითქმის დაუჯერებელი იყო ის, რაც ხდებოდა. შვილები ხმამაღლა საუბრობდნენ შსს-ს მხრიდან საშინელი ზეწოლის შესახებ. სიტყვები არ მყოფნის ამ ემოციის გამოსახატად. არასდროს დამიდანაშაულებია ქიმერიძის ოჯახი სიჩუმისთვის. ჩემთვის მთელი ეს ცვლილებები, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, თუნდაც მხოლოდ იმად ღირს, რომ თინათინს და გივის დღეს არ ეშინიათ სიმართლის თქმის და საქმის ობიექტური გამოძიების იმედი გვაქვს.

გვიან ვბრუნდები სახლში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში მივიღე მონაწილეობა. მავანს შეიძლება ეგონოს, რომ გავაფეტიშე კონსტიტუცია. მაგრამ მართლა მგონია, რომ კონსტიტუციის ცოდნა მისი წაკითხვით კი არა, მისი პატივისცემით იწყება.

31 ოქტომბერი, ოთხშაბათი
შოთიკო უკვე ორი დღეა მთხოვს, რამე გამოვაცხოთო. 12 საათზე უკვე ბიოლის ფონდში უნდა ვიყო, მაგრამ იმედს ვერ ვუცრუებ და დილით სამზარეულოში ისევ ბავშვების გნიასია. მაფინები გამოვაცხვეთ.

მთელი დღე გზაში გავატარე, ბათუმში მივდივართ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით დისკუსია იმართება. მომხსენებლები ვართ ნინა ხატისკაცი, დავით ბაციკიძე და მე.

მიყვარს ბათუმი და ბათუმელები. ყველაზე მეტად აქ ვგრძნობ ქალაქს. თუმცა ამჯერად არაფრის დრო არ მქონია. შეხვედრის შემდეგ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს ვაძლევ ინტერვიუს. ნამდვილი პროფესიონალია ეთერი! მეღიმებოდა, როცა მის თვალებში ზოგჯერ გაოცებას ვკითხულობდი.

ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი გულწრფელობა არის დაუჯერებელი და ზოგჯერ აუტანელიც კი.

1 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილით ნინასთან ერთად ვსაუზმობ სასტუმროში. ვლაპარაკობთ ყველაფერზე: არჩევნებზე, სვანეთზე და მის არაჩვეულებრივ და უსაყვარლეს შვილზე, კატო ჟორჟოლიანზე... გზაში ისევ ვაგრძელებთ საუბარს. ბატონი ნუკრი, ჩვენი მძღოლი, ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიყვება. საღამოს 7 საათზე ჯიპაში მაქვს შეხვედრა და ზუსტად ამ დროისთვის ჩამოვედი თბილისში. ცირა ელისაშვილმა ისეთი შესავალი გააკეთა, კვლავ ვიგრძენი მძიმე ტვირთი, რომელიც ამ ნდობას მოჰყვება.

სტუდენტებთან შეხვედრა ყოველთვის უფრო თავდაჯერებულს მხდის. მხოლოდ სტუდენტები სვამენ კითხვებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულთა და მოხუცებულთა, ბავშვების, ფსიქიურად დაავადებულ პირთა უფლებებზე. მხოლოდ სტუდენტები ეკიდებიან სრული სერიოზულობით შრომით უფლებებს. ამიტომაც მჯერა, რომ პირველ რიგში მათ შეუძლიათ გაიგონ ის, რომ უმცირესობების თემაც თანასწორობის თემაა, თანასწორობა კი - ადამიანის ღირსების თემა. ღირსების უგულებელყოფაა ის, რაც აქვს საერთო პატიმრების წამებას, მაღაროელების მონურ შრომას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების დისკრიმინაციას. შეხვედრაზე ვაცლავ ჰაველის ციტატა მოვიყვანე: „ჩვენ უნდა ჩავიძიროთ ჩვენივე უბადრუკობის ფსკერზე, რათა ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას“. მე მჯერა, რომ ახლა ვართ ფსკერზე და ახლა არის ჭეშმარიტების მომენტი. ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, ამის იმედი მიჩნდება.

გვიან ისევ მეგობრებს შევხვდი. ისევ ძალიან საჭირო ანალიზი და დაგეგმვა. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ საჭიროა ემოციების კონტროლი. მაგალითად, პირდაპირ ეთერში იმის თქმა, რომ სასოწარკვეთილი ხარ, ნამდვილად არ არის სწორი. ამაში ვეთანხმები, უბრალოდ მგონია, რომ ესეც ადამიანური განზომილებაა, რაც შემომაქვს. ამას გააზრებულად ვაკეთებ. ყველა ჩემი ქმედება ამბოხია იმ ძალადობის წინააღმდეგ, რაც ცინიკურად ახლავს თან სახალხო დამცველის არჩევის საკითხს.

ჩემი დის და პატარა სესილიას სანახავად წასვლა გადავიფიქრე, რადგან გავცივდი.

2 ნოემბერი, პარასკევი
ავად ვარ - გავცივდი და სიცხეც მაქვს. ამიტომ, დღევანდელი გეგმების მთლიანად შეცვლა მომიწია. მიუხედავად ამისა, ვმუშაობ, ვკითხულობ და ვწერ. თომასა და თეკლასაც სურდო აქვთ და ამიტომ საბავშვო ბაღში არ წასულან. თომა სამი წლისაა, მთელი დღე გაიძახის, მე თამარის ვარო. დედამისი ზოგჯერ ზედმეტად მკაცრია მის მიმართ. და, მგონი, თომა ასე აპროტესტებს ამას.

საღამოს ისევ ოჯახური კონსილიუმია, ისევ სახალხო დამცველის თემა. ავადმყოფობისგან ისე დამისუსტდა ხმა, რომ კამათიც არ შემიძლია. ჩემი მშობლები სოფელში არიან წასულები, ხან ერთი მირეკავს და ხან - მეორე. მაგრამ მათ ყოველთვის ერთიანი აზრი ან რეკომენდაცია აქვთ. არ ვიცი, როდის ასწრებენ ხოლმე კამათს და შეთანხმებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანდასწრებით ამას არ აკეთებენ.

მახსოვს, ამერიკაში აცრას ვიკეთებდი და ექთანმა რომ გაიგო ჩემი ოჯახის შესახებ, მითხრა, ალბათ ერთადერთი ხარ ოჯახში, ვისაც უმაღლესი განათლება გაქვსო. ჰო, ის რაც ამერიკაშიც კი წარმოუდგენელია, ჩემმა მშობლებმა ცხრა შვილს მისცეს აქ, საქართველოში.

მთელი ცხოვრება მესმის მამაჩემის ბრაზნარევი მტკიცება, რომ ცხრა ქალიშვილი ერჩივნა ცხრა ვაჟს. უფრო მეტიც, მახსოვს დედაჩემის ცრემლები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს რომ ნახავდა ტელეეკრანზე და მუდარა, რომ აეყვანათ ბავშვები. დარწმუნებული ვარ, დედაჩემი მაშინაც არ მიაქცევდა ყურადღებას სქესს.

დაუჯერებელია ეს ყველაფერი, ვიცი.

სხვათა შორის, 24 ოქტომბერს მათი ქორწინების 43 წლის იუბილე იყო, უკლებლივ ყველას დაგვავიწყდა ამის შესახებ.

3 ნოემბერი, შაბათი
დღეს სიცხე აღარ მაქვს და ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. მესამე დღეა, წყალი არ გვაქვს სახლში. გუშინ ქალაქის მერის სატელევიზიო გამოსვლას ვუსმენდი და აღშფოთებისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. შეიძლებოდა ამდენი ხნის მანძილზე წყლის პრობლემა არ მოგვარებულიყო?

ჩვენს ქალაქში ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება კერძო კომპანიებზე არის დელეგირებული. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, ეს უკონტროლო და უპასუხისმგებლო პროცესი ჩვენს ცხოვრებაზე რომ არ ახდენდეს გავლენას. მრავალწლიანი ჭადრების მოჭრა და მათ ნაცვლად უპრეცედენტოდ ძვირი კვიპაროსების დარგვაც კერძო კომპანიას დაბრალდა. ისევე, როგორც კერძო კომპანიას დაბრალდება ძველი თბილისის კულტურული ძეგლების განადგურება.

დღეს გუდიაშვილის მოედანზე ისევ იმართება აქცია, ინვესტორი ისევ აგრძელებს ნგრევას. ამჯერად მართლა მაქვს იმედი, რომ ჩვენ ხმას ვიღაც მოისმენს და გაითვალისწინებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG