Accessibility links

logo-print

28 აგვისტო, კვირა

დღეს მარიამობაა, შემოდგომის სურნელით და სითბოთი გაჯერებული რელიგიური დღესასწაული – ჩუმი, მყუდრო. დილიდანვე ცხელა. დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეცაა, თუმცა ეს ორი დღეა, სამსახურის სტუმრები ჰყავს და არ სცალია დაბადების დღისთვის. კოლეგები ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან გუშინაც ჰყავდა წაყვანილი და დღესაც აქეთ-იქით უნდა აწოწიალოს და ყველანაირად ცდილობს, მეც „შემტენოს“ ამ სამი ქალის მასპინძლობა ან, უფრო, მძღოლობა და უფასო გიდობა. „მართლა არ მცალია“ არ ჭრის დღეს – მარიამობაა და, თან, დაბადების დღე აქვს.

ბავშვები ორი კვირით ჩემებთან არიან – ანანურთან, ჩემი დიდი პაპის სახლში, სოფელში. პატარა შვილს მოწონს, დიდი გადასახლებას ადარებს და 24 საათი ტელეფონით რეკავს. მიზეზი ინტერნეტია, კარგი, „მამაპაპური“ ინტერნეტი.

პრინციპში ამ კვირის დღიურებს ჩემი, უჩა სეთურის, დღიურები ნაკლებად უნდა ერქვას. ბოლო კვირა სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ეს დღიურები უფრო IGF-ის, ანუ ინტერნეტმმართველობის, ინტერნეტის მართვის ან, თუნდაც, ინტერნეტის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ ფორუმს შეეხება. რატომ მხოლოდ ფორუმს? იმიტომ, რომ 5-ში, ანუ მომავალ ორშაბათს, ხდება ეს ამბავი. ფორუმი საქართველოში მეორედ უნდა ჩატარდეს და როდესაც საორგანიზაციო კომიტეტმა მე დამამტკიცა კოორდინატორად, მეყო თავხედობა, „არა“ არ მეთქვა და ამ შარში გავხვეულიყავი. საინტერესო პროცესია უდავოდ, ძალიან საინტერესო, თუმცა ბევრი დიდი თუ პატარა თავსატეხიც ახლავს...

ბოლო ერთი თვეა, აღარც წესიერად მძინავს, ვეღარც სხვა საქმეს ვაკეთებ წესიერად. ყველა გარშემო მყოფსაც თავი მოვაბეზრე ოფისში და საშინლად უყურადღებო მამა და ქმარი გავხდი. სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ 100%-ით მართალია. თან აგვისტოა, აგვისტოს ბოლო, უღმერთოდ ცხელა და ირგვლივ საქმის კეთების ენთუზიაზმი განახევრებული ან სულაც გამქრალია.

ოთხ საათზე მარიკა და მისი ანგაჟირებული სტუმრები – ნინა-მარია-მარინა –ანანურში წავედით. გზა გადაჭედილია და მივღოღავ.

ანანურშიც კარგად ცხელა. ისრაელი და ესპანელი ტურისტები, წვრილმანების დახლები და ხმაური. ეკლესიის ეზოში სამარიამობო სუფრაა გაშლილი, ეზო სავსეა ტურისტებით. სტუმრებს ორი კოშკი ვაჩვენეთ, ავძვერით, დავათვალიერეთ მთავარი ტაძრის ჩუქურთმები, ვაჩვენე ჯოჯოხეთის საზვერეები და შავი ეშმაკები მარცხენა კედლის ფრესკაზე. ვერ ვხვდები, მოსწონთ თუ არა. ის ნაღდად არ მოსწონს მარინას თუ ნინას (არ მახსოვს, რომელია მოსკოველი), როცა ვაჩვენებ რუსული ეკლესიის გადაღებილ ანანურის ფრესკებს (შურისძიებაა „მელოჩნიკური“).

უკანა გზაზე – ვახშამი, გადატენილი გზა, სასტუმროსთან «Большое спасибо, Марика!» და ეგაა – დილის პირველი საათია. მარიკაც კმაყოფილია დღევანდელი საღამოს ვოიაჟით.

29 აგვისტო, ორშაბათი

ისევ კარგა გვარიანად ცხელა. დილის 8 საათია, აივანზე ვეწევი. ჩვენი ქუჩის და კეკელიძის კორპუსები კონდიციონერების ცხელ ჰაერს ვუშენთ ერთმანეთს და კიდევ უფრო აუტანელს ვხდით აგვისტოს და აივანზე მოწეულ სიგარეტებს.

ბავშვებს ველოდები აგარაკიდან, სოფელში მიმყავს – პაპაჩემის სახლში – და ჩემი მშობლები იტოვებენ ორი კვირით. სოფელი სონდისველა, მდინარე ხორხულას ხეობაში, რომლის დასახელება რას ნიშნავს, ვერაფრით გამირკვევია. რა ჯანდაბაა ეს სონდი?! ბავშვობის აგვისტოები, მდინარე და ჭალები, მურწები და კალმახები, ქალაქელი და სოფლელი „ბალღების“ ისტორიები მდინარეზე, 20-25 წლის წინანდელი ამბებია, სოფელი ატყევებულია და დაცარიელებულ ხეობაში თითო-ოროლა ოჯახი თუ დარჩა.

ჩემი ბავშვები მაინცდამაინც არ იკლავენ თავს იქაურობაზე: მდინარე, „შტაბები“, ანკესები და მოპარული სიმინდები და ათასი სხვა იქაური გასართობი მაინცდამაინც არ აინტერესებთ.

არც დედა ენატრებათ, არც მამა. სამაგიეროდ, ზუსტად იციან, რაც მოენატრებათ – ინტერნეტი, რომელიც არ არის სოფელში: არც მობილური, არც სადენიანი და არც უსადენო. უბრალოდ, არაა და მორჩა.

10-ზე სამსახურში ვარ.

ჩემთვის მთელი ზაფხული და, განსაკუთრებით, აგვისტო ინტერნეტს მიება. თუშეთის პროექტი, ბაზრის კვლევის და ანტიმონოპოლიურის განაცხადები, Open Net-ის პროექტი, მომხმარებლის მხარდაჭერის პროგრამა და, ბოლოს, ყველაზე მთავარი – ინტერნეტის მართვის ფორუმი, IGF Tbilisi 2016.

5 სექტემბრის ფორუმისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებულია. გაზაფხულზე ფორუმი შეიკრიბა, ხუთ ჯგუფად გაიყო, აირჩა კომიტეტი და დაიწყო „დავიდარაბა“: 15-ზე მეტი დაინტერესებული პირი ამდენი ხანია ცდილობს, ერთმანეთს მოერგოს, ყველას თავისი ინტერესები და ხედვა აქვს, თავის საკითხს „ტენის“ დღის წესრიგში. თუმცა ვერ ეტევა ყველაფერი შვიდ საათსა და რვა სესიაში. ყველა, მათ შორის, ჩემი ორგანიზაციაც – მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაც – პრინციპში ამასვე ცდილობს.

მონაწილეების წინასწარი და დადასტურებული სიები, მოდერატორები და სპიკერები, მოხალისეები და ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და ტრანსფერები აეროპორტში და უკან, კონტრაქტორების შერჩევის „ბიდინგები“ და სასტუმროს ფასები ჯგუფური ფასდაკლებისთვის, ბანერები, ბეჯები, ბრენდირება და ვებგვერდი, სოციალური ქსელების გვერდები, ვახშამი, მცირე ექსკურსია სტუმრებისთვის, პიარი, უცხოელი სპიკერების დათანხმება ჩამოსვლაზე და პანელების თემატიკაზე და კიდევ მართლა ათასი წვრილმანი, რის ჩამოთვლაც ზედმეტია – ყველას, ვისაც მსგავს ამბებთან შეხება ჰქონია, კარგად მოეხსენება, რასაც ვგულისხმობ.

დღეს სიების დაზუსტების და ამ წვრილმანების სისტემატიზაციის დღეა და 11-ზე ერთმანეთს ვხვდებით თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის მხარეები. ჰოდა, კინაღამ გამომრჩა ორი „დედლაინი“ ორ სხვა პროექტზე (ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო!): ერთ-ერთი ორგანიზაციის შესყიდვების ანალიზი გარემოს დაცვის ამბებზე და ქართული მედიაორგანზაციების მდგრადობის კვლევა. პირველი პროექტის ვადები უკვე დამეწია და ლამის გამასწროს. მეორეც ნელ-ნელა მიკაკუნებს. ერთი დასამთავრებელია , მეორე – დასაწყები. სხვა გზა არაა, ვერც სიცხე, ვერც აგვისტო და ვერც სხვა ამბები „დედლაინებზე“ გავლენას ვერ ახდენს. არადა, კარგი შანსი მაქვს, „ბალღები“ მთაში წავიყვანო და ორი დღით მეც ბავშვობაში დავბრუნდე, აგვისტოს ბავშვობაში, უინტერნეტო მაგრამ „შტაბებიან“, ანკესებიან, „ლისიჩკადანებიან“ და შვინდიტარებიან ბავშვობაში.

დღე სწრაფად გადის: IGF-ის ამბები, სიები, ახალი დადასტურებები მონაწილეობაზე, თარგმნის დეტალები დონორთან, კალმები და ბლოკნოტები, მონაწილეებისთვის დასარიგებელი „ფლაიერები“, სტუმრების ტრანსპორტირება თბილისის ტექნოლოგიურ პარკში, სცენისა და ეკრანის, ბანერების დადგმის დეტალები და წინადადებების შედარება და შერჩევა. ლადოს აშკარად უკვე ძალიან ვუშლი ნერვებს ჩემი კითხვებით ყველა იმ დეტალზე, რომელიც მისი „მოსაგვარებელია“.

6-ზე მამაჩემი მირეკავს, აინტერესებს, რომელზე ამყავს ბავშვები. ელოდება და მეკითხება. პასუხს ზუსტად ვერ ვეუბნები და იბუტება – ძალიან ელოდება ბავშვებს. დედაჩემი და მამაჩემი ერთი თვეა, სოფელში არიან. მამაჩემი „მთის კანონის“ იმედადაა და ბავშვივით სჯერა, რომ ეს ინციატივა იმუშავებს, ჩხირკედელაობს ეზოში, თიბავს და ეზოს ასუფთავებს, ლაპარაკობს მასავით ორი კვირით ჩასულ მეზობლებთან, თუ რა კარგია სოფელი და იქ გადაბარგებას გეგმავს.

8-ზე ბავშვები ჩამოიყვანეს, სახლში არიან, მირეკავენ, რომ მივიდე. ვემზადებით და მივდივართ მთაში. ნატახტარ-ანანურის ტრასაზე საცობია თითქმის ბაზალეთის გადასახვევამდე. 10-ზე ძლივს ავაღწიეთ, უკვე ღამეა და უკან უნდა დავბრუნდე ერთ საათში – ხვალ IGF-ი მელოდება. ორი „სკაიპ-კოლი“ მაქვს დილით. აგვისტოა, მაგრამ მაინც მაქვს და ამ საქმეს სოფლიდან ვერ მოვაგვარებ – ინტერნეტი არაა. ერთი სიტყვით, დაბნელებულზე ავედი, ვერაფერი ვერ ვნახე და უკან მოვდივარ. არადა, რა კარგად გრილა!

30 აგვისტო, სამშაბათი

8-ზე ოფისში ვარ. ფოსტას ვქექავ და დღის გეგმას ვადგენ და ვახარისხებ.

9-ზე რადიო თავისუფლებაში ვართ მე და ირინა ვერძეული მარეგულირებელი კომისიიდან. თემა ისევ IGF-ის ერთ-ერთ პანელის საკითხს შეეხება – ინტერნეტი და ბავშვები. პირდაპირი ეთერია და ცოტა ვღელავ, თუმცა თავში ერთი ამერიკული ფილმის დრამატული სიუჟეტი მიტრიალებს: შვიდი ოჯახის ისტორიაა, სადაც ან დედა ან მამა აკონტროლებენ შვილების ინტერნეტსაქმიანობას და პირად მიმოწერას, მეილებს, ფეისბუკს; უფრო გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ონლაინკომუნიკაციის სექსუალურ შინაარსს და მისწრაფებებს ქექავენ, ასევე აზარტულ თამაშებს, თუმცა უშედეგოდ. ერთი სიტყვით, აქტიური დედიკოები და მამიკოები „წვალობენ“ ბევრს, მაგრამ მშობლების ონლაინცენზურა უძლურია და, საბოლოოდ, რეჟისორი გვაჩვენებს, რომ შვილები უფრო მორალურები არიან, ვიდრე „მრავალჭირგადახდილი“ მშობლები. მეც ვიქექები ბრაუზინგის ისტორიაში, რომელიც მარტივად იშლება და მაინცდამაინც არ მჯერა მშობლების ამ აქტივობის. თუმცა ჩვენში ეს პატივი, შესაძლოა, მშობლებს არ აკმარონ და ეს როლი სახელმწიფომ იკისროს, არის ესეთი იდეაც. ამ საკითზე 5-ში ვიმსჯელებთ და მოეწყობა არსებული კარგი პრაქტიკის პრეზენტაცია და პრობლემის გაშლა.

10-ზე ოფისში ვარ. ორამდე ფორუმის ამბებს ვუზივარ, ერთმანეთს ვუდარებთ მოსაწვევებსა და დასტურებს. გაგზავნილ მოსაწვევებზე ნაწილმა დაგვიდასტურა თანხმობა და მთავარი კითხვები ფორუმის მნიშვნელობას და რაობას შეეხება. ყველაფერი მარტივადაა, გაწერილია ფორუმის ინტერნეტგვერდზე, თუმცა შეკითხვა მაინც ბევრია.

2016 წლის დასაწყისში, პირველადი საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც არასამთავრობო სექტორთან ერთად გაერთიანდნენ მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) საქართველოს ოფისის და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. ფორუმი არაა იურიდიული პირი, ნებაყოფლობითი და ღია გაერთიანებაა და თამაშის წესები ემყარება გაეროს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) და გაეროს ინტერნეტმმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

ფორუმის ერთი უმთავრესი პრინციპი თანასწორობა უნდა იყოს. მისი ყველა მონაწილე თანამშრომლობს, როგორც თანაბარი დონის პარტნიორი და ფორუმის დღის წესრიგის შემუშავება პარიტეტის წესით ხდება სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის მიერ. არსებობს სხვა რეკომენდაციებიც – რომ ფორუმი, რაც შეიძლება „იაფად“ ჩატარდეს, ყველა პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

მთავარი უპირატესობა და მთავრი გამოწვევაც, ამავდროულად, ხუთი დაინტერესებული ჯგუფია, ინტერნეტის მენეჯმენტის მიმართ განსხვავებული მოლოდინებით, გავლენის განსხვავებული ძალაუფლებით და ინტერნეტის რეგულაციის მიმართ კომერციული, პოლიტიკური და სოციალური ინტერესებით. ჩვენი ფორუმის 30-კაციან „ნაკრებში“ გაერთიანდნენ მთავრობა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რატომაა გამოწვევა ხუთი სხვადასხვა ჯგუფი? მთავარი პრობლემა კონსენსუსია. IGF-ი არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებს ერთ სიბრტყეზე ათავსებს და თანაბარ პარტნიორობას „აიძულებს“, ამ წესებით ხდება თამაში. რამდენადაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო მეტად დემოკრატიულია ეს სიბრტყე, თუმცა აბსოლუტური თანასწორობა, ალბათ, უტოპიურია. ამ პროცესში, ამ დიალოგში საერთაშორისო სექტორი, ტექნიკური საზოგადოება და „აკადემია“ნეიტრალური მოთამაშეები უფრო არიან და, შესაძლოა, სწორედ ეს ჯგუფები აბალანსებდნენ და აჩქარებდნენ კონსენსუსს – ამაშია გაეროს ამ ინიციატივის დედააზრი და ინტერნეტის მართვაში „ყველას“ ჩართვის და თავად ინტერნეტის, როგორც „გამთანაბრებლის“, იდეაც.

როცა „სხვა საქმეები“ ვახსენე, პირველ რიგში მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების ასოციაციის საქმეები ვიგულისხმე. Open Net-ის, ანუ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ყველა ოპერატორს აინტერესებს. ვადები შემჭიდროებულია და ყველა რეკავს, საერთო პოზიციას ვაჯერებთ. არის კიდევ ერთი, ცოტა არ იყოს, „დონკიხოტური“ პროექტი – თუშეთის ინტერნეტიზაცია. ამ პროექტის მხარეები პროექტს და მემორანდუმს ვწერთ. გვეხმარება ინტერნეტსაზოგადოების ევროპის ოფისი. ადგილობრივ თემს მომსახურებას თავად თემის წევრთა ასოციაცია გაუწევს. მთელი იდეაც ესაა, მოგებისა და კომერციული ინტერესების გარეშე, სათემო რადიოს მსგავსი რაღაცაა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ მაქსიმუმს ვდებთ!

ბეჯების და ბანერების დიზაინი, დადასტურებული სტუმრების თანამდებობების და ორგანიზაციების წინასწარი სიები, „კეიტერინგი“, თარგმანი და სომეხი სტუმრების „სკაიპკოლი“. ზარი და კონსულტაცია ევროპის საბჭოსთან, 6-ზე IANN-ის „სკაიპკოლი“. დონორებს აინტერესებთ, რა ხდება, რა გვიჭირს და გვილხინს, როგორ მიდის საქმეები.

საღამოს ისევ მარიკას სტუმრები – ნინა-მარინა-დინარა – (უზბეკი კოლეგა) რესტორნიდან სასტუმროში მიმყავს, „გუდვილში“ ღვინოს ვურჩევ დიდი მონდომებით. ისევ «Спасибо!» და დავიშალეთ.

31 აგვისტო, ოთხშაბათი

დღეს ბევრი საქმეა. წვრილმანი, მაგრამ ბევრი. დილიდან ისევ სიებს და მეილებს ვუზივარ. ვერ ვასწრებ ძველი მეილების წაკითხვას, რომ უკვე ახალი მოდის.

დღეს სპიკერების და პრეზენტაციების დალაგების დღეა. უცხოელი მონაწილეები ყველაზე აქტიურები არიან. აგვარებენ საკითხებს, გვეკონტაქტებიან ჩვენ და სხვა სპიკერებს, პანელის მოდერატორს, აზუსტებენ ყველაფერს. ვცდილობთ, გამომსვლელების პრეზენტაციების თემები რიგითობა და საკითხები კარგად მოერგოს და „მიჰყვეს“ ერთმანეთს.

ცალკე ვაგროვებთ სპიკერების ბიოგრაფიებსა და ფოტოებს. საიტზე უნდა დავდოთ შაბათს ან, ყველაზე გვიან, კვირას. ერთი კვირაა, ვრეკავთ ყველასთან, თუმცა მაინცდამაინც ვერ მივიწევთ წინ: აგვისტოა და მონაწილეებისა და სპიკერების უმეტესობა ქალაქგარეთაა.

ვახშმის დაფინანსება ინტერნეტსაზოგადოებამ ითავა, რესტორანი, მენიუ, ოთხი ქართული ცეკვა, ფასდაკლება... იმედია, ყველას მოეწონება.

ორი სპიკერი და ერთი მოდერატორი გვივარდება სიიდან, ვეძებთ ალტერნატივებს. აგვისტოს გამო მოძებნა არცთუ ისე იოლია.

ბრენდინგი დასრულებულია სანახევროდ, ველოდებით ნიმუშებს. კოტირების შედეგად ხუთი წინადადება გვქვს, ორი კარგია და სწორედ ამ ორიდან ვარჩევთ უფრო ბიუჯეტურ შემოთავაზებებს და ცალ-ცალკე ვუკვეთთ. ინვოისები კი გამომიგზავნეს, მაგრამ აგვისტოა – ბუღალტერი ისვენებს. მიწევს ბანკში ჩასვლა და ერთსაათიან რიგში ლოდინი. ფულის ნაწილი გადავიხადეთ. სწორედ აქ იწყება მთავარი განსაცდელი – არ არის თეთრი ლენტები ბეჯებისთვის, მერე ცისფერიც თავდება. გვრჩება წითელი, მწვანე, ყვითელი და შავი - ღონისძიების ბრენდირებული წარწერა ცისფერია და შავზე კარგად ჩანს: ბეჯის ლენტი შავია, ბეჯი – ცისფერი და თეთრი. არ არის მაინცდამაინც კარგი შეხამება, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით.

4-ზე ისევ ტექნოლოგიურ პარკში ვართ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილ პროექტზე, რომელიც ბოლო მომხმარებლების მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება. მე მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციას წარმოვადგენ. შეხვედრაში მონაწილეობენ მსხვილი ოპერატორების, ბანკების, კომპიუტერული ტექნიკის მოვაჭრეების წარმომადგნელები. უნდა დავადგინოთ ბენეფიციარების განსაზღვრის კრიტერიუმები. პროცესი ღიაა, ჯანსაღი, განვიხილავთ კრიტერიუმების პირველად ჯგუფებს. ჩვენი წევრების, ანუ მცირე რეგიონული ოპერატორების კლიენტებს ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. პროგრამა ინტერნეტიზაციის პანელში ზის და მოკლედ მოხდება ამ პროექტის პრეზენტაციაც. IGF-ი ამ პროცესს ხელს უწყობს – ზრდის ინფომირებულობას და ჩართულობას.

7-ზე ისევ ოფისში ვარ. უამრავი წვრილმანია მოსაგვარებელი. ისევ ვაახლებთ და ვამზადებთ საბოლოო სიებს (მოსაწვევებზე რეგისტრაციის რაოდენობა პიკს აღწევს – ჩვენ ხომ ბოლო წუთს გვიყვარს ყველაფრის გაკეთება), ვაგზავნით შეხსენებებს, ვაახლებთ საიტის მონაცემებს და ოდნავ ვცვლით სტრუქტურას.

12-ზე ვიშლებით.

1 სექტემბერი, ხუთშაბათი

დღე ბრენდირების პროცესში განმეორებითი აქტიური ჩართულობით იწყება. არ ვიცი, ეს მარტო საქართველოს ჭირია თუ არა, მაგრამ დაგეგმვის და განაწილების მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ბოლო დღეებში კეთდება. ვუზივარ დილიდან ელენეს და ეკას, და ერთად ვმუშაობთ ბანერების, ბეჯების, ლენტების, ასევე დღის წესრიგის ბუკლეტის საბოლოო დიზაინზე. ვატყობ, რომ უკვე მასპინძლებსაც ელევათ მოთმინება. დღის წესრიგის ტექსტი დიდია, ბუკლეტი – პატარა და დაბეჭდილ ნიმუშზე წარწერების გარჩევა გამადიდებელ შუშასა და „შამპოლიონობას“ მოითხოვს. ფურცლის ზომას ვზრდით, ცოტათი – ბიუჯეტსაც, სხვა გზა არაა.

11-ზე პრესკონფერენციაა თბილისის ტექნოპარკში, მთაწმინდაზე ავდივარ. გზაში მე და მარიკა – თანაორგანიზატორი მარეგულირებელი კომისიიდან – სასაუბრო საკითხებს ვინაწილებთ. პრესკონფერენცია ცოტა დაგვიანებით იწყება. ფორუმს მასპინძლობს და მხარს უჭერს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, რომლის თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე, პრესკონფერენციას ხსნის. მედია დეტალურად არკვევს, რა არის IGF-ი, რა საკითებია დღის წესრიგში და, რაც ყველაზე მთავარია, რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

პირველზე სამსახურში მოხალისეები მოდიან. გაეროს და ინტერნეტსაზოგადოების რეკომენდაციაა, ღია რეგისტრაციის გზით მოხალისეებისა და ახალი თაობის ჩართვა ამ პროცესის ორგანიზებაში.გვჭირდება ათი კაცი, შევარჩიეთ 15. გენდერული ბალანსი გოგოების მხარესაა, ისინი უფრო აქტიურობენ. გვეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ოფისი სავსეა ხალხით, საუკეთესო სამუშაო განწყობაა.

2 სექტემბერი, პარასკევი

10-ზე ოფისში ვარ, ვამოწმებ ფოსტას და ვინაწილებთ საქმეს.

12-ზე თუშეთის პროექტზე სამსჯელოდ ვხვდებით თელავის ოპერატორი გიორგი კირვალიძე, კოტე სტალინსკი, ლევან სულაკაური და მე. ამ პროექტის „ფოლდერს“ პოეტური სახელი ჰქვია – „თუშეთიც დაჩუმდ!“ საქმე რაშია და ვცდილობთ, ტურისტული სეზონის დროს იქ იაფი, და მაღალსიჩქარიანი, ფიქსირებული რადიოინტერნეტი იყოს. არანაირი კომერციული ინტერესი, ბენეფიციარი თუშეთის განვითარების ფონდია, მონაწილე – ლევანი, რომელიც მოგებას ვერ მიიღებს. არც გიორგი აპირებს ფულის კეთებას – ოღონდ თუშეთს ეშველოსო, სულ ამას იმეორებს. კოტემ და გიორგიმ მოამზადეს ტექნიკური სქემა და ბიუჯეტი, ლაპარაკობენ ანძებზე, „რადიორელეიკებზე“, „რადიოჰოპებზე“, მზის ელემენტებზე... კოტეც მაგარ აზარტშია.

ოთახიდან ვეპარები და ცალკე ვამთავრებ მემორანდუმს, სადაც ყველას ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. მემორანდუმი მოეწონათ და ახლა ველოდებით საბოლოოდ ISOC-ის, ანუ ინტერნეტსაზოგადოების ვერდიქტს დაფინანსებაზე. ფული ბევრი არ გვჭირდება. „კოჭებში“ ვატყობ, კარგადაა საქმე. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი. ISOC-ის ევროპის ოფისის წარმომადგენლები ფორუმზე ჩამოდიან და იმედი გვაქვს, შემოუერთდებიან მემორანდუმს. ისინიც „აზარტში არიან“ და მაქსიმალურად გვეხმარებიან. თუშეთი ფოტოებით გაიცნეს, ერთი სული აქვთ, იქ როდის მოხვდებიან! კარგი პირი უჩანს ამ ამბავს...

3 საათზე კოტე და მაკა IGF-ის საიტის „დალაგებას“ იწყებენ. ხვალ კოტე ერთი კვირით მიდის და წასვლამდე მაქსიმალურად გვეხმარება. საიტი „ვორდპრესზე“ ავაწყვეთ – იაფი და იოლია. საიტებში საუკეთესო ვერაა, მაგრამ იაფია და იმდენად იოლი სარედაქტორო, რომ მეც კი ვახერხებ რაღაცების გადასმ-გადმოსმას. ბიჭები წავიდნენ, ოთხ საათს ვუზივარ „გარემოს დაცვის“ შესყიდვებს, მეშვიდედ ვკითხულობ და ვარედაქტირებ ტექსტს და ცხრილებს,მაგრამ მაინც არაა ის, რაც უნდა იყოს.

7-მდე განვიხილავთ გაეროს მიერ IGF-ისთვის დადგენილ კიდევ ერთ მოთხოვნას – კონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას. მიშა არკვევს სესიების პარალელური „სტრიმინგისა“ და ადგილობრივი ინტერნეტის ამბებს. მთავარ დარბაზში „სტრიმინგის“ მოწყობაში გვეხმარება რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

მირიანს ვუთანხმდები, რომ კვირას დილიდანვე უნდა ავიდეთ მთაწმინდაზე, ტექნოპარკში, და ყველაფერი შევამოწმოთ, რომ ორშაბათს რამე პრობლემა არ შეგვექმნას.

სახლში ავდივარ, მარტო ვარ, მეილებს ვპასუხობ და დღიურებს ვალაგებ, ხვალ აქაც „დედლაინი“ მაქვს. ხვალ ვიწყებთ ყველა შეკვეთის შეგროვებას ორშაბათის ღონისძიებისთვის.

3 სექტემბერი, შაბათი

გრილი დილაა, თბილისში ადრეული შემოდგომაა. რამდენიმე საათში შეცვალა ზაფხული შემოდგომამ.

9-ზე გიო მირეკავს, აინტერესებს, რომელზე ჩავაკითხავთ. ვერ მივდივარ, ახლა ის იბუტება მამაჩემივით. ჟინვალის წყალსაცავზე არიან სათევზაოდ, დილიდან ორი თევზი დაიჭირა და ძალიან ბედნიერია.

10-ზე სანდრო უნდა მოვიდეს და გადავამოწმოთ ყველაფერი, რა გამოგვრჩა და რა გვჭირდება. მანამდე დღიურებს ვარედაქტირებ.

11-ზე მოდიან მოხალისეები სარეგისტრაციო პანელის ცხრილების გასანაწილებლად. თიკა და ელენე მთელი ორი კვირაა, შინიდან მეხმარებიან, კარგად აკეთებენ ყველაფერს, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანებივით, და ფეისბუკით მოწერილი კითხვებიც შესაბამისი აქვთ. დღეს ოფისში მოვლენ და აქ დავამთავრებთ მონაწილეების გვარების დაყოფას ოთხ ჯგუფად, ბარათების სისტემატიზაციას.

ლადომ ყველა სტუმარს მისწერა გრაფიკი, უკვე გარკვეულია, ვინ ვის ხვდება და აცილებს. ტრანსპორტი ქალაქიდან ოქროყანამდე და უკან მზადაა, ფულიც გადარიცხულია. უცხოელი სტუმრები გვწერენ, რომ ყველა დეტალი გარკვეულია და მალე გვნახავენ თბილისში.

12-ზე სტამბაში უნდა მივიდე – ვნახო, როგორ დაიბეჭდა დღის წესრიგები, მოსაწვევები, მონაწილეთა ბარათები და მოხალისეებისთვის განკუთვნილი სამადლობელი სერტიფიკატები.

4-ზე ბანერების სანახავად და წამოსაღებად მივდივარ.

ბევრი დეტალია ერთმანეთზე მოსარგები და ცოტა ვღელავ. იმედია, ორშაბათი სერიოზული ხარვეზების გარეშე ჩაივლის.

ხვალ იწყება სტუმრების ჩამოსვლა და წინასწარი შეხვედრები, თუმცა მე ტექნოპარკში ვიჯდები – იქ მომიწევს მუშაობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG