Accessibility links

logo-print
15 აპრილი, კვირა
დღიურებს მრავალი წლის წინ ვწერდი. ახლა ერთი კვირით მომიწევს დავიწყებული ჩვეულების განახლება. როდესაც ვფიქრობდი, რაზე გამემახვილებინა ყურადღება, რა აუდიტორია წაიკითხავდა ჩემს დღიურებს, გადავწყვიტე, ზედმეტი არ მეღლაბუცა სიტყვით, არამედ თითოეულ დღეზე გამენაწილებინა ჩემი რეფლექსია, მსჯელობები თავისუფლების არსზე - იმისათვის რომ ჩემთვისაც და, იქნებ, ჩემი მკითხველისთვისაც რამე სარგებლობა და სააზროვნო საზრდო მომეტანა. ამ აზრით ვიწყებ ჩემს ჰეპტა[ე]მერონს.

გუშინ საღამოს ჩამოვედი გუდაურიდან - გამოვემშვიდობე ზამთრის სათხილამურო სეზონს. ბოლო დღეს ჩემს დეიდაშვილთან ერთად ვსრიალებდი და პირველად მომიწია საძელეს ციცაბო ფერდობიდან გაუკვალავ თოვლზე ჩამოსვლა. მაგრადაც დავეცი, ანუ, როგორც გუდაურული ჟარგონით იტყვიან, „ავილეწე“, მაგრამ არაჩვეულებრივი განცდა იყო! (ცხადია, დაშვებაზე ვამბობ, და არა ალეწვაზე.) ღამე კი მამასთან ერთად ლიტანიობაზე წავედი ლურჯ მონასტერში. ცოტა მძიმე ხასიათზე ვიყავი: 15 აპრილს დაბადების დღე მაქვს და მის გადახდაზე ვფიქრობდი: სად? რამდენი სტუმარი?.. იმდენად ვიყავი დათრგუნული ამ ფიქრებით, რომ მამას ვუთხარი, ნეტავ საერთოდ არ იყოს ეს დაბადების დღეების აღნიშვნა-მეთქი.

თუმცა, ეკლესიის ეზოში მდგომს, სულ რამდენიმე წუთში მიმატოვეს ამ საზრუნავებმა და მხიარულ, ნათელ ტალღაზე გადავერთე, მით უმეტეს, რომ ამინდიც მშვენიერი იყო და ძველი ჰიმნებიც კარგად ისმოდა დინამიკიდან (განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ან ხრიალი ერეოდა ხმებს, ან კი გამაძლიერებული საერთოდ ითიშებოდა).

სამნახევარმა საათმა ისე გაიარა, ლამის ვერც შევამჩნიე. დაღლილობა მხოლოდ მერე ვიგრძენი, როცა ყველაფერი დასრულდა და სახლში წამოვედით. ეკლესიაში ბევრ რამეზე ვფიქრობდი - სერიოზულზეც და ფუქსავატურზეც. სერიოზულ ფიქრებს რაც შეეხება, ეს იყო დაფიქრება კავშირზე ქრისტეს აღდგომასა და ჩემს ცხოვრებას შორის. თეორიულად ვიცი, რომ იესომ გაიმარჯვა სიკვდილზე და თავის გამარჯვებაში მონაწილეობისკენ მოგვიწოდა; მაგრამ ძალიან რთულია გაიგო, ყოველ კონკრეტულ ადამიანში, თავისი უნიკალური ცხოვრებით, სად არის ეს ბრძოლა და გამარჯვება? რას ებრძოლოს? რა დაამარცხოს? ვაითუ ნამდვილი ბრძოლა სუროგატმა ბრძოლამ ჩაანაცვლოს? ან ის, რაც ბოროტება ეგონა, იქნებ სულაც არ ყოფილა ბოროტება და, პირიქით, ის, რისი გულისთვისაც იბრძოდა, არ ყოფილა სიკეთე.

„კარგად დააკვირდით საკუთარ თავს“, - ეუბნებოდა იესო უახლოეს მოწაფეებს. - „სინათლე რომელიც თქვენშია, ხომ არ არის სიბნელე?“ გამოდის, აღდგომის გამარჯვებაში მონაწილეობა შეუძლებელია, თუ ღრმად არ გაიაზრე სიკეთისა და ბოროტების ბუნება და სწორად არ წარმართე ძალისხმევა. ამგვარი გააზრების გარეშე ფანატიზმი და უგუნური აგრესია მიეწებება გულწრფელ რწმენასაც, რაც არცთუ იშვიათია დღეს.

დღეს დილით მთელი ოჯახი (მამაჩემის გამოკლებით, რომელიც ბაქოში გაფრინდა კონფერენციაზე) - ანუ ბებია, დეიდა, ბიძა, ჩემი ძმა, ჩვენი დეიდაშვილი და მე - შევიკრიბეთ ჩემპიონი წითელი კვერცხის გამოსავლენად. ძალიან მიხაროდა ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ასეთი რამ არცთუ ხშირად ხდება - ჩემი დეიდაშვილი ლონდონში ცხოვრობს. მერე სასაფლაოზე გავედით. შემდეგ დიდი სამზადისი დავიწყეთ ჩემი დაბადების დღისთვის. მაგრამ მე, ფაქტობრივად, არაფერი მქონდა გასაკეთებელი - ყველაფერი ჩემებმა ითავეს: დარბაზი, საჭმელ-სასმელი და ა.შ. ჩემზე კი მარტო დაპატიჟებები დარჩა.

ჩემი თავდაპირველი დათრგუნულობის და მღელვარების საპირისპიროდ, შესანიშნავი დაბადების დღე გამოვიდა. თამადა თვითონ მე ვიყავი, რადგან არავის არ უნდოდა თამადობა და მეც ვიფიქრე, ხალხი აქ დროსსატარებლად და სამხიარულოდ მოვიდა, რატომ დავამძიმო მოვალეობით; თავადაც შემიძლია მჭევრმეტყველების კასკადი დავაყენო და თან ჩემი სადღეგრძელოც ორჯერ ვთქვა - როგორც თამადის და როგორც იუბილარის-მეთქი! უამრავი საჩუქარი მივიღე, მათ შორის ერთი ძველი აკორდეონიც, მშრალი ხიდიდან. ღვინო იყო არაჩვეულებრივი - გურჯაანული, ვარდისფერი. ალბათ ამიტომ, და იმის გამოც, რომ ცოტას ვჭამდი (რადგან გონებაში სადღეგრძელოების ტექსტებს ვაკრისტალებდი), ძალიან დავთვერი და ორშაბათს ოთხ საათამდე ვერ ავდექი.

16 აპრილი, ორშაბათი
დაახლოებით ოთხ საათზე ავდექი საშინელი თავისტკივილით. გავედი სახლის წინ, მინიმარკეტში, ერთი თუნუქის ქილა ლუდი ვიყიდე და სახლში წამალივით დავლიე. მერე ჩემი ძმა, გიორგი მოვიდა (ცალკე ცხოვრობს), მეგობრებს დავურეკეთ და კინოში წავედით. ერთი გასართობი ამერიკული ფილმი იყო „რუსთაველში“. დიდი არაფერი, მაგრამ ალაგ-ალაგ გულიანად ვიცინე.

ფილმის მერე ხვალინდელი ლექციებისთვის ვემზადებოდი. თავისუფლებაზე ფიქრებს რაც შეეხება, დაახლოებით ამგვარ რამეებზე ვფიქრობდი: ანტიკურობაში და შუა საუკუნეებში თავისუფლებას ცხოვრების საბოლოო, აბსოლუტურ მიზანთან აკავშირებდნენ (პლატონი, არისტოტელე, სტოელები, ქრისტიანობა). ამ მიზნის გარეშე ცალკე აღებული თავისუფალი არჩევნის უნარის თავისთავად ღირებულებაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებდნენ. არისტოტელე არ თვლიდა ბოლომდე თავისუფლად იმ ადამიანს, ვისაც სიქველეზე მეტად სიცოცხლე უყვარდა, და რადგან სიქველეების კულტივირება მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც „სქოლე“, ანუ მოცალეობა ჰქონდა, ამიტომ მონას, ან ყოველდღიური ფუსფუსით დაკავებულს, სტაგირელის აზრით, არც ჰქონდა საშუალება ბოლომდე თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბებისა. დღევანდელი გადასახედიდან ასეთი მიდგომა, ცხადია, ზედმეტად მკაცრი და სასტიკიც ჩანს.

პლატონისთვის თავისუფალი მაშინ იყავი, თუ სიყვარულით ჭვრეტდი ჭეშმარიტებას; ამის გარეშე სიყვარული მიემართებოდა სხვა, წარმავალი ფასეულობებისკენ, რომლებიც მიაჯაჭვებდნენ მას („კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა“ - ამბობს პლატონისტი რუსთაველი).

სტოელებისთვისაც თავისუფლების პრინციპი იყო შინაგანი ლოგოსი - სიტყვა. თუ ამ სიტყვას დაიცავდა, სტოელი თავს თავისუფლად გრძნობდა, მიუხედავად ცხოვრებისეული გარემოებებისა. ამდენად, თავისუფალი არჩევანი მხოლოდ აუცილებელი პირობა იყო ნამდვილი თავისუფლებისთვის, რომელიც ძველებს ესმოდათ, როგორც ვნებების დაძლევა და სიქველეების კულტივირება, საბოლოოდ კი ყველაზე ძლიერი ვნების - სიკვდილის შიშის - დაძლევა სიქველის სიყვარულის გამო.

ქრისტიანობაც ამგვარ ხედვებს უვითარებდა ადამიანს: „ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც ხორცს კლავენ, მეტის კი არაფრის დაშავება არ შეუძლიათ, არამედ გეშინოდეთ მისი, ვისაც ხორცის მოკვლასთან ერთად სულის ჯოჯოხეთში ჩაგდებაც შეუძლია“ - ანუ, საკუთარი სინდისის უფრო გეშინოდეთ, ვიდრე ფიზიკური სიკვდილისა, რადგან ყველაზე დიდი ტკივილი მართლაც მხოლოდ საკუთარმა სინდისმა შეიძლება მოგაყენოს. გამოდის, რომ ძველებისთვის თავისუფლების გაგება ორგანულად იყო გადაჯაჭვული ჭეშმარიტების წინაშე ვალდებულებასთან. რამ შეცვალა ეს დამოკიდებულება? რატომ არის დღეს მეტი აქცენტი უფლებაზე, თავად არჩევნის გაკეთების უნარზე, ამ არჩევნის დაცვაზე და არა ამ არჩევნის შინაარსზე? დღეს ითვლება, რომ თავისთავად თავისუფლება, რომელიც გაგებულია ნებისმიერი რამის არჩევის უფლებად კანონის ფარგლებში, არის აბსოლუტური ფასეულობა. გარკვეული აზრით, ასეც არის: ამ უნარის გარეშე ადამიანი ბერჯესის მექანიკურ ფორთოხალს დაემსგავსებოდა. ამ დიდი ტრანსფორმაციის მიზეზებზე ძალიან გრძლად არის სალაპარაკო და ორშაბათისთვის გამოყოფილი ფორმატი ამისთვის, ვხედავ, არ გამოდგება.

17 აპრილი, სამშაბათი
დღეს სამი ლექცია მქონდა ილიაუნიში. სტუდენტები ცოტანი იყვნენ. სკოლაშიც გავედი, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში. საღამოს მქონდა ლექცია „ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში“ - ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის თარგმანებს ვკითხულობდით და ნომინალიზმის და რეალიზმის თმებისყალყზედამყენებელ „ჯახზეც“ ვილაპარაკეთ.

კიდევ რა მოხდა საინტერესო? მგონი, არაფერი. ბიბლიოთეკის წიგნი დავკარგე და 15 ლარი გადავიხადე ჯარიმად. ცხადია, სადღაც სახლშია მიგდებული, მაგრამ იმას ახლა რა იპოვის! და რომც ვიპოვო, 15 ლარს არავინ დამიბრუნებს. ჩემი ჭირიც წაუღია!

ირლანდიის ვიზაზეც დავრბოდი - ჯვარს მაცვეს ირლანდიის საელჩოდან სოფიაში: ხან ერთ დოკუმენტს მთხოვენ, ხან მეორეს. მაინც მგონია, რომ სიბრძნე-სოფიის გავლით მივაღწევ ზურმუხტის კუნძულამდე, მით უმეტეს, რომ „პანგურ-ბანი“ მაქვს ქართულად ნათარგმნი - მერვე საუკუნის ირლანდიური სასაცილო ლექსი მეცნიერზე და მის კატა პანგურ-ბანზე, რომელიც ისევე დასდევს თაგვებს, როგორც ეს მეცნიერი - იდეებს (ვთარგმნე ინგლისურიდან, თორემ ორიგინალის გალური არ ვიცი, სამწუხაროდ). თუმცა ვეჭვობ, ეს ყველაფერი საელჩოს კაპასი თანამშრომელი ლილიასთვის არგუმენტად გამოდგეს. ამიტომ ამ თარგმანზე ზემოხსენებულ ქალბატონს არაფერს მივწერ. ირლანდიაში კონფერენციაა, სადაც აფხაზები და ოსებიც იქნებიან. ალბათ მძიმე, მაგრამ საინტერესო საუბრები მელის.

დღეს ლენას, ჩემი დეიდაშვილის შვილის დაბადების დღეა - 20 წლის გახდა. ფეისბუკზე მისალოცი გავუგზავნე. ლენა ამერიკელია, ქართული არ იცის; ჰყავს უმცროსი და - ლექსი. იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, წელიწადში ერთხელ, მაგრამ დროით გაჩენილი გაუცხოება ყოველი შეხვედრისას რამდენიმე წუთში სრულიად ორთქლდება ხოლმე.

ერთ ჩემს მეგობარს, მგონი, რაღაც ვაწყენინე, ოღონდ ვერ ვხვდები, რა. დავურეკე მობილურზე და არ მიპასუხა. მეორედ აღარ დამირეკავს. ეს გაურკვევლობა მკლავს: მარკუს ავრელიუსი ამბობს, როდესაც ვინმეს რამე ვაწყენინებთ, ეს უმეტეს შემთხვევაში უნებლიეთ ხდებაო. ვეთანხმები იმპერატორს, მაგრამ მე ჯერ ისიც არ ვიცი, ვაწყენინე თუ არა.

პირობის თანახმად, თავისუფლებაზეც უნდა დავწერო ერთი-ორი სიტყვა, წინა საუბრის გასაგრძელებლად; ვისოცკისა არ იყოს, „Я не люблю, когда наполовину, или когда прервали разговор.“ თანამედროვე დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობდი და ამ დღიურის ფორმატში ძალიან, ძალიან მოკლედ ვიტყვი ძველებისგან ჩვენს განსხვავებაზე და ამ განსხვავების მიზეზებზე. მთავარი მიზეზი თავისუფლების ცნების ცვლილებაში არის ის, რომ აბსოლუტის-ღმერთის-ქრისტეს სახელით უამრავი ბოროტება იქნა ჩადენილი იმ ინსტიტუტების მიერ, რომლებიც თითქოს აბსოლუტის და საკაცობრიო სიკეთის გამტარები უნდა ყოფილიყვნენ - მონარქია, ეკლესია. ევროპული სინდისი ამის წინააღმდეგ აჯანყდა; მოხდა ადამიანის სულის ემანსიპაცია ამ ინსტიტუტებისგან, რომლებიც ვეღარ დაუდგენდნენ ადამიანს უკვე გარედან აბსოლუტურ ორიენტირებს. გაჩნდა ეჭვი და კრიტიკა გარედან თავსმოხვეული ინერციების, თუნდაც წმინდა ინერციების მიმართ, ტკივილებში დაიბადა ახალი სულიერი სტრუქტურა, რომლის მატარებელი ევროპელი ადამიანი უკვე თავად ადგენს ფასეულობებს, თავად ეძებს აბსოლუტს და ჭეშმარიტ ორიენტირებს, ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, „უკვდავების ღირსს ცხოვრებას“, რადგან ინერციით მიღებულს უპირობოდ აღარ ენდობა.

რაც ევროპაში მოხდა, სინდისის ეს ემანსიპაცია, უკვე შეუქცევადია. სარტრს რომ დავესესხო, ჩვენ განწირულები ვართ დამოუკიდებელი ძიებისა და აზროვნებისთვის. მას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ვფიქრობ, ამ ძიებაში სუნთქავს თავისუფლებაც. რელიგიაც არ არის „წამალი“ ამგვარი განწირულობის, ანუ აზროვნების რადიკალური პასუხისმგებლობის სამკურნალოდ. უკვე გაცვეთილი რელიგიური მაგალითია: მარიამ ღვთისმშობელმა გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვებიც კი კრიტიკულ განხილვას დაუქვემდებარა და სანამ ბოლომდე არ გამოიძია, მანამდე არ თქვა თანხმობა საკაცობრიო მისიის შესრულებაზე.

18 აპრილი, ოთხშაბათი
სოფიაში ირლანდიის ვიზა ჩამირტყეს! როგორც მოველოდი კიდეც. ახლა გამოგზავნაზეა საქმე. ესეც საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა, რადგან კურიერი მე თვითონ უნდა გამეგზავნა სოფიაში ირლანდიის საელჩოში. UPS-მა უარი მითხრა, DHL-ში უფრო გულისხმიერი ბულგარელი შემხვდა - ჯიგარი, ვინმე მიროსლავ სლავკოვი და, მგონი, გამიხერხებს რაღაცას.

მაშ ასე, ჩავალ ბოლოს და ბოლოს დიდი პატრიკის, კოლუმბა იონელის და იეიტსის სამშობლოში! როცა სადოქტოროს პროგრამაზე ვიყავი ბუდაპეშტში, პირველ კურსზე ერთ-ერთ საკვლევ თემად ადრეული ირლანდიური ქრისტიანობა ავიღე და მას აქეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ კულტურისადმი. გამოვტყდები, რომ ირლანდიის ნახვის სურვილი უფრო მიზიდავს, ვიდრე თავად კონფერენცია.

რამდენიმე საათი ლექციისთვის ვემზადებოდი. ინგლისურიდან ქართულად ვთარგმნე პლინიუსის წერილი იმპერატორ ტრაიანესადმი, იმისათვის, რომ ლექციაზე გაგვერჩია. ეს არის მეორე საუკუნის რომაული წყარო ადრეულ ქრისტიანებზე, ძალიან საინტერესო. ლექციაზე ჩემი თავით არ ვიყავი კმაყოფილი, რადგან სტუდენტებმა რამდენიმე ისეთი შეკითხვა დამისვეს, რომლებზეც სათანადო პასუხი არ მქონდა. ერთ-ორ ასეთ შეკითხვაზე მომერიდა მეთქვა, არ ვიცი-მეთქი და რაღაც უგემურად, ვითომ ვუპასუხე ისე, რომ კითხვა ალთას იყო და ჩემი პასუხი - ბალთას. ეს შიშია, უმეცრად გამოჩენის შიში. ჩეხოვი ამბობს, ადამიანი წვეთ-წვეთად უნდა გათავისუფლდეს მონისგან თავის თავშიო. მეც მთელი ცხოვრება საკუთარი თავის წურვაში უნდა გავატარო, თორემ თუ არ გამოვდევნე ვნებების ეს წვეთები ჩემი თავიდან, ერთხელაც ვეღარ შევამჩნევ მათ და ჩემი თავის განუყოფელ ნაწილად ჩავთვლი.

მჯერა, რომ ყველა ადამიანში არსებობს დაკვირვების, თვითმხილების აბსოლუტური წერტილი, რომელსაც სინდისი ჰქვია. თუ ეს წერტილი დაიბინდა, მერე ერთი უბედურებაა: ათასი ინერცია, კონიუნქტურა, ინტერესი - პირადი თუ სახელმწიფო - დაიკავებს მის ადგილს და ადამიანი დაკარგავს გულწრფელობას. არადა გულწრფელობა, მართლისმთქმელობა, სულიერი კუნთივითაა, რომლის ატროფიაც შესაძლებელია სხვადასხვა შიშების, ვნებებისა თუ ინტერესების სასარგებლოდ: ერთხელ არ თქვი სიმართლე, მეორედ, მესამედ... ერთხელ მოუთმინე საკუთარ თავს მლიქვნელობის ჩადენა, მეორედ, მესამედ... და ამას ზღვარი არ ექნება.

საზოგადოების პრობლემაც ეს არის თავის ძირში: თუ შემცირდება გულწრფელი, საკუთარ სინდისს მინდობილი ადამიანების რაოდენობა, ნებისმიერი წყობის - დემოკრატიის თუ მონარქიის - პირობებში არის ტირანიის საფრთხე, როდესაც ადამიანისგან ითხოვენ ჯერ ნაწილობრივ, მერე კი სრულ მორჩილებას და ისინიც ეჩვევიან მას. დაახლოებით ისე, როგორც ილია აბულაძემ თქვა თავისი დროის კომუნისტებზე: „ესენი რომ გეტყვიან, ‘მტკვარი აღმა მიედინება’, არ გაკმარებენ, რომ უპასუხო, კი, ეგრეაო, არამედ თან უნდა დაუმატო, სულ შხუილ-შხულითაო“.

ტყუილზე აღშფოთების უნარის ატროფია კიბოზე საშინელი დაავადებაა. ეს უნარი თუ დამეკარგა, მერე რა აზრი აქვს, რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული და რა სამეცნიერო რეგალიები მაქვს? უბრალო გლეხი, ვისაც ეს უნარი ჯანსაღად აქვს, ჩემზე გაცილებით მაღლა იდგება ზნეობრივად. დღეს ჩვენთან ხშირად საუბრობენ მართულ და პროპაგანდისტულ მედიაზე. ვფიქრობ, ამ მედიის ხელმძღვანელობაზე არანაკლები პრობლემა მათი აუდიტორიაა: ხომ უსმენენ, ხომ კითხულობენ, ხომ უჯერებენ? ესე იგი, პრობლემის დიდი წილი თავად ხალხში, მის განათლებაში, თავისუფალი კრიტიკული აზროვნების პასუხისმგებლობაშია. ამგვარი პასუხისმგებლობის მატარებელ, მღვიძარე მოქალაქეებზე არანაირი პროპაგანდა არ გაჭრის; პროპაგანდისგან კი სხვა აცრა არ არსებობს, გარდა დამოუკიდებელი აზროვნების ჩვევისა.

გვიან საღამოს ფეხბურთს ვუყურე ჩემს დეიდაშვილთან და მის სკოლის მეგობრებთან ერთად: „ჩელსიმ“ მოუგო „ბარსელონას“, თუმცა ეს უკანასკნელი უკეთ თამაშობდა, ჩემი შეხედულებით. ბუბა ტყავაძეს, როგორც ფეხბურთის გურუს, ეპოქალური შეკითხვები დავუსვი მარადონაზე, მესიზე, რონალდინიოზე და ზიდანზე. ბუბაც არ დამზარდა და ძალიან საინტერესოდ მელაპარაკა. ნეიმარზეც ვკითხე; მიპასუხა, მაგის ჩატარებული ერთი სრული მატჩი უნდა ვნახო, რომ გიპასუხო ადექვატურად, „იუტუბზე“ დადებული ნაწყვეტებით ძნელია განსაჯოო.

19 აპრილი, ხუთშაბათი
დილიდან სახლში ვიყავი, ბებიასთან. გარეთ არც გავსულვარ. ლონდონიდან ჩამოსულმა მეგობარმა, ძველმა, მეოთხე კლასიდან დამეგობრებულმა, დამირეკა და გამეხარდა, რომ მალე ვნახავდი. ვამზადებდი ლექციას კურსისთვის - „პოლიტიკური თეორიები პლატონიდან ნიკოლო მაკიაველიმდე“. ახლა პლატონის „სახელმწიფოს“ გავდივართ.

ლექციაზე ათი წუთით დამაგვიანდა. ჯერ წავიკითხეთ პერიკლეს ნათქვამი სიტყვა, რომელშიც ის დემოკრატიის სიკეთეებზე საუბრობდა; შემდეგ ეს შევადარეთ პლატონის ნაკლებად ოპტიმისტურ შეხედულებებს დემოკრატიაზე და ამ კონტრასტის ფონზე დავიწყეთ მსჯელობა. მსჯელობა ძალიან ცოცხალი და ენერგიული გამოვიდა. რომ დაფიქრდე, მართლა საკვირველია, როგორი თანამედროვე შეიძლება იყოს ორიათასხუთასი წლის წინ დაწერილი წიგნი!

გარეთ რომ გამოვედი, მაგრად წვიმდა. ლონდონიდან ჩამოსულ მეგობარს დავურეკე, მაგრამ სტუმრად იყო და ამიტომ სახლში წამოვედი. დღეს სხვა ბევრი არაფერი მომხდარა საინტერესო. მონტე-კარლოს ჩოგბურთის ტურნირს ვუყურე ცოტა ხანს. ჯოკოვიჩმა ძლივს, სამ სეტში მოუგო დოლგოპოლოვს და შემდეგ ტირილი დაიწყო. გამიკვირდა. ჯერ ვიფიქრე, ალბათ ძალიან განიცადა, რომ თავად პირველმა ნომერმა ასეთი გაჭირვებით მოუგო ოცეულის იქით მდგომს-მეთქი. მაინც არ ჰგავდა ეს ჯოკოვიჩს. შემდეგ გავიგე, რომ თურმე ბაბუა გარდაცვლია. პიტ სამპრასმაც ასე იტირა ერთხელ კორტზე, მწვრთნელის გარდაცვალების გამო...

ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების მუდმივი ფონია. ჯერ ჩემი დეიდაშვილი, მერე ჩემი ძმა, მერე მეც - ყველანი სერიოზულად ვიყავით ამ სპორტში. მე უიმბლდონის ჩემპიონობაზე ვოცნებობდი სკოლის ასაკში და ბორგი, მაკინროი და ლენდლი ლამის ღმერთები მეგონა. სპორტული, ასკეტური სული, მძლავრი მიდრეკილება სტრუქტურირებული, რეჟიმში ჩასმული, მიზანდასახული ცხოვრებისაკენ, საკუთარ თავზე მუშაობისაკენ, დღემდე მომყვება. ვერ ვიტან უმიზნობას, რაღაც „ადღლაზნილ“ დროსტარებას. ასეთ დროს თითქოს ცხოვრების დინებიდან ამოვვარდები და რაღაც ბუნდოვან რეალობაში აღმოვჩნდები ხოლმე.

რადგან თავისუფლებაზე უნდა ვისაუბრო, ამ ასპექტშიც ვიტყვი: დისციპლინა და თავისუფლება ჩემთვის განუყოფელი ცნებებია. თავისუფლება აზროვნების თანმხლებია, აზროვნება კი გულისხმობს საგნების გარჩევას და მათ შორის ღირებულებების დადგენას, საბოლოოდ კი განათლებულ, ინფორმირებულ არჩევანსაც ამ საგნებს შორის. დისციპლინა კი გულისხმობს სწორედ ამ პროცესის მოწესრიგებას, ბოროტის მოკვეთას, კეთილის კულტივირებას, ერთი სიტყვით, სულის წრთობას (არ ვამბობ „გაწვრთნას“, რადგან რუსულად ეს სიტყვა შეიძლება „дрессировка“-დაც თარგმნო, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს თავისუფლებაში ნაშობ დისციპლინასთან).

ღამის ორ საათზე დამირეკა ალეკომ, ლონდონელმა მეგობარმა, და მითხრა, ირაკლისთან ვარ და გამოდიო. რომ არა ლექცია მეორე დილით, შეიძლება გავსულიყავი კიდეც. იმათ კი დილის შვიდ საათამდე უწრუპავთ ღვინო და ზოგადსაკაცობრიო თემებზე უკამათიათ, რისიც, პოსტ-ფაქტუმ, საკმაოდ შემშურდა.

20 მარტი, პარასკევი
დილით ლექცია მქონდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელზე. სიმპათია მაქვს ამ უცნობი თეოლოგის მიმართ, რომელიც, შესაძლოა, თავმდაბლობის, შესაძლოა, იმის შიშით, ვაითუ ერეტიკოსობის ბრალდებით გამინადგურონ ნააზრევიო, პავლე მოციქულის მოწაფის სახელს ამოეფარა. ლექციაც კარგად წავიდა. ზოგჯერ ხდება, რომ არ შედგება „ქიმია“ ლექტორსა და სტუდენტებს შორის, რაც უნდა კარგად მოემზადო. ამიტომ ლექციის წარმატება, გარკვეული აზრით, გამართლებაზეც არის.

გადასარევი დღე იყო! ზამთარს, მგონი, საბოლოოდ შეატყდა კბილი. სახლში ვისადილე, მერე ალეკოსთან, ჩემს მეგობართან ერთად ჩემს ძმასთან, გიორგისთან წავედი მის ოფისში. შემდეგ სამივენი ღია კაფეში დავსხედით მეიდანზე სურბ-გევორქის წინ. ცოტა ხანში თამარა მოვიდა. სადღაც, ხუთ საათამდე იქ ვიყავი, შემდეგ კი DHL-ის ოფისიდან გავაგზავნე მოთხოვნა სოფიიდან ჩემი ირლანდიის ვიზაჩარტყმული პასპორტის გამოგზავნაზე.

სახლში რომ მივედი, ინტერნეტი ჩავრთე და თან ცალი თვალით ტელევიზორს ვუყურებდი. დაიწყო ცნობილი საბჭოთა ფილმი: «Белое солнце пустыни». ეს ფილმი უამრავჯერ მქონდა ნანახი, ოღონდ არც ერთხელ - თავიდან ბოლომდე. ჰოდა, გადავწყვიტე მენახა. ძალიან მომეწონა! ფილმი არის არჩევანზე, მორალურ დილემებზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი უბრალო ლოთი მებაჟე, ყოფილი ოფიცერი, რომელიც ლოიალური გახდა ყაჩაღი აბდულას ბანდის მიმართ და კომფორტულად ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად. მისი დილემა არის ცოლსა და სინდისს შორის: ან ცოლის ნებას დაჰყვება და გაწირავს უმწეო ადამიანებს, ან დაეხმარება ამ უკანასკნელებს, ოღონდ ეს მხოლოდ სიცოცხლის რისკის ხარჯზეა შესაძლებელი.

თუ ამ საკითხს თავისუფლების კუთხით განვიხილავთ, ფილმის ინტუიციაა, რომ სინდისი და თავისუფლება ჭიპი-მუცელივით განუყოფელია ერთმანეთისგან: თუ ხედავ სიკეთეს და იაზრებ მორალურ იმპერატივს, თავისუფლება ნიშნავს, გეყოს ზნეობრივი ძალა, შეასრულო ეს იმპერატივი. ანუ, მხოლოდ გააზრება არ კმარა თავისუფლებისთვის, არამედ ზნეობრივი ძალა ქმედებისთვის.

როგორც პავლე მოციქული ამბობს: ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვებში, არამედ ძალაში; ან ჯორჯ ორუელი როგორც ამბობს: „თავისუფლებაა, შეგეძლოს თქვა, რომ ორს მივუმატოთ ორი არის ოთხი“, ანუ არა მხოლოდ იფიქრო ჭეშმარიტზე, არამედ გეყოს გამბედაობა, ღიად ილაპარაკო კიდეც. სამოქალაქო საზოგადოებას სწორედ ამგვარი ზნეობრივი ძალის მატარებელი ადამიანების სიმრავლე სჭირდება, ადამიანებისა, რომლებიც ჩუმ შინაგან მუშაობაში იყალიბებენ ხასიათს და ზნეობას.

მოგვიანებით ჩემს დეიდაშვილთან გავედი სახლში - ლონდონში მიფრინავდა და გაცილების საღამო იყო. მშვენიერი ესპანური ღვინო დავლიე. რა კარგია, რომ წინდახედულება გამოვიჩინე და მანქანა სახლში დავტოვე!

21 აპრილი, შაბათი
ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია „თავისუფლების დღიურებისათვის“. კარგია, რომ ეს დღე დაემთხვა ჩემს ლექციას კავკასიის ფონდში, სადაც ოცდახუთამდე სტუდენტს, - მათ შორის ზოგ ჩემს სტუდენტს ილიას უნივერსიტეტიდან - ველაპარაკე ქრისტიანობაზე, მის წარმოშობასა და ძირითად იდეებზე. შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო შეკითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეხებოდა თავისუფლების ბუნებას, ანუ ამ დღიურების მთავარ თემას, რაც ბედნიერი დამთხვევა გამოვიდა. ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც დაისვა: ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ურთიერთობა. მეც ამ საკითხით არ დავიწყე ამ დღიურების რეფლექსიები? და აი, ასე შეიკრა თემატური წრე 15-დან 21 აპრილამდე. ანუ საკითხი დაისვა ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ერთმანეთთან მორიგების პარადოქსზე: თუ ჭეშმარიტება ერთია და თუ ის არის, მაშინ ის თავისი ბუნებით უნდა იყოს იმპერატიული, მავალდებულებელი და, თუ ასეა, მაშინ ის უნდა უპირისპირდებოდეს კიდეც თავისუფლებას.

გამახსენდა ამ პარადოქსზე ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ერთი ამერიკელი ლექტორის, ფილოსოფოს დევიდ ვებერმანის მეტაფორა: წარმოიდგინე ქარის სიძლიერის გამზომი პროპელერი მინდორში, რომელშიც ხის რაღაც პატარა ანათალი ჩავარდა და გაჭედილია, არ ტრიალებს; ამოიღებ ამ ნაფოტს და პროპელერი ქარზე თავისუფლად დატრიალდება. დაახლოვებით ამას ჰგავს ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ურთიერთობა: ქარი, როგორც ჭეშმარიტება, და პროპელერი, როგორც ჩვენი სული, ჩვენი აზროვნება, რომელიც მხოლოდ მაშინ არის განხორციელებული, როდესაც თავისუფლად ტრიალებს ჭეშმარიტების „ქარზე“.

მოკლედ ვილაპარაკე იმ დიდ ფილოსოფიურ ტრადიციაზე, რომელიც პარმენიდედან და ჰერაკლიტედან იწყება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თავისუფლებასა და ჭეშმარიტებას. ამ დიდ ტრადიციას უკავშირდება ქრისტიანობა: „სცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG