Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჰან ფამუქის „მდუმარე სახლი“


დღევანდელ საქართველოში თანამედროვე თურქული კულტურა, შეიძლება ითქვას, ორი ძირითადი ნიშნით არის წარმოდგენილი. ერთი - ბოლო ხანს ჩვენს ტელეარხებზე მომძლავრებული ქართულად გახმოვანებული თურქული სერიალებია და მეორე - ნობელიანტი თურქის ორჰან ფამუქის პროზა, რომლის წიგნები ქართულად ინტენსიურად ითარგმნება და გამოიცემა.

საკმარისია, აღვნიშნოთ, რომ უკვე წლებია, რაც ლიტერატურული პრემია „საბას“ “შორთ ლისტში” რეგულარულად ხვდება ორჰან ფამუქის ერთი, ზოგჯერ კი ორი რომანის ქართული თარგმანი, მაშინვე ცხადი გახდება, რომ ჩვენი აღმოსავლეთმცოდნეები ამ კუთხით სერიოზულად მუშაობენ და წარმატებასაც აღწევენ.

ამ თარგმანებიდან „მე წითელი მქვია“ 2010 წელს, ხოლო ,,მდუმარე სახლი“ 2013 წელს, პრემია „საბას“ “შორთ ლისტების” სერიოზული ფავორიტი იყო. ორივე ეს წიგნი ქართულად თურქული ლიტერატურის ჩინებულმა სპეციალისტმა და რაც მთავარია, ბრწყინვალე მთარგმნელმა ქალბატონმა ლია ჩლაიძემ შეასრულა. გამოცემით კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ დაისტამბა.

ლია ჩლაიძის თარგმანები ნამდვილ მეტოქეობას უწევენ დედანს, ხოლო „მე წითელი მქვია“, მგონი, ორიგინალს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება.

თვითონ მთარგმნელმა დედანთან თავისი დამოკიდებულების შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:

„წითელი წიგნი საერთოდ რთული სათარგმნი აღმოჩნდა და რატომ? - მოგეხსენებათ, ოსმალური აღარ არსებობს თურქეთში და აღარავინ წერს ოსმალურად, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე ეხება XVI საუკუნის თურქეთს, ოდნავ მაინც აძველებს. არ აძველებს, ვთქვათ, სინტაქსს, რომელიც ოსმალურში მთლიანად არაბულ-სპარსული იყო. ეს თურქული ენა არის, მაგრამ დაძველებულია ცოტა ლექსიკა და ამიტომ, რთული სათარგმნი აღმოჩნდა მთარგმნელისთვის. მაგრამ მე მიშველა იმ ამბავმა, რომ ჩვენ გვზრდიდა ბატონი სერგი ჯიქია და უფრო მეტად ოსმალურით გვზრიდა, იმიტომ რომ საქართველოს, მაშინ იზოლირებულს თურქეთისაგან, მხოლოდ ის ხელნაწერები ანტერესებდა, რომელიც საქართველოს ეხებოდა, თორემ სხვა ურთიერთობას არ ვაპირებდით. ამიტომ ვიცოდით ოსმალური და მე ძალიან არ გამჭირვებია“.

ხშირად გამიგია, რომ უფრო ლამაზია ვიდრე ორიგინალიო. არ არის უფრო ლამაზი. როდესაც მწერალი წერს ლამაზ წიგნს, მთარგმნელმაც უნდა თარგმნოს, როგორც ლამაზი წიგნი. მაგრამ ქართული ენის გამომხატველობითი საშუალებები ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე თურქულის...
ლია ჩლაიძე
როგორც რომანი, მხატვრული ნაწარმოები, მე „მდუმარე სახლი“ უფრო მომწონს, მაგრამ თვითონვე ამბობს ფამუქი, რომ „წითელი წიგნი“ ჩემი ყველაზე ფერადოვანი წიგნიაო და ამ ფერადოვნების გამო, ისიც ძალიან მხიბლავს და ვეცადე, რომ ქართულადაც ფერადოვანი გამოსულიყო თარგმანი და არ ვიცი, მე მგონი მივაღწიე“.

ლია ჩლაიძის ფამუქის წაკითხვისას, გრძნობ, რამდენად საინტერესოდ არის გააზრებული ორი კულტურის - ქართულ და თურქულ კულტურათა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა ენობრივი თვალსაზრისით. ამ ტექსტებში ქართული ენის ის შრეებია გააქტიურებული, რომელიც აღმოსავლეთთან და კერძოდ, თურქეთთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილებამ ჩვენს ენაში ძალაუნებურად მოიტანა და დაამკვიდრა, ოღონდ, ლია ჩლაიძის თარგმანებში ეს მომენტი არასოდეს გჭრის ყურს, პირიქით, ის ერთგვარი სურნელოვანი ესენციასავით ელამუნება ჩვენს ლიტერატურულ ყნოსვას და მკითხველისაგან ისე აღიქმება, როგორც თავისებური ეგზოტიკური არომატი.

„ხშირად გამიგია, რომ უფრო ლამაზია ვიდრე ორიგინალიო. არ არის უფრო ლამაზი. როდესაც მწერალი წერს ლამაზ წიგნს, მთარგმნელმაც უნდა თარგმნოს, როგორც ლამაზი წიგნი. მაგრამ ქართული ენის გამომხატველობითი საშუალებები ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე თურქულის. ამიტომ შეიძლება ქართული უფრო ლამაზი გამოვიდეს მომენტებში, ვიდრე თურქული, მაგრამ ასე არ არის, რომ რაღაცა მოვიგონე მე და გავალამაზე. არა...“ – ამბობს ლია ჩლაიძე

ცხადია, თარგმანის სილამაზე ლია ჩლაიძესთან არასოდეს მიიღწევა სიზუსტის დათმობის ხარჯზე. პირიქით, აქ ის შემთხვევა გვაქვს, როცა ერთი ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ,,ასე დაწერდა ფამუქი, ის რომ ქართველი ავტორი ყოფილიყო“. მაგრამ საკითხავია, დაწერდა თუ არა ორჰან ფამუქი თურქულად თავის წიგნებს ისე, როგორც ახლა წერს, რომ არა, მწერლის სურვილი, ევროპისათვის მისაღები და გასაგები ყოფილიყო.

თურქული კულტურა, განსაკუთრებით თურქული ლიტერატურა, მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლურ ლიტერატურად. ეს ძალიან ევროპული ტიპის ლიტერატურაა...
ლია ჩლაიძე
ფამუქს სამშობლოში ხშირად საყვედურობენ, რომ ის თავის წიგნებს თურქი კი არა ევროპელი მკითხველისათვის წერს. პირადად მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ აღმოსავლეთი, რომელსაც იგი აღგვიწერს, უფრო დასავლური ეგზოტიკის კლიშეებზეა მოჭრილი და აღმოსავლურ სინამდვილესთან შედარებისას არაავთენტურად გამოიყურება. ამაზე ლია ჩლაიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს წიგნები ევროპისათვის იწერება. მე მინდა, მოგახსენოთ, რომ თურქული კულტურა, განსაკუთრებით თურქული ლიტერატურა, მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლურ ლიტერატურად. ეს ძალიან ევროპული ტიპის ლიტერატურაა. ისევე, როგორც იმავე ევროპაში, აქაც არის მწვერვალები, არის ჩავარდნები, მაგრამ ეს არის ევროპული ლიტერატურა. და ეს ძალიან ახლობელია, განსაკუთრებით ათა თურქის რეფორმების, ე. წ. „თანზიმათის“ რეფორმების შემდეგ, როცა მთელი ცხოვრება მიბრუნდა ევროპისკენ.

ფამუქი პოპულარული თურქეთში მაინცდამაინც არ არის. რა ჭირთ ვერ გავიგე, კიდევაც ვუთხარი ერთ თურქ მწერალს: ადამიანო, შენ მოგწონს, არ მოგწონს, სხვა არი, მაგრამ თურქია, რომელმაც ნობელის პრემია აიღო, ეს ხო უნდა გიხაროდეს და ამ კაცს პატივს სცემდე?!“

სამაგიეროდ, ფამუქი უაღრესად პოპულარულია საქართველოში მისი ყოველი წიგნის თარგმანი ჩვენში ნამდვილი ბესტსელერი ხდება. ზოგს მასში აღმოსავლური ესთეტიკა იზიდავს, ძირითად ნაწილს ეგებ ის მოსწონს, რაც თურქულ სერიალებში - გაწელილი თხრობა, რომელიც უხვად არის შეზავებული სამიჯნურო-სათავგადასავლო ამბებითა და ყოფითი რეალიებით. მაგრამ სწორედ ამ მიმზიდველი ორიენტალიზმის მიღმა მწერალი ხშირად ბარბაცებს უგემოვნობის ზღვარზე და ამ ზღვარსაც არცთუ იშვიათად გადასცდება.

ყოველ შემთხვევაში, მეც სავსებით ვეთანხმები ქალბატონ ლია ჩლაიძეს, რომ მწერლური თვალსაზრისით, ფამუქის „მდუმარე სახლი“ მართლაც ყველაზე ოსტატურად დაწერილი რომანია.

აქ ყველა ის საუკეთესო პროფესიული ნიშანი იკვეთება, რის გამოც „ნობელის პრემიათა კომიტეტმა“ 2008 წელს არჩევანი ორჰან ფამუქზე შეაჩერა. წიგნის ძირთადი ლაიტმოტივი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მიჯნათა ძიება და რაც მთავარია, დასკვნა, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა უსათუოდ მარცხით დამთავრდება – დღევანდელი საქართველოსთვისაც არანაკლებ აქტუალურია. ეგებ, ამის გამოც არის ასეთი პოპულარული ფამუქი ჩვენთან და თურქული სერიალებისაგან განსხვავებით, რომელთა ნაყალბევი დრამატიზმი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე მოყირჭდა, თურქი ნობელიანტის ახალ წიგნებს ჩვენი საზოგადოება კვლავაც დიდი ინტერესით ელოდება.
XS
SM
MD
LG