Accessibility links

logo-print
ლიტერატურის მუზეუმმა თედო სახოკიას აქამდე გამოუქვეყნებელი მოგონებების წიგნი გამოსცა. „ციმბირში, მოგონებანი 1905 წლის რევოლუციის დროიდან“ - ასე ერქვა ხელნაწერს, სადაც თედო სახოკია თავისი გადასახლებისა და ციმბირიდან გამოქცევის ამბავს ჰყვება და რომლის მხოლოდ რამდენიმე თავი გამოქვეყნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში ჟურნალ „მნათობში“. ახლად გამოცემულ მოგონებებს ისტორიკოს დიმიტრი შველიძის წინასიტყვაობა უძღვის წინ, თავად წიგნი კი ორი ნაწილისგან შედგება - ერთს ჰქვია „იქით“ და აღწერს მოვლენებს მწერლის დაპატიმრებიდან გადასახლების ჩათვლით, მეორეს კი ჰქვია „აქით“ და აქ თედო სახოკია ციმბირიდან გამოქცევის, საქართველოში ჩამოსვლისა და ევროპაში წასვლის ამბავს ჰყვება. სხვათა შორის, ეს „იქით“ და „აქით“ მიმართულება მხატვარმა ლევან ხარანაულმა, შესაძლოა გამომცემელ ლაშა ბაქრაძესთან „თანამშრომლობით“, ძალზე საინტერესოდ გაიაზრა: წინა გარეკანზე „იქით“ მიმავალი მატარებელია გამოსახული, უკანა ყდაზე კი - „აქით“ მომავალი.

წიგნზე სასაუბროდ თედო სახოკიას შვილიშვილი, ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე მოვიწვიე, ვისაც ეს მოგონებები ზეპირი გადმოცემებითაც ახსოვს, პაპის მიერ პირადად მოთხრობილი ამბები:

„ახლა რაც შეეხება ხელნაწერს. ახლაც მაქვს, რამდენიმე უჯრაა გამოყოფილი, რომელშიც არის მისი ხელნაწერები... მე, სხვათა შორის, ნამდვილად არ მახსოვდა, რომ ლიტერატურის მუზეუმში იყო დაცული ხელნაწერი - ვიცი, რომ რაღაცები ჰქონდა ჩაბარებული, სრულიად უსასყიდლოდ, ადრევე - და ამიტომ მე თვითონ ვფიქრობდი ამის გამოქვეყნებას. მერე, გამიკვირდა და გამიხარდა კიდევაც, რა თქმა უნდა...“.

მოგონებები იწყება გასამართლებით, გასაჩივრებით და შემდეგ კი დაპატიმრებითა და გადასახლებით. საქმე ისაა, რომ 1905 წლის გაზაფხულისთვის სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი დეკანოზიშვილი, უკვე ორგანიზებას უწევდა ევროპიდან საქართველოში იარაღის შემოტანას. ამ საქმიანობას იაპონიის ხელისუფლება აფინანსებდა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის იმპერიის რევოლუციური პარტიები შეიარაღებულ აჯანყებას მოაწყობდნენ. მოლაპარაკებებს აწარმოებდა და უშუალო დაფინანსებით იყო დაკავებული იაპონიის სამხედრო ატაშე სტოკჰოლმში, პოლკოვნიკი მოტოძირო აკაში. პოლკოვნიკისგან მიღებული ფულით გიორგი დეკანოზიშვილმა შეიძინა 25 000 შაშხანა და 4 მილიონზე მეტი ვაზნა, „რომელიც ფინელ „აქტივისტებს“, რუს ესერებს და ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებს რუსეთში უნდა შეეტანათ“ (დ. შველიძე, წიგნის წინასიტყვაობა). 1905 წლის სექტემბერში იარაღით დატვირთული გემი ამსტერდამიდან გამოვიდა. საქართველოში ამ ტვირთის მიღებასა და განაწილებაზე სწორედ თედო სახოკია იყო პასუხისმგებელი. გემმა „სირიუსმა“ ფოთამდეც მოაღწია, იარაღის ნაწილი გადმოზიდეს კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ოპერაციის მონაწილეები დააპატიმრეს – მათ შორის, თედო სახოკიაც.

ისინი თამამად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ეს ვინ უნდა იყოს, ეს ფადიშაჰის დუშმანიო (იგულისხმება რუსეთის იმპერატორი, „მოსკოფის ფადიშაჰი“). პაპა კაფანდარა იყო აგებულებით და მეორემ ასე უთხრა, ისეთ ფადიშაჰს რა ვუთხარი, ასეთი დუშმანის რო შეეშინდებაო. მერე გადაწყვიტეს, ამას ფული ექნება და მოდი წავართვათ და ზღვაში ჩავაგდოთო. მერე თქვეს, ბეგს (ლორთქიფანიძეს, ვინაც ჩააბარა პაპას თავი ლაზ მენავეებს) რა პირით უნდა შევხვდეთო...
ავტორი არაფერს გვიამბობს იარაღის შემოტანის შესახებ, ეს დეტალები დიმიტრი შველიძის წინასიტყვაობაში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. სამაგიეროდ, იგი წვრილად მოგვითხრობს თავის გზას სოხუმში დაპატიმრებიდან და ქუთაისში გადაყვანიდან მოყოლებული, ევროპაში დევნილობით დამთავრებული: სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი, ნოვოროსიისკი, ეკატერინოდარი, როსტოვი, სამარა, უფა, ირკუტსკის მაზრაში გატარებული პერიოდი, სოფელ ჟიგალოვოში. მეორე ნაწილი ჟიგალოვოდან გამოქცევით, როგორც თავად წერს, ოტებით იწყება და დეტალურად აღწერს ოტებულთა, ბოლოს კი მხოლოდ თავად მთხრობელის თავგადასავალს ციმბირიდან ხმელთაშუაზღვის ნაპირებამდე.

შესანიშნავია ამბავი ციმბირში გადახვეწილი ამბროლაურელი კაცის, ვახტანგ კობახიძისა, რომელიც 10 წლიანი კატორღის შემდეგ ციმბირში დარჩენილა და ვაჭრობით გაჰქონდა თურმე თავი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს მონაკვეთი - ამ ადამიანის საოცარ ამბავს თქვენ მხოლოდ თედო სახოკიას წიგნიდან შეიტყობთ, სხვაგან ვერსად შეხვდებით. ასევე არ შეიძლება არ გავიხსენო გონიოდან ლაზების მიერ ნავით ოსმალეთში გადაყვანის ეპიზოდი, როდესაც მენავეებმა თედო სახოკიას მოკვლა და გაძარცვა დაუპირეს:

„ისინი თამამად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ეს ვინ უნდა იყოს, ეს ფადიშაჰის დუშმანიო (იგულისხმება რუსეთის იმპერატორი, „მოსკოფის ფადიშაჰი“). პაპა კაფანდარა იყო აგებულებით და მეორემ ასე უთხრა, ისეთ ფადიშაჰს რა ვუთხარი, ასეთი დუშმანის რო შეეშინდებაო. მერე გადაწყვიტეს, ამას ფული ექნება და მოდი წავართვათ და ზღვაში ჩავაგდოთო. მერე თქვეს, ბეგს (ლორთქიფანიძეს, ვინაც ჩააბარა პაპას თავი ლაზ მენავეებს) რა პირით უნდა შევხვდეთო... ამაზე მორჩნენ საუბარს და ამასობაში პაპამ იფიქრა, მოდი დაველაპარაკებიო, დაიწყო ლაზეთი, ქალები კოკებით, რომელიც პაპას თავის ავტობიოგრაფიაში აქვს კარგად აღწერილი, და უცებ ჰკითხა, ეს რა სოფელიაო? მერე კიდევ ჰკითხა რაღაცები და ისინი გაშრნენ... როგორ, შენ გესმოდა ეს ყველაფერიო? კიო. და მერე რას ფიქრობდიო? ვიფიქრე, რომ იხუმრეთო... თუ მაინცდამაინც, ფულს მოგცემდით, დახრჩობას კი რას მემართლებოდითო. მაშინო, იმათ უთხრეს, დაიფიცეო, რომ არაფერს ეტყვიო ბეგსო. პაპამ, დავიფიცეო და მხოლოდ ახლა ვანდობო ქაღალდს იმ საიდუმლოს, რომელიც მე ბოლომდე შევინახეო“.

აფხაზეთის მკვიდრი იყო პაპა. მღვდელი იყო მამამისი. მშვენიერი სახლი ჰქონდათ ბესლეთის ქუჩაზე - მერე დაერქვა ჭანბას ქუჩა, თუ არ ვცდები. რვა ოთახი ჰქონდათ. ეგ კი არა, ბებია როცა შეირთო ცოლად, იისფერი უყვარდა და იისფრად გაუწყო თავისი ოთახი...
თედო სახოკია ასეთ რამესაც ამბობს ამ ორ ლაზზე თავის წიგნში: „აქ საჯაროთა ვფიცავ, რომ ტკბილად, მეტად ტკბილად ვიგონებ ამათ სახელსაც და ჩემს შფოთიან ცხოვრების ამ მძიმე ეპიზოდსაც, რომელმაც ელვის სისწრაფით მომანათა და ელვის სისწრაფითვე გაირბინა...“

ცალკე საუბრის თემაა თედო სახოკია და აფხაზეთი:

„აფხაზეთის მკვიდრი იყო პაპა. მღვდელი იყო მამამისი. მშვენიერი სახლი ჰქონდათ ბესლეთის ქუჩაზე - მერე დაერქვა ჭანბას ქუჩა, თუ არ ვცდები. რვა ოთახი ჰქონდათ. ეგ კი არა, ბებია როცა შეირთო ცოლად, იისფერი უყვარდა და იისფრად გაუწყო თავისი ოთახი. სხვათა შორის, მოხელედ იგი მხოლოდ სოხუმში მუშაობდა. მერე, თბილისში რომ გადმოვიდა, 1918–ში, დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, იმ სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, უკვე პენსიონერი იყო და ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდა მთლიანად და იქ, სოხუმში, მუშაობდა სწორედ თვითმმართველობაში. ნიკო თავდგირიძე იყო იქ ქალაქის თავი, სწორედ იმას მოანათლინა თავისი ქალიშვილი და აი, იქ უკვე ნახა, რუსიფიკაცია თუ როგორ ვითარდებოდა, აფხაზების საწინააღმდეგოდაც და ქართველების საწინააღმდეგოდაც“.

ბოლოს თედო სახოკიას ის ეპიზოდი მინდა მოვიყვანო, სადაც იგი თურქეთში შესვლის პირველ შთაბეჭდილებას აღწერს. 1909 წელია, თურქეთის რესპუბლიკა სულ რაღაც ერთი წლისაა, საკუთარი დაპყრობილი ქვეყნიდან დევნილს კი ასეთი ფიქრები უტრიალებს: „წარმოვიდგენდით-კი როდისმე, რომ ოსმალეთიც კი გაუსწრებდა რუსეთს სახალხო წარმომადგენელობითი მმართველობის შემოღებაში, რომ იქაური მოქალაქე ესდენ საუკუნეთა განმავლობაში ტყვედქმნილი, დამონებული, გაჩანაგებული, ფეხქვეშგათელილი – თავისუფალი გახდებოდა, მოქალაქეობრივს უფლებას მოიპოვებდა... რუსეთის ტირანიის მიერ დევნილი, იქ დავიწყებდი უშიშარ სავანის ძებნას და თან დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ აქ არავინ მეტყოდა – შავი თვალები გაქვსო...“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG