Accessibility links

logo-print

8 მარტი, კვირა

დილით ადრე ზარმა გამაღვიძა. ავდექი, კარი გავაღე და ყვავილებით ხელში ჩემი ვაჟი დამხვდა!!! ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა. ოთახში შესულს, მაგიდაზე ლამაზად შეფუთული ყუთით მეუღლის საჩუქარი მელოდა!!! ესეც მეორე სასიამოვნო განცდა. ორივეს ვაკოცე და მადლობა გადავუხადე. რა კარგია, როცა ადამიანებს არ გვეზარება ერთმანეთის სიამოვნება. ეს ხომ პატარა ყურადღების გამოჩენითაც არის შესაძლებელი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ვაცნობიერებთ ამას, რატომაა ისევ აქტუალური დეილ კარნეგის შეკითხვა: „რატომ არ გვინდა ადამიანებს ერთმანეთის სიამოვნება? რატომაა, რომ როცა რაიმე არ მოგვწონს, მაშინვე ვყვირით, ხოლო თუ მოგვეწონა, თევზივით პირში წყალს ვიგუბებთ? რატომ გვენანება ადამიანებს ერთმანეთისთვის სასიამოვნოს თქმა?“

დილის განწყობა მთელ დღეს გამყვა. ბევრი საქმეც მოვითავე, მაგრამ დაღლილობა არ მიგრძვნია. დღესასწაული მივულოცე ახლობელ ქალებს. მეც ბევრმა მომილოცა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთა ზარმა გამაოცა: ყოფილი ბენეფიციარები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ხნის წინ დავეხმარეთ. ეს ორმაგად სასიამოვნო იყო ჩემთვის. კარგია, როცა ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ. ეს ხომ სულ უფრო იშვიათად ხდება...

ამბობენ, უმადურობა ადამიანის დამახასიათებელი თვისებააო, მაგრამ იმასაც ხომ ამბობენ, მადლიერება შინაგანი კულტურის გამოხატულებააო? ალბათ ყველას გვინდა ვიყოთ კულტურულები, კარგ შთაბეჭდილებას ვტოვებდეთ. ამიტომ, ნუ დავიზარებთ „მადლობის“ თქმას. ეს ხომ ასე ბუნებრივია! თუმცა იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ უმადურობა არცთუ იშვიათად შეგვხვდება. ასეთ შემთხვევებში დროულია ისევ კარნეგის შეგონება: „როცა სხვის უმადურობაზე ვნერვიულობთ, ყოველთვის გავიხსენოთ, რომ ქრისტემ ერთ დღეს ათი კეთროვანი განკურნა, მადლობის სათქმელად მხოლოდ ერთი მობრუნდა. თუ ქრისტეს ასე მოექცნენ, შენ მეტს რატომ ელოდები?“ და კიდევ, „ქენი სიკეთე, ქვაზე დადე, შედეგს ნუ დაელოდები, წადი და სხვა სიკეთე ჩაიდინე.“ თუ ჩვენ ბევრ ასეთ ქვას დავდებთ ცხოვრების გზაზე, ალბათ, სადმე, ოდესმე, ფეხს წამოვკრავთ, თუ არადა, სიკეთეს ხომ ჩვენი სიამოვნებისთვისაც ვაკეთებთ. ასე რომ, ვთესოთ სიკეთე, რაც შეგვიძლია. რაც არ შეგვიძლია, იმას ხომ უფალიც არ გვთხოვს...

9 მარტი, ორშაბათი

ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ და მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას. მაინც, რატომ ვგეგმავთ ყველანი ყველა საქმის დაწყებას ორშაბათიდან? ყოველ ორშაბათს ჩვენს ცენტრშიც ბევრი მომსვლელია. ყველას თავის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია და ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ ეს: ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, შევაფასოთ და დავეხმაროთ. ღმერთი უშველის იმ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეების დახმარების საშუალებას გვაძლევენ. 2007 წლიდან უშუალოდ ვარ ჩართული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტში, რომელთა მეშვეობითაც ბენეფიციარებს კონკრეტულ დახმარებას ვთავაზობთ. ამჯერად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს ვეხმარებით. სჭირდებათ გრანტები: ვის − სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, ვის − საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებისთვის, ვის − სწავლისთვის, ვის − მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის...

საკმაოდ რთულია დეზორიენტირებულ და პრობლემებით დატვირთულ ადამიანებთან მუშაობა: ბევრი მათგანი დიდი ხანია, არ ყოფილა საქართველოში და მისთვის აქ ყველაფერი უცხოა; ბევრი მიეჩვია ევროპაში უშრომლად ან სოციალური დახმარებით ცხოვრებას; ბევრს მოულოდნელად, დეპორტაციით დაატოვებინეს ქვეყანა და სრულიად უსახსროდ დაბრუნდა სამშობლოში; ბევრი მძიმე, გაუსაძლის პირობებში მუშაობით წელგაწყვეტილი და დაავადებული დაუბრუნდა ოჯახს; ბევრს ოჯახიც აღარ დახვდა ანდა ვეღარ გამოუნახია საერთო ენა საკუთარ შვილებთან; ბევრი საომარ მოქმედებებს გამოექცა, ბევრი ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლია... ამ ადამიანებს თანაგრძნობა და თანადგომა სჭირდებათ და ჩვენც ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია და ვაკეთებთ ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენი მუშაობის პრინციპია: „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“. ეს ხომ ყველა რელიგიის მიერ აღიარებული უაღრესად ზნეობრივი და, ამასთან, პრაგმატული დოგმაა. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მას წარმატებით ვიყენებთ და ბევრი მადლიერიც რჩება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფერს მოაწონებ და ვერაფრით ასიამოვნებ. ასეთები კი უმეტესად ისინი არიან, ვისაც მხოლოდ „იოლი ფულის“ ხელში ჩაგდება უნდა და ფიქრშიც ვერ წარმოუდგენია საქმის კეთება. მე მათთან მუშაობის ცოტა სპეციფიკური მეთოდები მაქვს, რომლებიც ხან მიმართლებს, ხან − ვერა. ეს სპეციფიკურობა კი მოფერებისა და გაბრაზების „კოქტეილია“, რითაც ვცდილობ ამ ხალხში ღრმად მიძინებული ადამიანობა გავაღვიძო, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ არ გამომდის.

10 მარტი, სამშაბათი

დღევანდელი დღეც ძალიან დატვირთული გამოდგა. პროექტში ჩასართავად ბევრმა ნარკოდამოკიდებულმა ახალგაზრდამ მოგვმართა. სამწუხაროდ, რამდენიმემ ვერ დააკმაყოფილა პროექტით დადგენილი კრიტერიუმები და ვერ რეგისტრაციაში ვერ გავატარეთ, თუმცა საუბარი მათთან მაინც შედგა. ერთ-ერთი, სასიამოვნო გარეგნობის 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც დეპორტირებულია ბელგიიდან, გაგებით მოეკიდა ჩვენს პოზიციას და აგრესიაც არ გამოუხატავს. მითხრა, რომ უცხოდ გრძნობს თავს საკუთარ ოჯახში, რომ მშობლებსა და ცოლ-შვილსაც ეზიზღება. შემძრა ამ სიტყვამ! თავი ვალდებულად ჩავთვალე, დავლაპარაკებოდი, მეცადა, მისი გაბოროტება რამენაირად შემერბილებინა. სპონტანურად დავიწყე საუბარი: „იცით, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ჩემი ნაცნობის მეუღლის, ახალგაზრდა კაცის პანაშვიდზე. ის ნარკოტიკის დიდი დოზით მიღების შედეგად გარდაიცვალა. ეს ახალგაზრდა სწორედ გარდაცვალების დღეს გამაცნო მისმა მეუღლემ ქუჩაში შეხვედრისას. იმდენად მომეწონა, რომ სიკვდილის ამბავი ახლობელივით განვიცადე. პანაშვიდზე მე ვნახე მწუხარებისგან განადგურებული მშობლები, ძმა, მეუღლე. შვილი დღესაც სტრესულ მდგომარეობაშია და ფსიქიატრთან მკურნალობს. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდამ თავის დროზე ნებისყოფა და თვითკონტროლი არ გამოიჩინა და ნარკოტიკის ტყვეობაში ჩაიგდო თავი. ′გაბრუებულ სიამოვნებას′ ანაცვალა ოჯახის ყველა წევრის სიმშვიდე და განა გასაკვირია, რომ მათ ტკივილთან ერთად გაბრაზება გამოხატონ ასეთი უაზრო თვითმკვლელობის მიმართ? თქვენზეც, ალბათ, გაბრაზებულები არიან თქვენი მშობლები და მეუღლე, მათ ხომ უამრავი პრობლემა შეუქმენით ამ თქვენი ′გატაცებით′. არ ეჯავრებით, ნაწყენები უფრო იქნებიან თქვენზე.“ კაცი დაფიქრდა, რაღაც უცნაურად თბილი გაუხდა თვალები და მიამბო, როგორ გახდა ნარკოდამოკიდებული, როგორ უბიძგა საკუთარ ძმასაც. მერე მაინც გადაბრალების ადამიანურმა ინსტინქტმა სძლია და დააყოლა, ევროპაში ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია და ყველა ჩასული ნარკოდამოკიდებული ხდებაო. რა თქმა უნდა, მე ბევრი კონტრარგუმენტი და მაგალითი მოვუყვანე. არ ვიცი, რამდენად დაიჯერა ჩემი არგუმენტების, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ ისე განაწყენებული აღარ იყო თავის ოჯახის წევრებზე. ისიც მითხრა, რომ მეთადონის პროგრამაშია ჩართული და იქნებ რამე გამოუვიდეს. ღმერთმა უსმინოს!

11 მარტი, ოთხშაბათი

დღეს ბევრი დაბრუნებული მიგრანტი გავახარეთ მათ დაფინანსებაზე დადებითი პასუხის მიღებით. მცირედი, მაგრამ მიზნობრივი დახმარებით ისინი წარმატებით შეძლებენ საკუთარი საქმის წამოწყებას ან დასაქმებას თავისი სპეციალობით.

ცნობილია, რომ საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, სამუშაო საზღვარგარეთ ეძებოს, ხშირად საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და ღირსების დაკარგვის ფასად. რამდენი ამბავი და ჩივილი მომისმენია! ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, როცა საბერძნეთიდან დაბრუნებულ 72 წლის ქალს ახალგაზრდა ვაჟმა, მას შემდეგ, რაც მოისმინა ჩვენს პროექტში დახმარების მიღების შესაძლებლობები და დახმარება ეცოტავა, ჩხუბი დაუწყო დედას, რატომ დაბრუნდიო. ასაკოვანი ქალი კი ტირილით ეუბნებოდა, მეტი აღარ შემეძლო, ვკვდებოდი და რა მექნაო. შემძრა ამ შემთხვევამ! ეს იყო ჩემი პირველი შეჯახება „ოჯახურ ტრეფიკინგთან“, როცა ოჯახის წევრები აიძულებენ ახლობელს, მონურ პირობებში იმუშაოს, ოღონდ ფული არ მოაკლდეთ. არცთუ იშვიათად, დედებისა და მეუღლეების მძიმე შრომით მოპოვებული და საქართველოში გამოგზავნილი ფულით გაზულუქებული, ჯან-ღონით სავსე მამაკაცები ამ ფულს სასმელზე, მანქანების შეძენაზე, საყვარლებთან დროსტარებაზე ხარჯავენ. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან მომძლავრდა სხვის კმაყოფაზე ყოფნის სინდრომი, რაც საგანგაშოა. ეს ის სინდრომია, რომელზეც სოციოლოგები წერენ: თუ გინდათ პიროვნების ან ერის დაღუპვა, გამოუმუშავეთ მას სხვის კმაყოფაზე ყოფნის სინდრომი და მიზანი მიღწეული იქნებაო. საქართველოს მოსახლეობისათვის ამ სინდრომის ჩამოყალიბებაზე უკვე კარგა ხანია ბევრი ქვეყანა თუ ორგანიზაცია მუშაობს, და არცთუ წარუმატებლად. დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკაც საკმაო სტიმულს აძლევს ამ სინდრომის განვითარებას (განსაკუთრებით, 2005 წლიდან) და მას დროული ყურადღება სჭირდება. როცა ჩვენში სხვის კმაყოფაზე ყოფნის სინდრომზე ლაპარაკობენ, მას ხშირად აიგივებენ მშობლების შვილებზე ზრუნვის ქართულ (უფრო სწორად, კავკასიურ) ტრადიციასთან. თუმცა, სინამდვილეში ამ ტრადიციასა და სინდრომს შორის საერთო ცოტაა, რადგან ზრუნვა ნამდვილად არ ნიშნავს შვილის გაზულუქებას და ეს უკანასკნელი არასწორი აღზრდის შედეგი უფროა.

12 მარტი, ხუთშაბათი

„ენდე, მაგრამ აკონტროლე“ − ასეთია ჩვენი მონიტორინგის მიზანი, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ და ეს „პერიოდი“ დღევანდელ დღეს დაემთხვა. უნდა მომენახულებინა ორი ახალგაზრდა კაცი, რომელთაც ერთობლივი მცირე ბიზნესი დავუფინანსეთ: ყავის დისტრიბუცია. გრანტის გაცემამდე ბევრი კონსულტაცია და განხილვაა. ამ ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინე −მაინცდამაინც არ მჯეროდა მათი შრომისმოყვარეობის და საქმისადმი დამოკიდებულების, რადგან არათუ ბიზნესის კეთების გამოცდილება, უბრალო სამუშაო გამოცდილებაც მწირი ჰქონდათ. გადაწყვეტილება კი მივიღეთ, მაგრამ მეშინოდა, გრანტი არ გაენიავებინათ. გრანტის მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი ჩემი მოვალეობაა და ამიტომ ვღელავდი. ტელეფონით ვესაუბრე, შევუთანხმე შეხვედრის დრო და ადგილი და, ფოტოაპარატით აღჭურვილი, ცოტა დაძაბული წავედი მონიტორინგზე. შევხვდი და რამდენიმე კონკრეტული მაღაზიაც ვნახე, სადაც ისინი ახდენენ ყავის დისტრიბუციას. ჩანაწერები მაჩვენეს და გამაცნეს თავიანთი საქმიანობის სქემა. გავოცდი და აღვფრთოვანდი მოსმენილითა და ნანახით. ამ ორმა ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მონდომებითა და შრომით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ისეთი კმაყოფილები და აღფრთოვანებულები მაცნობდნენ მომავლის გეგმებს! სამსახურში დაბრუნებულმა, სათითაოდ მოვუყევი თანამშრომლებს მათი წარმატების ამბავი. ვიგრძენი, რომ მათაც გადაედოთ ის სიხარული, რასაც მე განვიცდიდი. ღმერთმა ასეთი განცდის უნარი არ მოგვაკლოს!

13 მარტი, პარასკევი

დღესაც მონიტორინგის დღე მაქვს, თანაც გასვლითი. მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებში უნდა მოვინახულოთ ექვსი ბენეფიციარი, 16 საათზე კი საინფორმაციო შეხვედრა გვაქვს კასპის გამგეობის შენობაში.

დილის 9 საათზე გავუდექით გზას მე და ჩემი ორი კოლეგა. მოვიარეთ რამდენიმესოფელი, ადგილზე ვნახეთ ის სამშენებლო დანადგარები, მინი-ტრაქტორები, მსხვილფეხა პირუტყვი, სავაჭრო ცენტრები, რომელთა შეძენასა და ამოქმედებაშიც ჩვენი პროექტი დაეხმარა. ვნახეთ დახმარებით კმაყოფილი და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც სამშობლოდან წასვლაზე აღარ ფიქრობენ. ეს კი ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია.

მოგვიანებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრაზე ვისაუბრეთ არალეგალური მიგრაციის საფრთხეებზე, ტრეფიკინგზე, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობებზე, გავაცანით საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა. ასეთი შეხვედრები ინფორმაციის გავრცელების აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა და ჩვენც წარმატებით ვიყენებთ. სახლში დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი დავბრუნდი.

საღამოს საინფორმაციო გამოშვებებიდან და ტოკშოუებიდან ბევრი არაობიექტური, ზედაპირული და ცალმხრივი ინფორმაციის მოსმენისშემდეგ, კვლავ განმიახლდა განცდა, რომ ადამიანებს ძალიან გვაკლია სამართალი (ისევე, როგორც ზღვას − ხიდი და ცას − კიბე), მეტი და ნაკლები ბოროტების გამორჩევის უნარი. მართალია, ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჭკუისა და სინდისის მოშველიებით ეს შესაძლებელია.

14 მარტი, შაბათი

დილით მამაკაცის ხმამაღალმა შეძახილმა გამაღვიძა: „ვიბარებ ჯართს, ვიბარებ გაფუჭებულ მაცივრებს, გაზქურებს!“ საათს შევხედე. ცხრის ნახევარია. ეჰ, როგორ მინდოდა გამოძინება... ჩემს თვალის გახელაზე მეუღლესაც გაეღვიძა (საოცარია, მაგრამ ჩემსა და მეუღლეს შორის რაღაც უცნაური ბიოლოგიური კავშირია: სულ რომ არ გავინძრე და მხოლოდ თვალი გავახილო, მეუღლესაც უმალ ეღვიძება). როგორ ხარო, მკითხა. მე არა მიშავს, მაგრამ ამდენ გაჭირვებულ ხალხს რა ეშველება-მეთქი. ორივე გავჩუმდით და ფიქრიც გამყვა: „როგორ უჭირს ხალხს, რამდენი მათხოვარია, რამდენი ვინმე (ხანდაზმულიც და ახალგაზრდაც, ქალიც და კაციც) იქექება ნაგვის ურნაში... ნეტავ რას პოულობენ ისეთს, რის გაყიდვას ან მოხმარებასაც შეძლებენ?! ან რამდენი ჯართი უნდა მოაგროვოს კაცმა, რომ საღამოს ოჯახში პურის ფული მიიტანოს? როცა ამაზე საუბარი ჩამომიგდია, ბევრს მტკიცება დაუწყია, მათხოვრობა ბიზნესად აქციესო, ჯართით დიდი ფული კეთდებაო... ასეთ ადამიანებთან კამათის სურვილიც არ მაქვს. ერთს ვნატრობ მხოლოდ: ღმერთო, ისეთი საქართველო მანახე მალე, სადაც მათხოვრის დანახვა გაგვიკვირდება, სადაც დილით გაღვიძებულ ადამიანს ეცოდინება, იმ დღეს რა საქმე უნდა აკეთოს და ამის ცოდნა სიხარულს მიანიჭებს.

დღეს ჩემთვის ისეთი შაბათია, როცა შემიძლია, შინ ვიყო და დრო ქმარ-შვილსაც დავუთმო. ოჯახური გარემო ხომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის. ეს გარემო არავის უნდა უბიძგებდეს, რომ გაიქცეს, თავი აარიდოს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, ოჯახი ყველაზე მთავარია, თუმცა საყვარელი სამუშაოც არანაკლებია. ვიცი, რომ ჩემ გარდა ბევრი ფიქრობს ასე. უმძიმეს 1990-იან წლებში ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ასაკისა და სქესის მიუხედავად, ასე ფიქრობდა. იმედია, დღესაც ოჯახი რჩება უმნიშვნელოვანეს ფასეულობად ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. უამისოდ ხომ შეუძლებელია საზოგადოების, როგორც ცივილური სოციალური ერთობის, არსებობა...

XS
SM
MD
LG