Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “პალიტრა L”-მა თავის სერიაში “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ხორხე ლუის ბორხესის “მოთხრობები” გამოსცა, არგენტინელი მწერლის 5 კრებულისგან შემდგარი მოზრდილი წიგნი, რომლის თარგმანიც მთლიანად ერთმა ადამიანმა, დათო აკრიანმა შეასრულა.

ბორხესის რამდენიმე კრებული აქამდეც იყო გამოცემული საქართველოში. კერძოდ, 1996 წელს გამოვიდა თამაზ ჩხენკელის მიერ შესრულებული თარგმანების კრებული, “ენიგმათა სარკე” (გამომცემლობა „ლომისი“), 1999 წელს კი - ლალი ბრეგვაძე-კახიანის მიერ თარგმნილი ბორხესი (გამომცემლობა „მერანი“). ბორხესი თარგმნეს და პერიოდულ პრესაში გამოაქვეყნეს ნოდარ ებრალიძემ, ბაჩანა ბრეგვაძემ, ნინო ქაჯაიამ და სხვებმა. ერთი ორჯერ მეც წამიცდა ხელი ბორხესის ტექსტებზე.

ყველა თავისებურად ხედავს ბორხესს და ხანდახან ეს თარგმანსაც ეტყობა ხოლმე. დათო აკრიანმა, მაგალითად, მითხრა:

“უწინარეს ყოვლისა, ერთ-ერთ პირველს, ბორხესში რასაც გამოვყოფდი (შეიძლება არ ვიყო მაინცდამაინც თანმიმდევრული, მაგრამ რამდენიმე უმთავრესს მაინც გამოვყოფდი…), ეს არის აზრისა და გრძნობის დიდი კონცენტრატი. ძალიან ბევრი მწერალი, ასევე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი კაცობრიობისთვის, ასე კონცენტრირებულად წერდა... თვითონ ბორხესი ამბობდა, მე არ შემიძლია 500 გვერდიანი რომანების წერაო და უფრო პოეზიის პრინციპისკენ მიდიოდა. არ მიკვირს, რომ მე მეგობრებმა გამომიგზავნეს მისი რჩეული ლექსების კრებული, ესპანურ–ინგლისური, და იგი უფრო დიდია მოცულობით, ვიდრე მისი რჩეული პროზა. ანუ მისი პრინციპი რომც არ მცოდნოდა, მივხვდებოდი, რომ პოეტთან მაქვს საქმე”.

დათოს საკუთარი თარგმანის შესახებაც ვკითხე:

“ღირსეულ საქმეში სისხლის გაღება როგორც არ გაგიჭირდება, თუმცა იღებ ამას და უშურველად იღებ და იმ მომენტში არც წონი, რად გიჯდება ეს... სწორედ ასე ვიყავი ბორხესთან. ის ძნელი ადგილები, მაგალითად, ბოლოს ვთარგმნე, იმისათვის რომ გავცნობოდი მთელს კონტექსტს. საკუთარი სახელები შეგიძლია პირდაპირ თარგმნო, მაგრამ არის ზოგიერთი რაღაცა, რომელსაც ვერ გაიგებ, სანამ ბოლოში არ გახვალ. მაგრამ, მთლიანობაში, მინდა ვთქვა, რომ კეთილად დახარჯვა ჩემთვის ნიშნავს ნებაყოფლობით დონორობას”.

დათო აკრიანის თარგმანები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბორხესის თარგმანის საქმეში, თუმცა ამ წიგნსაც, ისევე როგორც ბევრ წიგნს თანამედროვე საქართველოში, გარკვეული ხარვეზები ახლავს თან. ჯერ ერთი, ბორხესის მოთხრობები, როგორც ჩანს, დედნიდან არაა თარგმნილი და არც ესპანურ ტექსტთანაა შედარებული და, რაც მთავარია, წიგნს საერთოდ არ ატყვია რედაქტორის ხელი. ურედაქტორობა კი ბორხესის გამოცემისას დაუშვებლად მიმაჩნია. დათო აკრიანი ოსტატია და შთაგონებული მთარგმნელი, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, როდესაც ისეთი ენობრივი სირთულეები გადაწყვიტა, როგორიც თუნდაც ორუელის „1984“–ია, თუმცა ბორხესი სხვა საქმეა და მისი თარგმნისას, მით უმეტეს, როცა ავტორი მის რამდენიმე წიგნს თარგმნის სრულად, განურჩევლად და არა საყვარელ მოთხრობებს, გამორჩევით. და სწორედ ამ დროს დგება საკითხი გამომცემლობის პასუხისმგებლობისა, ვინც უნდა იზრუნოს სიზუსტეზე, რადგან ბორხესის შემთხვევაში უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და მცირედმა ინტონაციურმა ძვრებმაც კი ყირაზე დააყენოს თხრობის რიტმი.
ღირსეულ საქმეში სისხლის გაღება როგორც არ გაგიჭირდება, თუმცა იღებ ამას და უშურველად იღებ და იმ მომენტში არც წონი, რად გიჯდება ეს... სწორედ ასე ვიყავი ბორხესთან. ის ძნელი ადგილები, მაგალითად, ბოლოს ვთარგმნე, იმისათვის რომ გავცნობოდი მთელს კონტექსტს...

წიგნში არის შეცდომებიც, მაგალითად, სახელების ან უცხოური ტერმინების გადმოტანისას... სიტყვაზე, ბორხესის ცნობილ მოთხრობაში, ავეროესის ნაცვლად ყველგან ავეროე წერია რატომღაც. არადა, იბნ რუშდის ლათინიზებული სახელი ნამდვილად ავეროესია და დედანშიც და ინგლისურ თარგმანშიც ეს კარგად ჩანს: La Busca de Averroes, ინგლისურად – Averroës's Search. შეცდომებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ, ერთ პატარა სარედაქციო მარცხზე მივუთითებ გამომცემლებს და მკითხველს და შევეცდები ბორხესზეც ვთქვა ორი სიტყვა:

წიგნს გადავშლით თუ არა, საავტორო უფლებებში ვკითხულობთ, რომ უფლებები ეკუთვნის Maria Kodoma-ს. ეს ორჯერაა აღნიშნული - Maria Kodoma. არადა, ბორხესის ქვრივი და მისი უფლებების ერთადერთი მემკვიდრე გვარად კოდამაა და არა კოდომა. შესაძლოა ბევრისთვის ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ როდესაც საუბარი საავტორო უფლების, „კოპირაითის“ მინაწერს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყოს. ქართველ გამომცელობებს ხშირად ემართებათ ასე. ერთხელ ერთი დიდი ნაწარმოების ყდაზე ავტორის გვარ–სახელისა და სათაურის ინგლისურ მინაწერში ერთდროულად რამდენიმე შეცდომა იყო გაპარული და გამომცემელიც იძულებული გახდა მთელი ტირაჟისთვის გამოეცვალა ყდები. პალიტრა L კი, თუ არ ვცდები, დღეში ერთი დასახელების წიგნს გამოსცემს, შესაძლოა მეტსაც. ეს კი წარმოუდგენელი ტემპია საქართველოსთვის და ამგვარი კონვეიერული მიდგომები, სამწუხაროდ, ძალიან ეტყობა მათ წიგნებსაც. მე, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ყველა თარგმანს ვერ ვადევნებ თვალყურს, ამიტომ მოვუწოდებ კოლეგებს, მათაც მისცენ მეგობრული რჩევები პალიტრა L–ს და კორექტულად შეახსენონ ხარისხის ცნების მნიშვნელობა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი, საბედისწერო მნიშვნელობაც საგამომცემლო საქმეში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს ეხება და ისეთ წიგნებს, რომელიც მანამ უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

ახლა მინდა ბორხესის ერთი შეფასება გავიხსენო: „ბორხესი გამონაგონს რეალობის ძაფით კერავს და რეალობას გამონაგონის ძაფით“, - არ მახსოვს ეს სიტყვები ვის ეკუთვნის, მაგრამ, ჩემი აზრით, ზუსტად გამოხატავს დიდი მწერლის კერვის მანერას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ქსოვის მანერას. სხვათა შორის, ქსოვას ბორხესი ხშირად ახსენებს როგორც თხზვას, ამბის მოყოლას. ქსოვდნენ „ათას ერთი ღამის ავტორებიც“, ქსოვდა აპულეუსი, სერვანტესი, სტერნი და სხვები. ქსოვს ბორხესიც, ხან ფართოდ ხლართავს, ხანაც წვრილად და მჭიდროდ ქარგავს.

როდესაც ბორხესზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ავტორი ერთ-ერთი უდიადესია მათ შორის, ვინც ლიტერატურის ველზე გვესაუბრება. ჩვენი დიდი სიყვარულის საგანი კი, ლიტერატურა, ისეთი გამრუდებული სივრცეა, სადაც ნებისმიერ მომენტში ყველაზე მოულოდნელი ურთიერთობები და ყველაზე პარადოქსული შეხვედრებია შესაძლებელი. ესაა მეტამორფოზების ადგილი, სადაც განმეორებები დაუჯერებელ მწკრივებად ლაგდებიან. ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, ჟერარ ჟენეტი ამას შეკავშირების ბორხესისეულ ვნებას უწოდებს და ასეთი ვნებიანი პარალელიზმებითაა გადაჭედილი მთელი ბორხესი – გადაშალეთ მისი წიგნი, იქ არაერთგან შეგეძლებათ დააკვირდეთ ცვლილებებს, რომელსაც ცალკეული იდეები, თემები და მეტაფორები განიცდიან საუკუნეთა მანძილზე. ანდა წაიკითხეთ მოთხრობა „უკვდავი“, სადაც ეპიგრაფშივე წერია, რომ არაფერია ქვეყნად ახალი, და რომლის ბოლოსაც ვკითხულობთ: „რამდენადაც დასასრული ახლოვდება, ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები...“.

ბორხესის ძალიან ბევრი მოთხრობის შესახებ შეიძლება საუბარი, ყველას რა ჩამოთვლის. უბრალოდ, ერთს ვიტყვი: ბევრი ჩვენგანის მეხსიერებაში საყვარელი სათაურების გახსენებისთანავე ცოცხლდება ბორხესის დაუჯერებელი მიგნებები და ამ მიგნებებით გამოწვეული გაკვირვება და შიში.
XS
SM
MD
LG