Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ეკიზაშვილი - მწერალი, მთარგმნელი


14 დეკემბერი, კვირა

გრძელი ცხოვრების მოკლე კვირა...

"ვით გაიწელა ყოველი კვირა..." (გიიომ აპოლინერი)

დამირეკეს და მთხოვეს, იქნებ ინებოთ და თქვენი ცხოვრების ერთი კვირა ჩვენც გაგვაცნოთ და ჩვენს მსმენელებსაცო. ნუთუ, ასე ადვილია საკუთარ ცხოვრებაზე და საქმეზე საუბარი? თანაც გარედან, ობიექტურად და, რაც მთავარია, გულწრფელად! „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“! დიახ, საქმე საქმეა, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ მხოლოდ შენი საქმე არ ხარ. საქმის გარდა, ხარ ფიქრი, გაცნობიერებული თუ არაგაცნობიერებული, ხარ გრძნობა და ემოცია, უფრო ხშირად, არა მთლიანი გრძნობა და ემოცია, არამედ ნიუანსი ან მინიშნება, წამიერი, წარმავალი, გამქცევი, თუმცა არა უკვალოდ მინავლებული და დავიწყების წყალს გატანებული. არა, სადღაც შენი არსების კუნჭულში ჩაბუდებული და მდუმარე, სანამ არ დადგება ჟამი, როს ანაზდად სამალავიდან ამოიზიდება და მაშინდელი ნიუანსი დღეს სრულფასოვან განცდად იქცევა...

საოცარი რამაა კაცის ცხოვრება, არა ერთნაირად, არამედ განსხვავებულად საოცარი. არის წუთები, როდესაც ფიქრობ, რომ ბედმა თუ განგებამ, მფარველმა ანგელოზმა თუ შენმა ვარსკვლავმა, შენთვის შემონახული სიკეთეთა მარაგი ამოწურა და ამის შემდეგ აღარაფერს მნიშვნელოვანს ან თუ გნებავთ, ახალი ზეობის წუთებს აღარ უნდა ელოდო. „საკმარისია, გეყო, აბა, ამის მერე რაღა?“ ასე იყო ერთ დღეს საფრანგეთში, პარიზში, დიდი ალექსანდრე დიუმას პანთეონში გადასვენების ცერემონიალზე, როდესაც ეს გრძნობა პირველად მომეახლა. „ბავშვობის მეგობრის’’ კუბოს მივყვებოდი, ცხენებზე ამხედრებული ოთხი მუშკეტერი კი ჩემ გვერდით ნელა მიირწეოდა. საღამოს, ორსეს მუზეუმის ბრწყინვალე დარბაზში, საზეიმო სუფრაზე სიტყვით მივმართე ძვირფას ალექსანდრეს, სადაც ჩემი და მთელი საქართველოს პატივისცემა და სიყვარული განვუცხადე. ასე იყო იმ წუთებში, როდესაც ამ ორი კვირის წინ, „საფრანგეთის რეზიდენციაში“ სახლის პატრონმა, საფრანგეთის ელჩმა, „აკადემიური პალმის“ უმაღლესი ხარისხის ანუ კომანდორის ორდენი მომილოცა და გადმომცა, უფრო ზუსტად, კისერზე შემაბა, თუმცა კარგა ხანს ეწვალა, ჩანდა, პირველად ეკავა ხელში კომანდორის ლენტი.

თავისუფლების დღიურები - გიორგი ეკიზაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:46 0:00
გადმოწერა

15 დეკემბერი, ორშაბათი

ასე იყო ამ კვირასაც, თუ გნებავთ კიდევ დავაზუსტებ, 15 დეკემბერს, ორშაბათს („ვინ თქვა თარსი დღეაო“), როდესაც სულ ახლახან დასრულებულმა ჩემმა თარგმანმა რომლის „მოსამზადებელ სამუშაოებს“ ორი წელიწადი მოვანდომე, თარგმანს კი, ზუსტად მახსოვს, თვე და ორი კვირა (41-გრადუსიანი ხვატის დღეები იდგა), ჰოდა, სწორედ ამ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელმა თარგმანმა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის „პიესების კონკურსში“ პირველი პრემია მოიპოვა. ეტყობა, როდესაც მფარველი ანგელოზი კარგ გუნებაზეა (ვაგლახ, რომ ეს იშვიათად ხდება), მსგავს „სიურპრიზ საჩუქრებს“ გვიგზავნის. შენ კი გეგონა, „ამის მეტი რაღა“, მაგრამ ადამიანი ქვემოთ ფიქრობს, ვიღაც კი მაღლა განაგებს.

16 დეკემბერი, სამშაბათი

ერთი კვირა ცოტაა, როგორც დრო და რა ბევრის დამტევია, თუკი ისევ და ისევ განცდებისა და ემოციების საზომით გაზომავ. წინა კვირა მოლოდინის კვირა იყო, ცოტა ღელვა და შინაგანი შფოთიც ახლდა, რადგან საქმე ყველასთვის ნაცნობ ლიტერატურულ გმირს ეხებოდა. დიახ, ასეა - ფიგაროს ისიც კი იცნობს, ვინც არ იცნობს. პარადოქსია? დიახ, მაგრამ დოსტოევსკისა არ იყოს, „ცხოვრება პარადოქსებისგან შედგება“. თუ ვინმეს პიესა არ წაუკითხავს, ფიგაროს სახელი მაინც გაუგია, ხოლო იმას, ვინც თუნდაც ერთხელ მოისმინა ფიგაროს არია (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), ან ქერუბინოს სიმღერა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის - „ფიგაროს ქორწინება“), ეს სახელი და განცდილი ხიბლი აღარასდროს დაავიწყდება.

17 დეკემბერი, ოთხშაბათი

მაშ ასე, საქმე ეხება მსოფლიო დრამატურგიის კლასიკოსის, პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს უკვდავ პიესას, „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“. და აი, ამ წლის მიწურულის ამ ორშაბათს, პიესის პირველი დადგმიდან 230-ე წლისთავზე (მაინც ასე თუ ისე მრგვალი თარიღია), საქართველომ საკუთარი ლიტერატურის არეალში შემოიყვანა ბომარშე და მასთან ერთად ფიგარო. მსგავსი ნაწარმოებები ეროვნული ლიტერატურის ნაწილი ხდება დროის განმავლობაში. უცნაურია? სრულიადაც არა. მსოფლიო კულტურის მიერ აღიარებული მხატვრული ქმნილება ნებისმიერი ქვეყნის კულტურისა და კერძოდ, ლიტერატურის, კუთვნილებაცაა ამავდროულად.

18 დეკემბერი, ხუთშაბათი

ბომარშე - პიროვნება - არასოდეს დამარცხებულა: უამრავი საქმე და ყველა წარმატებით გასრულებული, ხოლო ბომარშე - მწერლის - უკლებლივ ყველა ნაწარმოები მარადიული დიდებით იმოსებოდა. ამ ორშაბათს კი მწერლის გვირგვინს ქართული დაფნის ფოთოლიც დაემატა, სხვანაირად სურნელოვანი და მრავალ ენაზე მეტყველი ფიგაროც ქართულად ალაპარაკდა.

19 დეკემბერი, პარასკევი

ეს ერთი კვირა ჩემთვის ფიგაროს კვირაა. „სხვა ისეთი არაფერი მომხდარა“, თუკი ამ ჩანაწერზე დახარჯულ დროს, სიტყვებს და, რაც მთავარია, ლაღ განწყობას არ ჩავთვლი, რომელიც წერამ მომგვარა.

20 დეკემბერი, შაბათი

ორშაბათის სიხარული შაბათამდე გამომყვა, კვირის ლექციებმაც ფიგაროს „ნიშნის ქვეშ“ ჩაიარა. შემდეგ? შემდეგ კი ვნახოთ, იქნებ ჩემს მფარველ ანგელოზს კიდევ რაღაცა აქვს „შემონახული“, იქნებ ეს ბოლო კი არა, ბოლოს წინა საჩუქარია? ვინ იცის... არა, ამაზე ფიქრი არ მსურს, მაგრამ ოცნებასა და იმედს ვინ დამიშლის! რამეთუ კარგად ვუწყი, რომ მხოლოდ გაკეთებულით ტკბობა არ ეგების, მომავალი ორშაბათი ახლის კეთების დასაწყისი იქნება. ვნახოთ, „რა გამოვა რისგანა“. ასე და ამგვარად, ნება მომეცით, ეს წერილი ისევ და ისევ ბომარშეს სიტყვებით დავასრულო. კვირა ესოდენ გრძელი და ესოდენ მოკლე, ბომარშეს პიესის მსგავსად, „სიმღერით მთავრდება“…

მაგრამ ერთს კიდევ ვიტყვი, ხვალ მოგეხსენებათ კვირაა, თუმცა როგორც დღე - კვირა - ამ კვირის დღეა. ამიტომ მოგიყვებით, რა იქნება. მეგობრების დაჟინებული, უფრო მეტიც, ჯიუტი თხოვნით („ღმერთო, მეგობრებისგან დამიცავი“, ხომ გაგიგიათ), ბომარშეს და ფიგაროს პატივსაცემად წვეულებას ვმართავ. რა თქმა უნდა, ფრანგულ-ქართულ სუფრაზე ან ქართულ-ფრანგულ სუფრაზე, თუ გნებავთ, ფრანგი სტუმარიც გვეყოლება. ჩეხოვის ცნობილი ნოველის პერსონაჟის, „საქორწილო გენერლის“ როლს საქართველოს „ფრანგული ინსტიტუტის“ დირექტორი, საელჩოს კულტურის ატაშე, ჟან-ივ ლავუარი მოირგებს. ჟან-ივი ღვინით განთქმულ მხარეში, ჟირონდის პრეფექტურის ქალაქ ბორდოში დაიბადა. ჰოდა, ბორდოელი რა ბორდოელია, თუ შავ ღვინოს არ ეთაყვანება. ბატონი ატაშესთვის ეს „პირველი ნათლობა“ იქნება ქართული ღვინით და სუფრით, ნათლიებად კი, გიყვარდეთ, „მაგარ“ ბიჭებს დავახვედრებ... ახლა კი, ღვინის გახსენებაზე, ერთი ნაცნობი მეღვინე მკვდარს რომ გააცოცხლებს, სწორედ ისეთ „საფერავს“ შემპირდა და უნდა მაპატიოთ, ცოტა ავჩქარდები... წვეულების ამბავს, თუკი შემთხვევა მომეცა, აუცილებლად მოგიყვებით.

ჰოდა, ამ წერილსაც ისევ ბომარშეს გახსენებით დავამთავრებ. თუკი საფრანგეთში, როგორც ბომარშე ბრძანებს, ყოველივე სიმღერით მთავრდება, ჩვენთან, საქართველოში კეთილად გასრულებული საქმის გვირვინი სუფრა და მოლხენაა, რასაც თქვენც გისურვებთ.

XS
SM
MD
LG