Accessibility links

logo-print
"მკითხველი უნდა მოკვდეს" - ასე ჰქვია ჯაბა ზარქუას ახალ წიგნს, რომელიც გამომცემელმა, კერძოდ კი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნა. ასეთ განსაზღვრებას თავად ავტორიც სავსებით იზიარებს და ჩემთან საუბარშიც სწორედ ამ ჟანრს შევეხეთ და ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც ფანტასტიკის ჟანრის წიგნებთანაა დაკავშირებული:

"რომ ვთქვა, ბავშვობიდან სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობდი-მეთქი გამორჩეულად და მაინცდამაინც ეს ჟანრი მქონდა ამოჩემებული, არასწორი იქნება. ეს დავიწყე ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყველა სამეცნიერო ფანტასტიკით ვიწყებთ, ვერნით და ამბავით, მაგრამ მაშინაც მაინცდამაინც არ მიზიდავდა, იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელსაც არ მიაჩნდა ეს სერიოზულ ლიტერატურად. და მერე უკვე, ბოლოს, როდესაც წერა დავიწყე - და წერა მე ბავშვობიდან არ დამიწყია, არამედ 18-19 წლის ასაკში, დაახლოებით, - და ჩემს ნაწერს ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ უფრო ფანტასტიკისკენ, გამონაგონისკენ ვიხრებოდი და სიუჟეტების უფრო მეტად ჩახლართვისკენ ვიჭერდი სიამოვნებას და კაიფს და ასე ნელ-ნელა გადავწყვიტე, მეცადა, თუმცა ამოჩემებული არ მქონდა, რომ მე სამეცნიერო ფანტასტიკას დავწერ მარტო და მეტს არაფერს. ასე არ ვუდგები ამ ამბავს. უბრალოდ, ახლა რაღაცნაირად აჟიტირებული ვარ და აქ ვარ მარტო. მერე, ვნახოთ, რა იქნება."
ბავშობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და თბილისის კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა (პირველი გაფრენა მარსზე), მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო ...

ეს "სამეცნიერო ფანტასტიკის" ჟანრის წიგნი ჯაბას საკმაოდ ოსტატური და ზუსტი გამოუვიდა. ამაზე მოგვიანებითაც ვიტყვი. მანამდე, უბრალოდ, მინდა მისი წინამორბედები გავიხსენო ერთ სახალისო აბზაცში და შემდეგ თავად რომანზეც გითხრათ ორიოდე სიტყვა. მოგეხსენებათ, ქართულ მწერლობაში ფანტასტიკის ჟანრში სულ ორიოდე ავტორმა სცადა ბედი და მათი კვალი იმდენად უმნიშვნელოა, რომ თანამედროვე პოპულარული ლიტერატურით გაჯერებულ ქართულ წიგნის ბაზარზეც კი განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ ამ ძველი წიგნებიდან. როდესაც ამ წიგნზე გადაცემის კეთება დავიწყე, „გუგლშიც“ დავქექე რაღაცები და ასეთ აბზაცს გადავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე. მომხმარებელი, სახელად "Zyklon", წერდა:

"ბავშობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და თბილისის კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა (პირველი გაფრენა მარსზე), მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო. ერეკლე მეორის საგმირო საქმეების გახსენებით და კოსმოსურ ერაში ხევსური ბაბუას მიერ კომპარტიის ქებადიდებით და ასე შემდეგ... ხო და პახოდუ ბოლოში რასაკვირველია იმპერიალისტური ამერიკის ჯაშუშსაც იჭერდნენ, რომელსაც ამ გაფრენის ჩაშლა ჰქონდა დავალებული. დღემდე მახსოვს როგორც ერთერთი იმ სამი ყველაზე ამაზრზენი წიგნიდან, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაგ კვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახრჩობდა ნამდვილად."

როგორც წესი, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი წიგნების ხან ავტორები არ ახსოვთ ხოლმე, ხან სათაურები, ხან სიუჟეტები, ახსოვთ მხოლოდ კომიკური დეტალები და ერთი-ორი პერსონაჟის სახელი - ის, რომ მთავარ გმირს ფარნაოზი ჰქვია, ან ის, რომ უცხოპლანეტელი რაჭაში ან მესტიის რაიონის რომელიღაც სოფელში ჩამოვიდა... მოკლედ, ამ ჟანრმა ჩვენთან ვერ იხარა და სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ის მესიამოვნა, რომ ჯაბა ზარქუა ეგრევე ფანტასტიკას ეტაკა. ამ გულდაწყვეტამ ძალიან მალე გამიარა, რადგან პირველივე გვერდებიდან მივხვდი, რომ საქმე ფანტასტიკასთან კი არა, მახვილგონივრულად გაკეთებულ ანტიუტოპიასთან გვქონდა და იგი უფრო ჰაქსლის, ორუელის, ბრედბერის, ბერჯესის, თუნდაც ჩაკ პალანიკის ტრადიციაში უნდა ჩაგვესვა, ვიდრე სტანისლავ ლემის ან არტურ კლარკისაში.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ახლა, დღეს, ეს არის პროპაგანდა - პროპაგანდა, რომელიც უკვე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე და ამას ვატყობ კიდევაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში ...

რომანის მოქმედება XXII საუკუნის პირველ მეოთხედში ვითარდება. მსოფლიოში მესამე რაიხის უდიდესი იმპერია ბატონობს, თუმცა არსებობს საქართველოსავით პატარა სახელმწიფო, ვარმშტადი, სადაც 2075 წელს რევულუცია მოხდა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მკითხველთა და წიგნების სრული დიქტატურა დამყარდა და მთელი ქვეყანა მოიფინა რაღაც კარცერ-ლუქსებით, რომელიც თურმე XX საუკუნის რომელიღაც მწერალს აღუწერია პირველად თავის ერთ-ერთ მოთხრობაში. პოსტრევოლუციურ ვარმშტადელებს ამ იდეისთვის ხორცი შეუსხამთ, კარცერ-ლუქსების გარდა, ვინმე "კლიმებიც" ბლომად დაუქირავებიათ და სულ მალე უცნაური შედეგიც მიუღიათ. ერთ-ერთი მთავარი გმირი ასე ახასიათებს ამ შედეგს: "ჩვენ ვოცნებობდით წიგნების დიქტატურაზე და გულუბრყვილოდ გვწამდა, რომ ეს ისევ და ისევ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ იქნებოდა... თუმცა გავიდა დრო... და პოსტრევოლუციურ ვარმშტადში ადამიანი სისტემამ შეცვალა არა თავისსავე საკეთილდღეოდ, არამედ სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად!"
პატარა სახელმწიფოს - ვარმშტადის - სისტემა საათივითაა აწყობილი და იქ ყველაფერი პროპაგანდაზეა დაფუძნელი. ხუმრობა საქმე ხომ არაა, დიდი მეზობელი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგესხას თავს, პროვოკაციაზე წამოგაგოს, ჯაშუშები შემოგიგზავნოს. ამის გამო წიგნი ძალიან აქტუალურ ქვეტექსტებს სთავაზობს მკითხველს, აქტუალურს და ჯანსაღს, მოქნილს, ირონიულს. სხვათა შორის, ავტორს თავიდან სურდა მთელი რომანი პროპაგანდის თემაზე აეგო, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაუფიქრია, მომავლისთვის გადაუდვია:

"რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ახლა, დღეს, ეს არის პროპაგანდა - პროპაგანდა, რომელიც უკვე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე და ამას ვატყობ კიდევაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში... თუ როგორ ამძიმებს ხალხს ეს მოჭარბებული დოზებით წამოსული უხარისხო პროპაგანდა. მინდოდა ამაზე დამეწერა, თავიდან საერთოდაც მარტო პროპაგანდაზე მინდოდა დამეწერა და უფრო მეტი ლინკი მინდოდა ყოფილიყო თანამედროვეობასთან, უფრო კონკრეტული კაიფი ამ კონკრეტულ უზნეო ადამიანებზე, მაგრამ ამას მაინც თავი ავარიდე რატომღაც, რატომ, არ ვიცი. ალბათ, სამომავლოდ შემოვინახე. პირველ რომანში მეშინოდა - როგორც ჩანს, ბევრი კომპლექსი მქონდა მაგასთან დაკავშირებით."

ალბათ, ჯაბამ სწორი არჩევანი გააკეთა. პირველ ჯერზე ესეც სრულიად საკმარისი იყო ამ თემის დამუშავებაში. თანაც, მთავარი ისაა, რომ წიგნი მცირე მოცულობისა გამოვიდა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანში ზედმეტი არაფერია, მასში ძალიან კონრეტული და საქმიანი ქვესათაურებია, მკითხველის რიტმსაც ზუსტად გრძნობს ავტორი, დროითი უკუსვლები და წინსწრებები, პორტრეტები და რეტროსპექტული თხრობებიც ფუნქციურადაა დატვირთული და ნაწერიც ძალიან კარგადაა გამართული. შეიძლება ითქვას, ავტორი ზედმეტად გამართულადაც კი წერს, თითქმის სტერილურად. ეს კი ჟანრის სპეციფიკაშიც კარგად ჯდება, მეორე მხრივ კი, ავტორს სრულიად იხსნის უცხო და ქართული ელემენტების კომიკური შერწყმისგან, რაც ხშირად სდევს ხოლმე თან ე.წ. "ქართულ ფანტასტიკას". პირიქით, წიგნი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აჩენს მკითხველში და კრიტიკული აღმოჩენებისკენაც კი გვიბიძგებს, ასეთ რამეს კი საქართველოში მხატვრულ ტექსტებში კი არა, პუბლიცისტურ ნაწერებშიც კი იშვიათად შეხვდებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG