Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ვულფის "დაკარგული ბიჭი"


თუ არ ვცდები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თომას ვულფის წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. არ მახსენდება აქამდე გამოცემული მისი ესეების ან მოთხრობების კრებულები, სქელტანიან რომანებზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. იმათ ვინ თარგმნიდა? რა ძალა, რომელი მთარგმნელი მოერეოდა ვულფის მიერ თავის რომანებში აშლილ ამ უზარმაზარ ტალღებს... რა თქმა უნდა, არც მოთხრობებთან გამკლავებაა მარტივი საქმე, თუმცა, რომანებისგან განსხვავებით, შედარებით რეალისტური აღმოჩნდა მათი თარგმნაც და თავმოყრაც. ეს საქმე გამომცემლობა "არტანუჯმა" იკისრა და ციალა თოფურიძის, მედეა ზაალიშვილის, პაატა და როსტომ ჩხეიძეების, ანი კოპალიანის, თამაზ ოქრუაშვილის, ლაშა გიორგაძის, გია ბერაძის, ნინო დოლიძისა და მაია ცერცვაძის მიერ თარგმნილი ვულფის საუკეთესო მოთხრობები უკვე ცალკე წიგნადაც გვაქვს. თარგმანის ხარისხზე დღეს არ ვისაუბრებ, შორს წავალთ, მით უმეტეს, რომ ხარვეზებიც შემხვდა და რამდენიმე სანიმუშო მონაკვეთიც. დღეს მინდა ამ მწერლის ერთი-ორ მოთხრობაზე ვისაუბრო, რომელიც არა მხოლოდ ამ კრებულს, არამედ, ზოგადად, ამერიკულ და მსოფლიო ლიტერატურას უხდება და ავსებს.

ვულფზე სასაუბროდ დღეს პოეტი ანდრო ბუაჩიძე მოვიწვიე: "ხშირად მიფიქრია, რა ნიშანი გამოარჩევს ვულფს სხვა მწერლებისგან... მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ეს ნიშანი არის მისი თხრობის თავისებურება. ის, ერთი მხრივ, არის ეპიკოსი, მას უზარმაზარი პარამეტრები აქვს, ყოვლისმომცველი... ამავე დროს, მის ეპიკაში არის ლირიკაც, რაღაც ისეთი წრფელი უშუალობა, რის გამოც ეს სიმბიოზი, ეს ნაზავი ლირიკისა და ეპიკის, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. რეგისტრი თხრობისა არის არაჩვეულებრივად მაღალი, ემოციური, სპონტანურობის წილი არის უზარმაზარი. რაღაც ისე ჰყვება ჩვეულებრივ ამბავს, ვთქვათ, დეტალებს, ბუნების აღწერა იქნება თუ სხვა რამ... ისე უცნაურად ჰყვება, რომ ნამდვილად განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს".
აი, ეს მოთხრობები ჩემზე პირადად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის, რომ იყო რაღაცნაირი ანასხლეტები, თითქოს ფრაგმენტები მისი რომანებიდან ...
ანდრო ბუაჩიძე

ანდრო იხსენებს ვულფის ცნობილ მოთხრობას: "სიკვდილი – ამაყი ძმა":

"ძალიან მაღალ რეგისტრში იწყება მოთხრობა. უიტმენის ლექსი გაგახსენდება თითქოს, ისეთი პოეტური თხრობაა. მაგრამ მერე, უცბათ, თომას ვულფი აკეთებს ძალიან უცნაურ დამიწებას. ისეთ დეტალებს, სიკვდილის ისეთ დეტალებს გამოყოფს - ადამიანის სახეს, ხელებს, როგორ დაეცემა ქვაფენილზე და ა.შ., რომ ასეთი გადასვლა სწორედ მეტყველებს მის უზარმაზარ ოსტატობაზე. დასასრული მოთხრობისა არის ძალიან მაღალ რეგისტრში დაწერილი, ასევე... ლექსივით არის მართლა".

ცხადია, მოთხრობებზე მეტად საინტერესო თემაა ვულფის რომანები, მისი "სახლს მოხედე, ანგელოსო", "დროისა და მდინარის შესახებ", "შინ ვერ დაბრუნდები". ბევრი მიიჩნევს, რომ მისი მცირე პროზაც ერთგვარი გაგრძელებაა ამ რომანების, მოკლე კომენტარები, დაზუსტებები. ასე მიიჩნევს ანდრო ბუაჩიძეც:

"აი, ეს მოთხრობები ჩემზე პირადად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის, რომ იყო რაღაცნაირი ანასხლეტები, თითქოს ფრაგმენტები მისი რომანებიდან. მართალია, დასრულებულია თავის თავში ყოველი მოთხრობა, ყოველი ნოველა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, მეორე მხრივ, რომ რაღაც ვრცელი პანორამის ნაწილია ეს".

ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა "დაკარგული ბიჭი": "ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და პირველად სწორედ ეს მოთხრობა წავიკითხე - ეს იყო "დაკარგული ბიჭი". ეს მოთხრობა, შეიძლება ითქვას, ტიპიურია მისთვის, თომას ვულფის ფენომენისთვის. რაღაცა ისეთი სათქმელი მსჭვალავს ამ მწერალს, რომელიც თითქოს გაღვრილია მთელ მის შემოქმედებაში. ეს არის დაკარგულის ძიება, წარმავალობის ძალიან ინტენსიური გრძნობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიკვდილის, დროის, წარმავალობის შეგრძნება... ის არის ერთდროულად ლირიკოსიც და მეტაფიზიკოსიც".

მოთხრობა, რომლის სახელიც კრებულსაც უწოდეს ქართველმა გამომცემლებმა, ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ თავში მთხრობელი მთავარი გმირის, გროვერის თვალით გვანახვებს ერთ კონკრეტულ მოვლენას, მეორე თავში დედა გვიყვება ამბავს, მესამეში გროვერის და და ბოლო, მეოთხე თავში მისი უმცროსი ძმა, იუჯინი, მთავარი მთხრობელი შემოდის, როგორც ნარატოლოგები იტყოდნენ, მთავარი თვალთახედვით.
საბრალო ბავშვი, ცხოვრებიდან გარიყული და ცხოვრებიდან განდევნილი, ყველა ჩვენგანივით დაკარგული, დიდი ხნის წინათ ბნელ ლაბირინთებში არარაობად ქცეული ...

პირველი ნაწილი პატარა, 12 წლის ბიჭის, გროვერის რაღაც მიგნებით სრულდება, რომელიც ჩვენთვის უფრო საიდუმლოა. იგი რაღაცას აცნობიერებს, ამბობს: "აი, დრო, აგერ, მოედანი, აგერ, მამას სახელოსნო, აი, მეც". თუმცა იქვე ხვდება, რომ იმ დღიდან "რაღაც გაქრა და რაღაც ახალი გაჩნდა... რაღაც დაკარგა და რაღაც სამუდამოდ მოიპოვა". ეს გამოუთქმელობის პოეტიკა შემდეგ თავშიც ზუსტდება, ამჯერად დედის მიერ. შემდეგ დის ჯერია, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი ძმა ქრება, სულ უფრო და უფრო შორეული ხდება, და, ბოლოს, – იუჯინის დასკვნა, მისი მთავარი სიტყვები დროის დანახვის შესახებ. ეს თავი სავსეა ამერიკული ლირიზმით, ერთგვარი ბლუზით, რომელიც სინტაქსშიც ჩანს და ინტონაციებშიც. ციალა თოფურიძის მიერ თარგმნილ ამ მოთხრობაში ცხადად ხედავთ ამერიკას, სადაც "სიცარიელე და გარიყულობა ბატონობს, გახურებული მაღალი ცის მარტოობა და სევდა", სენ–ლუი, "მდინარის პირას გაშენებული ერთი დიდი, ცხელი, ნოტიო, სულშემხუთავი ქალაქი, სადაც გულისწამღები და სევდისმომგვრელი სიცხის ბუღი ტრიალებს..." რით არაა სენ–ლუის ბლუზი?!

ბოლოს, მთხრობელი თავისი უფროსი ძმის არსებობასაც ბოლომდე აცნობიერებს და, იმავდროულად, დაკარგვასაც. ეს არის მწერლობის დაბადების ერთგვარი დეტალური აღწერა, როდესაც არსებული არარსებულში გადადის, როდესაც მწერალმა უკვე ყველაფერი იცის, ყველა საიდუმლო ამოხსნა და იწყებს ამ საიდუმლოს გასტუმრებას. იუჯინმა უკვე იცის ძმა, რომელიც არ ახსოვდა, ხედავს მას, მის მშვიდ სახეს, შავ თვალებს, ხედავს დაკარგულ ბიჭს და ხედვის ეს სიცხადე სამუდამოდ ისტუმრებს ამ ბიჭს და სამუდამოდ აქრობს მას: "საბრალო ბავშვი, ცხოვრებიდან გარიყული და ცხოვრებიდან განდევნილი, ყველა ჩვენგანივით დაკარგული, დიდი ხნის წინათ ბნელ ლაბირინთებში არარაობად ქცეული, - დაკარგული ბიჭი ადამიანის მეხსიერების უღრანი, ჯადოსნური ტყიდან სამუდამოდ გაქრება და აღარ დაბრუნდება".
XS
SM
MD
LG