Accessibility links

logo-print

18 დეკემბერი, კვირა
ადრე ყოველთვის მიყვარდა კვირადღე. ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ მიყვარს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, კვირა იქნება თუ ორშაბათი. გადაბმულად ვმუშაობ, ჩემთვის არც შაბათ-კვირა არსებობს და არც დასვენების დღეები.

გულისფანცქალით ჩავდივარ თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში. ზემოდანვე ვუყურებ, დგანან თუ არა იქ მომუშავე ქალები. ასე გრძელდება მაისის თვიდან. ყოველდღე იმის შიში მაქვს, რომ ზედამხედველობის სამსახური მოვა და აქედან აგვყრის.

დღე შედარებით მშვიდობიანად დაიწყო. დავალაგე ჩემი წიგნები და ველოდები მყიდველს. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ჩემი აქ დგომა. მიწისქვეშა გადასასვლელის ნახევარი გადაკეტეს და მაღაზიებს დგამენ. გამალებული მუშაობა მიდის. ამბობენ, ერთ თვეში უნდა დამთავრდეს და მერე გაგვიშვებენ აქედანო. ყველა შეშფოთებულია. სად უნდა წავიდეთ? თითოეული მაღაზიის ქირა თვეში 600 დოლარიაო. ამასთან, 600 დოლარს წინასწარ თხოულობენ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. სულ 1200 დოლარი გამოდის. ღმერთო ჩემო! საიდან უნდა ვიშოვო ეს ამოდენა ფული? ვიფიქრეთ, სამი კაცი შევსულიყავით ერთ მაღაზიაში, რომ ეს თანხა გადაგვენაწილებინა, მაგრამ იმდენად პატარა ფართია, სამი კაცი ვერ მოვთავსდებით; ორზე კი დიდი თანხა გამოდის. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვფიქრობ...

გამვლელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ: არ იყო აქ მაღაზიები? რისთვის დაანგრიეს, თუკი ხელახლა დადგმას აპირებდნენო? გასასვლელი დავიწროვდა. ჩვენც მიყუჟულები ვდგავართ, რომ გამვლელ-გამომვლელს ხელი არ შევუშალოთ.

მთელი დღის განმავლობაში სამი წიგნი გავყიდე.

19 დეკემბერი, ორშაბათი
მთელი ღამე ვერ დავიძინე. ხვალინდელი დღის მეშინია. არადა, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა: წიგნის გამყიდველებს გვქონდა მერიისაგან ოფიციალურად გამოყოფილი ადგილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსაკრებელს გვახდევინებდნენ და ვიყავით მშვიდად. ხელს არავინ არ გვიშლიდა. 3 თუ 4 წლის წინ შეგვაწყვეტინეს მოსაკრებლის გადახდა იმ მოტივით, რომ გადასახადის სხვა ფორმა იქნებაო. 2010 წლის აგვისტოში კი პატრულის თანამშრომლებმა, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, საერთოდ გამოგვყარეს იქიდან.

იმ დღიდან დაიწყო კოშმარი. არ დაგვიტოვებია მერია თუ საკრებულო, ხან აქციებს ვმართავდით, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი ერთი იყო: წადით დედაენის ბაღში, მტკვრის პირას, იქ გავაკეთეთ წიგნის ბაზრობაო.

მახსენდება შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბატონ ზაალ სამადაშვილთან... ვუხსნით, ვარწმუნებთ, რომ იქ, იმ ადგილზე წიგნის გაყიდვა შეუძლებელია. ვკითხე: ბატონო ზაალ, თქვენ გინახავთ მტკვრის ნაპირას მოსეირნე ქართველი და თან წიგნის მყიდველი? აბა, სენის სანაპიროზე რომ იყიდება წიგნებიო? მტკვარი სენა არ არის, და არც თბილისია პარიზი. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ჩვენი და ფრანგების ცხოვრების დონეა ძალიან განსხვავებული.

მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერმე გადიოდა რეკლამა ტელევიზიით - თითქოს დედაენის ბაღში წიგნები შესანიშნავად იყიდებოდა - იდეამ არ გაამართლა. წიგნების პრეზენტაციაც მოაწყვეს ორკესტრის თანხლებით...

ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე - ზამთრის თვეებში ნუთუ შესაძლებელია მტკვრის ნაპირას მთელი დღე დგომა? ადგილი, სადაც არ არის მოძრაობა, ახლომახლო არც ერთი სასწავლებელი არაა და არ დადის ხალხი... უნდა იდგე ადამიანი და ელოდო, იქნებ ვინმემ შემთხვევით შემოიაროს; ის შემთხვევით გამვლელი კი იყიდის თუ არა წიგნს, ეგეც საკითხავია...

პატრონი და გამკითხავი არავინ არის...

20 დეკემბერი, სამშაბათი
ცივი დღეა. მიწისქვეშა გადასასვლელში გამჭოლი ქარი უბერავს. მარჯვნივ ამოშენებული, მაღაზიებად ქცეული ფართი ისევ ცარიელია. სიამოვნებით შევაფარებდი თავს... მერე 600 დოლარი მახსენდება და კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ სიცივეს...

ფიქრს გამვლელი მაწყვეტინებს, დანტე ალიგიერის ”ღვთაებრივი კომედია” მთხოვა. ძალიან გამიხარდა. წიგნიც იყიდა და სიაც დამიტოვა - ეს წიგნები თუ გექნებათ, დამირეკეთო. საღამოს 7 საათამდე კიდევ რამდენიმე წიგნის გაყიდვა შევძელი.

21 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს სტალინის დაბადების დღეა, და პრეზიდენტისაც. რა იქნება, რომ მოულოდნელად ბატონმა სააკაშვილმა გამოიაროს მიწისქვეშა გადასასვლეში და ის ხალხს დაგველაპარაკოს? რას ვეტყოდი? ვეტყოდი, ბატონო პრეზიდენტო, მოგვეცით საშუალება, წიგნი გავყიდოთ; წიგნი ხომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დიდ ქალაქებში ქუჩაში იყიდება... შეიძლება მიპასუხოს, გარე ვაჭრობა ავკრძალეთო. კი, მაგრამ ყვავილები და გაზეთები თუ შეიძლება, წიგნმა რა დააშავა? თუმცა უკვე გაზეთების ჯიხურებიც აიღეს...

სრულიად დაუცველად ვგრძნობ თავს. შიშის გრძნობა მაქვს. მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება ზედამხედველობის ბიჭები თავს დამადგნენ და უხეშად ამიკრან ხელი წიგნებზე, გულს მიხეთქავს. ეს მოხდა რამდენჯერმე: ”აალაგე ახლავე და წადი აქედან, სანამ კარგ ხასიათზე ვარ, თუ არადა წაგართმევ ყველაფერსო...” მორიდებით ვკითხე: შვილო, ბოლოს როდის წაიკითხე წიგნი, იქნებ თქვენთვისვე ჯობია, ხალხთან მიმართვა ისწავლოთ-მეთქი? აღარ გამამეორებინოო, მიპასუხა და გამეცალა. ვინ ვარ მე? ვარ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქე და მაქვს თუ არა უფლება, საკუთარი შრომით ვირჩინო თავი და ვარჩინო ჩემი შვილი?

22 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს დენის საფასურის გადახდის ბოლო დღეა. თუ რამეს გავყიდი, საღამომდე გადავიხდი, რომ არ გამომირთონ.

გამოსავალს ვეძებ და ვერ ვპოულობ. უნდა წავიდე აქედან, მაგრამ სად? იქნებ - იტალიაში. ბევრი ჩემი ნაცნობი წავიდა იქ სამუშაოდ, იქნებ როგორმე მოვახერხო მათთან დაკავშირება...

ჯერ კიდევ სასახლესთან რომ ვიდექით, ბატონი კოტე გაბაშვილი მოვიდა და კასტელის ალბომი მთხოვა, საელჩოში კასტელი მუშაობს და თავისი მოგვარის წიგნი სიურპრიზად უნდა ჩავუტანოო. წიგნი რომ მოვუტანე, ვთხოვე, ბატონო კოტე, იქნებ დამეხმაროთ და წამიყვანოთ იტალიაში სამუშაოდ-მეთქი. გაეცინა და მითხრა, შენ არ იცი, როგორ პირობებში მუშაობენ იქ ჩვენი ქალები; მოითმინე, ცოტა ხანში აქ ყველაფერი კარგად იქნებაო... მაგრამ აქ არაფერი არ შეიცვალა უკეთესობისკენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დღითი დღე უარესდება. არსაიდან - არანაირი შემოსავალი. ერთადერთი - დამოკიდებული ვარ წიგნის გაყიდვასა და მეგობრების დახმარებაზე. რამდენი კარგი ადამიანი შევიძინე ამ ხნის მანძილზე...

1989 წლიდან 1999-მდე ვიმუშავე წიგნის მაღაზიის გამგედ. მერე ის მაღაზია აუქციონზე გაყიდეს და ქუჩაში აღმოვჩნდი. ისე, ქუჩაში ვაჭრობას უარყოფითთან ერთად ბევრი დადებითიც აქვს - რამდენი ადამიანი გავიცანი, რამდენი მეგობარი შევიძინე. სულ მათი წყალობითაა დღეს თუ ფეხზე ვდგავარ. კარგ ხასიათზე ვდგები, როცა სითბოთი და სიყვარულით მესალმებიან. მეც ხომ, ჩემი მხრიდან, არასოდეს დამიშურებია ღიმილი და ტკბილი სიტყვა ნებისმიერი მყიდველისთვის. წიგნთან ხომ შემთხვევითი ადამიანები არ მოდიან... ალბათ არც ჩემს ბედზე ვიწუწუნებდი, მუშაობის საშუალება რომ მქონდეს. ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში დგომა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

განცხადება შეიტანეთ მერიაში, იქნებ ძველ ადგილზე დაგაბრუნონო, მირჩია ჩემმა ნაცნობმა. მეც ძალიან მინდა, რომ ძველ ადგილზე დაგვაბრუნონ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ამ საქმეს გულშემატკივარი კაცი უნდა და თანაც წიგნის მოყვარული. განცხადების შეტანას რა აზრი აქვს, თუკი არავინ გულთან ახლოს არ მიიტანს ჩვენს გასაჭირს. ამასწინათ ბატონ ნუგზარ წიკლაურსაც შევხვდით მე და ჩემი მეგობარი და დახმარება ვთხოვეთ. ბატონი ნუგზარი ადრე უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობდა და შესანიშნავად იცის წიგნიც და წიგნის რეალიზაციის ამბავიც. შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ...

არა, უნდა წავიდე, სადმე უნდა წავიდე, შორს აქედან. სული მეხუთება, ჰაერი აღარ მყოფნის ჩემს ქალაქში. ვიცი, თუ წასვლა შევძელი, მოსამსახურედ უნდა დავუდგე ვინმეს, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვარ, ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებ. ის მაინც მეცოდინება, რომ გადამთიელს უნდა ვემსახურო და ღირსების გრძნობა დავთრგუნო ჩემს თავში. აქ კი ვერ ვერევი თავს, როცა ჩემს ენაზე მოლაპარაკე მჩაგრავს.

23 დეკემბერი, პარასკევი
დღეს ცოტა არა მიშავს. მყიდველიც მყავდა. ბათუმიდან იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული წიგნები უნდოდათ. ერთ თვეში კიდევ ჩამოვალთო, მითხრეს. კარგი იქნება, თუ ამ ადგილზე დაგხვდებით-მეთქი. მე თვითონ არ ვიცი, ერთ თვეში სად ვიქნები.

მოვიფიქრე, რომ დავურეკო საფრანგეთში ჩემს მეგობარს, ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს. იქნებ როგორმე მოვახერხო და გავბედო თქმა, რომ წამიყვანოს აქედან. ერთი თვის წინ იყო ჩამოსული თბილისში, რაღაც კონფერენციაზე ხელნაწერთა ინსტიტუტში და სახლშიც მეწვია. დაახლოებით 8 წელი მაინც იქნება, რაც ვიცნობ. უამრავი წიგნი იყიდა ჩემთან ჯერ კიდევ ადრე, მაშინ მეგობრები არ ვიყავით, შემდეგ დავმეგობრდით. შესანიშნავი მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის. გაოცება ვერ დავფარე, როცა თქვა, რომ წოვა და ჩაღმა თუშების დიალექტებიც კი ვიციო. მოვსინჯავ, დაველაპარაკები, იქნებ დამეხმაროს. მგონი, უარს არ მეტყვის.

სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ უკვე. დავიღალე, ძალიან დავიღალე. უნდა ვუშველო თავსაც და ჩემს შვილსაც. ახლა უნდა მას პატრონი და გზაზე დაყენება. უმამოდ გავზარდე, ერთი თვის იყო გიორგი, მეუღლე რომ გარდამეცვალა. უკვე 18 წლისაა. გაისად გამოცდების ჩაბარება მოუწევს. რით ვასწავლო? რით გადავუხადო სწავლის ქირა? არ ვიცი, რა მოვიფიქრო. ყველა საგანში უფასოდ ამეცადინებენ - ესეც ჩემი ძველი მყიდველები, რომლებმაც უანგაროდ დახმარება თვითონ შემომთავაზეს. ღმერთო, სიკეთე მიეცი მათ ჩემი შვილის დახმარებისთვის. ხანდახან ისეა, რომ გზის ფულსაც ვერ ვაძლევ. არადა, როგორია 18 წლის თავმოყვარე ბიჭისთვის ლარი რომ არ უდევს ჯიბეში?

ძალიანაც არ მინდა წასვლა. ვიცი, როგორ გამიჭირდება სხვა ქვეყანაში. როგორ გავძლებ ჩემი შვილისა და ახლობლების გარეშე? მაგრამ რა ვქნა?! ძნელია ჩემს ასაკში ყველაფრის ერთბაშად მიტოვება. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე ყოფნაც შეუძლებელია. ძალიან მეშინია, სულით არ დავეცე, ჩემთვის ყველაფერი სულერთი არ გახდეს. მინდა, კვლავ მქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.

24 დეკემბერი, შაბათი
დილიდან ბევრი ვიტრაბახე სახლში, თუმცა რატომ ვიტრაბახე? უბრალოდ, განვლილი წლების ანალიზი გავაკეთე და შევაჯამე, რა თქმა უნდა, ცოტა იუმორით.

მაშ ასე: ჩემი ბუკინისტობის პერიოდში უამრავ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადამიანს თბილისში, და არა მარტო თბილისში, შევაძენინე კარგი ბიბლიოთეკა.

ახლა უცხოელები: ვინ არ ყოფილა ჩემს სახლში - ჩეხები, გერმანელები, რუსები, დაღესტნელები... და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელიც კი, რომელმაც ჩიქობავას რვატომეული იყიდა და მითხრა, ეს კონგრესის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებსო. ჰო, კიდევ გამახსენდა, როგორ მიმღერეს რუსთაველის გამზირზე კალიფორნიიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, რომლებიც, თუ არ მეშლება, ფოლკლორის საერთაშორისო დღეებზე იყვნენ ფოთში ან ბათუმში. ჩემი მყიდველი იყო იმათგან ერთ-ერთი, რომელმაც კარგად იცოდა ქართული და წლების განმავლობაში, ყოველ ზაფხულს მოდიოდა ჩემთან. მას პატრიცია ერქვა და ამ ქალბატონმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფი სპეციალურად იმღერებდა ჩემს პატივსაცემად... და კიდევ რამდენი ამისთანა... ტყუილად არ მიტრაბახია, ხომ ასეა? ეს - ხუმრობით, რა თქმა უნდა... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ იყო, იყო და დამთავრდა!

ჩემს ამ ჩანაწერებს კი ვამთავრებ ძველი გალიური ანდაზით: არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG