Accessibility links

logo-print
ლია სტურუას ლექსების რჩეული გამომცემლობა ,,დიოგენემ“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოსცა. ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს.

კრებულს წინ უძღვის ამონარიდები ქართველი კრიტიკოსების ნააზრევიდან ლია სტურუას შემოქმედებაზე. ამ ფრაგმენტებზე თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოეტი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების ძირითადი გეზის განსაზღვრისთვის: სტურუას ან აკრიტიკებენ, ან უპირობოდ აღიარებენ, მაგრამ მთავარია, რომ ვერც მაქებარნი და ვერც დამწუნებელნი მისი შემოქმედებისადი გულგრილნი ვერასოდეს რჩებიან.

მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ეს ტენდენცია პოეტის სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე დაიწყო. იყო ხალხი, ვინც თავიდანვე აიტაცა ლია სტურუას ლექსები და მისი გამოჩენა ქართული პოეტური ტრადიციის სივრცეში მრავალხმრივ მნიშვნელოვან მოვლენად აღიქვა. თუმცა არც ისინი იყვნენ ცოტანი, ვინც ლია სტურუას ლამის ამ ქართული ტრადიციის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი და პოეტს მკვეთრად დაუპირისპირდა.

წერა, რა თქმა უნდა, რითმიანი ლექსით დავიწყე და ვხუმრობ ხოლმე, რომ ბავშვობაში იმდენად ვრითმავდი (წერაც კი არ ვიცოდი, ისე ვრითმავდი ყველაფერს), რომ მერე, როგორც ჩანს, თავისუფალი ლექსი რეაქცია იყო ამ საყოველთაო მელოდიკის წინააღმდეგ...
ეს დაპირისპირება კარგად აისახა 80-იან წლებში ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში გამართული პოლემიკისას, სადაც საკითხის ზედაპირული რაკურსით განხილვის დროს, ე. წ. “ტრადიციული ლექსის მომხრეებმა“ მიზანში უპირველესად სწორედ ლია სტურუა ამოიღეს. მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი უცხო და არაორგანული გახლდათ ქართული პოეტური მეტყველებისათვის და ამ სიახლის შემოტანას თითქმის უცხოეთის მტრული ძალების დივერსიად აფასებდნენ. ამაზე დღეს ლია სტურუა ამბობს:

“მიუხედავად იმისა, რას წერდნენ კრიტიკაში, რას ლაპარაკობდნენ, როგორ ვიცავდი მეც თავისუფალ ლეექსს, იმიტომ რომ ამ ლექსს ვწერდი და დიდი ომი იყო ამის გამო, რომ ეს ლექსი დაფუძნებულიყო რაღაცნაირად, რომ ქართულად ჩაითვალათ. რატომ არ იყო ქართული? - სხვა ქვეყანაშიც რომ ცხოვრობდე, საკუთარი ენაც რომ დაგავიწყდეს, შენი ეროვნება, შენი საძირკველი შენი ნიადაგი მაინც გაგახსენებს თავს. არ შეიძლება უცხო ნიადაგზე დაწერო ლექსები, თუნდაც უცხო ენაზე, და ქართულად, მით უმეტეს.“

მართალია, საბჭოური რეპრესიების მძვინვარე ხანა უკვე ჩავლილი იყო, მაგრამ იმ დროისთვისაც კი ასეთი შეფასება შეიძლებოდა პოეტისათვის საბედისწერო აღმოჩენილიყო. ამის მიუხედავად, ლია სტურუამ შეძლო არ ეღალატა ერთხელ უკვე არჩეული გზისთვის და მხოლოდ შინაგანი ალღოსა და მოთხოვნილების კარნახით ეწერა.

მოგვიანებით ამ გზამ ვერლიბრიდან სონეტის უაღრესად მკაცრი პოეტური ფორმაც გაიარა და ლია სტურუამ დაამტკიცა, რომ პოეზიისათვის ფორმას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, სათქმელი თავისთავად განსაზღვრავს ფორმას და ეს უკანასკნელი მხოლოდ თვითგამოხატვის უაღრესად თავისებურ ინსტრუმენტად გვევლინება. დღეს უკვე თამამად შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ლია სტურუამ თავის დროზე შეუძლებელი შეძლო: მან მოახერხა თავისუფალი ლექსი, რომლის საწყისები ჩვენი ჰიმნოგრაფიის ადრეულ შრეებშია საძიებელი, ქართული პოეტური მეტყველების ორგანულ და განუყოფელ ნაწილად ექცია. თუმცაღა, ეს დიდი პოეტური სიჯიუტის, უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკის შემდგომ გაცხადდა. მანამდე კი ბევრი საყვედურობდა, რომ მის არჩევანს უცხოურის ბრმა მიბაძვა და ორიგინალურობის გამოჩენის სურვილი განაპირობებდა.

შეკითხვაზე კი, რატომ აირჩია მაინცდამაინც ის გზა, რომელმაც მერე ამდენი უსიამოვნება მოუტანა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლია სტურუამ განაცხადა:

“წერა, რა თქმა უნდა, რითმიანი ლექსით დავიწყე და ვხუმრობ ხოლმე, რომ ბავშვობაში იმდენად ვრითმავდი (წერაც კი არ ვიცოდი, ისე ვრითმავდი ყველაფერს), რომ მერე, როგორც ჩანს, თავისუფალი ლექსი რეაქცია იყო ამ საყოველთაო მელოდიკის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ხუმრობით და თავისუფალი ლექსი იცით, რატომ დავწერე? კი, ახალგაზრდა მაქსიმალისტია; კი, უნდა, რომ რაღაც ახალი გააკეთოს; კი, უნდა, რომ სამყარო დაანგრიოს და ახალი ააგოს, (თავისი სამყარო, რა თქმა უნდა, და შეიძლება მთელ სამყაროზეც არის ლაპარაკი, სანამ ახალგაზრდა ხარ), მაგრამ ვერლიბრი ალბათ იყო ის ფორმა, რომელიც ყველაზე კარგად მოერგო ჩემს შინაგან განწყობილებას, ჩემს ხასიათს, აი, იმ შინაგან მონოლოგს, აი, იმ ასოციაციურ ნაკადს, იმ არაცნობიერს, რომლის გამოხატვაც გინდა... აი, ამას ძალიან კარგად მოერგო.“
ლია სტურუა არის პოეტი, რომლის მიმართაც გულგრილი არ არიან, მე ვიცი ძალიან გემოვნებიანი, ძალიან კარგი ავტორები თუ მკითხველები, რომლებისთვისაც ეს პოეზია ნაკლებად არის მისაღები, თუ თუნდაც გასაგები, მაგრამ მნიშვნელობა, მე მგონი, ყველასთვის არის აბსოლუტურად ცალსახა და გასაგები...

აქვე ლია სტურუამ თავისდაუნებურად ყველა კრიტიკოსზე უკეთ განსაზღვრა საკუთარი პოეზიის ძირითადი მახასიათებლები: შინაგანი მონოლოგი და ასოციაციური ნაკადი, რომელიც მის პოეზიაში შადრევანივით ამოიფრქვევა და თან უამრავ ლირიკულ განწყობილებასა და იმპულსს მოიყოლებს. მთელი ამ სამყაროს ხერხემალი კი არის არაჩვეულებრივი მეტაფორა, რომლის გამოც ლია სტურუას ასევე ხშირად უსაყვედურებდნენ. ოღონდ ეს, იდეოლოგიური საყვედურებისაგან განსხვავებით, ცოტა შემდგომდროინდელი და, რა თქმა უნდა, უფრო „დახვეწილი“ საყვედური იყო.

მაგალითად, ახლგაზრდობისას, როცა მისმა შემოქმედებამ გამიტაცა, ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ მომწონდა ლია სტურუა, რომლის ლექსებიც მოწყვეტილი იყო რეალობას, მხატვრული ხერხები კი ნაყალბევი ინტელექტუალიზმის იერს ატარებდა. ცხადია, ჩემთვის მაშინვე აშკარა იყო, და მერე და მერე უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, სტურუას პოეზიის უმთავრესი ღირსება: ის იმდენად გულწრფელია იმაში, რასაც წერს, რომ მკითხველს ყველაზე დაუჯერებელი მეტაფორაც კი მასთან ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებად ეჩვენება. ლია სტურუა დღეს უკვე მთლიან, რაღაცნაირად მონოლითურ ფიგურად წარმოგვიდგება ქართულ სალიტერატურო სივრცეში, რომლის გავლენაც ჩვენი პოეზიის განვითარებისათვის უკვე მკაფოდ გამოკვეთილია. თვით ისეთი პოეტებიც კი, ვინც, ვთქვათ, ქართული ვერლიბრის სამომავლო გზაზე, სტურუასაგან რადიკალურად განსხვავებული ხაზი აირჩიეს, მის მნიშვნელობაზე დღეს გახსნილად საუბრობენ. სულ სხვა თაობისა და უკვე ქართული ვერლიბრის ერთ-ერთმა რეფორმატორმა პოეტმა ზვიად რატიანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა:

„ლია სტურუას მნიშვნელობის გათვალისწინებით, მართლა ძალიან ძნელია, თუნდაც ძალიან ზერელედ შეაფასო, რადგანაც ორი მხარეა: ერთი თვითონ ლია სტურუა, დაახლოებით ოთხი ათეული წლის მანძილზე რასაც წერს, და როგორც მონაწილეობს ლიტერატურულ პროცესებში და მეორეა, არ ვიცი, რა დავარქვა - შლეიფი, ის გავლენა, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ერთ-ერთი ყევლაზე მნიშვნელოვანი გავლენა, რაც შემიმჩნევია სხვა პოეტებში, სხვადასხვა თაობაში; რაც შეიძლება ალბათ ითქვას, რომ მოსალოდნელია მომავალშიც, ყოველ შემთხვევაში კლება ნაკლებად არის მოსალოდნელი.“

სწორედ ამიტომაც არის ლია სტურუას ახლახან დასტამბული სრული კრებული საინტერესო, როგორც წარსულის, ასევე მომავლის თვალსაზრისით. ზვიად რატიანი უშუალოდ ამ წიგნის შესახებ აღნიშნავს:

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

„არის შემთხვევები, არის პოეტები, რომელთა ეს დიდი კრებულები ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება იყოს, მაგრამ ლია სტურუას შემთხვევაში, მე მგონი, ძალიან საინტერესოა, იმ მხრივ, რომ ლია სტურუა არის ეტაპებიანი პოეტი. მე თვითონ მირჩევნია ხოლმე ცალკეული კრებულების კითხვა, მაგრამ თვითონ ამ ეტაპებისათვის თვალის მიდევნება არის ძალიან საინტერესო და მე არ ვგულისხმობ რაღაც ამოვარდნებს, ვთქვათ, სონეტების ციკლებს და ასე შემდეგ. ეტაპებს ვგულისხმობ სწორედ ლია სტურუას, ასე თუ ისე, ტიპურ ვერლიბრებში. ეტაპებს, რომლებიც აგებულია და ალბათ, ყველაზე მთავარი კომპონენტები ეს არის: ენის დაჭიმულობა, თვითონ ლექსის ქსოვილის დაჭიმულობა, ექსპრესია და მეტაფორები. თან არის ლია სტურუა პოეტი, რომლის მიმართაც გულგრილი არ არიან, მე ვიცი ძალიან გემოვნებიანი, ძალიან კარგი ავტორები თუ მკითხველები, რომლებისთვისაც ეს პოეზია ნაკლებად არის მისაღები, თუ თუნდაც გასაგები, მაგრამ მნიშვნელობა, მე მგონი, ყველასთვის არის აბსოლუტურად ცალსახა და გასაგები.“

ამიტომაც გამომცემლობა „დიოგენეს“ ეს შესანიშნავი საჩუქარი ქართველ მკითხველს - ლია სტურუას პოეზიის სრული კრებული - კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, თვალი მოვადევნოთ ერთი კონკრეტული პოეტის შემოქმედებით ზრდას, და, მეორე მხრივ, მოვნიშნოთ მისი გავლენის მიჯნები მთელ შემდგომდროინდელ თუ თანამედროვე სალიტერატურო ცხოვრებაში.
XS
SM
MD
LG