Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეინ რუნის „ათი წელი პრემიერლიგაში“


რუნიმ შარშან წიგნი დაწერა. ყოველ შემთხვევაში, წიგნს ასე აწერია, რომ რუნიმ დაწერა. არც ვინმე ჟურნალისტის გვარია წიგნის ყდაზე და არც ვინმე აჩრდილი-მწერლის ვინაობაა გამხელილი წიგნის სატიტულო ფურცელზე, როგორც ეს, მაგალითად, როი კინის შემთხვევაში იყო, როცა მისი ავტობიოგრაფიის ავტორობა კინმა და იმონ დანფიმ გაიყვეს. ბევრი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ ახლა მაგალითების დრო არ არის, ახლა უეინ რუნის წიგნის დროა, რომელიც ინგლისში შარშან შემოდგომაზე გამოვიდა და რამდენიმე თვეში გადმოაქართულა ივანე ჩხიკვაძემ და გამომცემლობა „არტანუჯმა“.

დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი მანჩესტერის ყველა გულშემატკივარს გაუხარდება, ზერელესაც და გადარეულსაც, ჭკვიანსაც და ირონიულსაც, მცოდნესაც და პროფანსაც. მეც მაგრად შემარყია ამ წიგნმა. ყველა იმ გრძნობამ, მოგონებამ და ფიქრმა, რომელიც რუნის მონათხრობმა წამოშალა ჩემში, ხელახლა გადამარბენინა ბოლო ათწლეულის პრემიერლიგა, ეპოქა, რომელსაც თამამად შეგვიძლია რუნის დეკადა ვუწოდოთ.

ამას წინათ ოსტერის და კუტზეეს წიგნზე საუბრისას კაი მოზრდილი აბზაცები მივუძღვენი სპორტს. ისინი ბევრს ლაპარაკობენ სპორტზე და ხშირად ამ სპორტში ჰეროიზმის, სულგრძელობის მომენტებს ეძებენ... რუნის ეს წიგნიც ამგვარი ჰეროიზმის მაგალითებითაა სავსე, გულუბრყვილო, მაგრამ ნამდვილი გრძნობებით, შეუდრეკელობით, რისხვითა თუ დაუღალაობით. ახლა ის დრო მახსენდება, როცა მე და ზაზა თვარაძე 18 წლის ბიჭზე, უენის რუნიზე ვსაუბრობდით ხოლმე, მის მხნეობასა და შეუპოვრობაზე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რუნის ჭკუაც მოემატა, გამოცდილებაც, დაღვინდა კიდეც, უფრო ლმობიერიც გახდა.
ერთადერთი, რის გამოც ლოცულობს მოედანზე გასვლის წინ, ტრავმებია, და არ უყვარს, როცა ხედავენ, როგორ ლოცულობს. ამ დროს იგი უმთავრესზე ფიქრობს, რადგან ტრავმა მისთვის ჯოჯოხეთია...

რუნის არ აინტერესებს უკვე მოპოვებული მედლები და ჯილდოები, საერთოდ არ ეკარება მათ, ერთხელაც არ აიღებს ხელში გამარჯვების იმ წამების გასახსენებლად, მისთვის ეს ჯინჯილები არ არსებობს, რადგან ჯერ ადრეა ასეთი სანტიმენტალიზმი და წარსულით ტკბობა. რუნი ძალიან სერიოზულად ეკიდება ყველაფერს. იგი ვერ იტანს, როცა მისი გუნდი აგებს და ამ დროს მისი თანაგუნდელები კარგ ხასიათზე არიან. იგი ვერ იტანს წაგებას იმდენად, რომ ერთხელ, როცა კომპიუტერით ფეხბურთის თამაშისას მიხვდა, რომ აგებდა, ადგა და, უბრალოდ, გამორთო ეს კომპიუტერი და როდესაც თანაგუნდელები აუმხედრდნენ, ყველანი თავისი ოთახიდან გამოყარა - უფრო ზუსტად, დაიფრინა. ჩემს ბავშვობაში რომ „ჟილკას“ იტყოდნენ, სწორედ ის არის უეინ რუნი.

მისი საყვარელი სპორტსმენი ბალღობაში მაიკ ტაისონი ყოფილა, ფეხბურთელებიდან კი „ევერტონელ“ დანკან ფერგუსონს ახსენებს ყველაზე ხშირად, თავისი ყმაწვილობისდროინდელ გმირს, შემდეგ კი შირერს (მერე რა, რომ ნიუკასლიდან იყო) და გასკოინს. ოუენის 1998 წელს გატანილ იმ დაუვიწყარ გოლსაც იხსენებს, არგენტინის კარში გატანილ გოლს.

საკმაოდ ბევრს წერს რუნი ტრავმებზე. ერთადერთი, რის გამოც ლოცულობს მოედანზე გასვლის წინ, ტრავმებია, და არ უყვარს, როცა ხედავენ, როგორ ლოცულობს. ამ დროს იგი უმთავრესზე ფიქრობს, რადგან ტრავმა მისთვის ჯოჯოხეთია. რუნი თავის გარდა სხვების გასაჭირსაც არაერთხელ ახსენებს. ალან სმიტის ტრავმაზე ან სხვა თანაგუნდელების თუ მოწინააღმდეგეების ტრავმებზე მთელი აბზაცები აქვს მანჩესტერის „ათიანს“. ძალიან განიცდის ამას, კარგად ესმის სხვებისაც. და, საერთოდ, რუნი მაგარი მთხრობელია, თავის განცდებსაც ზუსტად გადმოსცემს და სხვებსაც ხედავს და ამჩნევს. მოედანზეც ასეთია, თვითონაც გააქვს და სხვებსაც რთავს თამაშში, თავსაც იმხნევებს და სხვებსაც ამხნევებს. გამხნევება კი ხშირად დასჭირვებია, რადგან ჩავარდნებიც ჰქონია, ტრავმებსაც გაუწვალებია, გუნდიდან წასვლაზეც უფიქრია და თანაგუნდელებთანაც უჩხუბია. ძირითადად საკუთარი მაგალითით მხნევდება ხოლმე. მაგალითად, უმძიმესი პერიოდის შემდეგ რომ გუნდში დაბრუნდა და სიტის კარში მაკრატელა გოლი გაიტანა, ეს მისთვის უზარმაზარი შვება იყო, თუმცა, ამ გოლის მიუხედავად, ყველანაირი შვების წარმავლობასაც კარგად აცნობიერებს ხოლმე.
ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ბერბატოვი ზარმაცია, რადგან მისი სხეულის ენა ექსპრესიული არ არის, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ის ყველაზე ნაკლებად ეგოისტი ფეხბურთელია...
რუნი

მშვენიერია თანაგუნდელების დახასიათებებიც. ზოგიერთს საერთოდ არ ახსენებს, სხვებს კი ხოტბას ასხამს. ადვილი გამოსაცნობია, რომ გარი ნევილზე, სკოულზზე და გიგსზე ბევრს წერს რუნი, ამბობს, რომ სკოულზს სატელიტურ ნავიგატორს ეძახიან გუნდში, რადგან მისი პასები კომპიუტერით მართული გეგონება, გიგსი პიტერ პენია, რადგან არასდროს ბერდება, რონალდუ სულ სარკეში იყურება, იპრანჭება, თუმცა რუნი იმასაც დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მის თვალწინ მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელი - ყოველ შემთხვევაში, 2008 წელს მაინც ხომ იყო რონალდუ უძლიერესი? საინტერესო პასაჟებია ნისტელროიზე და იმაზე, თუ როგორ ჩამორჩა მისი თამაშის სტილი ახალი მანჩესტერის ტემპებს, საუბრობს ევრასა და ვიდიჩის შოკზე, რომელიც მათ ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ მიიღეს. ამ ორ ფეხბურთელს თურმე თავიდან ძალიან უჭირდათ ინგლისურ ტემპებთან შეგუება, თუმცა მალე აუღეს ალღო ყველაფერს და ორივენი დღემდე გუნდის საყრდენ ფიგურებს წარმოადგენენ.

ძალიან სასაცილოა ანდერსონის ამბავიც, რომელმაც თურმე ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ინგლისურად და ერთხელაც ვარჯიშზე კომპიუტერის თამაშებიდან ნასწავლი ფრაზების წამოძახება დაიწყო: „მომკლა!“, „ის გენერატორის ოთახშია“ და ა.შ. რუნი საუკეთესოდ ახასიათებს ბერბატოვსაც, ვისაც, ცოდვა გამხელილი ჯობს და, ხშირად არ სწყალობენ ხოლმე მენჩესტერის გულშემატკივრები. მასზე ასეთ რამეს ამბობს რუნი: „ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ბერბატოვი ზარმაცია, რადგან მისი სხეულის ენა ექსპრესიული არ არის, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ის ყველაზე ნაკლებად ეგოისტი ფეხბურთელია, ვის გვერდითაც კი ოდესმე მითამაშია“.
აქამდე ერთხელაც არ მიხსენებია მანჩესტერის მთავარი გმირი, სერ ალექს ფერგიუსონი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუნის მთელი წიგნი ამ კაცზეა აგებული, დაახლოებით ისე, როგორც გაჭირვების ჟამს, თავად სერ ალექსი აგებს ხოლმე მანჩესტერის თამაშს რუნიზე. წიგნს ფერგიუსონის მოსაწყენი და სრულიად სიმბოლური წინასიტყვაობა უძღვის წინ. სამაგიეროდ, თავად რუნი არ იშურებს ფერებს თავისი მწვრთნელის დასახასიათებლად. სერ ალექსმა აბსოლუტურად ყველაფერი იცის, რაც გუნდში ხდება, არც ერთ გადახვევას არ აპატიებს თავის ფეხბურთელებს, არანაირი პაბი და პინტების ტრიალი... ეგ კი არა, მან ისიც კი იცის, სხვა გუნდებში რა ხდება. ფერგიუსონს დეტალური ინფორმაცია აქვს, მაგალითად, იმ ფეხბურთელებზე, ვინც პირველად გამოდის „ოლდ ტრაფორდზე“ და, შესაბამისად, ვისი დათრგუნვაც უფრო ადვილი იქნება მანჩესტერელებისთვის. 2009 წელს მანჩესტერში ახლად გადმოსული ოუენი თურმე გაოგნებული ისმენდა ფერგიუსონის გამამხნევებელ, სამოტივაციო სიტყვას და რუნისთვის ისიც კი უთქვამს, „ეს ყველაზე მაგარი სიტყვებია, რაც კი მომისმენიაო“.

რუნი რამდენჯერმე ძალიან ჭკვიანურ რაღაცებს ამბობს თანამედროვე გაუმაძღარ ფეხბურთსა და საშინელ მსაჯობაზე, იუნაიტედზეც კი წამოსცდა ერთგან, ხანდახან ჩვენებიც ზედმეტად ბევრ ფულს ხარჯავენო, მსაჯობაზე კი პირდაპირ ამბობს, რა გახდა ერთი კაი ვიდეორეფერი, რით დავიმსახურეთ ამდენი უსამართლობაო. სხვათა შორის, რუნი არც მისი გუნდის ხარჯზე დაჩაგრულ სხვა გუნდებს ივიწყებს, კლატენბურგის ყველა ვაჟკაცობას არა, მაგრამ ერთი-ორ ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, სადაც თავადაც დამნაშავე იყო და არ დაისაჯა.

დაბოლოს, ოლივერ კანს მინდა მოვუბოდიშო. საქმე ისაა, რომ რუნის წიგნთან ერთად „არტანუჯმა“ მისი წიგნიც გამოსცა. „ნომერი პირველი“ - ასე ჰქვია კანის ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომლის შესახებ სასაუბროდაც დღეს, სამწუხაროდ, არ დამრჩა დრო, რადგან დღეს რუნის დრო იყო.
XS
SM
MD
LG