Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მამალაძე - ვეტერინარი


20 სექტემბერი, კვირა

როგორც ყოველთვის, დილა ფინჯანი ყავით იწყება. გეგმაში მქონდა დასვენება და ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა, მაგრამ მობილურზე აწკრიალებულმა ზარმა გეგმები შემიცვალა. დარეკა შეწუხებულმა ქალმა, რომლის ოთხფეხა მეგობარს მანქანა დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. ეს შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. პატრონი შველას გვთხოვდა და, როგორც საუბრიდან გაირკვა, ეს ძაღლი გაჩუქებული იყო თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან. დავუკავშირდი ჩემს ასისტენტს და მომზადებულები გავემგზავრეთ საგარეჯოში. ადგილზე რომ მივედით, პაციენტი მართლაც მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა მრავლობითი მოტეხილობებით და ექსკორაციებით. მოგვიწია საველე პირობებში მუშაობა. გავუკეთეთ ოპერაცია − ინტრამედიალური ოსტეოსინთეზი. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. რომ დავასრულეთ, პაციენტი გამოვიყვანეთ ნარკოზიდან და გავუკეთეთ ინფუზიოგადასხმა.

ძაღლს ლორდი ერქვა, ძალიან მოსიყვარულე აღმოჩნდა. ქალბატონმა ნანამ საკმაოდ ინერვიულა და ასისტენტობა გაგვიწია. ბოლოს გაგვიშალა სუფრა როგორც კახურ ტრადიციას შეეფერება. დავაგემოვნეთ მანავის მწვანე ღვინო, მასპინძლები არაჩვეულებრივად მღეროდნენ!

წამოსვლისას ყურძენიც გამოგვატანეს, ჩვენ კი ღიღინ-ღიღინით გამოვემართეთ თბილისისკენ.

ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლა იყო − ლორდი ხომ გადავარჩინეთ!

21 სექტემბერი, ორშაბათი

დილის 10 საათზე კლინიკაში მივედი. ორშაბათი საკმაოდ მძიმე დღეა, რადგან ყოველთვის ბევრი პაციენტი გვაკითხავს. ასევე დანიშნული გვქონდა სამი ოპერაცია, ორი ძაღლის სტერილიზაცია და ერთი კატის ჭიპლარის თიაქარი. საერთოდ, ქირურგიული ოპერაციები კმაყოფილებას მანიჭებს, რადგან შედეგს მალევე ვხედავთ. დაღლასაც კი ვერ ვგრძნობ ხოლმე. ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული − ონკოლოგიური თუ გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური თუ პლასტიკური. მთავარია პაციენტის გამოჯანმრთელება და მისი ფეხზე დაყენება, რაც დიდად მახარებს. სტერილიზაცია გავუკეთეთ ორ მეტის ძაღლს, რომლებსაც მიკედლებულის სტატუსი აქვთ. სტერილიზაციის არსი ჩვენს მოქალაქეებს არ ესმით, რაც ძალიან საწყენია. გასტერილებული ძაღლი აღარ მრავლდება და ამით პრობლემა მოგვარებულია. ცხოველებს სტერილიზაციას იმიტომ ვუკეთებთ, რომ მათი რაოდენობა ჰუმანური მეთოდებით შევამციროთ: ქუჩაში დაბადებულ ლეკვებს ხომ ბევრი უბედურება ელოდება, იქნება ეს შიმშილი თუ საგზაო შემთხვევები, ინფექციები თუ ადამიანის სისასტიკე, რაც ძალიან სამწუხაროა...

თავისუფლების დღიურები - ვახტანგ მამალაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:40 0:00
გადმოწერა

​საღამოს ნაოპერაციები ძაღლები დავაბრუნეთ იმ ადგილებზე, საიდანაც წამოვიყვანეთ, სადაც მიკედლებული იყვნენ. შემდგომი მოვლისათვის ჩავაბარეთ მათ, ვინც ძაღლებზე მზრუნველობა იკისრა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიერ დასტერილებულ ძაღლებს ებრძვის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რადგან არ უყვართ ძაღლები და არ აინტერესებთ მათი ბედი. სამწუხაროდ, შეპყრობილი არიან ფობიით − ძაღლების შიშით. ეს შიში აუხსნელია და უმიზეზო. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ძაღლები ადამიანის კაპრიზებს ეწირებიან და შედეგი სავალალოა. სწორედ ამიტომ მე, როგორც ცხოველთა დამცველი, მთელი ენერგიით ვმუშაობ მოსახლეობასთან, რომ ჩვენ, ადამიანები, ვიყოთ ჰუმანურები და ტოლერანტულები ცხოველების მიმართ. ცხოველის სიყვარულით განისაზღვრება ადამიანის ბუნება, ეს მისი ჰუმანურობის ერთგვარ ინდიკატორად გვევლინება.

სამსახურის მერე მე ირმა მარტყოფისკენ გავემგზავრეთ. გზად ბევრი დამშეული ცხოველი გვხვდებოდა. მანქანაში ყოველთვის თან მაქვს ერთი ტომარა ძაღლის მშრალი საკვები. ამჯერადაც მქონდა და შემხვედრ ცხოველებს ვუყრიდით გზადაგზა. მარტყოფში ირმას დედა ცხოვრობს და თბილისიდან მარტყოფამდე, მგონი, ყველა ძაღლი ცნობს ჩვენს მანქანას. გზადაგზა გამოეფინებიან ხოლმე და კუდებს აქიცინებენ. სხვათა შორის, ერთ რამეს დავაკვირდი: გზებზე ძაღლებს დიდი ტრაილერების თურქი მძღოლებიც კვებავენ. ახლაც შეგვხვდა ერთი დიდი საბარგო მანქანა და მისმა მძღოლმა რომ დაინახა, ტომარა როგორ გადმოვიღეთ ძაღლების გამოსაკვებად, საღოლ, საღოლო, შემოგვძახა.

მარტყოფში გვიანობამდე დავრჩით.

22 სექტემბერი, სამშაბათი

ეს დღე ჩვეული რეჟიმით მიდის. პაციენტები და მათი მფლობელები − შეშინებული ცხოველები თუ შეწუხებული პატრონები.

ვეტერინარია ისეთი სპეციალობაა, რომელიც დიდ ნებისყოფას, ცოდნას, ენერგიას და ფოლადის ნერვებს მოითხოვს. გამახსენდა ცნობილი ქირურგის, ნიკოლაი პიროგოვის სიტყვები: „ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი კი − კაცობრიობას“.

ბევრჯერ ყოფილა, შუაღამისასაც კი გავქცეულვარ გამოძახებაზე ან ოპერაციაზე კლინიკაში. რას იზამ, ესეც ვეტერინარების ხვედრია.

სხვათა შორის, საკუთარი ჯვრისწერის დღეს სუფრიდან მომიწია გაპარვა კლინიკაში, რადგან ბათუმიდან მომაკვდავი კოკერ-სპანიელი ჩამოიყვანეს. როდესაც კლინიკაში შევედი, პაციენტის პატრონს გაუკვირდა, შარვალ-კოსტუმში რომ ვიყავი გამოწყობილი. ბუნებრივია, პაციენტი გადარჩა და, როცა პატრონებმა შეიტყვეს, რომ საკუთარი ჯვრისწერიდან წამომიყვანეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

საღამოს შვილიშვილის სანახავად წავედი. სანდრო, დამინახავს თუ არა, მემალება − ასეთი თამაში აქვს მოგონილი. ორი შვილიშვილი მყავს: ნიცა და სანდრო. შვილიშვილები მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და სიმდიდრე ყოფილა!

23 სექტემბერი, ოთხშაბათი

დილის 9 საათზე გავემგზავრე დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად. მიზანი იყო ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციური მართვის წესის პროექტის ჩატანა და მათთან ერთად განხილვა.

14 საათზე შევხვდი საკრებულოს წევრებს, გავაცანი წესის პროექტი. მათ მოიწონეს და იმედი მომცეს, რომ უმოკლეს ვადაში დაამტკიცებენ.

შევხვდი ჩოხატაურის რეგიონში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც. მომატარეს მთელი ტერიტორია, დამათვალიერებინეს ახლად აშენებული ცხოველთა თავშესაფარი. სამწუხაროდ, აღფრთოვანებული ვერ დავრჩი, რადგან საოპერაციო ოთახი არ იყო კეთილმოწყობილი. ბოლოს შემომთავაზეს ბახმაროში წასვლა და სიტუაციის ადგილზე გაცნობა. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ბავშვობის მერე იქ არც კი ვყოფილვარ.

გავემგზავრეთ მანქანით. სასიამოვნოდ გამოიყურებოდა მდინარე გუბაზოული, ბავშვობაში ხშირად მიბანავია კიდეც. მიყვარს გურია! ჩვენი ფესვებიც ნაბეღლავიდან მოდის. ნაბეღლავს რომ მივუახლოვდით, მდინარე გუბაზოულზე აშენებული იყო ჰიდროელექტროსადგური, რამაც ძალიან დამაღონა. ადგილობრივ გურულებს რომ ვკითხე, აზერბაიჯანული კომპანია აშენებსო, მითხრეს. საინტერესოა, ამ მდინარის ხასიათი თუ შეისწავლეს. გუბაზოულმა ისეთი ადიდება იცის, გზაც კი აღარ მოჩანს. ძალიან ვწუხვარ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ამ სადგურის აშენების უფლება გასცა. ადამიანები ბუნებას ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გუბაზოულის ცნობილ ენდემურ კალმახს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ცხადია, რომ ჰესის გამო კალმახი ვეღარ შეძლებს ქვირითის დასადებად სათავეებთან ასვლას. და სულ მალე გაქრება კიდეც.

გავაგრძელეთ გზა, მივუახლოვდით ცხრაწყაროს, გავჩერდით წყლის დასალევად. გარშემო აუწერელი სილამაზე თავს გვევლებოდა. ფოთლოვანი ტყე იცვლებოდა წიწვოვანით, ჩვენ კი სულ უფრო მაღლა მივიწევდით. გავიარეთ 50 კილომეტრი და მალე ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე აღმოვჩნდით. აქ სულ სხვა ჰაერი და სხვა შეგრძნებაა... კურორტზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. იყვნენ მხოლოდ მეტყევეები, პოლიციელები და ერთი-ორი დამსვენებელი, ცარიელი სახლები, დაკეტილი მაღაზიები და ჩვენ.

მეტყევეებმა გვიმასპინძლეს. მაინტერესებდა, თუ ჰქონდა ადგილი ბრაკონიერობას, მონადირეების თარეშს წითელ ნუსხაში შესულ ცხოველებზე: დათვზე, გარეულ ღორზე, მგელზე და ა.შ. როგორც მითხრეს, მწყერზე ნადირობენ სატყუარათი, რაც კანონით აკრძალულია.კიდევ კარგი, დროულად აღმოაჩინეს და დააჯარიმეს.

ბახმარო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, მაგრამ − მიტოვებული. სახელმწიფომ მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს ალპური ზონაა ზღვასთან ახლოს, ზღვისა და მთის ჰავის შეზავება კი კლიმატს ქმნის.

მოსაღამოვდა, ადგილობრივმა აჭარელებმა სახლებში შეგვიპატიჟეს.ძალიან მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ აჭარელები მთაში. მოვინახულე მარკოიძეების ოჯახი, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე ბახმაროში ცხოვრობს და მესაქონლეობას ეწევა. მარკოიძეებს 15 ძროხა ჰყავთ და ამ ყველაფერს ერთი დიასახლისი უძღვება. დიასახლისმა გაგვიშალა სუფრა, გავსინჯეთ აჭარული კერძები კაიმაღი, ბორანო და სხვა. დაღლილებმა ტკბილად დავიძინეთ.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი

დილას ადრე გამეღვიძა. მასპინძლებთან ერთად ავდექი. გარეთ გამოვედით, წყაროს წყალზე ხელ-პირი დავიბანე, აჭარელმა მასპინძლებმა მახარეს, რომ ბაირამობა ჰქონდათ და დამპატიჟეს მეჩეთში. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა მათი რიტუალი, ეს ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. გავემგზავრეთ ბეშუმის მიმართულებით და გავჩერდით ერთ სოფელში, სადაც მეჩეთის ეზოში მუსლიმები შეგროვილიყვნენ. აჭარელები ჯერ დაბანის რიტუალს ასრულებდნენ, შემდეგ ფეხშიშველები მეჩეთში შედიოდნენ სალოცავად. მე გარედან ვაკვირდებოდი მათ ლოცვებს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ იწყებოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რის შემდეგაც იქაურობას გავეცალე... ისე, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია მართლმადიდებლებსაც გვაქვს (მაგალითად, ლომისობის დღესასწაულზე), რაც ყოვლად მიუღებელია ცივილიზებული ადამიანისთვის. საღამოს დაღლილები დავბრუნდით თბილისში.

25 სექტემბერი, პარასკევი

დილის 8 საათზე დამირეკეს. ძაღლი ვერ მშობიარობდა და დახმარება მთხოვეს. ერთ საათში დავიწყეთ საკეისრო კვეთა, გამოვიყვანეთ 12 სენბერნარის ლეკვი, ძალიან საყვარლები და დიდები იყვნენ. დედა და შვილები თავს ჯანმრთელად გრძნობენ.

ბავშვობიდანვე მიყვარდა ცხოველები. დედა მინერგავდა ამ სიყვარულს. მყავდა პატარა ლეკვი დეზი, რომელსაც დიდი სიყვარულით ვუვლიდით და ვზრდიდით. ექიმების ოჯახში გავიზარდე და, როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, არ ვიცოდი, ტრადიციას გავყოლოდი თუ ვეტერინარი გავმხდარიყავი. ცხოველების სიყვარულმა მძლია. ბოლო ხანს ვეტერინარია საკმაოდ განვითარდა საქართველოში. წინათ ძალიან ცუდი ვითარება იყო. ხშირად დავდივარ უცხოელების ტრენინგებზე, ვცდილობ, კვალიფიკაცია ავიმაღლო, რადგან მინდა, საქართველოში ეს დარგი ევროპულ დონეზე იყოს განვითარებული.

26 სექტემბერი, შაბათი

შაბათს მეტი დრო მრჩება შვილიშვილებისთვის. თუ, რა თქმა უნდა, მოულოდნელმა ზარმა კლინიკაში არ ამომაყოფინა თავი.

დღეს ბავშვები ზოოპარკში წავიყვანე. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. მას შემდეგ, რაც სტიქია მოხდა, სულ ამაზე ვფიქრობ. ცხოველების ნახევარი განადგურდა, როგორც მოვარდნილი წყლის, ისე ადამიანების არასწორი მოქმედების გამო. შუმბა სულ თვალწინ მიდგას...

მოკლედ, მინდა დავისვენო ჩემს ოჯახთან ერთად. იმედია, ყველაფერი მშვიდად იქნება. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, პროფესია, მეგობრები, ახლობლები, ბუნება და ცხოველები. შვილებსაც ამას ვასწავლი: სიკეთე სიკეთეს შობს, ბოროტება კი − ბოროტებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG