Accessibility links

logo-print

24 იანვარი, კვირა

მიწაზე დახეთქებიდან რამდენიმე წამში სხეულის ყველა დაბეჟილი წერტილი საოცარი ტკივილით შევიგრძენი. საავადმყოფოში მითხრეს, გადარჩიო! თუმცა, ამ დღიურს შეხვეული ხელით ვბეჭდავ. ასე მოგივა, როცა მეგობარს უკან ჩამოიტოვებ და კოჯრის ტყეში, ციცაბო დაღმართზე, უმუხრუჭო ველოსიპედით თავქვე დაეშვები...

დღეს, 3 საათზე, ტაბახმელის პოლიციის განყოფილებაში ვარ დაბარებული. ოთო ღვაბერიძეს ვთხოვე, წამომყოლოდა. 2 საათისთვის სახლიდან გავედით. ჩუმად ვიჯექი ავტობუსში და ინტერესით ველოდი, რა უნდა ეკითხა გამომძიებელს. ნეტავ, რაში აინტერესებდა პოლიციას, როგორ წავიქეცი ველოსიპედით? ან, საერთოდ, საიდან გაიგეს, რომ წავიქეცი? გზადაგზა მივხვდი, რომ პოლიციაში ჩემი ამბავი საავადმყოფოდან მივიდა. სავარაუდოდ, წესი აქვთ: ხომ შეიძლება, ტყუილი მეთქვა და ველოსიპედით კი არ დავმტვრეულიყავი, არამედ, ვთქვათ, ვეცემეთ ან ჩხუბში სხვა დამეზიანებინა? ჰოდა, გეგმა შევიმუშავე: გამერკვია, მართლა ზრუნავს სახელმწიფო ჩემზე, თუ ეს მხოლოდ ფორმალობაა?

მივედით მე და ოთო და, ზერელე კითხვების შემდეგ, ხელი მომაწერინეს რაღაც დოკუმენტზე. ცინიკურად ვიკითხე, სულ ეს იყო-მეთქი, ხუთწუთიანი ფორმალობისთვის ამოვედით აქ? მიპასუხეს, ვინმესთან პრეტენზია ხომ არა გაქვთო? მეც ვუპასუხე, არა-მეთქი. წამოვედით მე და ოთო განყოფილებიდან და მთელი დღე ამ ფაქტზე ვფიქრობდი. გამომძიებელმა ისეთ კითხვები დამისვა, მართლა გვარიანად გალახული რომ ვყოფილიყავი ან სხვა მყოლოდა დაზიანებული, უმარტივესად დავმალავდი ამ ფაქტს. ესეც შენი „სახელმწიფოს ზრუნვა!“

შვიდ თვეში ამერიკაში მივემგზავრები სენტ-ჯონსის კოლეჯში სასწავლად. თითქმის სრული გრანტი მაქვს მოპოვებული, მხოლოდ ვიზისა და ბილეთების საკითხი დამრჩა მოსაგვარებელი. დღეს, თავისუფლების დღიურების წერა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ხშირად ცხოვრებისეული გაკვეთილები გვავიწყდება და გამოცდილებაში არ გადადის. ასე რომ არ იყოს, ამერიკაში წასვლამდე სარისკო ველორბოლას ხომ მოვერიდებოდი?! დავფიქრდებოდი: ღირს კი სიცოცხლისთვის სარისკო გზებზე „ჯირითი“, როდესაც ამხელა საქმე გაქვს წინ? საქმე, რომელიც მთელი შენი ცხოვრების მიზანი იყო. 18 იანვარს რომ დავილეწე, შეიძლებოდა არა მარტო ამერიკაში ვერ წავსულიყავი, არამედ, საერთოდ, ფეხზეც ვეღარასოდეს დავმდგარიყავი. ევოლუციას შემთხვევითობა ახასიათებს, თავისუფლად შეიძლებოდა, ბუნებრივი გადარჩევის მსხვერპლი და ევოლუციის ბალასტი გავმხდარიყავი და იქვე დამეტოვებინა წარმატება, რომელიც მინდა, რომ წინ მელოდოს. უფრო შორს თუ წავალთ, შეიძლება სიცოცხლეც იქვე დამეტოვებინა. რა საოცარია ხანდახან შემთხვევითობა, სამყაროს რომ მართავს. კაცი ბჭობდა, ბუნებრივი გადარჩევა და „მზრუნველი სახელმწიფო“ კი იცინოდაო...

25 იანვარი, ორშაბათი

მზის გამჭოლი სხივი პირდაპირ მარჯვენა თვალში მხვდება და მგონია, რომ სადაცაა, მზისგან მომავალი ყველა ფოტონი ჩემს თვალში აკუმულირდება. სახეზე ბალიშს ვიფარებ და ძილს ვაგრძელებ.

საათს ავხედე. შუადღე იყო და გამეხარდა: წინ კიდევ ბევრი საათის ძილი მელოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ტელევიზორიდან მომესმა საოცარი დიალოგი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო.

− გოპი, ადექი, წყალი მომიტანე!

− ახლავე, ბიცოლა, ბოლო ნაწილსაც გავწმენდ და მერე...

− ეგ არსად გაიქცევა, დროზე მიდი და წყალი მომიტანე!

ამ დროს კი ეს ბიცოლა გაზეთში რაღაცას ეძებს და ამოიოხრავს, ამდენი ხანია, შესაფერის სარძლოს ვეძებ და ვერსად ვიპოვეო.

ტელევიზორისთვის ხმის ჩაწევა გადავწყვიტე, რომ ეს მარაზმი აღარ მომესმინა. უნებლიეთ არხის გადართვის ღილაკს დავაჭირე და აი, რა მოვისმინე:

− გათხოვილი არ ვარ, მაგრამ შვილი მყავს, საკმაოდ კარგი. სელიიმ (ეძახის)!

− გისმენ, დედა (უთხრა სელიმმა და ორჯერ გადაკოცნა).

− ნახე, რა კარგი გოგოები გაგაცნო, იქნებ მოგეწონოს...

− არ მინდა, დედა (უპასუხა სელიმმა, თითქოს გუშინდელ ნამცხვარზე ეთქვას უარი).

გამოფხიზლებული წამოვხტი და, ძალიან გაბრაზებულმა, ტელევიზორი საერთოდ გამოვრთე, რომ მსგავსი აღარაფერი გამეგონა. ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ, ნერვებაშლილმა, ბლოკნოტი ამოვიღე და გადავწყვიტე, ყველა ფრაზა ჩამეწერა, რომელიც თავში პირველი მომივიდოდა, რომ სიბრაზე საღამომდე არ გამყოლოდა და დღიურებში ჩამეწერა.

ინტერნეტის გავრცელებამ საქართველოში ახალი ძალიან კარგი პროექტების დაწყებას შეუწყო ხელი, მაგრამ წამყვან როლს მაინც ინარჩუნებენ ტელეარხები, რომელთა მაყურებელიც მთელი საქართველო თუ არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნამდვილად იქნება. მთავარი კითხვები, რომლებიც მიჩნდება, ეს არის: რატომ არ ითხოვს ქართული საზოგადოება სამეცნიერო ტიპის გადაცემების თარგმნას? რატომ არავინ არასდროს ინტერესდება „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ გადაცემებით, სადაც ფანტასტიკურადაა მოთხრობილი ყველაფერი ჩვენი სამყაროს შესახებ, სადაც შეიძლება გაიგო პასუხები ყველა კითხვაზე. რა არის ამ ქარადაიში, ფატმაგულში და სხვა მსგავს სერიალებში ისეთი საინტერესო, რომ მათ ჩვენებას საქართველოს მოსახლეობა ითხოვს? რატომ არ იტყვის ერთ დღეს მეინსტრიმ მედია უარს მსგავს გადაცემებზე და იმ ფინანსურ მოგებაზე (ცოტა ხნით მაინც), მათ რომ მოაქვს. მახსენდება ჩემი 12 წლის ძმა, რომელიც გულისყურით უსმენს „ცხოველთა სამყაროს“ და ოპტიმისტურად მჯერა, რომ, თუ ოდნავ გავიჭირვებთ, შევძლებთ, ჩვენი გონება გადავაწყოთ არაფრისმომცემი თურქულ-ინდურ-ბრაზილიური სერიალების მოთხოვნიდან უფრო ღირებულზე.

26 იანვარი, სამშაბათი

შხაპიდან გამოვედი თუ არა, მაღვიძარამაც დარეკა, ღამენათევმა თმა გავიშრე და ნაცნობთან შესახვედრად ჩაის დასალევად გავეშურე. ყოველდღე ვცდილობ, რამე ახალი გავიგო ან კონკრეტული წამი დავიჭირო. ამაზე ფიქრით შევეცდები, ეს დღიური უფრო საინტერესო გავხადო.

ქალაქში ტრანსპორტით მოძრაობისას, საათში დაახლოებით 20-დან 40 თეთრამდე მეხარჯება. ეს საკმაოდ სწრაფი და ეკონომიური საშუალებაა. პატარაობაში მამამ ამიხსნა ტრანსპორტის მუღამი:კალთაში დამისვამდა ხოლმე და მატარებდა ხან მეტროთი, ხან − ავტობუსით. ჰოდა, დავადე სტუდენტური „მარჯანიშვილის“ მეტროს აპარატს და გავეშურე „რუსთაველისკენ“.

...პირველი ფინჯანი ჩაიც მოგვიტანეს და ვიწყებთ საუბარს. როგორც შემდგომ გაირკვა, დამიძახა, რომ თავის პრობლემაზე მესაუბროს. მეც დავიწყე გულისყურით მოსმენა, რომ გამეგო, რას გრძნობდა, იქნებ დავხმარებოდი.

− იცი ტბელ, ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ საქმე ისე აღარ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს...

დაიწყო თავისი პრობლემის მოყოლა და ჩემთვის ძალიან უინტერესო გახდა მისი საუბარი, თუმცა ემპათიის გრძნობა მაიძულებდა, მომესმინა მისთვის. ის საუბარს განაგრძობდა და „როლში შეჭრილი“ მიხსნიდა, რომ დაიღალა მოკლევადიანი ურთიერთობებით და რამე უფრო გრძელვადიანი უნდოდა ცხოვრებაში...

ამ დროს ჩემი სხეული თავიდან ბოლომდე მისკენ არის მიმართული, ავტომატურ რეჟიმში ჩართული თვალებით მას ვუყურებ, თუმცა ჩემი ფიქრები სულ სხვაგანაა. მთელი ეს ხანი ოდნავ განერვიულებული ვფიქრობდი, როგორ და სად ყიდულობდა ჩემი მეგობარი აკა ზარქუა „პარლამენტს“, მაშინ, როცა ეს სიგარეტი აღარსად იშოვება, და ნეტა რას ეწევა მის მაგივრად-მეთქი. უცებ მესმის ფრაზა მეზობელი მაგიდიდან:

− უკვე ლოგინად არის ჩავარდნილი ორ წელზე მეტი. კი უვლიან ჩემი მშობლები, მაგრამ ცოდვაა თავადაც. ვგონებ, სიკვდილი მისთვის შვება უფრო იქნება...

დავფიქრდი ამ მოვლენაზე და მივხვდი, რომ ემპათია, რომელსაც ადამიანი ხშირად გამოხატავს, არცთუ ისე ნამდვილია. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ემპათია ყალბი იყო. და რა იწვევს ნამდვილ ემპათიას? როდისაა სხვა ადამიანის პრობლემა შენი პრობლემა? ალბათ მაშინ, როცა პერსონიფიცირება შეგიძლია ყველაზე კარგად, მაგრამ თუ პრობლემა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს? ორი წლის მერე დაღლილი ადამიანები ყალბი ემპათიით უვლიდნენ ლოგინად ჩავარდნილს, ხოლო ფრაზა „თავად ცოდვაა, თორემ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ უკვე დამარცხებას ნიშნავს. ფიქრებში გართულს, მესმის კითხვა:

− ტბელ, გესმის საერთოდ, რას გეუბნები?

მეც ვუპასუხებ:

− კი, როგორ არა, მიდი, გააგრძელე...

27 იანვარი, ოთხშაბათი

დიდი დებატების შემდეგ ჩემი მეგობარი საბოლოოდ იმ პოზიციაზეა, რომ ისწავლოს ხელოვნებათმცოდნეობაზე, და არა ბიზნესის მართვაზე და მენეჯმენტზე. მთელი შუადღე დავუთმე მისთვის იმის ახსნას, რომ არასდროს არის გვიან, დაისახო გეგმა და შეცვალო არსებული რეალობა. ყოველი მისი არგუმენტი ჩემი გამოცდილებით გაქარწყლდა და დებატიც დასასრულს უახლოვდებოდა.

− კი მაგრამ, მეორე კურსს ვხურავ უკვე, ბარემ დავამთავრებ, ხომ არ დავკარგავ ორ წელიწადს?

− მე მესამე კურსზე ვარ და არ ვამთავრებ, ისე მივდივარ...

− და სამი წელი რომ დაკარგე?

− არ ვთვლი ამ სამ წელს დაკარგულად, ამ სამ წელიწადში ბევრი ახალი რამ შევიძინე. ხოლო დრო დაკარგულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ბოლო წელსაც ვისწავლი, იმიტომ, რომ ახლა ყველაზე უკეთ ვიცი, რაც მინდა.

საუბრებიდან გაირკვა, რომ ფაკულტეტი, რომელიც მან აირჩია, სულაც არ იყო მისი არჩევანი, მას ეს მშობლებმა გადააწყვეტინეს ფრაზით: „შვილო, რაც გინდა, ის აირჩიე, ჩვენთვის პრობლემა არ არის“; ხოლო როცა მან უპასუხა, ხელოვნებათმცოდნეობა მინდაო, პასუხად მიიღო კითხვა: „და რა გამოხვალ, რომ დაამთავრებ, სად იმუშავებ?“

ქართველი მშობელი უუნაროა, მიხვდეს, რა არის უკეთესი შვილისთვის. ხშირად მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდათ თავიანთი შვილისთვის, შედეგი კი პირიქითაა. ისინი საერთოდ ვერ ხედავენ ვერაფერ ცუდს იმაში, რომ ბავშვს, რომელსაც ხელოვნება, მეცნიერება ან სხვა საბუნებისმეტყველო სფერო იზიდავს, უბედური იქნება ბანკის ფილიალში რიგით კონსულტანტად მუშაობის შემთხვევაში. განა ეს იმათ აკნინებს, ვინც იქ მუშაობს? არა, ეს აკნინებს თავად იმ ადამიანს, ვისაც მთელი ცხოვრება მუსიკისთვის უნდა დაეთმო, ვინც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს კოსმოსს დაუთმობდა, ვიდრე იურიდიულ კანტორაში დოკუმენტების შედგენას.

ვიცი, რომ დედა და მამა ამას კითხულობენ. ისინიც მოიაზრებიან ქართველ მშობლებში. ისიც ვიცი, რომ არ ეწყინებათ, გაიგონ ის, რის თქმაც მინდა. ჩემთვის არასოდეს არაფერს იშურებდნენ, რის შესაძლებლობაც ჰქონდათ, ყველაფერი მიკეთებდნენ, მაგრამ, ხომ შეეძლოთ ეკითხათ: „ტბელ, უკვე დიდი ხარ, სკოლაც დაამთავრე, ერთი წელი არ ჩააბარო, მოიფიქრე კარგად, რა გინდა, რისკენ მიილტვი...“ იქნებ მაშინ მეც გადამეწყვიტა, რომ თავისუფალი მეცნიერებები უფრო მინდოდა, ვიდრე იურიდიული? მერე ხომ მაინც აღარ ინერვიულებდით იმ დარჩენილ ერთ წელზე, რომლისთვისაც აკადემიურს ვიღებ ხუთი წლით, იმ იმედით, რომ, ამერიკიდან როცა დავბრუნდები, დავამთავრებ. თუმცა, მე ხომ აღარასოდეს დავუბრუნდები იურიდიულ სფეროს?

ხშირად მათი რჩევები ეგოისტურ ხასიათს ატარებს. იმედისმომცემი ტონით გეუბნებიან, სადაც გინდა, იქ ჩააბარეო, მაგრამ თავისუფალი არჩევანი მაშინვე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა აბარებ იქ, სადაც მათ არ უნდათ. ყოველთვის ურჩევნიათ, უფერულ კლერკად მუშაობდე სადმე კორპორაციაში, გყავდეს ორშვილიანი უფერული ოჯახი, ვიდრე, ფიროსმანივით გენიოსი, კიბის ქვეშ ცხოვრობდე. მიზეზი გასაგებია: მათჩვენთვის უკეთესი უნდათ, მაგრამ იქნებ დაფიქრდნენ ხოლმე, რა გვინდა ჩვენ. ჩვენ, ვინც უნდა ვწყვეტდეთ ჩვენი ცხოვრების გზას, რომელიც ან კიბის ქვეშ წაგვიყვანს, ან ბანკში ლოგისტიკის თანამშრომლად ან, თუნდაც, კოსმოსში ასტრონავტად, ან სახანძროში − მეხანძრედ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ აქ იქნება თავისუფლება. დროა, სფეროების წარმატების ილუზიიდან გამოხვიდეთ და პიროვნების წარმატების პრინციპს ეზიაროთ.

საღამოს, ამ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ, ტკბილად დამეძინა, რადგან ვიცი, რომ კიდევ ერთი სტუდენტი ჩააბარებს იქ, სადაც უნდა.

28 იანვარი, ხუთშაბათი

დგომით დაღლილმა, ეკლესიაში მისაყრდნობი ადგილის ძებნა დავიწყე. სადაცაა, წირვა უნდა დამთავრებულიყო და მეც შინ უნდა დავბრუნებულიყავი. ამ დროს გამეღვიძა და, წყურვილის მოსაკლავად, „კოკა-კოლის“ საყიდლად ჩავედი მაღაზიაში. ჩემი საყვარელი რძიანი შოკოლადიც „შემომეყიდა“: უკანა დახლებში იყო გადატანილი. რომ გადავწვდი და დავიკვნესე (კუნთები ჯერ კიდევ დაჟეჟილი მაქვს), გამყიდველმა, მე მოგაწოდებო, მითხრა და ახსნაც მოაყოლა: ხვალ პარასკევია და სამარხვო პროდუქტი დავდეთ წინა რიგებშიო. თანხა მივეცი და სახლში დავბრუნდი. გზაში მეღიმებოდა: უკვე ვიცოდი, დღევანდელი თემა რა იქნებოდა ამ დღიურებისთვის.

ამოვედი სახლში, „კოკა-კოლა“ დავლიე და დავჯექი სავარძელში ფიქრის განწყობით, თუმცა სანამ რამეს დავწერდი, ინტერნეტში შევიხედე. საინტერესო არაფერი ხდებოდა და გამოვედი.

უკანა დახლიდან რომ მომიწია შოკოლადის აღება, პრობლემა არ იყო, თუმცა ამ ამბავმა ერთი პატარა იდეისკენ მიბიძგა: რთულია, იყო ათეისტი იმ კულტურის ქვეყანაში, რომელშიც რელიგია ნელის პატარა მაღაზიიდან პარლამენტის დიდ შენობამდეა მოდებული. თუმცა, აქვე დამებადა კითხვა, რატომ მივედი აქამდე? პირველად ყველაფერზე ეჭვის თვალით ვოლტერმა დამაფიქრა. უკვე 15 წლისამ, კარგად გავიაზრე, რას ნიშნავდა ფრაზა: „თუ გინდა, გაიგო ვინ გმართავს, გაიგე, ვისი კრიტიკა არ შეგიძლია.“ თანდათან გავიზარდე და საკითხს უფრო სერიოზულად შევხედე, გადავხედე მიმდინარე მოვლენებსა და ისტორიას და მივხვდი, რომ ნებისმიერი იდეოლოგია საშიშია, მათ შორის რელიგიაც. მოძღვრება, რომელიც ათასწლეულების წინ დაიწერა და სრულიად მოძველებული, არამეცნიერული და ძალადობრივია, არ შეიძლება, ჩემი მორალის წყარო იყოს. არ შეიძლება, სამყაროს ვუყურებდე ტაბურეტკის ოთხ ფეხს შუა, როცა შემიძლია, მას ჩემი „ტელესკოპით“ გავხედო. დღევანდელი დღის მოკლე ანალიზის სახით აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პროგრესირებად მეცნიერებაში უნდა ვეძებოთ მორალიც და კაცთმოყვარეობაც, პასუხი კითხვებზე, რომლებიც გვიჩნდება. ყოველივე ამის მოპოვება საშიშ ზღაპრებში დღეს უკვე მოძველებული მეთოდია.

29 იანვარი, პარასკევი

ის ჩემი მეგობარია; ან, შეიძლება, მეგობარი არც არის. დღის პატარა ნაწილი მასთან საუბარში გავატარე. რასაც მომიყვა, ყველაფერი გავიგე, თუმცა, არ შემიგრძნია. დღევანდელ დღეს ერთი წინადადებით გადმოვცემ: ის სრულიად საკმარისად აღწერს ამ დღეს.

შეჯამება: როცა ორ ადამიანს შორის სიყვარული მოკვდება და ერთ-ერთის ქცევა მეორეს დააფიქრებს იმაზე, თუ როგორ უყვარდა ის ამდენი ხნის განმავლობაში, ესე იგი, არც არასდროს ჰყვარებია.
დასკვნა: ნუ იქნებით იდიოტები, დროა გაიზარდოთ!

30 იანვარი, შაბათი

მოვრჩი დღიურის წერას. დღევანდელი დღე მთლიანად მომავლის ჭვრეტას მინდა დავუთმო, ან, ინგლისურად თუ ვიტყვით, vision-ს.

არიან ადამიანები, რომლებიც doer-ების კატეგორიას მიეკუთვნებიან (ქართულად ზუსტი შესატყვისი ვერ ვიპოვე და მათ „საქმის მკეთებლები“ დავარქვი). მეორე კატეგორიას წარმოადგენენ visioner-ები. მხატვრულად რომ ვთქვათ, სიტყვა vision არის ერთგვარი ზმანება, წარმოდგენა, ილუზია, ხოლო visioner-ი არის მჭვრეტელი, რომელიც მახვილი გონებითა და არწივის მზერით იყურება მომავალში და სადღაც, მომავალის კუთხე-კუნჭულებში, თავის თავს პოულობს. ბოლო კატეგორია კი არის ის, ვინც ორივეს შეიცავს, მჭვრეტელიც არის და საქმის მკეთებელიც.

იყო საქმის მკეთებელი, ეს უკვე კარგია, რადგან, როდესაც სახლის აშენება გინდა, მუშამ მათემატიკური სიზუსტით იცის, სად უნდა დადოს აგური და სად − არა. იგი თავისი საქმის პროფესიონალია, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ვისაც რაღაცის კეთება უნდა პროფესიულ დონეზე. ყველა აუცილებლად შესაბამისად უნდა დაფასდეს იმისთვის, რასაც მაღალი ხარისხით ასრულებს. თუმცა, თუ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი გინდა, მაშინ შემდეგი ფორმულაა საჭირო: visioner + doer = success.

მეც ვცდილობ, ეს ფორმულა ჩემს ცხოვრებაში დავნერგო, მეორე ნაწილი გამომივიდა უკვე. დავისახე გეგმა მიზნის მისაღწევად, და ამაში დამეხმარება სენტ-ჯონსის კოლეჯი, სადაც თავისუფალ მეცნიერებებს შევისწავლი. პირველი ნაწილი უკვე შესრულებულია: მაქვს დასახული გეგმა და მომავლის ჩემეული ხედვა, რისთვისაც პირველი ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა თუ ეს არ გამოვიყენე, დავრჩები იმ გლახაკივით, რომელმაც ქილა ერბო ვერაფერში გამოიყენა. მინდა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მეცნიერების პოპულარიზაციას დავუთმო და, საბოლოოდ, გული მაინც NASA-სკენ მიმიწევს. მინდა, მეცნიერების პოპულარულ ენაზე მთქმელი ვიყო, შევძლო, ბავშვებს ფორმულებით განმტკიცებული კოსმოსი უფრო ვასწავლო, ვიდრე ასე ხშირად გაყალბებული ისტორია.

ნამდვილად არ ვიცი, რას გვიმზადებს მომავალი. არც ის ვიცი, რა მელის მომავალში, მაგრამ აქ და ახლა ნამდვილად ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში, რისკენ უნდა ვისწრაფოდე და რა უნდა გავაკეთო ამისთვის.

Yes, there were times, I'm sure you knew

When I bit off more than I could chew.

But through it all, when there was doubt,

I ate it up and spit it out.

I faced it all and I stood tall;

And did it my way.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG