Accessibility links

logo-print

19 ოქტომბერი, კვირა

ჩამოვფრინდი. ვაშინგტონი-სტამბოლი-თბილისი. რა თქმა უნდა, ელოდები, რომ შენიანები დაგხვდებიან. დილის 5 საათია დაახლოებით. ყველა იქ არის აბსოლუტურად! მერე სახლში მოსვლა. აღარც დაძინება გინდა, აღარც არაფერი, იმდენი დადებითი ემოცია მოაქვს ამ დახვედრას. დედის ნახვა კი მართლა საოცრებაა! სამწუხაროდ, ისეთ ფორმაში ვერ დამხვდა, როგორშიც მინდა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი იყო. ერთი-ორი საათი თვალი ვერ მოვხუჭე. მერე ცოტა კი ჩამეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა, უკვე 10 საათი იყო. წავედით მამაჩემის საფლავზე.

საუბარი მინდოდა მასთან და შინაგანად ვესაუბრებოდი კიდეც. ძალიან მინდოდა მომეყოლა, რას ვაკეთებ. ნევროლოგი იყო მამა, ნევროლოგიის განყოფილების გამგე, ამასთანავე, მოჭადრაკე, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საჭადრაკო ეტიუდების დარგში. მაგრამ მისი ძირითადი პროფესია ექიმობა იყო. ნევროლოგიაში მთავარი პრობლემა, თითქმის 70 პროცენტი, ინსულტია და ძალიან მინდოდა ამაზე მომეყოლა: რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ.

საოცრებაა, ერთხელ, 80-იანი წლების დასაწყისში, მამა ავად იყო გულით, და ასეთი რაღაც მითხრა: შენ ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იმუშავებ, მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში, დასავლეთშიო... 80-იან წლებში ამის წარმოდგენა ძნელი იყო და ვიფიქრე, რამე ტვინის მოვლენები ხომ არ აქვს-მეთქი. არავითარი! აბსოლუტურად ადეკვატურად და სრული სერიოზულობით თქვა. კაი რა, რას ლაპარაკობ-მეთქი... არადა, მართლა ასე გამოვიდა. ეს წინასწარი ხედვა იყო მისი, თუ რა იყო - სწორედ ასეთ ადგილას მოვხვდი. მსოფლიოს ლიდერი ორგანიზაციაა ინსულტის დარგში, როგორც კლინიკური, ისე კვლევის თვალსაზრისით. ახალ-ახალ მეთოდებს ნერგავს და ამის საფუძველზე იცვლება კლინიკური პრაქტიკა. აი, მაგალითად, ახლა რას ვაკეთებთ: ინსულტი ორნაირი არსებობს: სისხლის ჩაქცევა ტვინში და ტვინის იშემია, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, თრომბოზით არის გამოწვეული. მკურნალობა, სამწუხაროდ, ერთადერთია: თრომბოლიზი, ანუ თრომბოლიტური მკურნალობა, რომელიც უნდა განხორციელდეს დაავადების დაწყებიდან სამ საათში, ევროპული მონაცემების მიხედვით − ოთხსაათნახევარში. ამის შემდეგ ძალიან იზრდება სისხლის ჩაქცევის რისკი. ეს მართლა ისეთი სამი საათი ან ოთხსაათნახევარია, რომელშიც ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს ნეირონების დიდი რაოდენობა იღუპება. თანაც, ამას ახლავს დაახლოებით სისხლჩაქცევის ექვსპროცენტიანი საშიშროება და გვინდა, ეს რისკი როგორმე შევამციროთ. ახლა ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა გამოვიყენოთ თრომბოლიზის კანდიდატების ეფექტიანი იდენტიფიკაციისთვის, რათა შევამციროთ სისხლის ჩაქცევის საფრთხე. მთელი მსოფლიო ამას აკეთებს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაფუძნებით. გადასარევია კომპიუტერული ტომოგრაფიაც, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევა. ბევრი რამ შეიძლება დამალული იყოს და არ გამოჩნდეს. ამიტომ გვინდა, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის საშუალებით ჩავატაროთ ეს თრომბოლიზი; მეორე მომენტია კიდევ, რომ იქნებ ეს ოთხსაათნახევრიანი ფანჯარა გავზარდოთ, ანუ, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა გამოვიყენოთ ამის გასაზრდელად. ამ შემთხვევაში ეს გამოკვლევა არის როგორც „ქსოვილის საათი“, ამის მიხედვით გვინდა, დავადგინოთ საათობრივი ნორმები, როგორი სურათია ამ თვალსაზრისით და გვქონდეს გარანტია, რომ ეს არის, ვთქვათ, ექვსსაათიან ფანჯარაში, შვიდსაათიანში და ა.შ. ასე რომ, ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს ამ მეთოდს; მესამეა, რომ როცა პაციენტი გაიღვიძებს, სამწუხაროდ, მისი მკურნალობა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ ვიცით, როდის დაიწყო ინსულტი - ღამის 12 საათზე თუ დილის 5 საათზე და ამ კვლევასაც ვაწარმოებთ, რომ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის საშუალებით დავადგინოთ, რა დროსთან გვაქვს საქმე. ჩემი საქმიანობა წმინდად სამეცნიერო არ არის, კლინიკური სამსახურია. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვნახულობ პაციენტებს, ვუტარებთ მკურნალობას და, შესაბამისად, ვრთავთ პაციენტებს ამ კლინიკურ გამოკვლევებში...

მამის საფლავზე რომ გავედი, შინაგანად ასეთი საინტერესო რაღაცების მოყოლა მინდოდა, ეს იყო ერთ-ერთი სათქმელი.

20 ოქტომბერი, ორშაბათი

წავედი ჩემს ალმა მატერში, სადაც დაახლოებით 15 წელიწადი ვიმუშავე. ეს იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრა, ახლა არის სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრა. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, იქ რომ მივდიოდი, რადგან ჩემი ჩამოსვლის მიზანია თანამშრომლობა ჩემს დღევანდელ სამსახურსა და ჩემს ყოფილ ინსტიტუტს შორის. დიდი სიხარული და ბედნიერება იყო ისიც, რომ ამ თანამშრომლობით მოვიპოვეთ რუსთაველის ფონდის გრანტი. ასე იყო მოთხოვნილი განაცხადში: საქართველოს აკადემიური ცენტრი და უცხოეთის აკადემიური ცენტრი, სადაც ქართველი ექიმი მოღვაწეობს. როგორც გვითხრეს, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და გავიმარჯვეთ. თან უცხოელი რეცენზენტები ჰყავს გრანტს. ძალიან, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი!

ამ შრომის მიზანი ცოტა სხვანაირია, მთლად მწვავე ინსულტი არ არის, მაგრამ არის ასეთი ცნება - მსუბუქი კოგნიტური დისფუნქცია, ანუ ამ პაციენტებს ჩივილები არ აქვთ, არიან 60-70 წლის, მაგრამ გამოკვლევებით აღმოაჩნდებათ ცოტაოდენი გადახრები ნორმალურ პოპულაციასთან შედარებით, თავიანთი კოგნიტური მაჩვენებლებით. შეიძლება მეხსიერება იყოს ჩამორჩენილი, შეიძლება მეტყველების, ან სხვა აღმასრულებელი ფუნქცია იყოს ოდნავ დაქვეითებული. ამას მსუბუქ კოგნიტურ დისფუნქციას უწოდებენ. პაციენტების 10% ყოველწლიურად გადადის ალცჰაიმერის დემენციაში ან ვასკულარულ დემენციაში. სამწუხაროდ, ალცჰაიმერში არ გვაქვს პრევენციის დიდი საშუალებები, მაგრამ ვასკულარულ დემენციაში ამის საშუალება არის. ამდენად, ჯანდაცვის სისტემისთვის ეს მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, იქნება ეპიდემიოლოგიური კვლევა და გავიგებთ, რა მონაცემი გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით, და მეორეც, ჯანდაცვის სისტემას საშუალება ექნება, ამ საქმეში რაღაც ინტერვენცია განახორციელოს. ეს შორეული მომავლის საქმეა, მაგრამ ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ მოხდება ინგლისურენოვანი ფსიქოლოგიური ტესტების გადმოთარგმნა ქართულ ენაზე და ამის დასაბუთება ქართულ ენაზე. აი, ეს არის ამ გრანტის და კვლევის მიზანი,

მოკლედ, მივედი და ჩემს ყოფილ სამსახურში და ვნახე მეგობრები, ყოფილი კოლეგები. ფანტასტიკური შეხვედრა იყო!

საღამოს ავედი ჩემი ბავშვობის მეგობართან, კლასელები ვართ. მეორე მეგობარიც უნდა მოსულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაციის გამო შეხვედრა სრული შემადგენლობით არ შედგა. ძალიან განვიცადე. ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს ურთიერთობას არ უნდა აფუჭებდეს... ერთ მეგობარს ვეუბნებოდი, ამერიკაში რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები და სენატორები მეგობრობენ-მეთქი. ისედაც, უამრავი ხალხი ვიცი, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ძალიან მეგობრობს. ასე რომ, რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ ეს. დამაფიქრებელი მომენტი იყო ჩემთვის.

21 ოქტომბერი, სამშაბათი

დილით ისევ გრანტზე ვიმუშავე. მერე გვქონდა სპეციალური საუბარი ინსულტის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. ინსულტის ცენტრის შექმნა აუცილებელია, ამის გადადება უკვე აღარ შეიძლება. ამერიკაშიც კი, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს უტარდება თრომბოლიტური მკურნალობა. ჩვენს დაწესებულებაში ეს 10%-მდეა აწეული, იმიტომ რომ საავადმყოფო ისეთ მდიდარ უბანში მდებარეობს, რომ იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, განათლებაც მაღალია და სწრაფად მოჰყავთ. თან ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით: დავდიოდით ეკლესიებში, გამოვდიოდით ტელევიზიით. ხშირად ვუტარებთ ლექციებს სასწრაფო დახმარების მანქანებზე მომუშავე პერსონალთან, რომ რაც შეიძლება მალე მოიყვანონ პაციენტები, რომ არც ერთი წუთი არ დაიკარგოს.

ამოდენა სამუშაოს მიუხედავად, მხოლოდ 10% ახერხებს დროულად მოსვლას. როგორია ამ თრომბოლიზის შედეგები და ეფექტიანობა? თუ გაკეთდება პირველი სამი საათის განმავლობაში, ხდება სრული გამოჯანმრთელება, ანუ სამი თვის თავზე ხდება ნევროლოგიური ფუნქციის სრული აღდგენა 70%-ით მეტად, ვიდრე არანამკურნალებ პაციენტებში. ეს რიცხვი მრავლისმეტყველია. ანუ, 100 ადამიანიდან 42 სრულიად გამოჯანმრთელდება მკურნალობით მაშინ, როდესაც არანამკურნალები პაციენტებიდან მხოლოდ 28% გამოჯანმრთელდება. ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაში განსხვავება კიდევ უფრო დიდია.

ვიღაც, ალბათ, იტყვის, ღირს კი ამისთვის ამოდენა სისტემის ორგანიზება? დიახ, ნამდვილად ღირს! ხარჯეფექტიანობის თვალსაზრისითაც შესწავლილია ეს - ამერიკულ სისტემაზეც, გერმანულ სისტემაზეც. ფაქტობრივად, საჭიროა მხოლოდ სასწრაფო დახმარების სისტემის ორგანიზება. მაგალითად, ჩვენს საავადმყოფოში, ხეჩინაშვილის კლინიკაში, გამოყოფილია ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნეიროინტენსიური პალატა. ასე რომ, მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. მე მზად ვარ ყველანაირი დახმარების გასაწევად, კადრების მომზადება იქნება ეს თუ გამოცდილების გაზიარება, არსებობს ტელემედიცინის გზაც. ეს ყველაფერი შეიძლება და აუცილებელიცაა, გაკეთდეს. გადადება აღარ შეიძლება, ისედაც ბევრ რამეში ჩამოვრჩით უკვე. ამაში ჩამორჩენა კი არ შეიძლება.

22 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილით ისევ ვიმუშავეთ პროექტზე. სამედიცინო ინსტიტუტში შევხვდით ეპიდემიოლოგსა და სტატისტიკოსს. შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა, პარტნიორების მაღალი კვალიფიკაციის მოწმენი გავხდით, რაც ძალიან მესიამოვნა. ვშიშობდი, რომ რაღაც პრობლემები შეიძლებოდა შეგვქმნოდა, მაგრამ არანაირი!

მერე დავბრუნდი სამსახურში და... საოცარი დამთხვევა! დღეს ყოფილა ჩემი მასწავლებლის, ხელმძღვანელის, უფროსი მეგობრის, ბატონი იურა მალაშხიას გარდაცვალების დღე. მისი ვაჟიშვილები იყვნენ მოსული და წავედით საფლავზე. ბატონი იურა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი იყო ნეიროიმუნოლოგიის დარგში, 1975 წელს დაწერა სტატია თავისი აღმოჩენის შესახებ. საბჭოთა ჟურნალში რომ გაგზავნა, რა თქმა უნდა, უარით გაისტუმრეს ოპონენტებმა - აბსურდიაო. გაგზავნა ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის ჟურნალ Neurology- ში, რომელმაც სტატია თითქმის უცვლელად დაბეჭდა. ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში. საერთოდ, ეს ცხოვრება დამთხვევებზეა აგებული. 1996 წელს, როცა კანადაში წავედი, ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის კონგრესზე გავიცანი ჩემი მომავალი ხელმძღვანელი ჯო ნორისი. გამომიგზავნე შენი საბუთებიო, და მეც გავუგზავნე. გამომიგზავნა მოწვევა სამი თვით და ეს სამი თვე გრძელდება აგერ უკვე თითქმის 17 წელიწადი!

ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ პროფესორს შეეძლო რჩევა ეკითხა რეზიდენტებისთვის და შემდეგ აზრი შეეცვალა. ჩვენთან ხომ პროფესორის ნათქვამი კანონი იყო! და მეორე: პროფესორის წოდება კი ჰქონდა, მაგრამ ასე არავინ მიმართავდა. ეს ჩადებულია მის CV-ში და ადმინისტრაციამ იცის, მაგრამ სხვა მხრივ იქ ყველა ექიმი თანასწორია.

ამერიკაში გადავედი უკვე გრანტით, კონკურსში გავიმარჯვე. ასე მოვხვდი ნევროლოგიისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის განყოფილებაში, სადაც ხუთი წელი ვიმუშავე ძალიან საინტერესო მეცნიერთან, ჯონ ჰოლიმეკთან, რომელიც ინსულტის დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია. თეორიულიდან პრაქტიკულზე გარდამავალი მედიცინის საზღვარზე მუშაობდა. სასაფლაოზე ყოფნისას, ამან ყველაფერმა გამირბინა ტვინში და ესეც ძალიან ემოციური მომენტი იყო.

23 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს მთხოვეს, კოლეგებისთვის გამოცდილება გამეზიარებინა და წამეკითხა ლექცია ინსულტთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთსაათიანი ლექცია იყო, ვაჩვენე, რასაც ვაკეთებთ: მასალა, საინტერესო შემთხვევების გარჩევა, ლიტერატურის გარჩევა... ძალიან კარგი დისკუსია გაიმართა. განსაკუთრებით დიდი აქტივობა იყო ახალგაზრდების მხრიდან, რაც ძალიან გამიკვირდა და მესიამოვნა. კი ვამბობთ ხშირად, რომ სისტემაში პრობლემებია, მაგრამ არის პერსპექტიული ახალგაზრდობა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურას კითხულობს. ისეთი შეკითხვები დამისვეს, რომ თამამად შემიძლია ასეთი დასკვნის გამოტანა. ვფიქრობ, პერსპექტივა ძალიან კარგია და მხოლოდ ის არის საჭირო, ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიული ზრდა გააგრძელონ.

24 ოქტომბერი, პარასკევი

აქ ყოფნისას, ძალიან ბევრ პაციენტს ვნახულობ „ჰუმანიტარული მისიით“. ვინც ვნახე, მათ მკურნალობაში დიდი ცვლილებების შეტანა არ იყო საჭირო. უმეტეს შემთხვევაში იმდენად კვალიფიციურად იყო ყველაფერი გაკეთებული, რომ მხოლოდ უმნიშვნელო რჩევები იყო საჭირო.

საღამოს მეგობართან ვიყავი სტუმრად, მარტო. საერთოდ, თბილისში მარტო მომიხდა ჩამოსვლა, ოჯახის წევრები ვერ წამომყვნენ. ძალიან მწყდება გული. ჩემი მეუღლე, მაია ციციშვილი, ფილოლოგია, მუშაობს ლინგვისტიკის ცენტრში და სხვადასხვა ცენტრთან აქვს კონტაქტი. ქართული ენის შესწავლის მსურველებს ასწავლის ქართულს. ძალიან, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი: ამ ხალხთან ურთიერთობა, მათთვის ქართული კულტურის გაცნობა, როდესაც ისინი საქართველოში წამოსასვლელად ემზადებიან სხვადასხვა მისიაში სამსახურისთვის. ინტენსიური და დატვირთული სამუშაოა. ახლა, მაგალითად, ორი ჯგუფი ჰყავს და თითქმის რვა საათის განმავლობაში შეუსვენებლად უწევს მუშაობა. ამიტომ ვერ მოახერხა ჩემთან ერთად ჩამოსვლა. ჩემმა ვაჟმა, გიორგი ნადარეიშვილმა, მაგისტრატურა დაამთავრა ანუ იქაურად „მასტერის“ წოდება მოიპოვა საერთაშორისო ეკონომიკის დარგში და ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. ქალიშვილი, ნინო, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ბაკალავრიატის მე-4 კურსზეა და მისი სპეციალობა იქნება ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები.

25 ოქტომბერი, შაბათი

ცოტა არ იყოს, მძიმე განწყობა დამეუფლა. ბოლო დღეა, ვტოვებ საქართველოს და ისევ ეს გაორება: თან მიხარია, რომ ჩემებს ვნახავ და თან გული მწყდება ძალიან, რომ დედას და დას ვტოვებ აქ. დედა, ნანული აბესაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დიდხანს მუშაობდა არქეოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტში. ჩემი და, ქეთი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ხმელთაშუა ზღვის კულტურების შემსწავლელ ცენტრში.

ამერიკაში რომ ჩავფრინდები, საღამო იქნება და შემდეგი დღე სამუშაოა. ისევ ვუბრუნდები ჩემს სამსახურს, სადაც მორიგე ვარ. მორიგეობა კი საკმაოდ სტრესულია, განსაკუთრებით - ინსულტი და დროის ფანჯარა... მაგრამ სამუშაო, რა თქმა უნდა, სასიამოვნოც არის, ყოველი მორჩენილი პაციენტი ფანტასტიკურ შეგრძნებას იწვევს, ამაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის არ არსებობს!..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG