Accessibility links

გაგიკვირდებათ, მაგრამ ავგუსტ სტრინდბერგის თარგმნას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში. ჯერ კიდევ 1894 წელს ივანე მაჭავარიანმა თარგმნა „სვინდისის მხილება“, „მოთხრობა ოგიუსტ სტრინდბერგისა“, და იგი „მოამბის“ მე-3 ნომერში გამოაქვეყნა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მისი ერთი მოთხრობაც თარგმნეს ქართულად, ამჯერად - ინგლისურიდან („სიყვარული და პური“), 80–90–იანებში კი მისი სამი პიესაც დაიბეჭდა, რუსულიდან აკაკი ბრეგაძის მიერ თარგმნილი, – „მამა“, „აჩრდილთა სონატა“ და „ფრეკენ იულია“. სტრინდბერგის წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მთლიანად შვედურიდან თარგმნილი ტექსტებისგან შედგება. იგი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა ცოტა ხნის წინ და მასში სტრინდბერგის რომანი „ჰემსელები“ და სამი პიესაა შესული: „ფრეკენ ჟული“, „მასზე ძლიერნი“ და „ზმანება“. რომანი ლიკა ჩაფიძემ თარგმნა, ბაკურ სულაკაურის მიერ თარგმნილი „ზმანება“ ჯერ კიდევ 1995 წელს გამოვიდა პატარა წიგნად, დანარჩენი ორი პიესა კი დავით გაბუნიამ თარგმნა შვედურიდან. წიგნზე სასაუბროდაც სწორედ ის მოვიწვიე:

„წიგნი კარგადაა შედგენილი, იმიტომ რომ მოიცავს სტრინდბერგის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს და განსაკუთრებით დრამის თვალსაზრისითაა საინტერესო, იმიტომ რომ აქ არის „ფრეკენ ჟული“, რომელიც არის ნატურალიზმის კლასიკა, ნატურალისტური ტრაგედია, შემდეგ კი „ზმანება“, რომელიც სრულებით სხვანაირი თეატრია, ვერც კი იფიქრებ, რომ ერთი და იმავე ავტორის დაწერილია ეს ორი ტექსტი. ეს არის სუფთა ექსპრესიონისტული, ნამდვილი ადრეული მოდერნიზმი. 1901 წელსაა „ზმანება“ დაწერილი“.

დათომ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა სტრინდბერგის, ალბათ, ყველაზე ცნობილ დრამაზე, „ფრეკენ ჟულიზე“, პიესაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დათა თავაძემ დადგა „სამეფო უბნის თეატრში“:

„ფრეკენ ჟულის“ ტექსტის გარდა, ამ წიგნში „ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობაცაა შესული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია საერთოდ სტრინდბერგის დრამისა და მისი შემოქმედების გასაგებად, სადაც იგი აყალიბებს მანიფესტს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე თეატრი, და შემთხვევითი არაა, რომ სადაც კი „ფრეკენ ჟულის“ ბეჭდავენ, ყოველთვის იბეჭდება ამ წინასიტყვაობასთან ერთად. დიდი, ვრცელი ტექსტია, სადაც წერია, როგორ მოძველდა თეატრის ფორმები, როგორი მოყირჭებულია, როგორ უნდა შეიცვალოს, აღარ უნდა იყოს ყალბი. უცნაურია, მაგრამ 1888 წელსაა ეს ტექსტი დაწერილი და დღესაც ძალიან აქტუალურია. ყველა დროისთვის აქტუალური ტექსტია. თითქოს ძველი ფორმით დაწერილი ტექსტია, ნატურალისტური დრამაა, რომელშიც არაფერი ახალი არაა, მაგრამ ამ დროს ასე არ არის, იმიტომ რომ ჟული, თავის მხრივ, რევოლუციური ტექსტია, იმიტომ რომ პირველი ავტორია, რომელმაც ერთმოქმედებიანი სპექტაკლი მოიფიქრა საერთოდ და თქვა, რომ ანტრაქტი არ უნდა იყოს. ტექსტში თვითონ წერს, უარი ვთქვი ფრანგული დიალოგის სიმეტრიაზეო, სადაც, მაგალითად, კლასიცისტურ და შემდგომ დრამაშიც, დალაგებულია დიალოგი, ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივია და ლოგიკურად გამომდინარეობს ყველაფერი ერთმანეთისგან... „ჟულიში“ ეს არაა, აღრევაა, მცდელობაა, რომ იყოს ბუნებრივი მეტყველება, რაც თავის დროზე რევოლუცია იყო დრამაში“.

“ზმანება“ მაშინ დაიწერა, როდესაც უკვე ძალიან აურია სტრინდბერგმა. იგი ხშირად ურევდა ცხოვრებაში, ამითაც არის საინტერესო ეს პიესა. სრულებით სხვა ჟანრშია გაკეთებული, ჯერ ხელისცეცებით ძებნაა მოდერნიზმის...
გაგახსენებთ სტრინდბერგის კიდევ ორ ქართულენოვან დადგმას - ავთანდილ ვარსიმაშვილის „სიკვდილის როკვას“ და თემურ ჩხეიძის „მამას“,ზურაბ ყიფშიძის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თეატრალურ როლს. „ზმანების“ დადგმა ჯერ არავის უცდია:

„“ზმანება“ მაშინ დაიწერა, როდესაც უკვე ძალიან აურია სტრინდბერგმა. იგი ხშირად ურევდა ცხოვრებაში, ამითაც არის საინტერესო ეს პიესა. სრულებით სხვა ჟანრშია გაკეთებული, ჯერ ხელისცეცებით ძებნაა მოდერნიზმის... მე მგონი, თვითონაც ვერ ხვდებოდა როგორი დიდი რაღაცა გააკეთა და როგორ გადაატრიალა და ამოაყირავა დრამა. და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამხელა გავლენა ექნებოდა შემდეგ სხვა დრამატურგებზე და არამხოლოდ სკანდინავიაში“.

ამ კრებულში ჩემთვის ყველაზე საინტერესო სტრინდბერგის შედარებით ნაკლებად ცნობილი რომანი, „ჰემსელები“ იყო. სტრინდბერგის პროზას ჩვენთან მხოლოდ „წითელი ოთახითა“ და „ჯოჯოხეთით“ იცნობდნენ, არადა, იგი ათამდე სხვა რომანის ავტორიცაა და ძალიან კარგია, რომ სწორედ „ჰემსელები“ შევიდა ამ კრებულში, პირქუში და, იმავდროულად, უცნაური იუმორით შეკმაზული დრამატული ამბავი გამოგონილ კუნძულ ჰემსეს მცხოვრებლებზე (რეალურად არსებული კუნძული, რომლის მცხოვრებნიც რომანის პერსონაჟების პროტოტიპებად იქცნენ, სტოკჰოლმის არქიპელაგში შედის და მას სხვა სახელი ჰქვია).

ამ რომანზე კიდევ ვიტყვით ორ სიტყვას, მანამდე ისევ დავით გაბუნიას მოვუსმინოთ, რომელიც ამჯერად სტრინდბერგის პროზაზე საუბრობს:

„საინტერესოა ის, რომ სტრინდბერგი, პროზაიკოსი, თითქმის ყოველთვის წერს ავტობიოგრაფიას. ხშირად დრამატურგიც. ალბათ, ბევრ მწერალზე შეიძლება ასე ითქვას, რომ მისი ბიოგრაფიიდან მოდის რაღაცა იმპულსები და ცხოვრებაში ნანახს და განცდილს წერს, მაგრამ სტრინდბერგის შემთხვევაში ეს არის სუფთა სახით ავტობიოგრაფიები და მკვლევარები მისი რომანების მიხედვით ადგენენ ხოლმე რაღაცებს. ძალიან პოპულარული გართობაა ლიტერატურათმცოდნეებში, თუ რას გრძნობდა სტრინდბერგი, როცა რაღაცა კონკრეტულ ნაწარმოებს წერდა, გაშორებული იყო თუ არა მეორე თუ მესამე თუ პირველ ცოლს, კონფლიქტში იყო თუ არა... ეს რომანიც ამ მხრივ არის საინტერესო. სხვათა შორის, ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ეს რომანი შვედური „ჯაყოს ხიზნებიაო“. მთლად შეიძლება ვერ დავეთანხმოთ, მაგრამ რაღაც სიმართლის მარცვალი ამაში არის“.

გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა: თეთრ პერანგებში გამოწყობილი ოცდაათიოდე მთიბავი შემოდგომის გედებივით შეესია მინდორს და ცელის ნაბიჯ-ნაბიჯ მოსმა დაიწყო. მთიბავებს ზურგს უკან ჩალაგებული გოგონები კი მეთოვლია ჩიტების გუნდივით მოჰყვებოდნენ მეწინავე რაზმს და ცდილობდნენ, ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ...
სხვათა შორის, მოგვიანებით ჩემმა სტუმარმა დავით კლდიაშვილის პროზასაც შეადარა ეს რომანი და, მართლაც, წიგნის კითხვისას არაერთხელ გაგახსენდებათ ეს პარალელი, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როდესაც ხანში შესული მემამულე ქალბატონი თავისი მოჯამაგირისგან შვილს ელოდება, რის გამოც მისი უფროსი ვაჟის, გუსტენის მემკვიდრეობის ამბავი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა მოვლენები აქ განსხვავებულად ვითარდება და მოქმედება ყველაზე დრამატული სწორედ ფინალისკენ ხდება, როდესაც ყოფითი და ნატურალისტური დეტალებით მდიდარი თხრობა სულ სხვა მასშტაბებს აღწევს. აღწერებთან, დეტალურ დახასიათებებთან და სხა ხერხებთან ერთად სტრინდბერგი-დრამატურგის ოსტატობაც უნდა ვახსენოთ, რადგან რომანში რამდენიმე უძლიერეს სცენას ნახავთ და წაიკითხავთ. ზოგიერთი მათგანი დრამატურგიული მახვილგონიერებითა და მოულოდნელობის ეფექტებითაა აგებული, სხვები კი აღწერებითა და ტროპებით ახდენს დიდ შთაბეჭდილებას. აი, მაგალითად, თიბვის იდილიური სცენა ავიღოთ, რომელიც რომანის მესამე თავშია. ჩემი სიუჟეტი სწორედ ამ ფრაგმენტით მინდა დავასრულო:

„გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა: თეთრ პერანგებში გამოწყობილი ოცდაათიოდე მთიბავი შემოდგომის გედებივით შეესია მინდორს და ცელის ნაბიჯ-ნაბიჯ მოსმა დაიწყო. მთიბავებს ზურგს უკან ჩალაგებული გოგონები კი მეთოვლია ჩიტების გუნდივით მოჰყვებოდნენ მეწინავე რაზმს და ცდილობდნენ, ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ. <...> ფუტკრები და ბზიკები თავზე დასტრიალებდნენ უმოწყალო ცელების მწკრივს, თხუნელები კიდევ უფრო ღრმად იმალებოდნენ მიწაში, ცელებით ჩანგრეული სოროების ისედაც სუსტი სახურავების ქვეშ. მინდვრის გველები, რომელთაც ჩვეულებრივ ანკარას უწოდებენ, დაფრთხნენ და ხვრელებში გაუჩინარდნენ. ბრძოლის ველს თავზე დასტრიალებდა მინდვრის ტოროლების წყვილი, რომელთა ბუდეც ფეხსაცმლის რკინის ნალებს გაესრისა, მთიბველთა არმიას კი კუდში შოშიების გუნდი მიჰყვებოდა და მზის გულზე ამოყრილ ათასგვარ მწერზე ნადირობდა“.
XS
SM
MD
LG