Accessibility links

logo-print
„ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ საააქციო საზოგადოება „საქპრესთან“ ერთად უკვე მეორე წელია გამოსცემს ბიოგრაფიული წიგნების სერიას, რომელიც 100 ტომადაა დაგეგმილი და უკვე 40–ზე მეტი ასეთი გამოცემა იხილა მკითხველმა. დღეს 39-ეზე მინდა ვისაუბრო, პიტერ აკროიდის, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბიოგრაფოსის მიერ დაწერილ წიგნზე, „შექსპირი“.

სანამ უშუალოდ წიგნზე გადავიდოდე, იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ სერიაში ძირითადად ახალი თაობის მთარგმნელები მუშაობდნენ და ჩემმა სტუმარმა, სერიის მთავარმა რედაქტორმა ზაზა აბზიანიძემაც ამაზე გაამახვილა ყურადღება:

„თუ კონკრეტულად ამ წიგნზე დავიწყებთ ლაპარაკს, ისიც მინდა ვთქვა, რომ როგორც წესი, ახალი თაობის მთარგმნელები მუშაობენ ამ წიგნებზე. ვინც კი ყურადღებით ადევნებს თვალს არა მხოლოდ ამ სერიას, არამედ, საერთოდ, ლიტერატურული თარგმანის კულტურას, მე მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ამ კულტურამ ბოლო ათეული წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და გულის გასახარი გახდა ზუსტად იმდენად, რამდენადაც გულის დამამძიმებელი იყო 20 თუ 30 წლის წინ ქართულად თარგმნილი წიგნების კითხვა. და ჩვენ უმეტესად რუსულად ვკითხულობდით ჩვენთვის საინტერესო წიგნებს“...

კარგია, რომ ეს „ტრადიცია“ ნელ-ნელა წარსულს ბარდება, თუმცა დღესაც ძლიერია ინერცია და ხშირად გაიგონებთ - მაგალითად, ფეისბუკში - შეკითხვას, „ღირს ქართულად წაკითხვა?“, „ივარგებს ვითომ?“. თუ არ წავიკითხავთ, არასდროს არ ივარგებს. წაიკითხეთ და თავად დარწმუნდით, ვარგა თუ არა.

ეს, თუ არ ვცდები, აკროიდის უზარმაზარი, ძალზე ნაყოფიერი შემოქმედებიდან პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. მთარგმნელი თაკო ჭილაძეა, ვის მიერ თარგმნილი უკვე არაერთი წიგნი ვიხილეთ ბოლო წლებში. აკროიდს რაც შეეხება, პირადად მე მისნაირი ნაყოფიერი მწერალი - უფრო სწორად კი, მკვლევარი - არ მეგულება თანამედროვე მსოფლიოში. მას ეკუთვნის ძალზე პოპულარული ბიოგრაფიები: ეზრა პაუნდის, ტომას ელიოტის, დიკენსის, ბლეიკის, ტომას მორის, ტერნერის, ჩოსერის, ედგარ პოს, ნიუტონის, უილკი კოლინზის და სხვათა შესახებ. იგი ლონდონის ყველაზე ცნობილი ისტორიკოსიცაა, ავტორია წიგნებისა „ლონდონი: ბიოგრაფია“, „თემზა: წმინდა მდინარე“. სხვადასხვა დროს აქვს გამოცემული კვლევები ინგლისურ ლიტერატურასა და კულტურაზე.

რა საინტერესოა, როგორ ცვლის იგი ტონალობას და თხრობის სტილს. უაილდთან მთელი აქცენტი გადატანილია ამ ფსიქოლოგიურ მომენტზე და ამ დრამაზე. აქ სხვანაირადაა. ნახეთ, როგორია წიგნის პრელუდია ...
პიტერ აკროიდი პროზასაც ბევრს წერს, ბევრ თქვენგანს შეიძლება წაკითხულიც ჰქონდეს მისი „დოქტორ დის სახლი“ და „ელიზაბეთ ქრის პროცესი“. როგორც პროზაიკოსმა, მან სახელი 1983 წელს გაითქვა მცირე რომანით, „ოსკარ უაილდის უკანასკნელი აღთქმა“. ზაზა აბზიანიძემაც ეს წიგნი ახსენა ჩემთან საუბარში და შეეცადა აკროიდის ამ ბიოგრაფიული კვლევისთვის შეედარებინა იგი:

„რა საინტერესოა, როგორ ცვლის იგი ტონალობას და თხრობის სტილს. უაილდთან მთელი აქცენტი გადატანილია ამ ფსიქოლოგიურ მომენტზე და ამ დრამაზე. აქ სხვანაირადაა. ნახეთ, როგორია წიგნის პრელუდია, ლონდონის ეს დეტალები, ყოფის, ოჯახური ცხოვრების, სტრეტფორდისა და ლონდონის ყოველდღიურობა. და ამ ფონზე გვიყვება შექსპირის ამბავს. აქ უფრო მეტია წმინდა ლიტერატურათმცოდნეობითი, თუმცა ეს სიტყვა ცოტათი ყურს ჭრის თავისი აკადემიზმით... ამის მიუხედავად, ეს ისეთი ნარატივია, რომელიც იკითხება როგორც საუკეთესო პროზა და ეს არის განმასხვავებელი თვისება აკროიდის, როგორც მწერლის, რომ ნებისმიერ თემაზე შეუძლია წერა. ვიღაცამ თქვა, აკროიდი მწერალი კი არა, ლიტერატურული პროექტიაო“.

ზემოთ უკვე ვახსენე მისი წიგნები ლონდონის შესახებ და აქვე დავძენ, რომ აკროიდი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადგილების მიმართ. თავისი საყვარელი ქალაქის ლამის ყველა ადგილის, ყველა ტოპოსის ამბავი იცის და უქექია, თუმცა ეს მგრძნობიარობა დიდი ხანია ლონდონის ფარგლებს გასცდა და სხვა ქალაქებსაც გადასწვდა. აი, მაგალითად, ამ წიგნშიც, პირველ თავებში, იგი შექსპირის მშობლიურ სტრედფორდს უთმობს დიდ ადგილს და თავიდანვე ახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ცნებას - „ტერიტორიულ იმპერატივს“:

რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ლანდშაფტს შექსპირთან ან შექსპირს – ლანდშაფტთან? ვინ იცის, იქნებ მომავალმა გენიოსმა ტოპოგრაფმა მოჰფინოს ამას ნათელი, ახლა რომ „ტერიტორიულ იმპერატივს“ ვუწოდებთ, ანუ როდესაც გარკვეული ადგილსამყოფელი განსაზღვრავს და აყალიბებს იქ დაბადებულის ბუნებას...
„რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ლანდშაფტს შექსპირთან ან შექსპირს – ლანდშაფტთან? ვინ იცის, იქნებ მომავალმა გენიოსმა ტოპოგრაფმა მოჰფინოს ამას ნათელი, ახლა რომ „ტერიტორიულ იმპერატივს“ ვუწოდებთ, ანუ როდესაც გარკვეული ადგილსამყოფელი განსაზღვრავს და აყალიბებს იქ დაბადებულის ბუნებას“. აკროიდი ბოლომდე არ სცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ჩანს, რომ დარწმუნებულია ან, ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილი აქვს სტრედფორდის გავლენაზე მეტი ილაპარაკოს. მოგვიანებით აკროიდი იმასაც ამბობს, რომ შექსპირის მშობლიური მდინარე ეივონი, მის პიესებში თურმე 59-ჯერაა ნახსენები და აქედან ოცდაექვსჯერ ეს პატარა მდინარე ადიდებულია.

ძალიან საინტერესოდაა წიგნში გაშლილი მშობლების თემაც. მაგალითად, 21–ე გვერდზე ავტორს ერთი იშვიათი დოკუმენტი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც შექსპირის მამა ყასაბი იყო და იქვე ვკითხულობთ: „შექსპირის დრამებში ყასბებსა და სასაკლაოს უხვად ვხვდებით, რაც უფრო ხშირად მამა-შვილის ურთიერთობასთან არის დაკავშირებული“. მეორე ცნობის მიხედვით, შექსპირის მამა დეგუსტატორიც ყოფილა, ანუ ოფიციალური პირი, რომელიც თავის რაიონში პურისა და ყველის ხარისხს ამოწმებდა. უფრო ხშირად ვხვდებით ცნობებს, რომლის თანახმადაც შექსპირის მამა მეხელთათმანე ყოფილა და გარკვეული პერიოდი ქალაქის მერობაც უკისრია. სწორედ მამამისის მერობის პერიოდში უნდა ენახა მომავალ დრამატურგს პირველად თეატრალური წარმოდგენა სტრედფორდში, ლონდონიდან ჩამოსული დასის შესრულებით. ეს 1569 წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც შექსპირი სულ რაღაც 5 წლის იყო, თუმცა, როგორც აკროიდი წერს, მაშინ ინგლისური დრამაც ბავშვი იყო: „ჯერ ორივენი ბავშვები იყვნენ და, ალბათ, ერთადაც გაეღვიძათ შესაძლო მომავალი დიდი წარმატების სურვილი“.

ოჯახის თემა რომ გავაგრძელოთ, საერთოდ შექსპირი ძალიან იყო დაინტერესებული ოჯახური ურთიერთობებით, იგი დიდ ადგილს უთმობს ოჯახურ თემებს, თუმცა მის პიესებში უთანხმოება უფრო ხშირად ძმებს შორის ხდება და არა მამა-შვილს შორის: „მამა შეიძლება იყოს სუსტი ან ეგოისტი, მაგრამ ის შურისძიების და ბოროტი ზრახვის სამიზნედ არასდროს უქცევია“. კაენის მიერ აბელის მოკვდინებასაც შექსპირი თურმე 29-ჯერ ახსენებს თავის ნაწერებში. გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, „ჰამლეტში“ მამის აჩრდილს თავად შექსპირი თამაშობდა და, საერთოდაც, ამ პერიოდში თურმე ძალიან ჰქონდა გონება არეული მამებისა და შვილების თემით.
შექსპირის აღწერების მთელი ნაკადებია წიგნში - გარეგნობა, ხასიათები, ქცევები, ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის შესაძლო მოტივაციები... აქ ნახავთ ახალგაზრდა შექსპირის თუ ასაკში შესული დიდი დრამატურგის სიტყვიერ პორტრეტებს თანამედროვეების ან შედარებით გვიანდელ აღწერებს. აი, მაგალითად, პროფესიონალი ფრენოლოგის დაკვირვება, შექსპირის თავის ქალის მოყვანილობიდან გამომდინარე: „სწრაფვა იდეალისკენ, გონიერება, შეცნობის სურვილი, იმიტაცია, თავაზიანობა, კეთილგანწყობა, მგრძნობიარე ხასიათი, აქტიურობა და მოქმედების სიყვარული“, ასევე „ცოტა მავნებლობა და ანგარებიანობა“.

თუმცა მე მაინც აკროიდის ერთი ზუსტი შეფასება მომწონს ყველაზე მეტად, რომელიც პირადად ჩემთვისაც ძალიან ახლობელი და ძვირფასია: თავქარიანი მელანქოლია (reckless melancholy), ამ სიტყვებით ახასიათებს იგი შექსპირის რამდენიმე კომედიას და, ჩემი აზრით, ეს შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი დახასიათებაცაა.
XS
SM
MD
LG