Accessibility links

logo-print

14 აგვისტო, კვირა

რუტინული რიტუალი: აეროპორტში დილაადრიან ვიღაცის დახვედრა, ამჯერად განსაკუთრებული – ჩამოდიან ჩვენი შვილი ლუკა და შვილიშვილი მათე. ნინო და მე კი ვხარობთ, მაგრამ მათეს სიხარულს ეს, ალბათ, ვერ შეედრება – ბებოსთან ყოფნა ყველაფერს ურჩევნია.

გამოვიძინეთ. ჩამოსულები და ბებო ბოტანიკურ ბაღში მიდიან. მე, კიდევ ერთხელ, ქალაქს უნდა დავეხმარო. ჯერ კიდევ თებერვალში მომმართეს დასახმარებლად. მაშინ საქმე თითქოს მიჩუმდა და ახლა, როცა მერიაში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, ისევ გახმაურდა (ამას დეველოპერები ახერხებენ თუ მოქალაქეები არ არიან საკმაოდ ფხიზლად, არ ვიცი. ალბათ, ორივე ერთად). საქმე შეეხება მთაწმინდის შესახვევისა და ნიაღვრის ქუჩის კუთხეში სიმჭიდროვეთა გადამეტებითა და სამეზობლო წესების დარღვევით შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (აქ ნამდვილ წესებს ვგულისხმობ და არა ქალაქის მმართველობის მიერ შექმნილ რაღაც უმსგავსობას, რომელსაც „თბილისის განაშენიანების წესები“ დაარქვეს).

კარგა ხანია ცნობილია, რომ ქალაქის მმართველობას ახალ მშენებლობაში ნებისმიერ ფასად სწრაფი კერძო მოგების გარდა არაფერი აინტერესებს. შექმნილია ერთგვარი ალიანსი ქალაქის მმართველობას, ინვესტორთა და არქიტექტორთა შორის, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე და უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გარიგებებით ქალაქს ანადგურებენ.

აქაც ეს შემთხვევაა – ზემო მთაწმინდაზე, სადაც განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია განაშენიანების სილუეტი და მას ისტორიული განაშენიანების ზონა იცავს (უფრო სწორად, უნდა იცავდეს), სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვის (ამას გამოხატავს ირიბად კ2 კოეფიციენტი) ზედა ზღვარი მკაცრად უნდა იყოს დაცული, რადგან იქ სატრანსპორტო, ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურების მნიშვნელოვანი განვითარება შეუძლებელია, დაგეგმილია ამ თვალსაზრისით სრულიად შეუფერებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც, გარდა ამისა, უშუალო სამეზობლოსაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

სამი დღის წინ, როცა ბერლინის სენატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს ქალაქს ვათვალიერებინებდი, აქაც მოვედით და ვესაუბრეთ დაზარალების საფრთხის ქვეშ მყოფ მოსახლეებს. აშკარაა, რომ მთაწმინდაზე ამ მშენებლობით მეზობლების უფლებები კიდევ ერთხელ დაირღვევა, თბილისს კიდევ ერთი ზიანი მიადგება, მაგრამ ქალაქის მმართველობა ამას მაინც მხარს უჭერს.

ვაგროვებ საჯარო ინფორმაციას მერიის შესაბამის გვერდზე (ქალაქის წინა ხელისუფლებამ, უამრავი დანაშაულის პარალელურად, ეს კარგი საქმეც გააკეთა: არქიტექტურის სამსახურის საქმისწარმოება საჯაროდ ხელმისაწვდომია). ზოგი რამ არ იძებნება, მაგრამ სურათი ნათელია.

ჩამოსულები და ბებო ბოტანიკურიდან დაბრუნდნენ. მათეს ლეღვთა ხევში, ჩანჩქერთან უბანავია და ქვებით დამბები უშენებია. მოკლედ, კმაყოფილია.

15 აგვისტო, ორშაბათი

ხელოსნები მოვიდნენ. ჩვენს ტერასაზე ჰიდროიზოლაციის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გააკეთონ. ორნი არიან, ორივე იმერელი. ისე საყვარლად უქცევენ იმერულად, გაგეხარდება. მთავარი მაინც ისაა, მათ გაკეთებულმა საქმემაც ასევე გაგახაროს.

მთაწმინდის გუშინდელ საქმეს ვაგრძელებ და იმეილებს ვწერ. ქართულ-გერმანული ინიციატივის, „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ საქმეც მისახედია. ამისთვის გარკვეული ნაბიჯები გადავდგი, მერე ჩვენს გერმანელ პარტნიორს ვეთათბირე და ახლა ამაზეტელეფონით კარგა ხანს ვსაუბრობ რეალური ლაბორატორიის ერთ ინიციატორთან, ნატა ნებიერიძესთან, რომელიც ინგლისშია და ჩვენს ერთ-ერთ პროექტში ხანგრძლივი დამღლელი მუშაობის მერე ცოტა სულს ითქვამს. საქმეში ჩაერთო ჩემი შვილი ლუკაც, რომელმაც ქალაქგეგმარება ბერლინში ისწავლა. მე ბევრი რამ მისი საშუალებით და მისგან ვიცი ამ სფეროში (რატომღაც ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ მხოლოდ შვილები უნდა სწავლობდნენ მშობლებისგან, და არა პირიქით).

ამასობაში ჩამოსულები და ნინო მანგლისში მიდიან მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, რაგბის ბურთიც თან მიაქვთ: ლუკას მეგობარი ნიკო კრებსი ამბობს, გადარეული არიან იქაურები რაგბიზე, მთელი დღე რაგბის თამაშობენო.

ისევ კომპიუტერს ვუზივარ. მეგობარმა „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტის ერთი აქაური არქიტექტორის მიერ დაწერილი ექსპერტიზა და სხვა ორი არქიტექტორის მიერ დაწერილი ალტერნატიული კანონი მომცა გასაცნობად. ეს კოდექსი, რომლის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი, უკვე დიდი ხანია პარლამენტში დევს და კენჭისყრაზე არ გააქვთ – ფეხს ითრევენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამაში ლომის წილი არსებული სამშენებლო პრაქტიკის შენარჩუნების ლობის მიუძღვის: კოდექსის პროექტი ცდილობს, სამშენებლო საქმიანობა სივრცითი მოწყობის ევროპულ პრინციპებს დაუქვემდებაროს, რაც აღნიშნული ლობის წარმმართველებს, ე.ი. სწრაფ, უპასუხისმგებლო მოგებას გამოკიდებულ ინვესტორებს და მათი ხელის შემყურე არქიტექტორებს არ აწყობთ. სამუშაო ფორმაში მომყავს მოწოდებული დოკუმენტები და იქნებ ქალაქიდან გასვლამდე მოვასწრო მათი გაცნობა. თუ ვერა, მაშინ სექტემბრისთვის გადაიდება.

დროდადრო ხელოსნებს ავხედავ ხოლმე – ემანდ რამე არასწორად არ გააკეთონ!

მანგლისში წასულები ნასეირნებ-ნაბურთავები ბრუნდებიან. მანგლისის წიწვოვანი სურნელის მქონე ჰაერს მეც სიამოვნებით ჩავისუნთქავდი და რაგბისაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ვერ ვიცლი, სამწუხაროდ.

16 აგვისტო, სამშაბათი

ხელოსნებთან ერთად მოჭიმვის ზედაპირს ვკვალავ, ისევ კომპიუტერს ვუჯდები და პირველ რიგში ფოსტას ვნახულობ, რაც ფეისბუკში შეხედვასაც გულისხმობს.

ეს ფეისბუკი ერთობ წინააღმდეგობრივი რამეა. ერთი მხრივ, სრულიად აუცილებელ საკომუნიკაციო საშუალებად იქცა, რაც დიდ დროს ზოგავს, ხოლო მეორე მხრივ, უამრავი ზედაპირული ინფორმაციისა და ასეთივე მსჯელობის კითხვით, რასაც ხშირად თავს ვერ ვარიდებ, დიდ დროს მაკარგვინებს. თუმცა ასეთ ზედაპირულობათა დაკვირვებით მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაც შესაძლებელი ხდება. ერთი მათგანია ამ გაგანია ზაფხულში განვითარებულ მოვლენათა სოციალურ ქსელში ასახვაზე დაკვირვება.

ზაფხულში ადამიანი ერთგვარად ექსკარნირებულია და, აზრის მობილიზება რომ სჭირდება, ისეთ სამუშაოს ძნელად ასრულებს. ქართველებს კი აზრის მობილიზება წლის სხვა დროსაც გვიჭირს და ზაფხულში რა დღეში ვიქნებით, ადვილი წარმოსადგენია: ემოციების ამარაღა ვართ დარჩენილნი. ჰოდა სწორედ ამ დროს, თითქოს განზრახ, ერთმანეთს ემთხვევა რუსეთთან ომის წლისთავი, რიოს ოლიმპიადა და წინასაარჩევნო კამპანია. აღშფოთებანი და აღფრთოვანებანი მწვერვალებს აღწევენ – ფეისბუკი ქუხს! ყველა სახის გმირები და რაინდები, მომავალში ქვეყნის განმაბრწყინებელი პოლიტიკოსები და მათი განმქიქებელი პოლიტიკის ექსპერტები, საქართველოს დიდებისთვის დამაშვრალნი და მათი შემჩვენებლები ერთგვარი ექსკრემენტული ნარევის მსგავსად გადმოსჩქეფენ ფეისბუკიდან და ადამიანის ისედაც მბჟუტავ აზროვნებას საბოლოო განადგურებით ემუქრებიან. უჭირს ადამიანს.

მთაში წასვლაა ახლა გამოსავალი...

ხელოსნებმა მუშაობა დაამთავრეს და ჩვენები ზემო ნიჩბისში, აგარაკზე მიმყავს. მე უკან უნდა დავბრუნდე და ნინოს მთაწმინდის სახლის გამაგრების საქმეს მივხედო. ქალაქის მმართველობის ერთი კარგი პროექტი გვაძლევს სახლის გადარჩენის იმედს: ავარიულ სახლებს მერია თითქმის საჩუქრად (საპროექტო და სამშენებლო ღირებულების 90%-ის გადახდით) ურემონტებს ბინათმფლობელთა ამხანაგობებს. თავისი არსით პროექტი კი კარგია, მაგრამ თითქმის ვერ მუშაობს და ძველი ქალაქიც თითქმის ისეთივე ტემპით ინგრევა, როგორითაც ამ პროექტის შექმნამდე ინგრეოდა. ვნახოთ, იქნებ ჩვენს შემთხვევაში გატყდეს ნავსი.

17 აგვისტო, ოთხშაბათი

ახალი გამოწვევა ქალაქის დამცველთათვის: პავლოვის 24-ში (ახლა ყაზბეგის გამზირი ჰქვია), როგორც პრესა წერს, 42-სართულიანი ორი კორპუსის მშენებლობას აპირებენ და ამისთვის სრულიად ჯანსაღ მრავალწლიან ხეებს ჭრიან. „პარტიზანი მებაღეები“ და ალიკო ელისაშვილი ცდილობენ, ხელი შეუშალონ. ადგილზე მიდის გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. იწყება ჩვეული ცირკი: ალიკო ელისაშვილი ეკითხება ნინო სულხანიშვილს, თქვენ რას იტყვით, ეს ხე გამხმარი ან ავადმყოფიაო? და მოჭრილ, თვალსაჩინოდ ჯანსაღ მრავალწლოვან ხეზე მიუთითებს. სამსახურის უფროსი პასუხობს, მე ამას ვერ შევაფასებ, ამაზე საექსპერტმო დასკვნა გვაქვსო. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმას, როცა ერთხელ, „ტაბულის“ ეთერში, მერის მაშინდელ მოადგილეს ირაკლი აბესაძეს წინ დავუდე ვაკის პარკში სასტუმროს (რომლის აშენებასაც ის კბილებით იცავდა) მერიიდან გამოთხოვილი ნახაზი და ვთხოვე, სართულების რაოდენობა დაეთვალა. მიპასუხა, ვერ დავითვლიო, ნული ნიშნული სადაა, არ ვიციო. მოკლედ, შვიდამდე ვერ დავათვლევინე, რასაც ზუსტად იმავე პირობებში ნებისმიერი პირველკლასელი გააკეთებდა. ასეთ რამეებზე არკადი რაიკინი ხუმრობდა შესანიშნავად და ჩვენც გულიანად ვიცინოდით. ახლა სასაცილოდ აღარაა საქმე, სამწუხაროდ: ქალაქში სუნთქვა აღარ შეიძლება, „წმინდა ინვესტორის“ მოგებას, არქიტექტორის ჰონორარს და ამათგან აღებულ ლეგალურ თუ არალეგალურ შემოსავლებს გადააყოლა ქალაქის მმართველობამ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მათი საზოგადოებრივი ინტერესები, ქალაქის ხიბლი. მოკლედ, პარადოქსულ ვითარებასთან გვაქვს საქმე: ქალაქის მმართველობა ქალაქის დაუძინებელი მტერია. ეს არაა გადაჭარბებით ნათქვამი, ეს ზუსტად ასეა.

პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე, პროტესტის ნიშნად მერიის წინ ჯდება და შიმშილობას აცხადებს. იქვეა ქალაქის დამცველთა პატარა ჯგუფიც. მეც აქ ვარ სოლიდარობის ნიშნად. პრესაც აქვეა. აი, მერიის პასუხისმგებელი თანამშრომლები კი, რომლებიც აქციის ადრესატები არიან, არსად ჩანან.

18 აგვისტო, ხუთშაბათი

ფეისბუკში და მედიაში გრძელდება გამოხმაურება გუშინდელ ვანდალიზმზე. კარგა ხანია უკვე, რაც მედია დადებით როლს თამაშობს ქალაქგანვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების საქმეში. ნაწილობრივ მისი დამსახურებაცაა, რომ ჩვენში გაჩნდა ნამდვილი სამოქალაქო აქტივიზმის ჩანასახები.

„პარტიზანული მებაღეობის“ ერთი წევრი, მარიამ ბაქრაძე სწორედ ახლა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიიდან მათ მოძრაობაზე და ქალაქში გამწვანებული ტერიტორიების განადგურებაზე ლაპარაკობს. სხვა ასპექტებთან ერთად, ის ხაზს უსვამს მოქალაქეთა პასუხისმგებლობას და ინიციატივას, როგორც მოქალაქეობის საფუძველს.

ამ რამდენმე დღის წინ ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ფეისბუკით გავესაუბრე და სწორედ ამ თემას შევეხე. პატარა ამონარიდი ამ საუბრიდან:

„...მე მინდა დაინერგოს არაიდეოლოგიზებული, ძალაუფლებაზე არაორიენტირებული სამოქალაქო აქტივობა, რომელიც თავისი ლოკალური სამშობლოს მოვლის და განვითარების პასუხისმგებლობას იტვირთავს. ასეთი აქტივობისთვის სულ ერთია, რა ჰქვია ამა თუ იმ სამთავრობო ჯგუფს – ნებისმიერი ასეთი ჯგუფი მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, და არა პირიქით. ეს აქტივობა ამას უნდა მოითხოვდეს პირველ რიგში, ესაა არსებითი. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მშენებლობის მართვის საშინელი, დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ‘ქართულმა ოცნებამ’ გადაიბარა და გაორმაგებული სიხარბითა და ტემპით აგრძელებს მის გამოყენებას. მოქალაქეები ამ სისტემას უნდა ვებრძოდეთ და არა ქოცებს, ან ნაცებს.“

„პარტიზანული მებაღეობა“ სწორედ ასეთი აქტივობაა. მისი და ალიკო ელისაშვილის ინიციატივით 20 საათიდან მერიის წინ მწვანე ტერიტორიათა და ნარგავთა განადგურების საწინააღმდეგო აქცია იმართება. ზაფხულის მიუხედავად, ქალაქის ბევრი გულშემატკივარი მოვიდა პროტესტის გამოსახატად. მეც მათთან ვარ. ნატა ფერაძე შიმშილობას აგრძელებს. ისევე, როგორც გუშინ, მერიის არც ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი არ გამოჩენილა. ეტყობა, სერიოზულად არ უყურებენ მოქალაქეთა სატკივარს.

საპროტესტო აქციის მერე ჩვენებთან მივდივარ აგარაკზე. მარიამი თბილისში რჩება.

19 აგვისტო, პარასკევი

ბუნება და სიმწვანე – პირველი ცნებები, აგარაკზე პირველი განცდების ძალზე სქემატურად, შეიძლება ითქვას, ბანალურად გამოხატვისთვის. ამ განცდათა მთელი კომპლექსი, რომელთა აღწერას ვერ შევძლებ, საოცრად დიდი აღმდგენი ძალით მოქმედებს ჩემს მთელ არსებაზე. ქალაქის გამომფიტავ ცხოვრებას საპირწონე სჭირდება. ამიტომაა საქალაქო პარკები და ტყეები ქალაქური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სარეკრეაციო სივრცეთა შექმნის კულტურა ურბანული კულტურაა.

ამის საპირისპიროდ, ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ქალაქის სახე ერთმანეთთან მიჯრით მდგომი „კორპუსების“ გროვაა. ამას ჰქვია ჩვენში „ურბანული გარემო“. ეს სტერეოტიპი გამსჭვალავს თითქმის მთელ საზოგადოებას, სამწუხაროდ, არქიტექტორთა პროფესიულ საზოგადოებასაც. ეს მოვლენა ნოყიერ ნიადაგს უქმნის მშენებლობის გაგებას, როგორც სწრაფი და უპასუხისმგებლო კერძო მოგების ინსტრუმენტისა. ამ გაგებით ქალაქში გამწვანებული ტერიტორიების არსებობას არავითარი აზრი არ აქვს. მათი არსებობა ურბანიზმის საწინააღმდეგო მოვლენად, ამასთან, წმინდა წყლის ზარალად აღიქმება და ისინი რაც შეიძლება მალე უნდა ჩაანაცვლოს „მოგებიანმა“ სამშენებლო ბაქნებმა.

საშაბათკვირაო გასვლები ქალაქარეთ საქმეს ვერ შველის: ჯერ ერთი, მილიონიანი ქალაქის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს და, კიდეც რომ ჰქონდეს, მათ მძიმე, ფიზიოლოგიურად და ფსიქიკურად გამომფიტავ ყოფას ეს ვერ დაეხმარება. ასეთ დიდ ქალაქს სჭირდება ასეთივე დიდი სარეკრეაციო ტერიტორიები, განიავების გონივრული დერეფნები, ყოველდღიურად სახმარი, საცხოვრებელთან ახლოს მყოფი პარკების სისტემები და, როცა მას ეს ყველაფერი არ აქვს, თავს იჩენს ეგრეთ წოდებული „ჭუჭყიანი ურბანიზმის“ თანმდევი მოვლენები: გადაღლილი და გაღიზიანებული მოქალაქეები, დაბალი შრომისუნარიანობა, სასუნთქი გზებისა და სიმსივნური დაავადებების მაღალი დონე.

სწორედ ამ მდგომარეობაშია თბილისი, მისი მმართველობა კი ყოველდღიურად, გასაოცარი სტაბილურობით ანადგურებს ქალაქში ჯერ კიდევ შემორჩენილ გამწვანებულ სივრცეებს.

ასეთი ფიქრებითა და განწყობით სააგარაკო საათებსაც ვერ შეირგებს ადამიანი, თუმცა დროებით გაერთიანებულ ოჯახთან ერთად კარმიდამოს მოვლა და სახლში წვრილმანების შეკეთება, შემდეგ ნათლულისა და მისი პატარა შვილის სტუმრობა ნამდვილად მშველის და ხვალ თბილისში ცოტა დასვენებული დავბრუნდები.

20 აგვისტო, შაბათი

მათე, ლუკა და მე თბილისში ვბრუნდებით. დაგვემგზავრა მეზობელი მოაგარაკის ახალგაზრდა შვილი, რომელიც მორაგბე გამოდგა და, რადგან ლუკა და მეც ადრე (ბუნებრივია, სხვადასხვა დროს) რაგბის ვთამაშობდით, საერთო ენა სწრაფად გამოვნახეთ: საქართველოს პირველობის ჭაბუკთა ლიგების და იქ კლუბ „ლელოს“ მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ. ბევრი გუნდი თამაშობს ჭაბუკთა ლიგებში, რაც 70-იან წლებში, როცა მე ვთამაშობდი, სრულიად წარმოუდგენელი იყო. ძველი თაობების თავდადებამ და ამ სპორტისადმი უანგარო, გულიანმა დამოკიდებულებამ ნაყოფი გამოიღო: რაგბი, მილტონ ჰეიგის თქმისა არ იყოს, მართლაც სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა. იმედი მაქვს, რაგბის საერთაშორისო კავშირის ძალისხმევით რაგბი კომერციალიზაციის საფრთხეებს გადაურჩება და ფეხბურთის მსგავსად კორუფციის კერად არ იქცევა. საქართველოს რაგბის კავშირშიც საკმაოდ ჯანსაღი ატმოსფეროა და ეს სხვადასხვა დონის პირველობების ორგანიზაციულ და სპორტულ დონეზე აისახება. მე ხშირად ვამბობ, რომ რაგბი საქართველოში წესრიგის კუნძულია და, მგონი, ძალიან არ ვაჭარბებ.

ხვალ ლუკა და მათე ჯერ ჭაუხის ძირში მიდიან და მერე მეტეოში ავლენ, საიდანაც ლუკა მეგობრებთან ერთად მყინვარწვერზე აპირებს ასვლას. თბილისში სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდებიან და მალევე გაფრინდებიან ბერლინში.

ლუკა მგზავრობის სამზადისშია, მე კი მათე ჩავიბარე. არადა, შაბათის დღიურიც დასაწერი მაქვს და მერე რადიო თავისუფლების სტუდიაში უნდა მივიდე - ეს დღიური უნდა ჩავწერო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG