Accessibility links

logo-print

14 ივნისი, კვირა

დაახლოებით პირველის ნახევარი იყო, როდესაც ძლიერი წვიმის მერე ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე ზოოპარკში, რომ შეგვემოწმებინა, რა ხდებოდა. ქვედა ნაწილში, აფთრების ვოლიერისკენ წავედით, რადგან იქ, როგორც წესი, წყალი დგება ხოლმე. გზაში შეგვხვდა ვეტექიმი, რომელმაც გვითხრა, რომ პატარა პრობლემა შეიქმნა: გარეული ღორის გოჭები გვყავდა და, რომ არ დამხრჩვალიყვნენ, რაღაცები ჩაუყარა წყალში. ახლა ყველაფერი მშვიდად არის. მაინც ჩავედით სანახავად. მივედით, ჩავხედეთ. არაფერი ისეთი პრობლემა არ იყო იმ მომენტისათვის.

აფთრები წყალში დატყაპუნობდნენ, რაც მათ ძალიან უყვართ. უცებ თანამშრომელმა დამიძახა, აფთრების ვოლიერში ჩანჩქერი გადმოსკდაო. გავიხედეთ, მართლაც ჩანჩქერი იყო გადმოვარდნილი. მე სასწრაფოდ შევტრიალდი და გავიქეცი, იმიტომ რომ მეუღლე მანქანაში იჯდა და როდესაც ავედი გზაზე, დავინახე უკვე მდინარე მოდიოდა. მანქანაში ჩავხტი და უკუსვლით წავედი საკმაოდ სწრაფად, მაგრამ გზაში დავინახე, რომ ცოცხალი წერო მოჰქონდა წყალს, დაახლოებით წელამდე იყო. გავჩერდი, გადმოვხტი მანქანიდან, ეს წერო საბარგულში ჩავაგდე (პიკაპი იყო ეს ჩემი მანქანა) და, როდესაც ისევ ჩავჯექი, კარის დახურვა ვეღარ შევძელი, წყალმა კარი მოგლიჯა, გაასწორა მთლიანად, არ წაუღია. შემდეგ უკვე გაღებული კარით მომიწია ასე უკუსვლით მოძრაობა. რამდენიმე მეტრი გავიარეთ, მანქანა წყლით ივსებოდა და მერე ძრავა ჩაქრა. მე და ჩემი მეუღლე გადმოვძვერით, მეორე მხრიდან კარის გაღება შეუძლებელი იყო. შემდეგ უკვე ვებღაუჭებოდით ღობეებს. ასე მივედით ერთ-ერთ შენობასთან, რომელსაც შედარებით დაბალი სახურავი აქვს. იქვე იყო ღობე, დათვების ბოლო ვოლიერთან. სადღაც კუთხეში მორი იყო გაჩხერილი, რომელსაც მოვეჭიდეთ. წყლის ქვეშ, ფეხები გავუყარე ღობეში. წყალი ძალიან მაღალი იყო, უკვე ვტივტივებდით, წყალი თითქმის ფანჯრამდე აღწევდა. როცა მივხვდით, რომ წყალი ისე მატულობდა, თავზე გადაგვივლიდა, სახურავზე აძრომა ვცადეთ, ფანჯარა ჩავამტვრიეთ... ჩემი მეუღლე ვერ მიძვრებოდა, ცდილობდა, ხელი ჩაეჭიდა რამისთვის, მაგრამ მოსაჭიდებელი არაფერი იყო. მერე მივფოფხავდით, მივცურავდით... ბოლოს მივცურეთ, მივაღწიეთ დაახლოებით იქამდე, სადაც დათვების ვოლიერი იყო. შევხედე, რომ დათვები აღარ ჩანდნენ. როგორც ჩანს, შეშინებულები შიგნით შეიმალნენ ან უკვე დამხრჩვლები იყვნენ. ავძვერით ღობეზე, ავედით ამ პირველ სახურავზე. როგორც იქნა, გადავედით და, გადავედით თუ არა, წყალი სახურავზეც შემოვარდა. რაღაც რკინის ცილინდრი ვნახე, საკმაოდ დიდი, არ ვიცი, რა იყო. მივაყუდეთ, როგორც იქნა, და იმის დახმარებით ავძვერით შემდეგ სახურავზე. ავედით და იქაც ამოვიდა წყალი, გავიქეცით ამ მხარეს, შემოსასვლელისკენ. წყალი მოგვდევდა, პირდაპირი მნიშვნელობით...

ამ შენობას სპეციფიკური სტრუქტურა აქვს, კიდევ ერთი სახურავია და შემდეგ − პარაპეტი. როდესაც ბოლოში მივედით, დავინახეთ, რომ იქიდანაც წყალი მოდიოდა. ამიტომ შემოვტრიალდით ერთ-ერთი ამ შემაღლებული სახურავისკენ, რომელიც, სადაც ჩვენ ვიდექით, იქიდან ორი მეტრით არის დაშორებული − ორი მეტრის სიმაღლისაა. მეუღლე შევისვი კისერზე, ავწიე და, როგორც იქნა, შევსვი იმ სახურავზე. შემდეგ ამ შემაღლებულ სახურავზეც ამოვიდა წყალი და იქიდან იყო პარაპეტი, სადღაც 70-80 სანტიმეტრი, და ამ პარაპეტზე ავედით მე და ჩემი მეუღლე. და აქ, უკვე 15-20 სანტიმეტრში ჩვენგან, წყალი გაჩერდა. გარშემო ყველაფერი წყლით არის სავსე. ვუყურებთ, მანქანები დაცურავენ... სამარისებური სიჩუმე იყო. ორი საათი ვიდექით ასე.

შემდეგ უკვე მოვიდა ხალხი. როგორც იქნა, დაიწყო მოძრაობა. წყალმაც ცოტა დაიკლო. ჩემი მეუღლე ყვიროდა, მიშველეთ, მიშველეთო! იქიდან ვიღაცა პასუხობდა, რომელიც ხეზე იყო, რომ დათვები არიან გამოსული. შეშინებული ვიღაცა, არ ვიცი, ალბათ შემოიპარა ღამით ზოოპარკში. არ მინახავს მერე ის ადამიანი. ჩვენი თანამშრომელი კოტე ფხაკაძე, რომლის მადლიერიც, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები, მოვიდა პირველი. მერე მოვიდნენ მაშველებიც. ნათია მათ გადავაბარე და, რა თქმა უნდა, მეც გავყევი. ზებრების ვოლიერთან ღობეს გამოვყევით და ასე ამოვედით უკვე სამშვიდობოზე. აქ, რა თქმა უნდა, უკვე საშინელება დაგვხვდა. სანამ იქ ვიდექით, უკვე ისროდნენ: ხმა ისმოდა. რომ ამოგვიყვანეს, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო...

ეს ყველაფერი დინამიკურად ხდებოდა და, დილა რომ გათენდა, დავიწყეთ ცხოველების ძებნა, ცოცხალი ცხოველები გვყავდა გადასარჩენი. მე უკვე ძალაგამოცლილი ვიყავი, თუმცა მოძრაობა შემეძლო. ჩემი მეუღლე სახლში გავუშვით, მანამდე ჯერ სასწრაფომ აღმოუჩინა დახმარება...

ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოახერხეს ჩემმა თანამშრომლებმა, ასეთი სისწრაფით რომ გაჩნდნენ ზოოპარკში. ზოგიერთი, მაგალითად, ვანო დარასელია, როგორც შემდეგ გავიგე, შვებულებაში იმყოფებოდა, სადღაც სულ სხვაგან იყო და უცებ საიდან გაჩნდა აქ, თბილისში, არ ვიცი. ყველა ვეტექიმი: ირაკლი რობაქიძე, ვანო მარხვაშვილი, ნიკა ქერდიყოშვილი და ზოოპარკის მთელი შემადგენლობა უკვე აქ იყო. მიდიოდა გამალებული მუშაობა, რომ გადაგვერჩინა ეს ცხოველები. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტრანკვილიზატორებს ვიყენებდით. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ცხოველი უკვე ცუდად იყო და ამოსაყვანად ჩახტა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი. ეს მტაცებელი ცხოველი იყო, რომელიც მართალია, შემდეგ დაიღუპა, მარამ მან მაინც ამოიყვანა და ვეცადეთ, რომ გადაგვერჩინა.

ყველაზე უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბეჰემოტი იყო გმირთა მოედანზე. აქ უკვე ჩვენი მეგობრები მოვიდნენ: „ნაკრესის“ თანამშრომლები. ჩვენ, ყველანი, ნაკრესელები ვიყავით თავის დროზე: ლევან ბუთხუზი და ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინვე მოვიდა ტრანკვილიზატორებითა და თოფით. სწორედ მან დააძინა, უფრო სწორად, მან ესროლა ბეჰემოტს და შემდეგ ის გაბრუებული იყო. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იყო, რადგანაც დოზა კარგად უნდა ყოფილიყო შერჩეული, რომ ბეჰემოტი არ დაწოლილიყო, იმიტომ რომ მერე ამხელა მასის აწევა ბეჰემოტისთვის სახიფათო იქნებოდა. შემდეგ თანამშრომლები, იგივე ლევანი, ბეჟო და მწვანეთა მოძრაობის ოთხი წევრი, რომელთა სახელები არც კი ვიცი, მოვარდნენ თავიანთი მანქანებით, გვეხმარებოდნენ ბეჰემოტის შედენაში. ნელ-ნელა მოვიყვანეთ და შევიყვანეთ სპილოს ვოლიერში, რომელიც გამზადებული იყო. ასე ვითარდებოდა პროცესები. მთელი დღის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია იყო...

ჩემი სამი თანამშრომელი დაიღუპა: გულიკო ჭიტაძე, მისი ქმარი მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი. შემდეგ იპოვეს ისინიც. ის შენობა მთლიანად სავსე იყო შლამითა და წყლით, ძალიან რთული იყო. ჩვენი სხვა თანამშრომლებიც იყვნენ მოსული, მათ შორის, პიარის მენეჯერი მზია შარაშიძე თავისი მეუღლით. სწორედ მისმა მეუღლემ შეძლო პირველმა შიგნით შესვლა. შევედით ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ჩემი ძაღლი იყო დატოვებული. ძალიან შეშინებული დაგვხვდა: ერთი მხრიდან წყალი უტევდა, მეორე მხრიდან კონდიციონერზე დათვი იჯდა. ლეკვია, სულ ერთი წლისაა და ძალიან შეშინებული იყო. ამ დროს მიკროავტობუსის თავზე, რომელიც შედარებით მაღალი იყო, ილომ მოძრაობა შენიშნა და არ დამავიწყდება მისი სიხარული − კარაკულა! ეს არის შუმბას, თეთრი ლომის მეგობარი, პუდელი კარაკულა, რომელიც სახურავზე იჯდა. თვითონვე მივიდა, გამოიყვანა და ავიყვანეთ ჩვენთან, კაბინეტში. მოკლედ, როდესაც შევედით, ჩემმა ძაღლმა შიშისგან ჯერ ყეფა დამიწყო და როცა დამინახა, რომ მე ვიყავი, ჩამეხუტა ადამიანივით.

ამის შემდეგ დაიწყო ტექნიკის შემოსვლა, გასვლა... მუშაობა ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

15 ივნისი, ორშაბათი

დაიწყო რუტინული სამუშაოები: მკვდარი ცხოველების მოძებნა, გამოტანა. ვცდილობდით, შევსულიყავით სხვადასხვა ადგილზე. მთელი ზოოპარკის თანამშრომლები ჩართული იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები და მთელი დღის განმავლობაში ასეთი სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე გვამი იპოვნეს, მათ შორის, მტაცებელი ცხოველების. ზოგიერთი მტაცებელი ცხოველის ძებნა არ იყო დასრულებული, არ ვიცოდით, სად იმყოფებოდნენ. მოხალისეები შემოვიდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მათ მიერ. თუმცა, აქ ძირითადი სამუშაო მაინც ტექნიკისთვის იყო. ყველაფრის ხელით გაკეთება შეუძლებელი იყო. უამრავი ხალხი შეიკრიბაზოოპარკის გარშემო. შემოსვლის ნებართვას ითხოვდნენ, მაგრამ არავის უშვებდნენ, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობდა და გარკვეული ხიფათი შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. მეც ვთხოვე, რომ მოეცადათ და, როგორც კი ტექნიკა დაამთავრებდა თავის საქმეს, მათ შეეძლებოდათ ჩვენთან ერთად მუშაობა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე სხვა ტიპის საქმეს აკეთებდნენ და ძალიან მადლიერები ვართ მათი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნინო ბიგვავა, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა.

მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გარდაცვალების შესახებ... რა თქმა უნდა, ჩემს ახლობლებს, რომლებსაც ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ, რადგან ტელეფონი ერთი წუთით არ დუმდებოდა და დაკავშირება რთული საქმე იყო, ძალიან დავწყვიტე გული. როდესაც მეც გავიგე ამბავი ჩემი გარდაცვალების შესახებ, ამან რაღაც გარკვეული მხიარული ნოტები შემოიტანა მთელ ამ ტრაგიზმში, რაც ჩვენ გადაგვხდა. ჩემი თავის, ასე ვთქვათ, ხსოვნის სადღეგრძელოც კი დავლიეთ თითო ჭიქით.

16 ივნისი, სამშაბათი

მოხალისეები უკვე გაიყვანეს ტერიტორიიდან, უფრო სწორად, შემოსვლა აუკრძალეს. შესაბამისად, აქ მუშაობდნენ მერიის სტრუქტურები, დასუფთავება. ასევე ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინა რკინიგზის დეპარტამენტმა.

ასეთი სამუშაოები კიდევ გრძელდებოდა. კიდევ რამდენიმე მკვდარი ცხოველი იპოვნეს, უკვე ზოოპარკის გარეთ.

17 ივნისი, ოთხშაბათი

დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგა. გუშინ თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ დილით, როდესაც გადავთვალეთ ცხოველები, აღმოჩნდა, რომ ვეფხვი გვაკლდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ და მე შევატყობინე ეს ამბავი, თუმცა უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. სწორედ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა ეს საზარელი შემთხვევა, როდესაც ვეფხვი თავს დაესხა ადამიანს და ის დაიღუპა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ვეტექიმი რამდენიმე წუთით ადრე დაბრუნდა იმ შენობიდან. მან შეამოწმა და ვერაფერი ნახა. როგორც ჩანს, ვეფხვი შლამში იყო ჩაფლული ან მიყუჩებული, არაფერი ჩანდა...

იქიდან უკვე გამოტანილი იყო ერთი ვეფხვი, წავიდა სხვა გვამის გამოსატანად და სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ეს შემთხვევა მოხდა. მერე მოვიდნენ საჯარისო ნაწილები და ვეფხვი მოკლეს. თუმცა ამას მე არ შევსწრებივარ. სამართალდამცველი ორგანოებიდან მოვიდნენ ჩემთან, დაბარებული ვიყავი სხვადასხვა ადგილას. შემდეგ უკვე ჩავთვალე, რომ უნდა გამეკეთებინა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. გავაკეთე ეს განცხადება, რომ მიზეზებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ასეთი მძიმე, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და ამიტომ ჟურნალისტებს განვუცხადე, რომ შეცდომა იქნა ჩემ მიერ დაშვებული, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ამის შემდეგ მე ისევ უნდა დავბრუნებულიყავი პროკურატურაში ჩვენების მისაცემად. მივედი კიდეც ჩემს ორ თანამშრომელთან ერთად. როდესაც გამოვედი, გარეთ ჟურნალისტები მელოდებოდნენ. მანამდე, სანამ გზაში ვიყავი, დამიკავშირდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ ისინი გამოყოფდნენ ადვოკატს, თუ მე არ მყავდა. რა თქმა უნდა, ადვოკატი არ მყავდა. შესაბამისად, ადვოკატი გამოგზავნეს. უცნაური კია, მაგრამ ადვოკატი გვარად ვეფხვაძე იყო... დაკითხვაზე სწორედ მასთან ერთად ვიმყოფებოდი.

დაკითხვა ხანმოკლე გამოდგა. გარეთ რომ გამოვედი, ჟურნალისტები მომცვივდნენ და, როგორც მათგან გავიგე, ხალხი ძალიან დიდი რაოდენობით გამოსულა ჩემთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ჩემთვის ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო: ნამდვილად არ მოველოდი ხალხის ასეთ რეაქციას და, როდესაც კანცელარიაში მივედი იქ რამდენიმე ათასი ადამიანი მელოდებოდა.

ავედი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემს დაკავებას არავინ აპირებდა. მე, ბუნებრივია, ავუხსენი მდგომარეობა − რა ხდებოდა, როგორ იყო, რა იყო.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ასე ერთხმად, უცბად, რამდენიმე წუთში გამოვიდა ქუჩაში, თან ასეთი რაოდენობით! როგორც გავიგე, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ყოფილა შესაბამისი მხარდამჭერი აქციები. ჩემთვის ეს ძალიან გულის ამაჩუყებელია...

არც მჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა. თავი კოშმარულ სიზმარში მგონია და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მალე გავიღვიძო... თუმცა, საუბედუროდ, ეს რეალობაა.

18 ივნისი, ხუთშაბათი

დავუბრუნდი ჩვეულებრივ საქმიანობას. საქმეს ის ართულებს, რომ ბევრგან პანიკაა. ხშირად გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, აქა და აქ ესა და ეს ცხოველი ვნახეთო. იძულებული ვიყავით, გვევლო თბილისში და სხვაგანაც. ხან ჩემს მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან ერთად მივდიოდი, ხან ჩემი თანამშრომლები უჩემოდ. მოკლედ, ზოოპარკის მთელი შემადგენლობა ვეძებდით ცხოველებს, რომელთა არსებობის ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ვერ აღმოვაჩინეთ. დაახლოებით ასე იყო მთელი დღის განმავლობაში. თან ისევ მიდიოდა რუტინული სამუშაოები. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი, რომელიც მალე 16 წლის გახდება, ხშირად ჩამოდიოდნენ. რადგან ჩემი მეუღლეც ზოოლოგია, პროფესორი, ისიც გვეხმარებოდა რაღაც საკითხებში, რაც ცხოველებთან იყო დაკავშირებული. ჩემი შვილი ჩვენს ძაღლს უვლის. რადგან აქ აკრძალული იყო შემოსვლა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა, შვილი ამ ტერიტორიაზე შემომეყვანა. არაფერი კარგი სანახაობა აქ მისთვის არ იყო.

19 ივნისი, პარასკევი

სამუშაოები გრძელდება. ვიღებთ სხვადასხვა გამოძახებას. გავრცელდა სურათი კლდეზე გადაღებული ვეფხვისა, რომელიც შემოწმების შემდეგ კატა აღმოჩნდა. ასევე გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია ვეფხვის სხვადასხვა ადგილზე ნახვის შესახებ. რა თქმა უნდა, არც ერთი არ დადასტურდა. ძალიან ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კომიკური ინფორმაცია ვრცელდებოდა. ასეთი ტრაგიკული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან ვიმხიარულებდით.

მოგვიწია მარნეულში წასვლა, სადაც მდინარეში იპოვეს „ვეფხვი“, შუა მდინარეში. მოგვიხდა მაშველებთან ერთად ჯერ ნავით მისვლა, მერე მდინარეში ტოპვა, არც ისე ღრმა, მაგრამ დაახლოებით მუხლს ზევით წყალში. ისიც ძაღლი აღმოჩნდა. მართალია, უჩვეულოდ დიდი ძაღლი, მაგრამ მაინც − ძაღლი. შემდეგ კიდევ ერთი ძაღლი იყო დაფიქსირებული, ისიც მდინარეში. კიდევ ერთხელ გავტოპეთ. ბოლოს დავბრუნდით აბსოლუტურად გალუმპულები. და ეს დღეც ასე დამთავრდა...

შაბათი, 20 ივლისი

დღეს ისევ გრძელდება ვეფხვის ძიება. ვეფხვი ნაპოვნი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ცოცხალია. თანაბარი ალბათობაა, ან ცოცხალი იყოს, ან მკვდარი. ვეძებთ ზოლებიან აფთარსაც, რომლის კვალს ჯერ ვერ მივაგენით.

კიდევ ერთი გამოძახება − გორის რაიონის სოფელი რეხა. მოვიდა შეტყობინება, რომ ნახეს ვეფხვის კვალი, სურათი გადმომიგზავნეს და სურათიდან აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ეს იყო ძაღლის კვალი. ვუთხარი, სახიფათო არ არის-მეთქი, მაგრამ მოსახლეობა იმდენად შეშინებული იყო, იძულებული გავხდით, ჩავსულიყავით. მე და ჩემი სამი თანამშრომელი ჩავედით „ვეფხვის“ საძებნელად. რა თქმა უნდა, არანაირი ვეფხვი იქ არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი ძაღლის კვალი,რომელიც შეშინებულ მოხუც ქალს უზარმაზარ ვეფხვის ნაკვალევად მოეჩვენა. შემდეგ ჩამოვიდნენ კრიმინალისტებიც, აიღეს ანაბეჭდი თაბაშირით, რათა დაგვედასტურებინა, რომ ეს ნამდვილად ძაღლის კვალი იყო. ამასობაში მოვიდა სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები, რომელიც საკმაოდ მხიარულ ხასიათზე იყო და განაცხადა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა... ლომი! ცოტა მეტიც და, ალბათ, დინოზავრებსაც ნახავდა, ან მწვანე დრაკონებს მაინც...

მერე წავედით მეორე სოფელში, საიდანაც ასევე მივიღეთ შეტყობინება. რომ ჩავედით, უკვე ადგილზე დაგვხვდა მონადირეების ჯგუფი, რომელიც იმავე საქმეზე გამოუძახებიათ. აღშფოთებულები იყვნენ, რადგან იქაც ძაღლი აღმოჩნდა.

დავბრუნდით თბილისში. გარკვეული შემოწმება გავიარეთ სხვადასხვა უწყებასთან ერთად. მივიღე ინფორმაცია, რომ ამჯერად უკვე მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში უპოვიათ რაღაც ცხოველი. მართალია, გამოგზავნილი ფოტო ძალიან უხარისხოა, მაგრამ, სავარაუდოდ, ისიც ძაღლია. ახლა სწორედ იქ მივემგზავრები...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG