Accessibility links

logo-print
გამომცემლობა "დიოგენემ" XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი, ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის "უთვისებო კაცის" გამოცემა დაასრულა.

ამ უზარმაზარი წიგნის პირველი ტომი 4 წლის წინ გამოსცა "დიოგენემ". მახსოვს, მაშინვე დავიწყე მარჩიელობა იმაზე, თუ როდის გამოვიდოდა მისი მეორე ნაწილი, რითაც უზარმაზარი საქმე დაგვირგვინდებოდა, საქმე, რომელიც სულ სხვა საფეხურზე აიყვანდა ქართულ მთარგმნელობით ტრადიციას. სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ასეთ ტიტანურ ნაშრომზე მქონდა საუბარი, წერედიანის "ფაუსტზე". მალე ყიასაშვილის "ულისეზეც" მომიწევს ლაპარაკი, როგორც ვატყობ, დღეს კი მაია ბადრიძის "უთვისებო კაცზე" მინდა ვისაუბრო, წიგნზე, რომლის დაძლევაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა.

მესმის, რომ სიტყვა დაძლევა ცოტა რიტორიკულად ჟღერს: მუზილის ამ ტექსტს ვერც ვერავინ დაძლევს ვერასდროს, იგი კომფორტული შეგრძნებებისთვის არ დაწერილა, იმისთვის, რომ გამარჯვებულად იგრძნო თავი; შვებით ვერ ამოისუნთქავ და ვერ იტყვი, რომ ყველაფერი დამთავრდა და მუზილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. არა, ასეთ რამეზე არც უნდა იოცნებოს მთარგმნელმა, მკითხველმაც კი. უბრალოდ, რაღაცით ხომ უნდა აღნიშნულიყო ის საზეიმო განწყობილება, რომელიც ასეთი წიგნის თარგმნას ახლავს თან. ჰოდა, ამიტომ ვამბობ, დაძლია!

ამ გიგანტურმა ორტომეულმა უკვე ავსტრიული ლიტერატურის ჩემს თაროზე დაიმკვიდრა ადგილი, მუზილის სხვა გამოცემებთან, იმ ორტომეულის გვერდით, რომლითაც პირველად გავეცანი ამ რომანს. სოლომონ აპტის თარგმანს ვგულისხმობ, 1984 წლის გამოცემას. მაია ბადრიძე კი, ალბათ, ქართული თარგმანის ისტორიაში შევიდა წარმოუდგენელი დისციპლინისა და მთარგმნელობითი გმირობის გამო. როდესაც თარგმანთან დაკავშირებულ სირთულეებზე ჩამოვარდა სიტყვა, მაიამ ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ ამ წიგნის თარგმნისას მხოლოდ სირთულეები ხვდებოდა:

"აქ იყო მხოლოდ სირთულეები, შემიძლია გითხრათ, და არ იყო სხვა არაფერი. როცა ამის შესახებ მეკითხებიან ხოლმე, ყოველთვის მომყავს ერთი მაგალითი: მე ვიყავი შვეიცარიაში და იქ იყო კიდევ ორი გერმანულიდან მთარგმნელი, ძალიან ცნობილი, კარგი მთარგმნელები, და რაღაც პატარა პასაჟი იყო სათარგმნი, რომელზეც მაშინ ვმუშაობდი და სამივე ვკითხულობდით და სამივეს აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერპრეტაცია გვქონდა, აბსოლუტურად. ცხადია, ეს არ იყო რადიკალურად სხვადასხვა, იყო ნიუანსობრივი განსხვავება, მაგრამ ეს ნიუანსები ქმნის მუზილთან ყველაფერს. ამბავი აქ არ მოიყოლება და..."

ასევე პრობლემას ქმნიდა მწერლის სინტაქსი:

"პირველი საფეხური ეს არის, გაიგო ტექსტი, მეორე - დაიჭირო ინტონაცია და შემდეგ იწყება მთავარი, სინტაქსი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია. გასაგებია, რომ გერმანული სინტაქსი სხვანაირია, სხვა ენაა, სხვა ენობრივი მსოფლხედვაა, მაგრამ მუზილთან ეს კიდევ უფრო იგრძნობა... გვერდნახევრიანი წინადადებები აქვს, მაგალითად, რომლის ატანაც თვით გერმანულ ენასაც კი გაუჭირდა."

მუზილის ამ რომანის შინაარსის მოკლედ გადმოცემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არანაირი აზრი არა აქვს. მხოლოდ ორი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ მოქმედება, რომელიც 1913 წელს იწყება ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, რეალურიცაა და გროტესკულიც, გარკვეული მოდელიც და თეატრალური მისტიფიკაციაც, რომელიც ე.წ. "პარალელური აქციის" სახეს იღებს რომანში. საქმე ისაა, რომ 1918 წელს გერმანია ვილჰელმ II-ის ტახტზე ასვლის 30 წლისთავს აღნიშნავს, რის საპასუხოდაც კაკანია (ასე უწოდებს მუზილი თავის სამშობლოს, ავსტრიის იმპერიას, kaiserlich-koniglich-ის პაროდირებით) იწყებს სერიოზულ მზადებას კიდევ უფრო დიდი და პომპეზური თარიღის, იმპერატორ ფრანც-იოსების გამეფებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად. ეს შეჯიბრი აბსურდამდე მიდის, იწყებენ ღონისძიებების დაგეგმვას, იმართება მიღებები, განხილვები, სხდომები... ამ ყველაფერში რომანის მთავარი გმირიც, უთვისებო კაცი ულრიხიც იღებს უშუალო მონაწილეობას და მასთან ერთად ასპარეზზე გამოდიან სხვა პერსონაჟებიც.

საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ეპოქა და სააზროვნო გარემო, რასაც ეძღვნება კიდეც რომანი. ამაზე ძალიან ბევრი ციტატის დამოწმება შეიძლება. უბრალოდ, ერთს გავიხსენებ, ციტატას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ათვლის წერტილია "უთვისებო კაცის" რეალობისთვის. ესაა XIX საუკუნის ბოლო წლები, ეპოქა, რომელიც "ჭკვიანი იყო ტექნიკაში, ვაჭრობასა და სამეცნიერო კვლევებში, მაგრამ ენერგეტიკული ცენტრის მიღმა - ჭაობივით წყნარი და მატყუარა. ხატავდა წინა ეპოქების ოსტატთა მსგავსად; თხზავდა გოეთესა და შილერისებურად და სახლებს გოთიკისა და რენესანსის სტილით აგებდა. იდეალურზე მოთხოვნილება ცხოვრების ყველა გამოვლინებაზე ჟანდარმივით ბატონობდა..." ყველაფერ ამას უშუალოდ მოსდევს ის პერიოდი, რომელშიც ვითარდება რომანის მოვლენები, თან, მკითხველისგან განსხვავებით, რომანის პერსონაჟებმა არაფერი იციან კარს მომდგარი საფრთხის, პირველი მსოფლიო ომის შესახებ.

ავტორი წიგნზე ძალიან დიდხანს მუშაობდა. "უთვისებო კაცის" პირველი ტომი 1930 წელს გამოიცა, 1932-ში მეორე ტომის 38 თავი გამოვიდა ცალკე წიგნად და მხოლოდ 1943 წელს, რობერტ მუზილის გარდაცვალების შემდეგ, გამოაქვეყნა მწერლის ქვრივმა დაუმთავრებელი რომანის ყველაზე დასრულებული თავები. უკვე წლების შემდეგ კი მუზილის სპეციალისტმა, ტექსტოლოგმა ადოლფ ფრიზემ ივაჟკაცა ამ მიმართულებით:

"რთული ავტორი იყო ძალიან და რთულად მუშაობდა. ჰქონდა დიდი პაუზები, წლების მანძილზე ვეღარ ეკარებოდა ხოლმე ტექსტს, მიზეზი კი სრულიად უბრალო რამ შეიძლებოდა გამხდარიყო. უბრალო და აუხსნელი. მაგალითად, ერთხელ მას სტუმრად ეწვია ალფრედ დიობლინი, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მიუჯდა საწერ მაგიდას, სადაც მისი ხელნაწერები იყო გადაშლილი და სრულიად მექანიკურად, საუბრის დროს, დიობლინი რაღაცას ფხაჭნიდა ფურცელზე და თავისი სახელი და გვარი მოაწერა, როგორც ხშირად ვიქცევით ხოლმე. ეს გახდა მიზეზი, რომ ექვსი წელი ვეღარ მიჰკარებოდა ტექსტს და მერე დასჭირდა ფსიქოანალიზის სეანსების გავლა და ა.შ."

გასაგებია, რომ "უთვისებო კაცი" XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი ტექსტია, მაგრამ, პირველ რიგში, ეს ტექსტი, ალბათ, ავსტრიული კულტურის, ავსტრიული ლიტერატურის სიმბოლოდ იქცა. და თავად მუზილის ხსენებისასაც, უმთავრესად, მისი ეს რომანი ახსენდებათ და არა "ტიორლესი...", "სამი ქალი" ან "მეოცნებენი". ხოლო რომანის ენამ და მხატვრულმა აზროვნებამ, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის ავსტრიულ ლიტერატურაზე და სამუდამოდ შეცვალა იგი:

"ეს არის აბსოლუტურად მეტაფიზიკური ენა. უცებ გახსენდება, რომ ასეთივეა კარიბის ზღვის აუზის მეტაფიზიკური ენა, ზღაპრის ენა... თუმცა რადიკალურად სხვადასხვა რამეა, წარმოუდგენლად სხვადასხვა სივრცეებია, მე ვგულისხმობ ლიტერატურულ სივრცეებს. თუ ის არის ზღაპრის ლამაზად, მაქმანებით მოქსოვილ-მოქარგული სამყარო, რაღაცნაირი სიტკბოება... ეს ტექსტი თვითაღზრდასა და თვისდისციპლინას გასწავლის და გაიძულებს ამას. საერთოდ, ეს გერმანულენოვანი ლიტერატურის სპეციფიკაა, ცხადია, და ზოგთან კიდევ უფრო ექსტრემალურია და უკიდურესობამდეა მისული."

შენიშვნებისთვის თითქმის აღარ დამრჩა დრო, მით უმეტეს, მიმაჩნია, რომ ჩემზე დაკვირვებული მოგერმანულეები დაამუშავებენ ტექსტს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. უბრალოდ, ერთი რამ მომხვდა ყურს ცოტათი უხერხულად: რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დიოტიმა, ყველგან დიოთიმადაა მოხსენებული. არადა, პლატონთანაც, "ნადიმში", Διοτίμα-ა, ჰოლდერლინთანაც დიოტიმაა (Diotima) და, ცხადია, მუზილთანაც. მესმის, რომ მთარგმნელს სერიოზული არგუმენტები ექნება ამ "თ"-ს გასამართლებლად, თუმცა ჩემთვის მაინც ვერანაირი არგუმენტი ვერ გამოდგება საამისოდ. დიოტიმა დიოტიმაა და მორჩა.

სხვა მხრივ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ლიტერატურის მოყვარულს და, ამ გამოცემით გამხნევებული, ხმამაღლა ვიტყვი: ახლა პრუსტის ჯერია!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG