Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა ნანუაშვილი − სახალხო დამცველი


2 ოქტომბერი, კვირა

ცოტა მიძნელდება დღიურების დაწერა. დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, ბოლო დროს სულ ანგარიშებთან და მსგავს დოკუმენტებთან მიწევს შეხება და მთლიანად სხვა საკითხებზე ვარ გადართული.

წინ რთული დღეებია, მოდის საპარლამენტო არჩევნები. ახლა დღიურების დრო იყო? ვფიქრობ თან და წარმოდგენაც არ მინდა, ისედაც უკიდურესად დაძაბულ გრაფიკში ჯერ დღიურებზე ფიქრის, მერე წერის ვალდებულება რომ ავიღე. რას მერჩოდი, რადიო თავისუფლებავ? :-)

ორშაბათი ჩემთვის, რეალურად, კვირას იწყება. თან ჩვევად მაქვს, კვირა დღეს შემდეგი კვირა დავგეგმო და დავალაგო. ამიტომ კვირას კიდევ მეტი რამის გაკეთება მიწევს. სამაგიეროდ, დრო რაღაცას აკლდება, და ეს „რაღაც“, რა თქმა უნდა, ოჯახია. ოჯახში უკვე ელოდებიან ჩემი მანდატის ამოწურვას, რომ ოჯახს დაუბრუნდეს მამა, მეუღლე და ასე შემდეგ...

კვირა დღეს ვცდილობ, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის მეტი დრო გამოვნახო. დღესაც ცოტა მაინც მოვახერხე, თუმცა ვინ შეგარგებს?! საქმიანი შეხვედრები მაინც მიწევს.

ანი (ჩემი გოგონა) რვა წლისაა, წინა კვირას გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო. არა, სკოლაში ჯერ არ დაუწყია ამ საგნის სწავლა, მე ვასწავლი. უკვე სერიოზული შედეგებიც გვაქვს! ალბათ, მამიკოს ჰგავს! :-) სამხრეთი ამერიკა უცებ ვისწავლეთ, მერე სხვა კონტინენტებზე გადავალთ. ქვეყნების მერე დედაქალაქები მოდის, მერე ამ ქვეყნების დროშების სწავლას ვგეგმავთ, და მერე კიდევ... მოკლედ, ბევრი რამ: ზღვები, მდინარეები, მთები. დაჩისგან ისტორიის და ქართულის გაკვეთილების ჩაბარებასაც ვახერხებ.

დაჩი 12 წლის გახდა უკვე და წელს კომაროვის სკოლაში ჩააბარა. ჩემი მეუღლეც ყოფილი კომაროველია და ტრადიციას ვაგრძელებთ. ყველაზე მეტად, რასაც ეს ბოლო რამდენიმე წელი განვიცდი, ისაა, რომ ნაკლებ დროს ვატარებ ოჯახთან. ამასობაში ბავშვები იზრდებიან და ვხვდები, თუ რამდენად გვჭირდება სიახლოვე, ერთმანეთის მოსმენა და გაგება. მოლოდინი იმისა, რომ შევიცვლები და ადრე მივალ სახლში, მგონი, აღარც აქვთ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამომივა.

თავისუფლების დღიურები - უჩა ნანუაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:29 0:00

3 ოქტომბერი, ორშაბათი

დილით თათბირი გვაქვს სამსახურში. ყოველ ორშაბათს ერთი საათი გასული კვირის საქმიანობას ვაფასებთ და ახალ კვირას ვგეგმავთ. შეხვედრას ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მიხარია, ამ ბოლო დროს ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა აპარატში. ახალგაზრდა, გამოცდილი და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი და უამრავ საქმეს უკვე ძალიან კომპეტენტური პირები უძღვებიან. განსახილველი საკითხი ბევრია. წელს პირველად, სპეციალური პროექტით, ადამიანის უფლებათა მონიტორინგს ვახორციელებთ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ბევრი რამაა დასაგეგმი.

წინა კვირაში პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა დაბრუნების პროცესის მონიტორინგი. სამწუხაროდ ევროპიდან საქართველოში დეპორტირებული პირების უმრავლესობას, როგორც აღმოჩნდა, არც საცხოვრებელი აქვს, და არც ფინანსური სახსრები. გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მათ ჩამოყვანის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ მოვამზადებთ რეკომენდაციას.

კვლავ არა გვაქვს ზუსტი პასუხი თბილისისა და ბათუმის ოფისების შენობებთან დაკავშირებით. არსებული შენობები ავარიულია და უკვე დიდი ხანია, ველით ადეკვატური ფართის გამოყოფას მთავრობისგან ორივე ქალაქში. პასუხი მოგვივიდა, დაგვპირდნენ, რომ მალე გაირკვევა ეს საკითხი. დავაკვირდებით ამ დანაპირების შესრულებასაც. იმედია, მანამდე შენობის ნანგრევებში არ აღმოვჩნდებით ერთ დღეს.

სულ ახლახან მოვამზადეთ სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და, ასევე, გამოკვლევა ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ, რომელსაც ამ თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას. დაგეგმილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაც.

საღამოს გერმანიის გაერთიანების დღეზე ვიყავი მიწვეული. მიღებაზე ბევრი ნაცნობი ვნახე, ახალი ელჩიც გავიცანი. ყველგან არჩევნების შესახებ ისმის კითხვები. ყველა დიდი მოლოდინით ელის ამ დღეს. მეორედ მოსვლას იმდენად არ ელიან, როგორც არჩევნებს.

4 ოქტომბერი, სამშაბათი

დილიდან ციხეში მივდივარ. რამდენიმე პატიმარს ვხვდები. უამრავ წერილს ვიღებ და ყოველდღიურად დავდივართ სხვადასხვა დაწესებულებაში. ზოგი პირადად ითხოვს შეხვედრას. პერიოდულად ვცდილობ, პულსზე პირადად მეც მეჭიროს ხელი. საჩივრები ერთმანეთის მსგავსია: ზოგი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს, ზოგი სასამართლოს განაჩენს და სასჯელს აპროტესტებს, ზოგი შეწყალებას ითხოვს; ზოგი არაფერსაც არ ითხოვს და ცოტა ხანი საუბარი და მოსმენაც ჰყოფნის. უვადო მსჯავრდებულსაც ვხვდები და ვითრგუნები კაი ხნით.

თათია, ჩემი მრჩეველი, მამოწმებს, დღიურებს თუ ვწერ. ვუდასტურებ. და, რომ მამოწმებ, ამასაც ჩავწერ დღიურში-მეთქი. კონტროლი სახალხო დამცველსაც უნდა!

„რუსთავი 2“-ზე ჩართვა მაქვს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზეა კითხვები. ჩანაწერებზე. წამმზომის ჩართვაზეც არის კითხვა, წამმზომზე, რომელიც მარტის ბოლოს ჩავრთეთ − 200 დღეზე მეტია გასული, გამოძიება კი ჯერაც არ დასრულებულა.

საღამოს გივი თარგამაძის მანქანას აფეთქებენ. შუა ქალაქში. აფეთქებენ. აფეთქებენ!

აზია უკვე სრულად ვიცით, ბრუნეის, ბუტანის და კუვეიტის ჩათვლით. სირიაც. აფეთქებამ გამახსენა...

5 ოქტომბერი, ოთხშაბათი

გურამი, ჩემი მძღოლი, დილით ერთი საათით ადრე მოდის და მელოდება სახლთან. რაც უნდა ადრე ვთხოვო მოსვლა, მაინც გაცილებით ადრე მოდის. ყველაფრის მართვის მოწმობა აქვს, მგონი, რაც მოძრაობს. მოწმობა თუ არა აქვს, მაინც ატარებს. მისაბმელიანის, მოტოციკლის, გემის, კატერის, ტრაქტორის, ტანკის, ბე-ტე-ერის. ვეხუმრები ხშირად, თვითმფრინავის ან ვერტმფრენის მართვაც უნდა ისწავლო-მეთქი. რა იცი, რა დრო მოდის.

დილიდან მოქალაქეების მიღება მაქვს. ბინათმშენებლობისა და ქალაქდაგეგმარების პრობლემები, ძველი საქმის გამოძიება, სავარაუდო დისკრიმინაცია, უკანონოდ განთავისუფლება და სხვა უამრავი პრობლემა, რასაც ასახელებენ მოქალაქეები.

12 საათზე სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში მაქვს პრესკონფერენცია. თემა ისევ არჩევნებია. არადა, როგორ არ მიყვარს არჩევნები.

არჩევნებამდე, ცხელ კვალზე, ვსაუბრობ გუშინ მომხდარი აფეთქების საქმის გახსნაზე. ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, ვთხოვ, თავი შეიკავონ პოლიტიკური შეფასებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცეთ შესაძლებლობა, საქმე უახლოესი დღეების განმავლობაში გამოიძიონ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტემპერატურის დაწევა მოხდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ ყველა საფრთხე, რომელსაც სიტუაციის დაძაბვა შეიძლება მოჰყვეს. გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები უმჯობესია, არჩევნების მერე გამოცხადდეს.

საქმიანი ლანჩი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელებთან. კვლავ არჩევნები, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა. ბევრ სხვა თემასაც ვეხებით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

დღესვე ვახორციელებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დემონსტრაციის მონიტორინგს. აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა. კარგია, რომ ბევრ რამეში წინ მივდივართ.

ვხვდები საერთაშორისო დამკვირვებლების ინტერნაციონალურ ჯგუფს. კვლავ იმავე თემებზე ვსაუბრობთ.

6 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაქვს ჩართვა, ისევ − არჩევნები. ანი არ მასვენებს, მოკლედ, ჩემი პიარი. პრინციპში, მასაც არ ასვენებენ ჟურნალისტები. აი, ჟურნალისტებს ვინ აღარ ასვენებს, ნეტავ? J

ისევ შეხვედრები. ერთი სული მაქვს, არჩევნებამდე მივაღწიო. ვატყობ, რომ უკვე მიჭირს ძალების მოკრეფა.

6 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დილიდან − ისევ მოქალაქეები, საჩივრები გამოძიებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, სოციალური პრობლემები.

მოქალაქეებთან შეხვედრები მიყვარს. ვცდილობ, ყველას კარგად მოვუსმინო. დალაი ლამას სიტყვები მახსენდება: „როცა საუბრობ, მხოლოდ იმეორებ იმას, რაც იცი. როცა უსმენ, შესაძლოა, რაიმე ახალიც ისწავლო“.

შემოდიან ნათია, ნიკა და საბა − ჩემი თანამშრომლები − და განვიხილავთ დეტალებს ფოტოგადაღების წესთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ შევთანხმდეთ ყველაფერზე. სულ მალე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შევძლებთ როგორც არსებული პირობების, ისე დაკავებულ პირთა სხეულის დაზიანებების ფოტოგადაღებას.

საღამოს კიდევ ერთ მოქალაქეს ვხვდები. მიყვება ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე. არაერთხელ მივმართე სამართალდამცველებს, მაგრამ შედეგი არ ჩანსო, და ახლა მას მარტო გადაადგილებისაც კი ეშინია. დაუყოვნებლივ ვიწყებთ რეაგირებას.

სახლში გეოგრაფიის გაკვეთილი გრძელდება. აფრიკა უკვე სრულად ვიცით. ლესოტოც, სვაზილენდიც, ბურკინა ფასოც, კომორის კუნძულები და გვინეა-ბისაუც კი! ხვალ სხვა კონტინენტზე გადავალთ. ცენტრალური ამერიკის ქვეყნები გვრჩება და ოკეანეთი, ძირითადად.

7 ოქტომბერი, პარასკევი

დილით დაჩი მიმყავს სკოლაში. ცხრაზე უკვე სამსახურში ვარ. ოფიციალურად ათზე ვიწყებ, მაგრამ მიყვარს ადრე მისვლა, სიწყნარეში უფრო მეტს ვასწრებ და წერილებს ვპასუხობ − ელფოსტით და არა მარტო ელფოსტით მიღებულს. დღის განმავლობაში მოდის უამრავი დახურული, კონფიდენციალური წერილი, წერილები ფეისბუკით, ზოგჯერ ტექსტური შეტყობინებით. აუდიოწერილებიც კი მომივიდა რამდენიმეჯერ. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო, ან გადავცე თანამშრომლებს, თუკი მათგან რაიმე ზომებია მისაღები.

ვხვდები ჩვენი აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებს. ვმსჯელობთ დეპარტამენტის მიმდინარე და მომავალ საქმიანობაზე, სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევებზე.

შემდეგი შეხვედრა ისევ არჩევნებს ეხება. ყველა დეტალი უნდა გავთვალოთ, რომ ხვალ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ამ დღეს არაერთი მობილური ჯგუფი გვეყოლება ქვეყნის მასშტაბით და ვეცდებით, ყველა მნიშვნელოვანი საქმე შევისწავლოთ.

ნათიას და ეკას ვხვდები, ჩემს მოადგილეებს. ერთმა თანამშრომელმა ამას წინათ გენდერულ უმცირესობაში მოხვედრა მომილოცა − მას შემდეგ, რაც ეკა დავაწინაურე. არ ვიცი, რამდენად მოსალოცი იყო, მაგრამ პარლამენტში 50/50-ზე კვოტირებას მხარს ვუჭერდი და, საბოლოო ჯამში, ჩემს ოფისში უფრო შედგა რეალური გენდერული თანასწორობა. არ ვიცი, პარლამენტს რომელ საუკუნეში შერცხვება ამ უთანასწორობის. მთავარია, მე-12 საუკუნეში მეფედ თამარი გვყავდა და სუფრაზეც კარგა ხანს ვისაუბრებთ ქალის განსაკუთრებულ როლზე.

რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. მომავალ კვირაში მივლინებით მივდივარ გერმანიაში − ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს სხდომაა. ალიანსი მსოფლიოს ომბუდსმენებს აერთიანებს და მის მმართველ ბიუროში რამდენიმე თვის წინ აგვირჩიეს, ევროპის რეგიონს წარმოვადგენთ გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ინსტიტუტებთან ერთად. ყოველ რეგიონს ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ჰყავს ბიუროში და ბერლინში ბიუროს პირველ შეხვედრას ვესწრები. სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განვიხილოთ ალიანსის სამწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მანამდე ამ ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველ ორგანოშიც აგვირჩიეს და ახლახან კიდევ სამი წლით აგვირჩიეს იმავე პოზიციებზე. საერთაშორისო აღიარება ძალიან მახარებს, თან ზუსტად ისეა, როგორც ისტორიის სახელმძღვანელოებში: უცხოელები უფრო მალე რომ აღიარებენ, თუკი რამეს კარგად აკეთებ და ბევრი ინსტიტუტისთვის მაგალითი ხარ რიგ საკითხებში.

მედეასთან, კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში ჩემს მრჩეველთან, ერთად განვიხილავ რამდენიმე საკითხს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ხარვეზებს და ადამიანის უფლებათა ასპექტის არარსებობას ამ კანონში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მოსახლეობის სრულ იზოლაციასა და მათი უფლებების ხელყოფას. ამ საკითხს მალე დავუბრუნდებით სპეციალური რეკომენდაციებით.

პოლიტიკოსები ვალდებული არიან, ხალხის დაკვეთა შეასრულონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი – გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს აქვთ უფლება, განვითარდნენ და იცხოვრონ მშვიდობიანად. ახსოვს ვინმეს ეს ხალხი? გვახსოვს ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ცხოვრობს კონფლიქტის ატმოსფეროში?

ომი ჯერ გონებასა და ცნობიერებაში იწყება და მხოლოდ მერე − რეალურად. წლების წინ ჩვენ შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ოდესმე ომი უნდა დამთავრდეს და ეს უწინარესად ჩვენს ცნობიერებაში უნდა მოხდეს. ჩვენი საზოგადოება დღესაც ემოციებზეა დაფუძნებული და ვერ ხედავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა არა აქვს ომის მიზეზებზე და შედეგებზე, ყველაფერს მხოლოდ ვიწრო, ცალმხრივი პოზიციიდან აფასებს და უჭირს საკუთარი შეცდომებისა თუ პრობლემების აღიარება. მახსოვს, 2007 წელს რა რისხვა დაგვატყდა თავს მაშინდელი ხელსუფლებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობის პერიოდში კამპანია „ბოდიში“ დავიწყეთ. ბევრ ნაცნობს ჩემთვის ეს დღემდე ვერ უპატიებია, როგორც მეუბნებიან.

ვმსჯელობთ აფხაზ უფლებადამცველებთან მომავალ შეხვედრებზე. თითქმის ორი წელია, ჩვენი ინიციატივით დაიწყო ეს დიალოგი და არაერთი მნიშვნელოვანი თემაც განვიხილეთ გასულ შეხვედრებზე.

თამართან, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსთან, ერთ საქმეს განვიხილავ შემდეგ. ალბათ, არ დარჩენილა სფერო, რომელშიც რაიმე მაინც არ გაგვეკეთებინოს. ბევრს არ მოსწონს, რომ ასე, ყველა საკითხზე ვმუშაობთ.

ეს მხოლოდ დასაწყისია-მეთქი − ასე ვეუბნები ყველას, ვინც გვაკრიტიკებს. საჭიროა მეტი კონტროლი, მეტი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება ან შექმნა, მათ შორის დახურული დაწესებულებებსა და უსაფრთხოების სექტორშიც. გარემოსდაცვითი უფლებები, სათანადო საცხოვრისი, ეკომიგრანტები, დევნილები, შრომის უსაფრთხოება, ციხე, ფსიქიატრიულები, უმცირესობები, ხანდაზმულთა უფლებები, ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები, ბავშვთა მიმართ ძალადობა...

საღამოს საფრანგეთის ელჩის სახლში გამართულ მიღებაზე ვხვდები ფრანგ დამკვირვებლებს. ისევ იგივე თემები, ოღონდ ახლა ჩემს ფრანგულსაც ვიხსენებ. ერთი სტუმარი გაკვირვებული მეკითხება, რატომ ჩამოდის ამდენი უცხოელი დამკვირვებელი საქართველოში არჩევნების დროსო? იმედია, მოვესწრებით იმ დროს, როცა ეს საჭირო აღარ იქნება.

8 ოქტომბერი, შაბათი

დილით დაჩი მიმყავს ინგლისურის გაკვეთილზე. უკან დაბრუნებული, არჩევნებში ხმის მიცემასაც ვასწრებ. უბნიდან გამოსვლისას დედაჩემს ვხვდები შემთხვევით. ამ ბოლო დროს მშობლებს ასე იშვიათად ვხვდები, მაგრამ საარჩევნო უბანზე შეხვედრა მაინც განსაკუთრებული იყო. ცოტა ხნით შევრბივარ სახლშიც, მამა დილის 8 საათზე მისულა არჩევნებზე!

ოფისში სიწყნარეა. ნელ-ნელა მოდის ინფორმაციები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ჩვენმა მობილურმა ჯგუფებმა საქართველოს მასშტაბით მოინახულეს 900-ზე მეტი უბანი, მათ შორის იმყოფებოდნენ საპარლამენტო არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას მიწევს გასვლა. ძირითადად, ყველგან სიმშვიდეა და არაბუნებრივად მეჩვენება ყველაფერი, იმდენად შევეჩვიეთ უბნებზე დაძაბულობას წლების განმავლობაში. სულ მალე მარნეულიდან საგანგაშო ინფორმაციები მოდის. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და გვიგზავნიან მასალებს იმ ძალადობის შესახებ, რაც იქ ხდება. ვავრცელებთ განცხადებას. საღამოს ვაჯამებთ კენჭისყრის დღეს. სიტუაცია იძაბება.

ცხადდება ეგზიტპოლებისშედეგებიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებული. ყველას თავისი სიმართლის სჯერა. სიმართლე, წესით, სადღაც უნდა იყოს.

მალე სხვა უბნებიდანაც მოდის ინფორმაციები ძალადობის შესახებ. დამკვირვებლებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა. პოლიტიკური კულტურის კრიზისი აშკარაა. თითქოს უმჯობესდება რაღაც და მერე ისევ იმავე წრეზე მივდივართ. ვერა და ვერ გამოვდივართ საბჭოთა კავშირიდან. მინდა ვცდებოდე, მაგრამ სიძულვილს და დაპირისპირებას ახალ პარლამენტში გაფურჩქვნის ოთხი წელი ელოდება.

ხვალიდან, ალბათ, ახალი ეტაპი იწყება ქვეყანაში. ახალი. ყოველ შემთხვევაში, დაფიქრების, განსჯის. როგორც ერთი კაცი იტყოდა, ამ ყველაფერს კარგი „ჩაანალიზება“ სჭირდება დასკვნების გამოსატანად.

ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. თუ არაა ყველაფერი რიგზე, ესე იგი ბოლო ჯერ არ მოსულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG