Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო აქტივისტი


22 მარტი, კვირა

09:00

კვირა დღეა და ლოცვით დავიწყებ. წარმომიდგენია, რამდენს გაუკვირდება. სულ ასეა: ჩემს მეგობრებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ჩემი საქმიანი პარტნიორებიც არიან, ყოველთვის უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ ვმარხულობ. ახლაც ასე იქნება. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ვერ თავსდება მუშაობა და აქტიური, ღიად დაფიქსირებული პოზიციები გენდერული თანასწორობისთვის, უმცირესობების დაცვისთვის, დისკრიმინაციისა და ძალადობის დაუშვებლობისთვის და ლოცვა, მარხვა, ეკლესიაში სიარული. არადა, პირიქით უნდა იყოს და თუ ვლოცულობ, ვლოცულობ იმ ღმერთთან, რომელმაც სიყვარული და თანასწორობა იქადაგა და გული მწყდება, რომ ის, ვინც შუამავლის როლს უნდა კისრულობდეს კაცსა და ღმერთს შორის, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ამ რელიგიის მთავარ პრინციპებთან. განსაკუთრებით გული მწყდება, როდესაც საქმე საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსს ეხება და ვისმენ, რომ სახელმწიფო, რომელმაც სახელმწიფოებრიობა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია ძალით წაგვართვა, სახელმწიფო, რომელიც ორი საუკუნეა, მხოლოდ ჩვენს ვასალურ არსებობას თანხმდება, 2008 წელს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და შემდგომ, ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგა ნაბიჯი, შესაძლებელია, ერისთვისა და ბერისთვის, საქართველოს საგარეო არჩევანს წარმოადგენდეს.

ორ სეფისკვერს წავიღებ ჩემი ორი ბიჭისთვის. მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს შვილებს, - სოლომონს და დანიელის არასდროს დავაძალებსეფისკვერის ჭამას. მე შევთავაზებ, მე ვაჩვენებ ჩემს მაგალითს და მერე თავად გადაწყვიტონ, ილოცებენ თუ არა და თუ ილოცებენ, სად ილოცებენ.

16:00

კინოჩვენებაზე ოჯახური დასწრება ტრადიციაა უკვე. პოპკორნი, „კოკა“, 3D-სათვალეები და გადანაწილება: ზვიადი, დანიელი, სოლომონი, თეონა. შუქების ჩაქრობა, გაუთავებელი რეკლამა, „აუუუ, როდის დაიწყება?!“ და მერე − წავიდააა! ოღონდ სულ ერთია, რა, და ამაში სრულიად გულწრფელი ვარ. მთავარია, ერთად ვართ. ჩემი საუკეთესო პროექტები არიან ჩემი შვილები. კი წავუჭამე ტვინი ჩემი ფეისბუკის მეგობრებს ამათი ფოტოებით და ამათი ამბებით. მაგრამ, მგონი, იმათაც შეუყვარდათ უკვე: გვქომაგობენ, გვამხნევებენ, გვაქებენ, გვტუქსავენ. მოკლედ, ასწორებს ოჯახი!

P.S.: შემდეგ არჩევნებზე იმ პოლიტიკურ პარტიას ვაძლევ ხმას, რომლის წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „კინო 5 ლარად, კოლა 1 ლარად, პოპკორნი 2 ლარად“. ოღონდ, ნურავინ დაიწყებს ამ ციფრების დაჯამებას და ქვეტექსტების ძებნას J

ჰოდა, აქვე გადავწყვიტე: ვინაიდან ერთი კვირის დღიურს ვაკეთებ და კვირაში 7 დღეა, 7-ჯერ ვიტყვი ამას:

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

თავისუფლების დღიურები - ზვიად დევდარიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:17:08 0:00
გადმოწერა

23 მარტი, ორშაბათი

08:00

სოლომონის შუბლის მოწოლა მაღვიძებს ჩემს ცხვირზე. ცოტა ხანში, „ნუ სუნთქავ!“ − მეუბნება. ეხ, ავდექი და მივხედე საქმეს, თორემ ესენი ჟანგბადსაც მიკეტავენ უკვე J

09:00

დაიწყო. აი, ორშაბათი მიყვარს ზუსტადაც ყველაზე მეტად! ჰო რთულიო, საშინელიო და რა ვიცი, კიდევ რაო, მაგრამ ყველაზე მეტი ენერგია მაინც ამ დღეს მაქვს და კიდევ: მიყვარს, რომ ჩემი ყოველდღიურობა არ ჰგავს იმ ფილმს, „ზაზუნას დღე“ რომ ჰქვია, ბილ მარეისა და ენდი მაკდაუელის მონაწილეობით. არაა ყოველი დღე ერთი და იგივე და მოწყენილობისგან თავის მოკვლაზეც არ მიფიქრია ამ ერთფეროვნების გასამრავალფეროვნებლად. ამიტომაცაა, რომ უკვე 20 წელია, არასამთავრობო სექტორში ვარ, იქ, სადაც ჩემი ძალიან დიდი ოჯახია, სადაც ზოგი დედას ჰგავს, ზოგი მამას, ზოგი − დიდ ბებია-ბაბუას, მაგრამ სადაც გვაერთიანებს მთავარი: ღირებულებები. შესაძლოა, ესეც არ გვესმის ყოველთვის ერთნაირად, ამაზეც ვკამათობთ, მაგრამ აი, ზუსტად ვიცით, რომ მარტო ჩვენს თავს არ ვეკუთვნით და ჩვენ უკან ათასობით ადამიანის თვალებია, რომლებიც უკან დახევის საშუალებას არ გაძლევენ და თან გამხნევებენ. გრანტის საჭმელად არ ვართ აქ, ზუსტად ვიცი, და თუ ვინმეს აგენტები ვართ, ალბათ ჩემი ქვეყნის, რომელიც არ გვემეტება ჭაობისთვის, კორუფციისთვის, ანარქიისთვის, სიღარიბისთვის, მონობისთვის.

09:00

აქ კი დავვარდი ქადაგად, მაგრამ დანიელი ბაღშია წასაყვანი და ახლა უნდა ჩავაცვა, დესერტი მივართვა, თვალები ამოვწმინდო, რომ დილიდანვე ტელევიზორს შეავლოს თვალი და 09:30-ზე ბაღში უნდა ვიყოთ. დღესაც რომ უკან გამოგვაბრუნონ დაგვიანების გამო, სახლში აღარ შეგვიშვებენ. შესვლისთანავე გოგოები „დანიელის“ ძახილით გვეგებებიან. დანიელი, ღირსეულად, ოდნავ იღიმის და შედის J

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

24 მარტი, სამშაბათი

23:00

ღამის ფიქრები. შვედეთი გამახსენდა. ერთი წლის წინ ვიყავი სამი კვირით, თან გენდერულ ასპექტებს ვსწავლობდი და თან პრაქტიკას ვეცნობოდი ამ უმშვენიერეს ქვეყანაში, სადაც თანასწორობა უკვე თეორია არაა. ჰოდა, სანამ ერთ დღეს ერთი მნიშვნელოვანი „დეტალი“ არ აღმოვაჩინე, ვერ მივდიოდი საბოლოო დასკვნამდე, თუ რატომაა ეს სახელმწიფო გამორჩეულად წარმატებული ევროპის ფარგელბშიდაც კი. და აი, ის დეტალი:

XVII საუკუნიდან მსოფლიოში ერთადერთი შემორჩენილი აფრიანი ხომალდი „ვასა“ მთელი შვედეთის სიამაყეა, რომელმაც სამი საუკუნის წინ, სულ ორი მილი გაცურა და ჩაიძირა, იმიტომ რომ იჩქარეს და შეცდომა დაუშვეს მისი კონსტრუირებისას. 1961 წლამდე მდინარის ფსკერზე ედო ბინა ამ გიგანტურ ხომალდს. ახლა ამაყობენ. ამაყობენ და ამბობენ, რომ ეს მუზეუმი, რომელიც „ვასას“ აუშენეს, შეცდომის აღიარების მუზეუმიცაა.

მოკლედ, რომ ვაკვირდები საქართველოში პოლიტიკოსების გამოსვლებს, ვუყურებ ურთიერთობებს ოჯახებში, მეგობრებს, შეყვარებულებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, უცნობებს, ნაცნობებს, ყველაზე მეტად თვალში მხვდება არა სიმაღლე, თვალის ფერი, კბილების სითეთრე, კილო ან ინტონაცია, არამედ შეცდომის აღიარების უნარის უქონლობა. ამიტომაცაა, რომ სულ შეტევაზე ვართ. შეტევაზე, რომელიც ყვირილშია გადაზრდილი და, როგორც წესი, მეტად უტევს ის, ვისაც მეტი შეცდომა აქვს დაშვებული, ვისაც მეტად ერგება შეცდომის აღიარება. ასე წინ ვერასდროს წავალთ, წინ ვერ წავალთ, სანამ არ გამოჩნდებიან პირველი ქართველები, რომლებიც შეცდომებს აღიარებენ, რომლებიც პატიებას ითხოვენ, რომლებიც ყვირილის ნაცვლად მოზომილად დაიწყებენ საუბარს. სწორედ, ასე გავაოცებთ ევროპას და −

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

25 მარტი, ოთხშაბათი

08:00

სოლომონს გლანდების ოპერაციას ვუკეთებთ. წინა დღეს მხოლოდ ამ თემით ინტერესდება და ყველას სათითაოდ, დაწვრილებით გვეკითხება, რა და როგორ მოხდება. მე სრულიად მშვიდად ვპასუხობ და ვცდილობ, ეს სიმშვიდე გადავდო. არადა, ღამე უფროსებს არ გვძინავს ფაქტობრივად.

09:30

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაყინს ჭამს. წინ რეაბილიტაციის ორი კვირა გველის. ფეისბუკი გვქომაგობს, სოლომონის ფოტოს დადებიდან ერთ საათში 200 ლაიკი აქვს.

17:30

წინა კვირას მოვიარე კვოტირების მოთხოვნით გამართული NGO-შნიკური აქციაც და უფრო აკადემიური იმ 50 ქართველი ქალის ამსახველი ფოტოების გამოფენაც, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ნეტავ, ამ ქალებიდან რამდენს იცნობენ საქართველოში, რამდენის გვარს ჩამოთვლიან, ან გვარის ხსენებაზე თუ იტყვიან, ვინ იყვნენ ეს ქალები? არადა, როგორც მამაკაცები, ისინიც იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შემოქმედები და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ბევრ სფეროში შეჰქონდათ წვლილი. ჰოდა, ქალები ითხოვენ მეტ ქალს პარლამენტში! ჩემთვის ეს უფრო კამპანიის სლოგანია და ბევრად უფრო მეტი მგონია გასაკეთებელი, ვიდრე პირდაპირ კანონმდებლობით რიცხვების შეცვლა და საპარლამენტო სავარძლების გადანაწილება. თუმცა ვფიქრობ, რომ კვოტირება აუცილებელია, როგორც დროებითი მექანიზმი. ისტორიული უსამართლობა თუ ხელოვნური ჩარევით არ გამოსწორდა, კაცები არაფერს დათმობენ ნებით. ეგრეა. საკმარისია, გადახედო კონფერენციებს, სატელევიზიო გადაცემებს, ბიზნესებს, პოლიტიკას: შავი შარვალ-კოსტიუმებისა და ჰალსტუხების სრული დომინირებაა.

ვინც კვოტირებას ეწინააღმდეგება, ნეტა თუ სმენია იმის შესახებ, რომ 1946 წელს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სამუშაო ვერსიას კაცთა უფლებების დეკლარაცია ერქვა? ეს რომ გენდერის ტრენინგზე მოვისმინე, ძალიან შემრცხვა. სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სულ რაღაც 70 წლის წინ კაცების უფლებების უნივერსალიზებას გეგმავდა მასკულინური მსოფლიო, რომ არა ძალიან მაგარი ქალი − ელეონორ რუზველტი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კაცებთან ერთად ადამიანის უფლებების დეკლარაცია ქალებსაც შეეხოთ.

ჰოდა, სოლიდარობა ქართველ ქალებს, რომლებიც პირადი ინტერესებით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ სათავეში უდგანან ისტორიულ პროცესს, რომლის მიზანიცაა თანასწორუფლებიანობის პრინციპის წიგნებიდან გადმოტანა და ცხოვრებაში განხორციელება. ამიტომაც, მეტი ქალი პარლამენტში და −

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

26 მარტი, ხუთშაბათი

09:00

მაგარ კონფერენციაზე აღმოვჩნდი დილაუთენია: „დემოკარტიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“. კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის და ჩემი მეგობრებისა და პარტნიორების ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის მიერაა თანაორგანიზებული. დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები, ექსპერტები... გაივსო დარბაზი. პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც აქ არიან. პრემიერი რომ არაა, აღარ მიკვირს, მაგრამ მწყინს. არ ხდება ასე ხელოვნური დისტანცირებით რეპუტაციის მოპოვება.

ეს ამბავი იქით იყოს და სამი დასკვნა გავაკეთე კონფერენციაზე: 1. რუსეთი არის საფრთხე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის; 2. ამერიკელები ამას აცნობიერებენ და მზად არიან წინააღმდეგობისთვის, ევროპელები ამას აცნობიერებენ და მზად არიან ამ საფრთხესთან ადაპტაციისთვის; 3. ჩვენი მთავარი ძალა ადამიანური რესურსია და რა გულდასაწყვეტია, რომ ამ პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ვუსმენდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, დარბაზიდან სამოქალაქო ლიდერების მიერ დასმულ შეკითხვებს და ვფიქრობდი, რა მაგარი იქნება ამ ხალხისგან ერთი ნორმალური ხელისუფლების დაკომპლექტება, რომელიც, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყანას სახელმწიფოს დაამსგავსებდა, უკან არ დახევდა და წინ წაწევდა. არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს შეცდომის უფლება! ის მომენტია, როდესაც მეორე შანსს, შესაძლოა, ვერც ვეღირსოთ და ეს უკვე ათწლეულებით გადაგვაგდებს უკან.

კაი, ადუღდა თავი. ვერ ვიტან ამ კონფერენციებს და ტრენინგებს. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ თან მაინტერესებს ეს აკადემიური ამბები და თან ჯერ იმდენადაც არ დავბერებულვარ, რომ ძილსა და ღვიძილს შორის გავიყვანო ეს საზარელი ჯდომის მთელი დღე J

ამიტომაც, ავდგები და წავალ საქმესაც მივხედავ და −

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

27 მარტი, პარასკევი

09:00

დანიელი ჩაბარდა ბაღს. გზაში მეკითხება: „მამი, როდის მოხვალ?“ ამ კითხვაზე ვეუბნები, დედაშენის აგენტი ხარ-მეთქი და ვიცინით. არადა ვიცი, ერთი სული აქვთ დანიელსაც და სოლომონსაც, რომ სახლში მივიდე და ერთი ხელი ფეხბურთი მოვცხოთ, ერთ-ორი ლარნაკი ავაყირავოთ, კარადა შევაზანზაროთ და მოგება-წაგება ვისწავლოთ.

კარგი დღეა პარასკევი, თუ მას ადამიანური შაბათ-კვირა მოჰყვება. ადამიანური, ანუ ისევ სამსახურში თუ არ მიდიხარ, ან სახლში თუ არ ზიხარ მთელი დღე და კომპიუტერში არ გაქვს თავი ჩარგული.

არადა, კარგი დრო იყო ათი წლის წინ მხოლოდ ერთი მიზეზით. შემეძლო, თან პროექტი მეწერა და შიგადაშიგ ჩამომეხსნა ფანჯარა და ლექსიც დამეწერა. რაც უფრო დაღლილი, ან გაბრაზებული ვიყავი, მით უკეთესი ლექსი გამომდიოდა. პროექტებში ასე არაა J

ახლა ის ლექსი გამახსენდა, ყველაზე უკეთესი რომ არაა ჩემი შეფასებით, მაგრამ ყველაზე მეტად რომ გამოხატავს გაბრაზებას. მოიცა, როგორ იყო?..

დღე გამოცლილი ბოთლებით ჩავაბარე და შევისყიდე ღამე ხურდებით.

მე შენ მომწყინდი, იმიტომ რომ აღარ მაეჭვებ, ფერებს კარგავ, ანუ ხუნდები.

მე ყურადღებას უკან ვითხოვ და ისტერიკას,

რომ დააბრუნებ, მინდა მივცე ჩემს მეზობელ კეთილ ბერიკაცს.

ქვიშის საათში მოვაგროვებ შენზე დახარჯულ საათის ისრებს,

ფეხსაცმლის ლანჩებს ამოვაგლეჯ შენი ოთახის შეღებილ ფიცრებს.

ამას მოვითხოვ იმიტომ, რომ მე შენ მომწყინდი,

აღარ მაეჭვებ და ეს ქცევა გახდა საეჭვო.

მოვალეობად ქცეული კოცნა ტუჩზე დამერჭო,

ჩამომეკოკრა სიმწრის ყვავილი და გამიხადა მოგონებად ზეწრის ქავილი.

მე არაფერი არ მაწუხებს ყველაფრის გარდა, შენი შიმშილი გადმომეფარდა.

და მაინც ვითხოვ ყველა ნათითურს, შენი სხეულის ოკეანეს არ უნდა კვალი,

უკან მეკუთვნის ჩემი შვილიც − დაბადებული ლიანდაგზე,

წარწერით „მომავალი“.

(ისე მიღიმი, როგორც მათრახი უღიმის ურჩებს,

შენა გაქვს ქუსლზე გამობმული ჩემი სახელი და ურტყამ ქუჩებს).

მე არაფერი აღარ მახსოვს ყველაფრის გარდა,

შენ მოგონების გამიქურდე დიდი ზურგჩანთა.

ნუ გეშინია, არ ვუხმობ ქარებს. შენს განშორებას მოწყენით გავზრდი.

სულაც არ გესვრი გამოწვევის წითელ ნიჟარებს −

მართლა გავბრაზდი.

ხანდახან საჭიროა გაბრაზებაც.

ყველა ქვეყნის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გადამწყვეტ სიტყვას თავისუფალებისა და განვითარებისთვის გაბრაზებული ახალი თაობა ამბობს, ამას ემსახურებოდა ვარდების რევოლუციაც და უნდა გაგრძელდეს ის, რაც მაშინ ბოლომდე ვერ მოხდა, −

საქართველოში რუსეთი უნდა დასრულდეს!

28 მარტი, შაბათი

კვირაც სრულდება, ჩემი კვირის დღიურებიც და −

საქართველოში რუსეთიც უნდა დასრულდეს! თუ გვსურს, რომ საქართველო გაგრძელდეს...

XS
SM
MD
LG