Accessibility links

logo-print
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ორი ილუსტრირებული ბიოგრაფია გამოსცა, რომელიც როკ-მუსიკის ორ ყველაზე გამორჩეულ ჯგუფს, The Beatles-ს და Pink Floyd-ს მიეძღვნა.

ამ ტიპის გამოცემები საქართველოში ახალი ხილია. თავდაპირველად ეს წიგნები რამდენიმე წლის წინ გამოსცა Transatlantic Press-მა, წელს კი მისი ქართული ვერსიები გამოვიდა - The Beatles-ი მუსიკოსებმა თარგმნეს, ნოდარ მანჩხაშვილმა და რამაზ ხატიაშვილმა, Pink Floyd-ი კი - ნინო გოგალაძემ. კონსულტანტები მამა-შვილი მაყაშვილები იყვნენ, ბიძინა და ანა. რედაქტორებთან ერთად, ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ წიგნებში რაიმე უზუსტობა არ გაპარულიყო, მით უმეტეს, რომ ამ ტიპის წიგნებში სწორედ სიზუსტე და ფაქტებია ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ უდიდეს როლს თამაშობს ეფექტური ილუსტრაციები.

ცხადია, ამ ორი ჯგუფის თაყვანისმცემელთა გარდა, ისეთებსაც დააინტერესებს წიგნები, ვინც ჯერ არ ირიცხება თაყვანისმცემლებში, სხვები კი, უბრალოდ, კარგ საჩუქრად ჩათვლიან ამ სუპერიან პრიალა გამოცემებს. წიგნის კონსულტანტი ბიძინა მაყაშვილი მიიჩნევს, რომ ეს წიგნები ყველასთვისაა:

"იცი როგორი წიგნებია? პირველ რიგში, საჩუქარია ყველასთვის - დაწყებული 10 წლის ბავშვით, 70 წლის მელომანით დამთავრებული. არც არის საჭირო მელომანი იყოს, იმ ეპოქას ხომ მოესწრო? 60-70-იანებს. ამ ეპოქაზე ყველაფერს ნახავს და მართლა ყველასთვისაა ეს წიგნები. თავისთავად სასაჩუქრედაც კარგია - ისეთი ტიპის წიგნია, რომ ყველას წაუღებ, ასაკი ტყუილად არ მიხსენებია".

ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ალბომებში ძველი, გაცვეთილი ფოტოები კი არაა შესული, არამედ ფართო საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ფოტოები:

"ამ ტიპის წიგნების, ანუ ილუსტრირებული ბიოგრაფიების, კარგი მახასიათებელი რა არის? ის, რომ, განსაკუთრებით ბითლსის ფოტოები ხომ ვიცი და ვიცი, 40 წლის წინ დაშლილი ჯგუფია... მაგრამ ასეთ წიგნებში ყოველთვის 95% ახალი ფოტოებია ხოლმე. საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოები შედის და ამ უცნობი ფოტოებით გიყვებიან ამბავს, ნელ-ნელა შეჰყავხარ ისტორიაში. ეს მარტო ილუსტრირებული წიგნები არაა, დამატებაც მოჰყვება ბოლოში, ანუ საკმაოდ დეტალური დისკოგრაფიები და ქრონოლოგიაც. ვთქვათ, დიდი ბიტლომანისთვის ახალი შეიძლება არაფერია, მაგრამ მართლა ისეთი წიგნია, რომელზეც იტყვიან ხოლმე must have, ანუ რომელიც უნდა გქონდეს".
თხრობის პრინციპი ორივეგან თითქმის ერთნაირია, მოკლე-მოკლე აბზაცები და დიდი ფოტოები. ბითლსების წიგნი თავად ბითლსების სიმღერასავითაა, მოკლე და კონკრეტული, ერთნაწილიანი, ერთი ამოსუნთქვით, სულ რამდენიმე აკორდზე აგებული. პინკ ფლოიდის ბიოგრაფია კი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და მათი სამი უმნიშვნელოვანესი ალბომის სახელი ჰქვია. გარდა ამისა, თან ახლავს დისკოგრაფია და ქრონოლოგია. მოკლედ, რამდენიმენაწილიანი ფსიქოდელიური ფოტო-პოემასავით იკითხება.
ამ ორი ჯგუფის ბიოგრაფია შესადარებლადაც კარგია. ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული ისტორიები, განსხვავებული მისწრაფებები, განსხვავებული სტილისტიკა და ფილოსოფია.

პინკ ფლოიდი თავიდანვე რაღაც ინტელექტუალურ აურაში იყო გახვეული, თანამედროვე ხელოვნება, კემბრიჯის კოლეჯი, სტუდენტობა... მათთან შედარებით, ბითლსები უბრალო ბიჭები იყვნენ: ხელოვნების სკოლის ნაცვლად - პოლიტექნიკუმი, მოპოვებული სტიპენდიების ნაცვლად - ჩაფლავებული გამოცდები, სადიპლომოს ნაცვლად _ ელექტრიკოსის თანაშემწეობა რომელიღაც უნივერმაღში, აკადემიური წრეებისა და ახალგაზრდა ინტელექტუალების ნაცვლად _ ქუჩა. მაგალითად, ჯონმა და პოლმა ერთმანეთი წმინდა პეტრეს ტაძრის წინ გაიცნეს, ლივერპულში, როცა 16 წლის ჯონი და მისი ჯგუფი Quarry Men ეკლესიის წინ გამართულ ზეიმზე უკრავდა. შემდეგ ჯორჯი გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სტიუარტ სატკლიფმა სახელიც გამოუნახა ჯგუფს, ახალი სახელი, The Beatles. მალე ბრაიან ეპსტაინი მოვიდა, პიტ ბესტი კი წავიდა და იგი რინგომ ჩაანაცვლა. ჯგუფი შეიკრა, ისტორია დაიწყო.

Pink Floyd

Pink Floyd

ასევე ძალიან საინტერესოა Pink Floyd-ის პირველი, ძიებებით და გაბედული ექსპერიმენტებით სავსე, პერიოდი, იმის თვალყურის დევნება, თუ როგორ იცვლებოდა მათი იმიჯი. მაგალითად, ვინ იცის, შესაძლოა როჯერ ვოტერსის თავდაპირველი იმიჯიდან - მრგვალი სათვალე, აბრეშუმის პერანგი და დიდი ბაფთა - კენ რასელის "ეშმაკნის" ერთ-ერთი მთავარი გმირის, მამა ბარის სახე იშვა, რომელსაც მსახიობი მაიკლ გოტარდი თამაშობს.

ცალკე საუბრის თემაა პინკ ფლოიდი და მაშინდელი მსოფლიო ხელოვნების ყველაზე მქუხარე სახელები - სტენლი კუბრიკი, მიქელანჯელო ანტონიონი და სხვები. ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პინკ ფლოიდის აუდიო-ვიზუალური ეფექტების ისტორიას, დაწყებული პირველი ფსიქოდელიური მცდელობებით, ყველაზე ცნობილი კონცერტებით დამთავრებული. აი, მაგალითად, 1966 წელი, ჰორნსის ხელოვნების კოლეჯის სცენაზე ჯგუფმა პირველი ფსიქოდელიური მუსიკის კონცერტი შესთავაზა მსმენელს, "კონცერტზე განათების ეფექტების გამოყენების იდეა ჯგუფს მათმა ძველმა წევრმა, მაიკ ლეონარდმა მიაწოდა (მაიკი ამავე დროს ჰორნსში ლექტორი იყო). ლეონარდი light and sound-ის სისტემის განვითარებაზე მუშაობდა. ეს სისტემა სინათლის ეფექტების ხმის მიხედვით გაკონტროლებას გულისხმობდა და თავდაპირველად ჩაწერილ, შემდეგ კი ცოცხლად შესრულებულ მუსიკაშიც გამოიყენებოდა. ფერადი და მოძრავი მანათობელი ეფექტებით გაფორმებული სასცენო შოუ მალე Pink Floyd-ის სავიზიტო ბარათად იქცა". 1967 წელს ჯგუფმა სცენაზე დიდი ეკრანიც გაჭიმა და მასზე გაუშვეს გამოსახულებები, იმავე წელს დამატებით ხმის გამაძლიერებლები დაამონტაჟეს, "ყოვლისმომცველი ხმის" ეფექტის შემქმნელი მარტივი მოწყობილობა პულტით, რომლითაც ბგერის ნებისმიერ წერტილში მიმართვა შეიძლებოდა. ყველაფერ ამაში LSD-საც დიდი როლი ეკისრებოდა, გაიზარდა ინსტრუმენტული პარტიების წილი, 1968-ში დაინერგა Azimuth Coordinator, ხმის 360 გრადუსით გარემომცველი სისტემა და ა.შ.

ბევრი ღირებული დეტალია გათვალისწინებული The Beatles-ის ბიოგრაფიაშიც, ზოგიერთი ფოტო კი მართლაც საუკეთესო სასუსნავი იქნება მუსიკისა და ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, ამიტომ მინდა ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, თანამედროვე ქართული როკ-მუსიკის შესახებ რომ გამოიცეს ასეთი ილუსტრირებული ბიოგრაფია. რამდენიმე თვის წინ ტაბულა-არტის სპეცნომერი გამოვიდა, რომელიც 90-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას მიეძღვნა და სადაც რამდენიმე ძალიან კარგი და, რაც მთავარია, უცნობი ფოტო გამოქვეყნდა. მაშინ ვიფიქრე, რა მოხდებოდა, ერთი კარგი ილუსტრირებული ბიოგრაფია ირაკლი ჩარკვიანზეც გამოსულიყო, ან რომელიმე ჯგუფზე, ან ყველაზე ერთად-მეთქი. ერთი დიდი ლოდი, სახელად “თავისუფალი ქართული მუსიკა”. ამაზე ბიძინასაც ვკითხე და, აი, რა მიპასუხა:

"მე თვითონ ნაკლებად ვფიქრობდი ამაზე. ეს იდეა წამოვიდა გურამისგან (წიბახაშვილისგან). ძალიან ბევრი ფოტო მაქვს, მოდი, ნახე და რამე გავაკეთოთო. ეს ადრე აქვს ნათქვამი და, უბრალოდ, ვერ მივედით პრაქტიკულ შედეგამდე. გურამი ძალიან დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს და მეც, მართალი გითხრა... თან კარგი საქმე იქნება. შეიძლება ასეთი დონის არ იყოს, ეს წიგნები რომაა, მაგრამ მატიანესავით რომ იყოს, კარგი იქნება. იქ მერე სხვებიც ჩაერთვებიან, ალბათ, ავტორებიც და ფოტოგრაფებიც. ასე რომ, შეიძლება."

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG