Accessibility links

გამომცემლობა "აგორამ" ცნობილი ფრანგი ლიტერატურის თეორეტიკოსისა და კრიტიკოსის, როლან ბარტის, უმნიშვნელოვანესი წიგნი - "მითოლოგიები" - გამოსცა.

წესით, ამ წიგნის გამოსვლა თანამედროვე, მითებით გავსებულ საქართველოში მოვლენად უნდა ქცეულიყო. ჩვენს საზოგადოებაში, ერთი მხრივ, მყარადაა ფესვგადგმული ძველი, გაცვეთილი, მაგრამ საოცრად სიცოცხლისუნარიანი, მეორე მხრივ კი, ახალი, პროპაგანდისტულ მითები, რომელთა ინტერპრეტირებისთვის, უფრო სწორად კი, განძარცვისთვის, ცოტა ვინმე თუ იცლის, არადა, ბარტის მეთოდი და ამ ე.წ. მითების მისეული ინტერპრეტაციების პრაქტიკა ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო გასართობად შეიძლება იქცეს ქართველი მკითხველისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, ვინმემ მოინდომა და გადაწყვიტა ყველა ამ მითის განძარცვა და დამუშავება. ბოლო წლებში მხოლოდ რამდენიმე ასეთი მცდელობა მახსენდება, პირველ რიგში კი, გიორგი მაისურაძის, პაატა ქურდაძის, გოგი გვახარიას, სალომე ასათიანის შემთხვევებს გავიხსენებ, ასევე, რამდენიმე სხვა ბლოგერსაც, რომლებიც მეტნაკლებად მეთოდურად ცდილობენ ამ "მითების" ანალიზს.

ბარტის მითოლოგიებში, ცხადია, იგულისხმება არა კლასიკური მითოლოგია, არამედ გარკვეული იდეოლოგია, რომელიც მთლიანად გამსჭვალავს სოციალურ რეალობას და უმცირეს ადგილსაც კი არ ტოვებს სინამდვილისთვის, რეალური საგნებისთვის. ეს არის ცრუ წარმოდგენების, დოქსების ამორფული, ანონიმური მასა, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და რეალობას შორის დგას და ხელს უშლის მას სწორ აღქმაში.

ჩემმა დღევანდელმა სტუმარმა, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა გრიგოლ გეგელიამ ამაზე ასეთი რამ მითხრა:

"თავად მითს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ტექსტში "ალბერტ აინშტაინის ტვინი" შეხება მითის კლასიკურ ფორმასთან გვაქვს, ბარტის წიგნში, უმეტესწილად, მითის არაკლასიკურ გაგებასთან გვაქვს საქმე. ანუ აქ მითი არც ოქროს ხანას გამოიხმობს და არც კონკრეტულად რომაული ან ეგვიპტური მითოლოგიით კავდება. ჩემი აზრით, ბარტის კრებულში მითი, ფართო გაგებით, ყველაზე მეტად ილუზორულ წარმონაქმნს ნიშნავს, ანუ ბარტი შეგვახსენებს, რომ ის, რაც ჩვენ ბუნებრივი და სრულიად უმანკო გვგონია, სინამდვილეში შესაძლოა ილუზორული რეალობის ნაწილი იყოს, რომელიც ადამიანის გარშემო დიდ ბურუსს ქმნის. არაფერი არ არის მხოლოდ ისე, როგორც ჩანს, არაფერია ზუსტად ისეთი, როგორადაც იგი ჩანს. ჩვენ ნიშნებით დახუნძლულ სამყაროში ვცხოვრობთ, გვახსენებს ბარტი, ნიშნები კი ხშირად ძალიან დომინანტურ პოზიციას იკავებენ და ჩვენს მართვას იწყებენ."
შესაძლოა კლასიკური მითები ჩვენზე ინტელექტუალურ გავლენას ახდენდნენ, მაგრამ აწმყოს მითები ამით არ კმაყოფილდებიან და ჩვენი და ჩვენი ყოველდღიურობის მართვას იწყებენ ...

მითის ფუნქცია რეალობის გაუქმებაა, კულტურის ნატურალიზაცია, და ბარტის კრიტიკა სწორედ ამ მასობრივი კულტურის ენის იდეოლოგიურ კრიტიკას წარმოადგენს, ამ ენის პირველი სემიოლოგიური დემონტაჟის ცდას. ასეთი დემონტაჟი საქართველოში არასდროს მომხდარა. პირიქით, მითები სულ უფრო იხუნძლება, ხოლო ყოველი ახალი ხელისუფლება საქართველოში თავისი ახალი ან ფსევდოახალი მითებით, თავისი პროპაგანდისტული რიტორიკით მოდის ხოლმე და კიდევ უფრო უმაგრებს საფუძველს იმ ძველ სტერეოტიპებს. ქვეყანაში გაბატონებული პოლიტიკური და რელიგიური ცნობიერება სწორედ ამ მითების სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული და, სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუა საქართველოში, ვინც ამ სისხლსავსე ილუზორულობის თანმიმდევრული ანალიზითაა დაკავებული, იმ მითების ანალიზით, რომლებიც თითქმის მთლიანად მართავენ ჩვენს ყოველდღიურობას:

"შესაძლოა კლასიკური მითები ჩვენზე ინტელექტუალურ გავლენას ახდენდნენ, მაგრამ აწმყოს მითები ამით არ კმაყოფილდებიან და ჩვენი და ჩვენი ყოველდღიურობის მართვას იწყებენ. ბარტი სწორედ ამის გარღვევას ცდილობს და შეიძლება ვთქვათ, რომ მისი ანალიზი ყოველდღიურობის სემიოტიკას წარმოადგენს. და სწორედ ეს, ჩემი აზრით, ამ წიგნს ხდის უზომოდ აქტუალურს თანამედროვე ქართული რეალობისათვის. თანამედროვე ქართულ კონტექსტში, ვშიშობ, ქართული წარმოსახვის დემითიზაციას შესაძლოა რამდენიმე ბარტი დასჭირდეს. ჩვენს რეალობაში აწმყოში გამეფებული და წარსულიდან ლამის უცვლელად გადმოსული მითები ჰარმონიულად თანაარსებობენ. ჩვენ თავს გვახვევენ მითებს პოლიტიკოსები, ეკლესია და, რა თქმა უნდა, მედია, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც პოლიტიკოსებსაც და სამღვდელოებასაც აძლევს ბრწყინვალე საშუალებას, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ბარტი იყო მართალი."

მედიის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული მედია, განსაკუთრებით კი სატელევიზიო მედია, წარმოუდგენელი მონდომებით შთაბერავს ხოლმე სულს ერთი შეხედვით თითქოს უსუსურ, უმოქმედო, გაქვავებულ მითს და საინფორმაციო გამოშვებებში თუ თოკ-შოუებში ახლიდან აცოცხლებს ყველაზე მიძინებულ ეროვნულ მითოლოგიურ ვნებებს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს მითები ბნელი და რეგრესულია თუ ლიბერალურ-პროგრესისტული. ორივე შემთხვევაში მედია სიფხიზლეს, საღ აზრს კარგავს და პროპაგანდის სამსახურში დგება. შესაბამისად კი, შორდება რეალობას.

ზემოთ დანანებით აღვნიშნე, ამ წიგნის გამოსვლა თანამედროვე საქართველოში მოვლენად უნდა ქცეულიყო-მეთქი. ეს რომ ასე არ მოხდა, ალბათ, ბუნებრივია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც, იმედია, სხვა დროს ვისაუბრებთ, ამჯერად კი ერთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვან და გულდასაწყვეტ მიზეზს მინდა შევეხო, რაც მომავალში უდიდეს გავლენას მოახდენს ამ წიგნის ქმედითობაზე, თუკი ხელახლა არ გამოიცა. საუბარია თარგმანის ხარისხსა და სიზუსტეზე, მარადიულ ქართულ პრობლემაზე, რომელიც ყველაზე მეტად თეორიული ტექსტების თარგმნისას იჩენს თავს და ეს წიგნიც ერთ-ერთი ნიმუშია ასეთი არასწორი დამოკიდებულებისა.
"შეტაკებაზე" უფრო შემძვრელ ილეთს წარმოადგენს "მანჟეტი", წინამხრიდან, ძლიერი მოქნევით განხორციელებული შენიღბული მუშტის დარტყმა მოწინააღმდეგის მკერდზე, რომლის უკიდურესად დაუძლურებული სხეული ხმაურით ეცემა დაბლა ...

პირველ რიგში, გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ წიგნს საერთოდ არა ჰყავს რედაქტორი. არადა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ორ რედაქტორს მაინც ვუპოვიდი ასეთ წიგნს. მთარგმნელის შრომა წყალში იყრება, როდესაც იგი დაუსრულებელი რჩება. გასაგებია, რომ საქართველოში ძნელია ისეთი ფრანგულიდან მთარგმნელის მოძებნა, რომელიც ბარტის, დერიდას, ჟერარ ჟენეტის, ფუკოს და დელიოზის ცნებებში კარგად ერკვევა, მაგრამ ხომ შეიძლება კონსულტანტის, რედაქტორის გამონახვა, რომელიც მთარგმნელთან ერთად ნაყოფიერად იმუშავებს ამგვარ ტექსტებზე.

სიამოვნებით დავწერდი მეტს კონკრეტული მითების ბარტისეულ ინტერპრეტაციებზე, შესანიშნავ, მახვილგონივრულ ანალიზებზე, სადაც ოსტატურადაა გაშიფრული მაშინდელი ფრანგული ყოველდღიურობა, ასევე წიგნის მეორე, თეორიულ ნაწილზე, სადაც ბარტი სრულიად განსხვავებულ დისკურსს გვთავაზობს... მაგრამ იძულებული ვარ, თარგმანის ხარვეზების დამოწმებით დავამთავრო მიმოხილვა. ხარვეზები კი სხვადასხვა რიგისაა: უზუსტობა, გაუმართავი წინადადებები, ცნებების არასწორად გადმოტანა, კალკები და სხვ. მაგალითად, თვალებს არ დავუჯერე, როდესაც, ბარტის პირველივე ესეში, რომელიც კეჩს ეძღვნებოდა, ასეთი რამ ამოვიკითხე: "კეჩი, წესების მიხედვით რომ წარმართულიყო, ის აუცილებლად იქცეოდა ბოქსად ან ძიუდოდ... ბოქსის მატჩის ან ძიუდოს ბრძოლის ფინალი არის მშრალი, როგორც ლოგიკური მტკიცების დასკვნა". ბარტი არკურის მსახიობის შესახებ: "არკურის მსახიობი ღმერთია; ის არასოდეს არაფერს აკეთებს. ის ფოტოზე აღბეჭდილია მოსვენებაში..." ანდა ეს ეპიზოდი, იმავე ესედან, რომელმაც ქართველი სპორტის კომენტატორები გამახსენა: ""შეტაკებაზე" უფრო შემძვრელ ილეთს წარმოადგენს "მანჟეტი", წინამხრიდან, ძლიერი მოქნევით განხორციელებული შენიღბული მუშტის დარტყმა მოწინააღმდეგის მკერდზე, რომლის უკიდურესად დაუძლურებული სხეული ხმაურით ეცემა დაბლა".

კიდევ ერთი "რთული" და ბუნდოვანი მონაკვეთი: "მებრძოლს შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანება და აღშფოთება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში განხიბვლა, რადგან ის ყოველთვის ბოლომდე ასრულებს მაყურებლის დაკვეთას სულ უფრო და უფრო გამყარებული ნიშნებით". მხოლოდ სემიოტიკაში ღრმად ჩახედულ ადამიანს შეუძლია გამოიცნოს, სინამდვილეში რა იგულისხმება ამ სიტყვებში.

ასეთი მონაკვეთები ძალიან ბევრია წიგნის პირველ ნაწილშიც და მეორე, თეორიულ ნაწილშიც, სადაც განსაკუთრებული სიზუსტე მოეთხოვება მთარგმნელს. სხვა საკითხია რამდენად მიზანშეწონილია ასეთი წიგნის წინასიტყვაობისა და კომენტარების გარეშე გამოცემა და ამაზე უკვე იმდენჯერ მომიწია ადრე საუბარი, რომ ახლა თავს აღარ შეგაწყენთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG