Accessibility links

logo-print
20 იანვარი, კვირა
დილას ძალიან ადრე გამეღვიძა. თავს მეორედ დაბადებულ ადამიანად ვგრძნობ და უკვე თვალნათლივ ვაცნობიერებ, რომ 13 იანვარი ამიერიდან ჩემი მეორე დაბადების დღე იქნება. ანუ, ახლა ორი დაბადების დღე მაქვს: ერთი ბიოლოგიური - 28 აგვისტო - და მეორე პოლიტიკური - 13 იანვარი.

დღემდე მიჭირს, შევეგუო თავისუფლების შეგრძნებას. ახლა ვხვდები ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ ერთ-ერთი გმირის წარმოთქმულ ფრაზას: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“ დიახ, ჩვენი, პოლიტპატიმრების უთანასწორო ომი დასრულდა სისხლიანი მონსტრის წინააღმდეგ, მაგრამ მშვიდობა, ანუ თავისუფალ ადამიანად ყოფნა, ერთგვარი შიშისმომგვრელი ფენომენი გახდა. „გარეთ“ გამოსვლის შემდეგ იმდენი პრობლემა და დილემა დამხვდა, რომ ისევ „იმ ომისკენ“ მიმიწევს გული.

პირველ საათზე ჩემს უახლოეს მეგობრებთან, მეუღლესთან და ჩემს ძმასთან ერთად მივდივართ კოალიცია „ერთსულოვნების“ ეგიდით გამართულ „ღირსების შეკრებაზე“, აწ უკვე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სასახლესთან, სადაც საჯაროდ უნდა დაფიქსირდეს მოქალაქე სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო ვადის დასრულების პროცესი. საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსვლის დღიდან, პირველად მიწევს მონაწილეობა, როგორც ყოფილ პოლიტპატიმარს, ასეთ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაში. თანაც, ძალიან მაინტერესებს, მიშას ბუნაგი როგორ გამოიყურება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. მიტინგზე ხალხმრავლობაა, მეამაყება, რომ ქართველი ვარ. ხალხი მცნობს და მესიყვარულება, თითქმის ყველა მოდის ჩემთან და ჩემდამი სოლიდარობას და სიყვარულს გამოხატავს. ერთი საათის შემდეგ ძლივს მივაღწიე სპეციალურ კარვამდე, სადაც ხელმოწერები გროვდება მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით. ბუნებრივია, ვუერთდები ამ მოთხოვნას. დიდი რიგის მიუხედავად, ურიგოდ მიშვებენ მაგიდასთან, სადაც ხელს ვაწერ მიმართვას და გრაფაში „საპასპორტო მონაცემი“ ვწერ: „პოლიტპატიმარი“.

იწყება მიტინგი, გამომსვლელთა რაოდენობა ძალიან დიდია. ვხვდები, რომ ვერ შევძლებ, აქ ღიად დავაფიქსირო პოზიცია და ამ ჩემს „ჟინს“, იქვე მდგომ ქართველ ჟურნალისტებთან, ინტერვიუების მეშვეობით ვიკლავ. ვხვდები ჩემს თანამებრძოლებს და უახლოეს მეგობრებს, ყოფილ პოლიტპატიმრებს, რომლებთან ერთადაც სამი წელი და რვა თვე გავატარე: მელორს, თემურ ჟორჟოლიანს, ზერეკას, „მუხროვანის ბიჭებს“, გენერალ კობა კობალაძეს, ზაზა დავითაიას, მალხაზ გულაშვილს და სხვებს. აქვე მელოდება დიდი სიურპრიზი: მიტინგზე ვხდები ჩემს მეგობარს, ლადო ბედუკაძეს, რომელიც გირაოთი გამოუშვეს. მას დიდი სიყვარულით მიეგება იქ შეკრებილი ხალხი; კიდევ იმიტომ, რომ ყველა პატიმარს ახსოვს მისი სიკეთე.

მიტინგის შემდეგ, დღის ოთხ საათზე, ჩემი უახლოესი სამეგობრო და სანათესაო ჩემი ძმის ოჯახში ვიკრიბებით, სახლში, სადაც ბავშვობის წლები გავატარე და სადაც, პირველად 2009 წლიდან მოყოლებული, საშუალება მეძლევა ქართული ტრადიციული წესებით ვიქეიფო და რეალურად განვახორციელო საპყრობილეში მხოლოდ ფერად სიზმრებში ნანახი ქართულ სუფრაზე მოლხენა. ეს არის ბედნიერება - მოვესიყვარულო ჩემს ასე მონატრებულ ხალხს, ვინც ამდენი ჭირ-ვარამი და რეპრესია გადაიტანა ჩემ გამო. ერთია მხოლოდ სამწუხარო, რომ ამ სუფრას არ ესწრება დედაჩემი, რომელიც ამჟამად სპეციალურ კლინიკაშია.

სუფრა გვიან ღამემდე გრძელდება და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ირგვლივ ჩემი ძვირფასი და ახლობელი ხალხია: ჩემი „დეკაბრისტის მეუღლე“ ელენე, ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი და ჩემი სიცოცხლის გადამრჩენი ნათია კორკოტაძე, ჩემი ძმა გაგა და მისი მეუღლე მარი, გულისა დეიდა, ჩემი მეგობარი მამუკა, რომელმაც ჩემი ოჯახისათვის, სანამ ციხეში ვიყავი, ჩემი მაგივრობა გასწია; ჩემი პოლიტიკური ძმები: მელორი და მალხაზი და ჩემი ცოლისძმა ლევანი თავისი ოჯახით და სხვები. დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის სპეციალურ გადაცემა „ვესტი ნედელიში“ გადაიცა ჩემი ინტერვიუ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ვუწოდებ „კავკასიელ პოლ პოტს“ და ვადანაშაულებ მას 21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაში. სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები, დადებითი ემოციებით დაღლილი.

21 იანვარი, ორშაბათი
დღევანდელი დღე უკვე არაფრით გამოირჩევა წინა დღეებისგან, თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, თუმცაღა აქამდე მაქვს შეგრძნება, რომ ისევ ჯურღმულებში ვიმყოფები და ეს ყველაფერი მხოლოდ მშვენიერი სიზმარია. როგორც ჩემმა მეგობარმა ფსიქოლოგებმა და ყოფილმა პატიმრებმა ამიხსნეს, ეს არის ე.წ „ციხის სინდრომი“, რომელიც შეიძლება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში იყოს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამას მე რეალურად ვგრძნობ.

დილიდანვე ტელეფონით დავუკავშირდი ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინას, გენერალური მდივნის ოფისს, და ჩემთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ვაცნობე. პირადად ვესაუბრე საქართველოს მიმართულებით მომუშავე მოხელეს, ქალბატონ დესპინა აფენტულის, რომელიც მეუბნება, რომ აუცილებლად დავუკავშირდე თბილისში განთავსებულ ნატოს სამეკავშირეო მისიას და შევხვდე უშუალოდ მისიის ხელმძღვანელს, ბატონ უილიამ ლაჰიუს. ზუსტად ვასრულებ მის რეკომენდაციას, ვუკავშირდები მისიის ოფისს და, სავარაუდოდ, უკვე ბრიუსელიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, შეხვედრა ხვალისთვისვე ინიშნება. ამით სრულდება ბოლო სამი წლის განმავლობაში ნანატრი ოცნება, სიმართლე მივაწვდინო ნატოს წარმომადგენლებს და როგორმე გავარღვიო ის საინფორმაციო ბლოკადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემს წინააღმდეგ განახორციელა.

დღესვე, საღამოს, მე და ელენე სტუმრად მივდივართ ბუტა რობაქიძის დედასთან, ია მეტრეველთან, რომელიც იმ ადამიანთა შორის იყო, რომელიც მედგრად ედგა ჩემს ოჯახს იმ ავბედით პერიოდში. ამ ოჯახში მე გავიცანი ქალბატონი მერი, ია მეტრეველის დედა, რომელმაც თავისი ოჯახის მაგალითზე გადაიტანა 1937 წლის სტალინის სისხლიანი რეპრესიების სიმძიმე და რომელმაც ბევრი რამ მიამბო ამ რეპრესიების სისასტიკეზე. საქართველოში სააკაშვილის, 21-ე საუკუნის ამ ნეობოლშევიკური რეჟიმის რეპრესიების პარალელიზმი სტალინის რეპრესიებთან უფრო ცხადი გახდა ჩემთვის და იქ მყოფი სტუმრებისთვის, მათ შორის ჩემი თანამებრძოლისთვისაც, ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძისთვისაც.

22 იანვარი, სამშაბათი
დღეს ძალიან ადრე ვდგები და მთელი სერიოზულობით ვემზადები ნატოს წარმომადგენლებთან დანიშნული შეხვედრისთვის, ვამზადებ დოკუმენტების მთელ პაკეტს, მათ შორის ინგლისურენოვან ოფიციალურ მიმართვას გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სახელზე. დათქმულ დროს, მე და ნათია კორკოტაძე ნატოს სამეკავშირეო მისიის ოფისში გამოვცხადდით. ჩვენს შეხვედრას „მე-9 არხი“ აშუქებს. შეხვედრას მისიაში უშუალოდ დაესწრო ბატონი უილიამ ლაჰიუ და მისი ორი თანამშრომელი, კრისტინა ბალეშუტე და ანდრეი კლიმჩუკი. დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, შეხვედრამ დაახლოებით ორ საათს გასტანა. აშკარა იყო, რომ ნატოს წარმომადგენლები ძალიან დაინტერესდნენ ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდების დეტალებით. მე მათ ვუამბე 21-ე საუკუნის ქართულ საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული ცხოვრების მომენტები. ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით ამ შეხვედრით – ყინული, როგორც იქნა, გალხვა.

ორ საათზე მე და ჩემი მეგობრები დავესწარით მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესს, რომელიც 2009 წლის აპრილის მოვლენებს ეხებოდა. პროცესი საკმაოდ მალე დასრულდა და ორივე მხარისთვის მისაღები გამოდგა: კონფლიქტი ამოიწურა და მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. ნეტავ, ასევე დასრულდებოდეს ჩვენს ტანჯულ ქვეყანაში ყველა გაუგებრობა და ნებისმიერი სახის კონფლიქტი, მათ შორის პოლიტიკურიც.

სასამართლოში შემთხვევით გადავეყარე ჩემს ჯალათს, კაცს, რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა, ისევე, როგორც ჩემი მეგობრები: ცოტნე გამსახურდია, შალვა გოგინაშვილი, ბაკურ კიღურაძე და სხვები. ეს არის მოსამართლის მანტიაში გახვეული მანქურთი ზვიად ესებუა, რომელიც დამემალა და გაიქცა. რას იზამ, როგორც ძველ რომში იტყოდნენ ასეთ შემთხვევაში: Tempora mutantur et nos mutamur in illis – „დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“.

დღის კულმინაცია ჩემთვის ღამის „ობიექტივის“ ეთერშია. ნინო რატიშვილის გადაცემაში „თანამედროვე დეკაბრისტების მეუღლეები“ მონაწილეობენ ჩემი ელენე და ყოფილი პოლიტპატიმრის, მერაბ რატიშვილის მეუღლე ეკა რატიშვილი. გადაცემა მართლაც გულისამაჩუყებელი და სევდიანი გამოდგა. მე დღემდე არ მცოდნია სრულად ის ტრაგედია, რაც ჩემმა ოჯახმა და პირადად ჩემმა მეუღლემ გადაიტანეს. მართლაც, რა ძლიერი და გამოუცნობი ფენომენია ქართველი ქალი და უკვე გასაგებია, თუ რატომაც ებრძოდა ასე გაშმაგებით მის სიმბოლოს – ქართლის დედის მონუმენტს – სააკაშვილის რეჟიმი. მე მართლაც ამაყი ვარ, რომ ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ეკა და ელენე და ათასობით მათნაირი გმირი მანდილოსანი!

23 იანვარი, ოთხშაბათი
დღევანდელი დღე სრულად დატვირთული მაქვს. დილიდანვე მოვყევი ჯერ რუსული Рен ТВ-სა და მერე ქართველი ჟურნალისტების „ჯვარედინი ცეცხლის“ ქვეშ. ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა შედგა ფრონტ.გე-ს ოფისში სპეციალური ბრიფინგის ფორმატში, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მივიღე ჩემი კოლეგის, კოტე ჟღენტის ანალიტიკურ გადაცემაში „აქ და ახლა“ რადიო „კვირის პალიტრაში“, რაც საღამოს, ტელევიზია „კავკასიაში“ ბატონ დავით აქუბარდიასთან პირდაპირი ეთერით დაგვირგვინდა. საუბრების ძირითადი თემები იყო: ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ჯაშუშობის საქმე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი, მათ შორის ე.წ. „კოჰაბიტაცია“, რომლის არსის გაგება მე ძალიან მიჭირს, სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ ჩამოყალიბებული დემოკრატიული კოალიცია „ქართული ოცნების“ როლი ქართველი ერის დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენის, მათ შორის პოლიტიკურად დევნილთა ფიზიკურად გადარჩენის საქმეში და ა.შ.

დღის განმავლობაში მოვასწარი ჩემი დიდი ხნის მეგობრის საშა რუსეცკის მონახულება და ახლად გახსნილ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის და სტუდენტებისთვის გეოპოლიტიკის სპეციალური კურსის წაკითხვის საკითხის გადაწყვეტა. ძალიან მიხარია, რომ ვუბრუნდები აკადემიურ სფეროს.

24 იანვარი, ხუთშაბათი
დღევანდელი დღე წინა დღეებზე მეტად დატვირთულია. სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი: დილიდან ნინო ბურჯანაძეს ვხვდები, შემდეგ ირინა ფუტკარაძეს, შემდეგ კი ჩემს ძველ მეგობრებს არასამთავრობო სექტორიდან: ლადო ბოჟაძესა და ნიკოლოზ გელაშვილს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ დევნილად აღიარა.

ქალბატონ ნინოსთან შეხვედრაზე ნათია კორკოტაძესთან ერთად ვიმყოფები. სრულად ვაცნობ ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეში კონკრეტულად მასთან დაკავშირებულ ფაქტებს. დოკუმენტურად ვაფიქსირებ, თუ როგორ ცდილობდნენ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური პოლიციის თანამშრომლები ოპოზიციური ლიდერების (მათ შორის სალომე ზურაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ირაკლი ალასანიას) წინააღმდეგ უაზრო ფაქტების ფაბრიკაციას, მათი შემდგომი დაპატიმრების ან პოლიტიკურად განეიტრალების მიზნით და თუ რა უკანონო მეთოდებს მიმართავდნენ, რომ როგორმე მოეხერხებინათ, ჩემგან მიეღოთ მათთვის სასურველი შედეგი - ისევე, როგორც ზურაბ ადეიშვილის უშუალო მითითებით ცდილობდნენ ნათია კორკოტაძის დაპატიმრებას. მიუხედავად ამისა, ქალბატონი ნინო, გარეგნულად მაინც, ცდილობს, გაწონასწორებული და მშვიდი იყოს. ბოლოს მაინც ვერ მალავს ემოციებს იმ საშინელების გამო, რაც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი, 21-ე საუკუნის ქართული „გულაგის“ ფარგლებში ხორციელდებოდა.

ამ შეხვედრის შემდეგ მივდივარ ირინა ფუტკარაძის ოფისში, სადაც არაფორმალურ, მეგობრულ ვითარებაში ცოტა იუმორით, უფრო მეტად კი სერიოზულად, ვიხსენებთ დროის იმ მონაკვეთს, რომელიც რუსთავის მე-17 საკონცენტრაციო ბანაკს უკავშირდება. გვახსოვს ქალბატონი ირინასა და მისი მეგობრების მხრიდან გამოჩენილი დიდი ყურადღება ჩვენს მიმართ.

უკვე მოსაღამოვდა და ჩემს მეგობართან, მამუკა ჭოხონელიძესთან უნდა გავიდე მისი კომპანია „ლეგენდის“ ოფისში და ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდე. მაგრამ ბიჭები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გამოცხადდეს მიშას სასახლესთან ე.წ. „ცოცხალი ჯაჭვის“ პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად – მიშა მოულოდნელად ჩამოვიდა თბილისში და ქურდულად შეძვრა თავის ბუნაგში და ახლა საჭიროა მისი დაბლოკვა და მისთვის ერთობის დემონსტრირება. ორთაჭალაში საკმაოდ ბევრი ხალხია შეკრებილი. ისეთი გამოჩენილი ადამიანებიც მოვიდნენ, როგორებიც არიან რევაზ ჩხეიძე, რამაზ ყურაშვილი, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები. აქციის ბოლოს იმართება საინფორმაციო მიტინგი და მთხოვენ სიტყვით გამოვიდე. სიტყვა ძალიან მოკლეა და მთავრდება ჩილელი პოლიტპატიმრების მიერ დამკვიდრებული ლეგენდარული ფრაზებით, რომელიც მიესადაგება ყველა ტიპის დიქტატორისა და პოლიტიკური ავანტურისტის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის სტრატეგიას: Venceremos guerras! Abajos Misha! – ჩვენ გავიმარჯვებთ! ძირს მიშა!

25 იანვარი, პარასკევი
დღევანდელი დღე სახლში მინდა გავატარო და ცოტა დავისვენო. თუმცა, საღამოს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანალიტიკურ ცენტრში, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში, სადაც ჩემთვის საპატივცემულო და ავტორიტეტული ადამიანები მელოდებიან: სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ლადო პაპავა, არჩილ გეგეშიძე, ნათელა სახოკია, თამარ ჩიქოვანი, რამაზ საყვარელიძე, ლია მუხაშავრია, გოგი ხუციშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ზაზა შათირიშვილი და ჩემი თაობის რამდენიმე ექსპერტი. ამ შეხვედრისთვის ძალიან ვღელავ, მით უმეტეს, რომ იქ ბაკურ კიღურაძესთან ერთად ვიქნებით, მეუღლეებთან ერთად.

დღის მეორე ნახევარში დედაჩემი უცებ შეუძლოდ გახდა და ექიმების ჩარევით მოვახერხეთ მისი მდგომარეობის სტაბილიზება. დათქმულ დროს ვიკრიბებით კლუბის ოფისში. შეხვედრა არაფორმალური და მეგობრულია. ვსაუბრობთ იმ საშინელ დღეებზე და წუთებზეც კი, რომლებიც წინა რეჟიმის ჯურღმულებში გავატარეთ და, ზოგადად, იმ პოლიტიკური დევნის პროცესზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან ერთმმართველობას მოჰყვა. დიდი გულისყურით და ტკივილით გვისმენენ და აშკარად ვგრძნობთ სრულ სოლიდარობასა და თანაგრძნობას ბრძოლაში, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. პირადად ჩემთვის, კლუბის წევრებისაგან მიღებული ასეთი ნდობის კრედიტი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკური „პინოქიოებისგან“ ბოძებული ღირსების ორდენების და სხვა მაღალი სახელმწიფო ჯილდოების ტყვეობაში ყოფნა და ფსევდო-პატრიოტიზმის მორევში ცურვა.

26 იანვარი, შაბათი
დღიურებს ვასრულებ... ძალიან რთული გამოდგა, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი იმ ემოციური მუხტის სრულად გადმოცემა და იმ გრძნობების სათანადოდ დაფიქსირება, რომელიც ასე მტკივნეულად გაწუხებდა იმ ავბედითი სამი წლისა და რვა თვის განმავლობაში, თანაც ჯალათების მიერ მოწყობილი სასაკლაოს პირობებში, როდესაც არ იცი, როგორი იქნება მომდევნო დღე, ან თუ იქნება საერთოდ.

და მაინც: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა...“ - ფრაზა, რომელიც ალბათ უკვე გახდა ჩემის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი კრედო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG